რომანი და დეტექტივი

ცისფერი დოქის საიდუმლო

№3

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 29.01, 2023 წელი

ცისფერი დოქის საიდუმლო
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

ჯეკ ჰარტინგტონმა დანანებით მოათვალიერა მინდორი. ბურთთან მდგომმა ფოსოს გახედა და თვალით გაზომა მანძილი. სახეზე ზიზღნარევი სიძულვილი აღბეჭვდოდა. ამოიოხრა, ყვანჭი აიღო, ორჯერ ბრაზიანად მოიქნია, რიგრიგობით მოსხიპა ბაბუაწვერა, ბალახის ბღუჯა და მხოლოდ ამის შემდეგ მოემზადა ბურთის დასარტყმელად. როდესაც ოცდაოთხი წლის ხარ და ცხოვრების ერთადერთი მიზანი გოლფის თამაშში დაოსტატებაა, არც ისე ადვილია დროის გამოძებნა იმაზე დასაფიქრებლად, თუ როგორ ირჩინო თავი. კვირაში ხუთ-ნახევარი დღე ჯეკი მოწითალო-ყავისფერ აკლდამაში იყო გამომწყვდეული, რომელსაც ქალაქი ერქვა. სამაგიეროდ, პერიოდს შაბათის მეორე ნახევრიდან და კვირა დღის ბოლომდე, უპირობოდ უთმობდა ცხოვრების უმთავრეს საქმეს. ოცნებით აღტყინებულმა ნომერიც კი აიღო პატარა სასტუმრო „სტორტონჰიტში“ – გოლფის სათამაშო მოედნის ახლოს. ყოველდღე დილის ექვს საათზე დგებოდა, რათა ერთი საათით წაევარჯიშა, სანამ ქალაქში გაემგზავრებოდა მატარებლით, რომელიც 8:46-ზე გადიოდა. ამ გეგმის ერთადერთი ნაკლი ის იყო, რომ დილის საათებში კარგი დარტყმა არ გამოსდიოდა. რომელი ყვანჭიც უნდა აეღო, სიზუსტე მაინც აკლდა. ბურთი მხიარულად მიგორავდა მიწაზე და ფოსოში მხოლოდ მეოთხე ცდაზე თუ ჩავარდებოდა. ჯეკმა ამოიხვნეშა, ყვანჭი მოიმარჯვა და გუნებაში ჯადოსნური სიტყვები გაიმეორა: „მარცხენა ხელი უკან ბოლომდე წაიღე და მაღლა არ აიხედო!“ ყვანჭი მოიქნია და გაშეშდა, რადგან ზაფხულის დილის სიჩუმეში გამკივანი ყვირილი გაისმა: – მკლავენ! მიშველეთ! მკლავენ! ქალის ხმა იყო, რომელიც უცნაური ბუყბუყით დასრულდა და მიწყდა. ჯეკმა ყვანჭი მიწაზე დააგდო და იქით გაიქცა. სადღაც ახლოს ყვიროდნენ. ეს მხარე უკაცრიელი იყო. აქა-იქ მხოლოდ რამდენიმე სახლი იდგა. შორიახლო პატარა კოხტა კოტეჯი იდგა, რომელმაც კარგა ხანია, მიიპყრო ჯეკის ყურადღება დახვეწილი, ძველმოდური სტილით. ახლაც იქით აიღო გეზი. წუთის შემდეგ ურდულით ჩაკეტილ პატარა კუტიკართან შეჩერდა. ბაღში ქალიშვილს მოჰკრა თვალი და დაასკვნა, რომ სწორედ ის ითხოვდა დახმარებას, თუმცა მაშინვე გადაიფიქრა. მას ხელში სარეველებით ნახევრად სავსე კალათა ეჭირა – როგორც ჩანს, იაჟუჟუნებით მოფენილ ადგილს მარგლავდა და წელში გაიმართა. ჯეკმა შეამჩნია, რომ ქალიშვილსაც იაჟუჟუნასავით თვალები ჰქონდა – ხავერდოვანი, რბილი, მუქი, უფრო იისფერი, ვიდრე ცისფერი. სელის გრძელ მეწამულ კაბაში თვითონაც დიდ ყვავილს ჰგავდა. ქალიშვილმა ჯეკს ოდნავ გაოცებული და გაღიზიანებული მზერა მიაპყრო.

– მაპატიეთ, – უთხრა ახალგაზრდა კაცმა, – თქვენ ყვიროდით ცოტა ხნის წინათ?

– მე? არა.

განცვიფრება ისეთი გულწრფელი იყო, რომ ჯეკი შეცბუნდა. ქალიშვილი რბილი, სასიამოვნო ხმით ლაპარაკობდა, თუმცა მასში მსუბუქი აქცენტი იგრძნობოდა.

– მაგრამ, ალბათ, გაიგონეთ! – შესძახა ჯეკმა, – ის ამ მხრიდან გაისმა.

ქალიშვილი მას მიაჩერდა. – მე არაფერი გამიგონია.

ჯეკი, თავის მხრივ, ქალიშვილს მიაშტერდა. წარმოუდგენელი იყო, რომ ეს განწირული ხმა არ გაეგონა, რომელიც შველას ითხოვდა.

– ეს სადღაც აქვე იყო, – დაჟინებით გაიმეორა ჯეკმა.

– მერედა, რას ამბობდნენ? – ჰკითხა ქალიშვილმა.

– მკლავენ! მიშველეთ! მკლავენ!

– მესიე, ალბათ, ვინმე გაგეხუმრათ. აბა, აქ ვინ უნდა მოეკლათ?

ჯეკმა მიიხედ-მოიხედა. გულის სიღრმეში იმედი ჰქონდა, რომ ბაღის ბილიკზე გვამს იპოვიდა. ჯერაც დარწმუნებული იყო, რომ კი არ მოეჩვენა, მართლა გაიგონა ყვირილი. კოტეჯის ფანჯრებს შეხედა. იქაც სიწყნარე და სიჩუმე იდგა.

– ჩვენი სახლის გაჩხრეკა ხომ არ გინდათ? – ცივად ჰკითხა ქალიშვილმა. ისეთი სკეპტიკური კილო ჰქონდა, ჯეკი უფრო შეცბუნდა.

– მომიტევეთ, ალბათ, ტყიდან მომესმა, – თქვა მან, კეპი ოდნავ ასწია და იქაურობას გაეცალა. როდესაც უკან მიიხედა, დაინახა, რომ ქალიშვილმა მშვიდად განაგრძო მარგვლა. ჯეკი ერთხანს ტყეში დადიოდა, თუმცა საეჭვო ვერაფერი ნახა. მიუხედავად ამისა, სავსებით დარწმუნებული იყო, რომ ყვირილი გაიგონა. ბოლოს ძებნა შეწყვიტა და შინ წავიდა, რათა სასწრაფოდ ესაუზმა და 8:46 წუთზე მატარებლისთვის მიესწრო. მატარებელში სინდისი ქენჯნიდა – იქნებ პოლიციისთვის უნდა შეეტყობინებინა? ეს მხოლოდ ქალიშვილის ქცევის გამო არ გააკეთა, რომელმაც ყველაფერი მის წარმოსახვას დააბრალა. შესაძლოა პოლიციასაც მსგავსი რამ განეცხადებინა. იყო კი თვითონ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ყვირილი მოესმა? ახლა, როცა პირველი შთაბეჭდილების გახსენებას ცდილობდა, ჯეკის თავდაჯერებას ბზარი შეეპარა. იქნებ რომელიმე ჩიტმა დაიყვირა, მან კი ქალის ხმას მიამსგავსა? გაგულისებულმა ეს ვარაუდი სწრაფადვე უარყო. არა, სწორედ ქალის ხმა გაიგონა. გაახსენდა, რომ ამ მომენტის დადგომამდე საათს დახედა. ყვირილი რვის ოცდახუთ წუთზე გაისმა. პოლიციელებისთვის ეს ფაქტი მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუკი... თუკი რამეს აღმოაჩენდნენ. საღამოს შინ მისულმა, პირველ ყოვლისა, გაზეთები გადაათვალიერა იმ იმედით, რომ მომხდარ დანაშაულზე შეტყობინებას წააწყდებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი ეწერა და ვერც მიხვდა, შვება ეგრძნო თუ იმედგაცრუება. მეორე დილას წვიმდა, ისე წვიმდა, რომ გოლფის ყველაზე თავგადაკლულ მოთამაშესაც კი გაუნელებდა მოედანზე გასვლის სურვილს. ჯეკი ბოლო მომენტში ადგა, სწრაფად ისაუზმა და სადგურისკენ გაიქცა. მატარებელში მოუთმენლად გადაათვალიერა გაზეთები. დანაშაულზე არც ამჯერად ეწერა რამე ისევე, როგორც საღამოს გაზეთებში. „უცნაურია, – გაიფიქრა ჯეკმა, – მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევი. შესაძლოა ბავშვები ერთობოდნენ ტყეში“. მომდევნო დილას სახლიდან ადრე გავიდა. როდესაც კოტეჯს ჩაუარა, თვალი მოჰკრა, რომ ქალიშვილი კვლავ მარგლავდა ბაღში.

ჯეკს ისეთი ჩინებული დარტყმა გამოუვიდა, რომ, მისი აზრით, ქალიშვილს აუცილებლად უნდა შეემჩნია. ჯეკმა ბურთი მორიგი დარტყმისთვის გაამზადა და საათს დახედა. „ზუსტად რვის ოცდახუთი წუთია, – ჩაილაპარაკა მან, – საინტერესოა...“ სიტყვები პირზე შეაშრა. უკნიდან იგივე ყვირილი მოესმა, რომელმაც ისევე შეაშინა, როგორც პირველ ჯერზე. ვიღაც სასოწარკვეთილი იძახდა: - მკლავენ! მიშველეთ! მკლავენ! ჯეკი შეტრიალდა და იქით გაიქცა. ნაცნობ კუტიკართან იაჟუჟუნასთვალებიანი ქალიშვილი იდგა. შეშინებული ჩანდა. ჯეკმა მასთან მიირბინა და საზეიმო ხმით შესძახა: – ახლა ხომ ხართ ბრალდების მოწმე... ქალიშვილს თვალები გაჰფართოებოდა. როცა ჯეკი მიუახლოვდა, მან ნაბიჯი უკან გადადგა და სახლისკენაც კი მიიხედა, თითქოს თავის შესაფარებლად იქით გაქცევას აპირებდა, შემდეგ თავი გადააქნია და ახალგაზრდა კაცს თვალი გაუსწორა.

– მე არაფერი გამიგონია, – თქვა გაოცებით.

– არაფერი? - ჯეკმა ეს სილის გაწვნასავით აღიქვა. ქალიშვილის გულწრფელობაში ეჭვი არ ეპარებოდა. მიუხედავად ამისა, ვერ წარმოედგინა... ვერაფრით წარმოედგინა. ყურში მისი ნაზი, თითქმის თანამგრძნობი ხმა ჩაესმა:

– თქვენ კონტუზია მიიღეთ, არა?

ჯეკი მყისვე მიხვდა, რას ნიშნავდა ქალიშვილის შეშინებული მზერა და სახლისკენ გახედვა. ალბათ, ფიქრობდა, რომ ჰალუცინაციებით იტანჯებოდა... უეცრად თავი ისე იგრძნო, თითქოს ცივი წყალი გადაასხეს – იქნებ ქალიშვილი მართალი იყო? იქნებ მართლა ჰალუცინაციები ჰქონდა? შეძრწუნებული შეტრიალდა და იქაურობას პასუხგაუცემლად გაეცალა. ქალიშვილმა თვალი გააყოლა, ამოიოხრა, თავი გადააქნია, კვლავ დაიხარა და შეწყვეტილი საქმე განაგრძო. ჯეკი ფიქრებში წავიდა. „ბოლოს და ბოლოს, თუ კვლავ გავიგონებ იმ წყეულ ხმას რვის ოცდახუთ წუთზე, – გაივლო გულში, – გამოდის, მართლა ჰალუცინაციები მქონია. თუმცა იმედია, ვერაფერს გავიგონებ“. მთელი დღე ნერვიულობაში გაატარა. დასაძინებლად ადრე დაწვა. მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მომდევნო დილას ყველაფერს შეამოწმებდა, თუმცა დიდხანს ვერ დაიძინა, რის გამოც გვიან გაეღვიძა. სასტუმროდან რვის ოც წუთზე გამოვიდა და სწრაფად გაემართა გოლფის მოედნისკენ. ხვდებოდა, რომ ვერ მიასწრებდა იმ ავბედით ადგილზე მისვლას რვის ოცდახუთ წუთამდე, მაგრამ თუ ხმა ჰალუცინაცია იყო, შესაძლოა, ყველგან გაეგონა. სირბილით გაუყვა გზას, თან საათს დაჰყურებდა: რვის ოცდახუთი წუთი. შორიდან ქალის ხმის ექო წამოვიდა. სიტყვები ვერ გაარჩია, თუმცა, როგორც ჩანს, შველას ითხოვდნენ. იმაში კი ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იგივე ხმა იყო, რომელიც წინა ორ ჯერზე, თანაც იმავე ადგილიდან – კოტეჯის ახლოს. უცნაურია, მაგრამ იმან, რაც გაიგონა, კიდეც დაამშვიდა. ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა ვიღაც აპამპულავებდა. იქნებ თავად ქალიშვილი? თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოდ ეჩვენებოდა. მხრებში გაიმართა და გოლფის ჩანთიდან ყვანჭი ამოიღო. კოტეჯამდე რამდენიმე ფოსო აშორებდა. ქალიშვილი, ჩვეულებისამებრ, ბაღში იდგა. ამჯერად, როცა ჯეკმა კეპი ოდნავ ასწია და მიესალმა, მან დილა მშვიდობისაო, თქვა და თითქოს დაირცხვინა. ჯეკის აზრით, დღეს ქალიშვილი განსაკუთრებით მიმზიდველი იყო.

– ჩინებული დღეა, არა? – მხიარულად უთხრა ჯეკმა, გულში კი საკუთარი თავი გაკიცხა, რომ ასეთ ბანალურობას ამბობდა.

– დიახ, მართლაც შესანიშნავი დღეა, – მკვირცხლად მიუგო ქალიშვილმა.

– ბაღისთვისაც კარგი უნდა იყოს.

ქალიშვილს ოდნავ გაეღიმა და ლოყებზე მომხიბლავი ფოსოები გაუჩნდა.

– სამწუხაროდ, არა! ჩემს ყვავილებს წვიმა სჭირდებათ. შეხედეთ, როგორ ჩამოხმა ყველა. მან ჟესტით მოუხმო თავისთან ახალგაზრდა კაცს. ჯეკმა მიწვევა მიიღო და მიუახლოვდა დაბალ ღობეს, რომელიც ბაღს გოლფის მოედნისგან ყოფდა და ყვავილებს მოავლო თვალი.

– მგონი, ყველა მშვენიერია, – ჩაილაპარაკა და თავი უხერხულად იგრძნო, რადგან მოეჩვენა, რომ ქალიშვილმა სიბრალულით შეხედა.

– მზე აცხუნებს, – თქვა ქალიშვილმა, – ყვავილებს მუდმივად სჭირდებათ მორწყვა. თქვენზე კი მზე, როგორც ჩანს, კეთილ გავლენას ახდენს – დღეს, მესიე, გაცილებით უკეთ გამოიყურებით.

თარგმნა ნინო წულუკიძემ

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი