რომანი და დეტექტივი

საზღვაო ხელშეკრულება

№44

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 14.11, 2021 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

(იბეჭდება შემოკლებით)

მოწაფეობის ხანაში ერთ ბიჭთან, პერსი ფელპსთან ვმეგობრობდი. მისი ბიძა, დედის ძმა, ლორდი ჰოლდჰერსტი იყო – ცნობილი პოლიტიკოსი კონსერვატიული პარტიიდან. საკუთარი ნიჭისა და ბიძის გავლენის წყალობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაეწყო მუშაობა კარგ თანამდებობაზე, თუმცა მალე ის სრულიად გადამავიწყდა და აღარც გამხსენებია, სანამ შემდეგი წერილი არ მივიღე:

„ბრაიარბრე, უოკინგი.

ძვირფასო უოტსონ:

ეჭვი არ მეპარება, გემახსოვრებათ „თავკომბალა“ ფელპსი, შესაძლოა, ისიც გსმენიათ, რომ ბიძაჩემის გავლენის წყალობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში კარგ თანამდებობაზეც მოვხვდი, სანამ თავს დიდი უბედურება არ დამატყდა, რომელმაც ჩემი კარიერა შეიწირა.

იქნებ შეძლოთ და თქვენს მეგობართან, მისტერ ჰოლმსთან ერთად მეწვიოთ? ჩემთვის ამ გაურკვევლობაში ყოველი წუთი ლამის მთელ საათად გაიწელოს.

უმორჩილესად გთხოვთ, თქვენს მეგობართან ერთად ჩამოხვიდეთ.

თქვენი სკოლის მეგობარი, პერსი ფელპსი“.

ჰოლმსს თავისი საქმე ძალიან უყვარდა და უარს არასდროს ამბობდა, გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანისთვის დახმარების ხელი გაეწოდებინა.

ბრაიარბრეში მდებარე სახლი სადგურიდან ფეხით რამდენიმე წუთის სავალზე იყო. მსახურს ჩვენი სავიზიტო ბარათები გადავეცით და მალე საკმაოდ მსუქანი კაცი შემოვიდა, რომელიც დიდი აღფრთოვანებით შეგვეგება. ოცდათხუთმეტიოდე წლის იქნებოდა, მაგრამ ვარდისფერი ლოყებითა და მხიარული თვალებით პუტკუნა და ცელქი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

– მოხარული ვარ, რომ ჩამოხვედით, – თქვა მან და ხელი ენერგიულად ჩამოგვართვა, – პერსი დილიდანვე გკითხულობთ. საბრალო, ხავსსაც კი ეჭიდება! ჯოზეფ ჰარისონი გახლავართ, მაგრამ, ვინაიდან პერსი ჩემს დაზე, ენიზე აპირებს დაქორწინებას, მეუღლის მხრიდან მაინც ვიქნები მისი ნათესავი. ის მოუთმენლად გელით.

– როგორ ხართ, უოტსონ? ულვაში მოგიშვიათ. ვერაფრით გიცნობდით. დარწმუნებული ვარ, არც ჩემი ცნობაა ადვილი. ეს, ალბათ, თქვენი სახელგანთქმული მეგობარი, მისტერ შერლოკ ჰოლმსია, არა?

მსუქანი ახალგაზრდა კაცი ოთახიდან გავიდა, მისი და კი, განსაცვიფრებელი გარეგნობის ქალი, ავადმყოფთან დარჩა, რომელიც მას ხელს არ უშვებდა.

– პირდაპირ საქმეზე გადავალ. უნდა გითხრათ, მისტერ ჰოლმს, რომ ბედნიერი და წარმატებული ადამიანი ვიყავი. ქორწილისთვის ვემზადებოდით, როდესაც მოულოდნელად თავს დამტყდარმა უბედურებამ ცხოვრების ყველა პერსპექტივა გამიქრო. დაახლოებით ათი კვირის წინ მინისტრმა, რომელიც ბიძაჩემია, მითხრა, რომ ახალი, უმნიშვნელოვანესი დავალების მოცემას აპირებდა.

აი, ეს, – თქვა მან და მაგიდიდან ნაცრისფერი ქაღალდის გრაგნილი აიღო, – ინგლისსა და იტალიას შორის დადებული საიდუმლო ხელშეკრულების ორიგინალია, რომლის შესახებაც, სამწუხაროდ, პრესაში, უკვე გაჟონა ინფორმაციამ. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ მოხდეს. საფრანგეთის ან რუსეთის საელჩო უზარმაზარი თანხის გადახდაზეც არ დაიხევს უკან, რომ ამ დოკუმენტის შინაარსი შეიტყოს. ორიგინალიცა და ასლიც მაგიდაში ჩაკეტეთ, დილით კი პირადად გადმომეცით.

– დეტალებზე არაფერს გეტყვით, მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ ხელშეკრულებაში განხილული იყო საკითხები, რომლებიც მხოლოდ სამხედრო-საზღვაო საკითხებს შეეხებოდა. ქაღალდებს თვალი გადავავლე და მის გადაწერას შევუდექი.

ოცდაექვსმუხლიანი ვრცელი დოკუმენტი იყო. მეძინებოდა და ცუდად ვაზროვნებდი, ფინჯანი ყავა ჩემი ტვინისთვის მისწრება იქნებოდა. ჩვენი შვეიცარი მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობს და სამუშაო დროის შემდეგ დარჩენილი თანამშრომლებისთვის ყავას ადუღებს. მეც მის გამოსაძახებლად ზარი დავრეკე.

ჩემდა გასაოცრად, ზარის ხმაზე მაღალი, ჩაფსკვნილი, ხანდაზმული, წინსაფრიანი ქალი შემოვიდა. ეს შვეიცრის ცოლი იყო, რომელიც ჩვენთან დამლაგებლად მუშაობდა. ყავის მოდუღება ვთხოვე.

კიდევ ორი მუხლის გადაწერის შემდეგ ვიგრძენი, რომ თვალები მებლიტებოდა. ყავა ჯერაც არ მოეტანათ. გადავწყვიტე, გამერკვია, რა ხდებოდა. კარი გამოვაღე და დერეფანში გავედი. კიბით ვესტიბიულში დავეშვი, სადაც ღრმა ძილში წასული შვეიცარი აღმოვაჩინე. სპირტქურაზე მდგარი, გაშმაგებით მოთუხთუხე ჩაიდნიდან იატაკზე შხეფები ეცემოდა. შვეიცარი შეკრთა და თვალი გაახილა.

– მისტერ ფელპს, სერ! – თქვა მან და გაოგნებულმა შემომხედა.

– ქვევით ჩამოვედი, რათა გამეგო, მზად არის თუ არა ჩემი ყავა.

– ჩამძინებია, სერ – მიპასუხა შვეიცარმა და ჯერ მე შემომხედა, შემდეგ კი – მოქანავე ზარს. სახეზე გაოცება თვალსა და ხელს შუა ემატებოდა.

– თუ თქვენ აქ ხართ, სერ, ზარი ვინ დარეკა? – მკითხა მან, იმ ოთახიდან შემოდის, სადაც თქვენ მუშაობთ.

გულში თითქოს ყინულის ხელი მწვდა. მაშასადამე, ახლა ვიღაც იმყოფებოდა იმ ოთახში, სადაც მაგიდაზე ჩემი უძვირფასესი ხელშეკრულება დავტოვე. თავქუდმოგლეჯით ავვარდი კიბეზე, იქიდან – დერეფანში. არავინ იყო, მისტერ ჰოლმს. არც ოთახში. ყველაფერი თავის ადგილზე აღმოჩნდა, ჩემთვის მონდობილი დოკუმენტის გარდა. ასლი მაგიდაზე იდო, ორიგინალი კი გამქრალიყო.

ჰოლმსი წელში გასწორდა და ხელები მოიფშვნიტა.

– შვეიცარი მიხვდა, რომ რაღაც უბედურება მოხდა და ზევით ამომყვა. შემდეგ ორივენი ოთახიდან გავვარდით და კიბეზე დავეშვით, საიდანაც ჩარლზ-სტრიტზე შეიძლებოდა მოხვედრა. კარი მიხურული დაგვხვდა, ოღონდ არა ჩაკეტილი. ვერაფერს მივაგენით.

– რატომ უნდა გასჩენოდა დამნაშავეს ზარის დარეკვის სურვილი? ეს აუხსნელი საიდუმლოა. უჩვეულო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, – თქვა ჰოლმსმა, – ხომ არ დატოვა დაუპატიჟებელმა სტუმარმა რამე კვალი, მაგალითად, ნამწვის, დაკარგული ხელთათმნის, თმის სამაგრის ან სხვა უმნიშვნელო ნივთის სახით?

– მსგავსი არაფერი ყოფილა. ხელჩასაჭიდი იქ არაფერი იყო. ვერ ვიხსენებ, შემდეგ რა დამემართა. ალბათ, ისტერიკა. ბუნდოვნად მახსოვს, როგორ ცდილობდნენ „სკოტლანდ-იარდის“ თანამშრომლები ჩემს დამშვიდებას. სადგურზე შეტევა დამემართა და ჯერ კიდევ გზაში ვიყავი, როდესაც გაშმაგებულ შეშლილს დავემსგავსე.

დღისით თავზე ჩემი საცოლე მადგა, ღამით კი დაქირავებული ექთანი მდარაჯობდა, მეხსიერება მხოლოდ სამი დღის წინ დამიბრუნდა.

– ერთ უმნიშვნელოვანეს შეკითხვას დაგისვამთ. ვინმეს ხომ არ უთხარით, რომ საგანგებო დავალება მიიღეთ?

– არავის.

– გმადლობთ. ეჭვი არ მეპარება, დეტალებს ფორბსისგან შევიტყობ. „სკოტლანდ-იარდის“ გამომძიებლებმა შესანიშნავად იციან ფაქტების შეგროვება, ეგაა, რომ ყოველთვის ვერ ახერხებენ მათ ახსნას.

– ეს დანაშაული კი სულაც არ არის უმიზნო – თქვა ჰოლმსმა, როცა წამოვედით. ვის აძლევს ის ხელს? ან საფრანგეთის ელჩს, ან – რუსეთისას, ან იმას, ვისაც შეუძლია, ეს დოკუმენტი რომელიმე მათგანს მიჰყიდოს. უკვე ათი კვირა გავიდა და არაფერი მომხდარა. მაშასადამე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაღაც მიზეზით, ხელშეკრულება დაინტერესებულ მხარეს ჯერაც არ ჩავარდნია ხელში.

* * *

– სიახლე მე მაქვს, – თქვა ფელპსმა, – ღამით ჩვენთან რაღაც მოხდა, ჩემი აზრით, ძალზე სერიოზული. უკვე ვეჭვობ, არა მხოლოდ ჩემი ღირსების, არამედ ჩემი სიცოცხლის ხელყოფასაც ცდილობენ! წუხელ პირველად გავატარე ღამე მომვლელი ქალის გარეშე. ღამის ორი საათისთვის ჩამთვლიმა, მაგრამ მოულოდნელად ხმაურმა გამაღვიძა. ხმაური გაძლიერდა და უეცრად ფანჯრის მხრიდან ლითონის ღრჭიალი მომესმა. ვიღაც ცდილობდა, ხელსაწყო დარაბებს შორის ღრიჭოში შეეყო და ფანჯარა გაეღო. ლოგინიდან წამოვხტი და დარაბები გამოვაღე. ფანჯრის ქვეშ ვიღაც კაცი ჩაცუცქულიყო. ხელში რაღაც იარაღი ეჭირა. მომეჩვენა, რომ ეს გრძელი დანა იყო.

ჩვენი კლიენტის მონათხრობმა შერლოკ ჰოლმსზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ყვავილნარზე კვალი მოჩანდა, თუმცა ის სხვებს საშინლად გადაეთელათ.

ჰოლმსი ჩვენი კლიენტის საცოლესთან მივიდა.

– ჩვენი წასვლის შემდეგ ამ ოთახში დარჩით. ხოლო, როცა დასაძინებლად წახვალთ, ამ ოთახის კარი გარედან ჩაკეტეთ, გასაღები კი თან წაიღეთ. მპირდებით?

– მერედა, პერსი?

– ის ჩვენთან ერთად ლონდონში წამოვა.

ქალიშვილმა თავის დაქნევა მოასწრო, რომ მისი საქმრო და ძმაც მოვიდნენ.

– რას აპირებთ, მისტერ ჰოლმს? – იკითხა ჩვენმა კლიენტმა.

– ძალიან დამეხმარებით, თუ ჩემთან ერთად ლონდონში წამოხვალთ. ჩემი მეგობარი უოტსონი ექიმია. თქვენზე ის იზრუნებს. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, აქ ვისაუზმებთ, შემდეგ კი სამივენი ქალაქში გავემგზავრებით.

... ჰოლმსს ჩვენთვის განსაცვიფრებელი სიურპრიზი შემოენახა: როდესაც სადგურს მივაღწიეთ და ვაგონთან მივედით, მშვიდად განგვიცხადა, რომ უოკინგიდან გამგზავრებას არ აპირებდა.

– აქ კიდევ მაქვს რაღაც გასარკვევი, უოტსონ, ძალზე დამავალებთ, თუ ლონდონში ჩასვლისთანავე ჩვენს მეგობართან ერთად ბეიკერ-სტრიტზე წახვალთ და იქ დამელოდებით.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი