პოლიტიკა

ჩვეულებრივი ფაშიზმი?!

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 22.06, 2021 წელი

ჩვეულებრივი ფაშიზმი
დაკოპირებულია

ანუ მაშ რამდენი...

ბუნებრივია, რომ ჩვენს ქვეყანაში აცრის მომხრეებიც არიან და მოწინააღმდეგეებიც (ეს საბჭოეთში ფიქრობდა ყველა ერთნაირად – არ იფიქრებდა და კაი ჩიტსაც დაიჭერდა), მაგრამ ვითარება მაინც ერთობ უცნაურია:

აცრის მსურველიც ბევრია და აცრის პროცესიც შეუფერხებლად მიდის, თუმცა მაინც ირისხება განგაშის ზარები, რომ ვაქცინაციის ტემპი დაბალია. ასე განსაჯეთ, ისეთებიც კი გამოერივნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ, საერთოდაც, ეკლესიებში უნდა გაიხსნას ასაცრელი პუნქტები (ისე – მთლად საკურთხეველი ხომ არ აჯობებდა ამ საქმისთვის?!) და საველე-მოსიარულე ამცრელი პუნქტებიც გაჩნდეს (ანუ აწ უკვე ზრუნვა „ინ ექშენ“).

და თვით ჩვეულებრივი ფაშიზმის ნიშნებიც გაჩნდა: კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, ორჯერადად აცრილი პირებისთვის გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდება, შესაძლოა, ღამე სიარულის ნება დართონ და გათავისუფლდნენ პირბადის ტარების ვალდებულებისგან. ხოლო ივლისიდან, საერთოდაც, მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება ქვეყანაო.

საინტერესო ისაა, რომ ვაქცინები ექსპერიმენტულია და ეს სავსებით ლეგალური და ლეგიტიმური ინფოა. მაგალითად, „ფაიზერის“ დირექტორმა განაცხადა, რომ საექსპერიმენტოდ ისრაელი სამი მიზეზით შეირჩა: ჯერ ერთი, ისრაელის პრემიერი ნათანიაჰუ დღეში 30-ჯერ მირეკავდა, რომ ისარელი აგვერჩია საექსპერიმენტოდო, მეორე – მოსახლეობა არც ისე მრავალრიცხოვანია და მესამე – მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულადაა აღრიცხული, მათ შორის, სამედიცინოო.

ბუნებრივია, ექსპერიმენტში ცუდი არაფერია, ვინაიდან კაცობრიობამ, სწორედ, ექსპერიმენტების მეშვეობით მიაღწია ყველა თავის წარმატებას (მათ შორის – ატომურ ბომბსაც), თუმცა ცოტა უცნაური ამბავია, თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა, ანუ მისი იმუნური სისტემა კარგად მუშაობს, რატომღა უნდა გახდეს ის საექსპერიმენტო ბოცვერი, მაგრამ ამ საკითხის მორალური მხარე განურჩევლად ყველას უპირობო ვაქცინირების მომხრეებს დავუტოვოთ, იმას გარდა, რომ დღევანდელი მსოფლიო გახსნილია, ინფორმაციის მიმოცვლა თავისუფალია, ყველაფრის შესახებაა შესაძლებელი ცნობების შეგროვება და, რაც მთავარია, ადამიანი თავისუფალი არსებაა და თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა იმიტომ რომ „ზემოდან“ ან „ქვემოდან უთხრეს.

თუმცა ჩვეულებრივი ფაშიზმის მოტივები და არსი გავიგე: აიცრება, ანუ ექსპერიმენტს ხელს შეუწყობს საკუთარი რისკის ფასად, არსებობის პირობებს შეუქმნიან, არ აიცრება, ანუ ექსპერიმენტს არ ჩაიტარებს, მაშინ ვირთხებივით მოექცევიან, მაინც ცოტა ბუნდოვანი დარჩა ჩემთვის, რას ნიშნავს მასობრივი ვაქცინაცია?! ადრე რომ ქუჩის ძაღლებს იჭერდნენ და ელექტროშოკით ხოცავდნენ (გემახსოვრებათ, მათი წკავწკავით იყო ამოვსებული თბილისური ხმაური), ახლა იმავე პრინციპითვე აცრიან, თუ ფიჩხებს შეაგროვებენ ივლისამდე და მათ, ვისაც ნებაყოფლობითაც აღიარებული აცრა არ უნდა, იმ ფიჩხით დანთებულ კოცონებზე საჯაროდ დაწვავენ?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი