რომანი და დეტექტივი

თაღლითი დიასახლისი

№29

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 01.08, 2021 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • ჟორჟ სიმენონი

(იბეჭდება შემოკლებით)

ყველა თავის ადგილზე იყო, როგორც იმ საღამოს. მაშინაც წვიმდა. ბორშენის ოთახი პირველი სართულის დერეფნის ბოლოს მდებარეობდა, დერეფანში კიდევ სამი კარი გამოდიოდა: ერთი – სამზარეულოში, მეორე – სარდაფში ჩამავალი კიბის, მესამე კი საპირფარეშოსი.

მეგრემ ამოიოხრა და დაღლილმა ხელი შუბლზე გადაისვა. აი, უკვე სამი დღეა, რაც დუქნიდან არ გამოსულა. ამ სახლის სუნი გულს ურევდა. მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, მკვლელობას იძიებდა.

თოთხმეტ იანვარს, დაახლოებით შუაღამით, როცა დუქნის სტუმრებს შორის კარტის თამაში ვერ აეწყო, ფრედმა ჰაერი ხმაურით შეისუნთქა და სამზარეულოში ჟიულის გასძახა:

– ღუმელში ხომ არაფერი იწვის?

შემდეგ ადგა და დერეფანში გავიდა.

– ეშმაკმა წაიღოს, აქ ნამწვის სუნი დგას!

ფრედს გრუ და ტერეზა მიჰყვნენ. სუნი ერთ-ერთი მდგმურის ოთახიდან გამოდიოდა. ფრედერიკმა დააკაკუნა, შემდეგ კარი გააღო. გასაღები არსად ჩანდა.

ოთახში ლეიბი იწვოდა და შალის მომწამლავ სუნს აფრქვევდა. ლეიბზე ხალათსა და ტრუსში გამოწყობილი ბორშენი იწვა, რომელსაც თავის ქალა ჰქონდა გატეხილი.

დუქნიდან პოლიციაში დარეკეს. მეგრე ღამის პირველ საათზე მომხდარი ამბის შესახებ გააფრთხილეს.

ბორშენის საფულე დაიკარგა. ოთახში ფანჯარა დაკეტილი იყო. გარედან ოთახში ვერავინ შეაღწევდა, რადგან კართან ჯაჭვზე ავი ნაგაზი იყო დაბმული.

ყველას დაპატიმრება შეუძლებელი იყო, თუმცა, ეჭვი ყველაზე მიიტანეს.

მეგრემ დუქნის დიასახლისს, ადრე შავბნელ საქმეებში გაწაფულ და გამოსწორებულ ჟიულის ეჭვით შეხედა და ჭრაჭუნა კიბეზე მძიმედ დაეშვა. ეზოში ჯაჭვზე დაბმული ძაღლის ხმა ისმოდა.

როცა სარდაფის კარი გააღეს, ნახშირის გროვაზე მკვლელობის იარაღი – ნახშირის სამტვრევი მძიმე ჩაქუჩი დაინახეს.

არანაირი თითების ანაბეჭდი, ეტყობა, მკვლელმა ჩაქუჩი ნაჭრით აიღო. ყველგან თითების უამრავი ანაბეჭდი იყო. ისინი თოთხმეტ რიცხვში დუქანში მყოფ ადამიანებს ეკუთვნოდათ.

საბრალო ბორშენი თავისი სოფლიდან მამულის შესაძენად ჩამოვიდა. ის მთელი სიცოცხლე მოიჯარე იყო და მამულის მფლობელობაზე ოცნებობდა. მას ცოლი და სამი ქალიშვილი ჰყავდა. ერთ-ერთ მაგიდასთან ვახშმობისას კანიუს ესაუბრებოდა, რომელსაც მასავით ფერმის შეძენა სურდა. ამ უკანასკნელს თავისი ცოლის სურათი უჩვენა.

შემდეგ ლაზათიანად დანაყრებული და სმისგან დამძიმებული დასაძინებლად წავიდა. საფულე, ალბათ, ბალიშის ქვეშ შეინახა.

დარბაზში ხუთი კაცი დარჩა. როგორც ყოველ საღამოს, ჩვეულებისამებრ, ღვინოს მიირთმევდნენ და კარტს თამაშობდნენ: ფრედი, გრუ, მოხუცი ნიკოლა, რომელიც გადამეტებული სმისგან გალურჯებულიყო და მებაჟე ჟანტი.

ერთ-ერთმა მათგანმა დრო შეარჩია, დერეფანში გავიდა, სარდაფის კარი გააღო, ჩაქუჩი აიღო და ბორშენთან შევიდა.

არავის არაფერი გაუგონია და არც არაფერი შეუნიშნავთ, რადგან მკვლელი დიდხანს არ დაყოვნებულა.

მიზანი ყველას ჰქონდა! მიზეზი გრუს უფრო სერიოზული ჰქონდა, იგი გაკოტრების პირას იყო მისული: მეორე დღეს მისი ფერმა უნდა გაეყიდათ და მშობლიური სახლ-კარის დატოვებით მთელ ქონებას კარგავდა.

იგი სახლს კარგად იცნობდა, ასევე, იცოდა, სარდაფში ნახშირის სამტვრევი ჩაქუჩი რომ იყო.

ნიკოლა? მართალია მოხუცი ლოთია, მაგრამ სწორედ, ნიკოლა მოდიოდა ყოველ კვირას ხის დასაჭრელად და ნახშირის სამტვრევად. ათ საათზე მთვრალი მოხუცი ტუალეტში წავიდა.

მეგრეს ჩიბუხი კვლავ პირში ეჭირა.

კომისრის ფიქრების მსვლელობას ფრედი ყურადღებით ადევნებდა თვალს. მეგრეს მოეჩვენა, რომ იგი უფრო გაფითრდა.

მეგრე ფრედს მოჭუტული თვალებით უყურებდა. ნუთუ მან საბოლოო წარმატებას მიაღწია? აი, უკვე ორ დღეზე მეტია, რაც ისინი მუდმივ დაძაბულობაში ჰყავს, აიძულებდა მათ, რომ ათჯერ ერთი და იგივე ჟესტი და სიტყვები ემეორებინათ, იმ იმედით, რომ რომელიმე დავიწყებული დეტალი ამოტივტივებულიყო, მთავარი იყო, მკვლელი კედელთან მიემწყვდიათ.

იმ საშინელ ღამეს ყველანი გაჩხრიკეს და ერთიმეორის მიყოლებით გაატიტვლეს. სარდაფში ნახშირი გადაქექეს, ღვინის კასრებსა და კედლებზე აკაკუნეს, მაგრამ სქელი საფულე, რომელშიც ასი ათას ფრანკზე მეტი იყო ვერსად ნახეს.

ზოგჯერ ჭეშმარიტება უცნაურ გზას ირჩევს, რათა დღის სინათლეზე გამოვიდეს! მეგრე ფიქრობდა, რომ მან ყველაფერი გაითვალისწინა – ღუმლის მარჯვნივ ნაგვისთვის განკუთვნილი მოთუთიებული დიდი ვედრო იდგა. ფრედმა ნაგვის გროვა შუა სამზარეულოში იატაკზე დაყარა და ვედროს ფსკერი ააძრო. მას მეორე ფსკერი აღმოაჩნდა. მან პირველმა ჩაიხედა სამალავში და გაოცებისგან წარბები აზიდა. შემდეგ პირდაღებულმა თავი ნელა შეატრიალა.

სხვადასხვა საგანს შორის რუხი ფერის დაკარგული საფულე იდო, რომელსაც ველოსიპედის კამერისგან გამოჭრილი წითელი რეზინი ჰქონდა გადაჭერილი.

ამ მომენტში მეგრეს მოეჩვენა, რომ დუქნის მედიდურ დიასახლისში მან ადრინდელი ჟიული შეიცნო, ყველაფერზე წამსვლელი ქურდი და თაღლითი, თუმცა მკვლელობა აქამდე არ ჩაუდენია. ქალს ტუჩები სიძულვილით აუკანკალდა, თითქოს ქვითინს იწყებსო და უხალისოდ თქვა:

– გამოდის, რომ ჩავვარდი...

– ახლავე წამიყვანთ? შემიძლია, ჩემი ნივთები ავიღო?

მეგრემ ჩემოდნის აღების ნება დართო, იგი ნაღვლიანად გამოიყურებოდა, რაც ხანგრძლივი ნერვიული დაძაბულობის შემდგომი რეაქცია იყო.

ჟიული მხოლოდ მანქანაში დამშვიდდა. მეგრე ფანჯრებზე დაცემულ წვიმის წვეთებს ყურადღებით აკვირდებოდა და ფიქრობდა. საინტერესოა, რას აკეთებენ ახლა დუქანში მყოფნი?

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი