რომანი და დეტექტივი

საპასუხო სვლა

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 24.04, 2021 წელი

საპასუხო სვლა
დაკოპირებულია

– აბა, ერთი ბატონ ზაურს შევხედოთ, როგორი კინოვარსკვლავია, თუა ფოტოგენური და ვინ უწევს პარტნიორობას, – მხიარულად თქვა გელა კვასხვაძემ და მეხსიერების ბარათი კომპიუტერში შეაერთა.

27 წლის გელა კვასხვაძე კომპიუტერული ქსელების სპეციალისტი იყო და ეს საქმე მაღალ დონეზე იცოდა. თუმცა, ის უშიშროების სამსახურში მუშაობდა, თანაც, არა მხოლოდ თავისი პროფილით. გელა, ეგრეთ წოდებული, ფარული მემონტაჟე იყო და სახლებში, ოფისებსა თუ სხვა მსგავს ადგილებში ფარული თვალთვალისთვის განკუთვნილ მოწყობილობებს ამონტაჟებდა. სულ რაღაც, ერთი წელი გავიდა, რაც ის ამ საქმეს ემსახურებოდა. მანამდე ერთ წარმატებულ კომპანიაში მუშაობდა და კარგი ანაზღაურებაც ჰქონდა. იქ ერთ-ერთ საუკეთესო თანამშრომლად მიიჩნეოდა, მაგრამ კადრების შემცირებაში მოჰყვა და უმუშევარი დარჩა. გელასთვის და კომპანიის სხვა თანამშრომლებისთვის კვასხვაძის შემცირებაში მოყოლება ხელმძღვანელობის მხრიდან უკიდურესად მოულოდნელი და არასერიოზული გადაწყვეტილება იყო. ვერავინ ხსნიდა, თუ რატომ გაუშვეს ის სამსახურიდან და ბევრად უფრო ნაკლები დონის სპეციალისტები კი – დატოვეს. კომპანიის ერთ-ერთმა თანამფლობელმა გელას მოუბოდიშა და უთხრა:

– ჩემი ნება რომ იყოს, არსად გაგიშვებდი, მაგრამ ასე გადაწყვიტეს სხვებმა. პირადად მე ბოდიშს გიხდი. გარდა იმისა, რომ ორთვიან კომპენსაციას მიიღებ. შემიძლია, რამდენიმე ტელეფონის ნომერი მოგცე, სადაც შენი პროფესიის ხალხი სჭირდებათ და დარწმუნებული ვარ, სამსახურს იშოვი.

გელა კვასხვაძეს მობილურის სამი ნომერი მისცეს. ორზე მას უთხრეს – ვაკანსია უკვე შევსებულიაო, მესამეზე რომ დარეკა, მამაკაცის ხმამ უთხრა:

– დიახ. ვაკანსია გვაქვს. მოდი, ერთმანეთს ხვალ შევხვდეთ და დავილაპარაკოთო.

მეორე დღეს გელა კვასხვაძე უცნობ მამაკაცს მთაწმინდაზე, სახელმწიფო კანცელარიასთან შეხვდა. შეთანხმებისამებრ, გელა შავ „მერსედესში“ ჩაჯდა, რომელიც მას ელოდებოდა. მანქანაში 40-45 წლის მამაკაცი დახვდა. მან გელას გაუღიმა, ხელი გაუწოდა და გაეცნო:

– უშიშროების პოლკოვნიკი ემზარ ბოკერია.

– გელა კვასხვაძე, – ერთდროულად მორიდებითა და გაოცებით მიუგო ბოკერიას კვასხვაძემ.

– ბატონო გელა, მოდი, ახლა ჩემს კაბინეტში ავიდეთ და იქ ვისაუბროთ, – უთხრა ბოკერიამ და პასუხს არ დალოდებია, მანქანა ისე დაძრა ადგილიდან. „მერსედესმა“ სულ რაღაც ასიოდე მეტრი გაიარა და ყოველგვარი საშვის გარეშე, უშიშროების სამსახურის გვერდით ეზოში შესრიალდა. ხუთი წუთის შემდეგ კვასხვაძე უკვე ბოკერიას კაბინეტში იჯდა. გელა ისე იყო დაბნეული, რომ უზარმაზარ კარზე მიკრული აბრაც კი არ წაუკითხავს, რომელზეც ბოკერიას თანამდებობა ეწერა.

– ბატონო გელა, მე ტექნიკური განყოფილების უფროსი ვარ. როდესაც გუშინ დამირეკეთ, მე თქვენი დოსიე შევისწავლე და პირდაპირ გეუბნებით – თქვენი აწ უკვე ყოფილი სამსახურის – კომპანიის მესვეურებს თავში ტვინი არ ჰქონიათ, თქვენ რომ გამოგიშვეს. პირდაპირ გეტყვით იმასაც, რომ ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებთ და მას მერე დაიწყებთ ჩვენთან მუშაობას, რაც გადამზადების სულ რაღაც ორთვიან კურსს გაივლით. ხელფასი იმაზე ნაკლები არ გექნებათ, რაც კომპანიაში გქონდათ, თუმცა, მომავალი თქვენს ხელშია და რაც უფრო მეტად გამოიჩენთ თავს მუშაობაში, მით უფრო მეტ ანაზღაურებას მიიღებთ.

პოლკოვნიკი ემზარ ბოკერია დინჯად, განუწყვეტლივ და ძალიან დამაჯერებლად ლაპარაკობდა. მას არც უკითხავს გელასთვის, უნდოდა თუ არა კვასხვაძეს უშიშროებაში მუშაობა და ბოლოს უთხრა:

– ბატონო გელა, ხომ იცით, რომ საიდუმლო უწყება ვართ და არავინ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი თანამშრომელი ხართ.

– დიახ. რა თქმა უნდა, – დაბნეულად უპასუხა კვასხვაძემ.

– ჰო, და ძალიან კარგი. ხვალიდანვე შეუდგებით გადამზადებას და თქვენი კურატორი ბატონი ილია კორღალიძე იქნება.

ბოკერიას კაბინეტში, დაახლოებით, ოცდათხუთმეტი წლის, გამხდარი მამაკაცი შევიდა. პოლკოვნიკმა ის კვასხვაძეს გააცნო, თან შენობიდან გაყვანა დაავალა. გელა ისევე უსაშვოდ გავიდა უშიშროების შენობიდან მანქანით, როგორც შევიდა. კორღალიძემ ის რუსთაველის მეტროსთან ჩამოსვა და უთხრა:

– ხვალ ისნის მეტროსთან მოხვალთ დილის 8 საათზე და ბაზაზე მიგიყვანთ. შემდეგ კი თავად უნდა იაროთ.

იმ დღიდან მოყოლებული, ორი თვის განმავლობაში, გელა კვასხვაძე ზემო ფონიჭალაში მდებარე ანტიტერორისტულ ცენტრში ყოფილ კომკავშირულ ქალაქ „ბორის ძნელაძეში“ გადიოდა წვრთნას. იქ მას სხვადასხვა შენობაში შეღწევასა და სათვალთვალო და მოსასმენი მოწყობილობების დამონტაჟებას ასწავლიდნენ, პარალელურად კი, შენიღბვას, თვალთვალისგან თავის დაღწევასა და საერთო სათვალთვალო ინფრასტრუქტურის განლაგებას, როგორც თბილისში, ასევე მთელ საქართველოში და ზოგადად ყველგან. ამ ხნის განმავლობაში ბოკერიას არც კი მოუკითხავს კვასხვაძე. ხოლო, როდესაც გელამ სწავლა დაასრულა, ის კვლავ ბოკერიასთან მიიყვანეს და პოლკოვნიკმა მას უთხრა:

– შენზე მითხრეს, რომ საუკეთესო იყავი. ყოჩაღ! მოხარული ვარ. დღეიდან ჩვენი ოჯახის წევრი ხარ და სულ მალე პირველ დავალებას მიიღებ. აბა, შენ იცი, არ შემარცხვინო? იმის შესახებ, რომ შენი სამუშაოს თაობაზე არავის უთხრა, აღარ გეუბნები. ეს ბარათი გამომართვი. მასზე ყოველი თვის ბოლოს ხელფასი დაგერიცხვება. ასევე, პრემიაც და ბონუსებიც. ყოველი დავალების წინ შეგეხმიანებიან, შეხვედრის ადგილს დაგინიშნავენ, გეტყვიან, რა და როგორ. აბა, წარმატებებს გისურვებ! ნახვამდის.

გელა კვასხვაძე ამჯერადაც ყოველგვარი შეკითხვის გარეშე წამოვიდა პოლკოვნიკის კაბინეტიდან. ასევე, ყოველგვარი საშვის გარეშე, მანქანით, პარტიზანულად. საქმე კი ის იყო, რომ გელა კვასხვაძე უშიშროების ოფიციალურ შტატში არ ირიცხებოდა და მას არალეგალურად უნდა ემუშავა. ეს კი იმისთვის იყო საჭირო, რომ ჩავარდნის შემთხვევაში უშიშროების სამსახური სკანდალში არ გახვეულიყო. ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ გელა კვასხვაძის შემცირება და სამსახურიდან გამოშვება მოწყობილი იყო და სანამ ეს მოხდებოდა, პოლკოვნიკი ემზარ ბოკერია ერთი წელი აკვირდებოდა კვასხვაძეს და მისი მომავალი საქმიანობისთვის ნიადაგს ამზადებდა. პირველი დავალება გელას ორ კვირაში მისცეს. გელამ წინამძღოლ თომას რეზიდენციაში შეაღწია და ყველგან სათვალთვალო მოწყობილობები დააყენა. ამის შემდეგ თითქმის ყოველკვირეულად უწევდა კვასხვაძეს მსგავსი სამუშაოების შესრულება და ერთი ხარვეზიც კი არ ჰქონია. გელა კვასხვაძის „კლიენტები“ იყვნენ ფულიანი ბობოლები, პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები, სხვადასხვა კონფესიის რელიგიის კორუმპირებული მსახურები და უბრალოდ, ცნობილი ადამიანები. ამ უკანონო საქმიანობაში გელას კარგ გასამრჯელოს აძლევდნენ და თავადაც კმაყოფილი იყო და ემზარ ბოკერიაც. მას, სწორედ, პირადად პოლკოვნიკთან მიჰქონდა მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი ვიდეოკადრები და დავალებებსაც, ძირითადად, მისგანვე იღებდა.

მსხვილი ბიზნესმენის, ზაურ თავაძის აგარაკზე სათვალთვალო მოწყობილობების დაყენებაც ბოკერიამ უბრძანა და მთელი ჩანაწერის მოტანისთვის ვადად მხოლოდ სამი დღე მისცა. გელა ჯერ ჩანაწერების კოპირებას ახდენდა მეხსიერების ბარათზე, შემდეგ კი სწრაფი გადახვევის რეჟიმში უყურებდა მას და მხოლოდ ამის შემდეგ მიჰქონდა პოლკოვნიკან.

სწორედ, ასეთ რეჟიმში საყურებლად ემზადებოდა გამხიარულებული კვასხვაძე თავაძის აგარაკზე ამოღებულ ჩანაწერებსაც, მაგრამ როდესაც ჩართო და მის ყურებას შეუდგა, მხიარულება შოკმა შეუცვალა. საქმე ის იყო, რომ ბიზნესმენი ზაურ თავაძის სექსუალური კადრებში გელას ღვიძლი და, ზოია იყო დაფიქსირებული. გელას სუნთქვა შეეკრა და ლამის გაიგუდა. ის ისეთ შოკში ჩავარდა, რომ ოდნავ აზრზე მოსასვლელად სამი საათი დასჭირდა. მას ვერაფრით გაეგო, თუ რაში დასჭირდა ზოიას ამ გზაზე დამდგარიყო. ერთადერთი დის გარდა, გელას ამქვეყნად არავინ გააჩნდა. თავისზე ათი წლის უფროს დას აღმერთებდა. მათ მშობლები ზვავში დაეღუპათ. როცა დაობლდნენ, გელა 7 წლის იყო. ზოიას სკოლა ახალდამთავრებული ჰქონდა და 17 წლის გოგონამ უმცროსი ძმის აღზრდა-განათლებაზე დაიწყო ზრუნვა. გოგონა სწავლის პარალელურად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მთხოვნელი ჰყავდა, ძმის გამო გათხოვებაზე არც კი უფიქრია და როდესაც გელამ უნივერსიტეტში ჩააბარა, ზოია თურქეთში სამუშაოდ გაემგზავრა. ის ძმას სწავლის, საჭმლისა და ჩაცმა-დახურვის ფულს უგზავნიდა. ხუთი წლის განმავლობაში ფეხი არ ჩამოუდგამს საქართველოში და თბილისში მხოლოდ მაშინ დაბრუნდა, როდესაც გელამ დიპლომი დაიცვა.

ზოია იმ დროს 32 წლის იყო და მიმზიდველი გარეგნობით გამოირჩეოდა. თურქეთიდან დაბრუნებულს გარკვეული თანხა ჰქონდა გადადებული და ძმას მანქანა უყიდა. თავად კი ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის მთავარ ბუღალტრად დაიწყო მუშაობა. საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ჰქონდა და და-ძმა შეძლებულად ცხოვრობდა. ხოლო, როდესაც 25 წლის გელამ ლოლიტა ხვინგია მოიყვანა ცოლად, ზოიამ რძალს ახალთახალი „კაბრიოლეტი“ აჩუქა. 19 წლის ლოლიტას ზოია პატარაობაში იცნობდა. გოგონას დედ-მამა თურქეთში მუშაობდა, ზოიასთან ერთად და შვილიც იქ ჰყავდათ. ლოლიტა გელას ზოიამ გააცნო და ხელი შეუწყო კიდეც, რომ მასზე დაქორწინებულიყო. ცოლ-ქმარი ნორმალურად ცხოვრობდა და მცირე კონფლიქტიც არ ჰქონიათ. ლოლიტა არსად მუშაობდა, დიასახლისი იყო და არაფერი აკლდა, გარდა შვილისა – გოგონა არ ფეხმძიმდებოდა. გელას კი შვილი უნდოდა და ცოლს სხვადასხვა ექიმთან დაატარებდა, იმ იმედით, რომ ლოლიტა დაფეხმძიმდებოდა.

ამ კადრების ნახვამ გელა შოკში ჩააგდო და ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, ემზარ ბოკერიასთვის ეთხოვა იმ კადრების წაშლა, რომელზეც ზოია იყო აღბეჭდილი, მანამდე კი გელა ჯერ ზოიას უნდა დალაპარაკებოდა და ყველაფერი გაერკვია. შემდგომ კი საყვარელი დისგან გარანტიები მიეღო, რომ ის მეძავობას თავს დაანებებდა. ფიქრები რომ შეაჯერა, ზოიას დაურეკა და სთხოვა, როცა მოიცლიდა, შეხვედროდა. თან დააყოლა, არ მინდა, ჩვენი საუბარი ლოლიტამ მოისმინოს. მანქანით გამოგივლი და იქ ვილაპარაკოთო.

ნახევარი საათის შემდეგ ზოია მთაწმინდის პარკში ძმის მანქანაში იჯდა. გელას ძალიან უმძიმდა საუბრის დაწყება. ბოლოს, როგორც იქნა, ძალები მოიკრიბა და ზოიას ჩანაწერების ამბავი უთხრა, თან დაამატა – უშიშროებაში ვმუშაობო... ზოია კვასხვაძემ ჯერ სიგარეტი გააბოლა. შემდეგ ძმას მიაპყრო მზერა და უთხრა:

– ახლა მე შენ ყველაფერს მოგიყვები და დასკვნა შენ გააკეთეო.

ზოია მშვიდად, თითქმის უემოციოდ, პაუზის გარეშე ლაპარაკობდა. თხრობა მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ დაამთავრა. სიგარეტი გააბოლა და გელას უხმოდ მიაჩერდა. გელამ წამოჭარხლებული, გაოფლიანებული სახე ჩაღუნა და ათიოდე წუთი ხმა არ გაუღია, ფიქრობდა. ბოლოს კი თავი ასწია. ჯერ ოფლი მოიწმინდა, შემდეგ კი ზოიას უთხრა:

– გასაგებია. ყველაფერი უნდა დავალაგოთ და ისე ვიმოქმედოთ. არაფერზე ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. შენ სამსახურში მიგიყვან და დაგტოვებ, შემდეგ კი განვმარტოვდები და ყველაფერს კიდევ ერთხელ გავიაზრებ.

ზოია რომ სამსახურში მიიყვანა, გელამ მანქანა მყუდრო ადგილზე გააჩერა და ჩაფიქრდა. ერთი საათის შემდეგ კი ემზარ ბოკერიასთან მივიდა, რომ მისთვის ჩანაწერიდან ზოიას კადრების წაშლა ეთხოვა.

გელა კვასხვაძე და პოლკოვნიკი ემზარ ბოკერია ერთმანეთს კონსპირაციულ ბინაში შეხვდნენ. სასწრაფო ან ექსტრემალური სიტუაცია ასეთ შეხვედრას ითვალისწინებდა და ეს წინასწარ იყო შეთანხმებული. გელამ პირველად მიმართა ასეთ საშუალებას და შეხვედრაზეც პირველი მივიდა. ოციოდე წუთის შემდეგ ემზარ ბოკერიაც გამოჩნდა და როგორც კი ბინაში შედგა ფეხი, გელას უთხრა:

– ხომ მშვიდობაა, გელა, რა ხდება?

– დაბრძანდით, ბატონო ემზარ და ყველაფერს მოგიყვებით, – უთხრა პოლკოვნიკს კვასხვაძემ და როდესაც ორივე სავარძელში მოკალათდა, გელამ პოლკოვნიკს ჩანაწერების შესახებ მოუთხრო.

– ჰო, საშინელებაა, ჩემო გელა, დიდი უბედურება, – თავი გააქნია პოლკოვნიკმა და დაამატა, – შოკში ვარ.

– ბატონო ემზარ, აქ იმიტომ მოგიყვანეთ, რომ გთხოვოთ, ნება დამრთოთ, ამ ჩანაწერებიდან ჩემი და ამოვშალო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი