რომანი და დეტექტივი

სიძე

№19

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 28.05, 2023 წელი

სიძე
დაკოპირებულია

– გიმეორებ, „რომკა“, რომ მარტოდმარტო იქნები იმ მგლების ხროვაში და მცირედი „იაღლიშიც“ რომ მოგივიდეს, შარშანდელი თოვლივით გაგაქრობენ, თანაც, ისე, რომ დამარხვასაც ვერ ეღირსები. ამ ოპერაციის შესახებ ვიცით მხოლოდ მე, შენ და მინისტრმა. თუმცა, მინისტრს შენს ვინაობაზე წარმოდგენა არ აქვს.

– მინისტრს არ ენდობით, ამხანაგო პოლკოვნიკო? – ნახევრად ხუმრობით თქვა „რომკამ“.

– ასეთია ჩვენი მუშაობის სპეციფიკა და ეს შენ კარგად იცი. ჩანერგილი აგენტის ვინაობა მხოლოდ მისმა კურატორმა უნდა იცოდეს, თუ, რა თქმა უნდა, ის მეწყვილესთან ერთად არ მუშაობს. შენ კი მარტო იქნები და სიფრთხილისკენაც ამიტომ მოგიწოდებ.

– არ იდარდოთ, ამხანაგო პოლკოვნიკო. პირველად ხომ არ ვასრულებ დავალებას.

– ჩათვალე, რომ სწორედ პირველად ასრულებ. „რიჟასნაირი“ სამიზნე შენ ჯერ არ გყოლია და წამითაც არ მოდუნდე. გახსოვდეს, რომ ის ძალიან ვერაგი და დაუნდობელი ვინმეა. ათასნაირად შეგამოწმებენ, სანამ სერიოზულ საქმეში ჩაგრთავენ. ტოლია რიბკინს უფრთხილდი განსაკუთრებით. უშიშროების ყოფილი პოდპოლკოვნიკია და მეტსახელად „ჯალათს“ უწოდებენ. მის კლანჭებს ჯერ არავინ დასხლტომია და თუ დასჭირდა, ქვასაც აალაპარაკებს.

– დამშვიდდით, ამხანაგო პოლკოვნიკო, ყველაფერი კარგად იქნება, როგორც ყოველთვის.

– იოლი სათქმელია – დამშვიდდი... გავარვარებულ კოცონში გაგდებ ყოველგვარი დახმარების გარეშე.

– გამოვიწრთობი, ამხანაგო პოლკოვნიკო, – მხიარულად თქვა „რომკამ“.

პოლკოვნიკმა საათს დახედა და თქვა:

– საათ-ნახევარში შენი მატარებელი გადის. ერთ საათში კი – ჩემი თვითმფრინავი. აბა, შენ იცი! წავედი. ნახევარ საათში შენც გამოდი.

– შეხვედრამდე, ამხანაგო პოლკოვნიკო! – თქვა „რომკამ“ და პოლკოვნიკს ხელი ჩამოართვა.

– ნახვამდის, „რომკა“, ფრთხილად იყავი! – მიუგო პოლკოვნიკმა და ბინიდან გავიდა.

კონსპირაციული ბინა, სადაც ერთმანეთს „რომკა“ და პოლკოვნიკი შეხვდნენ, ციმბირის ქალაქ ირკუტსკში მდებარეობდა. 46 წლის პოლკოვნიკი პეტრე ვორობიოვი, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჩანერგვის სამსახურის განყოფილების უფროსი და „რომკას“ კურატორი იყო. „რომკა“ 26 წლის ლეიტენანტი რომან გაგნიძე იყო. რომანი ჩანერგვის ოპერაციაში მონაწილეობდა. მას გაიოზ ნიკურაძის კლანში უნდა შეეღწია და ამ კარგად ორგანიზებული დაჯგუფების შესახებ მყარი კომპრომატები მოეპოვებინა. გაიოზ ნიკურაძეს კანონიერი ქურდის სტატუსი ჰქონდა. „შავ სამყაროში“ მას „რიჟას“ მეტსახელით იცნობდნენ. თუმცა, გაიოზი კლასიკური კანონიერი ქურდისგან ისევე შორს იყო, როგორც დედამიწა მთვარისგან. ნიკურაძე მაფიოზი ბიზნესმენი იყო და კანონიერი ქურდის სტატუსი მხოლოდ ფარად სჭირდებოდა. 55 წლის „რიჟა“ 25 წლის წინ აკურთხეს ქურდად ციმბირის ერთ-ერთი მკაცრი რეჟიმის ზონაში. მაგრამ მან ნელ-ნელა უგანა კლასიკურ ქურდულ ტრადიციებს. ეპოქის ცვლილება წარმატებით გამოიყენა და როგორც თითქმის ყველა მისი კოლეგა, გამაფიოზდა. თუმცა, მისთვის პრეტენზია არავის წაუყენებია. ისევ ფლობდა ქურდის სტატუსს და ფართომასშტაბიან ქურდულ „სხოდკებშიც“ პირველობას არავის უთმობდა. ან ვის უნდა მოეთხოვა მისთვის პასუხი, როდესაც მისი კოლეგების აბსოლუტური უმრავლესობა მისნაირად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. „რიჟა“, ძირითადად, მოსკოვში ცხოვრობდა, რუსეთის დედაქალაქში, ყველაზე პრესტიჟულ უბანში უზარმაზარი მიწის ნაკვეთი და ფეშენებელური სასახლე ჰქონდა. გაიოზი მთელი რუსეთის მასშტაბით საკმაოდ დიდი ფართობის მიწებს ფლობდა. მათზე სხვადასხვა ბიზნესებს აწარმოებდა, ათასობით ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. კარგად უხდიდა და ყველა კმაყოფილი ჰყავდა. ერთ-ერთი მსხვილი მიწის ნაკვეთი „რიჟას“ ციმბირში ჰქონდა. ნაკურაძე ამ ნაკვეთს ოქროს საბადოს უწოდებდა. იქ ნავთობის დიდი მარაგი იყო და ის ამით ძალიან დიდი, რაც მთავარია, ლეგალური ფულის შოვნას გეგმავდა. და, საერთოდ, ნიკურაძეს ასი პროცენტით ლეგალურ ბიზნესზე გადასვლა უნდოდა. ნელ-ნელა ახორციელებდა კიდეც ამას და არალეგალური ბიზნესებიდან მხოლოდ ნარკოტიკების ტრანზიტი ჰქონდა დარჩენილი. ამ საქმიდან გამოსვლა კი საკმაოდ დიდ რისკთან იყო დაკავშირებული და ისე უნდა ექნა, რომ საერთაშორისო ნარკოსინდიკატის აწყობილი ქსელი არ ჩაეგდო. ასეთ „იაღლიშს“ კი ნიკურაძეს არავინ აპატიებდა და „რიჟა“ ძალიან ფრთხილობდა. ნარკობიზნესიდან გამოსვლას არ ჩქარობდა და საამისოდ შესაბამის მომენტს ელოდებოდა. „გაპატიოსნების“ სურვილის მიუხედავად, „რიჟას“ კრიმინალების მთელი არმია ჰყავდა და სანამ ახალ ხელქვეითს აიყვანდა, საფუძვლიან გამოცდას უწყობდა. ამ საქმით ყოფილი უშიშროების პოდპოლკოვნიკი ტოლია რიბკინი იყო დაკავებული. ძველი „კაგებეშნიკი“ ძალიან გამოცდილი და სასტიკი ადამიანი იყო. ნიკურაძის უსაფრთხოება მას შვეიცარიული საათივით ჰქონდა აწყობილი და მისი მთავარი ამოცანა იყო „რიჟას“ სიცოცხლის დაცვა, კლანში მილიციის აგენტის არშეშვება და გამოვლენა. 60 წლის რიბკინს ცივი, გამჭოლი მზერა ჰქონდა. თითოეულ ახალბედას პირადად უწყობდა გასაუბრებას და ვერაფერს გამოაპარებდი. თუმცა, დაზღვევისთვის რიბკინს „სიცრუის დეტექტორიც“ ჰქონდა შეძენილი და საბოლოო დასკვნის მისაღებად ახალბედებს მასზეც ამოწმებდა. დროგამოშვებით ძველ თანამშრომლებსაც უწევდათ სიცრუის დეტექტორის გავლა და „რიჟას“ კლანში შეპარვა ან ღალატი მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ხოლო თუკი ასეთი „ჩეპე“ მაინც მოხდებოდა, რიბკინი ასეთ ადამიანს ყველაფერს გამოწურავდა, შემდგომ კი უკვალოდ გააქრობდა მას. სწორედ ამის გამო უწოდებდნენ „ჯალათს“ და მასთან კონტაქტს ყველა ერიდებოდა.

„რომკამ“ წარმატებით გაიარა „ჯალათთან“ გასაუბრებაც და „სიცრუის დეტექტორიც“ მოატყუა. ამიტომ, რიბკინმა მას „რიჟასთან“ შეხვედრის „ვიზა“ მისცა და გაგნიძე მეორე დღისთვის გაიოზთან სახლში დაიბარეს. რომანი სოლიდურად გამოწყობილი ეახლა შეფს. ის „რიჟას“ პირადმა მცველებმა საფუძვლიანად გაჩხრიკეს.

რომანი სავარძელში ჩაჯდა და თქვა:

– გამარჯობა!

– გაგიმარჯოს, ძმაო! – ღიმილით თქვა კაბინეტის მასპინძელმა და დაამატა, – ისე ხარ გამოწყობილი, თითქოს დიპლომატიურ სამსახურში იწყებდე მუშაობას. მოგბეზრდა, ხომ, ზონის „ბუშლატით“ სიარული?

– ზონა ცხოვრების სკოლაა, – თქვა „რომკამ“.

– მითხრეს, რომ ეს სკოლა უმწიკვლოდ გაიარე. ხუმრობა ხომ არაა ციმბირის „სტროგაჩებში“ ყოფნა. თანაც, ასეთი ახალგაზრდა კაცისთვის. ჰოდა, ძალიან კარგი. ჩვენს საძმოს ძალიან სჭირდება სკოლაგამოვლილი, პატიოსანი ადამიანები და სწორ მისამართზე მოხვედი. რით გინდა, დასაქმდე?

– რასაც დამავალებთ, ბატონო გაიოზ.

– ბატონი ძალიან ხმამაღლა ჟღერს. ამიტომ, ამიერიდან იოსებოვიჩი დამიძახე.

– კარგი, იოსებოვიჩ.

– შეიარაღებული ძარცვისთვის იჯექი, ხომ? სწორად მახსოვს?

– დიახ, მუხლი შეიარაღებული ძარცვა მქონდა, მაგრამ საქმე არ გაგვიკეთებია. მე და ჩემი პაძელნიკი „ძაღლებმა“ მაშინ მოგვაქციეს ალყაში, როდესაც საინკასაციო მანქანას ველოდებოდით. პერესტრელკაში პაძელნიკი მომიკლეს. მე კი ერთი „ძაღლი“ დავჭერი და გაქცევა მოვახერხე. თუმცა, მეორე დღესვე ამიყვანეს მალინაში. ძარცვა და შეიარაღებული წინაამღდეგობა გამიფორმეს და გამაციმბირეს.

– ჩაგიშვეს?

– დიახ. მეორე პაძელნიკმა ჩამიშვა. მანვე ჩაგვიშვა, როცა საქმეზე მივდიოდით და ალყაშიც ამიტომ მოვექეცით, თორემ სუფთად შევასრულებდით და დიდ კუშსაც მოვხევდით.

– ესე იგი, იარაღი გიყვარს?

– ვის არ უყვარს, იოსებოვიჩ?

– კარგად ფლობ?

– დიახ. ბავშვობაში სროლაზე დავდიოდი და სკოლის მოსწავლეებს შორის თბილისის ჩემპიონიც კი ვიყავი.

– თბილისელი ხარ?

– დიახ. პლეხანოველი.

– მეც თბილისელი ვარ, ორთაჭალელი. მაგრამ ორმოცი წელია, რაც იქიდან წამოვედი. შენ როგორ მოხვდი რუსეთში?

– სკოლა რომ დავამთავრე, უმაღლესში მინდოდა ჩაბარება. ლონდონისა და პარიზის ფული ჩემებს არ ჰქონდათ. მოსკოვში კი დედაჩემის და იყო გათხოვილი და აქ გამომიშვეს. ერთი წელი „ემგეუში“ ვისწავლე დასავლეთ ევროპულ ფაკულტეტზე. მერე კი თავი დავანებე და ჩალიჩი დავიწყე.

– შენ ნასწავლი კაცი ყოფილხარ. უცხო ენა თუ იცი?

– დიახ, ინგლისური და გერმანული.

– ძალიან კარგი. უცხოელებთან საკონტაქტო ჯგუფში იმუშავებ. პატარა სატრანზიტო ბიზნესი გვაქვს და ჯერჯერობით იქ გაგამწესებ. შენი მოვალეობა ტვირთების გაცილება და ჩამოტანა, საბუთების გაფორმება იქნება. ხშირად მოგიწევს საზღვარგარეთ ყოფნა. მოკლედ, არ მოიწყენ. ძალიან სერიოზულ ხალხთან გექნება საქმე და თუ თავს გამოიჩენ, არ წააგებ. სწორედაც რომ, ზედგამოჭრილია შენთვის ჩაცუმლობის ეს კლასიკური სტილი და სულ მასე იარე. სამ დღეში საქონლის ახალი პარტია უნდა წავიღოთ სტამბოლში და დამხმარედ გაგაყოლებ. ნახე, დააკვირდი და ისწავლე. ღამის გასათევი ხომ გაქვს?

– დიახ. დეიდამ სამოთახიანი ბინა დამიტოვა კალინინის გამზირზე და იქ ვცხოვრობ.

– ძალიან კარგი. ჯერჯერობით დაისვენე. მანსური დაგირეკავს და გეტყვის, რა და როგორ. მობილური სულ ჩართული გქონდეს, – თქვა ნიკურაძემ. საწერი მაგიდის უჯრიდან ათი ცალი ასდოლარიანი ამოიღო, რომანს გაუწოდა და დაამატა, – ეს – შენ, წვრილმანი ხარჯებისთვის, ახლა კი, ნახვამდის!

– ნახვამდის, იოსებოვიჩ, – მიუგო „რომკამ“ და კარისკენ გაემართა.

უცებ კარი გაიღო და კაბინეტში თხელი, მაღალი, ლამაზსახიანი გოგონა შემოვიდა. რომანზე წამით შეაჩერა მზერა და გზა განაგრძო. მაგრამ, ეს წამიერი მზერაც საკმარისი იყო, „რომკასთვის“ იმის მისახვედრად, რომ გოგონას გაგნიძე ესიმპათიურა. გოგონა კი „რიჟას“ ერთადერთი ქალიშვილი იყო და რომანმა ის უმალვე იცნო. ოპერაციის მზადების პროცესში რომანს ბევრი ფოტო ჰქონდა ნანახი, მათ შორის, 23 წლის ნონასიც. გეგმის მიხედვით, „რომკას“ ნონა უნდა მოეხიბლა. გოგონასთან მჭიდრო ურთიერთობა დაემყარებინა და რაც შეიძლება, მაქსიმალურად მიახლოებოდა „რიჟას“. რომან გაგნიძე ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა იყო და ქალების „შებმის“ ხელოვნებასაც კარგად ფლობდა.

„ტუზი დამეცა“, – გაიფიქრა რომანმა და გადაწყვიტა, იქვე შეექმნა ხელსაყრელი სიტუაცია ნონასთან დაკავშირებით, ანუ შეემოწმებინა მართლა მოეწონა თუ არა ნონა ნიკურაძეს „რომკა“ და თუ მოეწონა, მაშინ გოგონა თავად წამოვიდოდა „რომკასთან“ კონტაქტზე. ამიტომ რომანმა „რიჟას“ კაბინეტის კარზე დააკაკუნა და როდესაც მოესმა, შემოდიო, კარი გააღო და გაიოზ ნიკურაძეს მიმართა:

– უკაცრავად, იოსებოვიჩ, რაღაც უნდა გითხრათ.

– შემოდი, – უთხრა „რიჟამ“ რომკას, შემდეგ კი ქალიშვილს ანიშნა, გადიო და გოგონამ რომ კაბინეტი დატოვა, რომანს უთხრა, გისმენ.

– იოსებოვიჩ, ზონიდან „ნადზორი“ გამომყვა, ანუ 6 თვის განმავლობაში საღამოს 9 საათის მერე ბინის დატოვების უფლება არ მაქვს და ეს საკითხი როგორ მოვაგვარო?

– მართალი ხარ. მეც გამომრჩა ამის თქმა. უკვე ყველაფერი მოგვარებულია და შეგიძლია, უკონტროლოდ გადაადგილდე, სადაც მოგესურვება და თითსაც კი ვერავინ დაგაკარებს, – უთხრა „რიჟამ“ „რომკას“.

– გმადლობთ, იოსებოვიჩ. შეხვედრამდე! – თქვა რომანმა და გაიოზ ნიკურაძის კაბინეტიდან გავიდა. როგორც კი დერეფანში გავიდა, იქვე მდგომი ნონა დაინახა და გაიფიქრა, – „ათიანში მოვარტყი, გოგონა მე მელოდება“.

რომანმა მომხიბვლელად გაუღიმა ნონას და ის-ის იყო, უნდა გასცდენოდა, რომ გოგონამ უთხრა:

– უკაცრავად, თქვენ ვიტია ხომ არ ხართ?

„რომკას“ არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ „ვიტია“ დაკონტაქტების საბაბი იყო და მეტი არაფერი. ამიტომ, სვლა შეანელა და ნონას უთხრა:

– არა. შეგეშალათ. სამწუხაროდ, მე ვიტია არ ვარ და რომანი მქვია.

„რომკა“ ვითომ წასვლას აპირებდა, მაგრამ ნონამ მას უთხრა:

– უკაცრავად, თქვენ ძალიან ჰგავხართ ჩემი ბავშვობის მეგობარს, ვიტიას. ის თითქმის თხუთმეტი წელია, არ მინახავს და მეგონა, ვიტია იყავით. ესე იგი, რომანი, ხომ?

– დიახ, – მიუგო „რომკამ“.

გოგონამ რომანს ხელი გაუწოდა და უთხრა:

– ვიცნობდეთ ერთმანეთს. მე ნონა ნიკურაძე ვარ.

– რომან გაგნიძე, – მომხიბვლელად გაუღიმა გოგონას „რომკამ“.

– მამასთან იწყებთ მუშაობას? – იკითხა ნონამ.

– დიახ, – თავი დაუკრა გაგნიძემ.

– რა პოზიციაზე?

– რასაც დამავალებენ.

– ახლა გცალიათ?

– ახლა კი. ორიოდე დღე დასასვენებლად მომცეს.

– შეიძლება, პატარა დავალება მეც მოგცეთ? – თქვა ნონამ და დაამატა, – უფრო სწორად, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს.

– დიახ, გისმენთ.

– შეგიძლიათ, საჩუქრის ასარჩევად მაღაზიაში გამომყვეთ?

„უკვე დაბმულია“, – გაიფიქრა რომანმა. ნონას დასანახად კი შეიშმუშნა და უთხრა:

– უკაცრავად, ნონა, მაგრამ ძალიან მეუხერხულება. იოსებოვიჩი არ გაბრაზდეს ამის გამო.

– მამა?

– დიახ, მამათქვენი.

ნონამ მობილურზე დარეკა, ხმამაღალზე ჩართო და თან რომანს უყურებდა.

– გისმენ, ნონაჩკა, – თქვა „რიჟამ“.

– მამიკო, შეიძლება, რაღაც გთხოვო?

– რა თქმა უნდა.

– მამიკო, შეიძლება, საჩუქრის ასარჩევად მაღაზიაში შენი ახალი თანამშრომელი გავიყოლო?

– ვინ ახალი თანამშრომელი? – უცებ ვერ მიხვდა „რიჟა“.

– რომანი.

– რომანი?

– ჰო, რომანი. ხომ არ გაბრაზდები?

– წაიყვანე, მაგრამ რა და ვისთვის გინდა? მითხარი და სახლში მოვატანინებ, რაც გსურს.

– არა, არა, მაღაზიაში უნდა ვიყიდო.

– კარგი. წადი, მაგრამ ფრთხილად იყავი და ბიჭები არ აწვალო.

– კარგი, არ ვაწვალებ.

– არ მეტყვი მაინც, რაშია საქმე?

– მერე მოგიყვები. წავედი! – თქვა ნონამ და მობილური გათიშა. შემდეგ „რომკას“ მიუბრუნდა და უთხრა:

– ხომ გაიგონე, – წადითო. წავედით „რომკა“.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი