რომანი და დეტექტივი

საგვარეულო სიგიჟე

№16

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 02.05, 2021 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

მისტერ პარკერ პაინი დილის ექვს საათზე მონოპლანით ბაღდადიდან ირანში გაფრინდა. მისი თანამგზავრები ერთი „მოხეული“ ტიპი და გამხდარი ქალი იყვნენ. პაინი ირანში ტურისტად მიდიოდა – თეირანის, ისპაჰანისა და შირაზის დათვალიერებას აპირებდა. მფრინავი ახალგაზრდა, ქერა გერმანელი იყო. თეირანში პირველი საათისთვის ჩაფრინდნენ. ქალაქმა მისტერ პარკერ პაინს იმედი გაუცრუა. ის ზედმეტად თანამედროვე აღმოჩნდა. როდესაც საღამოს სასტუმროში დაბრუნდა, ჰოლში მისტერ შეილეგელს, გერმანელ პილოტს შეეჯახა და თავისდა გასაკვირად, ვახშამზე დაპატიჟა. ისიც დათანხმდა. ოფიციანტმა მათ შეკვეთა მოუტანა. როდესაც ვახშამი დესერტის სტადიაში შევიდა, პაინმა გერმანელს ჰკითხა:

– დიდი ხანია, აქ ცხოვრობთ?

– სამი წელია. ჩემი პირველი მგზავრები ორი ინგლისელი ქალბატონი იყო. ერთ-ერთი ახალგაზრდა ლედი, კარგი გვარიშვილი, თქვენი ერთ-ერთი მინისტრის – ლორდი მიჩლდევერის შვილი გახლდათ. ლედი ესთერ კარი ლამაზი ქალია, მაგრამ ცოტა გიჟი. შირაზში უზარმაზარი სახლი იყიდა და იქიდან აღარ გამოდის. აღმოსავლურ ყაიდაზე ცხოვრობს და ევროპელების დანახვაც აღარ უნდა. ნამდვილი გიჟია. თვალებზე ეტყობა.

მისტერ პარკერ პაინი გაკვირვებული იყო. ლორდი მიჩლდევერი კარგად ახსოვდა. ხსენებული ქალბატონის მამა. მის ცოლსაც იცნობდა და ორივენი ნორმალური ადამიანები იყვნენ, თუმცა სიგიჟე მაინც ბუდობდა მათ გვარში. ერთ თაობას თუ დაინდობდა, მოულოდნელად მეორეში იჩენდა თავს.

– მეორე ქალი? – ჰკითხა პაინმა ზრდილობის გამო.

– მეორე მოკვდა. იგი ჩემთვის ყველაზე ლამაზი არსება იყო დედამიწაზე. ყვავილივით ნაზი – ნამდვილი ყვავილივით. ერთხელ მათ შირაზში შევუარე. ლედი ესთერმა მიმიწვია, ჩემი ანგელოზი რაღაცით ძალიან შეშინებული ჩანდა. მეორეჯერ კი, როდესაც ბაღდადიდან დავბრუნდი, მითხრეს, რომ გარდაიცვალა. ალბათ, ლედი ესთერმა მოკლა. ის ხომ გიჟია, – ამოიოხრა მან.

მისტერ პარკერ პაინმა ორი ბენედიქტინი შეუკვეთა.

– კარგი არჩევანია, – დაეთანხმა ოფიციანტი და რატომღაც ორი კურასაო მოიტანა.

მეორე დღეს, შუადღის მერე, მისტერ პარკერ პაინმა პირველად ნახა შირაზი და გაცილებით მოეწონა, ვიდრე თეირანი. ერთ დღეს მისტერ პარკერ პაინმა ქალაქგარეთ გასვლაც მოახერხა, რათა უდიდესი სპარსელი პოეტის, ჰაფეზის საფლავი ენახა. უკვე ბრუნდებოდა, როდესაც დაინახა სახლი, რომელმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ზღაპრული სახლი იყო. საღამოს, როდესაც ინგლისის კონსულთან ვახშმობდა, ეს სახლი ახსენა.

– მომხიბლავი ადგილია, არა? – გამოეხმაურა კონსული, – ის ლურისტანის წინა გუბერნატორმა ააშენა. ახლა ერთ ინგლისელ ქალს ეკუთვნის. ლედი ესთერ კარს, ალბათ, გსმენიათ მის შესახებ. სულ გააფრინა: არც ინგლისისა და არც ინგლისელების ხსენება აღარ უნდა. არადა, ჯერ ოცდაათისაც არ არის. ცეცხლოვანი თაფლისფერი თვალები აქვს.

– მგონი, აქ ის მარტო არ ჩამოსულა. კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი ახლდა, რომელიც შემდეგ მოკვდა, არა?

– კი, მას მერე უკვე სამი წელი გავიდა. ეს ჩემი დანიშვნიდან მეორე დღეს მოხდა. შიდა ეზოში მეორე სართულის აივნიდან ჩავარდა. ლანგრით ლედი ესთერისთვის ყავა მიჰქონდა და ფეხი დაუცდა.

საღამოს, როდესაც პაინი სასტუმროში დაბრუნდა, წერილის წერას შეუდგა: „მისტერ პარკერ პაინი ლედი ესთერ კარს თავის პატივისცემას უდასტურებს და იმ შემთხვევისთვის, თუ მას მისი სამსახური დასჭირდება, ატყობინებს, რომ უახლოეს სამ დღეს ოტელ „ფარსში“ გაატარებს.“ ამ წერილს განცხადების ამონაჭერიც დაურთო: „ბედნიერი ხართ? – თუ არა, მიმართეთ მისტერ პარკერ პაინს, რიჩმონდ-სტრიტი, 17.“ მეორე დღეს, ოთხი საათისთვის მან პასუხი მიიღო: „ლედი ესთერ კარი მოხარული იქნება, მისტერ პარკერ პაინი დღეს საღამოს 9 საათზე მიიღოს.“ დათქმულ დროს პაინი ადგილზე იყო. მასპინძელმა სტუმარი აივანზე, ტახტზე ნახევრადწამოწოლილმა მიიღო.

– რატომ გამომიგზავნეთ ის წერილი? – ჰკითხა ქალმა მას შემდეგ, რაც ყავით გაუმასპინძლდა.

– იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, უბედური ხართ. პაინის სიტყვებს პაუზა მოჰყვა. შემდეგ ქალმა გადაიხარხარა:

– თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ ყველა, ვინც თავის წრეს ტოვებს და სამშობლოსგან შორს ცხოვრობს, ასე იმიტომ იქცევა, რომ უბედურია? როგორ ვერ ხვდებით, იქ, ინგლისში, მე თავს უცხოდ ვგრძნობდი. აქ კი სახლში ვარ.

– და მაინც მომიწვიეთ.

– ცნობისმოყვარეობამ მძლია. თანაც მიუხედავად იმისა, რომ უკან დაბრუნებას არ ვაპირებ, მაინც მაინტერესებს, რა ხდება ინგლისში. მისტერ პარკერ პაინმა ახალი ამბების მოყოლა დაიწყო. იგი ლონდონის ამბებს ყვებოდა. ახსენა ცნობილი ადამიანები, ახალი რესტორნებისა და ღამის კლუბების, მიღებების, დოღის, ნადირობისა და სოფლის ჭორების შესახებ უამბო. იგი საუბრობდა პარიზული მოდის, ასევე, ცენტრისგან მოშორებით არსებული პატარა მაღაზიების შესახებ, რომლებშიც არარეალურად დაბალ ფასებს მაინც ინარჩუნებდნენ. იგი საუბრობდა კინოს, თეატრის, ახალი პარკების, ღამის ლონდონის შესახებ, თავისი ტრამვაებითა და ავტობუსებით. ლედი ესთერის ნიკაპი სულ უფრო დაბლა ეშვებოდა, მისი ქედმაღლობა ცვილივით დადნა და მალე მის ღაწვებზე ცრემლები გადმოგორდა. როდესაც მისტერ პარკერ პაინი, როგორც იქნა, გაჩუმდა, ქალი უკვე ბღაოდა. ბოლოს ლედი ესთერმა თავი ასწია.

– ახლა, კმაყოფილი ხართ? – დანანებით თქვა მან. რატომ არ მკითხავთ, თუ ასე გენატრებათ სახლი, რატომ არ წახვალთ იქ?

– თქვენთვის ეს ასე მარტივი არაა.

– იქნებ ისიც იცით, რატომ?

– ვფიქრობ, ვიცი.

– ცდებით, – თავი ასწია ქალმა – ნამდვილ მიზეზს თქვენ ვერასდროს მიხვდებით.

– მომიწევს საწინააღმდეგოში თქვენი დარწმუნება, – კეთილი განწყობით წარმოთქვა მისტერ პარკერ პაინმა, – თქვენ მეგობარი, თუ კომპანიონი გყავდათ – მიურიელ კინგი, რომელიც მალე დაიღუპა. მისი სიკვდილის შემდეგ ბატონი შეილეგელი, რომელიც ერთხელ გესტუმრათ, აქ აღარ მოსულა, რომც მოსულიყო, მიიღებდით?

– რა თქმა უნდა, არა.

– სხვანაირად ვერც მიპასუხებდით, – ჩაილაპარაკა პაინმა.

– არ მესმის, რას გულისხმობთ.

– თქვენ იცოდით, რომ მას თქვენი კომპანიონი უყვარდა?

– კი... თქვენ საიდან იცით?

– თავად მითხრა. მას ყველაზე მეტად სტანჯავს იმაზე ფიქრი, თუ როგორ დაიღუპა მისი რჩეული.

ლედი ესთერ კარი ფეხზე წამოხტა.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ის მე მოვკალი?

მისტერ პარკერ პაინი ფეხზე არ წამომხტარა.

– არა, ასე არ ვფიქრობ და ამიტომაც მგონია, რომ რაც უფრო სწრაფად დაასრულებთ ამ სპექტაკლს და სახლში დაბრუნდებით, მით უკეთესი იქნება. თქვენ, უბრალოდ, შეგეშინდათ, რომ თქვენი ქალბატონის მოკვლაში დაგადანაშაულებდნენ. თქვენ ხომ ლედი ესთერ კარი არ ხართ. ეს ეჭვი მანამდე გამიჩნდა, ვიდრე თქვენ გნახავდით. პატარა ექსპერიმენტმა ჩემი ეჭვები დაადასტურა. როდესაც ლონდონურ ცხოვრებას მიმოვიხილავდი, ყურადღებით გაკვირდებოდით. თქვენ რეაგირებდით, როგორც მიურიელ კინგი და არა როგორც ლედი ესთერ კარი. იაფი მაღაზიები, კინოთეატრები, პარკები, ტრამვაი – ყველაფერმა ამან თქვენ გულგრილი არ დაგტოვათ, ხოლო სოფლის ცხოვრებამ, ახალმა ღამის კლუბებმა, დოღმა და არისტოკრატიულმა წრეებმა თქვენზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ასე რომ, დაჯექით და ყველაფერი მომიყევით. მე ვიცი, რომ თქვენ არ მოგიკლავთ ლედი ესთერი. ქალი ნელა დაეშვა დივანზე, ღრმად ამოისუნთქა, საუბარი დაიწყო. სწრაფად ლაპარაკობდა, თითქოს ეშინოდა, რომ გააჩერებდნენ.

– მე მისი მეშინოდა. იგი შეშლილი იყო, მთლად – არა, მაგრამ მაინც. თავად შემომთავაზა მასთან ერთად გამოვმგზავრებულიყავი. გადავწყვიტე, რომ ეს რომანტიკული იქნებოდა. იგი აქ იმ ისტორიის გამო გამოიქცა, მძღოლთან რომ შეემთხვა. კაცებზე ჭკუას კარგავდა, პირდაპირ გიჟდებოდა. მძღოლს კი მისი დანახვაც არ უნდოდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ეს ამბავი გახმაურდა. ნაცნობები ლამის პირში დასცინოდნენ. მან ოჯახი მიატოვა და აქ წამოვიდა. ეს ყველაფერი მისთვის ლამაზი ჟესტი იყო – ამაყი მარტოობა უდაბნოში. გონება რომ არ დაეკარგა, საკუთარი ტანჯვით დატკბებოდა და უკან დაბრუნდებოდა. ყველაფერს ეს პილოტიც დაემატა. იგი ლედი ესთერს მოეწონა. ჰოდა, როდესაც ის აქ ჩემთან მოვიდა, მან წარმოიდგინა, რომ... თავადაც ხვდებით, ალბათ. როდესაც მფრინავმა ყველაფერი აუხსნა, იგი აფეთქდა. ეს სრული კოშმარი იყო. გამოაცხადა, რომ მე სახლში ვეღარასდროს დავბრუნდებოდი, რომ მე მისი საკუთრება ვიყავი, მისი მონა და რომ მას უფლება ჰქონდა, ჩემი ცხოვრება განეკარგა. ერთხელაც, ვეღარ მოვითმინე და პასუხი გავეცი. ვუთხარი, რომ ბოლოს და ბოლოს, მე ფიზიკურად მასზე ძლიერი ვიყავი და შემეძლო აივნიდან გადამეგდო. ძალიან შეეშინდა. მე მისკენ ნაბიჯი გადავდგი. ალბათ, იფიქრა, რომ დარტყმას ვუპირებდი, უკან დაიხია და... ისედაც კიდეში იდგა. შემდეგ მე თავი დავკარგე. დარწმუნებული ვიყავი, ყველას ეგონებოდა, რომ მე ვკარი ხელი. ვფიქრობდი, რომ არავინ მომისმენდა და აქაურ საშინელ ციხეში ჩამაგდებდნენ. შემდეგ ეს იდეა მომივიდა თავში. რა მოხდებოდა, ვითომ მე რომ მოვმკვდარიყავი? ახალი კონსული ჯერ ჩვენთან ნამყოფიც კი არ იყო. ასე რომ, მსახურების მეტი ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. მსახურებთან პრობლემა არ შემექმნებოდა. მათთვის ჩვენ ორი გიჟი ინგლისელი ვიყავით და ეჭვი მეპარება, იმის დარდი ჰქონოდათ, რომელი ჩვენგანი მოკვდა. თითოეულს ფული მივეცი და კონსულის დაძახება ვთხოვე. ის რომ მოვიდა, ლედი ესთერის საგვარეულო ბეჭედი გავიკეთე. ეჭვი არავის გასჩენია. მალე მივხვდი, რომ სისულელე ჩავიდინე. თავი სამუდამო განდგომისთვის გავწირე. მუდამ სხვა ადამიანი უნდა მეთამაშა. აღიარება უკვე გვიანი იყო. აი, ეს არის სიმართლე. რა გავაკეთო, მისტერ პაინ, აღარ ვიცი.

– ჩემთან ერთად ინგლისის კონსულთან უნდა წამოხვიდეთ. ბუნებრივია, უსიამოვნო ფორმალობებს ვერ ავცდებით, მაგრამ ყველაფერი მე მომანდეთ. მკვლელობის გამო არ ჩაგსვამენ. შეგიძლიათ, მენდოთ. გაიხსენეთ, ახალგაზრდა კაცი, რომელიც თეირანში დაგტირით. ჯობია, იმაზე იფიქრეთ, როგორ მოვაწყოთ ისე, რომ სწორედ, ის მართავდეს თვითმფრინავს, რომლითაც ბაღდადში დაბრუნდებით. ქალი გაწითლდა და ფეხზე წამოდგა.

– თქვენ თქვით, რომ ჩემს ნახვამდე იცოდით, მე რომ ესთერ კარი არ ვიყავი. საიდან?

– ჰკითხა მას ქალმა. – სტატისტიკა, ჩემო კარგო და გამოცდილება. ლორდ მიჩლდევერს ცისფერი თვალები ჰქონდა, მის ცოლსაც. როგორც კი კონსულმა მითხრა, მათ შვილს ცეცხლოვანი თაფლისფერი თვალები აქვსო, მივხვდი, რომ აქ რაღაც ისე ვერ იყო. თაფლისფერთვალებიან ადამიანებს შეიძლება, ჰყავდეთ ცისფერთვალება ბავშვები, მაგრამ პირიქით, არაფრის დიდებით არ მოხდება. მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია. შეგიძლიათ, მენდოთ.

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი