რომანი და დეტექტივი

საპასუხო სვლა

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 01.05, 2021 წელი

საპასუხო სვლა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #15(1059)

პოლკოვნიკმა თავი დააქნია და მიუგო:

– მე შენი მესმის, კი, ბატონო, წაშალე შენი და, მაგრამ ეს უშველის საქმეს?

– რას გულისხმობთ, ბატონო ემზარ? – კითხვა შეუბრუნა პოლკოვნიკს კვასხვაძემ.

– რას და შენი და თავს დაანებებს ამ საქმიანობას? – დააზუსტა ბოკერიამ.

– ვაიძულებ, რომ თავი დაანებოს, ბატონო ემზარ, – მტკიცედ თქვა გელამ.

– შენს დას უკვე უთხარი ამის შესახებ? – იკითხა შეშფოთებულმა ბოკერიამ და კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გელამ მას სიტყვა გააწყვეტინა:

– ბოდიშს გიხდით, ბატონო ემზარ, რომ გაწყვეტინებთ. რა თქმა უნდა, არაფერი მითქვამს და ჩანაწერებზე არც ვაპირებ რამის თქმას.

– აბა, როგორ აიძულებ მას, რომ თავისი ეს საქმიანობა შეწყვიტოს? – ახლა უკვე პოლკოვნიკმა გააწყვეტინა სიტყვა კვასხვაძეს.

– როგორ, ბატონო გელა და ვეტყყი, რომ თითქოს ზაურ თავაძის ცოლმა დამირეკა და მითხრა, შენი და ჩემი ქმრის საყვარელია. ფაქტები მაქვს და თუკი მას თავს არ დაანებებს, „იუთუბზე“ დავდებო, – თქვა გელა კვასხვაძემ.

– ჭკვიანურია, – თავი დააქნია პოლკოვნიკმა და დააყოლა, – ბოდიში, მაგრამ მეძაობას როგორღა მოაშლევინებ? ხომ შეიძლება, რომ შენი და სხვაგან ამოტივტივდეს?

– ეს ცოტა უფრო რთულია, მაგრამ ამასაც მოვახერხებ, თქვა გელამ და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა, – მე ჩემს დას ძალიან ვუყვარვარ და ვეტყვი, – თუ ამ საქმეს არ შეეშვები, თავს მოვიკლავ-მეთქი.

– მერე და ეს გაჭრის? – ჰკითხა ბოკერიამ.

– გაჭრის. დარწმუნებული ვარ, – თქვა კვასხვაძემ და დააყოლა, – იქნებ გავათხოვო კიდეც. როგორც ვიცი, ახლაც ჰყავს მთხოვნელები.

– ძალიან კარგი, ჩემო გელა, თუკი ეს ყველაფერი გამოვა, – თქვა პოლკოვნიკმა და დაამატა, – ჯობია, უცხოელზე გათხოვდეს და აქედან გაემგზავროს. ხომ იცი, ქართველების ამბავი. ვინმე სადმე მაინც ამოუტივტივებს ამ ამბებს. საზღვარგარეთ კი უსაფრთხოდ იქნება, თანაც უცხოელებს ფეხებზე ჰკიდიათ ასეთი რამ.

– მართალს ბრძანებთ, ბატონო ემზარ. მე ყველანაირად ვეცდები ამას. ესე იგი, ნებას მაძლევთ, რომ ჩემი და ამოვშალო? – თქვა გელამ.

– თანახმა ვარ. მაგრამ, შენთან ერთი თხოვნა მექნება. ასე ვთქვათ – „უსლუგა ზა უსლუგუ“, – თქვა პოლკოვნიკმა.

– ბრძანეთ, ბატონო ემზარ, – მიუგო გელამ.

– ჩემო გელა, თითქმის შენზე ორჯერ უფროსი ვარ და გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს. ის, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ეს ცხოვრება უსამართლოდაა მოწყობილი. მთელი ჩემი არსით უმწიკვლოდ ვემსახურები სამშობლოს, ხალხს, მაგრამ რა მერე? რა და ის, რომ ნაძირლები კარგად ცხოვრობენ, თბილად არიან. ჩვენ, პატიოსანი, თავდადებული ადამიანები კი – მათზე ბევრად ცუდად. ამიტომ გადავწყვიტე, რომ კორექტირება შევიტანო ჩვენს ცხოვრებაში, – თქვა ბოკერიამ და პაუზა გააკეთა. გელამ კი ჰკითხა:

– რას გულისხმობთ, ბატონო ემზარ?

– რას, ჩემო კარგო და აი, ამ ჩვენი ჩანაწერების მეშვეობით მათ ფული გამოვართვათ, რომ ცოტა ჩვენც გავიხაროთ. ამ ჩანაწერებს მე ზემდგომებს ვაბარებ და ისინი მათ არქივში ინახავენ. იყენებენ მხოლოდ მაშინ, თუკი რომელიმე მათგანი ან ძალიან გაუტევს, ან თუკი მაღალი თანამდებობისკენ გაიწევს. ჩვენ კი ამ ჩანაწერებს ჩვენი და ჩვენი ოჯახების საკეთილდღეოდ გამოვიყენებთ. რას იტყვი, ცუდი აზრია? – ჰკითხა პოლკოვნიკმა.

– ცუდი არაა. მეც თქვენსავით ვფიქრობ, მაგრამ, როგორ უნდა განვახორციელოთ ეს? – მხრები აიჩეჩა კვასხვაძემ.

– მარტივად, ჩემო გელა, ძალიან მარტივად. ყველა ჩანაწერის ასლებს გააკეთებ, შემდგომ კი სათითაოდ მიაკითხავ ზემოხსენებულ ვაჟბატონებს და თითოეულ მათგანს გარკვეულ თანხას გამოართმევ, რომელსაც ჩვენ გავიყოფთ, – თქვა პოლკოვნიკმა. გელას გაუღიმა და დაამატა, – რა, არ ხარ თანახმა?

– გამოვა მერე ეს, ბატონო ემზარ? – იკითხა კვასხვაძემ, რაზეც პოლკოვნიკმა უპასუხა:

– რა თქმა უნდა, გამოვა. თანაც ისე, რომ მადლობასაც გეტყვიან.

– თუ მასეა, თანახმა ვარ. მთავარია, თქვენ ზოიასთან დაკავშირებით დამეხმაროთ, – თქვა კვასხვაძემ.

– ხომ გითხარი, ამოშალე-მეთქი, – თქვა პოლკოვნიკმა. კვასხვაძეს გაშლილი ხელი გაუწოდა და დაამატა, – დაჰკარი!

გელა კვასხვაძემ პოლკოვნიკ ემზარ ბოკერიას ხელი ხელზე დაარტყა, თან დააყოლა:

– შევთანხმდით, ბატონო ემზარ. რასაც მიბრძანებთ, იმას გავაკეთებ. ზოიას გამო კი უდიდეს მადლობას მოგახსენებთ.

– კარგი, შევთანხმდით. ახლა მე წავალ და შენ კი მოგვიანებით გამოდი. უახლოეს დღეებში შეგეხმიანები და გეტყვი, რა და როგორ – თქვა პოლკოვნიკმა და კონსპირაციული ბინა პირველმა დატოვა.

ემზარ ბოკერიასთან შეხვედრიდან მეორე დღეს გელა კვასხვაძემ პარიკი და წვერ-ულვაში გაიკეთა, რელიგიური სამოსითა და სხვა ატრიბუტიკით აღიჭურვა და წინამძღოლ თომას რეზიდენციაში წასასვლელად მოემზადა, თუმცა, მანამდე ზოიას შეუარა. გელა ისე იყო გარეგნობაშეცვლილი, რომ როდესაც ზოიას ბინაში მიადგა და შეშვება სთხოვა, დამ ის ვერ იცნო და მოკრძალებულად შეიპატიჟა:

– მობრძანდით. დაბრძანდით. რით გემსახუროთ.

– მე, ჩემო დაო, საცოდავი ობლებისთვის დახმარებას ვაგროვებ და თუ რაიმეთი შეგვეწევით, დიდად მადლობელი დაგრჩებით, – შეცვლილი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით უთხრა ძმამ დას.

– დიახ. ახლავე, – თქვა ზოიამ და შეტრიალდა, რომ ფულის გამოსატანად გვერდით ოთახში გასულიყო. გელამ კი უკვე ჩვეულებრივი ხმით უთხრა დას:

– ზოიკო, ვერ მიცანი?

ზოიამ ძმის ხმა იცნო და შემობრუნდა. მის წინ მჯდომს მიაშტერდა და უთხრა:

– გელა, შენ ხარ?

– გახლავარ, დაიკო, გახლავარ. ტესტირება ჩავატარე და რადგან ღვიძლმა დამ ვერ მიცნო, ესე იგი, ვერც სხვა აღმწერს სწორად, თუ რა თქმა უნდა, ამის საჭიროება შეიქმნა, რაც არ მგონია, – თქვა გელამ.

– რა ხდება, საით გაგიწევია? – იკითხა ზოიამ. გელამ კი უპასუხა:

– ჩვენი ოპერაციის განხორციელებას ვიწყებ და წინამძღოლ თომასთან მივდივარ.

– ფრთხილად, ძამიკო, ძალიან ფრთხილად იყავი. სანამ დამირეკავ, შეიძლება, ნერვიულობისგან გული გამისკდეს, – თქვა ზოიამ. უკვე გასასვლელად მომზადებულმა გელამ კი დას მიუგო:

– ნუ გეშინია, დაიკო, ყველაფერი კარგად იქნება, როგორც კი გამოვალ, მაშინვე დაგირეკავ და შეთანხმებული შიფრით დაგელაპარაკები. ახლა კი, წავედი.

გელა გამოვიდა დის ბინიდან, ისე ფრთხილად მივიდა ავტომობილთან და ჩაჯდა, რომ არავის შეუმჩნევია. მანქანა ადგილიდან დაძრა და ნახევარ საათში წინამძღოლ თომას რეზიდენციასთან იყო. გელამ მანქანა მოშორებით გააჩერა და ძალიან მაღალი გალავნით შემოსაზღვრულ, უზარმაზარი ტერიტორიის სამორიგეო ჯიხურთან ფეხით მივიდა.

– გამარჯობა, ახალგაზრდებო, – უთხრა გელამ ჯიხურში მყოფ, ორ ათლეტურ აღნაგობის მორიგე-მცველს და დაამატა, – მე წინამძღოლ თომასთან ვარ. დღეისთვის დამიბარა, უთხარით, ობოლთა საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელი გეახლათ თქვენი მოწვევის შემდეგო.

გელამ თომას წინა საღამოს დაურეკა და უთხრა, რომ ობოლთა საქველმოქმედო ფონდიდან იყო და რომ მასთან შეხვედრა უნდოდა, რადგან იცოდა, რომ წინამძღოლი თომა ობლებს ქომაგობდა და ასეთი პასაჟი „შეუცურა“.

– წინამძღოლო თომა, მითხარით, რა და რამდენი გჭირდებათ, როგორც ნატურალური პროდუქტების სახით, ასევე ფინანსურად და ვიცით, რა თქვენი პატიოსნების, სათნოებისა და ღვთისმორწმუნეობის შესახებ, ყველაფრით დაგეხმარებით.

თომამ იყნოსა რა დიდი „კუში“ (თომა ადრე რეციდივისტი იყო და ნახევარი საქართველო გაუთოებული ჰყავდა, ანუ დაყაჩაღებული), უცოდველი ხმით მიუგო:

– ღმერთმა დაგლოცოთ. ხვალ დილით ჩემთან მობრძანდით და ყველაფერი ერთად გავიაროთ. ტელეფონით სრულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით და პირისპირ შევხვდეთო.

გელასაც, სწორედ, ეს უნდოდა და თომას მიუგო:

– კარგი, წინამძღოლო. ხვალ, დილის თერთმეტზე გეახლებით...

წინამძღოლი თომა უბრალო ადამიანებს, ჭეშმარიტ მორწმუნეებს მისი გაგებით, პლებეებს ემალებოდა და თითქმის არასდროს ხვდებოდა. თავის რეზიდენციაში მეფესავით ცხოვრობდა და არაფერი აკლდა, რაც მას ამქვეყნიურ სიამოვნებას ანიჭებდა. თუმცა, არ იცოდა, რომ „ობოლთა ქომაგ“ ვიზიტორს მისი მაკომპრომენტირებელი მახსოვრობის ბარათი თან ჰქონდა და ნეტარებით ელოდა „გოიმს“, რომელსაც საკმაოდ სარფიანად „გაწეწავდა“. როგორც კი მორიგემ დაურეკა და ვიზიტორის შესახებ აცნობა, მაშინვე ბრძანება მიიღო, შემოუშვითო.

– შებრძანდით. წინამძღოლი თომა გელოდებათ, – კრავის სახით უთხრა გელას მორიგემ და რეზიდენციაში შეიპატიჟა.

რეზიდენციის მობინადრეთა ოთხმოცი პროცენტი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო, რომლებიც თავიდან ფეხებამდე შავით იყვნენ შემოსილები და თომას ემორჩილებოდნენ. ერთ-ერთმა შაოსანმა, რეზიდენციის მობინადრე ქალმა, რომელსაც სახე ნახევრად ჰქონდა დაბურული, გელა წინამძღოლის კაბინეტში შეიყვანა და წავიდა.

– მობრძანდით, ძვირფასო. დაბრძანდით, – ისე სათნოდ წარმოთქვა წინამძღოლმა, რომ გელამ წამით გაიფიქრა, – მისამართი ხომ არ შემეშალა და უმწიკვლოსთან ხომ არ მოვედიო.

– წინამძღოლო, მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, – თქვა გელამ და დაამატა, – ლეპტოპი გაქვთ?

თომა წამიერად შეცბა, შემდეგ გაიფიქრა, ალბათ, თავისი ორგანიზაციის პრეზენტაცია უნდა მომიწყოსო და მიუგო:

– დიახ, ახლავე, – თომამ საწერი მაგიდის უჯრა გამოაღო და „ეფლის“ ბოლო მოდელი ამოიღო, თან დიდი ინტერესით მისჩერებოდა სტუმარს.

გელამ მეხსიერების ბარათი მოიმარჯვა და თომას ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უთხრა:

– ბატონო თომა, ამ ფლეშკაზე ასლია ჩაწერილი იმ ორიგინალის, რომელზეც ძირითადად, თქვენი სექსუალური თავგადასავლების მომენტებია აღბეჭდილი. სხვათა შორის, იმასთანაც, ვინც თქვენს ოთახამდე მოგვაცილა.

„სათნო“ თომა მომენტალურად ძველ თემურად გადაიქცა და რელიგიური სამოსის სიღრმიდან „ტეტეს“ პისტოლეტი გააძრო, სტუმარს მიუშვირა და კბილებში გამოსცრა:

– მაშანტაჟებ, შე ბოზო? ახლავე მიგაბრიდავ და შენს დამპალ ლეშს ყვავ-ყორნებს შევაჭმევ.

გელა მოელოდა ასეთ გაგრძელებას. ამიტომ ირონიით უთხრა:

– ფრთხილად, თემურჩიკ, იაღლიში არ მოგივიდეს და შემთხვევით უშიშროების ოფიცერი არ „დაბრიდო“. ეგ „პუშკა“ შეინახე, თორემ ტრაკში გაგთხრიან.

თემურ-თომამ პისტოლეტი უკან დააბრუნა და გელას უთხრა:

– რა გინდა ჩემგან?

– გინდათ – თქვენობით, შე მართლა რეციდივისტო! – თქვა გელამ და დაამატა, ნახევარი მილიონი დოლარი.

ყოფილი „შავი მეფე“ და „დიდი წინამძღოლი“, სინამდვილეში კი, ცოდვებმოუნანიებელი ნაძირალა რეციდივისტი წამში მოტყდა. სახე წამოეჭარხლა და გელას უთხრა:

– ერთი საათი დამელოდეთ და ფულს მოგიტანთ.

– მომისმინე, თემურ, – თქვა გელამ და დაამატა, – რაიმე ჩათლახობა რომ განიზრახო, იცოდე, ჰაერში ხარ გაჟიმული. გაიგე?

– გავიგე. სულელი ხომ არ ვარ, რომ მივქარო. მაყუთს ახლავე მოგიტანთ. დამელოდეთ, – თქვა თომამ და გვერდით ოთახში გავიდა.

ორმოცი წუთის შემდეგ გელამ 500 ათასი დოლარი ჩაიბარა, თომას თვალი თვალში გაუყარა და უთხრა:

– თემურ, შე ბილწო, ხომ არ გგონია, რომ ამ „მაყუთით“ დაიხსენი თავი და არსად არაფერი მოგეკითხება? ღმერთი თავისას მოგთხოვს, ეს ხომ ნათელია. მაგრამ, სანამ ცოცხალი ხარ, გირჩევ, ეს ბორდელი მოშალო, თავი დაანებო „მაყუთის“ კეთებას და გადადგე. ეს გოგონები კი გაუშვა და წესიერად ცხოვრება სცადო, თორემ ჯერ აქ დაგიდგება ჯოჯოხეთი, შემდგომ კი – იქ, – გელამ ჯერ ზევით აიშვირა ხელი, შემდეგ კი – ქვევით, – წავედი ახლა მე და ჩემს სიტყვებზე იფიქრე...

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი