რომანი და დეტექტივი

ცოლი

№3

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 28.01, 2023 წელი

ცოლი
დაკოპირებულია

გუჯამ კიბის ბოლო საფეხური ჩაათავა და თავჩაღუნული გაუყვა ციხის შენობის პერიმეტრს. ასიოდე მეტრი რომ გაიარა, ზურგში მწველი მზერა იგრძნო და შეტრიალდა. ორიოდე მეტრში მანქანა გაჩერდა. შიგ მჯდომი გადმოვიდა და გუჯას ღიმილით უთხრა:

- რაც გამოხვედი, უკან მოგდევ და როგორც იქნა მოგიხელთე.

- ნოდიკო, ძმაო, როგორ ხარ. - თქვა გუჯამ და ნოდიკოს გადაეხვია.

- ჩაჯექი და წავედით - ნოდიკომ წინა კარი გაუღო გუჯას და სავარძლისკენ მიუთითა. შემდეგ საჭეს მიუჯდა და რუსთავიდან თბილისისკენ აიღო გეზი.

გუჯა ხალვაში და ნოდარ ქვლივიძე „ტრუსიკის“ ძმაკაცები იყვნენ. ნოდარი განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი იყო და გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა. ციხიდან ახლადგათავისუფლებული გუჯა კი ბიზნესმენი იყო და 5 წელი მხოლოდ იმიტომ გაატარა ციხეში, რომ მაღალჩინოსან რეკეტიორებს თავი არ გააწეწინა და მოთხოვნილი 2 მილიონი დოლარი არ ჩაურიცხა მათ. 37 წლის ხალვაში მთავარმა პროკურორმა დაიბარა კაბინეტში და ფული მოსთხოვა, ხოლო უარი რომ მიიღო, სანამ „ბლატნოი ვალნაზე“ გადავიდოდა, „დობრად“ უთხრა:

- „ოქროს კერპი“ წაკითხული გაქვს?

- კი.

- ყურადღებით?

- საკმაოდ.

- მერე, არ იცი, რომ ფულს ადვილად უნდა შეელიო?

- ოსტაპმა კორეიკოს ნაოხრალი, მოპარული ფული გამოართვა. მე კი ჩემი ქონება და კაპიტალი პატიოსნად, დიდი შრომით მაქვს ნაშოვნი.

- როკფელერმა რა თქვა იცი?

- რა თქვა?

- რა და პირველი მილიონი ყოველთვის დანაშაულებრივად მოიპოვებაო. ასე რომ პატიოსნებაზე ნუ დებ თავს.

- როკფელერმა არ ვიცი როგორ იშოვა ფული, მაგრამ მე პატიოსანი შრომით მაქვს ნაშოვნი და ეს თქვენ მშვენივრად იცით. ასე რომ არ იყოს, მაშინ პირდაპირ კომპრომატს დამიდებდით წინ.

მთავარ პროკურორს ირონიულად ჩაეცინა და რამდენიმე წუთი უხმოდ ცემდა ბოლთას კაბინეტში. ბოლოს კი გუჯას წინ შეჩერდა და უთხრა:

- კიდევ ერთ სიბრძნეს გეტყვი და იქნებ ეს მაინც გაიგო.

- ბრძანეთ.

- ქრისტემ თქვა - სხვებსაც უწილადეო. ქრისტიანი არ ხარ?

- ქველმოქმედება თქვენგან არ მესწავლება და ჩემ ბეგრაუნდს თუ გაეცნობით, ამას მშვენივრად დაინახავთ, თქვენ კი ყაჩაღურად მოქმედებთ და ჩემგან კაპიკს ვერ მიიღებთ.

- ფული მოჯვი, ბიჭო, თორემ კარცერში ამოგალპობ და ვერც შენი მილიონები გიშველის და ვერც მამა ღმერთი.

- წესიერად იმეტყველე, თორემ შველა იქით დაგჭირდება - თქვა ხალვაშმა და მრისხანე მზერა მიაპყრო კაბინეტის მასპინძელს.

მთავარ პროკურორს შიში, ზიზღი და მრისხანება ერთბაშად გამოეხატა სახეზე. საწერ მაგიდას შემოუარა და სავარძელში ჩაჯდა. იქვე მიმაგრებულ ღილაკს შეუმჩნევლად მიაჭირა თითი და მეორე ოთახში გასასვლელ კარს მიაჩერდა. კარი გაიღო და კაბინეტში სამი ბრგე ახალგაზრდა შემოვიდა. მათ დიდი თავები და ბრიყვული ჰაბიტუსები ჰქონდათ. ეს კი იმაზე მიანიშნებდა, რომ „უფროსის“ ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებდნენ... ახალმოსულები მთავარი პროკურორის პირადი „შნირები“ იყვნენ და მცველების ფუნქციასაც ითავსებდნენ. მთავარ პროკურორს გული მიეცა, მთელი მომცრო ტანით გაიჭიმა და კოპებშეკრულმა ბრძანა:

- ბორკილები დაადეთ და ჯუჯუ პეპელაურს დაუძახეთ.

ორმა დიდთავიანმა გუჯა ხალვაშს ზურგსუკან გადაუგრიხეს ხელები. დააჩოქეს და ხელბორკილები დაადეს. მათ ეს დამუღამებული ჰქონდათ და რიტუალივით ასრულებდნენ, რიტუალი კი თავად მთავარი პროკურორის მიერ იყო შემუშავებული და მის წინ დაჩოქილი ადამიანის ცქერით უზომო სიამოვნებას ღებულობდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან მთელი ბავშვობა, სიჭაბუკე და ახალგაზრდობის პერიოდში, მომავალი მთავარი პროკურორი ირგვლივ მყოფთა ჩაგვრისა და დაცინვის საგანი იყო. და არა იმიტომ, რომ მას უშნო გარეგნობა ჰქონდა და ჩია, აჩკარიკა ტიპი იყო, არამედ მისი თვისებების გამო. ბაღშიც, სკოლაშიც და ინსტიტუტშიც, ის პირველი მაბეზღარა იყო და სწორედ ჩამშვებობისთვის ჩაგრავდნენ და დასცინოდნენ მას. ამიტომ, ის ყოველთვის ძალაუფლებისკენ ისწრაფოდა და ვისაც მისი გაქაჩვა შეეძლო, მონასავით ემსახურებოდა, თუმცა, როგორც კი ამის საშუალება ეძლეოდა, ყოფილ ბატონს სასტიკად შეუბრალებლად ექცეოდა და თვალის დაუხამხამებლად გაწირავდა ბოლომდე. „ვლასტის“ ცვლილება სწორედ რომ მისწრება იყო მისთვის. ოპოზიციურ მოძრაობაში აქტიურად ჩაება და როდესაც ძალაუფლებას დაეპატრონენ, ის პრეზიდენტის უახლოესი მრჩეველი და თანამოაზრე იყო. მან ისიც კარგად იცოდა, რომ მთავარი პროკურორობა მისი კარიერის პატალოკი იყო და მეტი არც სურდა. ამ პოსტზე მილიონებსაც შოულობდა და რაც მთავარია ადამიანების სასტიკი ჩაგვრის, დაცინვისა და განადგურების დაუოკებელ სურვილს იკმაყოფილებდა, რაც უფრო მდიდარი, ცნობილი და ძლიერი იყო მისი ოპონენტი, მით უფრო მეტ სისასტიკეს იჩენდა მის მიმართ. ერთ–ერთი ასეთი ობიექტი იყო გუჯა ხალვაში. მას არც სიმდიდრე, არც სახელი და არც გარეგნობა აკლდა, ხოლო, როდესაც დიდთავიანებმა მის წინ, ზურგსუკან ბორკილდადებული ხალვაში დააჩოქეს, ნეტარებისგან ლამის დადნა და კარგა ხნის მერე მისცა შნირებს ნებართვა, რომ ის ფეხზე წამოეყენებინათ. ისიც იმიტომ, რომ კაბინეტში ჯუჯუ პეპელაური შემოვიდა, რომელსაც სქელი, წითელი საქაღალდე ეჭირა ხელში. 29 წლის პეპელაური, პროკურატურის გამომძიებელი იყო და ბოსის (მთავარი პროკურორის) ნებისმიერ მითითებას ასრულებდა. საქმეებს კერავდა და ურჩებს „სროკავდა“. თანაც, საქმეები წინასწარ ჰქონდა მომზადებული და გასაპრავებლად რამდენიმე შტრიხი სჭირდებოდა ხოლმე. ერთი სიტყვით ჯუჯუს „დამუღამებული“ ჰქონდა ეს სიბილწე და ბოსისგან შესაბამისი დაფასება და სარგებელი ჰქონდა. წითელ საქაღალდეში ჯუჯუ პეპელაურს გუჯა ხალვაშის გასასროკი ფალსიფიცირებული საქმე ჰქონდა გამზადებული. ბოსს, ჯუჯუსთვის სიტყვის თქმაც არ დასჭირვებია, ისე შეუდგა საქმეს, მაგრამ, ხალვაში კერკეტი კაკალი აღმოჩნდა და რეკეტიორებს ერთი ნოტარიუსი მიუყვანეს ბიზნესის და ქონების გადასაფორმებლად, გუჯამ მათ ერთი მაგიდაც კი არ გადაუფორმა. მართალია გუჯას ბიზნესი დაძირეს, მისი უძრავ–მოძრავი ქონება კი გაანადგურეს. ზოგი დაწვეს, ზოგიც დაალპეს, მაგრამ ეს ყველაფერი ოფიციალურად მაინც მის სახელზე იყო გაფორმებული. ამ ჭიდილში გუჯა ხალვაშმა ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა და მას ფიზიკურადაც აწამებდნენ და ფსიქოლოგიურადაც. ხოლო როცა მიხვდნენ, რომ მას ვერაფერზე დაიყოლიებდნენ, დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გასაღება გაუფორმეს და უვადო პატიმრობა აკიდეს. ციხეში კი ჯოჯოხეთის ჯოჯოხეთი მოუწყვეს და ხან მორგში მიცვალებულზე ასკოჩებდნენ, ხან თავდაყირა კიდებდნენ, ერთი სიტყვით წამების ყველა ნაცად თუ ახალ ხერხს იყენებდნენ და მიზანმიმართულად გზავნიდნენ სამარეში. მიუხედავად იმისა, რომ გუჯა ყოველდღე სიკვდილს უყურებდა თვალებში, ის, მაინც ვერ გატეხეს. ამასობაში ხუთი წელი გავიდა და ახალი მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში. გუჯას საქმეს გადახედეს და ის გასათავისუფლებლად გაამზადეს. ამასობაში ხალვაშს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. მისმა მეუღლემ, გუჯას გათავისუფლებამდე ექვსი თვით ადრე თავი მოიკლა. 33 წლის ეთერ ბადრიძე მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან გადახტა და სიკვდილის წინ პატარა, სულ რამდენიმე სიტყვისგან შედგენილი წერილი დატოვა... სანამ ციხიდან გამოსული გუჯა ამ ყველაფერზე ფიქრობდა, მანქანა უკვე თბილისის ქუჩებში მოძრაობდა.

- ყვავილების მაღაზიასთან შემიჩერე ნოდიკო და ვარდების თაიგული ვიყიდოთ, ჩემს ეთოს წითელი ვარდები ძალიან უყვარდა - უთხრა გუჯამ ნოდარს.

ნოდარმა მანქანა ყვავილების მაღაზიასთან გააჩერა. გადავიდა და უზარმაზარი წითელი თაიგულით დაბრუნდა უკან. სავარძელზე დადო და ვაკისკენ აიღო გეზი. აშკარა იყო, რომ გუჯა ეთოს საფლავზე აპირებდა მისვლას. ეთო კი ვაკეში იყო დაკრძალული.

- შესასვლელთან გამიჩერე. ათი ლარი დამიტოვე და წადი, ტაქსით წამოვალ - უთხრა გუჯამ ნოდარს.

- რამდენსაც გინდა დაგელოდები - მიუგო ნოდარმა.

გუჯამ თავი გააქნია. შემდეგ ნოდარის ოცლარიანი ჯიბეში ჩაიდო და სასაფლაოზე შევიდა. გუჯამ იცოდა, რომ მისი ეთო დედ–მამის გვერდით იყო დაკრძალული და იქით გაემართა. მარტო დარჩენილ გუჯას ემოციები მოეძალა. ეთო დაუდგა თვალწინ და თვალები ცრემლებით აევსო... - გუჯიკო ჩემო საყვარელო - ჩაესმოდა გუჯას ეთოს ტკბილი ხმა და მწარედ ტიროდა...

***

გუჯა ხალვაში რომ სასაფლაოს მიუახლოვდა, ქალის სილუეტი დალანდა და წამით ისიც კი გაიფიქრა - ხომ არ მეშლებაო... ქალი ზურგიდან მოსჩანდა. ის მუხლებზე იყო დაჩოქილი და საფლავს ასუფთავებდა. ის ისე იყო გართული თავის საქმიანობაში, რომ გუჯას მიახლოება არც კი გაუგია.

- გამარჯობა - თქვა გუჯამ და ქალს მიაჩერდა.

ქალი ინსტინქტურად, მკვეთრად შეტრიალდა და ახალმოსულს მზერა მიაპყრო. ცხელოდა. ქალს პერანგის საკინძე გახსნილი ჰქონდა და ნახევრად შიშველი მკერდი მოუჩანდა.

- უკაცრავად - სწრაფად თქვა ქალმა და შეტრიალდა. დაჩოქილმა შეიკრა საკინძე. ადგა. შემოტრიალდა. გუჯას მზერა მიაპყრო და უთხრა:

- გამარჯობა. თქვენ ალბათ, გუჯა ხალვაში ბრძანდებით, ხომ?

- დიახ, - მიუგო გუჯამ. ვარდების თაიგული ეთოს საფლავზე დადო და დაამატა - თქვენ ვინ ბრძანდებით?

- მე გურანდა ვარ. ცხონებულ ეთოს ვეხმარებოდი - თქვა ქალმა და წამოწითლდა. შემდეგ კი თავი ჩაღუნა.

- ააა, უი, ვიცი, თქვენზე ნოდარ ქვლივიძემ მომიყვა - თქვა გუჯამ და მიუხედავად იმისა, რომ ბაბნიკი არ იყო, ქალის გამოკვეთილი სხეული შეათვალიერა.

გუჯას, ხუთი წელი არ ენახა ქალი და ინსტინქტმა თავისი ქნა.

- ძალიან კარგი ადამიანია ბატონი ნოდარი, ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ეთოს მოიკითხავდა ხოლმე და სასაფლაოც მან გაუკეთა ცხონებულს. მე აქ ხშირად მოვდივარ ხოლმე და აქაურობას ვალაგებ და ვასუფთავებ, - თქვა გურანდამ.

- მადლობა, ჩემო კარგო. ძალიან დიდი მადლობა, - უთხრა გუჯამ ქალს და მხარზე ნაზად შეეხო მადლიერების ნიშნად.

გურანდას სახე წამოუწითლდა და უხერხულად გაეღიმა. უცებ მუხლი მოეკეცა და გუჯას რომ არ დაეჭირა, ქალი დაეცემოდა... ისე მოხდა, რომ გუჯას ორივე ხელი ქალის სავსე მკერდს შეეხო და ამან კაცში მიძინებული სურვილი გააღვიძა. ქალი კი შველივით განზე გახტა და თავი ჩაღუნა.

- უკაცრავად - მოიბოდიშა გუჯამ.

- მე წავალ, - თავაუწევლად თქვა გურანდამ და თხელი მოსასხამი მოიხურა.

- გურანდა, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, - უთხრა გუჯამ ქალს.

- დიახ, გისმენთ, - მიუგო ქალმა და თავი ასწია.

- თუ ძალიან არ გეჩქარებათ, იქნებ ერთად წავიდეთ აქედან და ეთოზე მომიყვეთ რამე? - უთხრა გუჯამ ქალს.

- კარგით, ბატონო. არ მეჩქარება. წავიდეთ ერთად - მიუგო გურანდამ გუჯას და წყვილმა ხუთიოდე წუთის მერე ვაკის სასაფლაო დატოვა...

***

გუჯამ და გურანდამ მთელი ვაკე ფეხით გაიარეს. ქალი, ძირითადად, გუჯას შეკითხვებს პასუხობდა. დროგამოშვებით კი თვალები ცრემლებით ევსებოდა და ცხვირსახოცით იმშრალებდა.

- იმ საბედისწერო დღეს რომ ეთოს გვერდით ვყოფილიყავი, ეს უბედურება არ მოხდებოდა - თქვა ქალმა. ამოიხვნეშა და დაამატა - წინა დღით სოფელში წავედი და რატომ ფეხები არ მომტყდა. აბა, რას ვიფიქრებდი, რომ ასეთი უბედურება მოხდებოდა, თორემ ფეხს როგორ მოვიცვლიდი აქედან.

- ეთო, ჩემო მოუნელებელი ტკივილია, - თქვა გუჯამ და დააყოლა - ჩემი ბრალია, ასე რომ მოხდა. მიმეცა ამ ნაძირლებისთვის რასაც მთხოვდნენ და აღარ დამიჭერდნენ. ეთოს გვერდით რომ ვყოფილიყავი, ის ახლა ცოცხალი მეყოლებოდა. მან უჩემობას ვერ გაუძლო და საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა?

- რით განუგეშოთ, ბატონო გუჯა. კარგი იყო ეს არ მომხდარიყო მაგრამ ალბათ ბედისწერაა ეს ყველაფერი - თქვა გურანდამ.

- გურანდა, ბატონი აღარ დამიძახო. გთხოვ - უთხრა ქალს გუჯამ.

- კარგით - მიუგო ქალმა.

- ნურც თქვენობით მომმართავ - დაამატა გუჯამ.

- კარგი - თავი გააქნია ქალმა.

- და, კიდევ ერთი თხოვნა მაქვს გურანდა.

- გისმენ.

- გთხოვ, გამომიარე ხოლმე. დამხმარე მჭირდება. სულ მალე ჩემს ბიზნესს აღვადგენ და გვერდში დამიდგები. კარგი?

- კარგი. მასე იყოს, ახლა კი დაგემშვიდობები. მოვედით, მე აქ ვცხოვრობ - უთხრა გურანდამ გუჯას და სადარბაზოზე მიუთითა მას.

- სოლოლაკელი ხარ?

- არა. აქ მხოლოდ ქირით ვცხოვრობ. ნახვამდის - უთხრა გურანდამ გუჯას და სადარბაზოში გაუჩინარდა.

სახლში დაბრუნებული გუჯა საწოლზე წამოწვა და მოგონებებში ჩაიძირა. მას გაახსენდა ეთოსთან ერთად გატარებული წლები და სევდიანად იღიმებოდა. მაგრამ, ფიქრებმა ის გურანდამდე მიიყვანა და სულ რამდენიმე საათის წინ გაცნობილი ქალის ნახვის დაუოკებელი სურვილი გაუჩნდა. ეს რომ გააცნობიერა გუჯას ძალიან შერცხვა და შეეცადა თავი მოეთოკა. ამ ბრძოლაში საკუთარ თავთან, გუჯას ჩაეძინა...

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი