რომანი და დეტექტივი

შემთხვევა რკინიგზის სადგურზე

№11

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 26.03, 2023 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #7-10 (1158)

იბეჭდება პირველად ქართულ ენაზე

– სერ, თუ შეიძლება, სერ!

ინსპექტორი ბეკონი შეტრიალდა. მათკენ ველოსიპედებზე ამხედრებული აქოშინებული ბიჭები მოქროდნენ.

– თუ შეიძლება, სერ, რომ გვამს დავხედოთ? ძალიან გთხოვთ, სერ. რა იცით, იქნებ ვიცნოთ კიდეც ის ქალი. ასეთი შანსი, შესაძლოა, აღარასოდეს მოგვეცეს. მე ალექსანდრე ისთლი ვარ, ეს კი ჩემი ამხანაგია, ჯეიმზ სტოდარტ–უესტი.

– სანდერს, ორივენი შეიყვანეთ, – მიმართა ინსპექტორმა ფარდულის კართან მდგომ კონსტებლს და სახლისკენ შეტრიალდა. – ახლა კი, – ჩაილაპარაკა თავისთვის, – მის ლუსი აილსბეროუს მივხედოთ.

ლუსი პოლიციელის თანხლებით კაბინეტში შევიდა, სადაც უკვე იმყოფებოდა ინსპექტორი. მან თავისი სახელი და ლონდონის მისამართი წარმოთქვა და დაამატა, – თუ ჩემ შესახებ რაიმის გაგებას მოისურვებთ, შემიძლია, ის ადამიანები დაგისახელოთ და მათი მისამართებიც მოგცეთ, რომლებიც საკმაოდ კარგად მიცნობენ. ისინი ინფორმაციის მოწოდებას არ დაიზარებენ. შთამბეჭდავი სია იყო: ფლოტის ადმირალი, ოქსფორდის კოლეჯის რექტორი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი ქალი. ამან ინსპექტორი ბეკონი, მისდა უნებურად, შეაცბუნა კიდეც.

– მაშასადამე, მის აილსბეროუ, გრძელ ფარდულში საღებავის მოსაძებნად შეხვედით. ასეა? შემდეგ კი, როდესაც საღებავს მიაგენით, ძალაყინი აიღეთ, სარკოფაგს სახურავი ახადეთ და იქ გვამი აღმოაჩინეთ. სარკოფაგში რას ეძებდით?

– სწორედ გვამს ვეძებდი, – მიუგო ლუსიმ.

– არ გეჩვენებათ, რომ ეს ძალზე უჩვეულოდ ჟღერს?

– დიახ, ეს ძალზე უჩვეულო ამბავია. თუ ნებას მომცემთ, ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნით, – ლუსიმ ზედმიწევნით ზუსტად ჩამოთვალა ის მოვლენები, რომლებიც ამ სენსაციურ აღმოჩენას უძღოდა წინ.

– თქვენ ამბობთ, რომ ერთმა სასიამოვნო მოხუცმა დაგიქირავათ, თქვენ კი ამ ოჯახში მოსამსახურედ მოეწყვეთ, – შეაჯამა აღშფოთებულმა ინსპექტორმა, – იმისთვის, რომ სახლი და კარ-მიდამო გაგეჩხრიკათ, ვინ არის ის სასიამოვნო მოხუცი ქალი?

– მის ჯეინ მარპლი. ამჟამად იგი მედისონროუდის ოთხ ნომერში ცხოვრობს. ინსპექტორმა ჩაიწერა.

– არ დაგიჯერებთ, სანამ მის მარპლს არ გავესაუბრები.

– მის მარპლის წინაშე ნაკისრი ვალდებულება უკვე შევასრულე. გვამის პოვნა დამავალეს, რომელსაც მივაგენი კიდეც. მაგრამ ჯერაც მის კრეკენტორპს ვემსახურები. სახლში ახლა ორი ყმაწვილია, რომლებსაც კარგი კვება ესაჭიროებათ. ამ საშინელი ამბის შემდეგ, როგორც ჩანს, ოჯახის დანარჩენი წევრებიც ჩამოვლენ. მის ემა უჩემოდ საქმეს თავს ვერ გაართმევს. თუ მას ეტყვით, რომ აქ მხოლოდ იმიტომ დავიწყე მუშაობა, რათა გვამისთვის მიმეგნო, იგი დაუფიქრებლად გამიშვებს სახლიდან. თუ ასე არ მოხდება, დავრჩები და სარგებლობასაც მოვუტან.

ინსპექტორმა მკაცრად შეხედა.

– ჯერჯერობით არაფრის თქმას ვაპირებ. თავდაპირველად თქვენ მიერ მოწოდებული ფაქტები უნდა შევამოწმო. იქნებ ყველაფერი მოიგონეთ.

ლუსი წამოდგა.

– გმადლობთ. თუ ასეა, სამზარეულოში დავბრუნდები.

თავი მეოთხე

ადგილობრივი პოლიციის უფროსმა კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო ინსპექტორ ბეკონს.

– რას იტყვით, ბეკონ, ხომ არ აჯობებს, ეს ამბავი „სკოტლანდ იარდს“ შევატყობინოთ?

– მოკლული ქალი ადგილობრივი არ არის, სერ, – თქვა მან, – მისი ქვედა საცვლების მიხედვით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ უცხოელია. აჯობებს, მოკვლევას დაველოდოთ. როგორც ვიცი, კრეკენტორპების ოჯახის ყველა წევრი აპირებს ჩამოსვლას. ვნახოთ, იქნებ რომელიმე მათგანმა მოკლული ამოიცნოს. მთელი ოჯახი აქ იქნება. მან სიას ჩახედა, რომელიც ხელში ეჭირა. – ჰაროლდ კრეკენტორპი, როგორც შევიტყვე, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა სიტიში. ალფრედი – ვერაფრით მივხვდი, რას საქმიანობს. სედრიკი – საზღვარგარეთ ცხოვრობს, ხატავს. გვამი მათ მამულში აღმოაჩინეს. არც ის არის გამორიცხული, რომ იმ მხატვარმა, ოჯახის წევრმა, მოკლულის ამოცნობა შეძლოს.

– მატარებლებთან დაკავშირებულ კარუსელს ვერაფერი გავუგე. თქვენ ხომ უკვე შეხვდით იმ მოხუც ქალბატონს… რა ჰქვია?.. – უფროსმა მაგიდაზე დადებულ მოხსენებით ბარათში ჩაიხედა, – მის მარპლს?

– დიახ, სერ. ის აბსოლუტურად დარწმუნებულია საკუთარი ვარაუდის სისწორეში. მის მარპლს მართლა დაუქირავებია ის ახალგაზრდა ქალი – ახალ ეკონომს ვგულისხმობ და გვამის მოძებნა დაუვალებია. ისიც ეძებდა. და, რაც მთავარია, მიაგნო კიდეც.

– მარპლი, მის ჯეინ მარპლი… სადღაც უკვე მსმენია ეს სახელი. აჯობებს, სკოტლენდიარდს დავუკავშირდე.

***

მოკვლევა აშკარად ფორმალობა იყო და მეტი არაფერი. მოკლული ვერავინ ამოიცნო. სამედიცინო დასკვნაში ჩაწერეს, რომ სიკვდილი მოგუდვამ გამოიწვია. საქმე გადაიდო. კრეკენტორპები იმ დარბაზიდან გამოვიდნენ, სადაც მოკვლევა მიმდინარეობდა. ხუთივენი აქ იყვნენ: ემა, სედრიკი, ჰაროლდი, ალფრედი და ბრაიან ისთლი, გარდაცვლილი ედიტ კრეკენტორპის ქმარი. აქვე იყო მისტერ უიმბორნიც, იმ საადვოკატო ფირმის უფროსი პარტნიორი, რომელიც კრეკენტორპების ოჯახის საქმეებს უძღვებოდა. იგი საგანგებოდ გამოეძახებინათ მოკვლევაზე დასასწრებად, რაც სულაც არ ეხატებოდა გულზე, რადგან ლონდონში უამრავი საქმე ჰქონდა.

– წავიდეთ აქედან, – მკვახედ წარმოთქვა ემამ. ტროტუარის კიდესთან დიდი „დაიმლერი“ გაჩერდა, რომელიც ამ დღისთვის დაექირავებინათ. მასში ჯერ ემა ჩაჯდა, რომელმაც ჟესტით ლუსი მიიპატიჟა. მათ მისტერ უიმბორნი, სედრიკი და ჰაროლდი მიჰყვნენ.

– ეს ყველაფერი ძალზე სამწუხაროა, მეტისმეტად სამწუხარო, – თქვა ჰაროლდმა, – ვიმედოვნებ, ყველაფერი მალე გაირკვევა. პოლიცია ძალზე ენერგიულად მოქმედებს.

ლაპარაკის დროს იგი გამკიცხავად შეჰყურებდა ლუსის. „რომ არა ეს მეტიჩარა, – იკითხებოდა მის თვალებში, – ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა რომ უყვარს, მსგავსი არაფერი მოხდებოდა“.

– ჰო, მართლა… ე–ე… მის… ე–ე… აილსბეროუ, რამ გიბიძგათ სარკოფაგში ჩახედვისკენ? ლუსი ელოდა, რომ რომელიმე კრეკენტორპი, ადრე თუ გვიან, ამ შეკითხვას აუცილებლად დაუსვამდა.

– სიმართლე გითხრათ, – დაიწყო მან ყოყმანით, – დანამდვილებით არც კი ვიცი… ვიფიქრე, აჯობებს, ყველაფერს კარგად დავათვალიერებ და დავალაგებ–მეთქი. იქ ხომ, ფარდულში, – იგი კვლავ შეყოყმანდა, – ძალზე თავისებური და არასასიამოვნო სუნი იდგა… ლუსიმ სწორად გათვალა, რომ ის, რაც ამ სიტყვების მიღმა იგულისხმებოდა, ყველას შეაძრწუნებდა.

მისტერ უიმბორნმა ხმადაბლა წარმოთქვა:

– არ დაგავიწყდეთ, რომ ამ უბედურ ახალგაზრდა ქალს ჩვენთან საერთო არაფერი აქვს.

ლუსი აილსბეროუმ ცნობისმოყვარეობით შეხედა მას. მაშინვე თვალში ეცა სამ ძმას შორის არსებული მკვეთრი განსხვავება. ტანმაღალ სედრიკს ქარნაკრავი, მტკიცე სახე და გრუზა თმა ჰქონდა, გულმხიარულებით გამოირჩეოდა. აეროპორტიდან პირგაუპარსავი მოვიდა, მოკვლევაზე წასვლის წინ გაიპარსა, თუმცა ტანსაცმელი არ გამოუცვლია. ლუსი ეჭვობდა, რომ ეს მისი ერთადერთი კოსტიუმი იყო: ნაცრისფერი ფლანელის ძველი შარვალი და საკმაოდ გაცვეთილი, აქა–იქ დაკემსილი განიერი პიჯაკი. ერთი სიტყვით, გარეგნულადაც და შინაგანადაც ბოჰემური ცხოვრების წესს მისდევდა და, როგორც ჩანს, ამით ძალზე ამაყობდა. მისი ძმა ჰაროლდი კი, პირიქით, სიტის იდეალური ჯენტლმენის განსახიერება იყო, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპანიის დირექტორად მუშაობდა. ამ მაღალ, მხრებგაშლილ კაცს მუქი თმა საფეთქლებთან შეთხელებოდა. უზადოდ შეკერილი შავი კოსტიუმი ეცვა და მონაცრისფრო სადაფისფერი ჰალსტუხი ეკეთა. მაშინვე მიხვდებოდით, რომ თქვენ წინაშე პრაქტიკული ჭკუის წარმატებული ბიზნესმენი იდგა.

– ყველა როდი ეგუება ასე ადვილად იმას, რომ მის სახლში მკვლელობა მოხდა, – გესლიანად წარმოთქვა ჰაროლდმა, – აქ, ინგლისში, მსგავს შემთხვევებს სერიოზულად ვეკიდებით.

„დაიმლერმა“ რეზერფორდჰოლის შესასვლელ კართან დაამუხრუჭა. მანქანიდან ყველანი რიგრიგობით გადმოვიდენ. სახლში ინსპექტორი ელოდათ „სკოტლანდ იარდიდან“. დერმუტ კრედოკი შესაშური ბუნებრიობით, თავისუფლად ალაპარაკდა.

– ჩვენ ამ საქმის გამოძიებაში ჩაგვრთეს, მისტერ უიმბორნ, – თქვა მან, – და ვინაიდან თქვენ კრეკენტორპების ოჯახის ინტერესს იცავთ, ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუ მცირეოდენ კონფიდენციალურ ინფორმაციას მოგაწვდით: მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოკლული აქაური არ იყო. იგი ცოტა ხნის წინ საზღვარგარეთიდან, შესაძლოა, საფრანგეთიდან ჩამოვიდა (თუმცა, დარწმუნებულნი არა ვართ), აქ კი ლონდონიდან გამოემგზავრა.

– იმედი ვიქონიოთ, დანაშაული მალე გაიხსნება, – თქვა მისტერ უიმბორნმა, – ცხადია, ხვდებით, რომ ეს შემთხვევა ოჯახისთვის დიდი დარტყმაა. მართალია, ამ საქმესთან არც ერთ წევრს პირადი შემხებლობა არა აქვს, მაგრამ ძალზე არასასიამოვნოა, როდესაც თქვენს მამულში მოკლულს პოულობენ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი