რომანი და დეტექტივი

სიძე

№21

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 03.06, 2023 წელი

სიძე
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #19-20 (1168)

მანსური და რომანი თბილისში სხვა საბუთებით ჩავიდნენ და ფეშენებელურ სასტუმროში გერმანიის მოქალაქე თურქებს შეხვდნენ. როგორც რომანი ვარაუდობდა, საქმე ნარკოტრაფიკს ეხებოდა და მათ უთხრეს, რომ პირველ, ტრადიციულ მარშრუტზე, სავარაუდოდ, „ინტერპოლი“ ელოდებოდათ. ამიტომ „ტავარი“ სათადარიგო მარშრუტზე უნდა გაეტანათ. თანაც, სულ რამდენიმე საათში, რათა ჩავარდნა გამორიცხულიყო. ასეც მოხდა და თბილისის ერთ-ერთი საწყობიდან ჰუმანიტარულ ტვირთად გაფორმებული ნარკოტიკები დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ ჩავიდა. რომანი და მანსური კი „ტავარს“ ჰამბურგის პორტში დახვდნენ და როდესაც ყველაფერი დალაგდა და თანხაც ანგარიშზე დაჯდა, მხოლოდ ამის მერე დაბრუნდნენ მოსკოვში. მთელ ამ ოპერაციას 5 დღე დასჭირდა და „რიჟამ“ შეაქო „რომკა“.

პირველ საქმეს მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე, მეოთხე და ორი თვის შემდეგ რომან გაგნიძე „რიჟას“ ერთ-ერთი ყველაზე სანდო ხელქვეითი გახდა. თავის მხრივ კი, „რომკა“ უტყუარ კომპრომატებს აგროვებდა ნიკურაძის წინააღმდეგ და სამალავში ინახავდა. მათ შორის იყო მიკროკამერით გადაღებული, ფალსიფიცირებული საბუთების ფოტოები, აგრეთვე ნარკოტრაფიკის დამადასტურებელი ვიდეოკადრები. ყველაზე მეტი კი აუდიოჩანაწერები იყო, რომლებიც „რიჟას“ კაბინეტში იყო ჩაწერილი ნარკობარონებთან და მისსავე კოლეგა „კანონიერ ქურდებთან“. გაგნიძეს სპეციალური პლასტიკური მიკროჩამწერები ჰქონდა, რომლებიც პოლიციისა და უშიშროების ტექნიკურ არსენალში იყო. ეს მიკროჩამწერები ნებისმიერ საგანზე, მათ შორის, სხეულზეც ეწებებოდა. ამგვარად, საგამოძიებო ორგანოებს ამ კომპრომატების ერთობილობის შედეგად უადვილესად შეეძლოთ, დაემტკიცებინათ „რიჟასთვის“ მძიმე დანაშაულები და გაიოზ ნიკურაძე სამუდამოდ ციხეში გამოეწმყვდიათ. ამ კომპრომატების ქვაკუთხედი იყო „რიჟას“ მიერ კონკურენტის მკვლელობის შეკვეთა, რომელიც შესრულდა და მთელი „ბაზარი“ ჩაწერილი იყო. გაგნიძე, მონადირის დაუოკებელი აზარტით აგროვებდა მასალებს და დარწმუნებული იყო, რომ ჩანერგვიდან, მაქსიმუმ, 6 თვის თავზე პოლკოვნიკი პეტრე ვორობიოვი მას ოპერაციიდან გამოიყვანდა და „რიჟას“ დააპატიმრებდა. რომანს ძალიან ეჩქარებოდა ოპერაციიდან გამოსვლა. რადგან, ნონკა მას მოსვენებას არ აძლევდა და ინტიმურ კავშირს ესწრაფვოდა. რომანს კი ეს არ უნდოდა, არა იმის გამო, რომ გოგონა არ მოსწონდა, არამედ მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე. „რომკას“ რომ ქალწული გოგონა საწოლში ჩაეწვინა, შემდგომ ხომ მაინც უნდა მიეტოვებინა და ნონას ამით უდიდეს ტრავმას მიაყენებდა. ორჯერ რომანმა ძლივს აიცილა თავიდან გოგონასთან ინტიმი, თუმცა მათი გაცნობიდან სამი თვის თავზე ეს მაინც მოხდა. ნონა თავის დაცვას ოსტატურად „მოუტყდა“, „რომკას“ სახლში დაადგა და მთელი ღამე მასთან დარჩა. ამის შემდეგ ქალ-ვაჟი უკვე რეგულარულად ხვდებოდა ერთმანეთს და ისე მოხდა, რომ გაგნიძეს გოგონა შეუყვარდა. ერთი მხრივ, სამალავი კომპრომატებით იყო სავსე, ვორობიოვს ისინი არ მიჰქონდა, არც კავშირზე გამოდიოდა და გაგნიძეს ვერ გაეგო, რატომ. მეორე მხრივ კი, ნონკასთან ურთიერთობამ ძალიან ღრმად გაიდგა ფესვები. რომანს გოგონას მიტოვება აღარ უნდოდა, თუმცა ოპერაციის მიხედვით, ეს აკრძალული იყო. ამიტომ, რომან გაგნიძეს ვერ გაერკვია, რა ექნა და ამ ამბავს ძალიან განიცდიდა.

ჩანერგვიდან შვიდი თვის შემდეგ, ერთ დღეს ნონა სახლში მივიდა რომანთან. გაუღიმა, მოეფერა, მუხლებზე ჩამოუჯდა და უთხრა:

– საყვარელო, რაღაც მინდა, გითხრა, მაგრამ არ ვიცი, როგორ დავიწყო.

– როგორ და პირდაპირ მითხარი.

– რომ გამიბრაზდე?

– ოდესმე შენთვის ზედმეტი მითქვამს?

– არა, – თქვა ნონამ. რომანის ხელი მუცელზე მიიდო და დაამატა, – „რომკა“, ფეხმძიმედ ვარ.

– ფეხმძიმედ? – შეცბა გაგნიძე.

– რა, არ გაგიხარდა?

– როგორ არა, საყვარელო. უბრალოდ, ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, – თქვა რომანმა და დაამატა, თანაც, ეს რომ იოსებოვიჩმა გაიგოს, ალბათ, თავს მომჭრის.

– მამაჩემის გეშინია? – მხიარულად თქვა გოგონამ.

– უფრო შენთან განშორების. თავი რომ მომაჭრან, თავთან ერთად შენც დაგკარგავ.

ნონა თავზე მოეფერა რომანს და უთხრა:

– შენს თავს არავის მივცემ და ვერავინ მოგაჭრის.

– ვერც მამაშენი?

– ვერც ის. ამქვეყნად ვერავინ შენ მხოლოდ ჩემი ხარ, – თქვა ნონამ და დაამატა, – მამამ ყველაფერი იცის. წუხელ ველაპარაკე.

– მერე?

– რა მერე? ასე მითხრა, დიდი გოგო ხარ და შენს არჩევანს პატივს ვცემ. ოღონდ ქორწილი დააჩქარეთ, რომ სუფრასთან გაბერილი მუცლით არ იჯდეო.

– ხუმრობ?

– არა, – თავი გაიქნია ნონამ. მუცელზე ხელი დაიდო და თქვა, – შენს თავს გეფიცები და აი, ამის თავს.

– აუ, რა უხერხულ დღეში ვარ. იოსებოვიჩს როგორ გავუსწორო ახლა თვალი?

– დარდი ნუ გაქვს, საყვარელო. მამა გველოდება და წავედით.

გაგნიძეს მართლა ძალიან უმძიმდა გაიოზ ნიკურაძესთან შეხვედრა. ეშინოდა, არ გაშიფრულიყო. უფრო მეტად კი სინდისი ქენჯნიდა. რომანს უკვე ნამდვილად აღარ შეეძლო ნონას მიტოვება, რადგან გოგონას მისი შვილი უნდა გაეჩინა და ნონკა ცოლად უნდა მოეყვანა. დაქორწინებულიყო იმ ადამიანის ერთადერთ ქალიშვილზე, ვისზეც სასიკვდილო კომპრომატები მოიპოვა და ვისთვისაც სულ მალე სამუდამო ციხის კარიც გაიღებოდა.

***

გაიოზ ნიკურაძემ კეთილგანწყობით მიიღო სასიძო და ერთი საყვედურიც არ დასცდენია. ქალიშვილს არჩევანი მოუწონა და რომანს უთხრა, რომ ახალ პოზიციაზე გადაიყვანდა სამუშაოდ და სუფთა, ლეგალურ ბიზნესს ჩააბარებდა. ნონკა უზომოდ ბედნიერი იყო. რომანი კი უზომოდ დადარდიანებული და ძლივს იკავებდა თავს, რომ არ გამჟღავნებულიყო. ნონა მეცხრე ცაზე დაფრინავდა. რომანს კი უნდოდა, მიწა გასკდომოდა და ქვესკნელში ჩაეტანა, რადგან იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, მისივე წყალობით, „რიჟას“ დააპატიმრებდნენ და სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ, რასაც ვერაფერი დაუდგებოდა წინ.

ნონასა და რომანის ქორწილის დღე ერთი თვის შემდეგ დაინიშნა და გაიოზი გულმოდგინედ ემზადებოდა გრანდიოზული ზეიმისთვის. შეთანხმებიდან ოცი დღის შემდეგ, ანუ ქორწილამდე ათი დღით ადრე, „რიჟას“ ოფისში პეტია ვორობიოვი ეწვია და როდესაც ის საგულდაგულო ჩხრეკის შემდეგ ნიკურაძის კაბინეტში შევიდა, თქვა:

– ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ საკუთარი თავი, – პოლიციის პოლკოვნიკი პეტრე ვორობიოვი.

– რისთვის გარჯილხართ, პოლკოვნიკო?

– მინდა, გარიგება შემოგთავაზოთ და იმედია, შევთანხმდებით.

– გააჩნია, რას მთავაზობთ.

– მე მაქვს უტყუარი დასტური იმისა, რომ ბიზნესმენ ვასილი კრუტიკოვის მკვლელობა შეუკვეთეთ და ქილერს 100 ათასი დოლარი გადაუხადეთ.

– რა მტკიცებულება?

– აუდიოჩანაწერი, აი, ამ კაბინეტში, – თქვა ვორობიოვმა და „რიჟას“ იქვე მოასმენინა ჩანაწერი.

– მაინც, რამდენი გინდა მაყუთი?

– მე ერთი ცენტიც არ მინდა. სულ სხვა წინადადება მაქვს.

– მაინც, რა წინადადება?

– საუბარია ნავთობის მარაგით სავსე მიწის ნაკვეთზე ციმბირში. ის უნდა დათმოთ. სამაგიეროდ, თქვენ წინააღმდეგ არსებული ყველა კომპრომატი განადგურდება.

– მიანც, ვის სასარგებლოდ უნდა დავთმო?

– ბიზნესმენ კონსტანტინე როგოვს უნდა გადაუფორმოთ.

– „კოსტია ხრამოის“? იმ „ნასედკა“ ნაბიჭვარს უნდა გადავუფრომო?

– წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპრომატებს მსვლელობა მიეცემა და ჩემზე კარგად იცით, რომ სამუდამო პატიმრობა არ აგცდებათ.

– ესე იგი, იმ ბოზზე მუშაობ, არა, პოლკოვნიკო?

– ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი აქ კომპრომატებია და გირჩევთ, გონივრულად იმოქმედოთ. თქვენ ისედაც დიდძალი ქონება გაქვთ და ნაკვეთის დათმობა ვერაფერს დაგაკლებთ.

– პრინციპის ამბავია.

– ზოგჯერ პრინციპებიც უნდა დათმო, რომ მეტად ძვირფასი შეინარჩუნო. როგორც ვიცი, ათ დღეში ერთადერთი ქალიშვილის ქორწილი გაქვთ და ნურც მას ჩაუშხამებთ ბედნიერებას და ნურც საკუთარ თავს.

„რიჟა“ გამწარებული იყო, მაგრამ თავს იკავებდა. უცებ ერთმა აზრმა გაჰკრა თავში და პაუზის მერე ვორობიოვს უთხრა:

– თანახმა ვარ, მაგრამ ერთი პირობით.

– თქვით.

– როგორც მივხვდი, ჩემებში „ნასედკა“ გყოლიათ და გადაფორმების სანაცვლოდ მისი ვინაობა დამისახელეთ.

– მოსულა. დაგისახელებთ, მაგრამ მას მერე, რაც გადააფორმებთ, მე ის არაფერში მჭირდება. ადრე თუ გვიან, მაინც მიაგნებთ და ჯობია, სარგებლიანად გამოვიყენო.

– რა გარანტია მაქვს, რომ არ მომატყუებ?

– ისეთ ფაქტებს დაგიდებ, რომ დარწმუნდები.

– კარგი. მოსულა, მაგრამ ქორწილის შემდეგ. ასე, ორ კვირაში.

– თანახმა ვარ. საჭირო საბუთები თავადვე გაამზადეთ და მათ წასაღებად ზუსტად ორ კვირაში მოვალ. ინფორმატორის ვინაობასაც მაშინ გაცნობებ.

***

ვორობიოვი წავიდა და დარწმუნებული იყო, რომ ორი კვირის შემდეგ გადაფორმებულ საბუთებს მოუტანდა როგოვს, რომელიც მას ნავთობწარმოების წილში ჩასმას დაჰპირდა.

„რიჟა“ კი არაფრის გადაფორმებას არ აპირებდა. პოლკოვნიკთან საუბარი მას კაბინეტში დაყენებული კამერებით ჰქონდა ჩაწერილი და იქიდან კი ნათელი იყო, რომ ვორობიოვი კორუმპირებული იყო და კრიმინალური ავტორიტეტის, „კოსტია ხრამოის“ კერძო შეკვეთას ასრულებდა. ეს კი კანონით დასჯადი იყო და ნიკურაძე ვარაუდობდა, რომ ამით პოლკოვნიკს გააჩუმებდა. მანამდე კი თავისი მოსისხლე მტრის, „კოსტია ხრამოის“ გაჩერება გადაწყვიტა და შეასრულა კიდეც. ერთი კვირის შემდეგ „ხრამოი“ სნაიპერმა ერთი გასროლით მოკლა, როდესაც ის მანქანაში ჯდებოდა.

***

„ხრამოის“ მკვლელობამ პოლკოვნიკს ყველა გეგმა ჩაუშალა და მზად იყო „რიჟასთვის“ კბილებით ყელი გამოებდღვნა. თუმცა, ისიც კარგად იცოდა, რომ სიჩქარე არაფრად არგებდა და შურისძიებისთვის გულდასმით დაიწყო მზადება.

ნონას და რომანის ქორწილიდან ორი კვირის შემდეგ ახალდაქორწინებულები ეგზოტიკურ ქვეყანაში სამოგზაუროდ მიდიოდნენ. „რიჟას“ კერძო თვითმფრინავი ჰყავდა დაქირავებული და სიძე-ქალიშვილი პირადად უნდა გაეცილებინა. უბედნიერეს ნონას ისე მაგრად ჰქონდა ქმრისთვის წელზე ხელი შემოხვეული, თითქოს ეშინია, არ გამექცესო. უკვე მანქანაში სხდებოდნენ, რომ უეცრად რომანს კისერი მოსწყდა, თავი უკან გადაუვარდა და მიწაზე დაეცა. პოლკოვნიკ ვორობიოვის მიერ „დამოძღვრილმა“ ერთ-ერთმა ახალბედა თანამშრომელმა „რომკას“ სნაიპერული გასროლით მოუსწრაფა სიცოცხლე. ნონა ჯერ ვერ მიხვდა, რა მოხდა, მაგრამ როდესაც ყველაფერი გააცნობიერა, გონება დაკარგა.

სიძის სიკვდილმა და ერთადერთი ქალიშვილის გაუბედურებამ „რიჟა“ ერთბაშად მოტეხა. თუმცა, ცდილობდა, მხნედ ყოფილიყო. სიძის ორმოცამდე რის ვაივაგლახით მიაღწია და როდესაც სასაფლაოზე აპირებდა წასვლას, მის სახლთან პოლიციის „სპეცრაზმი“ მიიჭრა, „რიჟას“ ხელბორკილები დაადეს და ორი მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით წაიყვანეს. ეს მომენტიც ვორობიოვის შურისძიების ნაწილი იყო, მაგრამ პოლკოვნიკი ჯერ არ ჩანდა და გამოიძებას სულ სხვა პიროვნება აწარმოებდა. მცირეხნიანი დაკითხვის შემდეგ, ქანცგამოცლილმა ნიკურაძემ დასვენება მოითხოვა და ბადრაგმა ის წინასწარი დაკავების ერთადგილიან საკანში წაიყვანა. კარი რომ გაუღო და შეუშვა, სანამ დაკეტავდა, უთხრა:

– მთხოვეს, გადმომეცა, რომ დღეს „ნასედკის“ ორმოციაო.

ნიკურაძემ გვიან გაიაზრა ბადრაგის სიტყვები და ყველაფერს მიხვდა. ჯერ ყმუილი მოუნდა სიმწრისგან, მაგრამ ვერ შეძლო. შემდეგ კი ნარისკენ წალასლასდა და ჩამოჯდა. დილით კი დაკითხვაზე წასაყვანად მოსულმა ბადრაგმა „რიჟა“ ფანჯრის გისოსზე ჩამომხრჩვალი აღმოაჩინა.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი