რომანი და დეტექტივი

შემთხვევა რკინიგზის სადგურზე

№10

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 19.03, 2023 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #7-9 (1157)

იბეჭდება პირველად ქართულ ენაზე

თუმცა ხელგაშლილობაც შეეძლო, წუწურაქობა არ ახასიათებდა. ორივე ვაჟიშვილმა იმედი გაუცრუა. მან ისინი აღზრდითა და განათლებით უზრუნველყო – ოქსფორდი და მისთანები. მათ კი ეს ჯენტლმენობა ისე გაუტკბათ, რომ ყოველგვარ ბიზნესსაქმიანობაზე უარი განაცხადეს. უმცროსმა ცოლად მსახიობი მოიყვანა, ერთხელ კი მთვრალი დაჯდა მანქანის საჭესთან და ავტოკატასტროფაში დაიღუპა. უფროსი, რომელიც მამას თითქმის არ უყვარდა, ახლა აქაურობის ბატონ–პატრონია. ადრე სახლში ვერ ისვენებდა, საზღვარგარეთ დახეტიალებდა, უამრავ წარმართულ ქანდაკებას ყიდულობდა და ინგლისში გზავნიდა. მასა და მამამისს ერთმანეთში კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ. - ლუსის ისეთი სახე მიეღო, თითქოს მხოლოდ თავაზიანობის გამო უსმენდა, სინამდვილეში კი ცდილობდა, სიტყვა არ გამორჩენოდა.

ლუსი სახლისკენ გაემართა. როდესაც ჰოლში შევიდა, ემა კრეკენტორპი ფოსტით ახლახან მოსულ წერილს კითხულობდა.

– ხვალ ჩემი ძმისშვილი ალექსანდრე ჩამოდის, სკოლის ამხანაგთან ერთად. მისი ოთახი პარმაღის თავზეა. ჯეიმზ სტოდარტ–უესტს კი მის მეზობლად მოვათავსებთ. ისინი სწორედ მათ წინ მდებარე სააბაზანოთი ისარგებლებენ.

– დიახ, მის კრეკენტორპ. თვალ–ყურს მივადევნებ, რომ ოთახები მოაწესრიგონ.

ბიჭები დილის მატარებელს ჩამოჰყვნენ. თმა საგულდაგულოდ დაევარცხნათ, საეჭვოდ ანგელოზური სახეები ჰქონდათ, საუცხოო მანერებით გამოირჩეოდნენ. ალექსანდრე ქერა და ცისფერთვალება იყო, სტოდარტ–უესტი კი – შავგვრემანი და სათვალიანი. ლანჩის დროს ერთმანეთს უახლესი, კოსმოსთან დაკავშირებული ფანტასტიკური რომანებისგან მიღებულ შთაბეჭდილებას უზიარებდნენ. როდესაც ბიჭები სუფრიდან წამოდგნენ, ლუსიმ გაიგონა, როგორ გადაულაპარაკა ალექსანდრემ თავის მეგობარს ბოდიშის კილოთი: ბაბუაჩემს ყურადღებას ნუ მიაქცევ. საშინლად ძუნწია. ვფიქრობ, ერთგვარი კომპლექსი აქვს.

– მე კი დეიდა მყავდა, – დაამშვიდა სტოდარტ–უესტმა, – რომელსაც გამუდმებით ეშინოდა, რომ გაკოტრდებოდა. არადა, უამრავი ფული ჰქონდა. ალექს, ფეხბურთის ბურთი თუ გაქვს?

ლუსიმ მაგიდა აალაგა, ჭურჭელი გარეცხა და სახლიდან გავიდა. გაზონის მხრიდან ბიჭების ხმები ისმოდა. ლუსი საპირისპირო მხარეს გაემართა, ხეივანს გაუყვა, როდოდენდრონების ბუჩქებისკენ გადაუხვია და ძებნას შეუდგა. ტოტებს აქეთ–იქით ფრთხილად სწევდა, ბუჩქიდან ბუჩქთან გადადიოდა და ბალახში გოლფის სათამაშო ყვანჯს აფათურებდა. უეცრად ალექსანდრე ისთლის თავაზიანმა ხმამ შეაკრთო:

– რამეს ეძებთ, მის აილსბეროუ? – გოლფის ბურთს, – სწრაფად მიუგო მან, – თავისუფალ დროს ვვარჯიშობდი ხოლმე და თითქმის ყველა ბურთი დავკარგე. ჰოდა, გადავწყვიტე, დღეს აუცილებლად მომეძებნა.

– დაგეხმარებით, – თავაზიანად შესთავაზა ალექსანდრემ.

– როგორი კეთილი ხართ! მე კი მეგონა, ფეხბურთს თამაშობდით.

– ფეხბურთს დიდხანს ვერ ითამაშებთ, – აუხსნა სტოდარტ–უესტმა, – გაიხვითქებით. გოლფს ხშირად თამაშობთ?

– არც ისე, თუმცა ძალიან მომწონს.

– ლანჩისთვის კერძები თქვენი ნახელავია? ბრწყინვალე იყო, – თქვა ალექსანდრემ, – ვაშლის ბეზეს ხომ ვერ გამოგვიცხობდით? ჩემი საყვარელი საჭმელია.

– რა თქმა უნდა.

ალექსანდრეს გაუხარდა.

– კიბის ქვეშ საათიანი გოლფის სათამაშო კომპლექტია, – თქვა მან, – შეგვიძლია, გაზონზე დავაყენოთ. ნამდვილი მოედნის მოწყობა გვსურს. ფოსოებსაც წესისამებრ დავაყენებთ, მოკლე და გრძელ დისტანციებზე. დასანანია, რომ ციფრები გვარიანად დაჟანგულა. მათი გარჩევა თითქმის შეუძლებელია.

– განახლება სჭირდება, – უთხრა ლუსიმ

– კარგი აზრია, – სახე გაუბრწყინდა ალექსანდრეს, – მოიცადეთ, თუ არ ვცდები, გრძელ ფარდულში რამდენიმე ქილა საღებავი უნდა იყოს დარჩენილი. იქნებ წავსულიყავით და გვენახა?

ალექსანდრემ ქვის გრძელი შენობისკენ გაიშვირა ხელი, რომელიც სახლთან ახლოს, უკანა მისასვლელი გზის გასწვრივ იდგა.

– ძალიან ძველია, – თქვა ალექსანდრემ, – ბაბუას კოლექცია სწორედ იმ ფარდულშია მოთავსებული, – განაგრძო მან, – ის, რასაც ოდესღაც საზღვარგარეთიდან გზავნიდა, როცა ახალგაზრდა იყო. ჩემი აზრით, ისინიც საშინელებაა. გრძელ ფარდულში ზოგჯერ „ქალთა ინსტიტუტის“ ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო ბაზრობა იმართება. წამოგვყევით და საკუთარი თვალით ნახეთ.

ფარდულის მუხის კარს დიდქუდიანი ლურსმნები ერტყა. ყველანი შიგნით შევიდნენ. თავდაპირველად ლუსის მოეჩვენა, რომ ძალიან ცუდ მუზეუმში მოხვდა. წინიდან რომის რომელიღაც ორი იმპერატორის თვალებგადმოკარკლული მარმარილოს ქანდაკება უყურებდა. მათ გვერდით, ბერძნულ–რომაული დეკადენტური პერიოდის დიდი სარკოფაგი იდგა. კვარცხლბეკზე მდგომი ვენერა სულელურად იღიმებოდა და შემოძარცულ სამოსს ჩასჭიდებოდა. ხელოვნების ნიმუშების გარდა, ერთმანეთზე შემოწყობილი სკამები, რამდენიმე მაგიდა და ათასგვარი ხარახურა მოჩანდა.

– მახსოვს, აქ სადღაც საღებავებიანი ქილები ეწყო, – თქვა ალექსანდრემ და დაფლეთილი ფარდა გადასწია, რომელიც შორეულ კუთხეს ფარავდა. იქ მართლა აღმოჩნდა რამდენიმე ქილა და გამხმარი ფუნჯი.

– ცოტაოდენი სკიპიდარი დაგვჭირდება, – თქვა ლუსიმ. მაგრამ სკიპიდარს ვერსად მიაგნეს. ბიჭებმა გადაწყვიტეს, მის მოსატანად ველოსიპედით ქალაქში წასულიყვნენ. ბიჭები წავიდნენ, ლუსი კი ფარდულში დარჩა.

– აქაურობას მილაგება არ აწყენდა, – ჩაილაპარაკა თავისთვის. იდგა და ათვალიერებდა. უეცრად თვალში სარკოფაგი მოხვდა და დაჟინებით მიაშტერდა. მერე კი მიუახლოვდა. ზემოდან მას მძიმე, მჭიდროდ მორგებული თავსახურავი ედო. ლუსი ერთხანს ჩაფიქრებული სახით დაჰყურებდა, შემდეგ მძიმე პატარა ძალაყინი მოძებნა. შეუპოვრად მოქმედებდა. მან ძალაყინის პირი სახურავს გამოსდო და ენერგიულად დააწვა. სახურავი ნელ–ნელა მაღლა აიწია და მალე იმხელა ღრიჭო გაჩნდა, რომ ლუსიმ შიგნით ჩახედვაც მოახერხა… რამდენიმე წუთის შემდეგ საშინლად გაფითრებული ლუსი ფარდულიდან გამოვიდა, კარი ჩაკეტა და გასაღები ლურსმანზე ჩამოკიდა. შემდეგ მტკიცე ნაბიჯებით გაემართა საჯინიბოსკენ, მანქანა დაქოქა და ფოსტისკენ დაიძრა.

– დიახ, ლუსი!

– მე მას მივაგენი. ქალის გვამს. ქვის სარკოფაგში. სახლთან ახლოს ძველი ფარდული მდებარეობს, რომელშიც მუზეუმის მსგავსია გახსნილი. სწორედ იქ დგას ეს სარკოფაგი. ახლა როგორ უნდა მოვიქცე?

– პოლიციას უნდა შეატყობინოთ, დაუყოვნებლივ!

– რა ვუთხრა, როდესაც მოვლენ? აუცილებლად დაინტერესდებიან, რატომ მომივიდა თავში აზრად სახურავის ახდა, რომელიც ტონას მაინც იწონის? თუ გნებავთ, რამე მიზეზს მოვიგონებ.

– სიმართლის თქმა მოგიწევთ. ყველაფრის შესახებ.

– ჩემთვის ამის თქმა რთული არ იქნება, – თქვა მან, – მაგრამ სხვა საქმეა, დაიჯერებენ თუ არა ისინი. მან ყურმილი დაკიდა, ცოტა ხანს დაიცადა და პოლიციის განყოფილებაში დარეკა. – ახლახან გვამი აღმოვაჩინე სარკოფაგში, რომელიც რეზერფორდჰოლის მამულის გრძელ ფარდულში დგას. საკუთარი სახელი და გვარიც აცნობა. შემდეგ რეზერფორდჰოლში დაბრუნდა, მანქანა თავის ადგილას დააყენა და სახლში შევიდა. ჰოლში წამით შეჩერდა და დაფიქრდა. მალე თავი გადააქნია და ბიბლიოთეკის კარი შეაღო, სადაც მის კრეკენტორპი მამას გაზეთ „თაიმსში“ გამოქვეყნებული კროსვორდის ამოხსნაში ეხმარებოდა.

– რამდენიმე წუთს ხომ ვერ დამითმობთ, მის კრეკენტორპ? ემამ მას ოდნავი შეშფოთებით შეხედა. ჩვეულებრივ, ასეთი კილოთი სახლში მომუშავე შეუცვლელი მსახური თავისი წასვლის შესახებ აცხადებს ხოლმე.

– რა მოხდა? თუ მიგაჩნიათ, რომ ბიჭების ჩამოსვლამ საქმე მოგიმატათ, მზად ვარ, დაგეხმაროთ და…

– არა, სხვა რამის თქმას ვაპირებ, – უთხრა ლუსიმ, – არ მინდოდა, მამათქვენის თანდასწრებით მელაპარაკა, რადგან, როგორც ვიცი, თავს ცუდად გრძნობს და ამ ამბავმა შესაძლოა, შოკში ჩააგდოს. საქმე ისაა, რომ ახლახან მოკლული ქალის გვამი აღმოვაჩინე გრძელ ფარდულში მდგარ დიდ სარკოფაგში.

ემა კრეკენტორპმა გაოცებისგან თვალები დააჭყიტა.

– სარკოფაგში? მოკლული ქალი? შეუძლებელია!

– ვშიშობ, ეს სიმართლეა. პოლიციაში უკვე დავრეკე. წუთი–წუთზე მოვლენ.

ემას ლოყები ოდნავ შეეფაკლა, – უნდა გაგეფრთხილებინეთ, სანამ პოლიციაში დარეკავდით... დარეკვის ხმა არ გამიგონია, – თქვა ემამ და ჰოლში, მაგიდაზე დადგმულ ტელეფონის აპარატს გახედა.

– ფოსტიდან დავრეკე. არ მინდოდა, ბიჭებს გაეგოთ.

შემოსასვლელ კართან მანქანის დამუხრუჭების ხმა გაისმა. რამდენიმე წამის შემდეგ ზარის ხმაც გაისმა.

ინსპექტორმა ბეკონმა ემა კრეკენტორპს ხელი შეაშველა და ფარდულიდან გამოიყვანა. ქალს სახე გაჰფითრებოდა, ცუდად გამოიყურებოდა, მაგრამ სიარულის დროს სიმტკიცეს ინარჩუნებდა.

– აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის ქალი ცხოვრებაში არასდროს მინახავს.

– მადლობას მოგახსენებთ, მის კრეკენტორპ. მხოლოდ ამის გაგება გვსურდა.

ბიბლიოთეკიდან დოქტორი ქუიმპერი გამოვიდა – მაღალი, კეთილი კაცი, რომლის უცერემონიო, ოდნავ ცინიკური მანერა პაციენტებზე სასიკეთო გავლენას ახდენდა.

– ყოჩაღი ქალი ხართ, – უთხრა ექიმმა ემას და გასამხნევებლად მხარზე ხელი მოუთათუნა, – ყველაფერს უმკლავდებით. თქვენი ყოველთვის მჯეროდა. მამის გამო კი ნუ იდარდებთ, არაფერი უჭირს. სასადილო ოთახში შებრძანდით და კონიაკი გადაჰკარით. ჩათვალეთ, რომ წამალი გამოგიწერეთ. ემამ მადლობის ნიშნად გაუღიმა და ბიბლიოთეკაში შევიდა.

– ქვეყნიერება ასეთი ქალებით სულდგმულობს, – განაცხადა ექიმმა და თვალი გააყოლა, – რა სამწუხაროა, რომ გაუთხოვარი დარჩა. მისმა დამ დროულად მოასწრო გაქცევა, ჩვიდმეტი წლისა გათხოვდა. მის ემა საკმაოდ მიმზიდველი ქალია. შესანიშნავი მეუღლე და დედა იქნებოდა. მამამისს მოსწონს, თავი ინვალიდად წარმოაჩინოს და ამის უფლებას აძლევს. ძმებთანაც ასე იქცევა. სედრიკს ჰგონია, რომ გამორჩეული მხატვარია. მეორე, რა ჰქვია? ჰაროლდი, დარწმუნებულია, რომ იგი მხოლოდ მის აზრს ითვალისწინებს. ალფრედს თავისი საეჭვო საქმეებით ტრაბახს აცლის, თანაც ისეთ სახეს იღებს, თითქოს აღტაცებულია მისი სიმარჯვით. დიახ, დიახ, ძალიან ჭკვიანი ქალია. რამეში ხომ არ გჭირდებით, ინსპექტორო? ხომ არ გინდათ, გვამს დავხედო.

– დიახ, რასაკვირველია, მინდა, თქვენც დაათვალიეროთ. მოკლულის ვინაობა უნდა დავადგინოთ.

– კარგი, წავიდეთ, თქვენს აღმოჩენას დავხედოთ. ვფიქრობ, უსიამოვნო სანახაობა იქნება, არა? ჯონსტონის აზრით, ორი–სამი კვირის წინ მოკლეს. თუ ასეა, ძალზე უსიამოვნო სურათის ნახვა მოგვიწევს.

ექიმი სარკოფაგთან დადგა, შიგნით დაუფარავი ცნობისმოყვარეობით ჩაიხედა და პროფესიული გულგრილობით მიაჩერდა ძალზე უსიამოვნო სურათს.

– როგორც ჩანს, სასიამოვნო გარეგნობა ჰქონია… ჰმ, ნეტავ, ვის დასჭირდა მისი თავიდან მოცილება? ისინი კვლავ გარეთ გავიდნენ. დოქტორმა ქუიმპერმა შენობა შეათვალიერა. ნაპოვნია… რას უწოდებენ? გრძელ ფარდულში. თანაც, სარკოფაგში! ფანტასტიკურია! ვინ აღმოაჩინა?

– მის ლუსი აილსბეროუმ.

– აჰ, ახალმა მოსამსახურემ? საინტერესოა, სარკოფაგში ჩახედვა რატომ გადაწყვიტა?

– სწორედ ამის დადგენას ვაპირებ, – პირქუშად უპასუხა ინსპექტორმა ბეკონმა, – მაგრამ ჯერ მისტერ კრეკენტორპს მივუბრუნდეთ. ხომ არ შეგიძლიათ, რომ იგი…

– დიახ, ახლავე მოვიყვან. გვარიანად შეფუთნილი მისტერ კრეკენტორპი სხვების დაუხმარებლად, მკვირცხლი ნაბიჯებით მიუახლოვდა გრძელ ფარდულს. გვერდით ექიმი მოჰყვებოდა.

– აღმაშფოთებელია! – წამოიძახა მან, – სამარცხვინოა! ეს სარკოფაგი ფლორენციიდან ჩამოვიტანე… ნება მიბოძეთ, შევხედო. დიახ, 1908 წელს თუ 1909 წელი იყო?

– გამაგრდით, – გააფრთხილა ექიმმა, – არცთუ სასიამოვნო სანახაობა გელით.

– მიუხედავად იმისა, რომ ავად ვარ, ამის გაკეთება ჩემი ვალია, ხომ ასეა? მაგრამ მისი ვიზიტი გრძელ ფარდულში ძალზე ცოტა ხანს გაგრძელდა. ორი წუთის შემდეგ მისტერ კრეკენტორპი გარეთ გამოვიდა და იქაურობა მისთვის უჩვეულო სისწრაფით დატოვა.

– ის ქალი არასდროს მინახავს, – თქვა მან, – რა ხდება? რა უმსგავსობაა? ჩემთვის ეს მეტისმეტია… გული… სად არის ემა? ექიმო…

დოქტორმა ქუიმპერმა ხელი შეაშველა.

– არაფერია, კარგად იქნებით, – თქვა მან, – სტიმულატორის მიღებას გირჩევთ. კონიაკი დალიეთ. ისინი ერთად გაემართნენ სახლისკენ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი