რომანი და დეტექტივი

სიცოცხლის კოდი

ავტორი: ნიკა ლაშაური 15:19 17.11, 2020 წელი

სიცოცხლის კოდი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #45 (1036)


– გამარჯობა, ბატონო პროფესორო. მე დანიელ ბრეიდი გახლავართ, შეერთებული შტატების საელჩოდან, – მოესმა ლომიძეს.
– სასიამოვნოა, მისტერ ბრეიდ, – ინგლისურად უპასუხა ლომიძემ. თუმცა ამერიკელი მას ქართულად ელაპარაკებოდა.
– ბატონო პროფესორო – ქართულადვე განაგრძო ამერიკელმა, – თქვენთან კონფიდენციალური საქმე მაქვს. შეიძლება, გეწვიოთ?
– მობრძანდით, ბატონო ბრეიდ, – ამჯერად უკვე მშობლიურ ენაზე გადავიდა ლომიძე.
– როდის გეცლებათ? – იკითხა ამერიკელმა.
– როდესაც გნებავთ, – მიუგო პროფესორმა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ბრეიდს მასთან გასინჯვა უნდოდა.
– ერთ საათში რომ მოვიდე თქვენს მამულში? – ჰკითხა ბრეიდმა, რაზეც ლომიძემ უპასუხა:
– დიახ. მობრძანდით. გელოდებით.
– შეხვედრამდე, – თქვა ამერიკელმა და ტელეფონი გათიშა.
ზუსტად ერთი საათის შემდეგ ამერიკელი სტუმარი პროფესორ ვახტანგ ლომიძის პირისპირ იჯდა, მისსავე კაბინეტში. ბრეიდი არ გაუჩხრიკავთ, რადგან ამის შესახებ პროფესორმა წინასწარ გააფრთხილა დაცვა. ამერიკელს არც ლომიძის პირადი მცველები ხლებიან თან და ბრეიდმა მარტომ შეაბიჯა პროფესორის კაბინეტში. ლომიძემ ხელი ჩამოართვა სტუმარს. სავარძელზე მიუთითა, დაბრძანდიო და თვითონაც მის მოპირდაპირედ, დივანზე ჩამოჯდა.
– გისმენთ, მისტერ ბრეიდ, რამ შეგაწუხათ?
– ბატონო ვახტანგ, აშკარად გეტყობათ, რომ გამოუძინებელი ბრძანდებით და ალბათ, საგონებელში ხართ და ეს ბოლო ორი დღე-ღამე ინტენსიურ ფიქრში გაატარეთ. არ გამოვრიცხავ, რომ ჩაძინებული ჩემმა სატელეფონო ზარმა გაგაღვიძათ, – თქვა ამერიკელმა.
– დიახ, მასეა. თქვენ საიდან იცით? – იკითხა პროფესორმა.
– მე ბევრი რამ ვიცი, ბატონო ვახტანგ და ამაში თავადვე დარწმუნდებით. აქ კი იმიტომ მოვედი, რომ თქვენს უსაფრთხოებაზე ვიზრუნო, – თქვა ბრეიდმა და პაუზა გააკეთა.
პროფესორმა პაუზით ისარგებლა და სტუმარს ჰკითხა:
– მაინც, რა ხდება, მისტერ ბრეიდ?
– მიმდინარეობს დასწრებაზე თამაში, ბატონო ვახტანგ და ჯერჯერობით ჩვენ დავასწარით. თუ დამიჯერებთ, გავიმარჯვებთ. თუ არა და, მაშინ, შეიძლება, დავმარცხდეთ კიდეც, – მიუგო ამერიკელმა.
– უფრო კონკრეტულად, ბატონო ბრეიდ, – თქვა პროფესორმა.
– ყურადღებით მომისმინეთ და ყველაფერს მიხვდებით, – თქვა სტუმარმა და დააყოლა, – გუშინწინ რომ თქვენთან ვინმე ბონდო კაკაჩია იყო და გითხრათ, ჯამბულ გოლეთიანმა თქვენს მოსაკლავად გამომგზავნაო, სწორედ ის კაკაჩია და გოლეთიანი არიან მოკლულები. მათ თავში ორ-ორი ტყვია აქვთ მოხვედრილი და ამ მკვლელობების შემკვეთად თქვენ დაგასახელებენ, თუ, რა თქმა უნდა, გარკვეულ პირობაზე არ დაჰყვებით.
– სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს, დავიბენი, – ხელები გაშალა პროფესორმა და დაამატა, – საიდან იცით კაკაჩია-გოლეთიანზე და, ვის რა სურს ჩემგან?
– ბოდიშს გიხდით, ბატონო ვახტანგ, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჯერ კიდევ თქვენი ისრაელში ყოფნის დროს აგიყვანეთ კონტროლზე და მას მერე ყურადღების ცენტრში ბრძანდებით. თქვენი დაცვა ჩვენი მოვალეობაა, პროფესორო და ნუ გვიწყენთ. იძულებული გავხდით, ფარული მოსმენა და თვალთვალი დაგვეწესებინა. სხვაგვარად ვერაფერს შევიტყობდით და ვერც დაგეხმარებოდით. თუმცა, საბოლოო სიტყვა თქვენზეა და თქვენ უნდა იყოთ თანახმა ჩვენს დახმარებაზე, – თქვა ბრეიდმა.
– „ეფბეერიდან“ ხართ? – იკითხა პროფესორმა. ბრეიდმა კი თავი გააქნია და მიუგო:
– არა, ბატონო ვახტანგ.
– „ცეერუდან“? – იკითხა ლომიძემ.
ბრეიდმა კვლავ თავი გააქნია და უთხრა:
– ვერც ამჯერად გამოიცანით, ბატონო ვახტანგ. მე ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს წარმოვადგენ და ესაა ყველაზე საიდუმლო სტრუქტურა შეერთებული შტატების მთავრობაში.
– დიახ. მსმენია, ბატონო ბრეიდ, – თავი დააქნია პროფესორმა და დაამატა, – თქვენს უწყებას დაზვერვის დაზვერვასაც კი უწოდებენ.
– მართალს ბრძანებთ, პროფესორო, – ღიმილით თქვა ბრეიდმა.
– განაგრძეთ, ბატონო ბრეიდ, გისმენთ. ყველაფერი თანმიმდევრულად მომიყევით. როგორც ჩანს, ძალიან სერიოზულადაა საქმე და დიდ შარში გავეხვიე, – თქვა ლომიძემ.
– გაეხვევით, თუკი ჩვენს დახმარებაზე უარს იტყვით, – შეუსწორა ბრეიდმა.
– დიახ. განაგრძეთ, – ჩაეცინა პროფესორს.
– როგორც უკვე მოგახსენეთ, ბატონო პროფესორო, თქვენი ისრაელში მოღვაწეობის დროს მივხვდით, თუ რა უდიდესი აღმოჩენის წინაშე იყავით და უხეშად რომ ვთქვათ, მაშინვე „ჩაგავლეთ“. ამას მიხვდა ადგილობრივი სპეცსამსახურიც, მაგრამ მათ ჩვენ თქვენი თავი არ დავანებეთ. სიმართლე გითხრათ, ჩვენ არ მოველოდით, რომ ასე მალე მიაღწევდით პოპულარობას და სახელსაც გაითქვამდით. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო ქმედით ზომებს მივიღებდით თქვენს დასაცავად. უნდა ვაღიარო, რომ ერთხანს სადავეები ხელიდან გაგვექცა. ამით კი რუსებმა ისარგებლეს და აი, შედეგიც. თქვენმა კოლეგებმა თქვენი მკვლელობა შეუკვეთეს. რაც კაკაჩიამ გითხრათ, სიმართლეა. მაგრამ ამ პროცესის „პერეხვატი“ გააკეთეს რუსებმა და ყველაზე დიდი საფრთხეც, სწორედ, აქ შეიქმნა. ჩვენი უწყებაც ამის მერე ჩაერთო საქმეში და ამიტომ ვარ ახლა მე აქ, – თქვა ბრეიდმა და გაჩუმდა. შემდეგ კი განაგრძო, – რუსებმა ჯამბულ გოლეთიანისგან შეიტყვეს, რომ თქვენი ლიკვიდაცია მზადდებოდა. გოლეთიანი ძველი „კაგებეშნიკი“ იყო და შხამიც თავის ძველ კოლეგას შეუკვეთა ხუთი ათას დოლარად. სულ კი თქვენს ლიკვიდაციაში თქვენი კოლეგები ორმოცდაათი ათას დოლარს იხდიან და ნახევარი უკვე გადახდილი აქვთ. გოლეთიანის კოლეგამ ეს ამბავი თავის უფროსებს აცნობა და სწორედ, მაშინ მიხვდნენ რუსები, თუ რა დიდი პერსპექტივა ეშლებოდათ თვალწინ თქვენი სახით. ანუ, თუკი თქვენ დათანხმდებოდით მათ თანამშრომლობაზე, მაშინ ისინი თქვენი მეშვეობით ძალიან დიდ ფულს იშოვიდნენ. ამიტომ, თქვენთან მოსასვლელი და დასაშანტაჟებელი რომ ჰქონდეთ, გოლეთიანი და კაკაჩია დახოცეს. თქვენი დაცვის ერთ-ერთი წევრი, პეტრე კიკაბიძე კი იტყვის, რომ მას მკვლელობები თქვენ შეუკვეთეთ და ამ ბრალდებით შეგაშინებენ და შეეცდებიან დაგითანხმონ თანამშრომლობაზე. ხვდებით, რაშია საქმე?
– თუ სწორად მივხვდი, გოლეთიანი და კაკაჩია პეტრე კიკაბიძეს მოაკვლევინეს და შეაშინეს, რომ თუკი მე არ დამადებდა ხელს, მაშინ მას ციხეში ამოალპობდნენ საქართველოში. ასეა? – თქვა პროფესორმა.
– დიახ, – დაეთანხმა ბრეიდი.
– ჰო, მაგრამ პეტრემ რომ ხელი დამადოს, მაშინ, მას მაინც დაიჭერენ, რადგან მკვლელი ხომ ისაა? – იკითხა ლომიძემ. ბრეიდმა კი მიუგო:
– მასეა, მაგრამ რუსები შეჰპირდნენ, რომ უშველიდნენ და ციხიდან გაიტაცებდნენ.
– უცნაურია, – მხრები აიჩეჩა ლომიძემ და დაამატა, – როგორ დაითანხმეს პეტრე ორი ადამიანის მკვლელობაზე?
– როგორ და, რუსებმა იცოდნენ, რომ პეტრე კიკაბიძეს კაცი ჰყავდა მოკლული შეკვეთით და ამით შეაშინეს, – თქვა ბრეიდმა.
– როგორ, პეტრე ქილერია? – იკითხა პროფესორმა.
– ყოველ შემთხვევაში, მას ერთი ჩეჩენი ნარკომოვაჭრის ძმა ჰყავს მოკლული თბილისში ამ სამი წლის წინ და ამით დააბეს რუსებმა, – თქვა ბრეიდმა.
– თუ სწორად მივხვდი, კაკაჩიასა და გოლეთიანის ცხედრები ჯერ არაა აღმოჩენილი და რუსები მთელ ამ კომბინაციას მხოლოდ მას მერე აამოქმედებენ, თუკი მე მათ თანამშრომლობაზე ვეტყვი უარს. ესე იგი, უახლოეს ხანში ჩემთან რუსი ვიზიტორი უნდა მოვიდეს და თქვენ მათ დაასწარით და სწორედ, ესაა დასწრებაზე თამაში? – თქვა ლომიძემ.
– დიახ, ბატონო პროფესორო. ყველაფერი სწორედ მასეა და ამიტომ ვარ მე ახლა აქ, – თქვა ბრეიდმა და დაამატა, – რას იტყვით, თანახმა ხართ, რომ ჩვენი პატრონაჟის ქვეშ იმუშავოთ და შეერთებულ შტატებში წამობრძანდეთ?
– სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. თქვენ ისეთი სურათი დამიხატეთ, რომ ჩემი აქ გაჩერება არ შეიძლება, – თქვა ლომიძემ.
– ჰო და, ძალიან კარგი, ბატონო ვახტანგ. დრო არ ითმენს და ახლავე უნდა წავიდეთ აქედან, – თქვა ბრეიდმა.
– ახლავე? – თქვა ლომიძემ და დააყოლა, – კი, მაგრამ, ამ ყველაფერს რა ბედი ეწევა? ჩემი კლინიკა, ლაბორატორია, ავადმყოფები – ბოლოს და ბოლოს?
– ყველაფერს ეშველება და მოევლება, პროფესორო. ახლა კი საპირველრიგო საქმეა თქვენი აქედან გარიდება და ეს მისია მე მაკისრია. და, რადგან დამთანხმდით, მაშინ ჩემი დაჯერება მოგიწევთ. ამიტომ, მაქსიმუმ, ნახევარ საათში აქედან უნდა გავაღწიოთ და რაც ყველაზე აუცილებელი საბუთი და ჩანაწერი გაქვთ, მხოლოდ ის წამოიღეთ, – უთხრა ბრეიდმა პროფესორს და ნახევარი საათის შემდეგ ვახტანგ ლომიძემ თავისი „ჯიპით“ საკუთარი მამული დატოვა და ბრეიდთან ერთად, ყოველგვარი დაცვის გარეშე გაშორდა იქაურობას...
***
პროფესორის „ჯიპს“ ბრეიდი მართავდა. ვახტანგ ლომიძე კი უკანა სავარძელზე იყო მოკალათებული და ხელში ტიტანის კეისი ჰქონდა ჩაბღუჯული. ეს მსუბუქი ჩემოდანი სეიფივით გამძლე იყო და მას სპეციალური კოდის გარეშე ვერავინ გახსნიდა. პროფესორს მასში ჩანაწერები ჰქონდა შენახული, რომელიც ლომიძის უკანასკნელ ცდებს ასახავდა ფარმაცევტული ონკოლოგიის სფეროში. ამერიკელმა სიჩქარე გამოცვალა და ავტომობილი ცარიელ ტრასაზე გააქროლა. ბინდდებოდა და გზაზე მხოლოდ კანტიკუნტად ჩანდნენ მანქანები. პროფესორმა გზატკეცილს გახედა და ბრეიდს ჰკითხა:
– საით მივდივართ, ბატონო ბრეიდ? თქვენი საელჩო ხომ საპირისპირო მხარესაა?
– პირდაპირ საელჩოში არც ვაპირებდი, ბატონო პროფესორო, – მიუგო ამერიკელმა.
– რატომ? დაინტერესდა ლომიძე.
– იმიტომ, ბატონო ვახტანგ, რომ რუსები ივარაუდებდნენ ამას და საელჩოსკენ მიმავალ გზაზე ხაფანგებს დაგვიგებდნენ. მათ ეს ახასიათებთ. მართალია, შეგვეძლო, შეიარაღებული დაცვა წამოგვეყვანა, მაგრამ არც ეს ჩავთვალეთ მიზანშეწონილად. რუსებთან გვაქვს საქმე. მათგან ყველა უგუნურებაა მოსალოდნელი და გამორიცხული არ იყო, თქვენი გატაცების მიზნით შუა ქალაქში სროლა აეტეხათ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენს კონსპირაციულ ვილაში მიგიყვანოთ და იქიდან უკვე აბსოლუტურად უსაფრთხოდ მოვახდენთ თქვენს ტრანსპორტირებას ჯერ საელჩოში, შემდგომ კი – შტატებში, – თქვა ბრეიდმა.
პროფესორს მაინცდამაინც ჭკვიანურად არ მოეჩვენა ბრეიდის გეგმა ტრანსპორტირების თაობაზე, მაგრამ ამის შესახებ არაფერი უთქვამს და ამერიკელს მხოლოდ ჰკითხა:
– მალე მივალთ დანიშნულების ადგილზე?
– დიახ. ხუთიოდე წუთში, – თქვა ბრეიდმა და მოსახვევში სიჩქარე შეამცირა, ოცდაათიოდე მეტრი გაიარა და ჯერ ნელი სვლით გადავიდა გზიდან, შემდგომ ნაძვნარში ოციოდე მეტრი გაიარა და „ჯიპი“ უზარმაზარ ნაძვთან შეაჩერა.
– მოვედით? – იკითხა პროფესორმა და ბრეიდს მიაჩერდა. ამერიკელი კი მკვეთრად შეტრიალდა ლომიძისკენ და პულვერიზატორიდან სახეში სითხე შეასხა. სანამ პროფესორი გონებას დაკარგავდა, მან მხოლოდ იმის დანახვა მოასწრო, რომ ამერიკელს ცხვირპირზე ნაცრისფერი პირბადე ეკეთა.
მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ ლომიძე გათიშული დაეშვა უკანა სავარძელზე, ტიტანის კეისი მას ხელიდან არ გავარდნია – მაგრად ჰქონდა ჩაბღუჯული.
***
შუახნის მამაკაცმა, კედლის საათს შეხედა და სავარძელში მჯდომ სიგარიანს უთხრა:
– ჯიმ, ყველა დრო გავიდა და რაღაცაშია საქმე, რომ ბრეიდი არსად ჩანს.
– ჰო, გეთანხმები და ახლავე უნდა დავიწყოთ ძებნა, – მიუგო ჯიმმა და დაამატა, – ბილ, ნუთუ თქვენმა გეგმამ არ იმუშავა და მოწინააღმდეგემ დაგვასწრო?
– დასწრებაში რას გულისხმობ? – იკითხა ბილმა და ჩამქრალ სიგარას მოუკიდა.
– დასწრებას, ბილ, – თქვა ჯიმმა და პირიდან ჩამქრალი სიგარა გამოიღო და მანაც მოუკიდა.
შუა ხნის მამაკაცები ერთხანს უხმოდ აბოლებდნენ სიგარებს. შემდეგ ისევ ბილმა თქვა:
– ბრეიდს ენდობი, ჯიმ?
ჯიმმა გაოცებული მზერა მიაპყრო ბილს და უთხრა:
– ბილ, ბრეიდი სააგენტოს შეფმა პირადად გამოგზავნა აქ და რომელ ნდობაზე მელაპარაკები? – ბილმა თავი გააქნია და ირონიულად უთხრა:
– ძვირფასო ჯიმ, ალბათ, ყურმოკვრით მაინც გსმენია რაღაც-რაღაცები ვინმე ედგარ სნოუდენზე.
ჯიმი გველნაკბენივით წამოხტა სავარძლიდან. თავი გააქნია და თქვა:
– ბილ, მაგ ნაბიჭვარს ნუ მახსენებ, თორემ შეიძლება, გულიც კი ამერიოს შუა ოთახში.
– გასაგებია, მაგრამ ის ნაბიჭვარიც სააგენტოს შეფის დიდი ნდობით გამოირჩეოდა. მან კი მთელი ჩვენი საიდუმლოება რუსებს ჩაუცალა ხელში, – თქვა ბილმა, სიგარა დადო საფერფლეზე და დაამატა, – ახლავე უნდა მოვძებნოთ ბრეიდი და პროფესორი. გული მიგრძნობს, რომ ცუდი ამბავია.
ორი შუახნის მამაკაცი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კონსპირაციულ ოთახში ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ეს ოთახი საგანგებოდ იყო დაცული და მოწყობილი. იქაურობის მოსმენა შეუძლებელი იყო და ამ ოთახის არსებობის შესახებაც მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმა თუ იცოდნენ. მათ შორის იყვნენ ჯიმი ტეილორი და ბილ დარკი. ტეილორი შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომელი იყო და თბილისში ვაშინგტონიდან საგანგებო ოპერაციის კურატორად მოავლინეს. დარკი კი საქართველოში შეერთებული შტატების დაზვერვის კურატორი იყო. ორივე მრავალგზის შემოწმებული და გამოცდილი მზვერავი. მათ უდიდესი დამსახურება მიუძღოდათ თავიანთი ქვეყნის წინაშე და სწორედ, მათ დაავალა ამერიკის ყველაზე ძლიერი სპეცსამსახურის მეთაურმა საგანგებო ოპერაციის ჩატარება, რომელსაც „სიცოცხლის კოდი“ ეწოდებოდა. ამ ოპერაციის არსი კი ის იყო, რომ ქართველი პროფესორი, ონკოლოგი ვახტანგ ლომიძე მშვიდობიანად, უაღრესად საიდუმლო ვითარებაში და რაც მთავარია, მისსავე სურვილით, ჩაეყვანათ შეერთებულ შტატებში და ლომიძეს იქ ემუშავა. ასეთი გადაწყვეტილება კი ძალიან სწრაფად, მას მერე იქნა მიღებული, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურს განზრახული ჰქონდა, ხელში ჩაეგდო ქართველი პროფესორი და ეს ნებისმიერი ხერხებით უნდა განეხორციელებინათ. ამიტომ თბილისში სასწრაფოდ გამოაგზავნეს სააგენტოს თანამშრომელი დანიელ ბრეიდი. სწორედ მას უნდა განეხორციელებინა ჯერ ლომიძის გადმობირება, შემდეგ კი მისი გადაყვანა ამერიკის საელჩოში, იქიდან კი – ვაშინგტონში. სწორედ, ამ ოპერაციაზე საუბრობდნენ ბილ დარკი და ჯიმ ტეილორი საელჩოს საიდუმლო ოთახში და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა და ბრეიდი არ ჩანდა, გამოცდილი მზვერავები მით უფრო მეტად ნერვიულობდნენ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი