რომანი და დეტექტივი

საბედისწერო ქალი

№26

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 09.07, 2021 წელი

საბედისწერო ქალი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #11-25(1069)

ხუმრობა სცადა ნოდარმა:

– მერე ქურდულია, ძმაკუშ, ჩანაწერის გაკეთება?

– მიდი, რა, გასრიალდი აქედან! – მიუგო ენვერმა და დიმას მიუტრიალდა, კვლავ ირონიით ჰკითხა:

– ჰა, არ გაინტერესებს, მწუხარე სახის რაინდო, რას ფიქრობს შენი ძვირფასი თანამეცხედრე შენზე?!

– ჩართე, აბა! – უპასუხა დიმამ ჩაწყვეტილი ხმით, შუბლიდან ცივად ჩამომავალი ოფლი შეიწმინდა ხელსახოცით.

გული გაუწურა დიმას ფირის უქმი ტრიალის შიშინმა, ცუდი წინათგრძნობა იპყრობდა ნელ-ნელა. როგორც იქნა, საუბარიც დაიწყო.

– როგორ ხარ, თამუნია, რატომ მოგვანატრე თავი, შე საზიზღარო?

– ვა, სუსანაჩკა, შენა ხარ, როგორა ხარ, რას შვები, გოგო?

– როგორ ვიქნები, მე ძველებურად ვარ, შენზე კი გავიგე, გათხოვდაო, ვიღაც მაყუთიან ექიმს გაჰყვა ცოლადო. მართალია?

– გავთხოვდი არა, უბრალოდ, მაგასთან ვცხოვრობ დროებით, რა!

– გიყვარს?

თამუნამ ჩაიცინა:

– მიყვარს არა! მეკაიფები, გოგოშკა, მე და სიყვარული გაგიგია?

– აბა, რა გინდა, მაგასთან რომ ხარ ამდენი ხანი?

– რატომაც არ მინდა, კაის ვსვამ და კაის ვჭამ, ჩასაცმელი არ მაკლია და დასახური, ხელის გულზე მატარებს. მეჟდუ პროჩემ, კარგი კუროც არი, მეტი რაღა მინდა?

– მართალი ხარ, მეტი რა უნდა უნდოდეს ჩვენნაირ ქალს, მაგრამ როდემდე აპირებ მაგრე ყოფნას, მე მგონი, მოსაწყენია.

თამუნამ ამოიოხრა:

– ხო იცი, მართლაც მომწყინდა უკვე, ყოველდღე ერთი და იგივე, ყელში ამომივიდა, თან, ამ ბოლო დროს მაყუთიც შემოაკლდა და ვეღარსად გავდივართ, მთელი დღეები სახლში ვზივარ და ტელევიზორს ვუყურებ, დამასედკად ვიქეცი. წარმოგიდგენია? ხანდახან საჭმლის კეთებაც კი სახლში მიწევს, მინდა, მე ეხლა კუხარკობა!

– მერე რაღა ძალა გადგია, საყვარელო, ჯვარი ხომ არა გაქვს დაწერილი, ადექი და წამოდი შენაც.

თამუნა ერთხანს შეყოვნდა, თითქოს ყოყმანობს, უჭირს სათქმელიო, შემდეგ მისი გაბზარული ხმა გაისმა:

– ალბათ, მაგრეც ვიზამ, ადრეც წამოვიდოდი, მაგრამ რაღაც მიტყდება. იმხელა ფული გადაიხადა ამ სულელმა ჩემში და მეცოდება, ასე უცებ რომ დავეთესო, რამე პრიჩინა ხომ უნდა მოძებნო.

– ხო, მეც გავიგე და ძალიან გამიკვირდა, მთელი თავისი ქონება, თურმე, შენში მიუცია.

– მართალია, ამისთანა სტრანნი კაცი მეორე არ მინახავს ცხოვრებაში.

– ალბათ, ძალიან უყვარხარ.

– ალბათ, მაგრამ მაინც ვერ გავჩერდები ამასთან, ძალიან მოსაწყენი გახდა, ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს. ასე დიდხანს ნაღდად ვერ გავძლებ.

– შენც ადექი და დაბრუნდი ჩვენთან. თამუნია, დღითი დღე სულ უფრო კარგად მიგვდის საქმე, მაგრად ვერთობით, ბევრ ბაბკებსაც ვშოულობთ.

– შეიძლება, ეგრეც ვქნა, სუსანაჩკა, ამ დამახაზაიკობას ისევ თქვენთან ყოფნა მირჩევნია...“

დიმამ მეტი ვეღარ მოითმინა, მუშტი დაჰკრა მაგნიტოფონს მთელი ძალით, ნამსხვრევებად აქცია. თვალები შეშლილივით აუელდა, ფეხზე წამოიჭრა და დაიღრიალა:

– არ მჯერა! ეს ვიღაც სხვისი ჩანაწერია, ხმაც კი არ უგავდა?

ენვერი და ნოდარი ერთხანს გაოგნებული უცქერდნენ მას, იმას ფიქრობდნენ, ჭკუიდან ხომ არ გადაცდაო მართლაც ეს კაცი. პირველად ნოდარმა დაძრა ხმა:

– ბიჭო, ბოლომდე ხომ არ დაქლიავდი შენ, რეებს ბაზრობ?

ენვერიც წამოდგა ფეხზე, აშკარად ნაწყენი ხმით უთხრა:

– ეგ როგორ მაკადრე, დიმკა, არა გრცხვენია, ტო?

დიმა თითქოს გონს მოეგოო, დივანზე მიეგდო მოწყვეტით, უსუსური ბავშვივით აქვითინდა:

– ვერ ვიჯერებ! ნუთუ არაფერი წმინდა არ არსებობს ამ ქალისთვის?! – ლუღლუღებდა იგი.

ენვერი გვერდით მიუჯდა, მხარზე გადახვია ხელი, თავადაც ხმანაბზარმა მაინც დაყვავებით მიუგო:

– დიმკა, ბრატუშ, დაწყნარდი. რას იზამ, ეს რეალობაა, ასეთია ეს ცხოვრება. ადამიანები ასე ფიქრობენ და იქცევიან ამ ცოდვილ პლანეტაზე, შენ და მე ამას ვერ შევცვლით.

უცებ დიმამ ქვითინი შეწყვიტა, ცრემლები შეიწმინდა, ენვერს უყურა ერთხანს ისე, თითქოს პირველად ხედავსო, შემდეგ ზე წამოიჭრა და დამსხვრეული მაგნიტოფონიდან კასეტა ამოიღო.

– მოვკლავ, მოვკლავ, მართლა მაგ ნაბოზვარს! – იღრიალა და გასასვლელისაკენ გავარდა.

– მოიცა, ბიჭო, ვის მოკლავ, ვის გულიზა იღუპავ თავს! – უყვირა ნოდარმა და გამოეკიდა. ენვერიც მას მოჰყვა ძახილით:

– დიმკა, გაჩერდი, აზრზე მოდი რას აკეთებ!

დიმას უკვე მოესწრო თავის მანქანაში ჩაჯდომა. ბიჭების გამოსვლისთანავე იარაღი გადმოყო ფანჯრიდან, ნოდარის მანქანას ესროლა წინა ბორბლებში.

– მე მაგას ჩემს აბუჩად აგდებას არ ვაპატიებ, დედას ვუტირებ, დღესვე კუკიაზე გავამგზავრებ! – იყვირა აჭრილი ხმით და მანქანა მკვეთრად მოწყვიტა, ენვერის და ნოდარის გამწარებული ძახილი ჰაერს შეერია.

ნოდარმა თავზე იტაცა ხელები:

– აუ, ჩემი, ეს მართლა დაბრიდავს, იმ სუჩარას და დაიღუპავს თავს!

მას ენვერი მივარდა:

– მიდი, ნოდარ, შუსტრად, რამე მანქანა ვითრიოთ უბანში, იქნება მივასწროთ.

– მაგას რას დავეწევით ჩემი, არ იცი რა ადსკი ვადილაცაა! – შესძახა ნოდარმა და ორივენი ეზოდან გაცვივდნენ.

***

დიმამ კინაღამ ჭიშკარს შეახეთქა მანქანა. სწრაფადვე გადავიდა და ჭიშკარს დაეჯაჯგურა, დაკეტილი დაუხვდა. გულმა რეჩხი უყო, ხელის კანკალით ძლივს გააღო საკეტი, ეზოდანვე გასძახა:

– თამუნა, თამუნა, სადა ხარ?! – თან სხარტადვე აირბინა კიბე, ერთ ხელში გადატენილი იარაღი ეკავა, მეორეში კი ენვერის „ნაბოძარი“ კასეტა.

ბინის კარებიც დაკეტილი დაუხვდა დიმას, ლამის შეანგრია. სასტუმრო ოთახში რომ შევარდა, წამსვე თამუნას მიერ დატოვებულ ბარათს მოჰკრა თვალი, ტაბლაზე დადებულს. ადგილზე გაშრა დიმა...

როდესაც ენვერი და ნოდარი მასთან შეცვივდნენ, დიმა კვლავ ფეხზე იდგა. კასეტა ტაბლაზე დაედო, ერთ ხელში პისტოლეტი ეკავა, მეორეში კი თამუნას მიერ დატოვებული ბარათი ეკავა და გაოგნებული დასცქეროდა.

– რა არი, რა ხდება? – შეჰყვირა ენვერმა.

დიმამ გაქვავებული თვალებით გამოხედა, ერთხან უცქირა უსიტყვოდ, თითქოსდა ვერც კი აცნობიერებს რა ხდებაო მის გარშემო, შემდეგ კი პასუხად წერილი მიაწოდა. ენვერმა სწრაფადვე გამოართვა და ხმამაღლა წაიკითხა:

„მაპატიე, დიმკა, შენ სასწაული ადამიანი ხარ. მე შენი ღირსი არა ვარ, ღორი ვარ, პირუტყვი. უნდა წავიდე, დიმკა, დროებით მაინც. აღარ შემიძლია ასე ცხოვრება. ჩემს თავშიც უნდა გავერკვე – რა მინდა, საერთოდ, რა გრძნობა მაქვს შენ მიმართ, ვერაფერი გავიგე.

ძალიან გთხოვ, თუ გიყვარვარ ერთი კვირა მაცადე, არ მეძებო, აზრზე მოვალ, ჩემს თავში გავერკვევი და მერე ან დაგირეკავ, ან ჩემით მოვალ.

ღმერთო ჩემო, ამდენი ჩემს სიცოცხლეში არ მიწერია. კიდევ ერთხელ გთხოვ, მაპატიე, არ გეწყინოს.

გკოცნი, შენი თამუნა.“

ენვერმა წერილი ტაბლაზე დადო და ნოდარს მიხედა. მან მხრები აიწურა პასუხად და ისე უთხრა:

– ბიჭო, მე მგონი, იმ ქალსაც უყვარს ეს ბალვანი!

ენვერმა მას არაფერი უთხრა, დიმას მიუტრიალდა და ჰკითხა:

– რას იზამ, დიმკა?

– ერთი კვირა დაველოდები და თუ არ გამოჩნდა, მერე მოვძებნი! – ეს თქვა დიმამ და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში, თავი ხელებში ჩარგო.

***

თამუნას უცაბედმა გაუჩინარებამ მეტად დამთრგუნველად იმოქმედა დიმაზე, სულიერად დააძაბუნა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს რაღაც უხილავმა ნეგატიურმა ძალამ უსივრცო შავ სიცარიელეში მოისროლაო, მის გარშემო სამყარო მოკვდა, სულმხუთავმა კაეშანმა იპყრო თავის ტყვედ. მის დასაძლევად დიმამ სმას მიჰყო ხელი, მთელი დღეების განმავლობაში შინ იჯდა მარტოდმარტო და არაყს წრუპავდა, თითქმის არ ჭამდა ისე, სამსახურსაც მიანება თავი და თავის მოვლა-პატრონობასაც. გადაბმული სმისგან თვალები დაუსივდა და წითელ–მღვრიედ აეჭრა, ლოყები ღაჟღაჟად შეეფაკლა, წვერმა ჩამოუპენტა რუხისფრად სახე. სწორედ იმ დღეებში ენვერი და ნოდარი საკუთარი პრობლემებით იყვნენ მეტად დაკავებულნი და ვერ აკითხავდნენ დიმას.

ხუთი თუ ექვსი დღე იქნებოდა გასული თამუნას წასვლიდან. თბილისური შემოდგომის შინდისფრად მრუმი ღამე ჩამოწოლილიყო. მუდმივი სმისაგან გონგამოთიშული დიმა ტელევიზორის წინ სავარძელში ჩაწოლილიყო და ათას უაზრობას ლუღლუღებდა, ვერც კი აცნობიერებდა ეკრანზე მროკავ ფიგურათა მნიშვნელობას. უცაბედად ჭიშკარზე დაბრახუნების ხმა მისწვდა მის ყურს.

– ვინ არის, რა უნდა? – ჩაილუღლუღა მან თავისთვის. ამ დროს ბრახუნი განმეორდა.

დიმას რატომღაც თამუნას სახემ გაუელვა წამიერად, ძილბურანში მყოფი გამოერკვა, გული უცნაურად აუჩქროლდა, ზედმეტი მღელვარებისაგან თითების დაბუჟებაც კი იგრძნო.

– თამუნა დაბრუნდა, თამუნა! – ჩაილაპარაკა მან თავისთვის, ფლოსტებში გაჰყო ნაუცბათევად ფეხები და ბანცალ-ბანცალით გარეთ გავიდა.

თამუნას გამარჯობაც კი არ უთქვამს, შლეგიანივით შევარდა გაღებულ ჭიშკარში. მხოლოდ ეს მიაძახა ჯერ კიდევ გონს ვერმოსულ დიმას:

– რა დაგემართა, რა ძილქუში დაგაწია ამისთანა? – ამ თქმულით გვერდით ჩაუქროლა და ტერასის კიბეებზე აირბინა.

– ე! – წარმოთქვა გაკვირვებით დიმამ, ჭიშკარი ჩარაზა და თამუნას მიჰყვა.

იგი აბაზანაში შესული, სახეზე და სამოსზე სისხლს იწმენდდა წყლით. დიმამ ხმა ვერ დაძრა მოულოდნელობისგან, ფიქრარეული უცქერდა თამუნას. თამუნამ გამოხედა, თითქოს ღიმილით უთხრა:

– რას ჰგავხარ, დიმკა, თვალებჩაწითლებული, წვერგაუპარსავი, არყის სუნით ყარხარ. რა არი, ლოთობა დაიწყე?

დიმას ლაპარაკის უნარი დაუბრუნა მისმა უტიფრობამ, ჩაცინების მაგვარით წარმოთქვა:

– კიდევ მე რას ვგავარ, გოგო? შეხედე შენს თავს, თავიდან ფეხებამდე სისხლში ხარ ამოსვრილი!

თამუნას კიდევ უფრო გაუუცნაურდა ღიმილი, თითქოსდა ნიშნისმოგებით მიუგო:

– ეს სისხლი ჩემი არ არი, ეგ გაუპარსავი წვერი და გადმოკარკლული თვალები კი შენია!

დიმას ისტერიკული სიცილი წასკდა, შემდეგ კი, მკაცრად უთხრა:

– ვხედავ, შენი რომ არ არი და სწორედ, ეგ მაშინებს. რაშია საქმე, ამიხსენი ეხლავე!

თამუნამ იწყინა:

– კაი, რა, დიმკა, შემოსული არა ვარ და უკვე მეჩხუბები.

– კი არ გეჩხუბები, ამიხსენი-მეთქი, რაშია საქმე! – კატეგორიული ტონით გაუმეორა დიმამ. თამუნამ პასუხგაუცემლად ხელი ხელში ჩასჭიდა დიმას, სასტუმრო ოთაში წაუძღვა. დივანზე დასვა და თავადაც გვერდით მიუჯდა, აღელვებული ხმით დაიწყო თხრობა:

– მოისმინე, დიმკა! ერთი-ორი საათის წინ ვიღაც მელეხი შევკერე და თავისთან ავაყვანინე თავი. სასმელში სონნიკს რომ ვურევდი, დამწვა იმ ახვარმა და ცემა დამიწყო, მერე გაუპატიურება დამიპირა. მაგიდაზე დიდი შუშის გრაფინი იდგა და ის ვხიე თავში. ერთი იყვირა და ეგრევე უგონოდ დავარდა, ფაიზაღი დაიბრიდა. მე ჯერ შემეშინდა, გაქცევა დავაპირე, მარა მერე აზრზე მოვედი და ბინა დავუშმონე. ბლომად ფულიც ვიპოვე და ძვირფასეულობაც. ნახე, რა ამბავია, – ამ სიტყვებით თამუნამ იქვე დივანზე მიგდებული ქურთუკის ქვედა ჯიბიდან მუჭით ძვირფასეულობა ამოიღო და ტაბლაზე დაყარა. შემდეგ იმავე ქურთუკის გულის ჯიბიდან ფულის შეკვრები ამოაცურა და ძვირფასეულობას დააგდო ზემოდან.

– შეხე რა, დიმკა, მარტო ბარსეტკაში ოცი ათასი დოლარი და ხუთი ათასამდე ლარი ვუპოვე, ეტყობა, რაღაც საქმიდან მოდიოდა. ხომ იცი ჩვენი გოიმი მელეხების ამბავი, რაც ფული აქვთ, ყველა ჯიბეში უდევთ, გულს უხარებს. მაგის გარდა კარადაში ვიპოვე ოთხმოცი ათასი ევრო, მოკლედ, დობრად კუშია.

თამუნა, ეტყობა, ადრინდელმა შიშმა და მღელვარებამ მიატოვა, სახეგაბადრულმა განაგრძო:

– კიდევ რა მაქვს, იცი, დიმკა? ის ნაბიჭვარი ჩემი სუტინიორი რომ მცემდა, მაგარი პორტსიგარისა და ოქროს საათის გამო, ისინიც თანა მაქვს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი