რომანი და დეტექტივი

საბედისწერო ქალი

№23

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 18.06, 2021 წელი

საბედისწერო ქალი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #11-22(1066)

მას მიმართა დიმამ ნამუდარევი ხმით:

– ენვერ, ძმები ხართ და გეუბნებით, მე ვერ მოვითმენ, რომ თამუნა ისევ იმ დღეში ჩააგდონ! – სიტყვა ვეღარ გააგრძელა, ცრემლი მოადგა, თავი ჩაღუნა. ჩვილი გული აუღელდა ენვერსაც, მხრებში ჩასჭიდა ხელები, მტკიცე ხმით მიუგო:

– ქურდულ სიტყვას გაძლევ, დიმკა, ჩემს კაცობას და ღმერთს ვფიცავ, რომ მაგ ქალს ვერავინ დააკარებს ხელს, თუ არა და ვიომოთ მაშინ, მაგათი ნაბოზარი დედაც... სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს! – ამ სიტყვებზე მკვეთრად შემოტრიალდა, ნოდარს მიმართა:

– წავედით, თავგას!

ნოდარი გაშეშებული იდგა, ვერ შეგუებოდა ამ ამბავს ჯერაც. ხელი აიქნია, დიმას მისამართით და კბილებში გამოსცრა:

– აუ, შენ ვინა ხარ, ჩემი კაი, რა საქმეებზეა რო გვარბენინებ, მაგის დედა ვატირე! კეთილძაღლი ვიყო, შენ გარდა ასეთი რამე თუ ვინმეს შეემთხვეს ვაფშე ცხოვრებაში, პრიკლუჩენიებს იზიდავ რა შენზე. მართლა ნაგიჟარი ხარ, შე ჩემის ტყემალაძე! – ეს თქვა და გაბრაზებული ნაუცბათევად გავიდა გარეთ, ენვერს აღარ დალოდებია.

ორიოდ წუთში ენვერიც გამოვიდა, მას ნოდარი მივარდა:

– ბიჭო, ჩვენ რა მოვიბაზრეთ და შენ კიდევ რა რამსი გაუშვი ბოლოს – წავალთ და ჩვენ თვითონ მოგიგვარებთ მაგ ქალის ამბავსო!

თითქოს ეხვეწებაო, ისე მიუგო ენვერმა:

– კაი რა, თავგას, შენ რაღა გჭირს, ტო, არ იცოდე მაინც დიმას სიჯიუტის ამბავი, ხო იცი, ჩვენიანად თუ უჩვენოდ, მაინც არ გაჩერდება, მართლა წავა ეგ ბეყე ამ ოტელში და სტოპრო მაგარ ცუდ ამბავში გაეხვევა. მერე კი მართლა საომი და სახოცი გვეყოლება ის ნაბოზრები“.

ნოდარმა თავი გაიქნია, თითქოს შეურიგდაო გარდუვალს, ისე ჰკითხა:

– კაი ვინ უნდა ვნახოთ!

ენვერს დამცინავად ჩაეღიმა, კითხვად შეუტრიალა პასუხი:

– რა, არ იცი, ვინც?

– სად ვნახავთ ახლა მაგას, ხომ იმალება ვითომ?

– მობილურის ნომერი ვიცი, გადავურეკავ და მოგვისტრელებს.

მანქანაში ჩასხდნენ და ეზოს გარეთ გამოიყვანეს. საჭესთან ნოდარი იჯდა. გზადაგზა ენვერმა მობილურზე დარეკა. რამდენიმე წამში ზარიც გავიდა.

– პავლოვიჩ, მე ვარ, ცაცია ენვერი.

...

– დღესვე უნდა შევხვდეთ იმ ამბავზე რა, ჩემი ბავშვობის ძმაკაცს და ოტელის ქალს რომ ეხება.

...

– გადადება არ ივარგებს, პავლოვიჩ, ფაიზაღი ცუდი ამბავი მოჰყვება.

...

თუ ეგრეა, არა მარტო მაგისთვის, კაცო, ბევრი სხვაც არ ჩავარდება კაი დღეში!

...

– კი არ ვიმუქრები, ვიცი, სიტუაცია და იმიტომაც ვლაპარაკობ ამას!

...

– მესმის, მარა სხვანაირად არ გამოვა რა.

...

– სადაც შენ მეტყვი, პავლოვიჩ.

...

კი, ვიცი ეგ ხატა, თხუთმეტ-ოც წუთში მანდ ვარ.

ენვერმა მობილური პიჯაკის ჯიბეში ჩაიცურა, თან ნოდარს მიმართა:

– გაეშვი, რა, ნახალოვკაში. დუმბაძის ხატა ხო აზრზე ხარ, სიმონ?

ნოდარმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, იქვე ჰკითხა:

– რაო, რატომ გაგიწელა ბაზარი?

ენვერს ქილიკურად ჩაეცინა, ისე მიუგო:

– ამბობს, ძაღლები მეძებენ და დაყვინთული მაქვსო, ქუჩაში ვერ გამოვდივარო. არადა, სტო პრო ვიცი, ძაღლებთან ხუთიანზე აქვს მოყომარებული, თითს არ დააკარებენ.

მალე თეთრად შეფეთქილ ორსართულიან მდიდრულ სახლს მიადგნენ, დიდი შინდისფერი ჭიშკრით. სხვა სახლებისგან ისე გამოირჩეოდა, როგორც ეკალ-ბარდში ამოფეთქილი თავმომწონე შროშანი. ნოდარმა სვლა შეანელა, თავი გამოჰყო მანქანიდან, ყურადღებით შეათვალიერა შენობა, ქილიკურად წარმოთქვა ბოლოს:

– მე მგონი, მოვედით, ცაცი, მაგრამ მახსოვს, ადრე ეს შენობა რაღაც მრაჩნად გამოიყურებოდა, ცემენტით იყო გადალესილი. ახლა გაულამაზებიათ ალბათ, მაგის მერე, რაც პავლოვიჩს ძაღლები დასდევენ. იასნია, მასკიროვკაა, რომ იფიქრონ, ვიღაც მელეხი ცხოვრობს და პრისტუპნიკებთან საქმე არა აქვსო, არა?

ენვერს ჩაეცინა:

– ნუ გაილესე, რა, ახლა ენა, მიდი, მიდი, ცოტა ზემოთ აიწიე, სახლიდან მოშორებით გააჩერე!

ნოდარმა მანქანა დაძრა თავის ქნევით. ენვერმა მობილურზე დარეკა.

– მოვედით, პავლოვიჩ.

...

– რა თქმა უნდა, მარტო ამოვალ.

...

ლურჯი შარვალ–პიჯაკი მაცვია.

ენვერმა მობილური გამორთო და ყურმილს ჩასძახა გაღიზიანებულმა.

– კაი, რა გეყოფა მატრაბაზობა, შენა! – შემდეგ ნოდარს მიუტრიალდა, – არ გაგიტყდეს, ნოდარჩიკ, მარტო უნდა შევიდე. შენთან არ იბაზრებს, ჰო აზრზე ხარ!

ნოდარმა მხრები აწურა, ღიმილით მიუგო:

– რაზეა ბაზარი, ძმაო!

ენვერი გადმოვიდა, თავქვე დაეშვა დინჯი სვლით, სახლს რომ მიუახლოვდა, იმავე წამს ჭიშკარი გაიღო ნახევრად, იქიდან ოცდახუთიოდე წლის ჭაბუკმა გამოყო თავი ფრთხილად, აქეთ-იქით მიმოავლო თვალი და ენვერს ანიშნა, შესულიყო. მის შესვლისთანავე ჭიშკარი ჩაირაზა. ელეგანტურ რუხ კოსტიუმში გამოწყობილი კუნთძარღვიანი სქელკისრიანი ჭაბუკი არც კი მისალმებია:

– მე მომყევით!

უსიამო გრძნობამ გაჰკენწლა ენვერს, წარბშეკვრით მიჰყვა ჭაბუკს. მეორე სართულზე ავიდნენ და ალბათ, სასტუმრო ოთახის შესასვლელ დიდ კართან შეჩერდნენ. იქ მისი მეგზურის დარად გამოწყობილი კიდევ ორი კისერშევსებული მორგვივით ჭაბუკი დაუხვდა ენვერს. არც ისინი გამოირჩეოდნენ სალმიანი ზრდილობით. ერთ-ერთმა ამათგანმა მიმართა ენვერს ბრძანებასავით:

– იარაღი თუ გაქვთ, ჩვენთან დატოვეთ და ისე შებრძანდით!

ენვერს უსიამო გრძნობა გაუმძაფრდა, სისხლის მოზღვავება იგრძნო სახეზე, ირონიულად ჰკითხა დაძაბული ხმით:

– ხომ არ გამჩხრიკავდით, ახალგაზრდებო?!

დამცინავი კილოთი მიუგო მეორე დამხვდურმა:

– თუ საჭიროდ ჩავთვლით, გაგჩხრიკავთ კიდეც!

კისრის ძარღვებმა ლამის ამოუხეთქეს კალაპოტები ენვერს, კბილებში გაცრილად მიუგო ხორხიდან ამომავალი ხმით:

– ქურდს ელაპარაკებით, თქვე სირებო, რა იარაღს ითხოვთ?! იარაღს შუბლში მიიღებთ ეხლა, თქვე ლახმაჩებო!

ენვერის გასასტიკებულმა იერმა და შემტევმა კილომ აშკარად დააბნიეს და შეაშინეს კიდეც ჭაბუკნი, თითქოს ჰიპნოსი დაუფლებიათო, შემცბარნი იდგნენ და ვერ მოეფიქრებინათ რა ვთქვათ ან რა მოემოქმედებინათ, იმ წამს სასტუმრო ოთახის კარიც გაიღო და იქიდან მდიდრულ საშინაო ხალათში გამოწყობილი ხნოვანი მამაკაცი გამოვიდა, ორივე ხელზე ზედმეტად უხვად ჰქონდა ახუნძლული „თვალისმომჭრელი“ ძვირფასეულობა, თვალებს კი ოქროს ჩარჩოში ჩასმული შავშუშებიანი პენსნეთი იფარავდა.

– რა არი, რა ხმაურია აქ?! – იკითხა მან მკაცრი ტონით და ენვერმა მაინც გაარჩია, როგორ მოეჭუტა შავ შუშებს მიღმა უსიამოდ ჭროღა თვალები. მისმა ხმამ თითქოს გაოგნებიდან გამოარკვიაო ჭაბუკნი, ლაპარაკისა და მოძრაობის უნარი აღუდგინდათ, ერთ-ერთმა მალევე უპასუხა:

– ბატონო შალვა, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, იარაღს არ გვაბარებს ეს კაცი!

პავლოვიჩმა ხელი აიქნია, გაბრაზებით მიუგო, იმერული კილო დაჰკრავდა შესამჩნევად:

– აუჰ, ხომ არ გადარეულხარ შენ, ბიძიკო! ამ კაცს რომ უყურებ, ქურდია ვსესაიუზნი, ძმაა ჩემი, სისხლი და ხორცი, რაის იარაღი უნდა ჩაგაბაროს შენ?! თქვე ბოთეებო, ამდენი ხანია ჩემთან ხართ და აქამდე ვერ გაერკვიეთ, ვის როგორ უნდა მოექცეთ და ელაპარაკოთ, ვის რა უნდა მოსთხოვოთ?! აუჰ, გადამრევს ეს ხალხი!

არ გამოჰპარვია ენვერს, გაკვირვებულნი უცქერდნენ მას ჭაბუკნი. იგი კი ენვერს გადაეხვია, გადაჰკოცნა, შემდეგ ხელკავი გამოსდო და ოთახში შეუძღვა. უცებ შეავლო გაწაფული თვალი ენვერმა, ოთახი ფართო იყო, ათასნაირი იშვიათი ძვირფასეულით გაწყობილი. კარის მოპირდაპირე კედელში წითელი აგურით ჩაშენებულ ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. იქით მიუთითა პავლოვიჩმაც:

– აქით მივიწიოთ, ენვერ, ძამიკო, ბუხართან დავჯდეთ. ეჰ, რას იზამ, დავბერდი უკვე, ძვლები ადვილად მიცივდება, სითბო მსიამოვნებს. – ამ სიტყვებზე ბუხართან მივიდა და ორთაგან ერთ-ერთ სავარძელში ჩაჯდა მძიმედ, ენვერიც მის მოპირდაპირე სავარძელში ჩაეშვა. პავლოვიჩმა კითხვას დაასწრო პასუხი:

– გამოუცდელი ბიჭები არიან მაგენი, ხალხში გამოუსვლელი, სროლისა და ბაგაბუგის მეტი არაფერი იციან, არ გაგიტყდეს მაგათგან ეგ ამბავი. მართალი გითხრა, ჩემი ბრალიცაა, დამავიწყდა, გამეფრთხილებინა, ქურდი რომ მოდიოდა ჩემთან სტუმრად და იმისდა მიხედვით მოქცეულიყვნენ.

ენვერს კუნთიც არ გატოკებია სახეზე, დინჯად ჩაეკითხა:

– ესე იგი, ქურდი რომ არ ვყოფილიყავი, უნდა გავეჩხრიკე?

პავლოვიჩს სახე დაეღრიჯა, ისე მიუგო:

– არ გინდა ახლა, ძამიკო, ეგეთი ბაზარი შენ! სხვა დრო მოვიდა და მაგის მიხედვით მოგვიწევს ცხოვრება ყველას. ათასი მტერი მყავს და ათი იმდენი კიდევ ჩემს სიკვდილზე ფიქრობს და ოცნებობს, ვის როდის რა მოუვა თავში და რას მიხიმანდრებს, კაცმა არ იცის მაგი. მე რომ მომკლან, ძამა, ათასი კაი საქმე გაფუჭდება და ბევრი ჩვენიანიც ცუდ დღეში ჩავარდება. ეგ არის სიმართლე, თუ გინდა. ამიტომ ფრთხილად თუ არ ვიქენი, აფერი გამოვა ისე! – ამ სიტყვებზე ენვერისკენ გადაიხარა და შემპარავი ღიმილით უთხრა:

– გარბაჩოვის პერესტროიკა ჩვენც შეგვეხო, აბა, რა გეგონა შენ? ასე რომ, დროა, უკვე შენც გადმოეწყო ამ სტრუნაზე. ჭკვიანი კაცი ხარ, გამოცდილი, გამბედავი, შენნაირი ვაჟკაცი ჩვენს საქმეში მისწრებაა პირდაპირ, ბევრი კაი რამის გაკეთებას შევძლებთ ერთად. ჰა და, რას იტყვი?

ენვერმა კვლავ იმავე სიდინჯით მიუგო:

– ჩემი აზრით, მთავრობების ცვლილებები ქურდულს არ უნდა შეეხოს!

პავლოვიჩს ღიმილი გაუქვავდა სახეზე უსიამოდ, უკმაყოფილოდ გაიქნია თავი. ეს უთხრა ბოლოს:

– ხო, კაი. მოვრჩეთ ახლა მაგ თემაზე ბაზარს და შენ რამაც შეგაწუხა ასე ძალიან, იმაზე ვილაპარაკოთ მაშინ, ძამიკო!

ენვერი მისკენ გადაიწია და მიუგო:

– ტელეფონშიც ხომ გითხარი, პავლოვიჩ, ჩემი ძმაკაცისა და იმ ქალის ამბავზე ვარ ამოსული, ოტელიდან რომ წამოვიყვანეთ იმ დღეს.

პავლოვიჩმა თვალები მოწურა, შეპარული ხმით ჰკითხა:

– ეგ შენი არიფი ძმაკაცი დოხტურია, არა, როგორც მე ვიცი?

ენვერს ჩაეღიმა:

– დოხტური კია, პავლოვიჩ, მაგრამ აიბოლიტი არ გეგონოს, ჩემი ბავშვობის ძმაკაცია, ქუჩაც იცის და კაი ბიჭის ცხოვრებითაც უცხოვრია. პრისტუპნიკობდა კიდევაც. მე და მაგი პადდელნიკებიც ვიყავით ერთი პერიოდი. საქმეში მაგარი ვაჟკაცური და უღალატო იყო, შენკენ წამოსულ ტყვიას აეფარებოდა ბეზ რაზგავორა. ახლა წყნარ, პატიოსან ცხოვრებას ეწევა და, მეჟდუ პროჩემ, ამ ცხოვრებაშიც არაფერი ეშლება. ქუჩისა და კაი ბიჭობას პა პრეჟნემუ პატივს სცემს. საახლობლოში კაი ბიჭებს, ვისაც უჭირთ, როგორც შეუძლია, ეხმარება, ფულით არი თუ გრევით. მეც, სროკზე რომ ვიყავი, ეგ მპატრონობდა, აბა, ჩემს ოჯახს სად ჰქონდა მაგისი შესაძლებლობა. მოკლედ, წესიერი მუჟიკი კაცია, რა.

– ეგ ყველაფერი კარგი, ძამიკო, თან ქურდულსაც თუ პატივ სცემს და ჩვენიანებსაც ხელს უმართავს, ხო მთლად უკეთესი. მარა ეს გამაგებინე წესიერად, რა უნდა ბოლოს და ბოლოს მაგ კაცს, რის გულობიზა ტეხავს ამხელა შუმოკს?

– რა უნდა, პავლოვიჩ და იმ ქალის დაბრუნება უნდა, დღეს რომ წამოვიყვანეთ მაგის სახლიდან. ნაბაზრი მაქვს უკვე, ფულის გადამხდელიც არი, იძახის, შეეშვან ძაღლები მაგ ქალს და გამოვალ, რაც საჭიროა იმასო.

პავლოვიჩმა გაკვირვების გამოსახატად ტუჩები მოწრუპა, შემდეგ ჰკითხა:

– არ გეწყინოს, ენვერ, ძამიკო, და გადარეული ხომ არაა ეგ შენი ძმაკაცი? რა ჯანდაბად უნდა ვიღაც პრასტიტუტკაში ფულები რომ იხადოს?

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი