რომანი და დეტექტივი

შემთხვევა რკინიგზის სადგურზე

№18

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 14.05, 2023 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #7-17 (1165)

იბეჭდება პირველად ქართულ ენაზე

– მოდი, გულახდილად ვისაუბროთ, ექიმო. არის რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ლუთერ კრეკენტორპის სიკვდილი მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. ჯერ კიდევ ძალზე მხნედ გამოიყურება. ოთხმოცდაათამდე მიაღწევს თავისუფლად. საკუთარი თავის მოვლის მეტს არაფერს აკეთებს, თანაც ძლიერი ორგანიზმი აქვს.

მისი ვაჟიშვილები და ქალიშვილი კი ახალგაზრდები აღარ არიან და შეჭირვებული მატერიალური მდგომარეობა ყველაზე მეტად აღიზიანებთ.

– ემას ეს არ ეხება. ის არაფერ შუაშია. მოხუცს შეტევა მხოლოდ მაშინ ემართება, როდესაც ოჯახის სხვა წევრები ჩამოდიან. როდესაც მხოლოდ ორნი არიან, მშვიდად, უდავიდარაბოდ ცხოვრობენ. ასე რომ, უეცარი შეტევა, სულ ცოტა, უცნაურად გამოიყურება.

მოუთმენელმა ჩურჩულმა ინსპექტორი შეაკრთო. ჩრდილიდან ალექსანდრე და მისი მეგობარი სტოდარტ-უესტი გამოვიდნენ და ფრთხილად მიიხედ-მოიხედეს. ალექსანდრემ სახელოზე დაქაჩა. იმ ძაღლის ლეკვს ჰგავდა, დაჟინებით რომ ითხოვს ყურადღებას.

– ჩვენ სამხილს მივაგენით. წავიდეთ. ჩვენ გაგიძღვებით. კრედოკი უხალისოდ დათანხმდა. საჯინიბოების ეზოსკენ გასწიეს. სტოდარტ-უესტმა მძიმე კარი ხელის კვრით შეაღო და ჩამრთველი გადაატრიალა. იქაურობა მკრთალად განათდა. ოდესღაც ვიქტორიული ეპოქისთვის დამახასიათებელი სისუფთავითა და წესრიგით თავმომწონე სათავსო ახლა ყოველგვარი ძველმანის საწყობად ექციათ.

– აქ ხშირად მოვდივართ, – თქვა ალექსანდრემ, – ხელს არავინ გვიშლის. ოთახს ადამიანის ცხოვრების კვალი მართლა ეტყობოდა. ძველი მატრასები ისე დაეწყოთ, რომ ერთგვარი დივანი გამოსულიყო. ჟანგით შეჭმულ ბაღის მაგიდაზე ეწყო შოკოლადის ნამცხვრის თუნუქის დიდი ყუთი, ბევრი ვაშლი, თუნუქის კანფეტებიანი კოლოფი და რაღაც თავსატეხი კონსტრუქცია.

– დღეს დილას მივაგენით. რამდენი დღე ვეძებდით! ბუჩქებშიც… ხის ფუღუროებშიც… – ნაგვის ბუნკერებიც გადავაქოთეთ… შემდეგ კი საქვაბეში შევედით. ქაღალდები ყრია – ასანთებად, თუ შემთხვევით საქვაბე ჩაქრება… სწორედ იქ მივაგენით…

სტოდარტ-უესტმა საკმაოდ ბინძური ხელთათმანი ჩაიცვა, ჯიბიდან უდიდესი სიფრთხილით ამოაძვრინა ჭუჭყიანი, დაჭმუჭნილი კონვერტი და ინსპექტორს საზეიმოდ გადასცა. ნორჩი მაძებრები სუნთქვაშეკრულები ელოდნენ მის რეაქციას. კრედოკს მოსწონდა ბიჭები და მზად იყო, მათთვის თამაშში მხარი აება. გახეული კონვერტი ცარიელი იყო, ზედ საფოსტო შტემპელი ერტყა და ეწერა: მისის მარტინა კრეკენტორპს, ელვესკრესენტი.

– ხედავთ? – მაშასადამე, ის აქ ყოფილა! ის, ბიძია ედმუნდის ფრანგი ცოლი. აი, ის, რომლის გამოც ეს ალიაქოთი ატყდა. ჩვენს მამულში ყოფილა და კონვერტი სადღაც დავარდნია. ხომ ყველაფერი ემთხვევა, სერ? მოუკლავთ და სარკოფაგში ჩაუწვენიათ. ამას წყალი არ გაუვა, ასე არ არის?

– სავსებით შესაძლებელია. კრედოკი კონვერტს ათვალიერებდა. თუ სამხილი ნამდვილი იყო, სასწრაფოდ უნდა ემოქმედა.

ბიჭებმა კრედოკი სახლში უკანა კარიდან შეიყვანეს. როგორც ჩანს, ამ შესასვლელით ხშირად სარგებლობდნენ. განათებულ სამზარეულოში მყუდროება სუფევდა. ლუსის დიდი თეთრი წინსაფარი ეკეთა და ცომს აბრტყელებდა. კამოდზე მიყრდნობილი ბრაიან ისთლი მას ძაღლური ერთგულებით შესცქეროდა და შიგადაშიგ თავის დიდ ქერა ულვაშს იპრეხდა.

– გამარჯობა, მამა, – უთხრა ალექსანდრემ ალერსიანად, – კვლავ აქ ხარ?

– მომწონს სამზარეულოში ყოფნა, – მიუგო ბრაიანმა, – მის აილსბეროუ წინააღმდეგი არ არის. – საღამო მშვიდობისა, ინსპექტორო კრედოკ. – სამზარეულოს გასაჩხრეკად მოხვედით?

– ასე არ ვიტყოდი. მითხარით, მისტერ სედრიკ კრეკენტორპი ჯერ არ გამგზავრებულა, არა? მასთან დალაპარაკება მინდოდა…

– სედრიკი ბიბლიოთეკაშია, – თქვა ბრაიანმა, – გელოდებათ. იგი კვლავ კამოდს მიეყრდნო, ინსპექტორი კი ბიბლიოთეკისკენ გაემართა.

სედრიკ კრეკენტორპი თითქოს კმაყოფილი ჩანდა ინსპექტორის დანახვით.

– როგორ მიდის გამოძიების საქმე? – იკითხა მან, – ხელშესახებ წარმატებას თუ მიაღწიეთ?

– მხოლოდ ოდნავ წავიწიეთ წინ, მისტერ კრეკენტორპ.

– დაადგინეთ, ვისი გვამია?

– ჯერჯერობით არა, მაგრამ საკმაოდ დამაჯერებელი ვარაუდი გვაქვს. ახლახან მიღებული დამატებითი ინფორმაციიდან გამომდინარე, რამდენიმე საკითხის დაზუსტება მსურს. თუ შეიძლება, დაწვრილებით, ზუსტად მომიყევით, სად იყავით და რას აკეთებდით პარასკევს, 20 დეკემბერს.

სედრიკმა სწრაფად გახედა მას, შემდეგ უკან გადაიზნიქა, დაამთქნარა, უდარდელი სახე მიიღო და ისე დაფიქრდა, თითქოს გახსენებას ცდილობდა.

– უკვე გითხარით, რომ შინ ვიყავი, იბიცაზე. ჩემთვის ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს. დილაობით ვხატავ, სამიდან ხუთამდე სიესტაა (სიესტა – სადილის შემდგომი ძილი ესპანეთსა და ზოგიერთ სხვა, ცხელი კლიმატის ქვეყანაში.). თუ კარგი ამინდია, ჩანახატებს ვაკეთებ. შემდეგ – აპერიტივი მოედანზე მდებარე კაფეში მერთან ან ექიმთან ერთად. ამას მსუბუქად წახემსება მოსდევს... დაკმაყოფილდით?

– მე სიმართლე მაინტერესებს, მისტერ კრეკენტორპ. თქვენ მითხარით, რომ იბიციდან ოცდაერთ დეკემბერს გამოემგზავრეთ და იმავე დღეს ჩამოხვედით ინგლისში.

– სწორედ ასე იყო. ემ! გამარჯობა, ემ!

ემა კრეკენტორპი პატარა სასტუმრო ოთახის კარიდან შემოვიდა და კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო სედრიკსა და ინსპექტორს.

– მომისმინე, ემ. აქ ხომ შობის წინა შაბათს ჩამოვფრინდი? პირდაპირ აეროპორტიდან მოვედი, არა?

– დიახ, – მიუგო გაოცებულმა ემამ, – სწორედ ლანჩის დაწყებისთვის.

– ალბათ, იცით, რომ თქვენი სიტყვების გადამოწმება შეგვიძლია. სასაზღვრო სამსახურს დაფიქსირებული აქვს, რომ ინგლისში ცხრამეტი დეკემბრის საღამოს ჩამობრძანდით. იქნებ ახლა მაინც მითხრათ, რას აკეთებდით ცხრამეტი დეკემბრის საღამოდან მამულში მისვლამდე ანუ დაახლოებით ოცდაერთი დეკემბრის ლანჩამდე? სედრიკმა წამსვე გაბოროტებული სახე მიიღო.

– ჩვენს დროში ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, – თქვა მან გაბრაზებით, – ყველგან ანკეტებისა და ბლანკების შევსებას ითხოვენ. კაცი ვერსად წასულა და ვერაფერი გაუკეთებია თავის გემოზე! რატომ ატყდა ამხელა ამბავი ოცდაერთ რიცხვთან დაკავშირებით? მასში რამე განსაკუთრებულია?

– ჩვენი ვარაუდით, სწორედ იმ დღეს მოკლეს ის ქალი. ცხადია, შეგიძლიათ, უარი განაცხადოთ პასუხის გაცემაზე, თუმცა…

– ვინ ამბობს, რომ პასუხის გაცემას არ ვაპირებ? ცოტა მადროვეთ.

სედრიკმა ალმაცერად გახედა დას და იკითხა:

– შეგვიძლია, სხვა ოთახში გავიდეთ?

– დაგტოვებთ, – თქვა ემამ, მაშინვე წამოდგა და კარისკენ სწრაფად გაემართა, თუმცა ზღუბლზე შეჩერდა, მოტრიალდა და დაამატა: – ეს სერიოზული საქმეა, სედრიკ. თუ ქალი ოც რიცხვში მოკლეს, ინსპექტორს ყოველი წუთის შესახებ წვრილად უნდა უამბო. იგი გვერდით ოთახში გავიდა და კარი მიხურა.

– კარგი, დავიწყოთ. დიახ, იბიციდან ცხრამეტში გამოვემგზავრე. ერთი–ორი დღით პარიზში ვაპირებდი დარჩენას, აგრეთვე – არხის მეორე მხარეს ძველ მეგობრებთან რამდენიმე დღის გატარებას. მაგრამ ისე მოხდა, რომ თვითმფრინავში ძალზე მომხიბლავი ქალი გავიცანი… საოცრად მიმზიდველი. თვითმფრინავიდან ერთად ჩამოვედით. იგი შტატებში უნდა გამგზავრებულიყო, ოღონდ ჯერ ლონდონში უნდა მოეგვარებინა რაღაც საქმეები. ასე და ამგვარად, ცხრამეტში ჩამოვფრინდით და სასტუმრო „კინგსუეი პალასში“ გავჩერდით. იქ ჯონ ბრაუნად დავრეგისტრირდი…

– ოცში რას აკეთებდით? სედრიკი დაიჭყანა.

– ნაბახუსევზე მთელი დილა ლოგინში გავატარე.

– შუადღისას?

– ცოტა გავისეირნე. ნაციონალურ გალერეაში შევიარე… ხომ ღირსეული საქციელია? შემდეგ ფილმი ვნახე – „როენა პრერიიდან“. ვესტერნი ბავშვობიდან მიტაცებდა. ბარში ცოტაოდენი ლუდი დავლიე, სასტუმროში დავბრუნდი და წავუძინე. ათი საათისთვის მეგობარ ქალთან ერთად დროს სატარებელი ადგილებისკენ გავემართეთ. გამოგიტყდებით, მაშინ ბლომად დავლიე და მხოლოდ მომდევნო დილა მახსოვს. წინა დილასთან შედარებით, უარესად ვიყავი, თავი მისკდებოდა. ქალი თვითმფრინავში ჩაჯდა და გაფრინდა, მე კი თავი ცივ წყალს შევუშვირე, აფთიაქში რაღაც საშინელი წამალი ვიყიდე და რეზერფორდჰოლში გამოვემგზავრე. ემას განაწყენება არ მინდოდა, ამიტომ ისეთი სახე მივიღე, თითქოს ჰითროუს აეროპორტიდან მოვდიოდი. მისგან ფული ვისესხე, რათა ტაქსის მძღოლისთვის გადამეხადა – მე ხომ ჯიბეში პენიც არ მედო. მამისთვის თხოვნას აზრი არ ჰქონდა. ის ბებერი არამზადა ფულს არავის აძლევს.

– ვინმეს თუ შეუძლია, რამე მაინც დაადასტუროს თქვენი ნაამბობიდან?

– ვფიქრობ, ეს ნაკლებად სავარაუდოა, – მხიარულად მიუგო სედრიკმა, – ნაციონალურ გალერეაში თანამშრომლები თითქოს ვერც კი გხედავენ, კინოთეატრში კი იმდენი ხალხია, ისედაც ვერავინ შეგამჩნევთ.

ამ დროს ემა დაბრუნდა, ხელში პატარა ბლოკნოტი ეჭირა. – თუ სწორად გავიგე, ინსპექტორო კრედოკ, გაინტერესებთ, რას აკეთებდა თითოეული ჩვენგანი ოც დეკემბერს, არა? ახლახან ჩემს ჩანაწერებს გადავხედე. დილიდან ბრეკჰემპტონში ეკლესიის აღდგენის ფონდის კრებას დავესწარი. ის დაახლოებით 12:45–ზე დასრულდა. მერე კაფე „კადენაში“ ვისადილე ლედი ედინგტონსა და მის ბარტლეტთან ერთად – ისინიც ამ ფონდის კომიტეტის წევრები არიან., იქიდან კი საშობაო საჩუქრებისა და სადღესასწაულო სუფრისთვის პროდუქტის საყიდლად გავემართე. შევიარე გრინფორდსის, ლაიალის, სვიფტის, ბუთსის საფირმო და ზოგიერთ ნაკლებად სოლიდურ მაღაზიებში. 16:55-ზე შემროკის ჩაის სახლში ჩაი გეახელით. მერე რკინიგზის სადგურში ბრაიანის დასახვედრად წავედი, რომელიც მატარებლით უნდა ჩამოსულიყო. შინ ექვსი საათისთვის მოვედით. მამა საშინელ ხასიათზე დაგვხვდა. თავის ოთახში ჩაიკეტა და ჩემთან ლაპარაკიც არ სურდა. არ მოსწონს, როდესაც სახლიდან მთელი დღით გავდივარ. ალფრედი შაბათ საღამოს მოვიდა. ჰაროლდი ზუსტად შობის წინადღეს გვეწვია.

კრედოკმა ჯიბიდან პაკეტი ამოაცურა და იქიდან თითის წვერებით კონვერტი ამოიღო.

– ხომ არ გეცნობათ?

ემა დაბნეული სახით შეჰყურებდა კონვერტს.

– ეს ხომ ჩემი ხელწერაა. წერილი, რომელიც მარტინას მივწერე. თქვენთან როგორ მოხვდა?

– ეს ცარიელი კონვერტი კი აქ ვიპოვეთ.

– მაშასადამე… ის მაინც მოსულა აქ! ის… იმის თქმა გსურთ, რომ სარკოფაგში მოთავსებული ქალი მარტინაა?

– სავსებით შესაძლებელია, მის კრეკენტორპ, – რბილად მიუგო კრედოკმა.

***

კრედოკი ჰაროლდ კრეკენტორპის ოცი დეკემბრის ალიბის შემოწმებასთან დაკავშირებულ პატაკს ეცნობოდა. 15:30–ზე ჰაროლდი „სოთბის“ აუქციონზე შეამჩნიეს, თუმცა იქაურობა მალე დაუტოვებია. კაფე „რასელსში“ სურათის მიხედვით ვერ იცნეს, ვინაიდან ყველანი საქმით იყვნენ დაკავებულნი, თანაც ის იქაურობას ხშირად არ სტუმრობდა. კრეკენტორპის მსახურმა დაადასტურა, რომ ჰაროლდი შინ, კარდიგანგარდენსზე მდებარე სახლში, ვახშმისთვის ტანსაცმლის გამოსაცვლელად 18:45–ზე, საკმაოდ გვიან მივიდა იმის გათვალისწინებით, რომ წვეულება რვის ნახევარზე იწყებოდა. საკმაოდ გაღიზიანებული ჩანდა. მსახურს არ გაუგია, იქიდან როდის დაბრუნდა მისტერ კრეკენტორპი, ის და მისი ცოლი დასაძინებლად ადრე წასვლას ამჯობინებდნენ. გარაჟში, სადაც ჰაროლდი მანქანას აყენებდა, მას გამოყოფილი ადგილი ჰქონდა, ამიტომ ძნელად თუ ვინმე შეამჩნევდა მის მოსვლა-წასვლას ან კონკრეტული საღამოს გახსენებას.

– რეალური არაფერი გვაქვს, – თქვა კრედოკმა და ამოიოხრა, – ჰაროლდი ნამდვილად ესწრებოდა „კათერერსში“ გამართულ ვახშამს, თუმცა იქაურობა საკმაოდ ადრე, სიტყვით გამოსვლების დამთავრებამდე დატოვა.

– რკინიგზის სადგურებიდან რა ისმის? ვერც ბრეკჰემპტონსა და ვერც პადინგტონში დამაიმედებელი ვერაფერი შეეტყოთ. უკვე თითქმის ოთხი კვირა გასულიყო და ვინმე რამეს ძნელად თუ გაიხსენებდა. კრედოკმა კვლავ ამოიოხრა და ხელი სედრიკის შესახებ მიღებული ინფორმაციისკენ გაიწვდინა. მნიშვნელოვანი არც აქ იყო რამე, თუმცა ტაქსის მძღოლმა არცთუ დარწმუნებით თქვა, რომ კაცი, რომელიც 20 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში პადინგტონის სადგურამდე მიიყვანა, „რაღაცით ჰგავდა ფოტოსურათზე გამოსახულ პიროვნებას“. მან გაიხსენა, რომ მგზავრს ჭუჭყიანი შარვალი ეცვა და თმა გასწეწოდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

არგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი