რომანი და დეტექტივი

საეჭვო კლიენტი

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 15.01, 2021 წელი

საეჭვო კლიენტი
დაკოპირებულია

დასასრული. (დასაწყისი იხ. „თბილისელები“ #52-53(1044) 

– მისტერ კოსმა, იმ მიწაზე ათი მეტრის სიღრმის ბუნკერში 40-50 სანტიმეტრის კონტეინერია, მასში კი ქიმიო-ბაქტერიოლოგიური ნივთიერებებია მოთავსებული. კონტეინერის ზომებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ ესაა ძალიან მძლავრი იარაღი, რომლის ამოქმედებაც ოცკილომეტრიან რადიუსში ყველა ცოცხალ ორგანიზმს გაანადგურებს. რიცხვებში რომ გადავიყვანოთ, ეს იარაღი 130-150 ათასი ადამიანის გასანადგურებლადაა განკუთვნილი.
კოსმა გაფითრდა და ბრამსს ჰკითხა:
– ხომ არ გეშლებათ, დარწმუნებული ხართ ამაში?
– აბსოლუტურად, მისტერ კოსმა. თითოეულ ჩემს სიტყვაზე თავს დავდებ და პასუხს ვაგებ, – მიუგო ბრამსმა კოსმას.
– ამოღების პროცესი სახიფათო ხომ არაა? – იკითხა კოსმამ, ბრამსმა კი უპასუხა:
– საერთოდ, ასეთი ტიპის მოწყობილობები ძალიან გამძლეა და მათ განსაკუთრებული ნივთიერებებისგან ამზადებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი შეიძლება, ასი წელი იყოს მიწაში, წყალში და ისეთ ადგილებში, სადაც მძლავრი თერმული და მექანიკური ზემოქმედება არაა. თუმცა, ამოღების პროცესს მაინც ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მე ამაში საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს.
– ღამით შეძლებთ ამოღებას?
– დიახ. მე მქონია მსგავსი შემთხვევები, – თქვა ბრამსმა.
– ეს პროცესი რა დროსი წაიღებს?
– იმ ადგილის პირობებში, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ შევამოწმეთ, მაქსიმუმ, ხუთ საათი დასჭირდება, – თქვა ბრამსმა.
– კეთილი. ხვალ, ღამის თორმეტიდან დილის ხუთამდე შეუდგებით საქმეს. ახლა კი შეგიძლიათ, დაისვენოთ, – უთხრა კოსმამ ბრამსს და ლასტს მიუბრუნდა:
– პოლ, – როგორც კი მისტერ ბრამსი კონტეინერს ამოიღებს, იქ სანაცვლოდ „მულაჟი“ უნდა მოვათავსოთ და ძველი მდგომარეობა დავუბრუნოთ. პარალელურად კი ერთმა ჯგუფმა „კლიენტი“ უნდა მოიხელთოს, მეორემ კი იქ იმგვარი აფეთქება განახორციელოს, რომ ცოცხალი არსება არ დარჩეს ამოსაცნობად.
– თარჯიმანიც იზოლაციაში გვყავდეს? – იკითხა ლასტმა და კოსმამ მიუგო:
– არაა საჭირო. ისეთი სურათი უნდა დავხატოთ, რომ ვითომ „კლიენტი“ თარჯიმნის გარეშე რამდენიმე დაქირავებულ მუშასთან ერთად გაემართა კონტეინერის ამოსაღებად და აფეთქებისგან დაიღუპა.
ლასტმა უხმოდ დაუქნია თავი კოსმას.

🔻🔻🔻

მძლავრი აფეთქება ღამის სამ საათზე გაისმა და ზემო ფონიჭალის მთელი მოსახლეობა ფეხზე წამოყარა. „ნაგავსაყრელზე“ მისულ ადამიანებს საშინელი სურათი დახვდათ – ათმეტრიან პერიმეტრზე ორი მეტრის სიღრმის ორმო გაჩენილიყო. მძლავრ ცეცხლში კი თითქმის უკვე დანახშირებული შვიდი ადამიანის ცხედარი იწვოდა. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურის დაღუპულთა დანახშირებული ცხედრები დახვდათ, რომელთა ამოცნობა შეუძლებელი იყო. მეხანძრეებს კი მუშაობაც არ მოუწიათ, რადგან ხანძარი თავადვე ჩაქრა და სახანძრო რაზმის გამოცდილმა მეთაურმა თქვა:
– საწვავის მცირე ავზების აფეთქებას ჰგავს. როგორც ეტყობა, მიწაში იყო ჩაფლული და ვიღაცამ ცეცხლი „მიაშველა“. ალბათ, სიგარეტს უკიდებდა.
გამოცდილი მეხანძრე თითქმის მართალი იყო. პოლ ლასტის სპეციალისტებმა მართლა ბენზინის ავზები ააფეთქეს. თუმცა, ასანთის მაგივრად მათ სპეციალური დეტონატორი გამოიყენეს. ხოლო შვიდი ადამიანის ცხედარი კი უპატრონოთა სასაფლაოდან გადაიტანეს. აფეთქებამდე ერთი საათით ადრე კი სპეცების ერთმა ჯგუფმა უმარ ბათირი ნაქირავები ბინიდან გაიტაცა და „ცენტრალური დაზვერვის“ ვაკის კონსპირაციულ სახლში მიიყვანა, სადაც ლეონელ კოსმას შტაბი და საკომანდო პუნქტი ჰქონდა მოწყობილი. გატაცებული ჯერ გააშიშვლეს და ყოველმხრივ შეამოწმეს. შეუმოწმეს სამოსიც, შემდეგ სხვა ტანსაცმელი ჩააცვეს. ჩაბეტონებული ფოლადის სკამზე მყარად მიაბეს და კოსმამ მას ინგლისურად უთხრა:
– ომარ ბათირაშვილო, თუ გინდათ, რომ სიცოცხალე და ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, მაშინ სწრაფი და სწორი პასუხები უნდა გაგვცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი საშიშროებიდან გამომდინარე, მკაცრი წესებით მოგექცევით.
– მაწამებთ? – ირონიით თქვა სკამზე მიბმულმა.
– პირდაპირ გეტყვით, რომ დიახ, – მიუგო კოსმამ და დაამატა, – უფრო სწორად კი უარესს გიზამთ.
– აბუ-გრეიბის ციხეში თითქმის ერთი წლის განმავლობაში წამების ყველა ხერხი გამოსცადეს ჩემზე და ამით ვერ შემაშინებთ, – თქვა ბათირმა.
ახლა უკვე კოსმას ჩაეცინა ირონიულად და ტყვეს უთხრა:
– აბუ-გრეიბის მანიპულაციებს მოგანატრებ. შენ ხომ კავკასიელი ხარ, ბათირაშვილო? ჰოდა, ყვერებს მოგაჭრი და მათ ბიძაშვილსაც... შემდეგ მოგიწვავ მაგ ადგილს და არ მოკვდები. თუმცა შენს სიცოცხლეს არანაირი აზრი არ ექნება, კავკასიელო. გასაგებია?
უმარ ბათირი მიტკალივით გაფითრდა და კოსმას უთხრა:
– მაინც, რა გაინტერესებთ?
– აბსოლუტურად ყველაფერი. პირველ რიგში კი, უსმან ალი-მანსურის ადგილსამყოფელი, – თქვა კოსმამ.
– კონკრეტულად სადაა, არ ვიცი. ის ყოველ მესამე დღეს იცვლის სადგომს. ისე კი იემენშია, მაგრამ კონკრეტულად სად, ნამდვილად არ ვიცი.
– იემენი დიდია. რომელ ქალაქში?
– მე რომ გამომგზავნა, მაშინ ადენში იყო. თუმცა ალ-მანსური ადენის ყურის გასწვრივ მოძრაობს და იქ კი ოცზე მეტი ქალაქია, რომ არაფერი ვთქვათ შედარებით პატარა დასახლებებზე.
– რით მოძრაობს?
– ხან რით, ხან რით. ძირითადად, იახტებით, რომლებსაც ქირაობს.
– პირადი იახტა არ ჰყავს?
– არა.
– გინდა, ჩვენთან ითანამშრომლო?
– უკვე ვთანამშრომლობ, – ცინიკურად ჩაიცინა ბათირმა.
– ჯერჯერობით სანახევროდაც არა, – თქვა კოსმამ და დაამატა, – უნდა გამოგცადოთ და დავრწმუნდეთ, რომ არ გვატყუებთ და არ გვიღალატებთ. აი, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია, თქვენთვის ხელსაყრელი შეთანხმება გავაფორმოთ.
– რა გაინტერესებთ კიდევ? – იკითხა ბათირმა, კოსმამ კი უთხრა:
– ჯერ იმას გეტყვით, თუ რა სახის თანამშრომლობა გვსურს თქვენთან და შემდეგ უკვე დანარჩენზე ვილაპარაკოთ.
– ბრძანეთ.
– თუკი დავრწმუნდებით, რომ არ გვიღალატებთ და ჩვენთან ასი პროცენტით ითანამშრომლებთ, მაშინ თქვენ იცხოვრებთ ინკოგნიტოდ და ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ეცოდინება. თუმცა პერმანენტული კონტროლის ქვეშ იქნებით და მცირედი მცდელობა ჩვენგან გაქცევისა ან სხვა საწინააღმდეგო მოქმედებისა, მხოლოდ თქვენი სიკვდილით დასრულდება. თუ ჩვენიანი გახდებით, მაშინ ანტიტერორისტულ მიმართულებაზე იმუშავებთ და თქვენი მდიდარი გამოცდილებიდან გამომდინარე, სასარგებლო კონსულტაციებს გაგვიწევთ. თუმცა, გიმეორებთ, ბათირაშვილო, რომ ჯერ ტესტირება უნდა გაიაროთ და დაგვარწმუნოთ თქვენს გულწრფელობაში.
– შეიძლება, გკითხოთ?
– მკითხეთ, – თქვა კოსმამ.
– ჩემი გაუჩინარება როგორ გაფორმდება?
– უკვე გაფორმებულია, მიუგო კოსმამ ბათირს და ფონიჭალაში ჩატარებული ოპერაცია მოუყვა.
ტყვეს გაეცინა და თქვა:
– რა გაეწყობა, მზად ვარ ტესტირებისთვის და გიცხადებთ, რომ თქვენიანი ვარ. ხოლო მოსალოდნელ კითხვაზე კი კითხვის დასმამდე გიპასუხებთ. რა თქმა უნდა, გაინტერესებთ, თუ საიდან ვიცოდი ფონიჭალაში დამალული კონტეინერის შესახებ და რა არის ჩვენი საბოლოო მიზანი. დავიწყებ მეორეთი. გულწრფელად გეუბნებით, რომ საბოლოო მიზანი, ანუ კონკრეტული სამიზნე, თარიღები და ასე შემდეგ მე არ ვიცი. ამას უსმან ალ-მანსურიც კი არ წყვეტს და მას ზემდგომთა საბჭო ავალებს, რომელშიც თავად არც კი შედის. იქ, იმ ორგანოში, რომ იტყვიან, უბობოლესები არიან და არც მათი ნამდვილი ვინაობა იცის ვინმემ და გარეგნობაც კი შენიღბული აქვთ. ვიცი, რომ ისინი ძალიან დიდ ფინანსებს ატრიალებენ და გლობალურ ტერორიზმს მართავენ. ეს ერთი. ხოლო რაც შეეხება კონტეინერს, ეს ინფორმაცია ჩვენ ერთმა ყოფილმა რუსმა ოფიცერმა მოგვაწოდა, რომელიც სირიაში გავიცანით და იქ დაქირავებული მებრძოლი იყო. თან იბრძოდა, თან ლოთობდა. თუმცა, საკმაოდ კარგი სპეციალისტი იყო და ეს ინფორმაცია რომ მოგვაწოდა, მისი ლიკვიდაცია განვახორციელეთ, რათა ამ ამბავს არ გაეჟონა?
– იქნებ გატყუებდათ ის ლოთი? – იკითხა კოსმამ.
– არა, – თავი გააქნია ბათირმა და დაამატა, – ადამიანი, რომელმაც ეს კონტეინერი მიწაში, უფრო სწორად კი ბუნკერში დამალა, დღესდღეობით საქართველოს მთავრობის წევრია. მართალია, ძალიან დიდი თანამდებობა არ უკავია, მაგრამ საკმაოდ ცნობილი და გავლენიანია გარკვეულ წრეებში. ასე რომ, სანამ იმ რუსს მოვკლავდით, ეს ინფორმაცია იმ კაცთან გადავამოწმეთ და მხოლოდ ამის მერე დავიწყეთ მოქმედება. იმ კაცს კი უსმან ალ-მანსურმა მილიონი დოლარი გადაუხადა და გამოჭერილი ჰყავს. საბჭოთა კავშირი რომ იშლებოდა, იმ კაცმა და ერთმა რუსმა პოლკოვნიკმა, იმ პოლკოვნიკის მიერ მოპარული კონტეინერის გაყიდვა სცადეს. არაბებზეც გავიდნენ, მაგრამ ჩაეშალათ. ის რუსი პოლკოვნიკი მალევე გარდაიცვალა საეჭვო ვითარებაში და როგორც ვვარაუდობდით, ის, სწორედ, თავისმა „პადძელნიკმა“ მოკლა, უბრალოდ, თავიდან მოიშორა. იმ რუსმა კი, ვინც ჩვენ ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, შემთხვევით გაიგო ყველაფერი – ის პოლკოვნიკის ასისტენტი იყო და არყით რომ იბრუჟებოდნენ, მაშინ წამოუყრანტალებია. საქართველოს მთავრობაში მყოფმა კი არ იცოდა, რომ მათი საიდუმლო სხვამაც გაიგო.
კოსმა იმდენად გაოგნებული იყო, რომ ბათირს პირდაღებული უსმენდა და როცა საქართველოს მთავრობაში მყოფი ჩინოსნის სახელი შეიტყო, მას უთხრა:
– ვფიქრობ, ტესტირებას წარმატებით გაივლით. ჩვენიანი გახდებით და ტერორიზმთან ბრძოლაში დაგვეხმარებით.
– ამაში დარწმუნებული იყავით. ტესტირებისთვის კი მზად ვარ, – მიუგო ბათირმა კოსმას და ამოიხვნეშა.

🔻🔻🔻

უმარ ბათირს წინასწარი ტესტირება თბილისში ჩაუტარეს და კეთილსაიმედოდ მიიჩნიეს. თუმცა, ფარულად შეერთებულ შტატებში გაგზავნეს, რათა ბევრად უფრო მძლავრი ტესტირება ჩაეტარებინათ, რაც ასევე, სანიმუშოდ დაძლია და მხოლოდ ამის შემდეგ გაამწესეს ერთ-ერთ ანტიტერორისტულ ანალიტიკურ ჯგუფში და უმკაცრესი მეთვალყურეობის ქვეშ ინკოგნიტოდ დაასახლეს სპეციალურ ბინაში. თბილისში კი ლეონელ კოსმა ოპერაციის მესამე ეტაპისთვის ემზადებოდა, რომელსაც ერთი მნიშვნელოვანი დეტალი დაემატა, – მასობრივი განადგურების იარაღით მოვაჭრე, ქართული მთავრობის ჩინოსანი. მას არჯევან ბაზიანი ერქვა. 60 წლის იყო და პარლამენტში მოსახვედრად ხლაფორთობდა. კოსმამ რომ „ცენტრში“ მის შესახებ გაგზავნა შეტყობინება, ასეთი პასუხი მიიღო: „თუკი დარწმუნდებით, რომ ეს სუბიექტი ჩვენი საქმისთვის გამოუსადეგარია და მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია, მისი ლიკვიდაცია განახორციელეთ...“ და მართლაც, როდესაც კოსმამ ანალიზი გაუკეთა შექმნილ ვითარებას და დარწმუნდა, რომ მაღალჩინოსანი შესაძლოა, ოპერაციის შემაფერხებელი ყოფილიყო და მთელი კომბინაცია ჩაეშალა, ბაზიანი ავტოავარიაში დაიღუპა, მისი „ჯიპი“ კლდიდან უფსკრულში გადაიჩეხა, რომელშიც მარტო იჯდა. სულ მალე კი თბილისში უსმან ალ-მანსურის გამოგზავნილი ქალი ჩამოვიდა და განაცხადა, რომ აჰმად ბელამის და იყო და მისი ქონება გადაიფორმა. ქალს თან სამი მამაკაცი ახლდა, ერთ ღამეს მათ ბუნკერთან ამერიკელების მიერ დამალული „მულაჟი“ ამოიღეს და ნაქირავებ სახლში გადამალეს. სამი დღის შემდეგ კი ბათუმიდან გასულ საოკეანო ხომალდს გაჰყვნენ და „მულაჟიც“ თან წაიღეს. კუდზე მათ „ცენტრალური დაზვერვის“ აგენტები ასხდნენ, რომლებიც მათ მარშრუტს აკონტოლებდნენ. ერთკვირიანი მგზავრობის შემდეგ ქალი და მისი თანმხლები მამაკაცები, რომელთაც მოთვალთვალეები უკან მიჰყვებოდნენ, იემენის ყურეში შეცურდნენ და ქალაქ ადენში ჩავიდნენ. მამაკაცები თავის გზით წავიდნენ. ჩადრჩამოფარებულმა ქალმა კი ტყავის ჩანთაში მოთავსებული კონტეინერით მანევრი გააკეთა, ყურის ნაპირზე დაბრუნდა და მდიდრულ იახტაში ავიდა, რომელსაც „აიშა“ ეწერა... ამერიკელ აგენტებს არაფერი გამოჰპარვიათ. ერთ-ერთმა მათგანმა კი იახტაზე მობილური დააფიქსირა, სპეციალური მოწყობილობით და მისი სკანირება მოახდინა.
– აიშა, მოიტანე კონტეინერი? – შეეგება ახალმოსულ ქალს უსმან ალ-მანსური, ჩადრი აუწია და შუბლზე ხელი გადაუსვა.
– დიახ, ჩემო ბატონო, მოვიტანე, – მიუგო აიშამ და მორცხვად დახარა თვალები.
წყვილი იახტის მდიდრულად მორთულ სასტუმრო ოთახში შევიდა. სავარძლებში მოკალათდნენ და საუბარი უნდა დაეწყოთ, რომ მაგიდაზე დადებულმა ტელეფონმა დარეკა და ალ-მანსურმა ქალს ანიშნა, – უპასუხეო. აიშამ მობილურის ღილაკს თითი დააჭირა და უპასუხა:
– გისმენთ.
– აიშა, უსმან ალ-მანსურს გადაეცი ტელეფონი, – მოესმა ქალს მამაკაცის ხმა და აიშამ მობილური ინსტინქტურად მიაწოდა ალ-მანსურს.
ტერორისტმა ყურზე მიიდო ტელეფონი.
– უსმან ალ-მანსურ, ვიცი, რომ მისმენ და მინდა, იცოდე, რომ აიშამ „მულაჟი“ ჩამოგიტანა. ლამაზი ქალია შენი ხარჭა, მაგრამ ვწუხვარ, რომ მას დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია, ისევე, როგორც შენ, – უთხრა უცნობმა მამაკაცმა.
– შენი ვინაობა მითხარი, ძაღლიშვილო, რომ თავი მოგაჭრა, – კბილებში გამოსცრა ალ-მანსურმა და მოესმა:
– ძაღლივით ახლა შენ მოკვდები. იახტიდან ცაში აიხედე.
ალ-მანსურმა ხელი ჩაჰკიდა აიშას, ტელეფონი დააგდო და იახტიდან გემბანზე გავარდა. თუმცა უპილოტო თვითმფრინავმა მდიდრულ იახტას რაკეტა ესროლა, იქ მყოფები ნაკუწებად აქცია და წამში კი იქაურობა ცეცხლში გაეხვა. იახტაზე განხორციელებული მძლავრი აფეთქების ხმა ლეონელ კოსმას მობილურშიც გაისმა. მან ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე დადო, ხოლო იქვე მდგომ დაგლას მორენას კი უთხრა:
– ესეც ასე, დაგ. ოპერაცია, „საეჭვო კლიენტი“ წარმატებით დასრულდა.

დასასრული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი