რომანი და დეტექტივი

უწესო წესები

№21

ავტორი: ნია დვალი 20:00 02.06, 2023 წელი

უწესო წესები
დაკოპირებულია

ლინდას (რა უცნაური სახელია, არა?) ლონდა მაინც დაერქმიათო, ხშირად უფიქრია, მაგრამ ახლა, როდესაც ყველანი ძალიან გადასავლეთურდნენ, თავისი სახელი ისე აღარ ჭრიდა ხოლმე ყურს, როგორც ბავშვობაში, ამ სახელს, ძირითადად, ძაღლებს რომ არქმევდნენ ხოლმე მისი ბავშვობისდროინდელი, ეგრეთ წოდებული, „სვეცკები“. ლინდას თავისებურად ჰყავდა ადამიანები დახარისხებული, ისევე, როგორც, ალბათ, ყველას და თამამად შეეძლო ეთქვა, რომ ორგანულად, აი, ფიზიოლოგიის დონეზე ვერ იტანდა, თუმცა, მოდი, ვიყოთ გულახდილები – სძულდა:

ა) ბოზები... მე მაპატიეთ ასეთი ხისტი სიტყვა, მაგრამ ლინდას, სწორედაც რომ, ბოზები სძულდა როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. გაგიკვირდებათ და, ისინი არა, მაგალითად, თბილისის ცირკთან ან სანაპიროს სხვადასხვა ადგილას რომ იდგნენ – მათ საშოვრისთვის დამაშვრალებად მოიხსენიებდა თავის ნუსხაში – არამედ აი, არაფერი რომ არ უჭირდათ საიმისო, რომ ებოზათ და მაინც ბოზობდნენ, ანუ არათუ წვებოდნენ სხვადასხვა მამაკაცთან, თუნდაც, ეფლირტავებოდნენ;

ბ) ნარკომანები... და მისთვის სულერთი იყო, მარიხუანის მოწევით დარეტიანებული იქნებოდა, კლუბური ნარკოტიკით, ჰაშიშით, აბებით თუ ნებისმიერი სხვა რამით. მეტიც, ნარკომანების ეშინოდა კიდეც და ვერაფრით ხვდებოდა, რატომ უნდა ეზრუნა სახელმწიფოს მათ გამოჯანმრთელებაზე, როდესაც გარშემო ამდენი სრულიად არანარკომანი მშიერი ბავშვი, ქალი, მამაკაცი თუ მოხუცი დაიარებოდა, უფრო ზუსტად, დალასლასებდა;

გ) ბილწსიტყვა ადამიანები... უხამსი სიტყვების გაგონებისთანავე ბურძგლავდა და შეგრძნება ჰქონდა, რომ ტალახში ამოსვარეს. ასეთებს ადამიანებადაც კი არ მიიჩნევდა და იმის თქმაც კი უჭირდა, ნარკომანები უფრო სძულდა თუ ისინი, რომლებიც გამუდმებით უხამს სიტყვებს ამბობდნენ: თან, სამი სიტყვიდან – ლამის ოთხს?!

დ) მოძალადე მამაკაცები, რომლებიც აწიოკებდნენ ცოლ-შვილს, სცემდნენ ცოლებს და აშინებდნენ ამის შემყურე შვილებს, თან – განსაკუთრებით, როდესაც ამას სჩადიოდნენ მთვრალები (კინაღამ დამავიწყდა: ლინდას არ ეპიტნავებოდნენ არც ლოთები და მისთვის ლოთი იყო ყველა, ვინც ერთ ჭიქაზე მეტ ალკოჰოლურ სასმელს სვამდა).

ე) სიმთვრალეში მოძალადე ქმრების ცოლები, რომლებიც მორჩილად და ტანჯული გამომეტყველებებით ატარებდნენ თავიანთ „მძიმე ჯვარს“, ოღონდ კი შვილებისთვის მამა და ოჯახი შეენარჩუნებინათ.

ვ) ქალები, რომლებიც ლამის დაბადებიდან უჩიჩნებდნენ თავიანთ შვილებს (პირდაპირაც და მინიშნებებითაც), რომ შვილებს დედების ვალი ჰქონდათ, რაკი გააჩინეს, გაზარდეს, შეეწირნენ, ამდენი აიტანეს, თავიანთ ცხოვრებაზე უარი თქვეს და მისთანანი და რის გამოც ახლა უკვე შვილებს ყველაფერი ისე უნდა გაეკეთებინათ, როგორც მათ მრავალტანჯულ დედებს მოესურვებოდათ;

ზ) ისტერიულები, რომლებსაც არ შეეძლოთ საკუთარი ემოციების მოთოკვა და, თუ ტვინში სისხლი აასხამდათ, შეპყრობილებივით დარბოდნენ, ყვიროდნენ და მიწაზე ან იატაკზე გორაობდნენ;

თ) გაუნათლებლები, უზრდელები, ქცევის ეტიკეტის არმცოდნენი. განსაკუთრებით, ასეთი მამაკაცები აღიზიანებდნენ.

ლინდას კიდევ ჰქონდა ქვეკატეგორიებიც, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ გზადაგზა გავიხსენებთ.

მოკლედ, ლინდა ცხოვრობდა ამ დახარისხებების მიხედვით და, შესაბამისად, ზოგთან ცხვირს იბზუებდა, ზოგთან – ნაკლებად და იშვიათ გამონაკლისებს ადამიანებად განიხილავდა. შეიძლება, იკითხოთ, თავად ლინდა როგორი იყო? რა თქმა უნდა (ჩვენ ახლა ამბავს ლინდას სამრეკლოდან ვყვებით), თითქმის სრულყოფილება: კარგი შვილი, კარგი ცოლი, კარგი დედა, კარგი ნათესავი, კარგი მეგობარი.

ბუნებრივია, ამ პასუხის შემდეგ უნდა იკითხოთ: და რას ნიშნავს კარგი შვილი, კარგი ცოლი, კარგი დედა და ასე შემდეგ? ზუსტად იმას, როგორიც იყო ლინდა, ანუ არ იყო ისეთი, როგორი ადამიანებიც არ მოსწონდა (მაშასადამე, არ იყო ბოზი, ნარკომანი, ბილსწისტყვა, ლოთი, მოძალადე და ასე შემდეგ). რატომღაც, მგონია, პასუხმა არ დაგაკმაყოფილათ, მაგრამ ჯერჯერობით ლინდაზე სხვა არაფერი ვიცით, ამიტომ მოგვიწევს, ამ პასუხით დავიცხროთ ცნობისმოყვარეობა.

ლინდა დიასახლისი იყო, ჰყავდა ორი შვილი – 9 წლის გოგონა და 7 წლის ვაჟი, ცხადია, ქმარი და მშობლები. ანუ დედისერთა იყო, ამიტომ ბავშვობიდან ყველა ათამამებდა (ყოველ შემთხვევაში, თავად ლინდა ამაში დარწმუნებული იყო, იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი ჰქონდა, რაც უნდოდა, მშობლები უარს არაფერზე ეუბნებოდნენ). აი, ლინდას დიასახლისობა ცოტა ხმამაღალი ნათქვამი კი იყო, ვინაიდან, როდესაც მისი ქმარი სამსახურში იყო,, მათთან ლინდას დედა მიდიოდა: სახლსაც ალაგებდა, საჭმელსაც აკეთებდა, სარეცხსაც რეცხავდა და აუთოებდა. ყველაფერს მოაწესრიგებდა, შვილიშვილებთან ურთიერთობითაც მოისიყვარულებდა და მიდიოდა, სანამ ლინდას ქმარი სამსახურიდან დაბრუნდებოდა.

აი, ქმარი კი სამსახურიდან ცოტა გვიან ბრუნდებოდა ხოლმე, როგორც წესი – იმიტომ რომ ბევრს მუშაობდა, რომ ოჯახისთვის არაფერი მოეკლო. კვირაში ერთხელ კი ხან ლინდა მიდიოდა თავის მშობლებთან ოჯახთან ერთად სტუმრად და მამამისსაც მოინახულობდა ხოლმე, ხან კი მისი მშობლები მოდიოდნენ მათთან სტუმრად.

და კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ლინდას ცხოვრებას, ფაქტობრივად, იდეალურ ელფერს ანიჭებდა: ლინდას არ ჰყავდა დედამთილ-მამამთილი.

არა, განა მისი ქმარი ბავშვთა სახლში იყო გაზრდილი, უბრალოდ, ბექას (ანუ ლინდას ქმარს) მამა ადრე დაეღუპა, როდესაც თავად ხუთი წლის შესრულდა, ხოლო დედა ზუსტად იმ წელს, რამდენიმე თვით ადრე, სანამ ლინდას გაიცნობდა. სწორედ ამ მიზეზის გამო ლინდას დედა ქეთევანი, ეს ამბავი რომ გაიგო (ასე მთლად უპატრონოაო?!) ლამის ლოგინად ჩავარდა, თუმცა აი, სერგომ – ანუ ლინდას მამამ შეუდარებლად გმირულად გადაიტანა მომხდარი ფაქტი.

მაგრამ საქმე ის იყო, რომ ეს ჩვენი, რაღა ჩვენი – ლინდას ბექა სრულიადაც არ ყოფილა უპატრონო (რა თქმა უნდა, კლასიკური გაგებით), იმიტომ რომ ჰქონდა კარგი სახლი, გარემონტებულ-გაწყობილი (როგორც შემდეგ ქალბატონი ქეთევანი, ლოგინიდან რომ წამოდგა, ამბობდა: ძვირფასი ავეჯითა და საოჯახო ნივთებით გავსებული, უბრალოდ ეს მაშინ არ იცოდა, თორემ ლიგინად ჩავარდნის პერიოდს ერთი სამად შეამცირებდა) და დედამისის ნაქონი საკმაოდ ძვირად ღირებული ძვირფასეულობაც. ჰყავდა ერთი ბატალიონი ნათესავები, ბიძები, დეიდები, ბიცოლები და მისთანანი.

როგორც ჩანს, სერგოს მიერ შვილის ბექაზე გათხოვების ფაქტის გმირულად გადატანის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ეს იყო: სიძეს თავის ჭკუაზე გამოზრდიდა. თან, ბექა არსად სწავლობდა, თუმცა ლინდა, როდესაც გაიცნო, მოატყუა, რომ სპორტის აკადემიის სტუდენტი იყო. ბექა კულტურიზმს მისდევდა (შესაბამისად, კარგი აღნაგობაც ჰქონდა, რაკი მთლად პროფესიონალი კულტურისტიც ვერ იყო).

ლინდას დილა (ლინდას გაგებით) იდეალურად იწყებოდა: ადრე დგებოდა, საუზმეს ამზადებდა, შვილებისა და ქმრისთვის (საუზმე იყო ერთადერთი, რაშიც ლინდას დიასახლისობა ვლინდებოდა). ქმარს სამსახურში აცილებდა, შვილებს კი სკოლის ავტობუსი აკითხავდა. შემდეგ დედამისი მოდიოდა. ლინდა კი ხან სალონში მიდიოდა კოსმეტოლოგთან, ხან – მასაჟს იკეთებდა, შიგადაშიგ კი მკითხავებთანაც დაიარებოდა, ტანსაცმლის მაღაზიებსაც ჩამოუვლიდა ხოლმე, მეგობრებს დაურეკავდა და საღამოსკენ სახლშიც ბრუნდებოდა.

შვილები უკვე დაპურებული ხვდებოდა და, როგორც გითხარით, სახლიც – მოწესრიგებული. ალბათ, გეუცნაურათ, რომ არ მიხსენებია, ლინდა მეგობრებთან მიდიოდა სტუმრად-მეთქი. თუმცა იმდენი დრო ნამდვილად ჰქონდა, რომ ეს საქმე მოესწრო და ფინჯანი ყავაც მიერთმია. მაგრამ ლინდა ამას შეგნებულად არ აკეთებდა, თვალი არ მეცესო (იყო ერთადერთი გამონაკლისი – ლალი, ვისაც მოგვიანებით გავიცნობთ).

დიახ, არ მოგეჩვენათ: ლინდა დარწმუნებული იყო, რომ მთელ სამყაროს მისი შურდა და ამიტომ ერიდებოდა, განსაკუთრებით, შინაურების თვალს. თქვენ წარმოიდგინეთ, სახლის ნაგავსაც კი საფუძვლიანად ფუთავდა და თავისი სახლიდან მოშორებით გადასაგდებად ატანდა დედამისს: ამ „საპატიო“ საქმეს დედის გარდა ვერავის ანდობდა.

იკიხავთ, რატომო? იმიტომ რომ, ვინაიდან ლინდა დარწმუნებული იყო, რომ მთელ სამყაროს არა მხოლოდ შურდა მისი, არამედ მისთვის ჯადოების გაკეთებაზეც იყო გამეცადინებული, ხოლო, რაკი მკითხავ-მჩხიბავთა ხშირი სტუმარიც გახლდათ, სწორედ მათგან იცოდა, რომ მისი ნივთები, მათ შორის, ნაგავიც კი არავის ხელში არ უნდა აღმოჩენილიყო, რადგან შეიძლებოდა, სასიკვდილო იარაღად ქცეულიყო.

რა თქმა უნდა, ზაფხულობით ისვენებდა (მთელი წლის განმავლობაში სალონებში სიარულით ისე იღლებოდა, დასვენება, ხომ, მისთვის ჰაერივით იყო აუცილებელი?!) და ზამთარშიც, ოღონდ შვილებთან და დამხმარე ქალთან ერთად. სამაგიეროდ, ლინდა ინდაურივით გაიფხორებოდა ხოლმე, როდესაც კვირაში ერთხელ ლინდას ქმარი ჩამოაკითხავდა ხოლმე ოჯახს, თავისი ძვირად ღირებული „ჯიპით“. მართალია, სულ ერთი ღამით რჩებოდა და დილით უკან ბრუნდებოდა, მაგრამ ეს სავსებით საკმარისი იყო, რათა ლინდას პატივმოყვარეობა სრულად დაკმაყოფილებულიყო.

ვფიქრობ, დაგაინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდა ლინდა? საკმაოდ სანდომიანად, მე ვიტყოდი, ლამაზიც კი იყო, იმიტომ რომ თავს უვლიდა, ფული ჰქონდა, შესაბამისად, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით სავსე კარადაც, თუმცა აი, გული მხოლოდ იმაზე სწყდებოდა, რომ სტუმრად ხშირად არ დადიოდა ხოლმე, რომ მთელი ამ მისი ავლადიდებით მოეჭრა თავი მოშურნეებისთვის.

ლინდა ვერც იხსენებდა, საიდან ჩაებეჭდა გონებაში, რომ გარშემო ყველა უკეთური იყო და მისთვის ცუდი უნდოდათ (ბავშვობისდროინდელი ორიოდ მეგობრის გარდა, ლალის გარდა კიდევ იყო მაიკო, მაგრამ ის ლონდონში ცხოვრობდა თავის ინგლისელ ქმართან ერთად და ლინდასთან მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობა ჰქონდა), მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა: ლინდას ასე სჯეროდა და რაკი სჯეროდა და, თან, ამ საკითხს არც არავისთან ერთად არ განიხილავდა, ეჭვიც კი არასდროს შეუტანია, რომ შესაძლებელია, დედამიწაზე კარგი ადამიანებიც ყოფილიყვნენ (ბუნებრივია – ზემოჩამოთვლილი თავისიანების გარდა). ხოლო, რაკი ასეთი ეჭვი არასდროს გასჩენია, ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ნიშნავდა იმას, რომ ერთადერთი სრულყოფილი არსება ამ დედამიწაზე ლინდა იყო, ოღონდ სამართლიანობისთვის უნდა შევნიშნოთ, რომ ლინდა ამაზე არასდროს დაფიქრებულა. რომ დაფიქრებულიყო, იქნებ მიმხვდარიყო კიდეც, რომ ადამიანებს ცოტა უსამართლოდ აფასებდა.

***

გაზაფხულის თბილი დღე იდგა და სპა-სალონიდან გამოსულმა ლინდამ გადაწყვიტა, ცოტა ფეხით გაესეირნა. სხეული სასიამოვნოდ ჰქონდა მოდუნებული და, იმავდროულად, დამუხტული. პატარა სკვერი შეამჩნია და სკამზე ჩამოჯდა. სკამის პირდაპირ ავტობუსის გაჩერება იყო. ლინდა თავისდა უნებურად ადამიანების სახეებს აკვირდებოდა: ტურისტების გარდა, თითქმის ყველას ან მოღუშული სახე ჰქონდა, ან ყოვლად უშინაარსო გამომეტყველება, არაფრისმთქმელი. და ისიც ენიშნა, რომ ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს ცუდად ეცვათ: გახუნებული ტანსაცმელი და შელახული ფეხსაცმელი. ახალგაზრდა ქალები შესამჩნევად უკეთ გამოიყურებოდნენ, განსხვავებით, იმავე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცებისგან, რომლებსაც ასაკიც უფრო ემჩნეოდათ, ნაადრევად დაბერებულებს ჰგავდნენ და მოღუშული სახეებით დაიარებოდნენ. ლინდამ, რატომღაც, უხერხულად იგრძნო თავი, იმიტომ რომ თავად მას საკმაოდ ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა. მაგრამ, რადგან სევდას დიდხანს არ აჩერებდა გულში, ეს ფიქრები გონებიდან ამოაგდო და თვალები დახუჭა. არ ახსოვს, რამდენ ხანს იჯდა ასე, მაგრამ ჩოჩქოლის ხმამ გამოაფხიზლა და თვალები სწრაფად გაახილა.

გაჩერებაზე ავტობუსი იდგა და მგზავრები ცდილობდნენ, არ აეშვათ მამაკაცი, რომელსაც ჩამოძენძილი ტანსაცმელი ეცვა და ლინდამ რაღაცნაირად შორიდანვე იგრძნო, რომ დიდი ხნის დაუბანელიც უნდა ყოფილიყო. მამაკაცი ჯიუტად ცდილობდა ავტობუსში ასვლას, რის გამოც მძღოლი კარს ვერ კეტავდა, საბოლოოდ, მგზავრებმა იმარჯვეს და არასასურველი მგზავრი კიბიდან დააგორეს. ავტობუსი დაიძრა...

ლინდა ნანახმა შეძრა და თვალები ისევ დახუჭა. მერე ისევ გაახილა. ავტობუსიდან ჩამოგდებული ჩამოძენძილი მამამაკაცი ბორდიურზე იჯდა თავჩაქინდრული. ლინდას მოეჩვენა, რომ ტიროდა და ხასიათი გაუფუჭდა. მაშინვე ადგა სკამიდან და სწრაფი ნაბიჯებით უკანმოუხედავად გაეცალა იქაურობას. გული ისე ძლიერად უცემდა, თითქოს ბუდიდან ამოვარდნას ლამობსო. ბევრს ეცადა, მაგრამ ის თავზარდამცემი სცენა გონებიდან ვერ ამოიგდო. ტაქსი გააჩერა და სახლისკენ დაიძრა.

მისდა გასაკვირად, სახლში არავინ დახვდა. მაშინვე დედამისს დაურეკა.

– სად ხართ? – შეშფოთებულმა ჰკითხა.

– ვაჟიკოსა და ლიზის მე მივაკითხე სკოლიდან გამოვიყვანე და ჩვენთან წამოვიყვანე, დარჩით ამაღამ შენ და ბექა მარტონი, – შესთავაზა დედამისმა.

ლინდა, რაკი მიხვდა, რომ ყველანი ცოცხლები და ჯანმრთელად იყვნენ, დამშვიდდა და დათანხმდა:

– კარგი, დარჩნენ შენთან. მე ბექას დავურეკავ და ვეტყვი.

დედამისთან საუბარი დაასრულა თუ არა, ქმარს დაურეკა. ბექამ არ უპასუხა, ლინდას სხვა დროს ეს გაუკვირდებოდა, მაგრამ ახლა მისი არსება სულ სხვა ამბით იყო მოცული და ამიტომ არ გაჰკვირვებია.

სავარძელში ჩაჯდა და თავისი სახლი მოათვალიერა. ყველაფერი ძველებურად გამოიყურებოდა, სისუფთავე, სიმშვიდე და ფუფუნება იფქრვეოდა, მაგრამ რაღაც არ მოეწონა, ოღონდ რა, თავადაც ვერ ხვდებოდა. სავარძელში იჯდა და ფიქრობდა და ვერც ფიქრობდა: თვალწინ ისევ ის ჩამოძენძილი და დაუბანელი კაცი ედგა. ისევ აკრიფა ბექას ნომერი. ქმარმა ისევ არ უპასუხა და ამიტომ მისწერა: „ბავშვები ამაღამ დედაჩემთან დარჩებიან. წინააღმდეგი ხომ არ ხარ? მე რამე გემრიელს მოვამზადებ და ვივახშმოთ ან სადმე წავიდეთ.“

ბექას ისევ არ უპასუხია, მაგრამ ლინდა იმდენად იყო გართული თავისი ფიქრებით, რომ საერთოდ არ ღელავდა ამის გამო.

გაახსენდა, რომ ხელებიც არ დაებანა და სააბაზანოსკენ გაეშურა (დამავიწყდა მეთქვა, ლინდას არ უყვარდა ხალხი, ვინც მაშინვე არ იბანდა ხელებს, როგორც კი სახლში შედიოდნენ) და არც ისინი, რომლებიც საგარეო ტანსაცმელსაც მაშინვე არ იცვლიდნენ.

ამიტომ, ხელები დაიბანა თუ არა, ტანსაცმელიც გამოიცვალა. დაბერტყა და ისე შეინახა კარადაში.

როგორც იქნა, ბექამაც დაურეკა:

– დღეს სტუმრები ჩამოგვივიდნენ და გვიან მოვალ, შეიძლება, საერთოდ ვერ მოვახერხო მოსვლა.

– როგორ?! – გაუკვირდა ლინდას: მარტო ვიქნები ღამით?

– მარტო რატომ იქნები? კონსიერჟია, დაცვაა...

ლინდას ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია, თუმცა გადაწყვიტა, რომ ბექას ნათქვამი გადაემოწმებინა მამამისთან, ამიტომ არაფერი აგრძნობინა:

– კარგი, მე დავწვები მაშინ და დავისვენებ, – და არც კი დამშვიდობებია, ისე გათიშა ტელეფონი.

თუმცა მაშინვე დედამისთან დარეკა. ქეთევანს მხნე და ბედნიერი ხმა ჰქონდა: ლიზიც სახლშია, ვაჟიკოც, კარგად ვართ. თქვენ როგორ ხართ? – ჰკითხა შვილს.

– მამა სახლშია?

– კი, მაგრამ უკვე სძინავს. დღეს ცოტა ადრე მოვიდა და მაშინვე დაწვა, დაღლილი იყო. გავაღვიძო?

– არა, ეძინოს. აბა, მშვიდობიანი ღამე.

– ბექას მოეწონა მარტო დარჩენის იდეა?

– ძალიან, – ლინდა შეეცადა, რაც შეიძლება, კმაყოფილი ხმა ჰქონოდა.

– ასეც ვიცოდი, – უფრო მეტი კმაყოფილებით ჩაილაპარაკა ქეთევანმა, – საჭმელები მაცივარშია. სუფრა ლამაზად გააწყვე, – დაარიგა შვილი.

– კი, დედა, ლამაზად გავაწყობ, – ლინდამ თითქოს დაინახა კიდეც, როგორი გაფხორილი კმაყოფილებით გათიშა დედამისმა ტელეფონი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი