რომანი და დეტექტივი

ცოლი

№4

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 04.02, 2023 წელი

ცოლი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #3 (1151)

***

გათავისუფლებიდან ერთი კვირის შემდეგ, გუჯა ხალვაში უკვე ჩვეულ ხოდზე იყო და განადგურებული ბიზნესის ფეხზე დაყენებას ცდილობდა. საჭირო დოკუმენტაციის აღდგენაში მას ნოდიკო ეხმარებოდა და პირადად დაჰყვებოდა კაბინეტიდან კაბინეტში. ძირითადად მათ პროკურატურაში უწევდათ ყოფნა, ხოლო ნოდარ ქვლივიძე კი ამ უწყებაში მუშაობდა. ერთ–ერთი კაბინეტიდან რომ გამოვიდნენ, ნოდარმა გუჯას უთხრა:

- ფანჯარასთან რომ ბიჭი იჯდა, მას ბონდო არზიანი ჰქვია, ადრე პოლიციაში მუშაობდა და ეთოზე მოკვლევა მან ჩაატარა.

- ნოდიკო, მოდი შევბრუნდეთ და დაველაპარაკები ამ ბიჭს - უთხრა ნოდარს გუჯამ.

ნოდარმა გუჯას ბონდო არზიანი გააცნო. თავად კი წავიდა, რადგან უფროსმა დაურეკა. ბონდომ დაწვრილებით მოუყვა გუჯას მოკვლევის შესახებ და ბოლოს უთხრა:

- საქმე პოლიციის არქივშია გადაგზავნილი და შეგიძლიათ გაეცნოთ. იქ ჩემი დასკვნაცაა.

- შენ რას ფიქრობ ბონდო, ძმაო. რა უნდა ყოფილიყო თვითმკვლელობის გამომწვევი ბოლო წვეთი? - ჰკითხა გუჯამ არზიანს.

- თვითმკვლელობა რომაა, ეს დასაბუთებული ფაქტია. მაგრამ მე პირადად გაოცებული ვარ ამით. მოკვლევისას თქვენი დაღუპული მეუღლის ფსიქოლოგიური პორტრეტი შევადგინე და მისი საქციელი მის ფსიქოლოგიაში არ ჩაჯდა. თუმცა ის ისეთ სტრესულ გარემოში იყო, რომ რაღაც მომენტში უკიდურეს ზომაზე წავიდა. თქვენ იმ დროს ტყუილუბრალოდ იჯექით ხომ ციხეში? - თქვა არზიანმა.

- კი, მასე იყო, კარგი, ჩემო ძმაო. მადლობა, ნახვამდის. - თქვა გუჯამ და სასწრაფოდ დატოვა ოთახი, რადგან აღარ უნდოდა იმაზე ფიქრი, რომ ეთომ მისი ციხეში ყოფნის გამო მოიკლა თავი...

პროკურატურიდან წამოსულმა გუჯამ გურანდას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. თან უთხრა:

- ხომ შევთანხმდით, რომ დამეხმარებოდი? ჰოდა, უკვე ავმოძრავდი და შემეხიდე. ანაზღაურებაც შესაბამისი გექნება.

ხალვაში ბევრად უფრო კვალიფიციურ დამხმარეს იშოვიდა, მაგრამ მას გურანდა იზიდავდა. მის გვერდით ყოფნა უნდოდა და ამიტომაც აირჩია დამხმარედ. გურანდა მას სიამოვნებით დათანხმდა და წყვილი უმეტეს დროს ერთად ატარებდა. სამი კვირის მერე კი ქალს მონატრებულმა გუჯამ გურანდა რის ვაი–ვაგლახით დაითანხმა სექსზე და ეს ყოველივე მათთვის უკვე რეგულარული გახდა.

სამი თვის შემდეგ, გუჯას უკვე 50 პროცენტით ჰქონდა ამუშავებული ბიზნესი. ინვესტიციები კი ყოველდღიურად ემატებოდა და სულ მალე ძველ „აბაროტებზე“ დადგებოდა. მართალია, გურანდა ვერ აღმოჩნდა ეთოსავით ნიჭიერი და ბიზნესში გარკვეული, მაგრამ გუჯას მასთან ინტიმური სიახლოვე ხიბლავდა და მეტი არაფერი აინტერესებდა. დროთა განმავლობაში გუჯა ხალვაში იმ აზრამდე მივიდა, რომ გურანდას ცოლად მოყვანა გადაწყვიტა და როდესაც ეს ქალს გაუმხილა, გურანდამ უთხრა:

- რას იტყვის ხალხი, არა, ჯობია ისევ საყვარლებად დავრჩეთ, ან სულაც გავქრები შენი ცხოვრებიდან.

ასეთმა პასუხმა გუჯა კიდევ უფრო მეტად გაახელა და ეთოს გარდაცვალებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ წყვილმა იქორწინა.

გუჯა ცდილობდა, რომ ეთო არ ეხსენებინა ახალ მეუღლესთან, რადგან ფიქრობდა, რომ ეს გურანდას დათრგუნავდა... ამასობაში ხალვაშმა თავისი ბიზნესი არამც თუ ააღორძინა, არამედ გაზარდა გურანდას ჩიტის რძესაც კი არ აკლებდა. ქალს თითქმის ყველა ეგზოტიკური კურორტი ჰქონდა მოვლილი. არადა სულ რაღაც 6 თვის გათხოვილი იყო. გუჯა კი ხშირად ვერ უწევდა მეუღლეს მეგზურობას, რადგან ბიზნესში იყო ჩაფლული და თავის მოსაფხანი დროც არ რჩებოდა...

გურანდა იბიცაზე ორი დღის გამგზავრებული იყო და გუჯას პროკურატურაში მოუწია მისვლა დაკითხვაზე - საქმე იმაში იყო, რომ ევროპაში გაქცეული ჯუჯუ პეპელაური დააკავეს, საქართველოში გადმოგზავნეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ამიტომ მის მიერ გასროკილ ხალხს იბარებდნენ და მათ ჩვენებებს ართმევდნენ. ამ საქმის ერთ–ერთი გამომძიებელი ბონდო არზიანი იყო და გუჯა მასთან იყო დაბარებული. დაკითხვას რომ მორჩა და ხალვაში წასასვლელად მოემზადა, ბონდომ მას უთხრა:

- ბატონო გუჯა, ბოლოს რომ ვისაუბრეთ აღარ გითხარით, რადგან მეც არ ვარ ბოლომდე გარკვეული და დარწმუნებული ამაში, მაგრამ უნდა გითხრათ.

- ბრძანეთ, - მიუგო ხალვაშმა.

- მე მაფიქრებს თქვენი მეუღლის მიერ დაწერილი წერილის შინაარსიც და უფრო ფორმა - თქვა არზიანმა და დაამატა - უფრო სწორად იმ ფურცლის ფორმა, რომელზედაც ეს წერილი იყო დაწერილი.

- კონკრეტულად? - იკითხა გუჯამ.

- არ მომისმინეთ, თქვენი მეუღლის მიერ დაწერილი წერილის შინაარსი ასეთია - მშვიდობით საყვარელო, მე წავედი. სულ ოთხი სიტყვაა. პრინციპში, შინაარსობრივად შეიძლება დავუშვათ, რომ ეს იმ ადამიანმა დაწერა, ვინც თავის მოკვლა განიზრახა. თუმცა, კლასიკური თვითმკვლელის სტილში ეს არ ჯდება. როგორც წესი, სუიციდზე მიმავალნი საკმაოდ აგრესიული შინაარსის წერილებს ტოვებენ ხოლმე. აქ კი არანაირი აგრესია არ ჩანს. გარდა ამისა, მე უცნაურად მომეჩვენა, რომ ეს ფურცელი ორივე მხრიდან მოხეულია, გაკეცილი და მოხეული. ხვდებით, ბატონო გუჯა, რას ვამბობ? - ჰკითხა ხალვაშს არზიანმა.

გუჯა მხოლოდ ერთი საათის მერე წამოვიდა პროკურატურიდან, მაგრამ ოფისში არ წასულა, პოლიციის არქივში მივიდა და ეთერ ბადრიძის გარდაცვალების მოკვლევის საქმეს გაეცნო. ნახსენები ფურცელიც იხილა და მხოლოდ გვიან ღამით დაბრუნდა სახლში...

***

ორი კვირის შემდეგ გურანდა იბიცადან დაბრუნდა. აეროპორტში მას გუჯა დახვდა და სახლში წაიყვანა.

- მომენატრე, საყვარელო, მოდი განვმარტოვდეთ - უთხრა ქალმა გუჯას და მკერდით მიეკრა.

- მაგას მოვასწრებთ. მოდი ახლა შენ რომ მირჩიე, იმის პროექტის პანორამას განახებ. უკვე გამზადებული მაქვს და სადაც ის უნდა აშენდეს, იმ სივრცეს დაგანახვებ. - უთხრა გუჯამ ცოლს.

- მართლა, საყვარელო? ჩემს ლუნა „პარკზე“ ამბობ ხომ? - აღტაცებით თქვა გურანდამ და ქმარს მკერდით მიეკრა.

- კი. წავედით - მიუგო გუჯამ.

- მოდი საღამოს იყოს. ახლა ძრომიალის თავი არ მაქვს - თქვა გურანდამ.

- კარგი, ძვირფასო. მასე იყოს. მე მაშინ ოფისში წავალ. საქმეებს მოვრჩები და ათისთვის მოვალ. ღამით უფრო თვალწარმტაცად გამოჩნდება ჩვენი მომავალი „ლუნა-პარკის“ სივრცე. იქაურობა კარგადაა განათებული და შენი თვალით ნახავ, - უთხრა გუჯამ გურანდას და წავიდა.

ღამის 10 საათზე გუჯა სახლში დაბრუნდა და გურანდასთან ერთად ვარკეთილის მასივში გაემგზავრა. შემდეგ, ორივე ერთ–ერთი თექვსმეტსართულიანი კორპუსის სახურავზე ავიდნენ, შუაში მდგომმა ხალვაშმა ხელი გაიშვირა წინ და ცოლს უთხრა:

- აი, ეს განათებული სივრცე შენი პროექტის განსახორციელებლად იდეალური ადგილია.

- რა მაგარია, საყვარელო, - თქვა გურანდამ. გუჯას ხელი ჩაჰკიდა, სახურავის კიდისკენ წაყვანა დააპირა და დააყოლა - წამოდი, უფრო ახლოდან მინდა ვნახო.

გუჯამ უხეშად გააშვებინა ხელი გურანდას და ირონიით უთხრა:

- მეც მომიშორებ და მთელ ჩემს ქონებას დაეპატრონები ხომ, შე ჩათლახო.

გურანდა შეცბა, მაგრამ მყისვე შეუტია ქმარს:

- შენ რა, შეიშალე? რას მაბრალებ თუ იცი?

- ერთი ის მითხარი, ეთო რა საბაბით აიყვანე სახურავზე, რომ შემდეგ გადმოგეგდო? - მშვიდად თქვა გუჯამ და გურანდასკენ გაიწია.

ქალმა უკან დაიხია და გაბზარული ხმით მიუგო:

- გუჯა, გაგიჟდი?

- ალბათ, ჩემს უბედურ ეთოსაც უთხარი კალიგრაფიით შენი ფსიქოტიპის დადგენა და დაფარული თვისებები შეიძლება ამოვიცნოო და ისევე, როგორც მე, სასურველ ფრაზებს კარნახობდი. ბოლოს კი საჭირო ადგილი ამოხიე და შეინახე. მერე კი ჩვენი ბინის მაგიდაზე დატოვე, ვითომ ეთოს სასიკვდილო წერილი. - თქვა გუჯამ. კიდევ ერთი ნაბიჯით უკან დაახევინა ქალს და დააყოლა - ჩემი ნაწერიც შენ გაქვს. აბა, ერთი მითხარი, რომელი ფრაზა შეარჩიე, რომ ჩემს ბოლო წერილად გაასაღო?

- რას ამბობ, გუჯა? ამ სისულელეს ხომ დამტკიცება უნდა - თქვა ქალმა.

- მერე და ვინ გითხრა, რომ ჰაერზე გელაპარაკები? ყველა ფაქტი ხელთ მაქვს და წყალი არ გაუვა.

- რას ბოდავ. რა ფაქტები?

- პირველი ის, რომ შენ სოფელში არ ყოფილხარ და თბილისში იყავი. ამას, შენი ძველი ხაზეიკა ადასტურებს. გარდა ამისა, ვიდეოთვალის ჩანაწერები არსებობს და შენ ზუსტად იმ დროს გამოდიხარ კორპუსიდან, როდესაც შენს მიერ ჩამოგდებულ, მოკლულ ეთოს ხალხი ეხვევა.

- გამორიცხულია. რას ბოდავ. - მტკიცედ თქვა გურანდამ.

- ნუ გეშინია, ვიცი, რომ იმ კადრებზე გარეგნობაშეცვლილი ხარ. მაგრამ უახლესმა ტექნოლოგიებმა შენი იდენტიფიცირება მოახდინა.

- ვთქვათ მასეა, მაგრამ ეს ბრალდებად არ გამოდგება. ირიბი სამხილიც კი არაა - თქვა გურანდამ.

- უყურე შენ! რა გათვითცნობიერებული ყოფილა - ირონიით თქვა გუჯამ.

- ჰო. რაღაც–რაღაცები მეც ვიცი - განაცხადა ქალმა.

- და ყველაზე მთავარი. ჩვენ გვაქვს ტარიელ ხოხონაშვილის აღიარებითი ჩვენება. ის ახლა სროკზეა და ექვს თვეში უნდა გათავისუფლდეს. მთელი ეს კომბინაციები მისი მოფიქრებულია. შენ კი შეასრულე. გითხრა როგორ გავედით მასზე?

- როგორ?

- შენი სოფლელები მომიყვნენ თუ როგორ მიატოვებინე მას ცოლ–შვილი და ქალაქში წამოხვედით. აქედან გამომდინარე მისი პიროვნება დავადგინეთ და გავიგეთ, რომ ციხეში ზის წვრილმანი ქურდობისთვის? ის, ყოფილი მმართველი პარტიის აქტივისტი იყო, ოფისისგან ათასი ლარი მოიპარა და ჩააყუდეს.

- მერე რა, რომ აღიარებითი ჩვენება მოგცათ? ნაგვის ვირთხა რასაც წაიბოდიალებს, ყველაფერი დასაჯერებელია? - თქვა ქალმა.

- ყველაფერი არა. აი, ამას კი მოუსმინე. მაგ ვირთხას მთელი ეს დაგეგმვის პროცესი და შენი ანგარიში შესრულების თაობაზე, ფარულად ჩაუწერია მაგნიტოფონზე. ალბათ იმ შემთხვევისთვის, თუკი შენ მის გადაგდებას შეეცდებოდი - უთხრა გურანდას გუჯამ და დიქტოფონი ჩართო...

- გურანდამ ორივე ხელი აიფარა ყურებზე. შემდეგ საშინლად აკივლდა. შეტრიალდა. ორი ნაბიჯი გადადგა წინ და კორპუსის სახურავიდან გადაეშვა...

გუჯა ხალვაშმა გურანდას მიმართულებით გადააფურთხა. შემდეგ ხელები აღაპყრო ზეცისკენ და თქვა - ეთო საყვარელო, მაპატიე...

დასარული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი