რომანი და დეტექტივი

სათადარიგო საყვარელი

№4

ავტორი: ნია დვალი 20:00 03.02, 2023 წელი

სათადარიგო სიყვარული
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #51-3 (1151)

- ეს თვალთმაქცობა იქნება, ვერაფერს ვგრძნობ მისადმი. როდესაც ჩვენ გავიცნობთ იმ ადამიანების ნამდვილ ბუნებას, ვინც ბრმად გვიყვარდა, ვეღარ ვიღებთ მათ თავიანთი ნაკლოვანებების გამო. ეს იწვევს გაუცხოებას და ჩვენ ისინი აღარ გვიყვარს. გულში აღარ გვიყვარს, თორემ გარეგნულ სიყვარულს ვაჩვენებთ გარშემო მყოფებს. ჩვენ, ხომ, ძირითადად, აუდიტორიაზე ვმუშაობთ.

- იმიტომ რომ, სიყვარული ბრმაა? - ჰკითხა თამუნამ.

- არ ვიცი, ალბათ. ან იქნებ არც... სად არის ამდენ ხანს ლიკა? - მოულოდნელად თქვა ლიზამ.

- დავურეკავ, - თამუნა წამოიწია.

- დარეკავდა, რამე რომ მომხდარიყო. ეტყობა, აგვიანდება, - ლიზას აშკარად არ ეჩქარებოდა ლიკას სახლში მოსვლა ან იქნებ ეჩქარებოდა კიდეც და თამუნას არ აგრძნობინებდა.

უცებ ლიზა თვალებში ჩააშტერდა თამუნას:

- რაღაც უნდა გთხოვო და დამპირდი, რომ შემისრულებ და ჩვენ შორის დარჩება.

- რა თქმა უნდა, გისმენთ ყურადღებით, - მაშინვე დაეთანხმა თამუნა.

- ლიკას არავინ ჰყავს, ნუ, თითქმის არავინ, მე რომ რამე მომივიდეს...

- კარგი რა, დეიდა ლიზა, რა უნდა მოგივიდეთ?! - აღშფოთდა თამუნა.

- ადამიანი მოკვდავია და, როგორც ის გენიოსი ამბობდა, ანაზდეულად მოკვდავი, ასე რომ, ყველაფერისთვის უნდა ვიყოთ მზად ყოველწამიერად, ლიკა არ მიატოვო, - ლიზა წამოდგა და თამუნას ხელით ანიშნა, გამომყევიო.

თამუნა ხმის ამოუღებლად, რობოტივით გაჰყვა უკან. ლიზა საძინებელში შევიდა და კარი გადაკეტა. თამუნას გაუკვირდა.

- ეს ჩვენი საიდუმლო იქნება და არასდროს იტყვი, არასდროს.

- რა თქმა უნდა, ამაზე არც კი იფიქროთ, - თამუნა დაბნეული ჩანდა.

ლიზა საძინებლის კუთხეში მივიდა, დაიხარა, ხელის უცნაური მოძრაობა გააკეთა და იქიდან რაღაც ქაღალდი ამოიღო:

- აი, ამ ქაღალდს აქ ვინახავ, როდესაც გარდავიცვლები, ლიკას აჩვენე ეს სამალავი და მიეცი ეს ქაღალდი. უნდა მაპატიო, ჩემო გოგო, შინაარსს ვერ გეტყვი, ლიკას გადასაწყვეტია, გეტყვის თუ არა. მპირდები?

- რა თქმა უნდა, - თამუნა თუთიყუშივით იმეორებდა ამ ფრაზას.

- ძალიან კარგი, ახლა კი განვაგრძოთ ჩვენი საღამო, - ლიზა თითქოს გამოცვალესო, წეღანდელი სევდა სადღაც უკვალოდ აორთქლდა და ხალისიანად გაუძღვა თამუნას მისაღებისკენ.

ისევ სავარძლებში მოკალათდნენ. ლიზამ ცეცხლს შეუჩიჩხინა და ააგიზგიზა.

- შენ გრძელი და საინტერესო ცხოვრება გელის, იგრძენი თითოეული წამი და დატკბი. იცოდი, რომ მწუხარება ისევე გათრობს, როგორც აი, ეს გლინტვაინი? - უცებ ჰკითხა ლიზამ თამუნას და განაგრძო:

- ჰო, გათრობს და ისე გითრევს, რომ გინდა, მარადიულად იქ დარჩე. თითქოს უცნაურია, ცუდად ყოფნამ რატომ უნდა გაგიტაცოს, მაგრამ ეს ჭაობივითაა, იძირები და ვერც გრძნობ, რომ იხრჩობი, იგუდები, იმიტომ რომ, გსიამოვნებს. ეს რაღაც მაზოხისტური მდგომარეობაა, ტკბები საკუთარი უბედურებით და გსიამოვნებს. ამიტომ არასდროს მისცე შენს თავს უფლება, იყო უბედური, თორემ იქ დარჩები. ვიცი, რომ რთულია. მაგრამ შესაძლებელია, დამიჯერე, ვიცი, რასაც გეუბნები.

თამუნა გაუცნობიერებლად უქნევდა თავს ამ საინტერესო ქალს, რომელსაც, თურმე, სულ არ იცნობდა და რომელმაც, რატომღაც, თვალი შეავლებინა თავის დაკეტილი სამყაროსთვის.

- ჯერ გაბრაზებული ხარ, გულნატკენი, მაგრამ ამ სამი წლის განმავლობაში შეეჩვეოდი და ძალიან მალე აღმოაჩენ, რომ მოგენატრა და სევდა შემოგეპარება, მაგრამ გაიხსენე, ეს ის ჭაობია, რომელზედაც გითხარი. არ მისცე საკუთარ თავს უფლება, ჭაობმა მიგიზიდოს და ჩაგიხუტოს.

- მომენატრება? რას ამბობთ?! - აიფოფრა თამუნა, მაგრამ ლიზამ საპასუხოდ მხოლოდ გაიღიმა.

- დამიჯერე, ჩემო გოგო, ადამიანები ერთმანეთს ვგავართ, ერთ თარგზე ვართ მოჭრილები, ერთნაირად განვიცდით, თუმცა განსხვავებული სიძლიერით. ჰოდა, იყავი ძლიერი, ესე იგი, სუსტად განიცადე. მაგალითად, წარმოიდგინე თავი მისი ცოლის ადგილას, - ლიზა მშვიდად იღიმებოდა.

- მე ასე არ მოვიქცეოდი. არ დავრჩებოდი კაცთან, რომელსაც არ ვუყვარვარ, - არ დაეთანხმა თამუნა.

- ჯერ ერთი, არავინ იცის, როგორ მოიქცევა და მეორეც, საიდან დაადგინე, რომ არ უყვარს თავისი ცოლი? მაპატიე, ამას რომ გეუბნები, - ლიზამ თამუნას დაუყვავა.

- ვიცი, რომ არ უყვარს, - თქვა თამუნამ, მაგრამ მთლად დარწმუნებითაც არა.

- აბა, ვინ უყვარს? შენ? - ლიზამ გამომცდელად შეხედა.

თამუნამ ტირილი დაიწყო. ლიზა თამუნას სავარძლის სახელურზე დაჯდა და თამუნა გულზე მიიკრა: იტირე, რამდენიც გეტირება იტირე, ეს კარგია.

ამასობაში ლიკა მოსულიყო, ოთახში შემოსულს ასეთი სცენა რომ დახვდა, ის მეორე მხრიდან მოეხვია თამუნას და დედამისს ჰკითხა:

- დედა, რა მოხდა?! შენ აწყენინე?

- მე რატომ უნდა მეწყენინებინა?! შენ ოღონდ ჩემი დადანაშაულების საბაბი მოგეცეს. ხელები დაიბანე?

- დედა, ორი წლის არ ვარ.

- ვიცი და ამიტომ მიკვირს, რომ ისევ უნდა შეგახსენო, სახლში შემოხვალ თუ არა, ხელები უნდა დაიბანო, - მკაცრად უთხრა ლიზამ შვილს.

თამუნა ისე იყო გართული თავისი დარდით, რომელიც შემოაწვა, რომ დედა-შვილს არ უსმენდა. საიდანღაც შორიდან ჩაესმა ლიზას ხმა:

- ახლა შენ მოუარე შენს მეგობარს, მე დაგტოვებთ, სტუმარს ველი და უნდა მოვემზადო. სადილი მაცივარშია, გაიცხელეთ და მიირთვით.

ლიზა ისე უცებ გაქრა მისაღებიდან, თამუნას მოეჩვენა, რომ, რაც მანამდე მოხდა, უბრალოდ დაესიზმრა.

...

- წარმოუდგენელია, მეც კი ვერ ვიჯერებ, რომ ასე ნაგავივით მოიქცა, - აღშფოთებული ლიკა წინ და უკან მიქრი-მოქროდა ოთახში.

- თვალები მეტკინა და თავბრუ დამეხვა, - სთხოვა თამუნამ.

- არ შემიძლია, თავს ვერ ვიკავებ, ეგ ნაძირალა ეგ! ხვალვე ვწერ განცხადებას და მოვდივარ, გარეწარი! - ლიკა ბობოქრობდა.

- რა მოდიხარ?! ახლა შენი უმუშევრობაღა გვაკლია, არ გაბედო წამოსვლა.

- აბა, იმ სალახანას ვუყურო ყოველდღე?! ისე, ძალიან გაცოფებული იყო დღეს. ძალიანაც კარგი! - ლიკა ვერ წყნარდებოდა.

- დამშვიდდი, - სთხოვა თამუნამ.

- მაპატიე, აქეთ ვარ დასამშვიდებელი, წესით კი, მე უნდა გამშვიდებდე.

- იცი, დედაშენთან საუბარმა, მერე ტირილმა ძალიან მიშველა, რაღაცნაირ სიმსუბუქეს ვგრძნობ. არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ ახლა ცუდად არ ვარ, - უთხრა თამუნამ ლიკას და სთხოვა: გლინტვაინი შეათბე, რა.

- ლიზამ გაგიკეთა? კი, ახლავე, - და ლიკა სამზარეულოში გავიდა, ცოტა ხანში კი დაბრუნდა, თამუნას დაუსხა და ჰკითხა:

- ახლა რას აპირებ?

- არ ვიცი, გორში მინდა, წავიდე. ჩემს ტელეფონს შენ დაგიტოვებ, რა იცი, ვინ დამირეკოს საქმის გამო, შენ არავის უთხრა, სად ვარ. ხვალ შენს სახელზე ახალი ნომერი ამიღე და არც ეს უთხრა ვინმეს, კარგი?

ლიკამ თავი დაუქნია და შესთავაზა: ამაღამ ჩვენთან დარჩი, მგონი, ასე ჯობია.

- ახლა ჩემთან წავიდეთ, ბარგს ჩავალაგებ და მოვიდეთ, - შესთავაზა თამუნამ.

- წავიდეთ, - მხიარულად დაეთანხმა ლიკა, მაგრამ შენ რომ ნასვამი ხარ?

- უი, მართალი ხარ, ამიტომ ისევ შენ დაჯექი საჭესთან.

...

თამუნას სახლის ნახვა არ ესიამოვნა, რაღაცნაირად უცხოდ გრძნობდა თავს იმ ადგილას, სადაც დათოს ხვდებოდა ხოლმე.

- რატომ არასდროს მითხარი, რომ ჩემს ბინაში არ უნდა მომეყვანა დათო? - ჰკითხა თამუნამ ლიკას.

ლიკამ შეხედა და არაფერი უპასუხა.

- მართალი ხარ, მაინც არ დაგიჯერებდი, - თავის თავს თავადვე გასცა პასუხი თამუნამ და ტანსაცმლის ჩალაგება განაგრძო.

- მოგეწონა ის სემინარი? - მოულოდნელად ჰკითხა ლიკამ.

- უფრო გავბრაზდი, ვიდრე მომეწონა, იმიტომ რომ, ჩემთვის მოსაწონი არაფერი უთქვამს, ის თქვა, რაც იმავე საღამოს ამიხდა, - თამუნამ გულგრილად ამოთქვა ეს წინადადება და კითხვა დაუბრუნა:

- დედაშენი ძალიან კარგი ქალია, თქვენ რატომ ვერ ნახულობთ საერთო ენას?

ლიკამ არც ამჯერად უპასუხა, მხოლოდ გაუღიმა.

- დედა-შვილის ურთიერთობა რთული გასარჩევია, მაგრამ, მართლაც, კარგი ქალია, შენ - კიდევ უფრო უკეთესი და თითქოს სულ დაძაბულობა რატომაა თქვენ შორის? მართლა განვიცდი და იმიტომ გეკითხები.

- არ ვიცი, მაგაზე მეც მიფიქრია ბევრი და ერთადერთ დასკვნამდე მივედი: მგონი, უნდა, რომ გადავიყვარო. სხვა ახსნა არ მაქვს.

- ეგ როგორი ახსნაა?! უცნაური, - მხრები აიჩეჩა თამუნამ.

- სადღაც წავიკითხე, მშობლები, როდესაც ასაკი ემატებათ, გაუცნობიერებლად ცდილობენ, შვილებს გაუუცხოვდნენ, რომ მათი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი გაუნელონო. ანუ, თუ ადამიანისადმი ემოცია გაგიქრა, აღარც განიცდი ისე მტკივნეულად, როგორც განიცდიდი, ის ემოცია რომ შეგრჩენოდა.

- და რა დროს ლიზას დაკარგვაა, არ გადამრიო, შეხედე, რა არაჩვეულებრივად გამოიყურება, - არ დაეთანხმა თამუნა.

- შეიძლება ძალიან ადრე დაიწყო ამისთვის მზადება, არ ვიცი, - აკისკისდა ლიკა, იმდენად გულწრფელად, რომ თამუნაც აჰყვა და დათო დაავიწყდა.

- ლეპტოპი მიგაქვს? - უცებ დასერიოზულდა ლიკა.

- და რა იყო, რატომაა ასე მნიშვნელოვანი ლეპტოპი?

- კიდევ სადღაც წავიკითხე, რომ დეპრესიისგან თავის დასაღწევი საშუალებაა სიცილი, ამიტომ კომედიებს უნდა უყურო, ბევრი იცინო, ბედნიერების ჰორმონი რომ ჭარბად გამომუშავდეს.

- შენ კომედიებიც გექნება გადანახული.

- რა თქმა უნდა და ლინქებს გამოგიგზავნი. დაჯექი გორში შენს სახლში, ჩაყლაპე სუფთა ჰაერი და იცინე და იცინე გულიანად.

- სასაცილოდ კი მაქვს საქმე, - თამუნას სევდა მოერია: იცი, ვერ ვხვდები, ასე უცებ, ერთ დღეში?! როგორ შეძლო? ძაღლს არ აგდებენ გარეთ ერთ დღეში.

- იქნებ არც შეეძლო, დღეს გაღიზიანებული იყო ძალიან. იცი, რაც ბევრს იფიქრებ, უარესია. ეს სიგარეტისთვის თავის დანებებასავითაა, უცებ უნდა დაანებო თავი, გადააგდო და აღარ მოწიო, უცებ უნდა დაუსვა დიდი, მსხვილი ჯვარი და დაივიწყო.

- ხვალინდელი დღის გათენების მეშინია, იმის მეშინია, მისი ნახვა არ მომინდეს, - და თამუნამ ტირილი დაიწყო.

- გინდა, მივუვარდეთ და სკანდალი მოვუწყოთ?! - ლიკა ისევ აკისკისდა და ვცემოთ. მე ავალ და გამოვიყვან, შენ ქვემოთ დახვდი, შევათრიოთ მანქანაში და მოპარული ჟეშტივით ვათრიოთ, - ლიკა ხარხარებდა და თამუნაც ახარხარდა.

- არ გეწყინოს და რას ჰგავს ეგ შენი დათო?! - ლიკა დადგა და დოინჯი შემოიყარა: მართლა ნათრევ კატას, თან, რომ დაიბრიქება ხოლმე და პირზე ღიმილი აქვს გადაფენილი. არ შეგიმჩნევია, რომ, ყველა სიკეთესთან ერთად, ელამიცაა?! - ლიკა ისევ ახარხარდა.

- და ამდენ ხანს რატომ მიმალავდი შენს შთაბეჭდილებას? - სიცილით ჰკითხა თამუნამ.

- მე მეგონა, შეყვარებული იყავი და გულს არ გტკენდი, შენ ხარ ჩემი მეგობარი, ის კი არა.

თამუნას სახე უცნაურად დაეძაბა: რაღაც რომ გთხოვო, შემისრულებ?

- რასაც ისურვებ, - დარწმუნებით უთხრა ლიკამ.

- იმდენ ხანს შევასრულე წესიერი ქალის როლი, მომწყინდა, რაღაც მრავალფეროვნება მომინდა. გააქრე რა ბოლო შეკვეთის ნახაზები, ჩემს კომპიუტერშია. არა, კი არ გააქრო, გადმოწერე და წაშალე, მერე კომპიუტერი დაავირუსე, რომ ვინდოუსი გადასაყენებელი იყოს. მე ვიტყვი, რომ ეს მე გავაკეთე.

- გამომივა? - დაეჭვებით ჰკითხა ლიკამ.

- გამოგივა, ყველაფერს გეტყვი, როგორ უნდა გააკეთო. პრობლემა არაა, დამირეკოს დათომ და მომთხოვოს პასუხი მე.

- შენს ოთახში როგორ მოვხვდე?

- მე მაქვს მეორე გასაღები და მოგცემ. ახლა წავიდეთ. დაცვას უთხარი, რომ რაღაც დაგრჩა. ხელთათმანებით შედი, გეტყვი, საიდან გათიშო კამერა. დათო იფიქრებს, რომ მე ვიყავი და არაფერს იტყვის, იტყვის და მე მისი შავი ბუღალტერიის ამბებიც ვიცი, - თამუნა ყურებს არ უჯერებდა, იმიტომ რომ, ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ მსგავს რამეს არათუ იტყოდა, მსგავსის გაკეთებას განიზრახავდა.

- შესანიშნავია, წავიდეთ? - ლიკა აცმუკდა.

- წავიდეთ, მაგრამ საჭესთან ისევ შენ უნდა დაჯდე და შორს გააჩერე, მერე ფეხით გაიარე ან ტაქსით. მე მანქანაში დაგელოდები. დაცვას უთხარი, რომ რაღაც დაგრჩა და იმიტომ მიხვედი. თან, შენ ყველას უყვარხარ და აგიშვებენ.

...

თამუნა ცოტა ნერვიულობდა, ოღონდ არა იმაზე, რომ არც თუ კარგად იქცეოდა და, თან, მეგობარიც რომ ჩაითრია ამ მეტად უკეთურ საქმეში, შფოთავდა, ვაითუ მის გეგმას არ ემუშავა.

- ალბათ, ამას ჰქვია ხიდების დაწვა, - გაიფიქრა და თვალები დახუჭა.

- თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის პერსონაჟი მეგონა, - ლიკამ ისეთი სიძლიერით გააღო და დახურა მანქანის კარი, რომ თამუნა შეხტა.

- მოიტანე?

- დიახ, დღეს ის სულელი ბიჭი იყო, ნახევრადდაბოლილივით რომ დაყიალობს. გაგვიმართლა, მითხრა, კამერები გამოირთო, ხელოსანს ველოდებიო, ღმერთო, რა დებილია, - ლიკამ თავი დანანებით გადააქნია და განაგრძო:

- ჯერ შენთან შევედი, უცებ გავაიმასქნე ყველაფერი, მერე - ჩემთან და დაცვა ამოვიყვანე, შემეშინდა, რაღაც ხმები გავიგონე-მეთქი. ისეთი სულელია, დამემოწმება, რომ ჩემს ოთახში ვიყავი. რას იტყვი, შეგვრჩება? - მაინც იკითხა ლიკამ.

- ხახვივით, „ფლეშკა“ მომეცი. ოქრო-გოგო ხარ. - თამუნა უზომოდ კმაყოფილი იყო.

- შურისძიება ცხელ კერძადაც გემრიელია, - ეს ხმამაღლა არ უთქვამს, თავისთვის გაიფიქრა, ხმამაღლა კი ლიკას შესთავაზა: დავრჩები ამაღამ სახლში, შენ ტაქსის გამოგიძახებ, გეგმა უნდა დავაწყო და მარტო მირჩევნია, უკეთ ვიფიქრებ.

- დარწმუნებული ხარ? - ეჭვით ჰკითხა ლიკამ.

აბსოლუტურად, ჩავლაგდები და წავალ ხვალ დილით.


გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი