რომანი და დეტექტივი

საბედისწერო ქალი

№17

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 07.05, 2021 წელი

საბედისწერო ქალი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #11-16(1060)

⚜⚜⚜

ოტელთან მომხდარი ამბის მერე, ენვერს ქუჩური ალღო ჰკარნახობდა, რომ შეიძლებოდა, მართლაც სერიოზულ პრობლემას გადაჰყროდნენ დიმაც და თავადაც. იცოდა დიმას რომანტიკული ბუნება და ადვილად აგზნებადი ხასიათი და იმასაც ხვდებოდა, რომ თუ ამ ქალისადმი გრძნობა ჰქონდა გაჩენილი, ასე ადვილად არ დასთმობდა მას და განუსჯელი ქმედებით, სწორედ რომ, დიდ საფრთხეში ჩაიგდებდა თავს.

ნინელისთან საუბრის შემდეგ კარგა ხანს იფიქრა ენვერმა, ყველაფერი დინჯად აწონ-დაწონა და ბოლოს მათ საერთო მეგობართან – ჩუღურეთელ თავგასა ნოდარასთან გადაწყვიტა დარეკვა.

– ზდაროვა, ნოდარჩიკ. ხომ მიცანი, ბრატ?

ნოდარს ხრინწიანად ჩაეცინა:

– ჰე, ჰე, შენს ხმას ექვს-ნახევარ მილიარდში ვიცნობ, ძმაო. როგორა ხარ, ჯიგარო?

– ვარ, რა, ძველებურად, ვაწუხებ ჯერ კიდევ დედამიწას ჩემი ცოდვილი სულით. შენ რას შვები, ბრატიშკა?

– ჟივუ პა ტიხონოჩკუ, როგორც დღევანდელ დროებას შეეფერება.

– ნოდარ, ბრატ, ჩვენს საერთო ვაკელ ძმას რაღაც პრობლემა აქვს და შენი ნახვა მინდა აუცილებლად. როგორ ვქნათ?

– წოპეს ხატა ხომ გახსოვს ჩვენკენ?

ენვერს ჩაეცინა

– კი, მაგას რა დამავიწყებს!

– ჰოდა, მაქა ვარ ნახევარ საათში.

– კაი, ბრატ, მეც მაქ ვიქნები მაგ დროისათვის.

– აბა, სბოგამ!

შუკუმი

ენვერი და ნოდარი სხვადასხვაუბნელები იყვნენ, – ენვერი მარჯანიშვილის მოედანთან ახლოს ცხოვროდა, ნოდარი კი – ვარანცოვის ზემოთ, ჩუღურეთში, მაგრამ ერთ სკოლაში სწავლობდნენ, ყოფილ კამოს ქუჩაზე, 23 სკოლა რომ არის და იქ დაუძმობილდნენ ერთმანეთს. პატარაობიდანვე განუყრელი მეგობრები იყვნენ და ყმაწვილკაცობაში გადაბიჯებულებიც ერთად გაუყვნენ „შავი ცხოვრების“ ნარეკლიან შარაგზას, ქუჩურ, ცრუ ადგილებს ვაგლახად აყოლილნი.

დიმაც და ენვერიც ყრმობიდანვე იცნობდნენ ერთმანეთს, მათ ოჯახებს უკვე სამი თაობა მოსდევდათ ახლობლური ურთიერთობა, ორივე ხომ უძველესი არისტოკრატიული გვარიდან იყო. მიუხედავად ამისა, ბიჭები ბავშვობის ასაკიდანვე ვერ შეეწყვნენ ხასიათებით, ის კი არა, დასანახად არ უნდოდათ ერთმანეთი, თითქოს, რაც ოჯახებს თაობებში ურთიერთსიყვარული დაუთესიათ, მათ გადაუწყვეტიათ ერთი ხელის მოსმით ძირშივე მოსხიპონო ყოველივე. ერთად მოხვედრილები, თითქმის ყოველთვის ჩხუბობდნენ, რაც ხშირად ხელჩართული „ბრძოლითა“ და საერთო ბღავილით მთვარდებოდა. რამდენს არ ცდილობდნენ დამეგობრებული მშობლები, საოჯახო მეგობრული ტრადიციები მათ შვილებსაც გაეგრძელებინათ, მაგრამ ყოველი გარჯა ფუჭი გამოდგა, არაფერი გამოუვიდათ, ბიჭები მაინც ჯიქურად უარყოფდნენ ურთიერთობას.

ასაკის მატებასთან ერთად, დიმასა და ენვერს შორის არსებული ზნეჩვეულებითი შეუწყობლობა სულ უფრო ღრმავდებოდა. მართალია, უწინდელივით, თავპირს არ ამტვრევდნენ ერთმანეთს, მაგრამ საახლობლო ოჯახურ წვეულებებზე შეხვედრილნი, ერთობ ცივად, თითქოსდა ძალდატანებით ურთიერთობდნენ, საერთო დამაკავშირებელს ერთმანეთში ვერ პოულობდნენ. დიმას თავისი შეხედულებები და მისწრაფებები ჰქონდა – იმ დროს ელიტური კასტის წარმომადგენლებს ბაძავდა ქცევასა და საუბარში და საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის მოპოვებაზე ფიქრობდა, ენვერს კი თავისი იდეალები უყალიბდებოდა – შავ, ქუჩურ ცხოვრებას ეტრფოდა და „კანონიერ“ ქურდად გახდომაზე ოცნებობდა. აქედან გამომდინარე, სამეგობრო წრეც პოლარულად განსხვავებული ჰქონდათ. ყოველივე ეს სრულიად შეუძლებელს ხდიდა მათ შორის ურთიერთპატივისცემასა და ახლო ურთიერთობას. ის კი არა, ერთმანეთს ზურგსუკან ხშირად დასცინოდნენ და დამამცირებელი ეპითეტებით ამკობდნენ, ენვერი „ვაკელ სირიკოს“ ეძახდა, დიმა კი – „ვარანცოველ დაუნს“.

ასე იყო თუ ისე, წლების განმავლობაში ვერასგზით შეეთვისნენ ურთიერთს დიმა და ენვერი და როდესაც ორთავეს მშობლებს გადაეწურათ იმედი და ხელი ჩაიქნიეს თავიანთ ამაო რუდუნებაზე, უცნაური განგებისგან მოვლენილმა უცაბედმა შემთხვევამ გადაწყვიტა მათი დაახლოება, შემდგომ კი – დამეგობრება...

ენვერს გუშინდელი დღესავით ახსოვდა ეს ნიშანდობლივი მოვლენა მათ ცხოვრებაში და ჩუღურეთისკენ მიმავალი, სწორედ, ამას იგონებდა ბავშვობისადმი ნოსტალგიისათვის დამახასიათებელი სევდაგარეული ღიმილით.

⚜⚜⚜

ბიჭები მეცხრე კლასს ამთავრებდნენ მაშინ, ახალშეღერებულნი იყვნენ ვაჟკაცობაში. შუა ვარდობისთვე ჰყვაოდა ვარდისფერ თბილისში, გარეთ სახალისოდ იხმობდა დიდსა და პატარას, კაცსა და ქალს. დიმა თავის ორ კლასელ მეტად მოხდენილ გოგონასთან ერთად ლისის ტბაზე იყო ასული სასეირნოდ. საბედისწერო თანხვედრით, ენვერი და ნოდარიც იქ იყვნენ იმ დროს. მათ ახალი გამრუდებული ჰქონდათ ხელი და იქაც საკბილოს დაეძებდნენ. პლაჟზე მისეირნობდნენ, თან თვალ-ყურს ადევნებდნენ უხეიროდ მიყრილ ნივთებს, როდესაც ტბის ნაპირზე გასარუჯად გაშხვართულ დიმასა და მის თანმხლებ გოგონებს გადაეყარნენ. ენვერმა დიმა გადაკოცნა, თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ, გულთბილად მოიკითხა, ნოდარი გააცნო. შემდეგ კი დასცილდნენ და მათ შორიახლოს, ხის ჩრდილში ჩამოსხდნენ, სიგარეტი გააბოლეს.

ნოდარმა ჰკითხა:

– ვინ არის ეს ტიპი, ტო, რაღაც სვეტური ბაზარი ჰქონდა?!

– არი რა, ერთი, სირიკოა ბალანჩივაძე, – აგდებული ტონით მიუგო ენვერმა.

– რავი მე, ტო, მაგარი უვაჟენიით კი ჩაეზდრასტე.

ენვერმა სახე დაიღრიჯა:

– ბიჭო, ჩვენი მშობლები ახლობლობენ, რა და ვინუჟდენი ვარ, წესიერი გამარჯობა ვუთხრა.

ნოდარმა მათ გახედა, ყმაწვილკაცური ვნებანაჯერი მზერით ლამის „შეჭამა“ ნახევრად შიშველი გოგონები და ენვერს მიმართა:

– სირიკო უძახე შენ და ნახე, რა ნაშებთან არი მასტი გაჩითული.

ენვერმა ხელი აიქნია და ისე მიუგო:

– ეგრე, შე ჩემა, ჭაბუკიანიც მაგარ ნაშებთან იჩითება, მარა კაი ბიჭია?

ამ საუბარში იყვნენ, როდესაც დიმას და გოგონებს ავარა ყმაწვილები მიუახლოვდნენ, აშკარად ეტყობოდათ ქცევებსა და საუბარზე, მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, „ნაშები“ დაეწერათ ამ დედიკოს ბიჭისათვის. ორნი დიმას ელაპარაკებოდნენ თავხედურად, ორნიც შეცბუნებულ გოგონებს ეღლაბუცებოდნენ.

ნოდარმა მუჯლუგუნი გაჰკრა ენვერს:

– ჰა, არ ჩავერიოთ, შე ჩემა, იძახი ახლობელი ოჯახიდან არიო?!

ენვერმა ხელით გააჩერა:

– მოიცა, მოიცა, ბოლომდე გაიშიფრონ ეს ჩემისები, რას აპირებენ!

ავარა ყმაწვილები კი ამასობაში აშკარა შეტევაზე გადავიდნენ, ორი მათგანი დაჟინებით ცდილობდა, დიმას გოგონებისგან მოშორებას, „გვერდზე გაყვანას“, ის კი უკან არ იხევდა ჯიქურად, ერთ-ერთის ხელისკვრას ხელისკვრითვე უპასუხა. ამის შემხედვარე, ენვერს სიმპათიაც კი გაეღვიძა მის მიმართ, მყის მუჯლუგუნი გაჰკრა ნოდარს და კბილებში გაცრილად უთხრა:

– იასნია, თავგას, ბესპრედელები არიან, ეს ახვრები, ვესევით!

– ფაიზაყი ხარ, წავედით! – მიუგო ნოდარმა და მიჰყვა მგლურად მომართულ ენვერს.

შენიშნა ენვერმა, ერთ-ერთი იმათგანი დიმასთვის ხელის დარტყმას აპირებდა, შორიდანვე გასძახა:

– რა ხდება, რა ამბავია მაქ?!

საჩხუბრად შემართული ჭაბუკები შეცბნენ ოდნავ, მათკენ მიმავალი ბიჭებისაკენ მიაპყრეს მზერა. ერთ-ერთი გაეპასუხა თავხედური ტონით:

– ე, შენ ვინა ხარ, ტო, ვინ გეკითხება, რა ამბავია?!

უკვე მიახლოებულმა ენვერმა არანაკლები თავხედურობით მიუგო:

– ბიჭო, რომ არ მეკითხებოდეს, მოხალისე კი არა ვარ, სხვის საქმეში ჩავერიო. ჩემი ახლობლები არიან ეს ხალხი და ვხედავ, შტოტა ნი ტო ხდება თქვენი მხრიდან!

იმ ჭაბუკს ირონიულად ჩაეცინა:

– ვა, შენ რა ნასტირნი მასტი ხარ, ტო! ნასტირნი ვიქნები, შენნაირ ბესპრედელნიკებთან, აბა, რა ვიქნები, შენ დედას... – მიაგინა ენვერმა და წამს მოწყვეტილი მუშტი უთავაზა ნიკაპს ქვემოდან, ჰაერში აატრიალა მოქიშპე. ნოდარსაც არ დაუყოვნებია, გასიებული თავით დაეძგერა მის გვერდით მდგომს, მიწა აპოვნინა მასაც...

მოკლედ, ის ზედმეტად მონდომებული ყმაწვილები კარგა გვარიანად გაილახნენ ამ მუშტი-კრივში ენვერს და ნოდარს ხომ ბადალი არ მოეპოვებოდათ ქუჩურ ჩხუბში, მით უმეტეს, რომ არც ათლეტური აღნაგობის კუნთძარღვიანმა დიმამ დაამადლა თავის შეურაცხმყოფლებს კაჟივით მუშტები ცხვირ-პირში, მაგრამ ვერც ბიჭები გადარჩნენ უხიფათოდ, ხელით რომ ვერაფერი მოუხერხეს, ერთ-ერთმა იმათგანმა ენვერი დაჭრა ზურგში ბებუთით.

ჭრილობა ღრმა აღმოჩნდა, ფილტვსაც კი შეეხო, მძიმე მდგომარეობაში იყო ენვერი, თავიდან რეანიმაციაში მოათავსეს, შემდეგ კი, თითქმის ერთი თვის განმავლობაში, იწვა მე-9 საავადმყოფოში, ვაკეში რომ მდებარეობს, სადაც დიმას მამა მუშაობდა ქირურგად. მთელი ამ ხნის განმავლობაში დიმას დედ-მამა და თავად დიმაც თავს დასტრიალებდნენ ენვერს, რაც მკურნალობისთვის იყო საჭირო, ყველაფერს თვითონ უკეთებდნენ, მით უმეტეს, რომ კარგად უწყოდნენ მამაკაცის ხელს მოკლებული ენვერის ოჯახის ხელმოკლეობის შესახებ. საავადმყოფოდან გამოწერილი ენვერი კი ნოდართან და მათ მშობლებთან ერთად შინ მიიწვიეს, ნადიმი გამართეს ამ „ვაჟკაცი ბიჭების“ პატივსაცემად.

ამის შემდეგ ყმაწვილები მეტად დაახლოვდნენ, უერთმანეთოდ თითქმის დღეს არ ტოვებდნენ. დიმა გარკვეულ ვალდებულებასაც კი გრძნობდა მათდამი, განსაკუთრებით ენვერის მიმართ. თითქოსდა უხილავი მშვინვიერი ძაფებით მიეჯაჭვაო მათ. მუდამ მათთან სიახლოვით ყოფნისა და ამ უშიშარი ბიჭების მიბაძვის სურვილი გაუჩნდა ქვეცნობიერ. თავად, ალბათ, ვერც კი ატყობდა მათი შემხედვარე, როგორ ეწყობოდა მისი შინაგანი განწყობა შავქუჩურ წეს-ადათს, როგორ ეცვლებოდა ქცევის მანერა და საუბრის კილო. მართლაც, „ხარი ხართან დააბეს“ და ენვერმა და ნოდარმა მალე თავის ფერსა და ზნეზე გადმოაწყვეს დიმა. არც არის გასაკვირი, რადგან ფარსაგისა და საცდურისაგან უფრო ადვილად მიედრიკება ზრდაუსრულ ჭაბუკთა გონება. ჯერ სასმელს შეაჩვიეს იგი, მასთან ერთად ნარკოტიკების ცრუნეტარების სამსალაც შეასვეს, შემდეგ კი „ქურდულ საქმეზეც“ ააღებინეს გეში. საბოლოოდ „მაგარი მგლური კამანდა“ შეკრეს და „შავი ცხოვრების“ სულთამხუთველ დაღმართში გადაეშვნენ სამივენი სულითა და ხორცით.

სკოლის დამთავრების შემდეგ დიმამ სამედიცინო ინსტიტუტში კი ჩააბარა, მაგრამ ქუჩურ-ქურდული ცხოვრება მაინც არ მიატოვა, განგებისგან ახალმოვლენილ ძმაბიჭებთან ერთად „პრისტუპნიკობდა“, ლოთობდა და ყველანაირად „კაიფობდა“, არც მეძავ დედაკაცებს იკლებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, „ბრადიაგულ“ ცხოვრებას ეწეოდა, ანუ ყველაფერს იმას სჩადიოდა, რაც „შავი გაგების“ ადამიანს „ეკუთვნის“ და „ეკადრება“; ისე ჩაეფლო კრიმინალურ ბოჰემაში, თავის ზნეობრივ დაცემას ვერც კი შეიცნობდა. ასე გაგრძელდა რამდენიმე წელიწადს, მაგრამ საბოლოოდ არც დიმასი და მისი მეგობრების კოკა აღმოჩნდა მუდამ წყლის მომტანი...

მესამე კურსზე იყო დიმა, როდესაც სამივენი ვიღაც გადამყიდველის ბინაში შევიდნენ გვიან ღამით, მისი არყოფნის დროს. ნახალოვკაში მოხდა ეგ ამბავი, საკუთარ დიდ ეზოიან სახლში ცხოვრობდა ის „ბარიგა“. სრულიად შემთხვევით, უძილობით შეწუხებულმა და ბოზობისკენ მიდრეკილმა მისმა მეზობელმა შენიშნა ისინი ბინაში შესვლის დროს და გამალებულ „საქმიანობაში“ გართულ ბიჭებს მილიცია დააყენა თავს. ენვერს იარაღი ჰქონდა, ბევრი აღარ უფიქრია, სროლა აუტეხა მათ. მილიციამ ალყა დაარტყა სახლს და ჩაბარება შესთავაზა, ხუთი წუთი მისცა მოფიქრებისათვის.

– რა ვქნათ, ცაცი, ჩავბარდეთ? – გაბზარული ხმით ჰკითხა ნოდარმა.

ენვერმა მკვეთრად მოხვდა, მკვახედ მიუგო:

– ვის უნდა ჩავბარდეთ, ბიჭო, ძაღლებს?! მე ხიშნიკი ვარ, ბრატუხა, ვიღაც კურდღელი კი არა!

– აბა, რა ვქნათ? – შეეკითხა ახლა დიმა, ოდნავ დამფრთხალი სჩანდა იგიც.

– უნდა გავარღვიოთ და ეგ არი! – უპასუხა მტკიცე ხმით ენვერმა.

– ფანჯრიდან გადავიდეთ და უკანა ბაღით დავაწვეთ, არა? – იკითხა ნოდარმა.

ენვერმა თავი გააქნია, ისე მიუგო:

– არა, ნოდარჩიკ, ბრატ. ყველაზე მეტად მაქედან გველოდებიან, ეგ ბოზები, მაგარი ზასადა ექნებათ მაქ. ჯობია, პირდაპირ კარიდან გავვარდეთ და მარჯვენა მხარეს მეზობლის ეზოში დავაწვეთ ეგრევე. მოჩითული მაქ ეგ ადგილი, ერთი ორმოცი-ორმოცდაათი მეტრი ხშირი ბუჩქებია და ბოლოში ქვის ღობე, ადვილი გადასასვლელი. გული მიგრძნობს, რა, ძმებო, ყველაზე ნაკლებად აქედან ელოდებიან ჩვენს გასვლას. აბა, დავაი, სამამდე ვითვლი და ეგრევე, რესკად გავდივართ, ღმერთი ჩვენკენ!

მეტი აღარ ულაპარაკია ენვერს, პირჯვარი გადაიწერა, სამამდე დაითვალა და მოწყვეტით გავარდა გარეთ, მას მიჰყვნენ დიმა და ნოდარი. მართლაც არ ელოდნენ მზირად მყოფნი მათგან ესოდენ შმაგ საქციელს, მოულოდნელობისაგან დაიბნენ იმ წამს. ამით ისარგებლა ენვერმა, მყის ცეცხლი გახსნა, გზა გაუთავისუფლა უკან მომყოლთ, სამივენი ხშირ ბუჩქნარს შეერივნენ უმალ. ჩასაფრებულნი გონს რომ მოეგნენ, ორი კაცი დაჭრილი ჰყავდათ უკვე. გაავებულებმა სროლა ატეხეს გაქცეულების მისამართით. უკან დადევნებულმა ტყვიამ დიმა დაჭრა ზურგში, ერთი შეჰყვირა და ძირს დაეცა მოწყვეტით. ბიჭებმა მასთან მიირბინეს, ფეხზე წამოყენებას შეეცადნენ, მაგრამ ამაოდ, ავისმანიშნებლად, ბორგვით სუნთქავდა იგი, თითქოს სულს ებრძვისო, თვალებს ატრიალებდა შეუცნობლად. ამ დროს მილიციელთა მხრიდან სროლამაც იმატა ენვერი მიუტრიალდა და რა ტყვიებიც ჰქონდა, დაცალა მათი მისამართით. წამიერად სროლა შეწყდა. ენვერი ნოდარს შემოუტრიალდა და კატეგორიული ხმით უჩურჩულა:

– შენ უნდა დაითესო, ნოდარ, ამას მე მოვუვლი! – რა შეატყო უარის თქმას აპირებდა, დაასწრო.

– რაც უფრო მეტს აგვიყვანენ, მით უფრო ცუდია, ბრატ, ნუ ახურებ ეხლა, დატყდი შუსტრად!

– შენ რაღაზე რჩები? – ჰკითხა ნოდარმა.

– ძაღლებიდან ვიღაცები ნაღდად გავდირკე. ბიჭო, და მაგარი გამწარებულები იქნებიან. ეგ ნაბოზრები. ეს მარტო რომ ნახონ დაჭრილი, შეიძლება ჩაცხრილონ, ორი კაცის დაბრედვას კიდევ მოერიდებიან... ჰა და, ნუღარ მაბაზრებ ამდენს, შე ჩემა, მოიხიე რა! – ამ სიტყვაზე ხელი ჰკრა ნოდარს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი