რომანი და დეტექტივი

სიყვარულის მეორე მხარე

№11

ავტორი: ნია დვალი 20:00 24.03, 2023 წელი

სიყვარულის მეორე მხარე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #7-10 (1158)

გუგა მარინაზე 15 წლით უმცროსი ყმაწვილი გახლდათ, რომელიც ორი წელია, დაუღალავად სწერდა მარინას, თუმცა პერიოდულად და არა – ყოველდღე. რადგან არასდროს ზედმეტი არაფერი უკადრებია და საკმაოდ კარგი ყმაწვილიც ჩანდა, მარინა, რატომღაც, გამოელაპარაკა, ცხადია, ვირტუალურად. ახლა ვერც იხსენებდა, როდის მოხდა ეს პირველად, მაგრამ ფაქტია, მოხდა, იმიტომ რომ ბოლო ერთი წელი იყო, რაც ეს ახალგაზრდა ვაჟი მარინას საკმაოდ ართობდა და ახალისებდა.

საერთო, ბუნებრივია, არაფერი ჰქონდათ და მარინას ის იმდენად არ აინტერესებდა, რომ მის გვერდზეც კი არასდროს შესულა და არც მისი ფოტოები დაუთვალიერებია.

ზრდილობიანი ბიჭი იყო, თავისი ასაკის ფონზე სასიამოვნო მოსაუბრე და, რაც მთავარია, მხიარული. მარინას ეს უშინაარსო საუბრები ართობდა და ისიც, რომ ხვდებოდა, უცნობი ახალგაზრდა ყველა მხრიდან უტრიალებდა და არც ისე, როგორც უფროს მეგობარს.

თუმცა მარინა ყოველთვის ახსენებდა ასაკობრივ სხვაობას, შეიძლება, 30-ს გადაცილებული რომ ყოფილიყო, ეს 15-წლიანი ასაკობრივი სხვაობა მარინას არაფრად ჩაეთვალა, მაგრამ ახლა ეს სხვაობა მართლაც უფსკრულად ეჩვენებოდა, მაგრამ ვერც ცდუნებას უძლებდა, რომ კარგ ხასიათზე დამდგარიყო და ემხიარულა, თუნდაც, მსუბუქად ეფლირტავა. ბოლოს და ბოლოს, არავის არაფერს უშავებდა.

სწორედ ახლა გაახსენდა მარინას დედამისის ნათქვამი და იმაზე დაიწყო ფიქრი, ვის გულისხმობდა ჯული, იმიტომ რომ მარინას არანაირი საყვარელი არ ჰყავდა და არც ჰყოლია. და უცებ აღმოაჩინა თავის თავში კიდევ ერთი მივიწყებული ისტორია.

თამაზს მარინას საყვარელს ნამდვილად ვერ დაარქმევდა ვერავინ, იმიტომ რომ შემთხვევით გადაიკვეთა მისი ცხოვრება მარინას ცხოვრებასთან. იმდენადაც კი, რომ მარინას ბუნდოვნად ახსოვდა. მაგრამ ის კი ზუსტად იცოდა, რომ ჯულის თავად მოუყვა, ეს რა სისულელე შემემთხვაო, ჯულიმ კი, როგორც ჩანს, იმდენად კარგად დაიმახსოვრა, რომ დღემდე იხსენებდა.

– ლიკასაც ხომ არ მოუყვა? – ტანში გაცრა მარინას. უცნაურად ეჩვენებოდა, რომ, რატომღაც, აღარ აღელვებდა არც უხსენებლად წოდებული და არც ის, ლიკას ცხოვრებას რა ბედი ეწეოდა იმ უხსენებელთან ერთად; არც სალომეს მიერ დატრიალებული ინტრიგა აწუხებდა. მარინა მიზეზს ეძებდა, მიზეზს, რის გამოც საკუთარი ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ ან, თუნდაც, ის დაუპირისპირდა, ვერ უგებდა მათ და მათი დანახვაც კი არ უნდოდა.

– თამაზი, ხომ თამაზი ერქვა?! კი, ნამდვილად, ასე ერქვა, – მარინას გაახსენდა კიდეც, თამაზი სიმპათიური მამაკაცი იყო, მარინაზე ასაკით უფროსი და 15 წლის წინათ საქმიანი ვახშმის შემდეგ, რატომღაც, თამაზს სახლში წაჰყვა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ. ისეც არ მოსწონებია, რომ გადარეულიყო და მაინცდამაინც, არც მიუზიდავს, მაგრამ რაღაცნაირად თავგადასავალი მოუნდა მარინას. თუმცა სექსი არ მოეწონა. ახლა ვერც იხსენებდა დეტალებს, მხოლოდ ის ახსოვდა, რომ არ მოეწონა. იმიტომ რომ თამაზმა კიდევ სცადა მარინასთან დაკავშირება, მაგრამ მარინამ თავი შორს დაიჭირა: იმის, რაც არ მოგეწონა, გამეორებას რა აზრი ჰქონდა?! არც არანაირი.

– ჯულის რატომ მოვუყევი, ხომ ვარ იდიოტი?! – მარინა მხოლოდ 15 წლის შემდეგ მიხვდა, რომ სისულელე ჩაიდინა, დედა არ არის ის ადამიანი, ვისაც შენი პირადი ცხოვრების დეტალები უნდა მოუყვე, იმიტომ რომ ის აუცილებლად მორალის პრიზმიდან განგსჯის და შეიძლება, სხვას არც არაფერი უთხრას, მაგრამ, თუ დასჭირდა, ნებისმიერ სხვაზე მტკივნეულად გამოიყენებს ამას შენ წინააღმდეგ, იმიტომ რომ დედაა და დარწმუნებულია, რომ კუბოს კარამდე უნდა აღგზარდოს.

– რას იფიქრებს ახლა ჩემზე ლიკა? ან როგორ მოუყვა, ნეტავ? – მარინა სირცხვილისგან გაწითლდა და კიდევ უფრო გაწითლდა, როდესაც გაიაზრა, რა თქვა:

– ვინ ეკითხება ან ლიკას, ან ჯულის, მე რა ვქენი? როგორ ვცხოვრობ? რა სირცხვილი? მოუყვა და მოუყვა... – მარინა ახლა უკვე გაბრაზდა, – რას ვებოდიშები ამ ორ იდიოტს?! მომწყდნენ თავიდან, უვარგისები!

მაგრამ მარინამ იცოდა, რომ ვერავინ ვერ მოსწყდებოდა და რომ მომწყდარიყვნენ, ეს მაინც ვერ სცემდა პასუხს კითხვას, რატომ დაემართა ის, რაც დაემართა?!

ფიქრებში გართულ მარინას უნებლიეთ დაეჭირა ხელი და გუგასთან სასაუბრო გაეხსნა.

– როგორ ხარ? – მოეწერა გუგას.

მარინას ბევრი არ უფიქრია.

– მე კარგად. შენ?

ბანალური ურთიერთობა იზიდავდა, ყოველგვარი ვალდებულებებისა და თავის მოწონების გარეშე. მარინა ხვდებოდა, რომ გუგას ის მოსწონდა და ეს რაღაცნაირად სიამოვნებდა და არა იმიტომ, რომ თვითშეფასების პრობლემა ჰქონდა, უბრალოდ, ყურადღება ყოველთვის სასიამოვნოა, მარინა კი ჩვეულებრივი ადამიანი იყო და, შესაბამისად, ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტეები ახასიათებდა.

გუგამ მაშინვე უპასუხა, საერთოდაც, არასდროს მალავდა, რომ მარინათი აღფრთოვანებული იყო. ეს თავად მარინას ბუნებრივად ეჩვენებოდა, ვინაიდან გუგას ასაკის გოგონებს ნამდვილად აჯობებდა, როგორც საინტერესო თანამოსაუბრე და გამოცდილებაც თავის საქმეს აკეთებდა. მარინას გუგასადმი არანაირი ემოცია არ ჰქონდა. ეს კი კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა გუგას თვალში.

– მოდი, მის ფოტოებს მაინც დავათვალიერებ, – გადაწყვიტა და მაშინვე გუგას გვერდზე გადავიდა.

ის კი საკმაოდ სიმპათიური ყმაწვილი აღმოჩნდა, წარმოსადეგი და კარგად აწყობილი.

– მშვენიერია, – კმაყოფილებით წარმოთქვა მარინამ და თავადაც ვერ გაარკვია, რისთვის იყო გუგა მშვენიერი.

მარინამ არც აცია და არც აცხელა:

– რატომ მწერ ხოლმე?

– არ ვიცი.

მარინას მოეჩვენა, რომ გუგამ გულწრფელად უპასუხა.

– კარგი, როცა გაარკვევ მიზეზს, მაშინ მომწერე, – მარინამ ვითარების გამწვავება არჩია.

– მომწონხარ, ჩემთვის დედოფალივით ხარ, – მარინას უტიფრულად ეჩვენა ასეთი პასუხი, მაგრამ მაინც აჰყვა.

– და რომ მოგწონვარ, მერე?

– იქნებ ერთ დღესაც შენც მოგეწონო.

მარინა ცოტა დაიბნა, მაგრამ არ შეეპუა დაბნეულობას:

– და მერე რა მოხდება, მეც თუ მომეწონე?

– რაც ხდება ხოლმე, – მარინას კიდევ უფრო უტიფრულად მოეჩვენა ეს პასუხი და დაბლოკვა დააპირა, მაგრამ გუგა რაღაცას წერდა და ამიტომ დროებით გადაიფიქრა.

– მე შენ არასდროს მოგაყენებ შეურაცხყოფას და არც გაწყენინებ. – წერდა გუგა.

– ვიცი, – და მარინამ ეს მართლაც იცოდა, ამიტომ თავს უფლება მისცა, მიეწერა, – ამიტომ პრიზის სახით გადმოგეცემა ჩემთან ერთად ყავის დალევა.

– როდის?

– მე მოგწერ. მოვიფიქრებ.

– შენ არ მომწერ, ამიტომ მე ხვალ მოგწერ. და საერთოდ, შენ ბევრს ფიქრობ.

– მართლა ბევრს ვფიქრობ, – გაიფიქრა მარინამ, მაგრამ პასუხად სხვა რამ უთხრა:

– მართალი ხარ, მე არ მოგწერ. ახლა მეძინება.

გუგამ გული გამოუგზავნა და მარინამ ტელეფონის ეკრანი გამორთო.

– სულ გამოვშტერდი, სამყარო თავზე დამექცა და ლამის მცირეწლოვანს ვეარშიყები. – მარინას წელმა გაკრა და გაახსენდა, რომ გვარიანად ნაცემი იყო, ფიზიკურად – შვილის მიერ, მორალურად – დედისგან.

– ნეტავ, ჯული როდის გამაგდებს ამ სახლიდან? – ეს შესაძლებლობა მარინას სავსებით რეალური ეჩვენებოდა, – არა უშავს, საგურამოს სახლს დავამთავრებ და იქ გადავალ, მაგრამ იქ მარტო რას გავაკეთებ?! – მარინას ეს პერსპექტივა არ ესიამოვნა, ვინაიდან მიხვდა, რომ ამ სამყაროს ღერძები მისთვის ლიკა და ჯული იყვნენ.

მარინას ისევ წამოუარა საკუთარი თავის შეცოდების სურვილმა: „რას ვიზამ და გუგას დავპატიჟებ“.

ამ იდეაზე გაეცინა და თავი ისე გააქნია, რომ კედელს მიარტყა. მართალია, მსუბუქად, მაგრამ ნატკენმა თავის კანმა თავი შეახსენა.

მარინა ისევ პირისპირ დარჩა თავის სინამდვილესთან, რომელსაც ვერც გასაღებს უძებნიდა და მისგან ვერც ვერსად მიდიოდა. ამიტომ ადგა, ისევ წამლების ყუთს მიაკითხა, ორი აბი „დიაზეპამი“ ამოიღო. დალია და ლოგინისკენ წავიდა. წუხანდელივით იოლად ვეღარ დაიძინა, მაგრამ, საბოლოოდ, მკვდარივით ჩაეძინა.

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, დილა ისევ გათენდა. მარინა თვალებგახელილი იწვა და არ იცოდა, რატომ უნდა ამდგარიყო საწოლიდან. საბანი სახეზე გადაიფარა და გაყუჩდა. ასე იწვა გაუნძრევლად, წყალიც კი არ დაულევია და თავი რომ გამოყო საბნიდან, უკვე მოსაღამოვებულიყო. სხვა გზა არ იყო, ადგა. შიმშილს ისევ ვერ გრძნობდა, მაგრამ თავი აიძულა, რაღაც მაინც ეჭამა და სარკეში ჩაიხედა. ამ ორ დღეში დაბერებულიყო. საკუთარი გამოსახულება არ მოეწონა, მაგრამ მისთვის ახლა ეს არმოწონებაც სულერთი იყო.

– რა გავაკეთო? – მარინამ ხელებში ჩარგო თავი. ვერაფერზე ვერ ფიქრობდა, თითქოს მთელი სამყარო მის წინააღმდეგ იყო ამხედრებული და ძალა არ ჰქონდა, შეწინააღმდეგებოდა. მაგრამ უცებ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, წამოხტა, სასწრაფოდ ჩაიცვა და სახლიდან სირბილით გაიქცა.

...

ფანჯრებში შუქი არ ჩანდა, მაგრამ მარინა დარწმუნებული იყო, რომ საბა სახლში დახვდებოდა. კარზე დააკაკუნა, იმიტომ რომ ზარი არ იყო. ბინიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. მარინა არ ნებდებოდა. მაგრამ კარს არავინ აღებდა. ამიტომ კიბის საფეხურზე დაჯდა, იმიტომ რომ წასასვლელი უბრალოდ არ ჰქონდა. ან რამდენ ხანს უნდა დაელია ორ–ორი აბი „დიაზეპამი“?! თუნდაც, დოზა გაეზარდა. ამით მაინც არაფერი იცვლებოდა, ყველაფერი ძველებურად გრძელდებოდა და მარინას შეეშინდა, შეეშინდა საკუთარი თავისა და განზრახვის. სადარბაზოში ბნელოდა. მარინა ისევ კიბის საფეხურზე იჯდა და ელოდა. იქნებ არც ელოდა. უბრალოდ იჯდა, იმიტომ რომ მას არავინ ელოდა.

ნაბიჯების ხმა გაიგონა და შუქიც აინთო. მარინა არ წამომდგარა. კიბის საფეხურზე, რომელზედაც იჯდა, საკმარისი ადგილი იყო დარჩენილი და გვერდს აუქცევდნენ. თავი ისევ ხელებში ჩარგო.

– ცუდად ხართ? – მარინას ნაცნობი ხმა შემოესმა და თითქოს ცა გაეხსნა და იქიდან სინათლის სხივი მოეფინა.

– საბა, – მარინამ ტირილი დაიწყო.

– სახლში შემოდი, გაცივდები ამ ქვის კიბეზე. რატომ არ დამირეკე?

– არ მაქვს შენი ტელეფონის ნომერი.

საბამ კარი გააღო და მარინა ლანდივით შეჰყვა.

– ჩაის დალევ? – ჰკითხა მასპინძელმა: და რას ჰგავხარ? რა შეგემთხვა? ვერაფერი მე შენ ვერ გასწავლე.

მარინამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. საბა სამზარეულოში გავიდა, ალბათ, ელექტრომადუღარა ჩართო, გაიფიქრა მარინამ. ოთახში საკმევლის სურნელი იდგა და კანდელი ენთო. მარინამ ერთ წამს ისიც კი გაიფიქრა, ხომ არ მოვკვდიო, მაგრამ მოულოდნელად კატამ დაიკნავლა: მარინა ისევ აქ იყო, პრობლემების გარემოცვაში.

საბა ოთახში შემოვიდა.

– მომიყევი, რა მოგივიდა.

მარინამ ყველაფერი მოუყვა, თვით უმნიშვნელო დეტალებიც კი.

– და ჩემგან რას ელი?

– რჩევას.

– შენ ყველაფერი იცი, მე ახალს ვერაფერს გეტყვი. ვინ დაგარტყა ხელი? ფიქრობ, რომ შვილმა? და გგონია, რომ არ იმსახურებდი? – საბამ გამომცდელად შეხედა.

– არა, მე გავიგონე ის, რაც უნდა გამეგონა და ტკივილი მომაყენა ღმერთის ნებამ ჩემი შვილის ხელით.

– აბა, რა გაწუხებს? ოღონდ ეს ლიკას არ უთხრა, ვერ მიხვდება და უარეს შეცდომებს ჩაიდენს, – საბას გაეღიმა:

– და ახლა განიცდი, რომ შენ ასეთ კარგს, მართალს, შესანიშნავს, ეს როგორ გაგიბედეს? იმიტომ რომ არ დაგიმსახურებია?

– ჯული რაღას მერჩის? – შესცინა მარინამ.

– შენ რას ერჩი? – კითხვა შეუბრუნა საბამ და მაშინვე ადგა.

– წყალი ადუღდა, ჩაის მოვიტან.

მარინა გაჩუმდა და თავისთვის ფიქრობდა: მე ვერჩი ჯულის? მე რატომ ვერჩი? – ხმამაღლა კი საბას გასძახა:

– სამზარეულოში დავლიოთ ჩაი. გამოვალ, – და წამოდგა.

საბა ჩაის ასხამდა ჭიქებში და ლაპარაკობდა:

– შენ იცი, რომ ყველა და ყველაფერი გირეკლავს შენ. შეიცვლები შენ და შეიცვლებიან ყველა და ყველაფერი. თუ ვერ მიხვდები, კიდევ მოგხვდება; თუ ისევ ვერ მიხვდები, შეიძლება, ავადაც გახდე.

– როგორ მივხვდე?

– ამაზე პასუხი მე არ მაქვს, ამას შენ უნდა მიხვდე.

– მე როგორ უნდა მივხვდე? საიდან? – მარინა გაბრაზდა.

– შენ ახლა ვის უბრაზდები? სამყაროს კანონებს? და ვინმემ მოგცა ეს უფლება? ან რის გაკეთება შეგიძლია?

– არაფრის, – მარინამ თავი ჩაქინდრა.

– თავს ნუ მაცოდებ, მაინც არ შემეცოდები, – საბამ გაიღიმა: და არც არაფერი გაქვს შესაცოდი.

– ყოველთვის ცინიკოსი იყავი, ანაფორამაც ვერ გამოგცვალა, – მიახალა მარინამ.

– შენ კიდევ – საკუთარ თავში დარწმუნებული შტერი გოგო, – საბა ისე გულიანად იცინოდა, მარინასაც გაეცინა და ჰკითხა:

– ასეთი გულგრილი რატომ ხარ ყველაფრისადმი?

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი