რომანი და დეტექტივი

შემთხვევა რკინიგზის სადგურზე

№20

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 28.05, 2023 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #7-19 (1167)

იბეჭდება პირველად ქართულ ენაზე

– კვლავ დარიშხანი?

– ქუიმპერი ასე არ ფიქრობს. ალფრედის სიკვდილით პენიც კი არავის მოემატებოდა, – თქვა ბეკონმა, – მაშინ, როცა მოხუცის სიკვდილი ყველას აძლევდა ხელს? გამორიცხული არაა, რომ მკვლელი შეცდა, თუ ფიქრობდა, რომ ჩაი მისთვის იყო განკუთვნილი.

– დანამდვილებით იციან, რომ ჩაიში დარიშხანი ეყარა?

– რა თქმა უნდა, არა. მედდამ, ჩვეულებისამებრ, ყველაფერი საგულდაგულოდ გარეცხა – ჭიქები, კოვზები, ჩაიდანი, ერთი სიტყვით, ყველაფერი. იგი ძალზე კვალიფიციური მუშაკია… მაგრამ, ასეა თუ ისე, ამ ვარიანტის გარდა, სხვა არაფერი რჩება. ახლა სახლში ორი მედდაა, და კიდევ, მის აილსბეროუ. ჩემი ხალხიც დავტოვე იქ. მოხვალთ?

– დიახ, ახლავე წამოვალ.

ლუსი აილსბეროუ ინსპექტორ კრედოკის შესახვედრად გავიდა, ფერმკრთალი და ყურებჩამოყრილი ჩანდა.

– ეს რაღაც დაუსრულებელი კოშმარია… ღამით მომეჩვენა, რომ ყველა კვდებოდა. დარიშხანი კარიში იყო? – გაიოცა ლუსიმ, – თუ ასეა, – განაცხადა ლუსიმ, – მაშინ ეს ოჯახის რომელიმე წევრს ჩაუდენია. საქმე ისაა, რომ ამ წყეული კარის მომზადება საკმაოდ გვიან დავიწყე… ექვსი საათის შემდეგ… სხვა კერძი მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მისტერ კრეკენტორპმა მოულოდნელად ეს დაიჟინა. საკაზმი – დაფქული კარი – ახალი, ხელუხლებელი ქილიდან ამოვიღე, თვითონ გავხსენი. ასე რომ, იქ მის ჩაყრას ვერავინ შეძლებდა. სხვათა შორის, კარი ცხარე საჭმელია და რაც უნდა ჩაყარო, ვერ იგრძნობ.

– დარიშხანს გემო არა აქვს, – დაბნეული სახით ჩაილაპარაკა კრედოკმა, – მოდი, გავერკვეთ. ვის შეეძლო ქვაბში დარიშხანის დაუბრკოლებლად ჩაყრა, სანამ კარი იხარშებოდა?

ლუსი დაფიქრდა.

– კაცმა რომ თქვას, ნებისმიერ მათგანს. რთული არ იქნებოდა სამზარეულოში შეპარვა, სანამ სასადილო ოთახში სუფრას ვაწყობდი.

– გასაგებია. ვინ იყო მაშინ სახლში?

– მოხუცი მისტერ კრეკენტორპი, ემა, სედრიკი, ჰაროლდი და ალფრედი... ბრაიანიც იყო… ბრაიან ისთლი. მაგრამ იგი სადილამდე წავიდა. ვიღაცას უნდა შეხვედროდა ბრეკჰემპტონში.

– აქ აშკარად იჩენს თავს კავშირი შობის დღესასწაულზე მოხუცის ავადმყოფობასთან, – თქვა კრედოკმა, – ქუიმპერი უკვე მაშინ ვარაუდობდა დარიშხანის არსებობას. თქვენი აზრით, წუხელ ყველა ერთნაირად ცუდად იყო?

– ყველაზე ცუდად მოხუცი მისტერ კრეკენტორპი გრძნობდა თავს. დოქტორი ქუიმპერი მას გვერდიდან არ მოსცილებია. უნდა ითქვას, ქუიმპერი შესანიშნავი ექიმია… ჭირვეულობით კი სედრიკი გამოირჩეოდა. ჯანმრთელი, ავადმყოფობას მიუჩვეველი ადამიანები ყოველთვის მოუთმენლები არიან.

– ემაზე რას იტყვით?

– ძალიან ცუდად იყო.

– საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც ალფრედი? ნუთუ მართლა ის იყო წინასწარ შერჩეული მსხვერპლი? – იკითხა ლუსიმ.

– რაღაც უაზრობა გამოდის. ვის აძლევდა ხელს ალფრედის სიკვდილი? აი, მოტივი რომ მაპოვნინა… – დანანებით თქვა კრედოკმა. – თორემ ამ ამბავს კაცი თავსა და ბოლოს ვერ გაუგებს. დავუშვათ, მარტინა დაახრჩვეს, ედმუნდ კრეკენტორპის ქვრივი. ეს თითქმის დამტკიცებულია. რა კავშირია ამ მკვლელობასა და ალფრედის მოწამვლას შორის? არადა, უნდა იყოს… გაფრთხილდით, გახსოვდეთ, რომ სახლში მკვლელია, ერთ–ერთი ავადმყოფი კი, შესაძლოა, თავს იკატუნებს…

კრედოკის წასვლის შემდეგ ლუსიმ დაღლილობას სძლია და ნელა ავიდა მაღლა. როდესაც მოხუცი მისტერ კრეკენტორპის ოთახს ჩაუარა, მისი მბრძანებლური, თუმცა ავადმყოფობისგან ოდნავ დასუსტებული ხმა მოესმა:

– ქალიშვილო, ქალიშვილო! თქვენ ხართ? აქ მოდით!

ლუსი ოთახში შევიდა. ლოგინში წამომჯდარი მისტერ კრეკენტორპი ბალიშებს მიყრდნობოდა. მძიმე ავადმყოფის კვალობაზე, ძალზე მხნედ გამოიყურებოდა.

– სოკო ძალზე საშიში რამაა! – მოულოდნელად თქვა მისტერ კრეკენტორპმა, – ყველაფერი თქვენ მიერ მომზადებული წვნიანის ბრალია. მაგრამ არ გადანაშაულებთ, ქალიშვილო, არ გადანაშაულებთ. ერთი გაფუჭებული სოკოც საკმარისია. ამისგან დაზღვეული არავინაა. ვიცი, კარგი გოგო ხართ, ამას განზრახ არ ჩაიდენდით. ემა როგორ არის?

– დღეს უკეთაა. ჰაროლდიც.

– ალფრედს რა დაემართა? ასე უცებ ფეხები რატომ გაჭიმა?

– ეგ როგორ გაიგეთ? თქვენთვის არ უნდა ეთქვათ, მისტერ კრეკენტორპ.

მისტერ კრეკენტორპს გაეცინა, თავის შეკავება არც უცდია, – მე ყველაფერი მესმის, არაფერი გამომეპარება. მაშ, ალფრედი მოკვდა, არა? ამიერიდან ფულს ვეღარ გამომძალავს, არც არაფერი შეხვდება. გეცოდინებათ, ყველანი ჩემს სიკვდილს ელოდებიან. ეს განსაკუთრებით ალფრედს ეტყობოდა. ახლა კი მოკვდა. ამას ბედის ირონიას ვუწოდებდი.

– ასე არ უნდა ლაპარაკობდეთ, მისტერ კრეკენტორკ, – მკაცრად თქვა ლუსიმ. მოხუცს კვლავ გაეცინა.

– მე ყველა მათგანზე დიდხანს ვიცოცხლებ, – გამარჯვებული სახით წარმოთქვა მან, – აი, ნახავთ, ჩემო გოგონი. ნახავთ, თუ ასე არ იქნება.

***

– ვერ გამიგია, რისთვის დაგჭირდით, – გაღიზიანებული კილოთი თქვა დოქტორმა მორისმა.

– თქვენ დიდი ხანია, კრეკენტორპების ოჯახს იცნობთ, – უთხრა ინსპექტორმა კრედოკმა. – დიახ, დიახ, ყველა კრეკენტორპს ვიცნობდი. ბებერი იეშუა კრეკენტორპიც მახსოვს. კერკეტი კაკალი იყო, თანაც – გამჭრიახი. ბევრი ფული იშოვა, – ექიმი სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა და ინსპექტორ კრედოკს აბურძგნილი წარბების ქვემოდან შეხედა, – მაშასადამე, იმ ახალგაზრდა, სულელ ქუიმპერს დაუჯერეთ? სისულელეა! მელოდრამა! ეს, ცხადია, გასტრიტის ჩვეულებრივი გამოვლინებაა. მახსოვს, მოხუცს ადრეც აწუხებდა. ხშირად არა, მაგრამ მაინც. რა არის აქ განსაკუთრებული? როგოღაც მივხვდებოდი, დარიშხანით რომ მოეწამლათ.

– სხვათა შორის, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამას ცნობილი ექიმებიც ვერ მიმხვდარან, – თქვა კრედოკმა, – არადა, კომპეტენტური, გამოცდილი სპეციალისტები იყვნენ.

დოქტორი მორისი წამით გაჩუმდა და განაგრძო:

– მითხარით, თუ ეს მართლა მოხდა, დოქტორ ქუიმპერის აზრით, ვინ ჩაიდინა?

– მან არ იცის, – მიუგო კრედოკმა, – გეცოდინებათ, საქმე დიდ ფულს ეხება. ისინი მას მხოლოდ ლუთერ კრეკენტორპის სიკვდილის შემდეგ მიიღებენ, რაც ძალიან უნდათ.

– თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფულისთვის საკუთარი მამის მოკვლას შეეცდებოდნენ.

– დიახ, არ ნიშნავს, – დაეთანხმა ინსპექტორი კრედოკი.

– თქვენმა ნათქვამმა შემძრა… დარიშხანი, თანაც დიდი დოზით… თუმცა ვერ გამიგია, რა გსურთ ჩემგან. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მსგავსი ეჭვი არასდროს გამჩენია.

– მე მხოლოდ ის მინდა, – თქვა მან, – რომ მეტი შევიტყო კრეკენტორპების ოჯახის შესახებ. მათ მოდგმაში ვინმეს ფსიქიკური გადახრა ხომ არ ჰქონია?

ექიმმა გამომცდელად შეხედა მას ხშირი წარბების ქვემოდან.

– დიახ, ვხვდები, რასაც ფიქრობთ. გეტყვით, რაც ვიცი… იეშუას ამ მხრივ არაფერი სჭირდა, სიმკაცრე და შეუპოვრობა ახასიათებდა. სამაგიეროდ, ცოლი ჰყავდა ნევრასთენიკი, მელანქოლიისკენ მიდრეკილი, მეორე ვაჟის გაჩენის შემდეგ მალე გარდაიცვალა. ლუთერს მისგან ერთგვარი გაუწონასწორებლობა დაჰყვა. მამასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ეს იმით დასრულდა, რომ მამამისს მასზე გული აუცრუვდა.

– ვაჟიშვილებისადმი სიძულვილის მიზეზი რა არის? – ჰკითხა კრედოკმა.

– მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არასრულფასოვან მამაკაცად გრძნობდა თავს. ამას მისი ფინანსური მდგომარეობაც აღრმავებდა. მას მხოლოდ შემოსავალი შესდიოდა კაპიტალიდან, ფულსა და ქონებას კი ვერ განკარგავდა. არ გამიკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ კაპიტალიდან მიღებული არცთუ მცირე შემოსავლით მან გვარიანი თანხა დააგროვა.

კრედოკს თავში ახალმა აზრმა გაუელვა.

– მან თავისი დანაზოგი, ალბათ, ვინმეს უანდერძა. ამის უფლება ხომ მაინც აქვს!

– დიახ, მაგრამ მხოლოდ ღმერთმა უწყის, ვის უანდერძა. შესაძლოა, ემას. თუმცა, არა მგონია. მის კრეკენტორპი ბაბუამისის ქონების წილს ისედაც მიიღებს. შესაძლოა, შვილიშვილს, ალექსანდრეს. ადრე უყვარდა. სხვათა შორის, ედის ქმარს, ბრაიან ისთლისაც ძალიან კარგად ეპყრობა. ბრაიანს თითქმის არ ვიცნობ. ვფიქრობ, სიმტკიცე აკლია და არ გამოვრიცხავ, უვარგის ადამიანად იქცეს.

– მითხარით, თქვენი აზრით, მისტერ კრეკენტორპის შვილებს ხომ არ აქვთ ფსიქიკური გადახრა?

– სედრიკი ექსცენტრიკული პიროვნებაა, ბუნებით მეამბოხე. ვერ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად ნორმალურია, ჰაროლდი ცივსისხლიანი, თვალი მუდამ გამორჩენაზე უჭირავს. ალფრედი დანაშაულის ჩადენისკენაა მიდრეკილი. პატარაობიდანვე ასეთი იყო. მინახავს, როგორ იპარავდა ფულს მისიონერებისთვის განკუთვნილი ყუთიდან, რომელიც, ჩვეულებრივ, ჰოლში იდგა. თუმცა, ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს – მოკვდა ის საბრალო. ემა კრეკენტორპი მშვენიერი ქალია, წყნარი… ყოველთვის ვერ მიხვდებით, რას ფიქრობს. საკუთარი გეგმები და აზრები აქვს, ოღონდ არ ამზეურებს. ვფიქრობ, ედმუნდი ყველას სჯობდა. ყოჩაღი, გულკეთილი ბიჭი იყო.

– ოდესმე თუ გსმენიათ, რომ ფრანგ ქალზე დაქორწინებას აპირებდა თუ იქორწინა კიდეც, სანამ მოკლავდნენ?

დოქტორმა მორისმა შუბლი შეიჭმუხნა.

– თითქოს რაღაც მახსოვს, ეს დიდი ხნის წინ იყო, ომის დასაწყისში. გავბედავ და ვიტყვი, რომ შემდგომში აუცილებლად ინანებდა, უცხოელი რომ მოიყვანა ცოლად.

კრედოკმა მოკლედ გააცნო ექიმს ბოლო თვის მოვლენები.

– მახსოვს, გაზეთებში დაიწერა სარკოფაგში ნაპოვნი მკვდარი ქალის შესახებ. მაშასადამე, ეს რეზერფორდჰოლში მოხდა?

– ჩვენი ვარაუდით, მოკლული ედმუნდ კრეკენტორპის ქვრივია.

– დაუჯერებელია! რომანს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ ცხოვრებას. და რა კავშირი აქვს ამას იმასთან, რომ კრეკენტორპების ოჯახს გამუდმებით წამლავენ დარიშხანით?

– გვაქვს რამდენიმე ვერსია, – მიუგო კრედოკმა, – ოღონდ, ვარაუდის დონეზე. როგორც ჩანს, ვიღაცას მადა გაეხსნა და იეშუა კრეკენტორპის მთელი ქონების ხელში ჩაგდება გადაწყვიტა.

***

ლუსიმ ლანგარს ხელი დაავლო და კიბეს აუყვა.

– ეს რა არის? – ზიზღნარევი კილოთი იკითხა მისტერ კრეკენტორპმა. – ბულიონი და მოხარშული კრემი, – მიუგო ლუსიმ.

– მომაცილეთ, – უთხრა მისტერ კრეკენტორპმა, – ამ სისაძაგლეს არ შევჭამ. თითქმის გამოვჯანმრთელდი. ხვალ ავდგები კიდეც. სხვები როგორ არიან?

– მისტერ ჰაროლდი გაცილებით უკეთაა, – მოახსენა ლუსიმ, – ხვალ ლონდონში გამგზავრებას აპირებს.

– ჯანდაბამდე გზა ჰქონია, – ჩაილაპარაკა მისტერ კრეკენტორპმა, – სედრიკი? არის იმედი, რომ ხვალ თავის კუნძულზე წაეთრეს? არა? სამწუხაროა. ემა რას აკეთებს? რატომ არ მოდის ჩემს სანახავად?

– ის კვლავ ლოგინში წევს, მისტერ კრეკენტორპ.

– ქალებს უყვართ ლოგინში ნებივრობა, – თქვა მისტერ კრეკენტორპმა, – აი, თქვენ კი მშვენიერი, ძლიერი ქალიშვილი ხართ, – დაამატა მოწონებით, – ალბათ, მთელი დღე საქმეს აკეთებთ, – მისტერ კრეკენტორპმა კვლავ მოწონებით დააქნია თავი. – ემა ყოველთვის კი არ იუფროსებს აქ. ნურც სხვებს დაუჯერებთ, რომლებიც ამბობენ, რომ მოხუცი და ძუნწი კაცი ვარ. უბრალოდ, საკუთარ ფულს ვუფრთხილდები. გვარიანი თანხა გადავინახე და ვიცი, როგორ დავხარჯავ, როცა ამის დრო მოვა. მან ლუსის ალერსიანი მზერა მოავლო. ქალიშვილმა მისი გამოწვდილი ხელი აირიდა და ოთახიდან აჩქარებით გავიდა.

შემდეგი ლანგარი ემას ერგო.

– ოჰ, გმადლობთ, ლუსი. ვგრძნობ, რომ თითქმის გამოვჯანმრთელდი. მომშივდა, ეს კი, მგონი, კარგის ნიშანია, არა?

მას შემდეგ, რაც ავადმყოფების რაოდენობამ მოიმატა, ლუსის ერთი წუთი მოცლა არ ჰქონდა. გადაწყვიტა, როგორც კი სედრიკს საჭმელს მიუტანდა, მის მარპლისთვის დაერეკა. უჩვეულოდ მოწესრიგებული და დავარცხნილი სედრიკი საწოლში წამომჯდარი ჭამდა, თან რაღაცას გულმოდგინედ წერდა ქაღალდის ფურცლებზე.

– გამარჯობა, ლუსი, – თქვა მან, – მომისმინეთ, იქნებ ის საშინელი მედდა როგორმე თავიდან მომაცილოთ. შეუძლებელია მისი საუბრის მოსმენა.

– როგორც ვხედავ, დღეს მხიარულ განწყობაზე ხართ, – უთხრა ლუსიმ, – რას საქმიანობთ?

აგრძელება შემდეგ ნომერში

არგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი