რომანი და დეტექტივი

სიყვარულის ყულფი

№1

ავტორი: ნია დვალი 20:00 14.01, 2022 წელი

სიყვარულის ყულფი
დაკოპირებულია

რეზიუმეებს გადახედა, მაგრამ შესაფერისი კანდიდატურა ისევ ვერ შეარჩია. თანაშემწე სჭირდებოდა: არც ახალგაზრდა, არც მოხუცი, არც ლამაზი, არც უშნო, რა თქმა უნდა, დაუოჯახებელი და უშვილო. ნუ – ახლა მთლად ორნაქმარები და უშვილოც თუ იქნება, მთლად გადასარევი, – ზუკას ამ თავის, თუმცა რაღა თავის, დავით კლდიაშვილის რეფრენზე გაეცინა, მაგრამ, რადგან თანაშემწესთან არაფერს ინტიმისნაირს არ გეგმავდა, ისევ რეზიუმეების დათვალიერება განაგრძო. მაინც დავაზუსტებ: არა იმიტომ, რომ სამსახურში სექსს ერიდებოდა, პირიქით, დარწმუნებული იყო, რომ ყველა თანამშრომელი კარგად უნდა გაეცნო და ინტიმი საამისოდ საუკეთესო საშუალება იყო. ფაქტია, მისი ფირმის თანამშრომელ მამაკაცებს გაუმართლათ, ვინაიდან ზუკა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჰეტეროსექსუალი გახლდათ, თუმცა, მისი სექსგიგანტობისკენ მიდრეკილების გათვალისწინებით, პრინციპში, არც ის იყო გამორიცხული, რომ ერთ მშვენიერ დღეს სუფთა წყლის ჰომო თუ არა, ბისექსუალიც გამხდარიყო.

მაგრამ ამჯერად ეძებდა უბრალოდ თანაშემწეს – ნეიტრალური სქესისას და ნეიტრალური გარეგნობისაც. მოკლედ, როგორც თანამედროვენი იტყვიან – უნისექსს, ოღონდ ყველაზე ცუდ ვარიანტში.

თვალი მახვილი ჰქონდა და რეზიუმეებზე დატანილ ფოტოებს ყურადღებით აკვირდებოდა, რადგან შერჩეული ფოტო საკმაოდ დიდ ინფორმაციას ამხელდა პატრონის შესახებ, ანუ მოტივაციას: თუ რატომ უნდოდა სამსახურის დაწყება, იმიტომ რომ კარიერა გაეკეთებინა, გათხოვილიყო თუ მდიდარი საყვარელი ეშოვა. რადგან სამივე ეს გზა ლოგინზე გადიოდა – ზუკა სამსახურის მაძიებელთა თვალებში ეძებდა გულგრილობას, ცხოვრებით ერგვარ იმედგაცრუებას და, ასე განსაჯეთ, მამაკაცებისადმი სიძულვილსაც კი.

სამწუხაროდ, შესაფერისი ვერავინ იპოვა: ფოტოებზე გამოსახულ გოგონებსა (თუმცა მოთხოვნებში მკაფიოდ იყო მითითებული საპასპორტე ტიპის ფოტოსურათი) და ახალგაზრდა ქალებს ისეთი ფოტოები ჰქონდათ არჩეული, რომლებიც მათ „ღირსებებს“, ბუნებრივია, რაც თავად მიაჩნდათ „ღირსებებად“, ხაზს უსვამდა. ზუკას კი ეს „ღირსებები“ იმდენად ჰქონდა ყელში ამოსული, ცოტა ხანში გულისრევა იგრძნო. უფრო მოეჩვენა, იმიტომ რომ, სულაც, არ გახლდათ, სუსტი კუჭ-ნაწლავის, მით უფრო, გულის პატრონი.

მდივანს დაურეკა: ლელა მაშინვე შეცქრიალდა შეფის კაბინეტში და ზუკას გამოცდილმა თვალმა მაშინვე შეამჩნია, რომ ზედა ღილი ნაჩქარევად გაეხსნა, ვინაიდან საყელო არასიმეტრიულად ეფინებოდა გულმკერდზე. ლელა ართობდა და მასთან დაწოლას არ ჩქარობდა (ბოლოს და ბოლოს, მთავარი პრიზის მოპოვებას დრო და მოთმინება სჭირდება. ცხადია, მთავარი პრიზი თავად იყო). თან, ზუკა ახლა მთავარი ბუღალტრით იყო დაკავებული და ამას ჰქონდა თავისი მიზეზი: ჯერ ერთი, ქალბატონი თეო ასაკით მასზე უფროსი იყო (ოღონდ ძალიან კარგად შენახული), ჰყავდა ქმარი, ანუ არაფერში სჭირდებოდა შეფთან რომანის გახმაურება და, რაც მთავარია, ზუკას ბავშვობიდან დაამახსოვრდა ჰემინგუეის შეგონება: რომ ქალები ჯობიან ქალიშვილებს, იმიტომ რომ ქალებს ეს საქმე ყოველთვის მოსწონთ და იციან, რა უნდათ, ქალიშვილებს კი, პირველად, უმეტესწილად, არ მოსწონთ და არც არაფერი იციან. დაახლოებით, ასე ახსოვდა). მოკლედ, მთავარი ბუღალტერი თეო კონსპირაციის წესებს ზედმიწევნით იცავდა.

ცხადია, ეს არ ნიშნავდა, რომ ლელას წვალებაც არ შეიძლებოდა. ამიტომ ახლოს მოიხმობდა ხოლმე და ისე მოახერხებდა, რომ ზედმეტად დახრა დასჭირვებოდა. ამ დროს ზუკა საფუძვლიანად ათვალიერებდა მის მკერდს და უხერხულობასაც არ გრძნობდა, ვინაიდან მას არასდროს უთხოვია თავისი მდივნისთვის ღილების ზომაზე მეტად შეხსნა და, რაც მთავარია, ზოგადადაც, ღილებიანი ზედატანების ჩაცმა. ლელა ყურებამდე წითლდებოდა და ეს ართობდა.

რაც მთავარია, ლელამ თავისი საქმე იცოდა: არაფერი ავიწყდებოდა და შეფს ქუჩის ძაღლივით ერთგული თვალებით შესციცინებდა ხოლმე.

– კიდევ განაახლე ვაკანსიაზე განცხადება, – ისე უთხრა, რომ არც შეუხედავს.

– აუცილებლად. რამეს ხომ არ ინებებთ?

– არა, გმადლობ. ქალბატონ თეოს უთხარი, შემოვიდეს (მთავარ ბუღალტერს სამსახურში, სხვების დასანახავად, ყოველთვის „ქალბატონობით“ მოიხსენიებდა და ელაპარაკებოდა), და დაამატა: ბოლო კვარტლის დოკუმენტაციაც წამოიღოს. დეტალურად უნდა განვიხილოთ და არავინ შემოუშვა, სანამ არ დავასრულებთ.

მდივანი ლელა ოთახიდან გავიდა. სამ წუთში მთავარი ბუღალტერი დირექტორის კაბინეტში იდგა ფურცლებით ხელში.

– კარი ჩაკეტე, – თითქმის უხეშად უთხრა ზუკამ.

– უხერხულია, ბატონო ზურაბ, – მორიდებულად სცადა წინააღმდეგობის გაწევა ქალბატონმა თეომ.

– უხერხულია, თუ ჩვენს „შავ“ ბუღალტერიას ვინმე ნახავს. საქმე უპირველესია, – ეს უკვე თბილად და დაყვავებით წარმოთქვა.

საერთოდაც, ეს 35 წლის თვითკმაყოფილი, დაუოჯახებელი და გაზულუქებული ახალგაზრდა მამაკაცი ხანდახან სადისტურდაც იქცეოდა, ოღონდ მსუბუქად სადისტურად, ვინაიდან თვლიდა, რომ მასთან სექსი ძალიან დიდი და აუწონელი ჯილდო იყო ნებისმიერი ქალისთვის.

ვერც გაამტყუნებდი, იმიტომ რომ ამის ნებას მას თავად ქალები რთავდნენ. ბატონი ზურაბი საკმაოდ ფრთხილი ადამიანიც გახლდათ და ამიტომ თავის კაბინეტში კამერებიც ჰქონდა დამონტაჟებული – აბეზარი სექსუალური პარტნორი ქალების თავიდან მოსაშორებლად. მარტივად რომ ვთქვა – მათი შანტაჟისთვის. თან, თავად არასდროს იჩენდა ინიციატივას, ძირითადად, პირიქით ხდებოდა ხოლმე და, თუმცა ქალები მას თავად სთავაზობდნენ საკუთარ თავს, გულის სიღრმეში იცოდა, რომ ასეთ ქალებს თავად იზიდავდა თავის ცხოვრებაში, ვინაიდან თავადაც ჩვეულებრივი კახპა იყო.

არ ღირს იმის გარჩევა, ვინ უფრო დიდი კახპაა: ოჯახის დედა, რომელიც თავისზე უმცროს ხელმძღვანელთან, ოღონდ დარჩენილიყო მთავარ ბუღალტრად და ტყავიდან ძვრებოდა, რომ მისთვის ყოველმხრივ ესიამოვნებინა და ყველა ახირება დაეკმაყოფილებინა თუ თავად ხელმძღვანელი, რომელსაც თავისი მთავარი ბუღალტრის შვილთან, კერძოდ, უფროს ვაჟთან, მეგობრული თუ არა, კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ზედაც, კორპორატიულ საღამოებზე ყოველთვის ქმართან ერთად პატიჟებდა ხოლმე (როგორი კონტექსტიდან ამოვრდნილი იყო ეს „ქალბატონო“ მათ ურთიერთობაში?!) და იმ კორპორატიული საღამოს განმავლობაში საერთო სარგებლობის საპირფარეშოს კაბინაში აუცილებლად გაჟიმავდა კიდეც.

არა, ბატონი ზურაბი, სულაც, არ იყო ლუციფერის სულიერი ძმა, უბრალოდ, მასაც, როგორც ყველას, თავისი ჩონჩხები ჰყავდა კარადაში გადამალული, იმიტომ რომ ჩვენს სისასტიკეს, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ყოველთვის აქვს მიზეზი, რაც მას არ ამართლებს, მაგრამ, სამაგიეროდ, გასაგებს ხდის.

ზუკას ამაზე არასდროს უფიქრია: ყოველთვის დედიკოს საყვარელი ბიჭი იყო და, რაკი მანერებიც უჭრიდა, ყველა, ვინც ჯერ მის ლოგინში (თუ საპირფარეშოს კაბინას შეიძლება, „ლოგინი“ დავარქვათ) არ მომხვდარიყო – სხვათა შორის, უმეტესწილად ხანდაზმული ასაკის გამო, ფრიად და ფრიად გაკვირვებული რჩებოდა, რომ დღემდე უცოლოდ დაიარებოდა. ბუნებრივია, ამ თემაზე ყველაზე მეტად დედა – ქალბატონი ნაილი წუხდა.

ქალბატონი ნაილი ქვრივი იყო და ურუქელი ქალებივით პატიოსანი, ოთარ ჭილაძე რომ წერდა, ლამის თავის ქმრებსაც უარს ეუბნებოდნენო. ზუკა გარდატეხის ასაკში იყო, როდესაც მამა დაეღუპა, მაგრამ მამის მეგობრებმა „იზრუნეს“, თავი არ შეირცხვინეს და ბიჭი „გზაზე დააყენეს“, ანუ მისგან ერთი ჩვეულებრივი ნაძირალა გამოზარდეს. ნუ – „ნაძირლობაც“ ერთგვარად პირობითია, იმიტომ რომ ზუკა ვისთვის ნაძირალა იყო და ვისთვის – ვარსკვლავბიჭუნა. ვერც გაამტყუნებდი, მამის მეგობრებს ასე ესმოდათ გარდაცვლილი ძმაკაცის ხსოვნის პატივისცემა.

ჩვენ კი ისევ მთავარ სცენას დავუბრუნდეთ: მთავარ ბუღალტერს სხვა რა გზა ჰქონდა, კარი შიგნიდან გადაკეტა და შეფს ქაღალდები მიაწოდა.

ზუკამ ყურადღებით წაიკითხა ყველაფერი. შემდეგ თვალები დახუჭა: კარგი ტვინი ჰქონდა, ოღონდ სწრაფი აზროვნებისა და ყურადღების მაქსიმალურად კონცენტრაციისთვის სრულ სიბნელეში უნდა ყოფილიყო. დღეს საღამოს საქმიანი ვახშამი ელოდა, სადაც ახალ გარიგებაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ ახალ პარტნიორებთან, თუმცა პანდემიის გამო ორჭოფობდა: სიახლის დაწყება სარისკო იყო, თან, იმ სიახლის, რასაც აპირებდა, ვინაიდან შიდა ბაზრის იმედი ნაკლებად უნდა ჰქონოდა. იმასაც ხვდებოდა, რომ უცხოელ პარტნიორებს უფრო ფულის „გათეთრება“ აინტერესებდათ, ვიდრე საქმე და ახლა რისკებს თვლიდა; ვინაიდან საქმის გასკდომის შემთხვევაში მხოლოდ მას მოუწევდა პასუხისმგებლობის აღება. მარტივად რომ ვთქვათ, ციხეში ჩაჯდომა – ფულს არ დაკარგავდა, ფული საიმედოდ შეინახებოდა ოფშორში, თუ უცხოელი პარნიორები გარანტიასაც მისცემდნენ.

საქმეს, ჩვეულებისამებრ, სპონტანურად აკეთებდა, თითქოს დინებას მიჰყვებოდა. მხოლოდ ორი რამ იცოდა: რის ქვემოთ არ დასწევდა და ასწევდა თამასას, ანუ ზუკას გონივრული რისკი უყვარდა, იმიტომ რომ ფულს, მაგალითად, საპირფარეშოს კაბინას ვერ აკადრებდა.

როგორც ჩანს, დიდხანს იჯდა თვალდახუჭული, იმიტომ რომ თეომ ჩაახველა. ზუკამ თვალები გაახილა და თავისი ბუღალტერი უკვე ნახევრად შიშველი იჯდა სკამზე. მექანიკურად აუტყდა სიცილი: არ გაცივდე, ჩაიცვი.

თეო დაიბნა და თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, თუმცა აი, ეს უკანასკნელი გრძნობა ნამდვილად ზედმეტი იყო, ვინაიდან, როდესაც შეურაცხყოფილი არ რჩები, უცერემონიოდ რომ გაგჟიმავენ უკანა ხედიდან (ისე, რომ არც გკითხავენ და შენ, ნაცვლად იმისა, რომ ერთი დაშხოშიანი სილა უთავაზო, შეეცდები, წელი ისე გაზნიქო, რომ იქ, შენ უკან მდგომს, საქმე გაუადვილო), თავმოყვარეობა უნდა დაივიწყო.

– მე უცებ ვერ მივხვდი... კარის ჩაკეტვა რომ... – ამოილუღლუღა მთავარმა ბუღალტერმა.

– ჩვენ ვმუშაობთ, ქალბატონო თეო, კარის ჩაკეტვაც ამიტომ მოვითხოვე. საერთოდაც, ვიფიქრე, რომ დროა, მეგობრებად დავრჩეთ. უხერხულია, თქვენს ქმარს ვიცნობ, თქვენს ვაჟთან ვმეგობრობ. ჩვენ უკვე იმდენი ვიცით ერთმანეთის შესახებ, დროა, ურთიერთობის უფრო მყარ ფაზაზე გადავიდეთ. მეგობრობაზე მყარი კი, აბა, რა უნდა იყოს?! – ჩვეულად უტიფრად გაუღიმა ზუკამ თავის მთავარ ბუღალტერს.

ის-ის იყო, თეომ პირის გაღება სცადა, რომ ზუკამ დაასწრო: ყველაფერი ჩვენ შორის დარჩება, ცხადია, ფინანსურ მაქინაციებთან ერთად: კინაღამ დამავიწყდა, დღეს საქმიანი შეხვედრა გვაქვს უცხოელ პარტნიორებთან. მინდა, რომ თქვენც წამოხვიდეთ. სოლიდურად ჩაიცვით. თქვენი რჩევები გამომადგება.

თეო ამასობაში ნაჩქარევად იცვამდა და არანაკლებ ნაჩქარევად იმეორებდა: დიახ, დიახო.

– მანქანა გამოგივლით საღამოს 8 სათისთვის. მზად იყავით. აბა, დროებით!

ზუკამ იცოდა, რომ ნებისმიერ სხვა სიტუაციაში არც ერთი მთავარი ბუღალტერი არ დათანხმდებოდა მსგავს გარიგებას, ამიტომ მომენტი შეარჩია: მის მთავარ ბუღალტერს არანაირი არჩევანი არ ჰქონდა.

***

– მოხვედი, შვილო? – ნაილი შვილს შეეგება, – დღეს რაღაც ადრე დაბრუნდი და ძალიან გამახარე.

– უნდა გავიდე და იმიტომ.

– მე მეგონა, საღამოს ერთად გავატარებდით, – ამოიოხრა დედამ.

– მეც ბევრი რამ მეგონა, – გაუღიმა შვილმა.

ნაილიმ იცოდა, რომ შვილს ის ისე არ უყვარდა, როგორც თავად ისურვებდა და წარმოედგინა. მთლად ასე პირდაპირაც არ უტყდებოდა საკუთარ თავს, მაგრამ ზუკა რომ მხოლოდ თავაზიანად ექცეოდა, ეს იცოდა. უფრო გრძნობდა, მაგრამ ისე ეშინოდა შვილის გრეშე დარჩენის, რომ ამ გრძნობას მიაჩუმათებდა ხოლმე ისეთ მიუვალ ადგილას, რომ მისი არსებობა თავადაც ავიწყდებოდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი