რომანი და დეტექტივი

საზღვაო ხელშეკრულება

№45

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 21.11, 2021 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #44(1088)

ფელპსი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ბოლომდე ჯერაც არ გამოჯანმრთელებულიყო და ადვილად ღიზიანდებოდა. შუაღამემდე მოუსვენრად ვწრიალებდი, ბოლოს კი ჩამეძინა.

როგორც კი რვა საათი შესრულდა, სახლის სადარბაზოსთან კები გაჩერდა, საიდანაც ჩვენი მეგობარი გადმოვიდა. ფანჯარასთან ვიდექით და ვხედავდით, რომ მარცხენა ხელი შეხვეული, სახე კი მოღუშული და ფერმკრთალი ჰქონდა.

– უნდა გითხრათ, მისტერ ფელპს, რომ ამაზე რთული საქმე ჯერ არ შემხვედრია.

– თქვენი შეხვეული ხელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხათაბალაში გაბმულხართ, – ვთქვი მე, – ხომ არ მოგვიყვებით, რა მოხდა?

– საუზმის შემდეგ, ძვირფასო უოტსონ!

მისის ჰადსონი შემოვიდა ლანგარზე დაწყობილი ჩაითა და ყავით. რამდენიმე წუთის შემდეგ მან სამი თავდახურული თეფშით კერძი შემოგვიტანა.

– მისის ჰადსონი მოწოდების სიმაღლეზეა, – თქვა ჰოლმსმა და ერთ-ერთ თეფშს თავსახურავი ახადა, სადაც იამაიკურად მომზადებული ქათამი იდო.

– თქვენ რას მიირთმევთ, მისტერ ფელპს: ქათამს, ერბოკვერცხს თუ სხვა კერძს? ის კერძი გასინჯეთ, თქვენ წინ რომ დევს.

– გმადლობთ, მაგრამ მე ვერ შევჭამ.

– რა გაეწყობა, – თქვა ჰოლმსმა და თვალებში ეშმაკური ცეცხლი გაუკრთა, – თუ ასეა, პატივი დამდეთ და მომაწოდეთ მაინც.

ფელპსმა თავსახურავი ასწია და შეჰყვირა. სახე იმ თეფშივით გაუთეთრდა, რომელსაც თვალს არ აცილებდა. იქ მონაცრისფრო-მოცისფრო ქაღალდის გრაგნილი იდო. ფელპსმა მას ხელი სტაცა, ხარბად გადაიკითხა, გულში ჩაიკრა, წამოხტა და ოთახში გიჟურ ცეკვას მოჰყვა, თან აღფრთოვანებული, რაღაცას გაჰყვიროდა. ბოლოს, ემოციისა და გრძნობებისგან ღონემიხდილი, სავარძელში ჩაეშვა. შეგვეშინდა, გული არ წასვლოდა, და კონიაკი ძალით დავალევინეთ.

ფელპსმა ჰოლმსს ხელზე ხელი სტაცა და აკოცა.

– ღმერთმა დაგლოცოთ! – შესძახა მან, – თქვენ მე ღირსება შემინარჩუნეთ! როგორ მოახერხეთ ამ დოკუმენტის პოვნა და სად იყო ის?

შერლოკ ჰოლმსმა ჯერ ყავა დალია, შემდეგ ჩიბუხი გააბოლა და თავის სავარძელში მოკალათდა.

– ყველაფერს თანამიმდევრობით მოგიყვებით. როდესაც მატარებელთან დაგემშვიდობეთ, მშვენიერ ბუნებაში გავისეირნე და პატარა სოფელს მივადექი, რომელსაც რიპლი ჰქვია. საღამომდე იქ ვიყავი, შემდეგ კი უოკინგისკენ გავემართე. სახლს რომ მივაღწიე, ღობეზე გადავძვერი და ბაღში აღმოვჩნდი. ჩავიცუცქე და მოვლენების განვითარებას დაველოდე. საძინებლის ფანჯარას ვუთვალთვალებდი. შტორები დაშვებული არ იყო . მის ჰარისონი მაგიდასთან იჯდა და წიგნს კითხულობდა. მერე წიგნი დახურა და გავიგონე, როგორ გაჯახუნდა კარი, შემდეგ კი, საკეტში გასაღები გადატრიალდა. მის ჰარისონს ვურჩიე, დასაძინებლად წასვლამდე კარი გარედან ჩაეკეტა, გასაღები კი თან წაეღო. მან ზუსტად შეასრულა ჩემი მითითებები. მისი წასვლის შემდეგ ოთახში ჩამობნელდა, საფარში ჯდომა მაინც მომქანცველია. სხვათა შორის, დიდხანს მომიწია ლოდინი. ღამის ორი საათისთვის, როგორც იქნა, მომესმა, რომ ვიღაცამ ძალიან ჩუმად გასწია ურდული და საკეტში გასაღები გადაატრიალა. წამის შემდეგ მოსამსახურეთათვის განკუთვნილი კარი გაიღო და მთვარის შუქით განათებულ ზღურბლზე მისტერ ჯოზეფ ჰარისონი გამოჩნდა. ვხედავდი, როგორ მოძრაობდა, რასაც ოთახში აკეთებდა. ბუხარზე შემოდებული ორი სანთელი აანთო, კართან მივიდა და ხალიჩის კიდე გადასწია. დაიხარა და კვადრატული ფიცრის ნაჭერი აიღო. მას, ჩვეულებრივ, ხელოსნებისთვის ტოვებენ, რათა გაზის მილების შეერთების ადგილს მიუდგნენ. ხელი სამალავში მოაფათურა, იქიდან ქაღალდების მომცრო შეკვრა ამოიღო, ფიცარი ადგილზე დააბრუნა, ხალიჩა გაასწორა, სანთლები ჩააქრო, ფანჯრიდან გადმოხტა და პირდაპირ ჩემს ხელში აღმოჩნდა, რადგან უკვე იქ ველოდებოდი.

ბატონი ჯოზეფი იმაზე გულბოროტი გამოდგა, ვიდრე ველოდი. დანამომარჯვებული, გაშმაგებით მიტევდა. მსუბუქადაც გავიკაწრე, სანამ საბოლოოდ დავჯაბნიდი. დოკუმენტი რომ მოვიხელთე, ჰარისონი გავუშვი, მაგრამ დღეს დილით ფორბსს წუხანდელი ამბის დეტალები ვუდეპეშე. თუ იმარჯვებს, ჩიტს ხელში ჩაიგდებს,

– ღმერთო ჩემო! – შესძახა ჩვენმა კლიენტმა, – სანამ აგონიაში ვიყავი, ანუ ხანგრძლივი ათი კვირის განმავლობაში, მოპარული დოკუმენტი იმ ოთახში იდო, სადაც მე ვიწექი?

– სწორედ ასე იყო. ვშიშობ, ჯოზეფი გაცილებით რთული და სახიფათო პიროვნებაა, ვიდრე ეს გარეგნულად ჩანს. ბირჟაზე ფიასკო განიცადა და მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერზე წასასვლელად მზად იყო. როგორც კი ხელსაყრელი შემთხვევა მიეცა, თავიდან ფეხებამდე ეგოისტმა, დის ბედნიერებაც ფეხებზე დაიკიდა და თქვენი რეპუტაციაც. ჯოზეფზე ეჭვი ჯერ კიდევ მაშინ მივიტანე, როდესაც მითხარით, რომ იმ საღამოს თქვენთან ერთად აპირებდა შინ გამგზავრებას და, აქედან გამომდინარე, იცოდა რა, საგარეო საქმეთა სამინისტროში ოთახების განლაგება, შეეძლო, გზად თქვენთან შემოევლო. თქვენს საძინებელში რამის დამალვას მხოლოდ ჯოზეფი თუ მოახერხებდა ეჭვი კიდევ უფრო გამიმძაფრდა, როცა ვიღაცამ საძინებელში შესვლა პირველივე ღამეს სცადა, რომელიც მომვლელის გარეშე გაატარეთ.

საქმე შემდეგნაირად მოხდა: ჯოზეფ ჰარისონი სამინისტროში ჩარლზ-სტრიტის მხრიდან მივიდა. პირდაპირ თქვენს ოთახში მას შემდეგ შევიდა, როგორც კი იქიდან გახვედით. როდესაც არავინ დახვდა, ზარი დარეკა. იმწამსვე მაგიდაზე დადებულ ქაღალდს მოჰკრა თვალი. ერთი შეხედვით მიხვდა, რომ, ბედის წყალობით, ხელში უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი დოკუმენტი უვარდებოდა. მაშინვე ჯიბეში ჩაიდო და იქაურობა დატოვა.

ჰარისონი უოკინგში პირველივე მატარებლით გაემგზავრა, როგორც თვითონ ეგონა, ნადავლი საიმედო ადგილას დამალა. ორიოდე დღის შემდეგ სამალავიდან ამოიღებდა და საფრანგეთის საელჩოში ან სხვაგან წაიღებდა, სადაც, დიდ თანხას გადაუხდიდნენ. ამას თქვენი მოულოდნელი დაბრუნება მოჰყვა. იგი გაუფრთხილებლად გამოაბრძანეს მისი ოთახიდან და მას შემდეგ იქ, გამუდმებით სულ ცოტა, ორი ადამიანი მაინც იმყოფებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, ხელსაყრელი შემთხვევა მიეცა. ოთახში შეღწევა სცადა, მაგრამ თქვენმა უძილობამ გეგმა ჩაუშალა. თუ გახსოვთ, იმ საღამოს დამამშვიდებელი წამალი არ დაგილევიათ.

– ვფიქრობ, ჯოზეფი შესაბამის ზომებს მიიღებდა, რათა წამალს უფრო ეფექტიანად ემოქმედა და ღრმად ჩაგძინებოდათ. სწორედ, ამიტომ დაგატოვებინეთ ოთახი და შანსი მივეცი. უკვე ვიცოდი, რომ დოკუმენტი, სავარაუდოდ, იმ ოთახში იყო დამალული, მაგრამ სულაც არ მსურდა, რომ ფიცრები და პლინტუსები ამეყარა. სამალავიდან დოკუმენტის ამოღების საშუალება მივეცი და ზედმეტი დავიდარაბა თავიდან ავიცილე.

მისტერ ჰარისონი ის ჯენტლმენია, ვისი გულმოწყალების იმედად დარჩენას არასოდეს ვისურვებდი.

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი