რომანი და დეტექტივი

საეჭვო კლიენტი

№52

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 01.01, 2021 წელი

საეჭვო კლიენტი
დაკოპირებულია

დაგლას მორენამ მრგვალ მაგიდასთან მსხდომთ თათბირის დასრულება აუწყა და დაამატა:
– მისტერ კოსმა, თქვენ დარჩით.

თათბირის მონაწილეები სკამებიდან წამოდგნენ და ოთახიდან გავიდნენ. კოსმამ კი მორენას უთხრა:
– დაგ, ეტყობა, შეფმა შეგახურა, რადგან ასე ოფიციალურად მომმართე. აბა, მომახსენე, რაშია საქმე.
– ჰო, ლეო, „მოხუცი“ ამ დილით ზომაზე მეტად იყო გაღიზიანებული და მეტი აკურატულობა მოგვთხოვა. როგორც ეტყობა, პრეზიდენტმა „შეჯორა“ რიგიანად, – თქვა მორენამ.
– ალბათ, აბუ-გრეიბში გადაღებული ფოტოების გამომზეურებისთვის.
– ჰო. აბა, მეტი რისთვის, – ხელი ჩაიქნია მორენამ და დააყოლა, – იდიოტები, ეამაყებათ თავიანთი საქციელი და ამით ბიზნესსაც აკეთებენ. თავს დავდებ, რომ რომელიღაც კრეტინმა, ან სულაც კრეტინთა ჯგუფმა ამ კადრებში მსხვილი თანხა აიღო. მთელი მსოფლიო ამერიკელთა სადიზმზე გაჰყვირის და ახლა რუსებს გააჩერებ? მთელი მაგათი მედია აბუ-გრეიბის სურათებს ატრიალებს. მთავარი ისაა, რომ პრეზიდენტს ჩვენი მოკავშირე, დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები ურეკავენ და აბუ-გრეიბთან დაკავშირებით განმარტებას სთხოვენ. აი, სწორედ, ამის გამოა გაბრაზებული „ძია“ და ჩვენს „მოხუცს“ გადაუარა, – თქვა მორენამ.
– გასაგებია, დაგ. ახლა ის მითხარი, ჩემგან რა გინდა. რატომ დამიმარტოხელე? – ჰკითხა კოსმამ მორენას.
– რატომ, მეგობარო და იმიტომ, რომ „მოხუცმა“ მკაცრად მომთხოვა „მწვანე სამყაროს“ მოუთავეთო, – თქვა მორენამ.
ამ სიტყვებმა კოსმა გააბრაზა. სახე წამოეჭარხლა და იკითხა:
– რას ჰქვია, მოუთავეთო?
– პირდაპირი მნიშვნელობით, ლეო – გაანადგურეთო – „მოხუცმა“, – დააზუსტა მორენამ.
– და, მერე შენ ამის მომხრე ხარ? – ირონიით იკითხა კოსმამ.
– გამოუსწორებელი ცინიკოსი ხარ, – თქვა მორენამ. კოსმა კი გაღიზიანებული წამოდგა სკამიდან. მრგვალ მაგიდას შემოუარა და თქვა:
– „ძია“ საკუთარი იმიჯის შელახვამ გაამწარა და „მოხუცი“ შეჯორა. იმან კი ცხელ გულზე „მწვანე სამყაროს“ განადგურება მოინდომა, რომ პრეზიდენტთან რეაბილიტაცია მოახდინოს. მარტივია, თუმცა იდიოტური. ჩვენ კი იმდენი შრომა წყალში უნდა ჩაგვეყაროს. ამის გამო კი უარესი მოხდება და იმიჯის შელახვას ვინ ჩივის, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება ცუდ დღეში ჩავარდება. რა მალე დაავიწყდათ თერთმეტი სექტემბერი? არადა, სულ რაღაც ცამეტი წელი გავიდა მას შემდეგ. შენ მაინც რა დაგემართა, დაგ? „ძია“, დავუშვათ, აზრზე არაა ჩვენი სპეციფიკის, „მოხუცი“ მას უმიზნებს. მაგრამ შენ და მე ხომ ვიცით, რომ ეს ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას შეარყევს?
– დამშვიდდი, ლეო. არავინ აპირებს ჩვენი უსაფრთხოების შერყევას. სწორედ, ამიტომ დაგიმარტოხელე – როგორც შენ ამბობ, რომ ერთად მოვძებნოთ გამოსავალი. და, საერთოდ, რა ხდება „მწვანე სამყაროსთან“ დაკავშირებით? – თქვა მორენამ და დაამატა, – კარგა ხანია, შენგან მათზე ინფორმაცია არ მომისმენია.
კოსმა დამშვიდდა, დაჯდა და მორენას უთხრა:
– უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მივიღეთ გუშინ ღამით და თუ დადასტურდა, მაშინ უსმან ალ-მანსურის კვალზე გავალთ.
– რას ამბობ, მართლა? – მოულოდნელობისგან ხელები გაშალა მორენამ და დაამატა, – როგორ მოხერხდა ეს?
– ჯერჯერობით ეს ვარაუდია, მაგრამ დიდი ალბათობით, დადასტურდება, ალბათ, – თქვა კოსმამ, – მორენამ კი დაამატა:
– ყველაფერი დაწვრილებით მითხარი, ლეო. რას მაწვალებ.
– უმარ ბათირმა ჩვენს აგენტს მიაკითხა პარიზის კონსპირაციულ ბინაში და ყალბი საბუთის გაკეთება სთხოვა. ბათირი კი უსმან ალ-მანსურის მარჯვენა ხელია და მის პირად დავალებებს ასრულებს. თითქმის ერთი წელი ფსკერზე იწვა და მისი ადგილსამყოფელი არ ვიცოდით. თუმცა, ვვარაუდობდით, რომ უსმან ალ-მანსურთან ერთად იყო. როგორც ეტყობა, მართლა ერთად იყვნენ და ალ-მანსურმა ბათირი საქმეზე გაგზავნა. ამიტომ, მას კუდზე ვასხედვართ და ყველაფრის გარკვევას ვცდილობთ. ვფიქრობ, რომ უსმან ალ-მანსურს ძალიან სერიოზული რამ აქვს ჩაფიქრებული, რადგან უმარ ბათირი გაააქტიურა.
დაგლას მორენას სახეზე შეშფოთება აღებეჭდა და ახლა უკვე მან დაიწყო ბოლთის ცემა მრგვალი მაგიდის ირგვლივ, თან იმეორებდა, – ნეტავ რა აქვს ჩაფიქრებული უსმან ალ-მანსურს...
კოსმა ერთხანს მშვიდად ადევნებდა თვალ-ყურს აღელვებულ მორენას. ბოლოს კი უთხრა:.
– პირწავარდნილი ტერორისტია, კარგი არაფერი ექნება დაგეგმილი. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მას კუდზე ვაზივართ. ხოლო მასზე რომ გავალთ, შეგვიძლია, მოვიხელთოთ კიდეც. თუმცა ამას კონტროლი ჯობია.
– ჰოდა, სწორედ ამას ვეტყვი „მოხუცს“ და თუკი თავისას დაიჟინებს, მაშინ სამსახურიდან წავალ, – თქვა მორენამ.
– მეც უკან გამოგყვები, – დაამატა კოსმამ.
– ეს კი საქმეს დააზიანებს და ვფიქრობ, „მოხუცი“ გადაიფიქრებს თავის ახირებას, – უთხრა მორენამ კოსმას, რომელმაც დააყოლა:
– თავის მხრივ კი „მოხუცი“ „ძიას“ დაარწმუნებს ამაში.
– იმედია, იმედი. ახლა კი წადი და საქმეს მიხედე. მე კი საქმის კურსში მამყოფე, – უთხრა მორენამ კოსმას და ოთახიდან გაისტუმრა.
დაგლას მორენა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის მოადგილე იყო ოპერატიულ დარგში. ლეონელ კოსმა კი მორენას თანაშემწედ მუშაობდა და ანტიტერორისტულ მიმართულებას კურირებდა. ორივე გამოცდილი მზვერავი იყო. მათ ერთმანეთთან ოცწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებდათ. ორივე მათგანს არაერთი წარმატებული ანტიტერორისტული ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული და ისინი უწყებაში ამ საქმის საუკეთესო მცოდნეებად მიიჩნეოდნენ.

სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციაში ლეონელ კოსმას არაერთი აგენტი ჰყავდა, რომელთა მეშვეობითაც მათ საქმიანობას აკონტროლებდა. მართალია, სრულად არა, რადგან ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ მნიშვნელოვან ინფორმაციებს იღებდა, რაც ტერორისტების წინააღმდეგ მოქმედების საშუალებას იძლეოდა. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია იყო „მწვანე სამყარო“. სხვა ტრადიციულ ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის ის შედარებით ახალი წარმონაქმნი იყო. თუმცა საკმაოდ ცნობილი და მას იორდანელი უსმან ალ-მანსური მეთაურობდა. ეს 45 წლის ტერორისტი თავად ბინ-ლადენის გვარდიაში ირიცხებოდა და სახელი ავღანეთში გაითქვა.

ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდაციის შემდეგ, 2011 წელს, უსმან ალ-მანსურმა ახალი ორგანიზაცია „მწვანე სამყარო“ დააარსა, რომელიც ერაყში ებრძოდა ამერიკელებს. აგრეთვე, სახელი გაითქვა რამდენიმე ტერორისტული აქტით შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ალ-მანსური 2012 წელს ბაღდადში მოიხელთეს და თავისი სისასტიკით ცნობილ აბუ-გრეიბის ციხეში მოათავსეს, სადაც ტერორისტები იყვნენ განთავსებული. ალ-მანსური მისმა ერთ-ერთმა უახლოესმა თანამებრძოლმა გაყიდა, რომელიც შეერთებული შტატების დაზვერვამ გადაიბირა. თუმცა, მოღალატე მალევე მოკლეს – ის უმარ ბათირმა ჩაცხრილა „ჯიპში“ ბაღდადის ცენტრში.

35 წლის უმარ ბათირი წარმოშობით საქართველოდან იყო, სინამდვილეში – ოთარ ბათირაშვილი და 2006 წელს, იმის მერე, რაც 2 წელი კონტრაქტორად მსახურობდა ქართულ არმიაში და ავღანეთსა და ერაყის მისიებში იყო ნამყოფი, ერთ-ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას დაუკავშირდა. ბათირი ამ მკვლელობისთვის იმავე დღეს მოიხელთეს და აყვანის დროს დაჭრეს. ორთვიანი მკურნალობის შემდეგ კი ისიც აბუ-გრეიბის ციხეში მოათავსეს. თუმცა, 2013 წელს ამ ციხეს „ალ-ქაიდას“ მებრძოლები დაესხნენ თავს. სისხლიან შეტაკებას 27 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 30 დაიჭრა, ასი პატიმარი კი გაიქცა. გაქცეულებს შორის იყვნენ უსმან ალ-მანსური და მისი მარჯვენა ხელი და ერთგული მებრძოლი უმარ ბათირი.

ალ-მანსურმა თავისი ორგანიზაციის მობილიზაცია გამოაცხადა და ორი სისხლიანი ტერორისტური აქტი ჩაატარა. შემდგომ კი „ფსკერზე დაწვა“ და მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების „ცენტრალური დაზვერვა“ საგულდაგულოდ ეძებდა, მის კვალზე გასვლა ვერ ხერხდებოდა. არადა მისთვის არაერთი მახე დააგეს. ერთ-ერთი ასეთი მახე იყო კონსპირაციული ბინა პარიზში. აქ „შენიღბული ტერორისტის“ სახით ამერიკელი მზვერავი ცხოვრობდა. სწორედ, მასთან მივიდა უმარ-ბათირი და ყალბი საბუთების გაკეთება სთხოვა. ამერიკელ მზვერავს ისმაილ ზია ერქვა...

🔽🔽🔽

ლეონელ კოსმა დაგლას მორენას რეგულარულად აწვდიდა ინფორმაციებს უმარ ბათირზე, რომელიც „ცენტრალური დაზვერვის“ აგენტებს ოცდაოთხსაათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ. ბათირის გამოჩენიდან ორი დღის შემდეგ კოსმამ მორენას დილის მოხსენება ჩაუტარა და წავიდა. თუმცა, სულ რაღაც ნახევარ საათში ისევ უკან დაბრუნდა.
– რაიმე ახალია, ლეო? – ჰკითხა კოსმას მორენამ.
– ახლახან მომივიდა ინფორმაცია პარიზიდან, დაგ. ბათირი თბილისში მიემგზავრება და მისი თვითმფრინავი ერთ საათში აფრინდება „ორლიდან“, – თქვა კოსმამ.
– სამშობლოში ბრუნდება? – გაუკვირდა კოსმას.
– კი, სამშობლოში. იქ ის აჰმედ ბელამის სახელით ჩავა, ფრანგული პასპორტით, – თქვა კოსმამ და დაამატა, – გარეგნობა ისე აქვს შეცვლილი, მშობელი დედაც ვერ იცნობს, თუმცა მისი სურათებიც გვაქვს და პარიზიდან ჩვენი აგენტი გააცილებს. თბილისში კი ჩვენი სპეცჯგუფი ჩაიბარებს და გააკონტროლებს.
– საინტერესოა, – თავი გააქნია მორენამ და დაამატა, – ნეტავ თბილისში რა უნდა? ნუთუ პანკისში თავისი ოჯახი მოენატრა და მათ სანახავად ჩადის?
– ეს გამორიცხულია, დაგ. ბათირი ამის გამო ასე არ გარისკავს. აქ რაღაც სხვა ამბავია, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვხვდები, – თქვა კოსმამ და პაუზის შემდეგ დაამატა, – სიმართლე გითხრა, ცოტა არ იყოს, ვნერვიულობ კიდეც. ასე გარისკვა მხოლოდ იმის გამოა შესაძლებელი, თუკი რაიმე დიდ უბედურებას გეგმავენ, მაგრამ თბილისი რა შუაშია?
– ვითომ იქ ტერორისტულ აქტს აპირებენ? – იკითხა მორენამ.
– არ მგონია, დაგ. თბილისში რა ტერორისტული აქტი უნდა მოაწყონ ან რატომ? – მხრები აიჩეჩა კოსმამ და დაამატა, – უახლოეს პერიოდში იქ რაიმე დიდი ფორუმი არ იმართება, რომ ტერორისტული აქტი ჩაატარონ. არც ისეთი მაღალჩინოსნის ვიზიტია დაგეგმილი, რომ მასზე თავდასხმა მოინდომონ. ერთადერთი ჩვენს ან ისრაელის საელჩოებზე თავდასხმა რჩება, რაც არ მგონია. უბრალოდ, დიდი რისკია და ფაქტობრივად, უეფექტო. აქ რაღაც სხვაშია საქმე.
– მასე ფიქრობ? – იკითხა მორენამ.
– კი. ასე ვფიქრობ, – მიუგო კოსმამ და დაამატა, – ასე ვფიქრობ, ასე, მაგრამ ჯერჯერობით ვერსიის დონეზეც კი ვერ მოვიფიქრე, რა უნდა უნდოდეს თბილისში ბათირს.
– ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ არაფერი გამოგვეპაროს. იქ ძალები გყოფნის? – ჰკითხა მორენამ.
– ხალხი კი არის, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, იქ რისთვისაა ბათირი ჩასული და ერთი ოპერატიული ქვედანაყოფის გაგზავნა არ გვაწყენდა, – თქვა კოსმამ. პაუზის შემდეგ კი დაამატა, – სიმართლე გითხრა, ჯობია, მეც თბილისში ჩავიდე და ოპერაციას ადგილზე ვუხელმძღვანელო.
– კარგი აზრია, ლეო. ასე აჯობებს. ვფიქრობ, ერთი საათი გეყოფა მოსამზადებლად, რომ ჩვენს ოპერატიულ ოცეულთან ერთად თბილისში გაემგზავრო? – იკითხა მორენამ. კოსმამ კი უპასუხა.
– კი. სავსებით საკმარისია.
ერთი საათის შემდეგ ამერიკის „ცენტრალური დაზვერვის“ თვითმფრინავმა თბილისისკენ აიღო გეზი.

🔽🔽🔽


60 წლის სვიმონ მანჯავიძე ნაბახუსევი იყო და საწოლიდან თავს ვერ სწევდა. მობილურის გაბმულ ზარსაც რის ვაივაგლახით უპასუხა:
– გისმენთ.
– ბატონი სვიმონი ბრძანდებით? – მოესმა მანჯავიძეს ქალის სასიამოვნო ხმა.
– მე ვარ. რომელი ხარ?
– სვიმონ მანჯავიძე ბრძანდებით ხომ? – დააზუსტა ქალმა.
– კი. მე ვარ, მე. რომელი ხარ? – ხმაში გაბრაზება შეეპარა „პახმელიაზე“ მყოფ სვიმონს.
– ბატონო სვიმონ, თქვენთან შეხვედრა სურს ფრანგ ბიზნესმენს და რამდენ ხანში შეგვიძლია, სახლში გესტუმროთ? – იკითხა ქალმა.
– ვინ ბიზნესმენს. რომელი ხარ, „მაშაყირებ“? – აღშფოთდა სვიმონი.
– არა. რას ბრძანებთ, ბატონო სვიმონ. მე თარჯიმანი ვარ. თქვენთან შეხვედრა სურს ბატონ ბელამს და როდის გესტუმროთ? – თქვა ქალმა.
– კლარა, შენ ხარ? – თქვა სვიმონმა და დააყოლა, – „პახმელიაზე“ ვარ და რა დროს „შაყირია“. მოდი, რა შემომიარე და ერთი „პივაც“ მოაყოლე, რომ აზრზე მოვიდე.
– არა, ბატონო სვიმონ, კლარა არ ვარ, სიმართლეს გეუბნებით. თქვენთან შეხვედრა სურს ფრანგ ბიზნესმენს. თქვენ ხომ ფირმა „ბაზრობის“ მფლობელი ხართ და ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორია თქვენია? – თქვა ქალმა.
სვიმონ მანჯავიძემ პაუზა გააკეთა. გაიზმორა და თქვა:
– მართლა არ ხარ კლარა?
– არა, ბატონო სვიმონ. მე ქეთევანი მქვია და ბატონმა აჰმედ ბელამმა დამიქირავა, რომ ფრანგულიდან ქართულად და პირიქით ვთარგმნო. როგორც მოგახსენეთ, მე მთარგმნელი, ანუ თარჯიმანი ვარ.
– კი. ჩემია ის მიწა, – თქვა მანჯავიძემ და დაამატა, – რაში გაინტერესებთ?
– ეს სატელეფონო საუბარი არაა, ბატონო სვიმონ და ყველაფერს პირისპირ რომ შევხვდებით, მაშინ მოგახსენებთ. როდის შეგვიძლია, გესტუმროთ?
– ერთ საათში მოდით. ჩემი მისამართია...
– ვიცით, ბატონო სვიმონ, – გააწყვეტინა ქეთევანმა. საბურთალოზე ცხოვრობთ. მისამართი გვაქვს და ერთ საათში თქვენთან ვიქნებით.
– კარგი. გელოდებით, – თქვა სვიმონმა და ტელეფონი გათიშა. შემდეგ აბაზანაში შევიდა და მიუხედავად იმისა, რომ ცივი შხაპი მიიღო, თავის ტკივილმა მაინც არ გაუარა. შემდეგ სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვა, ტელევიზორი ჩართო და სავარძელში მოკალათდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი