რომანი და დეტექტივი

საბედისწერო ქალი

№27

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 16.07, 2021 წელი

საბედისწერო ქალი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #11-26(1070)

დიმა აღაშფოთა მისმა მხიარულებამ, გაკვირვებული გაბრაზებით ჰკითხა:

– კი, მაგრამ, რა გიხარია, თამუნა?

თავის მხრივ, თამუნამაც გაიკვირვა შეკითხული, შეცბუნდა კიდეც:

– როგორ თუ რა მიხარია, დიმკა, მდიდრები ვართ, ნუთუ არ გესმის? ამდენი მაყუთით და ცაცკებით სადაც გინდა, იქ წავალთ და ვიცხოვრებთ, როგორც გაგვისწორდება, ისე ვიგრიალებთ...

დიმამ გაცხარებით შეაწყვეტინა:

– მაგას კი არ გეუბნები, გოგო, მე იმას ვამბობ, რომ შენ ჯერ კაცი მოკალი და მერე გაქურდე, ახლა კი აქ ზიხარ და გახარებული მიყვები ამ ამბავს!

თამუნა მოიღუშა, თავადაც გაღიზიანებით მიუგო:

– აბა, რა მექნა, გაუპატიურება დამიპირა იმ ნაბიჭვარმა და თავი არ დამეცვა?! კი არ მოვკალი, თავი შემომაკლა!

– რატომღა გაქურდე? – არ დაცხრა დიმა.

თამუნას ირონიულად ჩაეცინა, ისე მიუგო:

– მკვდარს ფული რაღად უნდოდა, არ გადამრიო ახლა, დიმკა! აბა, ძაღლებისათვის დამეტოვებინა ამხელა მაყუთი და ძვირფასეულობა?!

დიმამ პასუხი არ მისცა, თავი ხელებში ჩარგო და თითქოს თავის თავს ჰკითხა:

– რა უნდა ვქნათ ახლა?

თამუნამ თავი ჩაღუნა, ყრუდ ჩაიდუდუნა, თითქოს თქმა უძნელდებაო:

– რა უნდა ვქნათ და სადმე უნდა გავიქცეთ. თუ მართლა გიყვარვარ, თუ ჩემთან ერთად ყოფნა გინდა, ერთად წავიდეთ, თუ არა და, რას ვიზამ, მარტო ავითესები.

უცებ დიმამ, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გაახსენდაო, ორივე ხელი ჩაავლო მხრებში, თავისკენ მიაბრუნა თამუნა, თვალებში ჩახედა და მომთხოვნი ხმით ჰკითხა:

– რატომ დაბრუნდი, თამუნა? ამდენი ფული და ძვირფასეულობა ჩაიგდე ხელში, სადაც გინდოდა, წახვიდოდი, მაინცდამაინც ჩემთან მობრუნება რატომ გადაწყვიტე?

თამუნამ თვალები აარიდა, ისე უპასუხა ჩუმი ხმით:

– არ ვიცი, დიმკა, არ ვიცი.

უცებ უცნაურად აციმციმებული თვალები გაუპირდაპირა მას, ხმაათრთოლებულმა მიუგო:

– თუმცა ვიცი! ძალიან მომენატრე, დიმკა, უშენობა ძალიან გამიძნელდა. შენ თავს ვფიცავ! – ეს თქვა და წამოხტა, თითქოს შერცხვაო თავისი გრძნობის აშკარად გამოხატვის. სისხლიანი სამოსის გაძრობას შეუდგა, თან მას ღიმილით თვალმიდევნებულ დიმას მიმართა:

– ახლა მაგის გარკვევის დრო არ არის, დიმკა, ჯობია დროზე ავიბარგოთ! – ამ სიტყვებზე გახდილი სამოსი აგიზგიზებულ ბუხარში შეყარა.

თამუნას თქმულმა ხომ საოცარი სითბო ჩაუღვარა დიმას გულში, მაგრამ ამ დროს კომოდის უჯრაში საგულდაგულოდ შენახული კასეტა გაახსენდა და თითქოს ცივი წყალი გადაავლესო, ღიმილი გაეყინა სახეზე. სხარტად წამოდგა, კასეტა გამოიღო კომოდიდან და მაგნიტოფონში ჩაუშვა.

ფაქტების მოსპობით გართულ თამუნას საკუთარი ხმა რომ მოესმა, გაკვირვებულმა გამოიხედა, ხოლო რომ შეიცნო საუბრის თემა, იერი შეეცვალა, შეცბუნებულმა მაინც ჰკითხა:

– ეგ რა არის, დიმკა?

– რა, ვერ იცანი საკუთარი ხმა, თამუნა? ეს შენი და შენი დაქალის, სუსანას საუბრის ჩანაწერია, სახლიდან წასვლამდე ერთი-ორი დღით ადრე რომ ელაპარაკე! – დაძაბულად, ირონიული ხმით უპასუხა დიმამ. თამუნას მისთვის უჩვეული სირცხვილის გრძნობა დაეუფლა.

– შენ საიდან გაქვს ეგ? – ჰკითხა დიმას.

გამკაცრებული ხმით მიუგო დიმამ:

– ეგ არ არის საინტერესო, თამუნა! შენ ის მითხარი, თუ წეღან მართალი თქვი, მომენატრე და უშენობა გამიძნელდაო, ეს რაღას ნიშნავს?

გრილმა ოფლმა დაუცვარა სახე თამუნას, დანანებული ხმით წარმოთქვა:

– ეგ ყველაფერი სისულელეა, დიმკა, ძალიან გთხოვ, დამიჯერე, რა! სუსანას სხვანაირად ვერ დაველაპარაკებოდი, სასაცილოდ ამიგდებდა. ჩემი მეტიჩრობაა ეგ ყველაფერი და მეტი არაფერი! – ამ სიტყვებზე მაგნიტოფონიდან ამოიღო კასეტა და ისიც აგიზგიზებულ ღუმელში შეუძახა გაცხარებულმა.

დიმამ ორივე ხელი შემოაჭდო თამუნას წელზე, მკერდზე აიკრა, მათი ქუჩები თითქოსდა სამარადჟამოდ შეერწყნენო ერთურთს. გრძნობისმიერი თავდაკარგვიდან პირველი თამუნა გამოერკვა, ფრთხილად უბიძგა დიმას, თითქოს აფხიზლებსო მასაც, გულისხმით სთხოვა:

– დიმკა, დროზე წავიდეთ აქედან. მე წყალს გადავივლებ, ამ სისხლს მოვიცილებ ბოლომდე, შენ კი მანამდე მოემზადე, ჩაიცვი.

სანამ თამუნა აბაზანაში იყო, დიმამ ენვერს გადაურეკა, სთხოვა, სასწრაფოდ გამოდი, მეტად სერიოზული საქმე მაქვსო. შემდეგ წვერი გაიპარსა, თავი მოიწესრიგა, უწინდელ დიმას დაემსგავსა. ამ დროს თამუნაც გამოვიდა და დიმას ჰკითხა:

– რა ქენი, დიმკა, მოემზადე?

– კი, თამუნა, მოვემზადე, მარა ენვერს უნდა დაველოდოთ, მაგ დაგვეხმარება ყველაფერში, – მიუგო დიმამ.

თამუნამ ჩაფიქრებით მიუგო:

– მაგარი კაცია ეგ ენვერი, სუფთა ადამიანი. შენ ძალიან უყვარხარ, მაგას უნდა ვუმადლოდეთ, მე და შენ ერთად რომ ვართ.

– ვიცი! – მიუგო დიმამ.

თამუნას სიტყვებმა ის საბედისწერო სიზმარი გაახსენა, სპეტაკ სამოსში გამოწყობილი ენვერი რომ შველოდა მათ ორთავეს. სიზმარმა კი ბათუმელი მანდილოსნის, ქალბატონი კლარას ქარაგმული ნაგრძნეულები აულანდა თვალწინ. თამუნას შეუტრიალდა და იდუმალი ხმით უთხრა:

– იცი, თამუნა, ერთი ბათუმელი ქალი მკურნალობდა ჩემს კლინიკაში, ძალიან ძლიერი ქირომანტი იყო. ჩვენი გაცნობის დღეს, სანამ შენ შეგხვდებოდი, დაახლოებით ერთი საათით ადრე, მაგ ქალმა მიმკითხავა ყავაზე. მაგრამ სულ რაღაც ქარაგმებით და სიმბოლოებით მელაპარაკა. მაშინ ვერაფერი გავიგე და ვუთხარი კიდეც, ამიხსენი ეს ყველაფერი რას ნიშნავს-მეთქი. იმან კიდე მიპასუხა, დრო მოვა და ყველაფერს შენით მიხვდებიო. და მართლაც, მე მგონი, უკვე ვხვდები, რაშიც არის საქმე.

– რაო, რა გიმკითხავა? – დაინტერესდა თამუნა.

– რაო და, ორი მახვილი აღიმართება შენს წინააღმდეგო, ერთი ყორნის ფრთის მსგავსად შავი, მეორე კი შედედებული სისხლივით წითელი, მაგრამ ორივე ერთი ტარიდან ამოზრდილიო. მათი მრუმე აჩრდილი შენს გულში გაივლის და კალოსავით გალეწავს, მაგრამ ვერ განგგმირავსო, რადგან თოვლივით სპეტაკი ჯვარ-აჩრდილიანი ფარი აღიმართება მათ წინ და დაგიცავს დაღუპვისგანო.

თამუნას ჩაეცინა და მიუგო:

– მერე რა გინდა, ყველაფერი ზუსტად აგიხდა და ეგ არი! ორი ბოროოტება აპირებდა შენს განადგურებას, ცალკე – კაგებე, ცალკე კიდევ – შავი სამყარო. ორივე ერთი და იგივე ნაგავია, – შენი მეგობარი ენვერი კი, მიუხედავად იმისა, რომ ქურდია, შინაგანად სუფთა კაცია, – ეგ აგეფარა ჯვრიანი ფარივით წინ და მართლაც გადაგვარჩინა შენც და მეც.

დიმას ჩაეღიმა, თავის ქნევით მიუგო:

– მართალი ხარ, თამუნა, მართალი, ჭკვიანი ქალი ხარ, სწორად გაშიფრე ყველაფერი.

ამ დროს ჭიშკარზე დაბრახუნების ხმა მოისმა, ენვერი მოსულიყო. შინ შემოსულმა თამუნა რომ დაინახა, ცალყბად ჩაეღიმა, ხუმრობის კილოთი მიმართა:

– ვა, ტურისტკა, დაბრუნდი პუტიშესტვიიდან? – შემდეგ ორივე გადაკოცნა, სავარძელში ჩაჯდა და იკითხა:

– ჰა, რა არის, კიდევ რა უბედურებაა ჩვენს თავს?

დიმამ ყოველივე დაწვრილებით მოუთხრო. ენვერი ერთგვარად გაკვირვებული უცქერდა თხრობის დროს თამუნას. ბოლოს თავი ვერ შეიკავა, შფოთნარევი ხმით წარმოთქვა:

– ვა, ეს ვინ არი, ჩემი კაი, ტო?!

ის ერთხანს ჩუმად იჯდა, შუბლს ისრესდა, გამალებით ფიქრობდა. ბოლოს თავი წამოსწია და იკითხა:

– მაყუთი როგორ არიო, რა თქვით?

– ოციათასი დოლარია, ხუთი ათასი ლარი და 80 ათასი ევრო, – უპასუხა დიმამ.

– ხო და ეგ ხუთი ათასი ლარიც ევროში გადაიყვანეთ და ეგრევე რუსეთში დააწექით, ყველაფერს ეგა ჯობია!

– რუსეთში რატომ? – დაინტერესდა დიმა.

– იმიტომ, ბრატ, რომ ყველაფერ მაგას რუსეთში უფრო ადვილად გადაიტანთ. თან, იქ, მოსკოვში მაგარი ძმები მყავს, იმათ მისამართებსაც მოგცემთ, ყველაფერში დაგეხმარებიან. პა ხოდუ, ჩემი ახლობელი მუშაობს რუსეთის ავტობუსზე, სვოი ბიჭია, იმას ჩავაბარებ თქვენს თავს, – მიუგო ენვერმა.

დიმამ გაიკვირვა:

– შენ რა, არ წამოხვალ ჩვენთან ერთად, მაინც ხომ აპირებდი რუსეთში გადასვლას?

ენვერმა თავი გაიქნია, ისე მიუგო:

– ვერა, დიმკა, ეხლა ნაღდად ვერ წამოვალ. მე და ნოდარას აქ რაღაც სერიოზული საქმე გვაქვს მოსაგვარებელი და სანამ მაგას არ მივხედავ, ვერსად წავალ!

– დაგელოდებით, კაცო, დავყვინთავთ სადმე და რომ მოაყომარებ შენს საქმეს, მერე ერთად დავგაზოთ, ფულიც გვაქვს და ყველაფერიც. არ გაგვიჭირდება, – არ მოეშვა დიმკა. ენვერმა მტკიცე ხმით მიუგო:

– არა, დიმკა, გეუბნები, არ გამოვა-მეთქი. მაგ საქმეს მე როდის მოვაყომარებ, კაცმა არ იცის. შეიძლება, დროში გაიწელოს. რაც შეიძლება, მალე უნდა გახვიდეთ ქალაქიდან და ვაფშე საქართველოდან.

დიმას გაახსენდა ენვერის პრინციპულობის ამბავი და ამაო კამათი აღარ გააგრძელა.

***

ენვერი იმ ღამეს დიმასთან დარჩა. შუაღამემდე სვეს სამივემ, ბავშვობის ამბებს იგონებდნენ. ალკოჰოლის მაგიური ძალით მხიარულობდნენ უდარდელად. მეორე დილას კი საჭირო ბარგი წამოკრიფეს და სადგურზე გავიდნენ.

ავტობუსის გასვლას ცოტაღა დრო უკლდა, დიმა საგზლის საყიდლად გაემართა. ენვერმა დრო იხელთა და თამუნას ჰკითხა:

– ერთი რამე მინდა, გკითხო, თამუნა და ყველაფერ იმას გაფიცებ, რაც გიყვარს ამ ცხოვრებაში, მითხარი.

– მკითხე, აბა, – ცოტა არ იყოს გაკვირვებულმა მიუგო თამუნამ.

– აი, მაშინ, პირველად ოტელთან რომ გნახეთ, დიმას მანქანაში რომ ჩაჯექი და დაქოქე, რატომ არ მოიხიე, შენ ხელში არ იყო მანქანაც და გასაღებიც.

თამუნამ ჩაიღიმა და ჩააფიქრა ამ კითხვამ. ბოლოს მხრები აიწურა და უპასუხა ისე, რომ ღიმილი არ მოსცილებია სახეზე:

მართალი გითხრა, მე თვითონ არ ვიცი, რატომ. მანქანაში რომ შევვარდი და გასაღები დავწვი, პირველი ნაღდად ეგ ვიფიქრე, ახლა ამ მანქანას მოვხევ-მეთქი, მაგრამ რომ დავქოქე, თითქოს ხელები რაღაც ძალამ შემიკრაო, აღარ დავძარი ადგილიდან. ახლაც არ ვიცი, რა ძალა იყო ეს.

ენვერს ჩაეცინა, თავის დაქნევით მიუგო:

– მე კიდევ ვიცი! ბედისწერის ძალა იყო ეგ, თამუნა. შენ რომ მაშინ იმ მანქანით დათესილიყავი, დიმას ალბათ, ვერც ვერასოდეს შეხვდებოდი და მის ცხოვრებაში ყველაფერი ისევ ისე იქნებოდა, როგორც ადრე.

თამუნამ თვალები გაუსწორა, იდუმალმოცული ხმით ჰკითხა:

– მერე კარგი იქნებოდა ეგ თუ ცუდი?

ენვერი შეაცბუნა და შეაფიქრა ამ კითხვამ. შემდეგ საზრიანი სიდინჯით წარმოთქვა, თითქოს ყოვლისგამგესადმი ღრმა მოწიწებას გამოხატავსო:

– ეგ კი ნაღდად არ ვიცი, ეგ უკვე უფლის ასაწონ-დასაწონია.

***

ამ ამბიდან სამი თვის განმავლობაში არავის არაფერი სმენოდა დიმას და თამუნას შესახებ. ნინელი პოლიციაშიც კი აპირებდა განცხადების შეტანას, მაგრამ ენვერმა გადაარწმუნა, პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ მიახვედრა, რომ ეს ამბავი შეიძლებოდა, თვით დიმასთვის შეტრიალებულიყო ავად.

სამი თვის თავზე ნინელიმ ფულადი გზავნილი მიიღო, ექვსი ათასი ევრო, ვინმე დევიდ გოფმანის სახელით. რა თქმა უნდა, იგი მაშინვე მიხვდა, რომ აქ დიმას ხელი ერია, რაც იმავ საღამოს ტელეფონის ზარმაც დაუდასტურა. ნინელი ცრემლებად იღვრებოდა, ემუდარებოდა დიმას თბილისში დაბრუნებულიყო, თუნდ „იმ ქალთან“ ერთადაც კი. დიმამ აუხსნა, რომ მისი საქართველოში დაბრუნება ჯერ ვერ მოხერხდებოდა, ამავე დროს სთხოვა, მისგან მიღებული თანხის ნახევარი ენვერისა და ნოდარისთვის გადაეცა.

იმავე საღამოს იგი ენვერსა და ნოდარსაც დაუკავშირდა. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. რაკი გავიგე, ცოცხალი ხარ და კარგად გრძნობ თავს, შენს მზეთუნახავთან ერთად, აწი რა მიჭირსო – უთხრა ენვერმა, თან მაშინვე გააფრთხილა, თავისი ადგილსამყოფელი ტელეფონითაც კი არ დაესახელებინა.

ამის შემდეგ დიმა ყოველთვიურად უგზავნიდა ნინელის გარკვეულ მსხვილ თანხას, თანაც ეკონომიურად ეხმარებოდა ხელმოკლე ნათესავებსა და მეგობრებს. თუმცა, უწინდებურად მისი ადგილსამყოფელი და ავანჩავანი არავინ უწყოდა. ენვერის გარდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი