რომანი და დეტექტივი

ცისვაზის საგუშაგოზე

№46

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 28.11, 2021 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

(იბეჭდება შემოკლებით)

ოთახში მაღალი, ჭაღარა, საზეიმო იერისა და კეთილსახიერი პიროვნება შემოვიდა. ყველაფერი – გეტრებიდან დაწყებული, ოქროსჩარჩოიან სათვალემდე – აშკარად ღაღადებდა, რომ ჩვენ წინაშე იდგა კონსერვატორი, ეკლესიის ერთგული შვილი, კარგი მოქალაქე, საღად მოაზროვნე და უაღრესად ზრდილი ადამიანი. იგი დაუყოვნებლივ გადავიდა საქმეზე:

– მისტერ ჰოლმს, – თქვა მან, – ასეთ შეუფერებელ, შეურაცხმყოფელ გარემოებაში არასდროს მოვხვედრივარ. იძულებული გავხდი, თქვენთვის მომემართა, რომ რჩევა მომცეთ. გაეცნობით ფაქტებს და უსათუოდ დამეთანხმებით, რომ ამას ასე ვერ დავტოვებდი. ცნობების მოსაგროვებლად დავრბოდი და თქვენთან მხოლოდ ამის შემდეგ გამოვცხადდი. სახლთა სააგენტოში გახლდით, სადაც მითხრეს, რომ მისტერ გარსია გადასახადებს კეთილსინდისიერად იხდის და, საერთოდ, ცისვაზის საგუშაგოში ყველაფერი რიგზეა.

– ყველაფერი აუცილებელი თანამიმდევრობით მიამბეთ. რა მოხდა ისეთი, რომ დასახმარებლად ასე დაუვარცხნელი, სახელდახელოდ შეკრული გეტრებითა და მოუწესრიგებელი მორთულობით გამოეშურეთ.

სანამ სტუმარი მოყოლას დაიწყებდა, დერეფანში ხმაური ატყდა და ოთახში ორი ჯანმაგარი კაცი შემოვიდა, ერთი მათგანი სკოტლენდიარდელი ინსპექტორი გრეგსონი აღმოჩნდა. ჰოლმსს მიესალმა, ხელი ჩამოართვა და წარუდგინა:

– პოლიციის ინსპექტორი ბეინსი, სურეის საგრაფოდან.

მერე თავისი ბულდოგისებური მზერა სტუმარს მიაპყრო.

– გამთენიიდან დაგეძებთ. ცისვაზის საგუშაგოში უბედურება მოხდა. წუხელ იქ ბატონი ალისიო გარსია მოკლეს. მოკლულის ჯიბეში აღმოჩნდა თქვენი წერილი, რომელიც იტყობინებოდა, რომ წუხელ მასთან მისვლას და ღამის იქ გათევას აპირებდით.

– ასედაც მოვიქეცი.

საქმეში ჰოლმსი ჩაერია.

– სწორედ, თქვენს შემოსვლამდე აპირებდა მისტერ ეკლისი ამ ამბის მოყოლას, – ჩაერია ჰოლმსი. სერ, ნუ შეგაშფოთებთ, გვიამბეთ ყველაფერი.

– უცოლო გახლავართ, – განაცხადა მან. სამი კვირის წინ სუფრასთან გავიცანი ახალგაზრდა კაცი, გვარად გარსია. ესპანელი იყო და სრულყოფილად ფლობდა ინგლისურ ენას. სიცოცხლეში არ მინახავს მასზე ლამაზი მამაკაცი. მალე დავმეგობრდით. თავისთან, ცისვაზის ქოხში დამპატიჟა. მითხრა, ჩემს ერთგულ მსახურთან, თანამემამულესთან ერთად ვცხოვრობ, რომელმაც მშვენივრად იცის ინგლისური ენა და ყოველგვარი ოჯახური საზრუნავისგან გამათავისუფლა. საკვირველი მულატი მზარეული მყავს, ჩემი მოგზაურობა-ხეტიალის დროს ნაპოვნი, შეუძლია სტუმრებს სულ რჩეული, ნუგბარი კერძები მიართვასო.

მეც ავდექი და გუშინ საღამოს ეშერისკენ გავეშურე. საგუშაგო ძველი, დახავსებული სახლი აღმოჩნდა, ისე მიშვებული, რომ უარესი წარმოუდგენელია. ეჭვმაც კი შემიპყრო: კარგად მოვიქეცი, როცა ვესტუმრე კაცს, რომელსაც თითქმის არ ვიცნობ-მეთქი? ჩემს დანახვაზე გულითადი სიხარული გამოხატა. შემდეგ მომიჩინა მოსამსახურე – კუშტი და შავგვრემანი ახმახი, რომელმაც ჩემს ჩემოდანს ხელი დაავლო და ჩემთვის განკუთვნილი საძინებლისკენ წამიძღვა. სახლში ყველაფერი დეპრესიულ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს სული მეხუთებოდა. სუფრასთან ორნი ვისხედით. მასპინძელი საუბრით ჩემს გართობას ცდილობდა, მაგრამ რაღაც უშლიდა, სხვა რამეზე აფიქრებდა, არეულად ლაპარაკობდა და აზრის გამოტანა მიჭირდა. ერთთავად ცქმუტავდა და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს რაღაცას ელოდა.

სადილობას რომ მოვრჩით, მსახურმა ბატონს ბარათი შემოუტანა. მისი წაკითხვის შემდეგ უარესად დაიბნა და უფრო უცნაური გახდა. სიგარას სიგარაზე აბოლებდა. თერთმეტი რომ შესრულდა, სიამოვნებით მივატოვე მასპინძელი, გავედი ჩემს საძინებელში და დავწექი. მოგვიანებით გარსიამ შემოიხედა და მკითხა, ზარი ხომ არ დაგირეკავსო. არა-მეთქი. ბოდიში მოიხადა, რომ ასე გვიან შემაწუხა. ამის შემდეგ ღრმა ძილმა წამიღო და დილამდე მეძინა.

როცა გამომეღვიძა და ავდექი, ცხრას ხუთი წუთი აკლდა. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა კაცის ჭაჭანება არ ჩანდა. სახლი ცარიელი იყო, თითქოს ყველა გაქრა – მასპინძელი, უცხოელი მსახური, უცხოელი მზარეული. ავიღე ჩემი ჩემოდანი, კარი გამოვიჯახუნე და ეშერს მივაშურე. მივაკითხე ქალაქის საადგილმამულო სააგენტოს მესვეურებს – ის ვილა მათ სააგენტოს ჰქონდა გაქირავებული. აგენტმა მითხრა, გადასახადი წინასწარაა შემოტანილიო. ესპანეთის საელჩოში გამოვცხადდი. იქ იმ კაცს არ იცნობენ. როგორც კი პასუხი მივიღე, აქეთ გამოვეშურე. თქვენ ხომ გაჭირვების ტალკვესი ხართ.

– თქვენ ახსენეთ ბარათი, რომელიც სადილობისას გარსიას გადასცეს. ხომ არ შეგინიშნავთ, რა ბედი ეწია ბარათს?

– გარსიამ ის დაჭმუჭნა და ცეცხლში ისროლა.

სოფლის მაძებარი მსხვილი და ჩასკვნილი კაცი იყო, მან ჯიბიდან ამოიღო დაჭმუჭნილი და გაუფერულებული ქაღალდის ნაგლეჯი, თან იღიმოდა.

– მისტერ ჰოლმს, იქ, ბუხარში ღუმლის ცხაურა მაღალზეა. ეტყობა, გარსიამ ბარათი ცეცხლს ააცდინა და მოშორებით ისროლა. უნდა გითხრათ, რომ არც კი შეტრუსულა.

ჰოლმსმა მოწონების ნიშნად გაიღიმა.

– წერილს ხომ არ წამაკითხებთ, მისტერ გრეგსონ?

ლონდონელმა თავი დააქნია.

წერილს ფურცლის მეოთხედი ეჭირა და ჩვეულებრივ, ყვითელ, პრიალა ქაღალდზე იყო დაწერილი. ფურცელი მოკლე, პატარა მაკრატლის ორი მოსმით წაეჭრათ და სამკუთხედად გაკეცილ-დაბეჭდილი გახლდათ. ბარათში ეწერა:

„ჩვენი ფერებია მწვანე და თეთრი. მწვანე – ღიაა, თეთრი – დახურული. სადარბაზო კიბე, მეორე სართული, პირველი დერეფანი, მეშვიდე მარჯვნივ, მწვანე მაუდი. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. დ.“

– ძალიან საინტერესო ბარათია. – თქვა ჰოლმსმა, როცა საგულდაგულოდ დაათვალიერა, – ქალის ხელითაა დაწერილი.

– გარსია, ამ დილით მკვდარი იპოვეს, – წამოიწყო გრეგსონმა, – ოქსშოტის მინდორი, ადგილი, სადაც გვამი ეგდო, მისი სახლიდან ერთი მილის მანძილითაა დაშორებული. მიცვალებულს თავი ჰქონდა გაჩეჩქვილი. სავარაუდოდ, ზურგიდან მიეპარნენ და ჩაარტყეს. მეტისმეტი გაშმაგებით დასხმიან თავს. არანაირი კვალი არ დაუტოვებიათ, ისეა მისწორებულ-მოსწორებული იქაურობა ახლომახლო. არც სხვა რამ სამხილი ჩანს. ჰო, არავითარი ნიშანი ძარცვისა.

– ინსპექტორო, ნება მომეცით, გკითხოთ, ხომ არ მოგეპოვებათ მონაცემები, რაც გარსიას სიკვდილის დროის დადგენაში დაგვეხმარება?

– ღამის პირველ საათზე გვამი უკვე იქ ეგდო. სწორედ ამ დროს გაწვიმდა. როგორც ჩანს, წვიმის დაწყებამდე მოკლეს.

– გამორიცხულია, მკვლელობა ამ დროს მომხდარიყო, მისტერ ბეინს, – წამოიყვირა ჩვენმა კლიენტმა, – გარსიას ხმას ყველა სხვა ხმისგან გამოვარჩევ. ფიცით შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ღამის პირველზე ჩემს საწოლ ოთახში სხვა არავინ შეიძლებოდა დამლაპარაკებოდა, თუ არა გარსია.

- აუცილებლად უნდა შევკრიბო დამატებითი ცნობები, სანამ საბოლოო დასკვნას გამოვიტანდე.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი