რომანი და დეტექტივი

შემთხვევა რკინიგზის სადგურზე

№19

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 21.05, 2023 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #7-18 (1166)

იბეჭდება პირველად ქართულ ენაზე

– ესეც ინფორმაცია ალფრედის შესახებ, – მოახსენა სერჟანტმა უეთეროლმა. მის ხმაში რაღაც ისეთმა გაიჟღერა, რომ კრედოკმა თავი ასწია. სერჟანტს კმაყოფილი სახე ჰქონდა, იმ კაცს ჰგავდა, რომელმაც სასიამოვნო სიახლე ბოლოსთვის შემოინახა. ალფრედი ბინაში მარტო ცხოვრობდა, როცა მოესურვებოდა, მაშინ მიდიოდა და მოდიოდა.

მაგრამ აი, უეთეროლმა თითი პატაკის ბოლო აბზაცს დაადო. სერჟანტი ლიკი, რომელიც სატვირთო მანქანებიდან ქურდობის ფაქტებს იძიებდა, უედინგტონ–ბრეკჰემპტონის გზაზე მდებარე კაფე „ლოადოვბრიქსში “ ზოგიერთ მძღოლს უთვალთვალებდა. ერთ-ერთ მაგიდასთან ჩიკ ევანსი შენიშნა, დიკი როჯერსის ბანდის წევრი. გვერდით ალფრედ კრეკენტორპი ეჯდა, რომელსაც სერჟანტი სახეზე ცნობდა, ვინაიდან მან ჩვენება მისცა დიკი როჯერსის საქმეში. გაიფიქრა კიდეც, კიდევ რამეს ხომ არ გეგმავენო? ეს პარასკევს, 20 დეკემბერს, საღამოს ათის ნახევარზე ხდებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ალფრედ კრეკენტორპი ბრეკჰემპტონისკენ მიმავალ ავტობუსში ჩაჯდა. 23:55–ზე, ბრეკჰემპტონ–პადინგტონის მატარებლის გასვლის წინ, კონტროლიორმა უილიამ ბეიკერმა ბილეთი დაუკომპოსტირა მგზავრს, რომელშიც მის კრეკენტორპის ერთ-ერთი ძმა ამოიცნო. თარიღი იმიტომ დაამახსოვრდა, რომ იმ დღეს ვიღაც შეშლილი ხანში შესული ქალი იფიცებოდა, შუადღისას გვერდით მიმავალ მატარებელში ადამიანი მოკლესო.

– ალფრედი? – ჩაილაპარაკა კრედოკმა, როდესაც პატაკი მაგიდაზე დადო. – ნუთუ ალფრედი? საინტერესოა.

– ყველაფერი ემთხვევა, ის უნდა იყოს, – თქვა უეთეროლმა. ინსპექტორმა თავი დაუქნია. დიახ, ალფრედს შეეძლო, 16:33–ზე ბრეკჰემპტონისკენ მიმავალ მატარებელში ჩამჯდარიყო, გზაში დანაშაული ჩაედინა და ბოლო სადგურიდან კაფე „ლოადოვბრიქსამდე“ ავტობუსით მიეღწია. თუ იქაურობა ათის ნახევარზე დატოვა, საკმაო დრო ჰქონდა რეზერფორდჰოლში მისასვლელად, მიწაყრილიდან გვამის ასაღებად, სარკოფაგში დასამალავად და ბრეკჰემპტონში ლონდონისკენ 23:55–ზე მიმავალ მატარებელში ჩასაჯდომად. შესაძლოა, მას დიკი როჯერსის ბანდის რომელიმე წევრი გვამის გადატანაშიც ეხმარებოდა, თუმცა კრედოკს ამაში ეჭვი ეპარებოდა. არასაიმედო ხალხი კი იყო, მაგრამ მკვლელობაში არ გაერეოდნენ.

***

რეზერფორდჰოლში მთელი ოჯახი შეკრებილიყო. ლონდონიდან ჰაროლდი და ალფრედი ჩამოსულიყვნენ. მალე ვითარება დაიძაბა და ხმამაღალი ლაპარაკიც გაისმა. ლუსიმ საკუთარი ინიციატივით მოამზადა დოქში ყინულიანი კოქტეილი და ბიბლიოთეკაში წაიღო. შესასვლელშივე მკაფიოდ მოესმა ხმაური, ძირითადად, ემას საყვედურობდნენ.

– სულ შენი ბრალია! – გაისმა გაბრაზებული ჰაროლდის ბოხი ხმა, – შენ რომ წერილი სკოტლენდიარდში არ წაგედო, ეს ალიაქოთი არ ატყდებოდა.

– ალბათ, ჭკუაზე შეიშალე! – შესძახა ალფრედმა.

– ემას ნუ აშინებთ, – თქვა სედრიკმა, – რაც მოხდა, მოხდა. უარესი იქნებოდა, თუ დაადგენდნენ, რომ მოკლული მართლა მარტინაა, ჩვენ კი მათ ამ წერილს დავუმალავდით.

– სედრიკ, შენთვის ადვილია ასე ლაპარაკი, – მიუგო გაბრაზებულმა ჰაროლდმა, – ოცში შენ ჯერ კიდევ არ იყავი ინგლისში. მათ კი სწორედ ის დღე აინტერესებთ. ეს რთულ მდგომარეობაში გვაგდებს მე და ალფრედს. საბედნიეროდ, მახსოვს, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი იმ დღეს.

– ამაში ეჭვი არ მეპარება, – უთხრა ალფრედმა, – თუ მკვლელობას ჩაიფიქრებდი, ჰაროლდ, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, საიმედო ალიბის მოიმზადებდი.

– იმის მინიშნება გსურს, რომ ქალი მე მოვკალი?

– ოჰ, შეწყვიტეთ კამათი, გაჩუმდით! – წამოიძახა ემამ, – ცხადია, ის ქალი თქვენ არ მოგიკლავთ.

– უნდა მოგახსენოთ, რომ ოც დეკემბერს მე უკვე ინგლისში ვიყავი, – თქვა სედრიკმა, – პოლიციამ კი ამის დადგენა შეძლო. ასე რომ, ყველანი მათ ხელში ვართ.

ამ დროს მოხუცი კრეკენტორპის კაბინეტიდან დოქტორი ქუიმპერი გამოვიდა. მან გაოცებით შეხედა ჯერ ლუსის, შემდეგ კი დოქს, რომელიც ქალს ხელში ეჭირა.

– ეს რა არის? რამეს აღნიშნავთ?

– პირიქით. ეს ყინულიანი კოქტეილია, რათა ისინი ცოტა დააწყნაროს, თორემ ძალიან გაცხარდნენ.

ექიმმა წარბები გაოცებით ასწია.

– მართლა? – მან ლუსის დოქი გამოართვა, ბიბლიოთეკის კარი შეაღო და შიგნით შევიდა.

– საღამო მშვიდობისა! – აჰ, დოქტორო ქუიმპერ, სწორედ თქვენთან მინდოდა დალაპარაკება, – გაღიზიანებული და მკვახე ხმით წარმოთქვა ჰაროლდმა, – რა უფლებით ერევით ჩვენი ოჯახის საქმეებში და რატომ ჩააგონეთ ჩემს დას, რომ წერილი სკოტლენდიარდში წაეღო?

– მის კრეკენტორპმა რჩევა მკითხა, – მშვიდად მიუგო ექიმმა, – მეც ვურჩიე. ვფიქრობ, ძალიან სწორად მოიქცა.

– კიდეც ბედავთ თქვათ, რომ…

სადარბაზოს კარი გაჯახუნდა. ლუსიმ ფანჯრიდან დაინახა, რომ დოქტორი ქუიმპერი ლამის სირბილით გაემართა მანქანისკენ, მერე „გაზს“ მკვეთრად დააწვა და წამში გაუჩინარდა. ლუსიმ ამოიოხრა. მოეწყინა ბიჭების გარეშე, ბრაიანიც თვალში აკლდა.

ღამის სამ საათზე დოქტორმა ქუიმპერმა მანქანა გარაჟში დააყენა, ჩაკეტა, სახლში შევიდა და კარი მიხურა. საძინებელ ოთახში ავიდა და ნაჩქარევად შეუდგა ტანსაცმლის გახდას. ძალიან დაიღალა. საწოლს კმაყოფილებით დახედა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. დოქტორმა ქუიმპერმა შეიგინა და ყურმილი აიღო.

– დოქტორო ქუიმპერ? – გაისმა ქალის აღელვებული ხმა. – ლუსი აილსბეროუ ვარ რეზერფორდჰოლიდან. ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა მობრძანდეთ. აქ ყველა ავად გახდა.

– ავად გახდა? რა მოხდა? როგორი სიმპტომებია? ლუსიმ ყველაფერი დაწვრილებით აღუწერა. – ახლავე მოვალ.

სწრაფად ჩაიცვა ტანსაცმელი, რომელიც ახლახან გაიხადა, თავის სამუშაო ჩანთაში აუცილებელი წამლები და ინსტრუმენტები ჩააწყო და აჩქარებით გაემართა მანქანისკენ. დაახლოებით სამი საათის შემდეგ არაქათგამოცლილი ექიმი და ლუსი სამზარეულოს მაგიდას მიუსხდნენ და მოზრდილი ჭიქებით შავი ყავის სმას შეუდგნენ.

– ასე უკეთესია, – თქვა დოქტორმა ქუიმპერმა, როცა ყავა ბოლომდე დალია და ჭიქა ლამბაქზე ხმაურით დადგა, – ეს აუცილებლად მჭირდებოდა. ახლა კი, მის აილსბეროუ, საქმეზე გადავიდეთ. – ახლა საფრთხე აღარავის ემუქრება. მაგრამ ძალიან მაინტერესებს, ეს როგორ მოხდა. სადილი ვინ მოამზადა?

– მე მოვამზადე, – მიუგო ლუსიმ. – სოკოს წვნიანი, კარი ქათმის ხორცითა და ბრინჯით, ათქვეფილი ნაღები ღვინითა და შაქრით. ცივი საუზმეულიდან – ქათმის ღვიძლი და ბეკონი.

– კარგი, მოდი, გავერკვეთ. სოკოს წვნიანი… რომელი პროდუქტებისგან?

– ნახევარი გირვანქა სოკო, ქათმის ბულიონი, რძე, ზეთში შემწვარი ფქვილის საკაზმი და ლიმონის წვენი. სოკო არაფერ შუაშია. წვნიანი მეც ვჭამე, მაგრამ კარგად ვარ.

– დიახ, კარგად ხართ. ეს მეც შევნიშნე. ლუსი წამოწითლდა. – ახლა ლოგინში იწვებოდით და ყველაზე ხმამაღლა იკვნესებდით… თანაც, ყველაფერი ვიცი თქვენ შესახებ. არ დამეზარა და ცნობები შევკრიბე.

– რატომ? ექიმმა ტუჩები მაგრად მოკუმა. – იმიტომ, რომ ვალდებული ვარ, ყველას კეთილსაიმედოობა შევამოწმო, ვინც ამ სახლში შემოდის. თქვენთან დაკავშირებით, საეჭვო არაფერია: ფულს საკუთარი შრომით გამოიმუშავებთ, მოსამსახურედ მიდიხართ, კრეკენტორპებს ადრე არ იცნობდით. არც რომელიმე ძმასთან მეგობრობთ და არც ბნელი განზრახვის შესრულებაში დაეხმარებოდით. სიფრთხილეს ვიჩენ. ასეთია ექიმის ცხოვრება. აჯობებს, სადილს მივუბრუნდეთ. მაშასადამე, კარი ქათმისგან. თქვენც მიირთვით?

– არა. როდესაც კარის ამზადებ, მისი სურნელიც კი განაყრებს. ცხადია, გავსინჯე.

– სუფრაზე სილაბაბი რით მიიტანეთ?

– მინის ჯამებით. თითოეულისთვის ცალ-ცალკე.

– ნარჩენების შესახებ რას იტყვით?

– თუ ნახმარ ჭურჭელს გულისხმობთ, ყველაფერი ალაგებული და გარეცხილია.

ექიმმა დაიკვნესა.

– მე ხომ არ ვიცოდი, ასე თუ მოხდებოდა. ცოტაოდენი კარი დარჩა. ჯამი საკუჭნაოშია. ქათმის წვნიანში ჩამატებას ვაპირებდი. გუშინდელი სოკოს წვნიანიც დარჩა… დესერტი სულ შეიჭამა.

– კარგი, კარისა და წვნიანს წავიღებ. ექიმი წამოდგა, – წავალ, ჩვენს ავადმყოფებს დავხედავ. მითხარით, დილამდე გაუძლებთ? იმორიგევებთ? რვა საათისთვის მედდას გამოგიგზავნით, წინასწარ დაწვრილებით ინსტრუქტაჟს ჩავუტარებ.

– მინდა, რომ პირდაპირ მითხრათ: როგორ ფიქრობთ, ეს საჭმლით მოწამვლაა… თუ…

– თუ… განზრახ მოწამვლა? – თუ ანალიზის პასუხი დადებითი იქნა, რაიმეს მოვიმოქმედებ. დოქტორმა ქუიმპერმა ქალს მხარზე ხელი დაადო. – განსაკუთრებული ყურადღება ორ ადამიანს მიაქციეთ, – თქვა მან, – პირველ რიგში, ემას. არ დავუშვებ, რომ მას რამე შეემთხვეს, – ექიმის ხმაში დაუფარავმა სინაზემ გაიჟღერა. – ქვეყანას ემა კრეკენტორპისნაირი ადამიანების წყალობით უდგას პირში სული. ემა ჩემთვის ძალზე ბევრს ნიშნავს. მისთვის ეს არასდროს მითქვამს, მაგრამ ვეტყვი. უმორჩილესად გთხოვთ, თვალი არ მოაცილოთ.

– ნუ ღელავთ, – უთხრა ლუსიმ, – გპირდებით.

– მოხუცსაც მიხედეთ. რომ არ დაგიმალოთ, დიდად არ მესიმპათიურება, მაგრამ ჩემი პაციენტია და არავის მივცემ უფლებას, იმ ქვეყნად გაამგზავროს, თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ მისი თავხედი ვაჟიშვილებიდან რომელიმეს, იქნებ სამივეს ერთადაც კი, ერთი სული აქვთ, თავიდან მოიცილონ და მისი ფული მიისაკუთრონ.

***

ინსპექტორი ბეკონი აშკარად შეშფოთებული ჩანდა.

– დარიშხანი? – იკითხა მან – დარიშხანია?

– დიახ, კარიში აღმოჩნდა. აი, ნარჩენები მოგიტანეთ, რათა თქვენმა სპეციალისტმაც შეამოწმოს. მე მხოლოდ მარტივი ანალიზი გავაკეთე იმისა, რაც წავიღე, მაგრამ შედეგი ეჭვს არ იწვევს.

– მაშასადამე, ეს ვიღაცის ნამოქმედარია? თქვენ ბრძანეთ, რომ ყველა მოიწამლა, ლუსი აილსბეროუს გარდა?

– ყველა, მის აილსბეროუს გარდა. – მეეჭვება, მას გაეკეთებინა. რა უნდა ამოძრავებდეს? – იქნებ გაგიჟდა, – ივარაუდა ბეკონმა, – ასეც ხდება ხოლმე: შეხედავ – ნორმალური ადამიანია, სინამდვილეში კი ტვინნაღრძობია.

– მის აილსბეროუს თავში ყველაფერი რიგზე აქვს. ამას როგორც ექიმი, ისე გეუბნებით. სრულიად ჯანმრთელია და ჩვენზე არანაკლებ საღად აზროვნებს. ის აუცილებლად იზრუნებდა იმაზე, რომ ერთადერთი არ ყოფილიყო, ვინც არ დაზარალდა. ანუ ისე მოიქცეოდა, როგორც ჭკვიანი დამნაშავე. ცოტაოდენ მოწამლულ კარის შეჭამდა, შემდეგ კი თავს მოიკატუნებდა, თითქოს შეუძლოდ იყო. ერთსა და იმავე საწამლავზე ყოველი ადამიანი თავისებურად რეაგირებს. ზოგი მძიმედ იტანს, ზოგი – ნაკლებად მძიმედ. მაგრამ თუ პაციენტი მოკვდება, – მკვირცხლად დაამატა ქუიმპერმა, – მაშინ, ცხადია, საკმაოდ ზუსტად შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა რაოდენობის საწამლავი მიიღო.

– მაშასადამე… ახლა ვიღაც თვალთმაქცობს და თავს ისე გვაჩვენებს, თითქოს სხვებივით ცუდადაა – არ უნდა, რომ მასზე იეჭვონ… ასეა?

– ამიტომაც გეახელით. ახლა ყველაფერი თქვენს ხელთაა. სახლში მედდა დავტოვე, რომელსაც ვენდობი, მაგრამ ის ყველა პაციენტს ერთდროულად ვერ მიხედავს. თუმცა, ჩემი აზრით, სასიკვდილო დოზა არავის მიუღია.

– ნუთუ, მან ვერ გათვალა? მკვლელს ვგულისხმობ.

– ვფიქრობ, მას სხვა განზრახვა ჰქონდა. დოზა ისე გაიანგარიშა, რომ ეს საკვებით, ვთქვათ, სოკოთი მოწამვლას დამსგავსებოდა. მოგეხსენებათ, ბევრს საშინლად ეშინია სოკოსი. ბუნებრივია, მოგვიანებით, ერთ–ერთი ჩვენი ავადმყოფის მდგომარეობა გაუარესდება და იგი მოკვდება.

– ვინაიდან მას კიდევ ჩაუყრიან საწამლავს? ექიმმა თავი დაუკრა, – ამიტომაც შეგატყობინეთ დაუყოვნებლივ. სახლში კი გამოცდილი მედდა გავგზავნე.

– მან დარიშხანის შესახებაც იცის? – რასაკვირველია. მანაც და მის აილსბეროუმაც.

ინსპექტორის მაგიდაზე ტელეფონმა დარეკა. ბეკონმა ყურმილი აიღო. – კარგი, შემაერთეთ, – იგი ექიმისკენ მიბრუნდა, – თქვენი მედდა რეკავს. დიახ, გისმენთ… რა? სერიოზული გაუარესებაა? დიახ… დოქტორი ქუიმპერი ჩემთანაა. ინსპექტორმა ყურმილი ექიმს გადასცა.

– ქუიმპერი გისმენთ… გასაგებია… დიახ… ყველაფერი სწორია. ასე იმოქმედეთ. ახლავე მოვალთ.

მან ყურმილი დაკიდა და ბეკონს შეხედა. – ალფრედი მოკვდა.

კრედოკი საშინლად გაოცებული ჩანდა.

– ალფრედი? – შესძახა მან. ინსპექტორმა ბეკონმა ყურმილი ოდნავ გასწია და ჰკითხა:

– არ ელოდით?

– ცხადია, არა. რომ არ დაგიმალოთ, მკვლელი მეგონა! – მიუგო კრედოკმა, – კონტროლიორმა ამოიცნო. ცუდად ჰქონდა საქმე. ყველაფერი იმას მოწმობდა, რომ დამნაშავე იყო. გამოდის, რომ ვცდებოდი. იქ ხომ მედდა იყო? ეს როგორ გამორჩა? – იკითხა ბოლოს კრედოკმა.

– მას ვერ დავადანაშაულებთ. მის აილსბეროუ ძალზე გადაიღალა და ზევით ავიდა თვალის მოსატყუებლად. მედდას ხუთი ავადმყოფი შერჩა ხელთ: მოხუცი კრეკენტორპი, ემა, სედრიკი, ჰაროლდი და ალფრედი. თანაც მოხუცი ახმაურდა, ყვიროდა, ვკვდებიო. ქალი მის დასამშვიდებლად წავიდა, შემდეგ ალფრედს გლუკოზიანი ჩაი მიუტანა. მან დალია… და მოკვდა…

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი