რომანი და დეტექტივი

საბედისწერო ქალი

№29

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 30.07, 2021 წელი

საბედისწერო ქალი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #11-28(1072)

ნომერში რომ შევედით, ამ ქალმა ეგრევე კარი ჩაკეტა შიგნიდან და ღიმილით სასტუმრო ოთახში შემიპატიჟა, მაგრა თავაზიანად, მეც სულ ქათინაურებით და ღიმილ-ღიმილით შევყევი, პახოდუ იქაურობას ვათვალიერებდი. ვდრუგ, ბიჭო, უკნიდან ვიღაც როჟა დამადგა, გლუშიტელიანი დულა დამადო ტვინზე და მეუბნება, – ეგაც ინგლისურით, – სიტყვა არ დაძრა, თორემ ადგილზე გაგათავებო! შიშისაგან კინაღამ ჩავისვარე, ჩემი კაი. იარაღის კი არ შემეშინდა, ტო, მაგის მეტი რა გვინახია? ის ვიფიქრე, რა, თუ ყაჩაღები არიან, ჯანდაბას, წასაღებს წაიღებენ და მორჩა-მეთქი, მაგრამ ვიღაც იზვრაშენცები რო ყოფილიყვნენ, რა უნდა მექნა, რას მიხიმანდრებდნენ, კაცმა არ იცის, ეგეთები ხომ მაქეთ ბლომად არიან...

ნოდარს ქილიკურად ჩაეცინა, ამგვარადვე ჰკითხა:

– აგიჟიმჟიმდა ერთი ადგილი, ვაჟკაც, იფიქრე ქალიშვილობას ვკარგავო, არა?!

– ჰო, აბა, ბებიაშენისამ, შენ არ აგიჟიმჟიმდებოდა, სადმე ეგეთ პონტში რომ გაჩითულიყავი ვდრუგ! – ქილიკურადვე მიუგო ნუგზარმა. ენვერმა აიქნია ხელი, ორთავეს მიმართა:

– კაი, ახლა, გეყოფათ ბალამუტი! – შემდეგ, მოყევი, რა მოხდა მერე!

ნუგზარმა სიგარეტს მოუკიდა, გააბოლა და განაგრძო.

– იტოგში, ბევრი აღარ მაბაზრეს, სკამზე დამსვეს და ხელები შემიკრეს. მერე იმ ტიპმა ნოუთბუქი გახსნა და რაღაცას ჩალიჩობს. ვუყურებ, ბიჭო, ამ ტიპს, როჟაზე მაგრა მეცნობა. უცებ ტვინში დამარტყა, ვიცანი, ვინც იყო, ვეღარ მოვითმინე და ვეუბნები ქართულად:

– შენ, ბიჭო, დიმა ჩიქოვანი არ ხარ, ცაციასა და თავგასას ძმაკაცი-მეთქი.

ეს ტიპიც დამაკვირდა, ვხედავ, ვერ მცნობს:

– შენ თვითონ ვინა ხარო? – მკითხა მაგანაც ქართულად.

ვუთხარი, ვინც ვიყავი. გამიხსენა ეგრევე. მე მგონი, თავიდან მაგრა გაუტყდა კიდეც, მარა არ შეიმჩნია მასტმა. მოვიდა, გადამკოცნა, მითხრა:

– აუ, ბიჭო, რა მაგრა გამოცვლილხარ, რომ არ გეთქვა, ვინ იყავი, ვერც გიცნობდიო.

შემდეგ იმ ქალს მიუბრუნდა და ეუბნება:

– თამუნა, ხელები გაუხსენი ამას, ჩვენი ბავშვობის მეგობარი ლისი ნუგზარააო.

ჩემს ცხოვრებაში ისე არაფერი გამხარებია, როგორც მაშინ დიმკას ნახვა გამიხარდა, სული მოვითქვი, რა. დიმკამ კიდე ის ქალი გამაცნო, ჩემი ცოლიაო. მერე დააზვანოკა და რესტორნიდან მაგარი შარაფი ამოატანინა, კარგა ხოშიანად შევუბერეთ. უკვე კარგად ვიყავით, ვეკითხები:

– როგორა ხარ, რას შვები-მეთქი.

ჩაეცინა:

– როგორც მხედავ, ისე ვარ და რასაც ხედავ, იმას ვშვრებიო, – მითხრა და ატ ი დო მომიყვა თავისი და თამუნას ამბავი.

თავიდან, თურმე, მაგათ ჯერ კიდევ რუსეთში დაუწყიათ ეგეთი რაღაცების ჩალიჩი. ქირაობდნენ რომელიმე პრესტიჟულ სასტუმროში ნომერს, მერე თამუნა დაკერავდა ვინმე გოიმ მელეხს, აჰყავდა ხატაში, დაალევინებდა სონნიკს და გათიშულს ქურდავდნენ. თუ ეგ არ გამოუვიდოდათ და გოიმი გაახურებდა, მაქ უკვე დიმა იჩითებოდა დულით და პირდაპირ აყაჩაღებდნენ. ნახევარ წელიწადში მაგარი მაყუთი დავაგროვეთ და ეგრევე, ევროპაში დავაწექით. იქ მაგრა გავმარიაჟდით, უკვე ვიწვებოდითო.

ევროპაში კიდე სხვანაირი სიტუაცია დახვდათ. ხო აზრზე ხართ, იქაური ფაშისტები დიდი კუშით იშვიათად დადიან, ყველაფერი კარტოჩკებითაა. ამიტომ, იმენნა ეგეთ პონტს ვეღარ იჩალიჩებდნენ. ამათაც სხვა რამე მოიფიქრეს. ეგაც თამუნას მოუტვინია. ჩადიან რომელიმე დიდ ევროპულ ქალაქში, ერთი კვირით ქირაობენ აპარტამენტს რომელიმე შიკარნი ოტელში და წინასწარ შეაქვთ, რაც სჭირდებათ. მერე გაზეთებიდან არი თუ ტელევიზიიდან, იგებენ ვინმე მაყუთიანი მასტის ვინაობას – გინდა, ბიზნესმენი იყოს, გინდა ბანკის მუშაკი, გინდა პროსტო მაყუთიანი ქიმბარა და იწყებენ იმაზე ნადირობას. თავიდან ისევ თამუნა ჩალიჩობს, გამოიჭერს ვინმე ჩემნაირ ლოხს, ლაფში ნა უში და ნახევარ საათში უკვე თავისთან ჰყავს ნომერში. იქ კიდე დიმა ადგება იარაღით თავზე და მიდის გოიმის წეწვა. ათქმევინებენ თავისი ანგარიშის კოდს და მერე იმ ანგარიშიდან ნაწილი გადააქვთ თავიანთ ანგარიშზე, თან მცირე ნაწილი, მაგრამ ეს მცირე ნაწილი, ძმებო, ნი მენშე პოლ მილიონა დოლარი ან ევროა...

ნოდარმა გააწყვეტინა:

– მაიცა, მაიცა, ნუგო, ერთი ეს გამაგებინე, თუ ძმა ხარ, რატომ მცირე ნაწილი და არა მთლიანად, არ ურჩევნიათ, დიდი კუში მოხსნან ერთიანად და ეგ არი?

ნუგზარს ჩაეცინა

– მეც ზუსტად ეგ დამაინტერესდა, ბრატ, და რა მითხრეს, იცი... სწორედ მაგაშია მთავარი ინტრიგაო. ფული რომ ბოლომდე ავახიოთ, ან თუნდაც დიდი ნაწილი, გოიმს სხვა გზა აღარ დარჩება, სტაპრაცენტი შუმოკს ატეხავს და საქმე პოლიციამდე მივაო, მერე კიდევ უნდა გვეძებონო. ისე კიდე, ეს სლეხკა გაწეწილი მელეხი ფიქრობს, ოჯახი მყავს, პალაჟენია მაქვს საზოგადოებაში, მინდა, მე ახლა რაღაც ნახევარი მილიონი დოლარის თუ ევროს გამო იმის გაბაზრება, რომ ვიღაც ქალს სასტუმროს ნომერში ავყევი და იმან კიდე მაყუთი დამაწერაო? კანეშნა, არ უნდა და არ აწყობს, ამიტომაც ჩუმად არი და საქმეც არ მიდის პოლიციამდე, იმათაც არავინ არ ეძებს, აზრზე ხარ, სიმონ?

ენვერმა ვეღარ დაფარა აღფრთოვანება, აღტაცებით წარმოთქვა:

– საღოლ, ძმაო, ქალი ვარო მაგან უნდა თქვას. მაგარი ჭკვიანი ვინმე ჩანს ეგ თამუნა, ნაღდი პრისტუპნიცადაა დაბადებული, რა, აი, მაგასთან ღირს მუშაობა!

– მერე, მერე რაღას ჩალიჩობენ? – ვეღარ ითმენდა ნოდარი.

– მერე, უკეთებენ დასაძინებელს და თვითონ კიდე ითესებიან. გოიმი რომ იღვიძებს და აზრზე მოდის. იასნია, ეგრევე ხვდება, რაც მიირთვა და თვითონაც ითესება, რომ მაგისი ამბავი არ გახმაურდეს და ოჯახში ან სამსახურში არ დაერხას, გაიგე?! ტაკ შტო, პოლიციამ ეგ პონტი ფაიზაღი არ იცის და არც ეძებენ მაგათ. ეგენი კიდევ გააკეთებენ ერთ კრუპნიაკ საქმეს, მოხსნიან დიდ კუშს და მერე ერთი-ორი თვე დაყვინთავენ, არიან თავის კუნძულზე და გრიალებენ. მერე ისევ თავიდან ყველაფერი. აი, ეს არი მაგათი ისტორია, ბრატცი!

ერთხანს სამივენი მდუმარედ ისხდნენ, თითქოს აანალიზებენ მოყოლილ-მოსმენილსო. უცებ ნოდარმა ფეხზე ხელი დაიკრა, სხარტად წამოდგა და ბრაზზე დაყენებული ხმით წარმოთქვა:

– მართალია, რა, ნინელი დეიდა! იმ დღეს ვიყავი მაგასთან და დიმკაზე მითხრა – ვ ტიხამ ბალოტე ჩორტი ვოზიატსაო. ვინ იფიქრებდა, ტო, ეგ ბუნჩულა ბიჭი ეგეთ პონტში რო გაიჩითებოდა? თან ეგ ჩემისა სამი წელი არ გამოჩენილა, გამოჩნდა და ეგრევე კამპოტში ჩაგვიქაქა, მაგის მასკარადის საყურებლად რა ნაშები მივატოვეთ, ტო!

ენვერს გულიანად გაეცინა მის ნათქვამზე, შემდეგ ღიმილით დასძინა, თითქოსდა განგებისადმი ნიშნისმოგებით:

– ხომ ვამბობდი, თავის ჭკუაზე გადაიყვანს-მეთქი ეს მაცდური ქალი ამ წესიერ კაცს, აკი თავიდან გააპრისტუპნიკა კიდეც! არა, ძმაო, რაც ნაღდია ნაღდია, მამაკაცი მონაა ქალის სილამაზისა!

თბილისი

2005 წლის 11 მაისი

ეპილოგი ანუ ბოლოთქმა დასასრულისათვის

რამდენიმე წელში დიმა და თამუნა საქართველოში დაბრუნდნენ თავის ორ დაბოკვერებულ ვაჟთან ერთად. მათ პატარა დაიკოც მოჰყვათ თან, მომწვანო-მონაცრისფრო თვალებიანი ცქრიალა გოგონა. დიმამ და თამუნამ ჯვარი დაიწერეს სვეტიცხოვლის ტაძარში და მცხეთაშივე დასახლდნენ.

რამდენიმე კვირაში, მათი ინიციატივითა და უშუალო დაფინანსებით, უსახლკარო და მაწანწალა ბავშვთა დახმარების ფონდი დაარსდა საპატრიარქოში. მალევე, ჯერ თბილისში, შემდეგ კი, საქართველოს კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში თავშესაფრები ააგეს უპოვარი და უპატრონო მოზარდებისათვის. იქ მათი ყოველმხრივი უზრუნველყოფა იქნა გათვალისწინებული, როგორც მატერიალური, ისე აღმზრდელობითი.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი