რომანი და დეტექტივი

შეთქმულების თეორია

№7

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 27.02, 2021 წელი

შეთქმულების თეორია
დაკოპირებულია

– ისევ შეთქმულების თეორიას აწვები? – გაეცინა კობეშავიძეს. თავი გააქნია და დაამატა, – ბიჭო, როდის უნდა დაანებო თავი ამ კონსპირაციულ მამაძაღლობებს. მინისტრი ხარ და ცოტა სხვა ხარისხში გმართებს აზროვნება.

– მინისტრი რომ ვარ, სწორედ, ამიტომაც ვამბობ ამას და ძალიან მართალი ვარ, – მიუგო კობეშავიძეს აბულაძემ.

– გიჟია ეს კაცი, ვასო, რას იტყვი შენ? – უთხრა კობეშავიძემ კვაჭაძეს, აბულაძეზე მიანიშნა და ხუმრობით დაამატა, – ეს იმდენს იზამს, რომ თავისი შიზოფრენიული გამოხტომებით მართლა გაშიზოფრენიკდება. ამიტომ, უახლოეს ბიუროს სხდომაზე მისი მოხსნის საკითხს დავაყენებ და მხარსაც დამიჭერენ.

– მერედა, გენოზე უკეთესს ვის დანიშნავთ? – სიცილით თქვა კვაჭაძემ, რაზეც კობეშავიძემ მიუგო:

– თუნდაც, შენ. რა, მინისტრობას ვერ გაქაჩავ?

აბულაძემ ხელი ჩაიქნია და თეფშზე მწვადის ნაჭერი გადაიღო. კვაჭაძემ კი კობეშავიძეს უთხრა:

 

– გაჩერდი, თორემ, გულში ჩაიდებს და მართლა გამიშვებს თანამდებობიდან.

– ვერ გაგიშვებს. ნუ გეშინია. მე აქ ვარ, – სიცილით თქვა კობეშავიძემ. აბულაძემ კი მწვადი ჩაკბიჩა და თანამესუფრეებს უთხრა:

– იცინეთ, იცინეთ და მართალი რომ აღმოვჩნდები, მაშინ გავიხსენოთ ეს სიტყვები.

– რა სიტყვები, ბიჭო? შენ რომ დაგიჯეროს კაცმა, მთელ მსოფლიოში მიმდინარე ყველა პროცესი ყველა სფეროში ერთიანი ცენტრიდან იმართება და სისულელეა, აბა, რაა? – უთხრა კობეშავიძემ აბულაძეს და დაამატა, – შეთქმულების კონსპირაციული თეორია სისულელეა.

– სისულელეა, ხომ, შენი აზრით? – უთხრა აბულაძემ კობეშავიძეს, რომელმაც მტკიცედ მიუგო:

– კი. სისულელეა, თანაც, მაგარი სისულელე.

– ესე იგი, შეთქმულებები ბუნებაში არ არსებობს, ხომ,? – ჰკითხა აბულაძემ.

– ვინ გითხრა, რომ არ არსებობს. რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ რა შუაშია, როგორც შენ ამტკიცებ ერთიანი, უხილავი ცენტრი, რომელიც ამ ყველაფერს მართავს? გეგმავს კიდეც, ასრულებს კიდეც და აჩერებს, ანეიტრალებს კიდეც? – მხრები აიჩეჩა კობეშავიძემ. „მოციქულთა საბჭო“ არა, ბიჭო, კვახი. ვიღაც ფანატიკოსმა „სირებმა“ რაღაც დროებით საძმო შეკრეს და უბერავენ.

– ჰო, რა თქმა უნდა, – უბერავენ, – გამოაჯავრა აბულაძემ კობეშავიძეს და დაამატა, – იტალიურ ეზოებში „პადვლებს“ ტეხენ და ზამთრისთვის შენახულ კომპოტებს იპარავენ.

– ბიჭო, კომპოტები რა შუაშია? ბინ ლადენიც გაგულავდა ერთი პერიოდი, მაგრამ მოიხელთეს და მისგან სველი ადგილიც არ დატოვეს, – ნიშნის მოგებით თქვა კობეშავიძემ.

– არ გესმის, ძმაო, საგანი და რა გიყო? ბინ ლადენმა ამხელა ტერორისტული ქსელი თავისი ხოშით შექმნა. არავინ ეხმარებოდა და ამხელა უბედურება დაატრიალა. ვერ იჭერდნენ მრავალი წლის განმავლობაში და ბოლოს, როგორც ირქნა, დაბრიდეს, – ირონიით თქვა აბულაძემ და დაამატა, – ან დაბრიდეს, ან არა. და ყველაფერი ისეთი სცენარით განვითარდა, როგორც ეს დაგეგმილი იყო. შენ რომ კაცმა გკითხოს, ჯონ კენედი და მისი ძმა მარტოხელა ფანატიკოსებმა დახოცეს და არა შეთქმულებმა, ხომ?

– შენ, რა თქმა უნდა, იმ შეთქმულთა ბანდის შემადგენლობაც გეცოდინება, – ირონიითვე უპასუხა კობეშავიძემ აბულაძეს.

– სულაც არ არიან შეთქმულები ბანდა. პირიქით, მათ უმაღლესი ორგანიზებულობა აქვთ. ყველგან თავისი ხალხი ჰყავთ და ყველა პროცესს შესაბამისი გეგმით მართავენ. ამიტომ, ტყუილად ფიქრობ, რომ „მოციქულთა საბჭო“ დანებით შეიარაღებული პლეხანოველი ხულიგნები არიან და მათ იოლად ჩაავლებენ. მათ თავიანთი მისია უნდა შეასრულონ და შემდეგ გაუშვებენ სცენიდან, – თქვა აბულაძემ და დაამატა, – ისე, ლევან ჩემო, შემთხვევით, იმ საიდუმლო ორგანიზაციის წევრი ხომ არ ხარ, რომლის არსებობასაც ასე აქტიურად უარყოფ? ხომ იცი, რომ ასეთ საქმეებში პირიქითაა და ვინც ყველაზე აქტიურად უარყოფს რაღაცას, სწორედ ისაა იმ რაღაცის მომხრე.

– ეჰ, გაგაფრენინა ამ შეთქმულების თეორიებმა, – ხელი ჩაიქნია კობეშავიძემ და დააყოლა, – ჯობია, ისევ სუფრას დავუბრუნდეთ და დავლიოთ. ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს!

– ასე, რა, თქვე დალოცვილებო, თორემ ტვინი წაიღეთ. ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს! თქვა ვასო კვაჭაძემ და ღვინის ჭიქა ბოლომდე გამოცალა. იგივე გაიმეორა გენო აბულაძემაც და თანამესუფრეებმაც საუბრის თემა შეცვალეს.

⚜⚜⚜

თბილისის ახლოს, მყუდრო რესტორანში შეკრებილი ტრიო ქვეყნის მაღალჩინოსნები იყვნენ. გენო აბულაძეს უშიშროების მინისტრის პოსტი ეკავა. ვასო კვაჭაძე კონტრდაზვერვას ხელმძღვანელობდა, ლევან კობეშავიძე კი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მაღალჩინოსნობის გარდა, მათ ის აერთიანებდათ, რომ ბავშვობის ძმაკაცები, თანაკლასელები და თანაკურსელებიც იყვნენ. ამ ტრიოს ამერიკული განათლებაც ჰქონდა მიღებული. მაგრამ იმ განსხვავებით, რომ თუკი თავიანთ სამშობლოში სკოლა და უნივერსიტეტი ერთად დაამთავრეს, შეერთებულ შტატებში სხვადასხვა უნივერსიტეტში მოუწიათ განათლების მიღება, თუმცა ერთსა და იმავე წლებში. ერთი სიტყვით, ძმაკაცთა ეს სამეული თანაბრად მიიწევდა წინ და თანამდებობებიც თითქმის ერთდროულად დაიკავეს. ასეთი თანხვედრის მიუხედავად, თითოეულს განსხვავებული ხასიათი და აზრები ჰქონდა. გენო აბულაძე უფრო გაწონასწორებული და ფიქრის მოყვარული ადამიანი იყო. მას მიაჩნდა, რომ მსოფლიოში შემთხვევით, დაუგეგმავად არაფერი ხდებოდა და რომ ამ პროცესს საიდუმლო ცენტრი მართავდა. ლევან კობეშავიძე უფრო ლიბერალი იყო. ყველაფერს კრიტიკულად უყურებდა და აბულაძის აზრებს ირონიით ხვდებოდა. ვასო კვაჭაძე კი ნეიტრალურ პოზიციაზე იდგა. თავის შეხედულებებს მკვეთრად არ გამოხატავდა და ცდილობდა, რომ ძმაკაცებში მედიატორის როლი შეესრულებინა. ხასიათთა და შეხედულებათა განსხვავების მიუხედავად, მათ ყველაზე მეტად ის აერთიანებდათ, რომ თავდავიწყებამდე უყვარდათ თავიანთი სამშობლო და მზად იყვნენ, უყოყმანოდ გაეწირათ მისთვის თავი. მართალია, მათ სუფრულ შეხვედრებზე ყოველთვის დიდი დავა-კამათი იყო, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი მარტონი იყვნენ. სხვების თანდასწრებით კი ეს ტრიო სუფრულ ფარგლებს არ სცილდებოდა და მათგან ზედმეტ სიტყვასაც ვერ გაიგონებდით. ტრიოს ბოლო სუფრული ჯახი, ეგრეთ წოდებული, „მოციქულთა საბჭოს“ თემის ირგვლივ განვითარდა. „მოციქულთა საბჭო“ ახალი, აქამდე უცნობი ტერორისტული ორგანიზაცია იყო. ის სულ რაღაც ორი თვის წინ გამოჩნდა საერთაშორისო ასპარეზზე და სამყარო სამხრეთ აფრიკაში განხორციელებული ორი სისხლიანი ტერაქტით აალაპარაკა. ამ ქვეყნის ორ დიდ ქალაქში ერთი კვირის ინტერვალით ორი ძლიერი აფეთქება განხორციელდა და საერთო ჯამში, ას ოთხმოცი ადამიანი დაიღუპა, ხუთასზე მეტი კი დაშავდა. ნიშანდობლივი იყო ის, რომ მხოლოდ ამ ორგანიზაციის სახელწოდება და ტერორისტულ აქტებზე აღებული პასუხისმგებლობა გაცხადდა. სხვა მათზე არაფერი იყო ცნობილი. არც რასობრივ-ეროვნული კუთვნილება, არც რელიგიურ-იდეოლოგიური მრწამსი და არც სტრუქტურულ-ტერიტორიული მოწყობა. არ ხმოვანდებოდა არც მათი მოთხოვნები და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ „მოციქულთა საბჭოს“ ეს სისხლიანი ტერორისტული აქტები უბრალო ტერორისტული აქტები იყო და მეტი არაფერი, ანუ მიზანი გაურკვეველი რჩებოდა. სინამდვილეში კი, ამ ტერორისტულ აქტებს წინ უძღოდა სავსებით კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიუვიდა ელექტრონული ფოსტით, სადაც ეწერა, რომ „მოციქულთა საბჭომ“ გადაწყვიტა, გადასახადები აკრიფოს ყველა სახელმწიფოსგან. რომ გადასახადის რაოდენობას თავად აწესებს და გადაუხდელობის შემთხვევაში ურჩ ქვეყანას სასტიკად დასჯის. იქვე ხაზგასმით იყო მითითებული, რომ საქართველოს მთავრობას ასი მილიონი დოლარი უნდა გადაეცა „მოციქულთა საბჭოსთვის“. ეს თვლები ერთი კვირის შემდეგ უნდა მიეტანათ ამაზონის ჯუნგლებში, ზუსტად მითითებულ ადგილზე და დაეტოვებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, „მოციქულები“ იმუქრებოდნენ ორი მრავალმასშტაბიანი ტერორისტული აქტით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ადრესატმა რომ ეს გზავნილი წაიკითხა, სასაცილოდაც არ ეყო და თქვა: სად ერეკლე და სად... თუმცა, საქმის კურსში მაინც ჩააყენა უშიშროების მინისტრი და როგორც წესით იყო დადგენილი, სასწრაფო გამოძიების დაწყება და „ხუმარა ტერორისტის“ გამოაშკარავება დაავალა. გენო აბულაძემ გამოძიება დაიწყო, თან ამერიკელ კოლეგებსაც აცნობა. იმდენად დაუჯერებლად, ფანტასტიკურად ჟღერდა ყველაფერი, რომ პერმანენტულად მობილიზებულმა ამერიკელებმაც კი არ დაიჯერეს და ზერელე, უშედეგო გამოძიება ჩაატარეს. ყველას, ვინც კი ამ გზავნილის საქმის კურსში იყო, ეცინებოდა და ერთადერთი გენო აბულაძე იყო, ვინც ეს მუქარა სერიოზულად აღიქვა. ხოლო, როდესაც სამხრეთ აფრიკაში დაანონსებული ტერაქტები განხორციელდა, მხოლოდ მაშინ მოიქაჩლეს თავი ამერიკელებმა და თბილისში ენტონ კარტერი მოავლინეს. ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მაღალჩინოსანი იყო და კონკრეტულად საქართველოს კურირებდა. ის ჯერ პრემიერს შეხვდა და ინფორმაცია მიაწოდა ამ საკითხზე, თან აუწყა, თბილისში ინკოგნიტოდ ჩამოვა „ეფბეერის“ სპეციალური ჯგუფი და უსაფრთხოებაზე იმუშავებსო. შემდგომ კი გენო აბულაძეს ესტუმრა და მასთან ხანგრძლივი საქმიანი საუბარი ჰქონდა. კარტერმა ქართველ კოლეგას უთხრა:

– ჯერჯერობით „მოციქულთა საბჭოზე“, ფაქტობრივად, არაფერი ვიცით და მხოლოდ ვვარაუდობთ. ჩვენი აზრით, ამ ახლად გამოჩეკილ ორგანიზაციას სურს, თავის გლობალურობაში დაგვარწმუნოს, ანუ განუზომელ მასშტაბებში და დააწესა, რომ ეგრეთ წოდებული, გადასახადები ბრაზილიაში ჩავიტანოთ, ტერორისტული აქტები სამხრეთ აფრიკაში ჩაატარა, თუმცა ეს უშუალოდ საქართველოს ეხებოდა. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს ერთგვარი პიარსვლაც კი იყო ტერორისტების მხრიდან, ისინი შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდნენ, რაც ასე თუ ისე, გამოუვიდათ კიდეც.

კარტერმა რომ აზრი დაასრულა, აბულაძემ უთხრა:

– ეს ყველაფერი გასაგებია, ბატონო კარტერ, მაგრამ ამ „მოციქულების“ მხრიდან კონკრეტული მუქარაა გაჟღერებული, რომლის პირველი ნაწილი შეასრულეს და თუკი ისინი მოთხოვნილს არ მიიღებენ, მაშინ, ძალიან დიდი ალბათობით, მეორე ნაწილსაც შეასრულებენ და საქართველოში სისხლიან ტერაქტებს მოაწყობენ.

– ნუ დარდობთ, ბატონო გენო, საქართველოში ტერაქტები არ მოხდება, – თქვა კარტერმა.

– რატომ ფიქრობთ ასე, ბატონო კარტერ? სამხრეთ აფრიკაში მოაწყვეს და საქართველოში რატომ ვერ შეძლებენ? როგორც ვიცი, სამხრეთ აფრიკაში ბევრად უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემაა, ვიდრე ჩვენთან, – უთხრა მინისტრმა კარტერს.

– ერთ საიდუმლოს გაგანდობთ და ყველაფერს მიხვდებით. მაგრამ ჯერ პირობა უნდა მომცეთ, რომ ამის შესახებ არავის ეტყვით, – თქვა კარტერმა და აბულაძეს მიაჩერდა.

– პირობას გაძლევთ, – თქვა მინისტრმა.

– საქმე ისაა, რომ ტერორისტებს მოთხოვნილ გადასახადს მივცემთ. ეს კი დროის მოგების მიზნით კეთდება. ჩვენ უკვე ფართომასშტაბიანი მოქმედებები გვაქვს დაწყყებული და „მოციქულებს“ მალე გავანეიტრალებთ. ამ ამბის საიდუმლოდ შენახვას კი იმიტომ გთხოვთ, რომ ჩვენ – ამერიკელებს, მტკიცედ გვაქვს გაცხადებული – ტერორისტებთან დათმობაზე არ მივდივართ, თუმცა არ გამჟღავნებაც ხელს არ გვაძლევს, – უთხრა კარტერმა აბულაძეს და დაამატა, – ასე რომ, ბატონო გენო, სანერვიულო არაფერია.

სწორედ, ამ საუბრიდან სამი დღის შემდეგ გაიმართა ძმაკაცთა ტრიოს სუფრული შეხვედრა და აბულაძემ დაარღვია კარტერისთვის მიცემული პირობა და ძმაკაცებს საიდუმლო გაუმხილა, რადგან იოტისოდენადაც არ ეპარებოდა ეჭვი მათ ერთგულებაში. იცოდა, რომ ისინი კრინტსაც არავისთან დაძრავდნენ.

– საღოლ, ძმაო, ამერიკელები! აი, ნამდვილი ძმები ვინ არიან, – თქვა ლევან კობეშავიძემ, როდესაც გენო აბულაძემ კარტერის საიდუმლო გაამხილა.

ვასო კვაჭაძემ, როგორც ყოველთვის, უხმოდ მიიღო ეს ამბავი და აუღელვებლად მიირთმევდა მწვადს. გენო აბულაძემ კი პაუზის მერე ძმაკაცებს უთხრა:

– არც ისე მარტივად უნდა იყოს საქმე, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება, მოგვეჩვენოს. ეს „მოციქულთა საბჭო“ კონკრეტული მიზნებისთვისაა შექმნილი და ღმერთმა უწყის, რას აპირებენ.

ლევან კობეშავიძემ თვალი ჩაუკრა ვასო კვაჭაძეს და თქვა:

– დაეწყო ამას შიზოფრენიული მოვლენები და საიდუმლო ცენტრზე ლაპარაკით ყურს გამოგვიჭედავს.

ამ სიტყვებს ტრადიციული სუფრული ჯახი მოჰყვა. კამათით გული რომ იჯერეს, „პლასტინკა“ შეცვალეს და სუფრა, ტრადიციულად, მშვიდობიანად დაასრულეს.

⚜⚜⚜

ჩაბნელებულ ოთახში დაჩოქილმა დედიშობილა მამაკაცმა ფიცი დადო და წამოდგა თუ არა, ადგილზევე გაქვავდა. ცივმა ხმამ მას მორიგი ბრძანება აუწყა: ათი ნაბიჯი გადადგი და მშვიდად და დინჯად წადი წინ! დედიშობილამ მოძრაობა დაიწყო, თან ნაბიჯებს ითვლიდა – ერთი, ორი, სამი... ათი თქვა თუ არა, ვარდნა დაიწყო და გონებაც დაკარგა.

– აი, ჩვენი ახალი ძმაც, – მშვიდად თქვა თეთრთმიანმა, შუა ხნის მამაკაცმა, რომელმაც გონებამიხდილ დედიშობილას დახედა და მაცხენა დუნდულში უმტკივნეულოდ შეუყვანა უნივერსალური ჩიპი. შემდეგ სახეზე ნიღაბი ჩამოიფარა. სიმულატორში მოთავსებული შიშველი მამაკაცი გამოაფხიზლა და შეცვლილი ხმით უთხრა:

– ახლა, შენ, ჩემო ძმაო, ჩვენი საძმოს ნიშანს მიიღებ და საბოლოოდ ჩვენიანი გახდები. მუცელზე დაწექი და მარცხენა ფეხის ტერფი მიჩვენე.

დედიშობილამ ნიღბიანის ბრძანება შეასრულა. ამ უკანასკნელმა კი მას მარცხენა ფეხის გულზე ლათინურად ძალიან მცირე ზომის W და B ასოები ამოუშანთა, რაც „მსოფლიოს საძმოს“ ნიშნავდა. შემდეგ კი უთხრა:

– ამ წამიდან შენ ჩვენი სრულუფლებიანი წევრი ხარ. ყველა ჩვენს ძმას ასეთი ნიშანი ადევს მარცხენა ფეხის გულზე და ჩვენიანებს ამგვარად შეიცნობ.

დედიშობილა რამდენიმე დღეში კოხტად გამოწყობილი პარიზში, ეიფელის კოშკთან იყო, მას ტელეფონის ზარის ხმა მოესმა, ჯიბიდან მობილური ამოიღო და უპასუხა:

– გისმენთ.

– ტაქსი გააჩერე და აეროპორტ „ორლიში“ გაემგზავრე. გაფრენამდე ორმოცდაათი წუთი დაგრჩა. იჩქარე. ტელეფონი კი ურნაში ჩააგდე.

მან ზუსტად შეასრულა ყველა ბრძანება. თეთრთმიანმა კი ტელეფონი გათიშა და ტყუპისცალს უთხრა:

– ესეც ასე. ოთხ საათში ის თბილისში იქნება და კიდევ ერთი სავსე უჯრაც დაგვემატება.

– დანარჩენების საქმე როგორაა, ტყუპისცალო. ხომ არ დაგვაღალატებენ?

– წესით, არა. აბა, როგორ, მთლიანად ჩვენს ხელში არ არიან? თუმცა, თუკი გაუთვალისწინებელი მოხდა, მაშინ სულს ამოვართმევთ.

– კარგი, კარგი, აგრესია არ გიხდება. წამოდი, დარბაზში შევიდეთ და დანარჩენ ძმებს შევუერთდეთ, ტრაპეზი, ალბათ, უკვე დაიწყო.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი