რომანი და დეტექტივი

საბედისწერო ქალი

№22

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 12.06, 2021 წელი

საბედისწერო ქალი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #11-21(1065)

– კი მარა, რატომ? – გაიოცა დიმამ.

– საქმეც ეგ არი, ბრატ. ხომ გითხარი, მაგათი კლიენტები ვიში ობშესტვის წარმომადგენლები არიან-მეთქი. დიდ მაყუთს იხდიან კაი ქალში. თამუნა კიდევ ყველაზე მეტად მოსწონდათ თურმე, დიდი სპროსი იყო მაგაზე. ეს კიდე თავისას არ იშლიდა, ქურდბაცაცობდა, კაჭკაჭივით იყო რა, თუ რამე ბრჭყვიალას გადააწყვდებოდა კლიენტთან, ვარიანტი არ იყო, არ აეწაპნა. იმ დღესაც იმიტომ სცემდა თურმე ის მასტი, რომ ვიღაც ფაშისტი კლიენტისათვის ოქროს მაგარი საათი და ბრილიანტის თვლებიანი პორტსიგარი მოუპარია, ამას კიდე ვერაფრით გამოუტეხია, სად ჰქონდა დამალული, – ენვერს ჩაეღიმა და ღიმილითვე განაგრძო, – გარდა მაგისა, კიდე რას ჩალიჩობდა, იცი, თურმე, ეგ შენი თამუნა?.. კვირა არ გაივლიდა ისე, ოტელიდან რომ არ გაპარულიყო და ლევად არ ეჩალიჩა.

– რას ჰქვია ლევად, ტო? – კიდევ უფრო მეტად გაუკვირდა დიმას.

– რას და, გაიპარებოდა ოტელიდან, გამოიჭერდა ვინმე ჩვენებურ მაყუთიან ქიმბარას, წააყვანინებდა სადმე თავს, ან ხატაზე ან სასტუმროში, მერე შარაფის მომენტში სონნიკს გაურევდა სასმელში, დააძინებდა და ქურდავდა, ტო.

ნოდარმა ხელი დაჰკრა დიმას მუხლზე, გახუმრებას შეეცადა:

– კაროჩე, ბრატიშკა, ვარავაიკაა ეგ შენი თამუნა, მოშავო სისხლი აქვს.

დიმას ნაკვთიც არ გატოკებია სახეზე, თითქოს უემოციო ქანდაკად უქცევიაო გულში შემოჭრილ ვარამს. მას მიმართა ენვერმა:

– დაჟე ერთხელ ვიღაც შიშკა ძაღლისათვის გაუჩალიჩებია ეგ პონტი და დაუწვია იმ ძაღლს. კაგებეს კრიშა რომ არა, დარხეული ჰქონდა მთელ მაგათ ბრიგადას, გადარეულან, თურმე, მაგისი შეფები, სიმონ, თამუნასთვის არაფერი უთქვიათ, მარა მაგისი სუტინიორი გაუტისკიათ მაგრად...

– თუ ეგრე აწუხებთ ეგ ქალი, ძმაო და პრობლემებს უქმნის, წამოსვლა უნდა მაქედან და გამოუშვან მაშინ! – ხელებგაშლით წარმოთქვა დიმამ, ეჭვსაც კი ვერ შეიტანდი მის გულწრფელობაში. ენვერს ჩაეცინასავით, ისე მიუგო:

– კაი, რა, დიმკა, ნიუჟელი ვერ ხვდები, ტო, რაშიც არი საქმე?.. თამუნას მაგათთვის ორმოცი ათასიდან ორმოცდაათ ათასამდე შემოსავალი შემოაქვს, მაგეთ ქალს ეგრე ჰაი-ჰარად ვინ გაუშვებს, ბიჭო? გარდა მაგისა, მაგ ნაშების შენახვა ძალიან ძვირი უჯდებათ, თავიანთი სტილისტები ჰყავთ, კოსმეტოლოგები, ცალკე ეთიკის კურსებს უტარებენ, ინგლისურს, გერმანულს და ფრანგულს ასწავლიან კომპიუტერული მეთოდით. იმ სუტინიორმა პირდაპირ გვითხრა მე და ნოდარას, მარტო მაგისთვის უცხო ენების შესწავლა იმხელა მაყუთი დაჯდა, მაგ ქალს ეგრე ადვილად არავინ დაგითმობთო.

გულწრფელად გაიოცა დიმამ:

– ეგ ეთიკის კურსები და უცხო ენები რაღაში სჭირდებათ, ნაღდად ვერ გავიგე, ტო?

– ეე, ძმაო, შენ ვაფშე არ უკვირდები, რას გელაპარაკები და სულ სხვაგან დაფრინავ! ხომ გითხარი, ბრატ, რომ უცხოელ შიშკებს ემსახურებიან-მეთქი ეგ ნაშები და მაგათ კიდე „კაგებე“ კრიშავს. იასნია, რატომაც, მაგათგან ინფორმაციას იღებენ, ან ვიდეოთი ჩააკარტოჩკებენ და მერე აშანტაჟებენ, ვერბოვკას უკეთებენ. ამიტომ ენების ცოდნა აუცილებლად სჭირდებათ, რაღაც რომ გაიგონ და იმათაც გააგებინონ. პა ხოდუ, ეგ ქალები ელეგანტურებიც უნდა იყვნენ, ზრდილობიანები და თავაზიანები კლიენტების მიმართ, იტოგში, კულტურული ქცევის წესები უნდა იცოდნენ ატ ი დო, რადგან მაგათ კლიენტებს ნოდარასავით მარტო ბურღვა კი არ აინტერესებთ, ფიზიკურ სიამოვნებასთან ერთად ეთიკური სიამოვნებაც უნდა მიიღონ, ქალებთან იმენნა სასიამოვნო დროს ატარებენ, პრესტიჟულ რესტორნებში დადიან, ათას თემაზე საუბრობენ და მაგეთი რაღაცები...

– ე, მე რაღა შუაში ვიყავი ეხლა, ტო?! – წყენაგარეული გაკვირვებით შენიშნა ნოდარმა.

– აბა, სხვა ვინ მომეყვანა მაგალითად? – ღიმილით მიუგო ენვერმა.

ამ დროს დიმას გაღიზიანებული ხმა მოესმათ:

– აღარ უნდა, ძმაო, მაგ ქალს ეგეთი ცხოვრება, თავისი პირით ამბობს, წამოსვლა უნდა, რაღაზე აძალებენ?! ვინ ჩემი ფეხები არიან ბოლოს და ბოლოს, ვინ მისცათ მაგისი უფლება, ასე ბესპრედელურად რომ იყენებენ ადამიანებს?!

ნოდარმა ხელი აიქნია, აგდებულად მიუგო:

– გინდაც ეგრე იყოს, ბიჭო, რა შენი საქმეა, ვინ ვის როგორ იყენებს და ხმარობს, შენ თავს მიხედე რა! გამომივიდა ესეც დათა თუთაშხია და მაჰათმა განდი!

დიმა ფეხზე წამოიჭრა, გაცხარებით მიუგო:

– რით ვერ გაიგებ, ბიჭო, შენ, რომ სწორედ, მე მეხება თამუნას ამბავი! მიყვარს მე ეგ ქალი, ძმაო, და მაგის თავს ასე ადვილად არავის დავანებებ!

თავადაც გაცხარებული ნოდარი ენვერს მიუტრიალდა, ისე წარმოსთქვა, თითქოს აქამდე დაუჯერებელი რამ, როგორც იქნა ირწმუნაო:

– მე მგონი, მართლა შეყვარებულია ეს ბალვანი! – წამს დიმას მიუბრუნდა, შეტევით უთხრა:

– რა დაგალევინა, შე ჩემისა, იმ ნა... უკაცრავად ვარ იმ ქალბატონმა ამისთანა, ასე უგზო-უკვლოდ რომ გადაგრია ამხელა კაცი?!

დიმამ საპასუხოდ შეუღრინა:

– რატომ ვარ გადარეული, მაგის დედა ვატირე, ქალი რომ შემიყვარდა, იმიტომ?!

ნოდარიც ფეხზე წამოაგდო გადამეტებულმა სიბრაზემ, აქამდე ძალდატანებული მოთმინებით დაგროვილი ბალღამი ერთბაშად ამოანთხია:

– შენ მართლა ხომ არ გადარეულხარ, შე ჩემის ბერდენკა, ვინ შეგიყვარდა, პრასტიტუტკა, ტო?! შენ რა ევროპაში ხომ არ გგონია თავი, საქართველოა ეს, ძმაო, გინდა პირში საფურთხებლად გაიხადო საქმე? შენი ძმები ვართ, ბიჭო, და შენი კაცური ღირსების გამო გცემთ პატივს, მაგეთ რაღაცას როგორ ამბობ, დიმკა?!. მაგიც არ იყოს, რა გინდა, ბოლოს და ბოლოს, საცოდავი ნინელი საფლავში ჩაიყვანო უდროოდ? მართლა ცოტა აზრზე მოდი შენ, ჩემი ძმა. ჯერ შენ ოჯახს შეხედე და მერე იმისას. ჩიქოვანი ხარ, ბიჭო, და დედაშენი კიდე მაყაშვილია. ხო არ დაგავიწყდა? შენი ოჯახი ყოველთვის ვიში სვეტში იყო გასული და არისტოკრატ და ინტელიგენტ ხალხთან ჰქონდა ურთიერთობა. ერთი მე და ენვერს გადაგვეყარე ბავშვობაში ბრადიაგებს და კინაღამ თავიც დაიღუპე. ეგ კიდე ვინაა?.. საზოგადოების ნალექიდან არი გამოსული. ხო მოისმინე, რაც თქვა ცაციამ? მამამისი პრისტუპნიკი იყო, დედამისი კიდე ვიღაც ციგანკა, ქურდბაცაცა და ნაბოზარი ქალი, ორივე უსწავლელი და გაუნათლებელი ხალხი. თვითონაც პუტანაა და სულით პრისტუპნიცა... არა, ძმაო, შენ და ეგ წყალი და ზეთი ხართ, ვერასოდეს შეერევით ერთმანეთს. ახლა შენ რაღაცები გეჩვენება, ვითომ გიყვარს და მაგის გარეშე ვერ გაძლებ, მარა მალე აზრზე მოხვალ და მერე შეიძლება, უკვე გვიან იყოს! პირდაპირ გიცხადებ რა, დიმკა, მაგ ქალი რომ ოჯახში შეიყვანო, მე შენ სახლში ფეხის დამდგმელი აღარა ვარ, ჩვენს ძმობას წერტილი დაესმება... და ვაფშე, ჩემი ხელით დაგახრჩობ რა, ჩემი კაი! – აგზნებით დაასრულა ნოდარმა და პირი იბრუნა დიმასაგან, თითქოს მისი დანახვაც კი არ უნდაო.

დიმა კი არ დაჯდა, დაეცა დივანზე. კაი ხანს სიტყვა ვერ დაძრა მეგობრის თქმულისგან დაზაფრულმა. ბოლოს შეანათა წყლით ალივლივებული თვალები და, თითქოს გარდუვალს შერიგებიაო ბედისწერის ზვარაკი, სრულიად მშვიდად წარმოთქვა:

– ნოდარ, მე ჩვენს ძმობას ძალიან ვაფასებ, მაგრად მიყვარხართ შენც და ენვერიც და ყველა ჩვენი ძმაკაციც, მაგრამ ერთი რამე იცოდეთ რა – ყველამ რომ ზურგი შემაქციოთ, დედაჩემმაც რომ უარი თქვას ჩემს შვილობაზე, მთელი სანათესაოც რომ ამიჯანყდეს და გვაროვნულ ანათემაზე გადამცენ, მე მაგ ქალზე უარს მაინც არ ვიტყვი, ვერ შეველევი, მოვკვდები და მაინც მეყვარება! – ეს თქვა და თავი ჩაღუნა. ახლა ნოდარი დაეცა სავარძელზე, ესღა ამოთქვა:

– აუ, ჩემი, ტო! – შემდეგ ენვერს მიუტრიალდა, – იმ ქალს მართლა გადაურევია, ძმაო, ეს კაცი თავიდან ფეხებამდე და მე და შენ რაღა უნდა ვუშველოთ, ტო!

ენვერს კი გული ეწურებოდა ვარამს ატანილი დიმას შემხედვარე. ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა, შუბლს ისრესდა, თითქოს აწეწილ აზრებს აწყობსო, შემდეგ მას მიმართა:

– მომისმინე, დიმკა, ჩემს სათქმელსაც გეტყვი და მერე შენ იცოდე, როგორც იტყვი, ისე მოვიქცეთ!

დიმამ ამოხედა, ამღვრეულ ზღვისფერ თვალებში ჩააცქერდა იმდარად, თითქოს ემუდარებოდა, შენ მაინც არ გამიმეტოო გულმწველი სიტყვისთვის. არ მოერიდა მაინც ენვერი, ჩვეული პირდაპირობით მიუგო:

– მე თუ მკითხავ, ძმაო, თავგასა ფაიზაღია, შენ და თამუნა როგორც წყალი და ზეთი ისე განსხვავდებით ერთმანეთისგან. მთელი შენი ოჯახი ათადან-პაპადან არისტოკრატიულია, ბებია-ბაბუებიც ზოგი დადიანი გყავდა, ზოგი – ერისთავი და ზოგიც – მეღვინეთუხუცესი, მდაბიო გვარის თქვენს ოჯახს არ ურევია. ეგ კიდე აბა, ვინ არი? ციგანკის გოგოა, ტრუშობებში გაზრდილი, ბავშვობიდან ჯიბგირების, ყომარბაზებისა და ბოზების მეტი არავინ უნახავს, გინებისა და პახაბნი ბაზარის მეტი არაფერი მოუსმენია. თან ვიცი, რა მე ეგეთი კატეგორიის ხალხი, სისხლით პრისტუპნიცაა, ყველაფერიდან ჩანს. ყველაც რომ შეეგუოს მაგ შენ გადაწყვეტილებას და ოჯახშიც რომ შეიყვანო ეგ გოგო, ეგ თავისას მაინც არ მოიშლის, როდესაც იქნება სირცხვილს გაჭმევს ან რაიმე შარს გადაგყრის. დამიჯერე, რა, დიმკა, მაგი და შენ ერთმანეთს რომ შეეთვისოთ, ან ის უნდა გახდეს შენნაირი ან შენ უნდა გახდე მაგისნაირი/ მაგრამ ის შენნაირი ვერასდროს გახდება, თავისნაირად კი ადვილად გაქცევს...

– ვითომ რატომ? – მართლა დაინტერესდა დიმა.

– ჯერ ერთი, იმიტომ, ჩემო ძმაო, რომ ადამიანისთვის მართლაც ძალიან ძნელია, ცუდიდან კარგისკენ მოქცევა, – ლომს უფრო ადვილად მოათვინიერებს კაცი, – პირიქით კი ძალიან ძნელია. მეორეც იმიტომ, ძმაო, რომ სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი პრისტუპნიცობა და მაგას რომ თავი დაანებოს, მთელი ცხოვრება ერთ ოთახში უნდა გყავდეს გამოკეტილი. და რაც მთავარია, ქალია, თან ძალიან ლამაზი ქალი და აუცილებლად თავისკენ გადაგქაჩავს, გაცდუნებს, გაიმარჯვებს შენზე, ისევე, როგორც ევამ აცდუნა ადამი და გაიმარჯვა მასზე. და იცი, რატომ?.. იმიტომ, რომ მამაკაცი ქალის სილამაზის მონაა, ქალის სილამაზე ის უძლეველი იარაღია, ყველაზე მამაცებიც რომ უძლურნი არიან მის წინაშე და ფარ-ხმალს ყრიან უბრძოლველად. ჩაგითრევს, ძმაო, ეგ მაცდური ქალი თავის პრისტუპნიკულ ცხოვრებაში და დაგღუპავს, როგორც პიროვნებას. თან, შენ ჩათრევას რა უნდა, მე და ნოდარას „წყალობით“ ეგ გზა ხო უკვე გამოვლილი გაქვს, ხომ გახსოვს, მაშინაც რა დღეში ჩააგდე შენი ოჯახი? აბა, კარგად გაიხსენე, უპრიანია ამ სიტუაციაში.

ენვერი ერთხანს გაჩერდა, სიგარეტს მოუკიდა, თითქოს მართლაც აძლევსო დიმას წარსულის ლანდებთან გასაუბრების საშუალებას, თავადაც ისვენებსო, უხვსიტყვიანობისგან გადაღლილი. ბოლოს თვალები დაუპირდაპირა მას და მოწყვეტით უთხრა:

– ერთ მწარე სიმართლესაც გეტყვი, დიმკა, და არ გეწყინოს, ძმაო. მაშინ, ბაითზე რომ დავიწვით, მაგ ამბავზე მამაშენი ლოგინად ჩავარდა და ვეღარც გამობრუნდა, ღმერთმა აცხონოს მაგისი სული. მაგის მერე საცოდავმა ნინელიმ იმდენი იჩალიჩა, როგორც იქნა, მოგწყვიტა პრისტუპნიკულ ცხოვრებას და პატიოსანი ცხოვრების გზაზე დაგაყენა. იწვალა ქალმა და ინსტიტუტი რომ დაამთავრე, საკუთარი კლინიკა გიჩალიჩა, რაც მამაშენმა მაყუთი დაგიტოვათ, მაგაში ჩადო. დღესდღეობით შენი წყნარი ცხოვრება გაქვს, თუ თავზე არ გადაგდის, ამ დუხჭირ პერიოდში სხვის სამათხოვროდ მაინც არ გაქვს საქმე. დაჟე იქით ჩემნაირ ბოგანოებს ხელს უმართავ. ეგეც დედაშენის წყალობაა. თუ ამ ყველაფერს არაფრად აგდებ, ხაზს გადაუსვამ და მაინც იმ ქალს გამოეკიდები, სხვა რაღა გზა მექნება, ძმა ხარ და გვერდზე დაგიდგები, – ამ სიტყვებზე წამიერად თვალი შეავლო ნოდარს და გამოკვეთილად წარმოთქვა, – თავგასაც დაგიდგება!

– ვახ, ჩემი! – კბილებში გამოსცრა ნოდარმა, თავზე შემოიკრა ორივე ხელი.

– კი, დაგიდგება! – მის გასაგონად დაადასტურა ენვერმა, კვლავ დიმას მიხედა, – ოღონდ ერთი რამე გაქვს გასათვალისწინებელი, დიმკა. იმ ქალს ისე არავინ დაგითმობს, ბრატ, უკვე გაიასნებული მაქვს ეგ ამბავი, დიდი მაყუთი დაგიჯდება მაგის იქიდან წამოყვანა, შენთვის წარმოუდგენლად დიდი. ახლა კი შენი გადასაწყვეტია, ძმაკუშ, გიღირს ეგ ქალი ყველაფერ ამად თუ არა, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდი, ბრატ, და ისე მომეცი პასუხი – რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?

წამით არ დაფიქრებულა დიმა, პათოსით წარმოთქვა:

– დაფიქრება არც კი მინდა, ენვერ. თამუნას გარეშე სიცოცხლეს სიკვდილი თუ არ მერჩივნოს, არაკაცი ვიყო! რაც გამაჩნია, ყველაფერს დავთმობ, ოღონდ კი თამუნა დავიბრუნო.

ენვერმა ერთხანს კიდევ უცქირა დაკვირვებით დიმას, თითქოს საბოლოოდ სურს დარწმუნდესო მისი გადაწყვეტილების ურყევლობაში, შემდეგ ხელები დაჰკრა სავარძლის სახელურთ და მოწყვეტით წარმოთქვა:

– კარგი! – ამ სიტყვაზე სწრაფად წამოდგა. დიმაც აჰყვა სხარტად. ნოდარი ზლაზვნით წამოიმართა, თან ენვერს უცქერდა უკმაყოფილო იერით.

ენვერმა დიმას ჩამოადო მხარზე ხელი, ნამტკიცი ხმით უთხრა:

– ოღონდ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, დიმკა! ამ საქმის მოსაგვარებლად მე და ნოდარა მარტოები გავალთ, შენ არ უნდა დაგვეხვოსტო, ბრატ. ვნახავთ, ვისაც საჭიროა და ვიჩალიჩებთ, რაც საჭიროა, იმას, შენ კიდე სახლში უნდა დაგველოდო. ვპალნე ვერაიატნა, რომ ამ ღამესვე დავბრუნდეთ შენთან დასალაპარაკებლად. გაიგე, ბიჭო, რაც გითხარი?

დიმამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. უცებ ენვერი, თითქოს მეტად საზრიან აზრს მიაგნოო იმწამს, ნოდარს შეუტრიალდა:

– და ვაფშე, ჯობია, ამის მანქანით გავიდეთ, ნოდარჩიკ. კაკ მუდრიე ლიუძი გავარიატ – ბერეჟენნოვო ბოგ ბერეჟიოტ, ა ნე ბერეჟონნოვო კანვოი სტერეჟიოტ!

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი