რომანი და დეტექტივი

უსახელო

№37

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 24.09, 2022 წელი

უსახელო
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #36(1132)

***

კავკასიური ინსპექტირებისგან ინგა დიდ შედეგებს არ ელოდებოდა. მისი აზრით, ყველაზე მეტი, რაც შეიძლებოდა, გაეგო იმ სქემის მცირე ნაწილი იქნებოდა, თუ როგორ გადაადგილდებოდა ავღანეთიდან წამოღებული ჰეროინის ქარავანი ბაქომდე. შემდგომ კი ტრანსპორტი იცვლებოდა, ნარკოტვირთი გადანაწილდებოდა და მხოლოდ ტვირთზე პასუხისმგებელმა პირებმა იცოდნენ, სად და როგორ უნდა წაეღოთ თეთრი სიკვდილი. ამის ერთადერთი კონტრსაშუალება ტვირთის გზაში განადგურება იყო. მაგრამ ესეც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ერთადერთი ეფექტური საშუალება ჰაერიდან დაბომბვა იყო, მაგრამ არც ეს იყო იოლი. თუკი ამერიკელები ამას ირანის ტერიტორიაზე გააკეთებდნენ, სადაც ძირითადი გზა გადიოდა, მაშინ არა მარტო პოლიტიკურს, არამედ სამხედრო პრობლემებსაც გადაეყრებოდნენ, რადგან ამ ქვეყანას საკმაოდ მობილური ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა ჰქონდა. დანარჩენი საშუალებები კი მცირე და არაეფექტური იყო. ამიტომ, „უსახელოს“ მთელი სისტემა უნდა გაეშიფრა შემკვეთ-შემსრულებლებთან ერთად და სწორედ ეს იყო მისი აქ გამოგზავნის მთავარი მიზანი. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ინგას გაუმართლა. როდესაც ბაქოს ოფისის ხელმძღვანელს, მარატ კაზიევს ესტუმრა და გაეცნო, სპეცაგენტმა გოგონამ იმდენი მოახერხა, რომ ოფისის სხვადასხვა ლოკაციებზე ულტრათანამედროვე მიკრომოსასმენი მოწყობილობები მიამაგრა. ეს იყო „ეფბეერის“ ტექნიკურ ლაბორატორიაში შემუშავებული სიახლე. მას სამი ძირითადი უპირატესობა ჰქონდა: მათი სპეცმოწყობილობებით აღმოჩენა შეუძლებელი იყო; ხმის ტალღების დაჭერის დიაპაზონი 600 მეტრს აღწევდა და ისეთი ტექნოლოგიით იყო დამზადებული, რომ დისტანციური პულტიდან სიგნალის გაშვების შემდეგ თვითლიკვიდაციას ახორციელებდნენ და ყოველგვარი სუნისა და ხმაურის გარეშე ორთქლდებოდნენ. ეს „სათამაშოები“ საკმაოდ ძვირად ღირებული იყო, მაგრამ „ეფბეერს“ საქმისთვის სჭირდებოდა და ინგას 30 ცალი ასეთი მოწყობილობა გამოატანეს, რომელსაც ის პომადის ყუთში ინახავდა. კაზიევის გაცნობისა და მასთან საუბრის შემდეგ, ინგამ მადლობა გადაუხადა მასპინძელს. დაღლილობა მოიმიზეზა და ზურაბ კაშიასთან ერთად სასტუმროში წავიდა. ზურაბი თავის ნომერში განმარტოვდა და ჩაეძინა. ინგამ კი კარი ჩაკეტა, მოსასმენი და ჩამწერი მოწყობილობა ჩართო და მიაყურადა. ინგა ვარაუდობდა, რომ ოფისიდან საინტერესო საუბარს მოისმენდა და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იმ საღამოს კაზიევის ოფისში ნარკოტრაფიკის თითქმის ყველა ბობოლა შეიკრიბა, კაზიევს ოფისი დაატოვებინეს და ლოკაცია სპეცაპარატურით შეამოწმეს. როდესაც დარწმუნდნენ, რომ იქაურობა „სუფთა“ იყო, მრგვალ მაგიდას მიუსხდნენ და ნარკოტრაფიკის გულდასმით განხილვას შეუდგნენ. ინგა სულგანაბული უსმენდა მათ და ყველაფერს იწერდა. შეკრების მონაწილეები გამთენიისას დაიშალნენ. უმეტესობა დასაძინებლად წავიდა. „უსახელოს“ კი ძილისთვის არ ეცალა. მან ჯერ მთელი ჩანაწერი დაშიფრული არხით ვაშინგტონში გადააგზავნა და რეკომენდაციის სახით მინაწერი გაუკეთა: მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ სასწრაფოდ გამოგზავნოთ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ადგილობრივ ძალოვნებთან ერთად ამ ნარკოსინდიკატის მესვეურებს დააპატიმრებს და დიდი რაოდენობით ჰეროინის ამოღებას განახორციელებსო. ინგას გზავნილი ბორგს მიუვიდა. მას ჯერ „ეფბეერის“ დირექტორისთვის არც კი ჰქონდა მიწოდებული ეს ინფორმაცია, რომ ინგას მისწერა: „შენი მისია შესრულებულია. სასწრაფოდ დაბრუნდი შინ. გამოფრინდი ბაქოდანვე“... ჯონ ბორგს აღარ უნდოდა, რომ ინგა სახიფათო ზონაში დარჩენილიყო და უშუალო მონაწილეობა მიეღო აყვანის ოპერაციაში, რადგან ეს შესაძლოა, გოგონასთვის საფრთხის შემცველი ყოფილიყო. ინგამ ეს შესანიშნავად იცოდა და თავის კურატორსა და თაყვანისმცემელს დასტური მისწერა. სინამდვილეში კი „უსახელოს“ სულ სხვა გეგმა ჰქონდა. ინგამ საათს დახედა – ისრები დილის შვიდ საათს უახლოვდებოდა. მობილური აიღო, მარატ კაზიევის ნომერი აკრიფა და დაელოდა.

– გისმენთ, – ინგას მარატის ნამძინარევი ხმა მოესმა.

– მარატ, ინგა გაწუხებთ და ნაადრევი ზარისთვის ბოდიშს გიხდით.

– დიახ, გისმენთ, ინგა.

– მარატ, თქვენთან საქმე მაქვს და რამდენ ხანში შეგიძლიათ, რომ შემხვდეთ?

– თხუთმეტ წუთში სასტუმროში გეახლებით.

– უკეთესია, გარეთ შევხვდეთ. შეგიძლიათ, რომ ნახევარი საათის შემდეგ სანაპიროზე, „მწვანე კაფესთან“ მოხვიდეთ?

– რა თქმა უნდა, ნახევარ საათში მანდ გავჩნდები, – თქვა კაზიევმა. ინგამ კი მიუგო, – გელოდებითო და ტელეფონი გათიშა.

ინგა რომ დათქმულ ადგილზე მივიდა, მარატი მას უკვე მოუთმენლად ელოდა. გოგონამ კაზიევს გაუღიმა და პირდაპირ უთხრა:

– „ჭაღარა“, მე ვარ, „უსახელო“.

მარატმა უცებ ვერ გაიაზრა ამ სიტყვების მნიშვნელობა და გოგონა უცნაურად შეათვალიერა. ხოლო როცა მიხვდა, თუ ვის ელაპარაკებოდა, თქვა:

– გისმენთ!

ინგა სანაპიროს მოაჯირს მიეყრდნო და მარატს უთხრა:

– შეგიძლიათ, დამეხმაროთ?

– თბილისში უნდა წამომყვეთ და დანარჩენს გზაში მოგიყვებით. თანახმა ხართ?

– კი. რა თქმა უნდა. მანქანას მოვიყვან და გავემგზავროთ.

– ჩემი მანქანით წავიდეთ. „ჯიპი“ მოსახვევში მყავს გაჩერებული, – თქვა გოგონამ და ათიოდე წუთის შემდეგ მარატი და ინგა თბილისისკენ მიემგზავრებოდნენ.

***

თბილისში რომ ჩამოვიდნენ, ინგამ მარატი თავის სახლში მიიყვანა. სათვალე მისცა და უთხრა:

– ციფრულ რეჟიმზეა და ხმასა და გამოსახულებას განუსაზღვრელი დროით იწერს. საუბარს რომ მორჩები, მოდი აქ და მომიტანე. მერე კი მე ჩავერთვები.

კაზიევი დაეთანხმა გოგონას. ერთი შეხედვით, მხედველობის სათვალე შეამოწმა, რომ დარწმუნდა, მუშაობდა, თვალებზე კარგად მოირგო და წავიდა. ნახევარი საათის შემდეგ მარატი ვაკის ერთ-ერთ კორპუსთან იდგა. ტელეფონი ამოიღო და დარეკა.

– გისმენთ, – უპასუხა მამაკაცის ხმამ.

– ბატონი მურთაზ კაკიაშვილი ბრძანდებით? – იკითხა მარატმა.

– მე ვარ. ვინ მკითხულობს?

– მე, ოლეგ ხოხლოვის დავალებით ვრეკავ.

გარდაცვლილი ამფეთქებლის სახელი რომ გაიგონა, კაკიაშვილს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა და მიხვდა, რომ საქმე კარგად ვერ იყო და მიუგო:

– რა გნებავთ?

– თქვენთან პირისპირ ლაპარაკი მინდა.

– ერთ საათში ვაკის პარკთან შევხვდეთ.

– ამდენი დრო არ მაქვს. თქვენ სახლთან ვიმყოფები და ათ წუთში ვაკის პარკის შესასვლელთან გელოდებით.

ათიოდე წუთის შემდეგ მურთაზ კაკიაშვილი დანიშნულ ადგილზე მივიდა. შეშინებული სახით შეათვალიერა სათვალიანი უცნობი და უთხრა:

– გისმენთ.

– ყოველგვარი შესავლის გარეშე გეტყვით, რომ ერთმა პიროვნებამ იმისი დამამტკიცებელი საბუთი გადმომცა, სადაც ლაპარაკია ილჰამ ალდამოვის ოჯახის ამოწყვეტაზე, რომელიც თქვენ მიერ იყო ორგანიზებული. ეს პიროვნება დუმილის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას ითხოვს და შუამდგომლობა მე მთხოვა.

– ვინაა და რა კომპრომატი აქვს? – იკითხა კაკიაშვილმა.

– ვინაობას მნიშვნელობა არ აქვს. კომპრომატი კი საიმედოა. თავად ამფეთქებელი ოლეგ ხოხლოვი ყვება ყველაფერს დეტალურად, თანაც შემდგომში თქვენთან შეხვედრისა და საუბრის ჩანაწერის ფრაგმენტიც აქვს, სადაც მას იმისთვის ლანძაღვთ, რომ დავალება ვერ შეასრულა და ალდამოვი ვერ მოკლა. მიკროფირზეა ჩაწერილი და უნდა გახსოვდეთ.

– მიჩვენეთ.

– თქვენ რა, სულელად მთვლით? ჩანაწერი დაინტერესებულ პირს აქვს.

– რატომ თვითონ არ მოვიდა?

– მწოლიარეა. ხერხემალი აქვს დაზიანებული.

– მაშინ შემახვედრეთ მას.

– ხვალ დილით ისევ აქ მოდით და წაგიყვანთ, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებთ, თუ რაიმე ფოკუზი დააპირეთ, ეს ყველაფერი ადრესატს მიაღწევს.

– არანაირ ფოკუზს არ ვაპირებ. ხვალ აქ მოვალ, თანაც ფულით, მაგრამ ბევრი არ მაქვს და რამდენს ითხოვს?

– ორმოცდაათი ათასს.

– ლარს?

– დოლარს, – ირონიით გაეცინა მარატს.

– კარგი. გადაგიხდით, მაგრამ ჯერ იმ ადამიანს უნდა დაველაპარაკო. ხვალ მოვალ, ახლა კი წავედი, – თქვა კაკიაშვილმა და შეხვედრის ადგილი დატოვა. სახლში რომ მოვიდა, ოთახში განმარტოვდა და სიტუაციიდან გამოძრომის საშუალებებზე დაიწყო ფიქრი. თუმცა, ბოლოს დაასკვნა, რომ უფულოდ არაფერი გამოვიდოდა და ჩაილაპარაკა, – ზარიძემ დამთარსა, ამ ნაბოზარმა. იმდენი იყიყინა, ინტუიცია მკარნახობს, ხიფათი გველოდებაო, რომ ეს ამბავი ამოტივტივდა. კიდევ კარგი, რომ ჩემი ნარკოსაქმეებიც არ გაიშიფრა.

კაკიაშვილმა კედელში ჩამონტაჟებული სეიფი გახსნა. 50 ათასი დოლარი გამოიღო და სეიფი დაკეტა. შემდეგ ფული ტყავის ჩანთაში ჩაალაგა და სიგარეტი გააბოლა.

***

მარატ კაზიევის მიერ მოტანილი ჩანაწერი ინგამ ილჰამ ალდამოვს მიუტანა, რომელიც თბილისის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთში მოღვაწეობდა. გოგონა დაელოდა, რომ მოლა რელიგიურ მსახურებას დაასრულებდა. შემდეგ მოწიწებით გვერდზე გაიხმო და უთხრა:

– ბატონო ილჰამ, სანამ მთავარ სათქმელს გეტყოდეთ შემპირდით, რომ ემოციებს არ აჰყვებით და ყველაფერს საღი გონებით განსჯით.

– ემოციები დიდი ხნის წინ მოვიშორე, შვილო და ჩემი სული ღმერთს მივანდე, – უთხრა მოლამ ინგას.

– ეს სულ სხვა ემოციებია და შემპირდით.

– გპირდები. გისმენ.

ინგამ მოლას ჩანაწერი უჩვენა და თვალი თვალში გაუყარა. ალდამოვს ჯერ ცრემლით აევსო თვალები, შემდეგ მოიწმინდა, გაფითრდა, შემდეგ თავში სისხლი მოაწვა და უთხრა:

– თუ გონება არ მატყუებს, შენ იმ კაცის ჩემთვის ჩაბარება გინდა. მართალი ვარ?

– დიახ.

– რატომ? – ამან დედა მომიკლა. თხასავით გაყიდა და მინდა, სამაგიერო გადავუხადო.

– გასაგებია, – თქვა ალდამოვმა, ჩაფიქრდა და დაამატა, – როგორც ამ ჩანაწერიდან ჩანს, ის ნაძირალა ხვალ უნდა მოვიხელთოთ. მე, აი, იმ სახლში ვცხოვრობ, იქ მოიყვანეთ და ჩამაბარეთ. მერე კი მე ვიცი.

მეორე დღეს მარატ კაზიევმა მურთაზ კაკიაშვილი ილჰამ ალდამოვის სახლში მიიყვანა და „ეშვიანი“ მხოლოდ მაშინღა მიხვდა, თუ რა ელოდებოდა, როდესაც თვალებჩასისხლიანებული ძველი კონკურენტი დაინახა და გაქცევა დააპირა. თუმცა, ორმა გოლიათმა მას პირზე ხელი ააფარა. გაკოჭეს და უზარმაზარი სარდაფისკენ გააქანეს. სანამ უშიშროების ყოფილ მაღალჩინოსანსა და ნარკოსინდიკატის ერთ-ერთ მესვეურს წირვას გამოუყვანდნენ, მის წინ ინგა აღიმართა და კბილებში გამოსცრა:

– დადგა, შენი აღსასრულის დღე? ჯოჯოხედი გელოდება. ჯანდაბამდიც გზა გქონია!

***

მარატი და ინგა თბილისში რომ ბრუნდებოდნენ, რადიოში ახალი ამბების გადმოცემა დაიწყო და დიქტორმა ანტინარკოტიკული და ანტიტერორისტული ოპერაციის ამბავი წაიკითხა, რომელიც კავკასიაში, მათ შორის, თბილისშიც განხორციელდა და მსხვილ ნარკოტრაფიკსა და ტერორისტულ დაჯგუფებას მოუღო ბოლო. ამასობაში, მანქანა ინგას სახლს მიადგა და მარატმა თქვა:

– ყველაფერი დასრულდა.

– პირიქით, ახლა იწყება, – მიუგო კაზიევს ინგამ და ჯო ბორგზე მიუთითა, რომელიც უზარმაზარი თაიგულით იდგა სადარბაზოსთან და ინგას ელოდა.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი