რომანი და დეტექტივი

საბედისწერო ქალი

№28

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 23.07, 2021 წელი

საბედისწერო ქალი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #11-27(1072)

***

სამი გრძელი წელიწადი გასულიყო დიმასა და თამუნას უცაბედი გაუჩინარებიდან, ენვერი და ნოდარი თავის რამდენიმე „პადდელნიკთან“ ერთად მოსკოვში იყვნენ იმხანად გადასულები და იქ ეწეოდნენ თავიანთ „პროფესიონალურ“ საქმიანობას.

ერთ ჩვეულებრივ საღამოსაც რომელიღაც ბარში ისხდნენ ორნი – ორ მომხიბვლელ ტანაშოლტილ ქალთან ერთად, სასმელის წრუპვასა და არშიყობაში ჰკრავდნენ ზედმეტად გაწელილ სადაგ დროს.

შუა ღლაბუცში იყვნენ, როდესაც ენვერს მათმა ბავშვობის მეგობარმა ნუგზარ არაბულმა დაურეკა და სასწრაფოდ შეხვედრა სთხოვა თავისთან სასტუმროში. ენვერი დაეთანხმა, ტელეფონი გამორთო და ნოდარს მიუბრუნდა:

– უნდა გავიდეთ, ნოდარჩიკ, საქმეა!

ნოდარმა ნასვამი კაცის შესადარი უკმაყოფილოდ დაღრეჯილი იერი მიიღო, ისე ჰკითხა:

– ვინ არი, რა უნდა, ტო?!

– ნუგზარა იყო, ლისი. ბანკის საქმეზე ყოფილა და დღეს დილას ჩამოფრენილა მიუნხენიდან. თუ ნოდარა შენთან არი, ორივე ეგრევე ჩემთან დააწექით, სერიოზული ბაზარიაო.

ნოდარს კიდევ უფრო დაეღრიჯა იერი. ხელით ანიშნა ენვერს მის წინ მჯდომი ქალებისაკენ და რაც შეიძლებოდა, აგდებულად წარმოთქვა:

– ეს ფერიასავით ქალები მივატოვოთ და მაგ მათხოჯის სანახავად წავიდეთ, ტო?!

ენვერს გაცხარება დაეტყო, კატეგორიული ტონით მიუგო:

– ბიჭო, ხო იცი, ნუგზარა ტყუილუბრალოზე არ გაასერიოზულებს ბაზარს! რახან თქვა, თან თვითონაც ვერ გამოდის, ესე იგი, ნაღდად რაღაც ასობენი ხდება და მისასვლელია, გაიგე?! ამ ნაშების დედაც ვატირე, ხვალაც აქ არ იქნებიან, ადექი და წამოდი ახლა, ბევრს ნუ ახურებ! – ამ სიტყვებზე თავად წამოდგა.

ნოდარიც აჰყვა ბუზღუნით, ქურთუკი მხრებზე მოიგდო და გასასვლელისკენ დაიძრა გაბრაზებული. ენვერმა ორივეს მაგივრად მოუხადა ბოდიში შეცბუნებულ ქალებს და აჩქარებული ნაბიჯით მას მიჰყვა.

ნომრის კარი ღია დაუხვდათ, ნუგზარს დაეტოვებინა, თავად კი აბაზანაში შხაპს იღებდა. ამან სულ გააცოფა ისედაც აღრენილი ნოდარი, ლამის აბაზანის კარი შეუნგრია მას.

– ბიჭო, ჩვენ კაი პონტიდან წამოგვყარე და შენ აქ ვანაში ჭყუმპალაობ, ტო?! – შესძახა მან, გაბრაზებაზე მეტი იყო ეს. ნუგზარმა მშვიდად გამოსძახა:

– ჩაცმული ვარ, უკვე გამოვდივარ, ბიჭო, რა გჭირს, ბზიკმა ხომ არ გიკბინა?

ორიოდ წუთში მართლაც გამოვიდა ნუგზარი, სისველეშერჩენილ თმას ივარცხნიდა. ენვერმა კითხვა დაახვედრა ხუმრობით:

– რა არი, ნუგზარ, რა განახეს ნემცებმა მიუნხენში იმისთანა, ჩამოსული არ იყავი, ეგრევე რომ დაგვისხადნიაკე?!

– შენ ნაღდად თმების ამოსაყვან საშუალებას გაჩითავდი, შე ქოსა, და ახლა მაგაზე საბაზროდ დაგვაბარე, ალბათ! – გაუქილიკა ჯერ კიდევ ბრაზმორეულმა ნოდარმა.

ნუგზარი არ აყვა, სერიოზული კილოთი დაუბრუნა ორთავეს პასუხი:

– თქვენ კაიფობთ, ძმებო, და მე კი ნაღდად ისეთ რამეს გადავეყარე, რომ გაიგებთ, რქები ამოგივათ და ბღავილს დაიწყებთ! – ამ სიტყვებზე პიჯაკის გულის ჯიბიდან ვიდეოკასეტა ამოიღო, მათ დაანახვა და თქვა:

– ისეთი ამბავია, დაჟე შეიძლებოდა არც კი დაგეჯერებინათ, ჰო და, ნა ვსიაკი პაჟარნი, ჩავიწერე.

– შენ რა, მაგის დედა ვატირე, ბანკირობა აღარ გყოფნის, ოპერატორობა დაიწყე ახლა?! – ხმაში ეტყობოდა ნოდარს, სიბრაზეს ცნობისმოყვარეობა უცხრობდა ნელ-ნელა.

– ჰა და, რა არი მაგისთანა, გადასაღებად რო ღირდა? – შეაგულიანა ენვერმაც.

– დაჯექით და თქვენი მარგალკებით ნახავთ, რაც არი! – ჩაცინებით მიუგო ნუგზარმა და კასეტა ჩაუშვა ვიდეომაგნიტოფონში. ენვერმა და ნოდარმა ერთმანეთს შეხედეს და შეთანხმებულივით ერთად დასხდნენ ტელევიზორის წინ.

მალე მოშიშინე ეკრანზე ნაცრისფრად მოელვარე მირაჟი – ტროპიკული ჰავის პლაჟის ზღაპრისეულად აჭრელებულმა ფერებმა შეცვალეს. ბივრილისფრად აელვებული ზღვა ნაზად ელამუნებოდა პალმებით აზურმუხტებულ უდაბნოსფერ ნაპირს, ჩიტთა მომაჯადოებელი გალობა გაისმოდა ირგვლივ...

ნოდარს, როგორც ყოველთვის, მოთმინებამ უმტყუნა, გაღიზიანებით მიმართა ნუგზარს:

– რა არი, შე ბასმაჩო, პლაჟის პონტს გვახარბებ თუ გეოგრაფიის კურსებს გვიტარებ, ვერ გავიგე, ტო!

მისი გაღიზიანება, ალბათ, ნუგზარსაც გადავდო, იქით შეუტია:

– ვა, მოიცა, რა, ბიჭო, შვიდთვიანი ხარ, შე ჩემისა.

ამ დროს კამერამ მკვეთრად მარცხნივ გადაიწია და ეკრანზე მათთვის მეტად ნაცნობი და მონატრებული სახენი აციმციმდნენ. ეს დიმა და თამუნა იყვნენ, ორივე გულიანად იცინოდა. დიმა შორტებში და გრილ საზაფხულო ხალათში იყო გამოწყობილი, თამუნას კი ყვავილებმოხატული სარაფანი ემოსა.

იმ მომენტში ენვერისა და ნოდარისათვის რომ შეგეხედათ, ორ პირღიად დარჩენილ ზრდადაუმთავრებელ ახალგაზრდას აღმოაჩენდით. ნუგზარმა სიცილი ვეღარ მოთოკა, გადაიხარხარა მათი შემხედვარე. იმ წამს დიმას ხმაც გაისმა, ხელს იქნევდა ეკრანიდან:

– ენვერ, გამარჯობა, ნოდარ, შე თავგასიებულო! როგორა ხართ, ძმებო? იასნია, ახლა ერთადა ხართ, ლისის დავაბარე, ორივე ერთად როცა იქნება, ეს კასეტა მაშინ ანახვე-მეთქი.

ამ სიტყვებზე თამუნასკენ მიტრიალდა, მხრებზე მოხვია ხელი, თავისკენ მიიზიდა, კამერისკენ მომართა მზერა კვლავ:

– თამუნა ხომ იცანით, ძმებო? ერთადა ვართ და მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით!

თამუნამ გადაიკისკისა და თავადაც გამოეხმაურა თავისი წკრიალა ხმით:

– გამარჯობა, ბიჭებო! რომ იცოდეთ, როგორ მოგვენატრა მანდაურობა. ჩვენი თბილისი, თქვენც ძალიან მოგვენატრეთ. ნეტავი, ყველანი ერთად ვიყოთ1

– მართლა მაგარი ქალია, სიმონ! – ჩაიდუდუნა თავისთვის ნოდარმა.

დიმამ ხელი მოავლო გარემოს, ღიმილით წარმოთქვა:

– ეს ჩვენი კუნძულია, ძმებო, მე და თამუნას კუნძული, დიმთა დავარქვით. მაინცდამაინც შიკარნი ნაზვანიე არ გამოვიდა, მარა ზატო სიმბოლურია.

ამ დროს კვლავ თამუნას ხმა მოისმა:

– ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და უზომოდ ბედნიერები ვართ!

დიმამ მხარზე ჩამოაყრდნო მას თავი, გრძნობანაჯერი ხმით წარმოთქვა:

– მართალი იყავი, ენვერ, ძმაო, თავისკენ გადამქაჩა ამ ალქაჯმა... თუმცა, მე რაღას გეუბნები, ლისი მოგიყვებათ ყველაფერს დეტალურად.

დიმამ თამუნას შეუმჩნევლად გამობერილ მუცელს მოავლო ხელი და გასაოცარი სინაზით წარმოთქვა:

– აქ ჩვენი პატარები ბუდობენ. ოთხი-ხუთი თვეც და დიმთას კუნძულს ორი პატარა პრინცი მოევლინება. ექოსკოპიაზე გვითხრეს, ტყუპი ბიჭიაო. ხო მაგარი ვარ? ისე, ტყუპის პონტში, მე მგონი, აქაც ციგანკურმა გადაქაჩა. ხო წარმოგიდგენიათ ორი ნახევრად ციგანი ჩიქოვანი? დედას უტირებენ აქაურობას!

ახლა თამუნას მხიარული ხმა მოისმა:

– მე და დიმამ გადავწყვიტეთ, ჩვენი პატარებისთვის ენვერი და ნოდარი დაგვერქმია, ხომ გაგიხარდათ, ბიჭებო!

დიმამ ხელი დაიქნია:

– არ გემშვიდობებით, ძმებო, სულ მალე ლეგალურ ბიზნესზე გადავალთ და ყველანი ერთად ვიქნებით. ან ჩვენ ჩამოვალთ მანდ, თუ ნორმალური სიტუაცია იქნება, თუ არა და თქვენ ჩამოხვალთ ჩვენთან. აბა, მაგრად, ძმებო, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!

თამუნამაც დაუქნია ხელი.

– კარგად!

ეკრანი კვლავ ვერცხლისფრად აიჭრა, უთქმელად აშიშინდა. გაოგნებული ენვერი და ნოდარი ხმას ვერ იღებდნენ ერთხანს, მათ ჰკითხა ღიმილით ნუგზარმა, ვიდეოს რთავდა თან, ისე:

– ჰა, როგორი იყო, ძმებო?

– დაა! – ჩაილაპარაკა ფიქრიანად ენვერმა და ხელის თითები მუხლებზე აითამაშა.

– ეს რა იყო, ტო?! – მას ჰკითხა ჯერ კიდევ გაოგნებიდან ვერგამობრუნებულმა ნოდარმა.

– რაც ნახე, ის იყო! – მოუჭრა ენვერმა. ამ პასუხმა ვერ დააკმაყოფილა ნოდარის გამძაფრებული ინტერესი, ნუგზარს მიუტრიალდა:

– ჰა და, გვითხარი, ბიჭო, რა ხდება ცვეტში, სადაა გაჩითული ეს ბალვანი?!

– ჰო, მოიცა, რა, პატარა შარაფს გავაწყობ და მოგიყვებით პა ხოდუ ყველაფერს. აბა, რას ვიზამ! – თქვა ნუგზარმა და მაგიდაზე ნაუცბათევი საჭმელ-სასმლის დალაგებას შეუდგა.

– ჯერ დაგვაინტრიგე, მაგის დედაც ვატირე და მერე გაგახსენდა სტუმარმასპინძლობის წესები! – უკმაყოფილოდ წარმოთქვა ნოდარმა და ჯიბიდან ამოღებული დანით ძეხვის დაჭრა დაიწყო სიფრიფანა ნაჭრებად, თვითონ რომ მოსწონდა, ისე.

ხუთიოდე წუთში თათარიახნი სუფრა უკვე გაწყობილი იყო. ნუგზარი სუფრას მიუჯდა თავადაც და არყით შევსებული ჭიქა ასწია.

– აბა, ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა, ძმებო! – ეს წარმოთქვა ნაჩქარევად და სულმოუთქმელად გადაჰკრა სმური, ბიჭებმაც მას მიჰბაძეს.

არყის შესმის შემდეგ ნუგზარი მადიანად შეექცა საჭმელს, ერთხანს მხოლოდ მისი „ლუკმაობის“ ხმა გაისმოდა. ნოდარმა ვეღარ გაუძლო ამ „ყბებხახუნა“ მდუმარებას, ენვერს მიუტრიალდა და ხელის აქნევით წარმოთქვა:

– ეს ჩემისა, გვეკაიფება, მე მგონი, ტო!

ნუგზარის შემხედვარე იყო ეს, თუ დიმას თავგადასავლისადმი ინტერესის გამო, ენვერსაც კი უმტყუნა მოთმინებამ, შეუტია ნუგზარს:

– ჰა და, თუ ჰყვები რამეს, მოჰყევი, კაცო, რაღას გვაწვალებ ამდენს, შე ოჯახქორო!

ნუგზარი მიხვდა, რომ ბიჭებს მოთმინების ძაფი უწყდებოდათ და უცებვე შეწყვიტა ჭამა-სმა. ხელსახოცით პირხელი შეიწმინდა, საბოლოოდ ჭიქაში ჩარჩენილი „პეპსი“ ჩაიცალა მუცელში და თხრობა დაიწყო:

– კაროჩე, ბრატცი, მიუნხენში რომ ჩავედი, ბანკის საქმეები რაც მქონდა, იმავე დღეს მოვაყომარე, მეორე დღისთვის კიდევ ერთი-ორი ქიმბარა მყავდა სანახავი და ვსო, რა. ჯერ ადრე იყო, დრო ბლომად მქონდა, ავდექი და მეც რომელიღაც ნაჩნოი ბარში გავიჩითე, დროსაც მოვკლავ და იქნება ვინმე ნემკა ნაშაც ვითრიო-მეთქი. იქ იასნია,პატარა ჩავუშიმხონე, პა ხოდუ ვიღაც ნაშასაც დავებაზრე, პაჩტი შებმულიც კი მყავდა უკვე. ვდრუგ, სიმონ, ჩერესჩურ მაგარი ქალი გაიჩითა, შხვართი იყო, ყმუილს დაგაწყებინებდა, რა, ფეხები გლანდებიდან ეწყებოდა, თან სახეზეც იმენნა მაგარი ლამაზი იყო. კაროჩე, რო შეხედავდი, სუფთა ესპანკა იყო რა, შემოვიდა ეს ქალი, ბარმენს ჯინ სტონიკამ შეუკვეთა და ჩემგან ორი სკამის მოშორებით არ დაჯდა.

შუბლზე ძარღვი გავიწყვიტე, ტო, ამ ნაშას, ვისაც ვებაზრებოდი, ბოდიშიც კი არ მითქვია, ისე გავანებე თავი და ეგრევე მაგასთან გადავჯექი. ახლოდან კიდევ უფრო მაგარი იყო, სიმონ, თვალები დამიელამდა, ჩემი, კინაღამ დავეცი. თან, კარგად იყო დაზმანული, ელეგანტურად ეცვა, პა ხოდუ სუფთა ინგლისურს ბაზრობდა. მეც ენა გავილესე, სიმონ, რა აღარ ველაპარაკე ამ ქალს, ხან სერიოზული ბაზარი შევუშვი, ხანაც ანეკდოტები მოვუყევი, ზოგი ინგლისური, ზოგიც გერმანული, მაგრამ ნივკაკოი, ერთი-ორჯერ ზრდილობიანად გამეპასუხა, მერე ბარმენს ფული გადაუგდო, ხურდა არ მინდაო, და უცებ არ წამოდგა და მიდის, ტო?! სანამ აზრზე მოვედი, უკვე გარეთ იყო და კიბეებზე ჩადიოდა. მეც გარეთ გავვარდი და დავუძაზე. რომ შემოტრიალდა, უცებ კიბეებზე ფეხი აუცდა და კინაღამ წაიქცა. ეგრევე მივვარდი, ვხედავ, ტუფლზე ქუსლი აქვს მოტეხილი და ფეხსაც მაგრა იტკიებს. ბოდიში მოვუხადე და ვეუბნები, სახლამდე მე მიგიყვანთ, მანქანით ვარ-მეთქი, – პრაკატით მყავდა, რა, მანქანა გამოყვანილი, იქაურ საქმეებზე სასირბილოდ. ამ ქალმა მაგარ ზრდილობიან ფორმაში მითხრა უარი, თქვენ როგორ შეგაწუხოთ, არა უშავს, აქვე ტაქსის გავაჩერებ და გავალო. მე აქეთ გავიგიჟე თავი, გოიმმა, რას ბრძანებთ, ჩემი ბრალია, ფეხსაცმელზე ქუსლი რომ აგძვრათ და ფეხი იტკინეთ, მე დაგაზარალეთ და მოვალე ვარ, მე მიგიყვანოთ სახლამდე-მეთქი. კარგი, რახან არ იშლი, ეგრე იყოსო, მითხრა და, რა სახლი, რის სახლი, სიმონ, მიუნხენში ყველაზე მაგარ სასტუმროზე მეუბნება, იქა ვარ გაჩერებული და იქ გამიყვანეო. იტოგში, ჩავისვი ეს ქალი და დავაწექი. იმ სასტუმროში. გზაში იასნია, გამოველაპარაკე. მითხრა, ესპანელი ვარო, ინგლისელ ბიზნესმენზე ვარ გათხოვილი. ჩემს ქმარს გერმანიაში საქმე აქვს, თვითონ ავად იყო და ვერ წამოვიდა, მე მომიწია გამომგზავრებაო. დაჟე ის მითხრა, მაგ ბარში შემთხვევით მოვხვდიო. დღეს რაღაც საქმეზე სანერვიულო შემხვდა, იქიდან რომ მოვდიოდი, ეს ბარი დავინახე და ვიფიქრე, ერთ-ორ ჭიქას დავლევ, ცოტა განვიტვირთები, თორემ საერთოდ, ეგეთ ზავედენიებში არ დავდივარო, – ჩამინამიოკა, რა, რომ ვიში ობშესტვიდანა ვარო. ოტელთან რომ მივიყვანე, უამრავი მადლობა გადამიხადა და მეუბნება, ჩემთან ნომერში ამობრძანდით, ყავა მიირთვითო. მაგას რომ არ ეთქვა ეგა, იასნია, მე თვითონ შევთავაზებდი, აბა, მაგაზე უარს როგორ ვეტყოდი. ფერიასავით ქალი მელაპარაკებოდა, თან რა უნდა მეფიქრა, ტო? ქალს ერთ-ერთ საუკეთესო ოტელში აპარტამენტები ჰქონდა ნაქირავები და სუფთა სვეტსკი ინგლისურს ბაზრობდა, იმას კი არა, ქუჩაში რომ არახუნებენ. იტოგში, ძმებო, ბედის საჩუქრად ჩავთვალე ეს ყველაფერი და სულ კუნტრუშ-კუნტრუშით ავყევი ნომერში, მე გოიმი, თან გულს ვიფხანდი, ერთი ამ ესპანურ სისხლსაც გავსინჯავ, როგორია-მეთქი.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი