რომანი და დეტექტივი

სიძე

№20

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 27.05, 2023 წელი

სიძე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #19 (1167)

ქალ-ვაჟი ეზოში ჩავიდა. ნონამ „ჯიპი“ გამოიყვანა და დაცვის ბიჭებს უთხრა:

– დღეს ჭკვიანად მოვიქცევი და არ გაწვალებთ, მაგრამ თქვენც ნუ დამასხდებით კუდზე მაინცდამაინც.

ნონა თავად მართავდა ხოლმე ბოლო მოდელის „ჯიპს“, და დაცვის მანქანას ისე გაუძვრ-გამოუძვრებოდა, რომ ისინი გოგონას მხედველობის არედან კარგავდნენ და „ჯიპიესის“ მეშვეობით პოულობდნენ მიტოვებულ „ჯიპს“, სადაც ნონა უკვე აღარ იჯდა. სწორედ ეს იგულისხმა „რიჟამ“, როცა ქალიშვილს უთხრა, ბიჭები არ აწვალოო.

დაცვის თანამშრომლებმა შვებით ამოისუნთქეს და კბილებამდე შეიარაღებული, კარგად მომზადებული ოთხი ახალგაზრდა „ჯიპით“ დაედევნა ნონას ავტომობილს. ნონა ოსტატურად მართავდა მანქანას და მდუმარედ მჯდომ რომანს უთხრა:

– მანქანის ტარება იცი?

– ისე რა, – მიუგო რომანმა, რომელიც ავტომობილის ექსტრემალურ მართვას უმაღლეს დონეზე ფლობდა.

– გინდა, მაგარი ტარება გასწავლო?

რომანმა მხრები აიჩეჩა და ორაზროვნად თქვა:

– ამის დრო არ მექნება.

– გინდა, მამას ვეტყი და ისეთ ადგილზე დაგნიშნავს, სადაც მეტი თავისუფალი დრო გექნება?

– ნონა, ძალიან გთხოვთ, ეს არ გააკეთოთ. გარწმუნებთ, რომ საქმეს გამიფუჭებთ, ძალიან გთხოვთ.

– კარგი. არ ვეტყვი. მაგრამ თქვენობით აღარ მომმართო და ნონკა დამიძაზე ან – ნონა.

– ნონას დაგიძახებ.

– რატომ?

– ნონკა ძალიან ახლობლურია. ჩვენ კი ერთი საათიც არაა, რაც ერთმანეთი გავიცანით.

– შეიძლება, „რომკა“ დაგიძახო?

– თუ გინდა, დამიძახე, მაგრამ ეს ჩემი მეტსახელია და ზონაში შემარქვეს.

– ციხეში ნაჯდომს სულაც არ ჰგავხარ. მსახიობის გარეგნობა გაქვს. ციხეში რატომ იჯექი?

– ბოდიში, ნონა, მაგრამ, მოდი, სხვა თემაზე გადავიდეთ. მაინც სად და რატომ მივდივართ? ვისთვის უნდა შევარჩიოთ საჩუქარი?

საჩუქრის თემა ნონამ იმიტომ მოიგონა, ისევე, როგორც ვიტიასი, რომ რომკასთან ერთად „გაეტასავა“ და უფრო ახლო გაეცნო ის. გოგონამ მიუგო:

– მეგობრები მყავს შეყვარებულები. ერთმანეთში ჩხუბი მოუვიდათ და გაბუტულები არიან. ხვალ იმ გოგონას დაბადების დღეა და ბიჭის სახელით, საჩუქარი მინდა, გავუგზავნო, იქნებ შერიგდნენ, – წაიზღაპრა ნონაჩკამ და დაამატა, – შენი თავი წარმოიდგინე იმ ბიჭის ადგილზე. რას აჩუქებდი შეყვარებულს დაბადების დღეზე შესარიგებლად?

– მე მართლაც რომ ვყოფილიყავი, ბოდიშს მოვუხდიდი და ვარდების თაიგულს ვაჩუქებდი. მივუტანდი, დავუჩოქებდი და მივართმევდი.

– მართალი ხარ. რა უბრალოა და გენიალური, თან ძალიან რომანტიკული. საჩუქარი კი მაინც ვიყიდოთ და მე შევარჩევ, – თქვა ნონამ და „რომკას“ შეყვარებულის მზერა შეავლო.

ნონკამ „რომკა“ ფეშენებელურ, უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში მიიყვანა და ორიოდე საათი სექცია-სექცია ატარა. დაცვის ბიჭები მათ შორიახლო მიჰყვებოდნენ და მხედველობიდან არაფერი ეპარებოდათ. ბოლოს გოგონამ ძვირფასი შვეიცარიული საათი შეიძინა. რომანს მაჯაზე გაუკეთა და უთხრა:

– ეს შენ ჩემგან – ჩვენი გაცნობის აღსანიშნავად.

„რომკას“ გაეღიმა და უთხრა:

– მადლობა.

– რომა, მე ძალიან მომშივდა. ალბათ, შენც. წამოდი, ვისადილოთ, – უთხრა ნონამ. მაჯაში ხელი ჩაავლო და პატარა, ძვირფასი რესტორნისკენ წაიყვანა.

კერძები რომ აირჩიეს და სადილს ელოდნენ, რომანმა მოიბოდიშა, – ცოტა ხნით გავალო. ათიოდე წუთის მერე კი ვარდების უზარმაზარი თაიგულით დაბრუნდა. ნონას მიართვა და უთხრა:

– ეს შენ – ნონკა. არ გიჩოქებ, ჩვენ ხომ არ გვიჩხუბია. თუმცა, მშვენიერი გოგონას წინაშე დაჩოქებისთვის სულაც არაა აუცილებელი ჩხუბი.

ნონა ნიკურაძეს სახე კიდევ უფრო გაუცისკროვნდა. თვალები კიდევ უფრო მეტი სიყვარულით აევსო და რომანს უთხრა:

– მადლობა. შენი სიტყვები და საჩუქარი იმდენად რომანტიკულია, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ გამოსახატავად.

წყვილმა ფეხით შემოიარა ნახევარი მოსკოვი. შუაღამეზე კი ნონამ სახლამდე მიიყვანა რომანი და გამომშვიდობებისას უთხრა:

– ეს ძალიან ბედნიერი დღე იყო ჩემთვის და მადლობელი ვარ. შეხვედრამდე, ძვირფასო!

სახლში დაბრუნებული ნონა თავის საძინებელში ისე შევიდა, რომ მამას არ შეუარა და ღამე მშვიდობისა არ უსურვა. გოგონას მხოლოდ „რომკა“ უტრიალებდა თავში და სხვა რამეზე ფიქრი არ შეეძლო. დაღლილობის მიუხედავად, საკმაოდ გვიან ჩაეძინა და სიზმარში „რომკას“ ხედავდა.

დაცვის ბიჭები ყველაფერს დაწვრილებით მოუყვნენ „რიჟას“ და არაფერი გამოუტოვებიათ. გაიოზ ნიკურაძემ მშვიდად მოისმინა მათი მონათხრობი, კითხვაც არ დაუსვამს და არც კომენტარი გაუკეთებია.

***

რომან გაგნიძე რომ სახლში დაბრუნდა, შემდგომი მოქმედების გეგმაზე დაიწყო ფიქრი. აშკარა იყო, რომ ნონას რომანი პირველივე ნახვით შეუყვარდა და მზად იყო, „რომკას“ უფრო დაახლოებოდა. ანუ, თავად ნონამ გააკეთა ის, თანაც უმოკლეს დროში, რაც რომანს უნდა გაეკეთებინა. თუმცა, რომანმა ისიც კარგად იცოდა, რომ დაცვის ბიჭები ყველაფერს დაწვრილებით მოუყვებოდნენ ნონას მამას და „რიჟას“ რეაქციას შესაძლოა, ყველაფერი ჩაეშალა. ამიტომ, უფრო მეტი სიფრთხილე იყო საჭირო და „რომკა“ სხვადასხვა მოსალოდნელ ვარიანტებს წინასწარ თვლიდა და „რიჟას“ რეაქციაზე წინასწარ ამზადებდა პასუხებს. ხოლო რეაქცია რომ იქნებოდა, რომანს ამაში ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ როდის და როგორი, რა თქმა უნდა, ზუსტად არ იცოდა. ყველაფერი რომ გულდასმით გაიაზრა, რომანმა დაღლილობა იგრძნო. საათის ისრები დილის 4 საათს უჩვენებდა.. გაგნიძე საწოლში ჩაწვა და დაეძინა.

რომანი მობილურის ზარმა გამოაღვიძა. დილის 9 საათი იყო. ტელეფონს დასწვდა და უპასუხა:

– გისმენთ.

– დილა მშვიდობისა, „რომკა“! მანსური ვარ, ძმაო.

– დილა მშვიდობისა, მანსურ, ძმაო. გისმენ.

– რამდენ ხანში შეგიძლია, რომ „ხოდზე“ იყო. იოსებოვიჩი გიბარებს სასწრაფოდ.

„ნუთუ გუშინდელის გამო?“ – გაჰკრა თავში რომანს და მანსურს უპასუხა:

– მაქსიმუმ, 30 წუთში. შხაპს მივიღებ და ჩავიცვამ.

– კარგი, ძმაო. შენს სადარბაზოსთან გელოდები. შავი „ჯიპით“ ვარ.

„რომკა“ 20 წუთში მზად იყო. სანამ შხაპს იღებდა და იცვამდა, გონებაში ყველა სავარაუდო პასუხი გადაიმეორა და სახლიდან გავიდა. მანსური „ჯიპთან“ იდგა და ეწეოდა. მანქანაში არავინ იყო. მანსური რომ დაინახა, „რომკამ“ ნაბიჯს აუჩქარა. ერთი ნაბიჯის მოშორებით შეჩერდა, შეათვალიერა, შემდეგ გადაეხვია და უთხრა:

– „ინგუშ“, შე ძველო, შენ ხარ მანსური?

– მე ვარ, ძმაო, მე. ზონაში ყველა „ინგუშს“ მეძახდა და უმეტესობამ ჩემი ნამდვილი სახელი არც კი იცის.

მანსურსა და რომანს 6 თვე ერთად მოუწიათ ჯდომა „სტროგაჩებში“, სადაც რომან გაგნიძე ოპერაციის გეგმიდან გამომდინარე გაამწესეს. „ინგუში“ ადრე გავიდა „სვაბოდაზე“ და სწორედ მან დაახასიათა „რომკა“ „რიჟასთან“, როგორც ღირსეული და საიმედო ადამიანი.

– „ინგუშ“, შე ძველო, როგორ გამიხარდა შენი ნახვა. ესე იგი, იოსებოვიჩმა იცოდა, რომ ერთმანეთს ვიცნობდით და განგებ არ მითხრა.

– კი. მასეა. მე მითხრა, მოულოდნელად გავახაროთო. აბა, დავაწექით, გვეჩქარება! – თქვა მანსურმა და „ჯიპი“ ადგილიდან დაძრა.

20 წუთის შემდეგ მანსური და რომანი ოთხსართულიან, ფეშენებელურ ოფისთან მივიდნენ, რომელიც „რიჟას“ ეკუთვნოდა და მოსკოვის პრესტიჟულ, კომერციულ უბანში მდებარეობდა. „ინგუშმა“ „რომკა“ მესამე სართულზე აიყვანა და სანამ რომანს „რიჟას“ კაბინეტში შეუშვებდა, უთხრა:

– მე მოვემზადები, „რომკა“ და დავაწვეთ. აბა, შენ იცი!

„ესე იგი, ნონკას „ბაზარი“ არაა და ეგრევე საქმეზე მიშვებს“, – გაიფიქრა რომანმა. კაბინეტში შევიდა, კარი მოიხურა და თქვა.

– დილა მშვიდობისა, იოსებოვიჩ.

– „ზდაროვა“ „რომკა“. დაჯექი და ყურადღებით მომისმინე, – თქვა „რიჟამ“ და რომანი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ნონა არაფერ შუაში იყო.

– გისმენთ, იოსებოვიჩ.

– კი გითხარი, ორი-სამი დღე დაისვენე-მეთქი, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. შენ და „ინგუში“ სასწრაფოდ თბილისში უნდა გადაფრინდეთ და ჩვენს პარტნიორებს უთხრათ, რომ საქონელს დღესვე, შუაღამით დახვდნენ მეორე მარშრუტზე. „ინგუში“ ყველაფრის საქმის კურსშია და „გაგაიასნებს“, რაც უნდა თქვა და გააკეთო. გერმანული იცი და ამ ენაზე დაელაპარაკები მათ. აი, სულ ესაა ჯერჯერობით და ვნახოთ, შენი პირველი საქმე როგორ ჩაივლის. მიდი, წარმატებას გისურვებ!

– გმადლობთ, იოსებოვიჩ. არ დაგაღალატებთ, – თქვა რომანმა და კარისკენ გაემართა. სანამ გავიდოდა, „რიჟამ“ დაუძახა:

– „რომკა“.

რომანი შეჩერდა. შეტრიალდა და უთხრა:

– დიახ, იოსებოვიჩ, გისმენთ.

– „რომკა“, ცოტა თამამი ქალიშვილი მყავს და გუშინ ძალიან ხომ არ შეგაწუხა?

– არა, რა შეწუხებაა, იოსებოვიჩ. პირიქით, ისეთ უხერხულობაში ჩავვარდი. აი, ეს საათი (რომანმა საათი დაანახვა) მაჩუქა.

– ჰო, – ჩაეცინა „რიჟას“, – ნონკას ძალიან უყვარს საჩუქრების ჩუქება. მეგობრებს თან ჰყვება ხოლმე და როგორც ეტყობა, თავის „კუტოკში“ ჩაგწერა. თავისუფალ დროს შეგიძლია, „ზა კამპანიუ“ იყო მათთან, მაგრამ საქმეზე „ბაზარი“ გამორიცხე.

– რა თქმა უნდა, იოსებოვიჩ.

– ესე იგი, შევთანხმდით – მხოლოდ თავისუფალ დროს. თანაც ყურადღებასაც მიაქცევ, რომ თავისი სითამამითა და ახალგაზრდობით რაიმე შეცდომა არ დაუშვას. ბიჭები კი დასდევენ და იცავენ, მაგრამ მაგრად აწვალებს ხოლმე მათ და სისხლს უშრობს, – თქვა „რიჟამ“ და დაამატა, – კარგი. ახლა კი – საქმე. მიდი, იმოქმედე!

„რომკა“ კმაყოფილი გამოვიდა „რიჟასგან“, რადგან, ფაქტობრივად, ნონკასთან ახლო ურთიერთობის ვიზა მიიღო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი