რომანი და დეტექტივი

შეცდომის ფასი

№44

ავტორი: ნია დვალი 20:00 11.11, 2022 წელი

შეცდომის ფასი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #38-43(1139)

ნინოს თავზარი დაეცა, მისი ტვინი სწრაფად მუშაობდა:

– ვიღაცამ სპეციალურად გაუთიშა თირკმელები?! – ნინო ფეხზე წამოდგა, თავისივე ნათქვამი რომ გაიაზრა და ისევ დაჯდა, – კი მაგრამ, ვინ?!

– არ ვიცი, მაგრამ შენ რომ არა, ეს ზუსტად ვიცი.

– აკაკი ამას არ გააკეთებდა, ამაზე წამსვლელი არ არის... მგონია, რომ არ იკადრებდა... – ნინომ უკვე არ იცოდა, ვინ რას იკადრებდა.

– მაგ საქმეს მე მივხედავ. შენზე მომიყევი, რა შევუკვეთოთ?

– მე არაფრის ჭამა არ შემიძლია, ნატურალურ წვენს დავლევ, ნებისმიერს. მყავს შვილი, გოგონა, ათი წლის და ქმარი და დედა, ნუ, ორივეს იცნობ, მარიშას კი გაგაცნობ, თუ მოისურვებ და როცა მოისურვებ. შენ?

– მე ცოლი არ მყავს, მყავდა და აღარ მყავს, თან – ორი.

– ყოჩაღ შენ, – გაიცინა ნინომ, – შვილები?

ლაშამ თავი გადააქნია უარის ნიშნად.

ნინომ საათს დახედა.

– უნდა წავიდე. პაციენტები... – და უხერხულად გაიღიმა, – მაგრამ ჩემი მოპატიჟება ძალაშია. თან, მინდა, დაგეხმარო და ჩემს თავსაც დავეხმარო, გავარკვიო, რა ხდება, მაგრამ ბაბუაშენის ბედი მხოლოდ იმის ნებაზეა, – ნინომ ხელი ზემოთ აიშვირა.

– ვიცი და ყველა აგებს პასუხს, ვინც ეს ჩაიდინა, როცა მეტყვი, გესტუმრებით, – ლაშამ ნინო მანქანამდე მიაცილა, – სამსახურში არაფერი თქვა.

ნინომ თავი დაუქნია.

***

– დედა, დედა, – ნინო ქოშინით შევარდა სახლში, მაგრამ ვერავინ აღმოაჩინა, მხოლოდ მუსიკის ხმა ისმოდა საძინებლიდან. ფეხსაცმელები გაიხადა და ხელები დაიბანა (ამ ჩვევას არასდროს ღალატობდა) და საძინებელში შევიდა. ოთახი ლამაზად იყო მოწყობილი და სანთლები ენთო. ნინომ გაოცებაც ვერ მოასწრო, რომ სააბაზანოს კარი გაიღო და იქიდან გური გამოვიდა, ხალათში.

– ამაღამ მარტონი ვართ. ელენე და მარიშა დედაჩემთან გავუშვი, იქიდან წავა მარიშა სკოლაში. – ნინოს ესიამოვნა, მაგრამ ცოტა ეწყინა, რომ გურის არც კი ახსოვდა, პრობლემა რომ ჰქონდა მის ცოლს. მაინცდამაინც, არც ესიყვარულებოდა, მაგრამ, როგორც ტაქტიანმა ქალმა, ქმარს, რომელმაც გუშინ ფიასკო განიცადა, ანგარიში გაუწია და თამაშში აჰყვა. უცნაური ის იყო, რომ ნინოს გურისთან სექსი არ ესიამოვნა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმარი ძალიან ცდილობდა. მართალია, არაფერი შეიმჩნია, მაგრამ მიხვდა, რომ დღემდე ლოგინშიც მექანიკურად, უსიცოცხლოდ იწვა და თავის საქმეზე ფიქრობდა, ახლა, როდესაც ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა ტვინში და გაიაზრა, რომ ავტონომიური პიროვნებაა, სურვილებით და მისწრაფებებით, ყველაფერმა სხვაგვარი გემო შეიძინა, ზოგი რამ კი აშკარად გაუგემურდა.

ნინო ძალიან ნასიამოვნები ცოლის როლს თამაშობდა, მაგრამ ერთი სული ჰქონდა, ეს ყველაფერი როდის დამთავრდებოდა, ამიტომ აქცენტი სხვა თემაზე გადაიტანა:

– აკაკი, თურმე, ინვესტორს ეძებდა და იცი, ვინ არის? ლაშა. აი, ის ლაშა, დიახ... ხომ გახსოვს?

– რა თქმა უნდა, – უთხრა გურიმ, მგონი, შენ მოსწონდი.

– რა სისულელეა, კაი, ახლა, ნუ თამაშობ ოტელოს. უბრალოდ, ვმეგობრობდით.

– და განგრეული მთვრალი მიადექი სახლში, – გურიმ სიცილი დაიწყო.

ნინოს ამ ისტორიის გახსენება არ უყვარდა: იმ დღეს გურისთან იჩხუბა და სახლიდან გაიქცა, მაღაზიაში არაყი იყიდა და ისე დათვრა, სახლს ვეღარ აგნებდა. ქუჩაში შემთხვევით ლაშას გადაეყარა, არაფრით წააყვანინა თავი თავის სახლში და ლაშასთან გამოფხიზლდა. ამ ამბის გახსენებაზე ყოველთვის წითლდებოდა და კაცმა რომ თქვას, ვითომ იმიტომაც ვერ იცნო ლაშა, რომ ეს ამბავი ტვინის ერთ-ერთ უჯრედში შეხსენების ღილაკის გარეშე ჰქონდა შენახული.

– მადლიერი უნდა იყო, მას შემდეგ არსად გავქცეულვარ შენგან. იმდენი ვიტირე იმ ღამეს, მაგრამ დილით მივხვდი, რომ შენ მიყვარდი, სიზმარში გნახე ღამით. საოცარი სიზმარი იყო, – ნინოს ახლაც გაუცისკროვნდა თვალები იმ სიზმრის გახსენებაზე. – მოკლედ, ლაშა ჩვენთან დავპატიჟე. როდის გეცლება, რომ მოვემზადოთ?

– როცა იტყვი, დედაშენსაც შევუთანხმდეთ.

ნინომ თავი დაუქნია.

– მადლობა დღევანდელი საღამოსთვის, ახლა კი დავიძინებ. – ნინომ ქმარს ლოყაზე აკოცა და გადაბრუნდა, მაგრამ თვალები არ დაუხუჭავს. თავის სიზმარს იხსენებდა: ის სიზმარი რომ არა, ალბათ, გურისთან არასდროს დაბრუნდებოდა.

***

ელენემ თავისი საუკეთესო ჭურჭელი გამოიღო. სუფრა უზადოდ გააწყო, მარიშაც გამოაწყო, თავადაც გამოეწყო, ნინოსაც წაეხმარა და სიძესაც. ყველაფერი მზად იყო – მხოლოდ სტუმარი იგვიანებდა.

– ხომ არ დაურეკავ? – ჰკითხა ელენემ შვილს.

– არა, უხერხულია. თვითონ დარეკავს, თუ აგვიანდება, – იუარა ნინომ და ზარმაც დარეკა.

კარი მარიშამ გააღო და სტუმარს მიესალმა. ელენეც მაშინვე გაეგება სტუმარს.

– მობრძანდი, გენაცვალე, შენი თავი ღმერთმა გამოგვიგზავნა, შენ რომ არა, ჩემს ნინოს რა ეშველებოდა, არც კი ვიცი.

– სიმართლე, ადრე თუ გვიან, მაინც ირკვევა, – ეს თქვენ, – ლაშამ ელენეს ლამაზად შეფუთული ყუთი გაუწოდა, – ვიფიქრე, რომ ყვავილები ბანალური იქნებოდა თქვენნაირი მშვენიერი ქალბატონისთვის.

– თან, ჩემს სიდედრს არც უყვარს, – გურიმ და ლაშამ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

– ეს კი პატარა ქალბატონს, – მომცრო ყუთი სტუმარმა მარიშას გაუწოდა, მარიშამ თავი დაუკრა და თავისი ოთახისკენ გაიქცა, რომ საჩუქარი გაეხსნა. ნინოს გაუკვირდა, რომ ლაშამ მას არაფერი მოუტანა, იმიტომ არა, რომ საჩუქარი უნდოდა, უბრალოდ, ვერ ახსნა, მაგრამ, რასაც ვერ ხსნიდა, არც იმაზე ფიქრით აცდენდა ტვინს.

სუფრასთან ყველა უშუალოდ იქცეოდა. ერთი ის იყო, რომ მარიშა ვერაფრით მიიტყუეს. ბოლოს, როგორც იქნა, გამოვიდა, ოღონდ უკვე საშინაოდ გადაცმული და მხარზე მუქი ყავისფერი ლაქა მოუჩანდა. მარიშამ შეამჩნია, რომ სტუმარი უყურებდა, ამიტომ განუმარტა: ეს ნიშანია, რომ დედიკოს არ დავეკარგო.

– გენეტიკურია? – იკითხა ლაშამ.

– არ ვიცი. ვისგანაა. მაგრამ აშკარად გენეტიკურია, – ყველას ნაცვლად უპასუხა ნინომ.

ლაშამ კიდევ ერთხელ შეხედა მარიშას მხარს და ისევ ჩაერთო საუბარში. გურის ტელეფონი გამუდმებით რეკავდა, მართალია, ხმა გამორთული იყო, მაგრამ ეკრანის ნათება ყველასთვის შესაჩნევი იყო. გურიმ მოიბოდიშა და გავიდა. მცირე ხანში დაბრუნდა.

– ბოდიში უნდა მოვიხადო. აუცილებლად უნდა გავიდე, ძალიან მალე მოვალ. ჩემს მოსვლამდე არ წახვიდე, დამპირდი, – მიუბრუნდა ლაშას. ლაშამ თავი დაუქნია.

– დესერტის დროა, აივანზე მოგართმევთ, მე კი მარიშას დავაძინებ, – შესთავაზა ელენემ სტუმარსა და ქალიშვილს, ამასობაში გურიც შემოგიერთდებათ.

– მე თვითონ გავიტან, დედა, – ნინო ადგა და ლაშა აივანზე შეიპატიჟა. მშვიდი საღამო იყო, მთვარიანი, ღრუბლები ფენა–ფენა ეწყო ცაზე, მთვარის შუქი ანათებდა და ცა ზღვას ჰგავდა. ნინოს ცის ყურება უყვარდა და ერთ ხანს თვალი ვერ მოსწყვიტა.

– ღამღამობით ისევ უყურებ ცას? – ჰკითხა ლაშამ.

ნინომ გაიცინა.

– გახსოვს?

– კი, სულ ცაში იყურებოდი და ძალიან მიწიერი პროფესია არჩიე.

– ჰო, ასე გამოვიდა. ნუ, როგორც არის, აბა, კოსმონავტი ჩემგან არ დადგებოდა.

ორივე გაჩუმდა, რაც, საბოლოოდ, სამარისებურ დუმილში გადაიზარდა. პირველი ნინო გამოერკვა:

– აკაკის რა მოუვა?

– არ ვიცი, ალბათ, დაიჭერენ. – უპასუხა ლაშამ და პერანგი შეიხსნა.

– მხარი გტკივა? – ჰკითხა ნინომ.

– არა, რაღაც უნდა გაჩვენო, – ლაშამ პერანგი გადაიწია და ზუსტად ისეთი ფორმის მუქი ყავისფერი ლაქა გამოაჩინა ლავიწის ძვალზე, როგორიც მარიშას ჰქონდა, ოღონდ შედარებით დიდი.

– ეს რა არის? – ჰკითხა ნინომ.

– ეს გენეტიკურია, ბაბუაჩემისგან გამომყვა.

– მერე?! – ჰკითხა ნინომ.

– შენს შვილსაც ზუსტად ასეთი აქვს.

– მერე რა? – ისევ ჰკითხა ნინომ.

– არაფერი?! – კითხვა შეუბრუნა ლაშამ.

ნინო დაბნეული უყურებდა:

– ვერ ვხვდები.

– შენ მართლა არაფერი გახსოვს?

– რა უნდა მახსოვდეს?! – გაიკვირვა ნინომ.

– თუ გაწყობს, რომ არ გახსოვდეს, კარგი, არ გახსოვდეს.

ნინო გაღიზიანდა: ქარაგმებით რატომ მელაპარაკები, რა უნდა მახსოვდეს ან მარიშა რა შუაშია?!

– მე მგონია, რომ ჩემი შვილია.

– ახლა მოიცა, შენი შვილი როგორ იქნება?! გამორიცხულია! – თქვა ნინომ.

ნინომ ეს ისე გულწრფელად თქვა, ლაშა მიხვდა, რომ ნინოს მართლაც არაფერი ახსოვდა, ამიტომ არაფერი უპასუხა.

ნინო კი ხმამაღლა ფიქრობდა:

– მე ბევრი დავლიე, ძალიან დავთვერი, სამარცხვინოდ დავთვერი... ისე მრცხვენოდა შენი, იმიტომაც აღარასდროს აღარ მინდოდა შენი ნახვა. მერე შენთან მოვედი, რატომ მოვედი შენთან, არ მახსოვს. მერე ვტიროდი, იმიტომ რომ გურის ვეჩხუბე, მერე ჩამეძინა და სიზმარი ვნახე. მერე გავიღვიძე, ისევ ნასვამი ვიყავი. შენ არ იყავი, თავი მტკიოდა, შემრცხვა და გამოვიქეცი. სულ ეს იყო. რამე კიდევ?! – ნინო მომლოდინე თვალებით მიაჩერდა ლაშას.

– მომიყევი სიზმარი, – სთხოვა ლაშამ.

– ვერ მოგიყვები, ძალიან ინტიმური სიზმარი იყო.

– მაშინ მე მოგიყვები, – უთხრა ლაშამ და ნინოს სიზმარი მოყვა. – ეს სიზმარი არ ყოფილა.

ნინომ იგრძნო, როგორ წამოეფინა სიწითლე ყელიდან და ყელშივე დაახრჩო.

– გამორიცხულია! მარიშა გურის შვილია, ჩვენი შვილია!

– თუ გინდა, გენეტიკური ტესტი გავაკეთოთ, – შესთავაზა ლაშამ.

– მე ჩემს შვილს ტრავმას არ მივაყენებ ამ სისულელის გამო, იმიტომ რომ მე დავთვერი ღორივით! – სასტიკად იუარა ნინომ.

– დღემდე გახსოვს სიზმარი და სისულელე როგორაა?! – ჩაეცინა ლაშას.

– მე და შენ ვმეგობრობდით, შენ გურისთანაც მეგობრობდი, მე რაც არ უნდა მეკადრებინა, თუნდაც, ფხიზელ და მით უმეტეს, მთვრალს, შენ რატომ იკადრე?! – ნინო ლაშაზე ბრაზობდა და იმაზე უფრო, რომ, თურმე, მთელი მისი ოჯახური თანაცხოვრება ტყუილზე იყო აგებული.

– მართალი ხარ, უბრალოდ, შენი კანი ისეთი სრიალა და დიდი ხნის ნაცნობი მეჩვენა, შენი თვალები, ტუჩები ისე ახლოს იყო და ისინიც ისე ნაცნობი ჩემთვის, უნებლიეთ მოხდა. არ მინდოდა, მართლა, არ მინდოდა, ასე მოვქცეულიყავი, თან, შენ ვერც მცნობდი, ვინ ვიყავი. მე არ მისარგებლია შენი მდგომარეობით, მე თავი ვეღარ გავაკონტროლე და იმიტომ წავედი, როცა ჩაგეძინა, თვალებში ვერ შემოგხედავდი, ვერც გურის... მაგრამ შენც სიზმარივით დაგამახსოვრდა, – ლაშა ძალიან ახლოს მივიდა ნინოსთან და ნინო მიხვდა, რას გულისხმობდა ლაშა თვალებში, რომელსაც უყურებ და ზუსტად იცი, რომ დაბადებამდეც ჩაგიხედავს მათში.

სამზარეულოში რაღაცამ გაიწკრიალა და ნინომ მკვეთრად დაიხია უკან, თითქოს გამოაფხიზლესო.

– გთხოვ, წადი, უნდა ვიფიქრო.

– გურის არ დაველოდო? – ნინომ ისეთი მრისხანე მზერით შეხედა ლაშას, რომ ლაშა ხმის ამოუღებლად მიტრიალდა და გავიდა.

***

მივხვდი, რომ სამზარეულოში დედაჩემმა გამოსცა წკრიალი და ახლაც იქ იყო: გამოდი, დედა, ყველაფერი გაიგონე?

– არ მომიყურადებია... შემთხვევით... და ვეღარ გამოვედი, მომერიდა...

მე და დედაჩემი ერთმანეთს ვუყურებდით და ვერც ერთი ვერ ვიღებდით ხმას.

– რას იზამ? – ბოლოს მკითხა ელენემ.

– წარმოდგენა არ მაქვს. ერთი ის ვიცი, რომ დაძინება არ მიშველის, – დედაჩემი აშკარად მეთანხმებოდა, – მთელი ცხოვრება საკუთარი თავი უშეცდომო, იდეალური, მართალი, ერთგული, წესიერი მეგონა და ერთ კაცს გავაზრდევინე მეორე კაცის შვილი.

– ყველაფერი ხდება, – მამშვიდებდა დედაჩემი, – მე მარიშა მადარდებს.

– ლაშა კარგი ადამიანია, იქნებ ყველაფერი ისე დატოვოს, როგორც არის, – იმედით შევხედე დედაჩემს.

– ლაშამ რომც დატოვოს, ტყუილში აცხოვრებ გურის და მარიშას და შენც ტყუილში იცხოვრებ? – ეჭვით შემომხედა დედაჩემმა, – დატოვება რომ უნდოდეს, არ მოიქცეოდა დღეს ისე, როგორც მოიქცა. არ შეიმჩნევდა. გური კი მეცოდება... – დედაჩემმა ბოლო ორი სიტყვა ძალიან სევდიანად თქვა.

– იქნებ მაპატიოს?! – ისევ ვკითხე დედაჩემს.

– რა უნდა გაპატიოს? ის, რაც არც გახსოვდა და არც იცოდი?! აქ პატიების ამბავი არ არის, აქ პრობლემა ისაა, როგორ მიიღებს ამ ამბავს. ისეც ხდება, რომ ყველა მართალია, არავის არავისთვის ცუდის გაკეთება არ უნდა, მაგრამ ასე გამოდის, – და დედაჩემმა მოულოდნელად მკითხა, – გური გიყვარს?

უცებ დავიბენი, იმიტომ რომ ამაზე კარგა ხანია, აღარ მიფიქრია. პირი გავაღე, რომ მეპასუხა, მაგრამ დედაჩემმა დამაწრო:

– ამდენს როცა ფიქრობ, შენც იცი, ეს რას ნიშნავს.

– გური კარგი მამაა, მარიშას უყვარს.

– კი, მარიშას უყვარს, მარიშაც უყვარს... დიდი გოგო ხარ უკვე, აუცილებლად იპოვი გამოსავალს. მთავარია, სწორად მოიქცე. როდესაც სწორად იქცევი, ამას ყოველთვის მოაქვს შედეგი, – ელენემ შუბლზე მაკოცა და აივანზე მარტო დამტოვა.

***

გური იმ ღამით სახლში არ მოსულა. არც მე დამირეკავს მისთვის. მე, რა თქმა უნდა, მკვდარივით ჩამეძინა და ჩემი სიზმრი ვნახე. ალბათ, იმიტომ რომ შეხსენების განსაკუთრებული ღილაკი დავუყენე ტვინს იმ უჯრაში, რომელშიც ათი წლის წინათ შევინახე. დილით ადრე გამეღვიძა, დედაჩემსაც კი ისევ ეძინა. სახლიდან ჩუმად გამოვედი და კუს ტბაზე ავედი. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, სიჩუმე რბილი აბრეშუმივით შემოკვროდა ფიჭვებს. ჰაერი ისე კამკამებდა, რომ თვალებს მჭრიდა. ჩიტები გამაყრუებლად ჭიკჭიკებდნენ. სიმშვიდის სურნელი იდგა, სიმშვიდის და ფიჭვების, რომლებიც სიოს შეხებაზე ირხეოდნენ, მაგრამ ხმას არ გამოსცემდნენ. ნათელ ცას ვუყურებდი და სიცარიელიდან ველოდი პასუხს. პასუხი იგვიანებდა, იმიტომ რომ პასუხების ადგილი გულია, საბოლოოდ კი ყველა ნაბიჯის გამო გიწევს ხარკის გაღება. პასუხისმგებლობის ტვირთი მძიმეა, მაგრამ, ადრე თუ გვიან, სწორედ ამ ტვირთის ზიდვის გამო ჯილდოვდები. ტელეფონი ამოვიღე და დაუფიქრებლად დავრეკე.

– გური, შენთან სალაპარაკო მაქვს... ვერა, ვერ გადავდებთ. გაეთავისუფლე დღეს სამსახურიდან...

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი