რომანი და დეტექტივი

საბედისწერო ქალი

№16

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 30.04, 2021 წელი

საბედნიერო ქალი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #11-15(1059)

თამუნას ტკივილი არ განელებია, მთელი გზა კვნესოდა და იკლაკნებოდა სიმწრისგან. თავად შფოთისაგან ოფლნაცვარი დიმა მას ამშვიდებდა:

– ნუ გეშინია, თამუნა, შემოგევლე, მალე მივალთ უკვე და ყველაფერი კარგად იქნება!

ხელში ატატებული შეარბენინა დიმამ თამუნა კლინკიაში. უმალ გასინჯეს ექოსკოპიით, ელენთა აღმოაჩნდა დაზიანებული მუცელში ცემისაგან. დრო აღარ დაუკარგავს დიმას, საოპერაციოში შეაყვანინა მყის, საკუთარი ხელით გაუკეთა ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ კი, თავისი კაბინეტის გვერდით, ერთადგილიან პალატაში დააწვენინა და მთელი ღამე მასთან გაატარა თეთრად.

***

ერთი კვირა დაჰყო საავადმყოფოში თამუნამ. მთელი ამ ხნის განმავლობაში დიმა თავზე დაჰფოფინებდა, ვით უსუსურ ბალღს, საკუთარი ხელით უვლიდა, შინისაკენ გზა მიივიწყა, კლინიკაში ათენ-აღამებდა.

იმავე კლინიკაში ნინელის სკოლისდროინდელი მეგობარი ქალი მუშაობდა ექიმად, თამარი. მან შეატყობინა, სწორედ, დიმას უცაბედი გაუჩინარებით შეშფოთებულ ნინელის – შენმა ვაჟმა საკუთარი ხელით მოიყვანაო ჩვნთან ხორცშესხმული ფერია და ახლა მას ადგიაო დილიდან დილამდე თავს.

ნინელის ორმაგი გრძნობა გაუჩნდა, ამ ამბის შემტყობს. ერთი მხრივ, ქვეცნობიერ არ ესიამოვნა რატომღაც. მეორე მხრივ კი, ეამა კიდეც. ამას ფიქრობდა – იქნება საშველი დაადგეს როგორმე და ოჯახს მოეკიდოს, ოცდაათი წლის კაცი უცოლოდ და უშვილძიროდ როდემდე უნდა იყოსო. ერთი სული ჰქონდა, პირადად დალაპარაკებოდა დიმას ამ საკითხთან დაკავშირებით, ყოველივე დაწვრილებით შეეტყო, იგი კი არა და არ ჩნდებოდა შინ. ნინელის ცნობისწადილმა მოსვენება დაუკარგა, საბოლოოდ მოთმინებამაც უმტყუნა და ერთ მშვენიერ საღამოს თავად ესტუმრა დიმას კლინიკაში.

დიმა შეაცბუნა და დააბნია კიდეც დედის მოულოდნელმა ვიზიტმა, თუმცა ქვეცნობიერ იგრძნო, რომ თამუნასთან იქნებოდა ეს დაკავშირებული. მისალმებაც კი დაავიწყდა, ეს ჰკითხა შფოთნარევი გაკვირვებით:

– რამე ხომ არ მოხდა, დედა?

ნინელიმ მხრები აწურა, სასაყვედურო ხმით მიუგო:

– მეტი რა უნდა მომხდარიყო, ბოჟე მოი, ერთი კვირაა შინ არ გამოჩენილხარ, ტელეფონზეც ხან რეკავ, ხან არა. ამიტომაც გადავწყვიტე, მე თავად გხლებოდი, – ამ სიტყვებზე დიმა გადაკოცნა და მისი საოფისე მაგიდის წინ მდგარ ტყავგადაკრულ სავარძელში ჩაესვენა ნებიერად.

დიმა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ნინელი მხოლოდ მისი ნახვის სურვილმა არ მიიყვანა მასთან. დედას მიუჯდა გვერდით, მხრებზე ხელი მოჰხვია, ლოყაზე აკოცა და ღიმილით უთხრა:

– ახლა პირდაპირ მითხარი, ნინელი, რამ შეგაწუხა, ვაკიდან ამ სიშორეზე მარტო ჩემ სანახავად შენ არ გამოხვიდოდი.

ნინელის ქილიკურად ჩაეღიმა, თვალებმოჭუტვით აათვალიერა დიმა, შეპარული ხმით მიუგო ბოლოს:

– ჩიტმა ერთი ამბავი მომიტანა, დიმაჩკა, კარგია თუ ცუდი ჯერ არ ვიცი, თურმე, აქ კლინიკაში ვიღაც ძალიან ლამაზ გოგოს დასტრიალებ მთელი დღეები თავს...

– ჰო, აი, რაში ყოფილა საქმე! – შესამჩნევი გაღიზიანებით წარმოთქვა დიმამ, – როგორც ჩანს, ჩიტმა კი არა, ქალბატონმა თამარმა გამოგიგზავნა ქსივა!

– რატომ ბრაზობ, დიმაჩკა? თამარა ჩემი დიდი ხნის მეგობარია და გული შესტკივა ჩვენს ოჯახზე, ამიტომაც გამაგებინა ეს ამბავი. რა, არასწორად მოიქცა?.. მეც ძალიან მაინტერესებს, გენაცვალე, ვინ არის ის გოგო, რა ოჯახის შვილია, რატომ ხარ მასზე გადაყოლილი?

დიმა უპასუხოდ წამოდგა, გაღებულ სარკმელთან მივიდა და სიგარეტს მოუკიდა. ერთხანს ფიქრს მიჰყვა, შეაყოვნა პასუხი.

– რატომ დუმხარ, დიმაჩკა, რატომ არაფერს მეუბნები? – ჰკითხა ეჭვიანი გაკვირვებით ნინელიმ. დიმა შემოტრიალდა, მზერა გაუპირდაპირა დედას და დაყვავებით მიუგო:

– მართალი გითხრა, დედა, თითქმის არ ვიცნობ მაგ გოგოს.

ნინელიმ გაოცებისაგან კოხტად მოხატული ფართო თვალები ააფახულა:

– როგორ თუ არ იცნობ?.. ზედ გადაჰყევი მაგ ადამიანს და არ იცნობ?!

დიმას კვლავ გაღიზიანება დაეტყო, ნინელისკენ დაიხარა, ისე უპასუხა ოდნავ მთრთოლვარე ხმით:

– დედა, წარმოიდგინე რა, გზაში მოვდიოდი მანქანით, შემთხვევით ჩემ თვალწინ ადამიანს მუცლის შეტევა დაეწყო, კინაღამ ადგილზე გათავდა, ხომ არ დავუწყებდი დაკითხვას – ვინ ხარ და რომელ კლანს ეკუთვნი-მეთქი?.. ავდექი, წამოვიყვანე კლინიკაში და ვუმკურნალე. რა ნახე ამაში უცხო და საკვირველი?!

ვერ ხვდებოდა ზუსტად ნინელი, რატომ აღიზიანებდა დიმას ამ თემაზე საუბარი, ქვეცნობიერი ჰკარნახობდა მხოლოდ რამ ფარსაგს, თავად დაყვავებით მიუგო:

– ძალიან კარგადაც მოქცეულხარ, დიმაჩკა, მაგრამ ნათესავებისთვის მაინც ხომ უნდა შეგეტყობინებინა მაგ გოგოს ამბავი, რომ მოსულიყვნენ და მიეხედათ თავისი ავადმყოფისათვის. ბოლოს და ბოლოს პატრონი ხომ სჭირდება, სხვა თუ არაფერი?

დიმა კიდევ უფრო გაცხარდა, ხმას აუმაღლა:

– ადამიანი ცუდად იყო, არ გესმის, ნინელი, სასწრაფოდ ოპერაცია სჭირდებოდა და ვიღაც ახვარივით მაგისი ნათესავების ძებნა დამეწყო, ფულს ვინ გადამიხდიდა?!

ნინელიმ კვლავ წყნარად მიუგო:

– ასე რატომ ნერვიულობ, ნამდვილად არ მესმის, დიმა!.. რა თქმა უნდა, შენ ეგრე ვერ მოიქცეოდი, მაგრამ ამდენი დღეა უკვე, აქ არის ეგ გოგო, არც კომაშია ჩავარდნილი და არ ყრუ-მუნჯია, რომ ვერ გამოლაპარაკებოდი. ოპერაციის მერე მაინც ხომ უნდა გაგეგო მისი კოორდინატები და მიგებარებინა თავისი პატრონისთვის...

უცებ, თითქოს რაღაცას მიაგნოო საზრად ნინელიმ, ფეხზე წამოდგა, კატეგორიული ტონით მიმართა ჩაფიქრებით მდგარ დიმას:

– მე შენ ციდან ჩამოვარდნილი არ გეგონო, დიმატრი, მშვენივრად ვხვდები, რომ აქ სხვა რაღაცაშია საქმე, აშკარად რაღაცას მიმალავ! ძალიან გთხოვ, მართალი მითხარი, ვინ არის ის ქალი?

დიმას მოსწყინდა თვალთმაქცობა, ორივე ხელში ჩაეჭიდა დედას, მუდარანარევი ხმით უთხრა:

– მეც ძალიან გთხოვ, რა, დედა, ტყუილს ნუ მათქმევინებ! მაცალე ცოტა ხანი, მე თვითონ გავერკვევი ყველაფერში და მერე შენც აგიხსნი ყველაფერს. ოღონდ ახლა ნუ დამაძალებ, მაინც ვერაფერს გეტყვი!

ნინელიმ შეეჭვებით უცქირა ერთხანს, ბოლოს უთხრა გაფრთხილებით:

– ხარაშო, ძიმოჩკა, კაკ წებია ბუდეტ უგოდნო. ნო სმატრი უ მენია, რამე სისულელე არ ჩაიდინო და საქვეყნოდ თავი არ მომჭრა ამ ხნის ქალს! – ეს თქვა და გავიდა. დიმამ შვებით ამოისუნთქა, თითქოს მძიმე რამ ტვირთი მოიხსნაო.

***

კლინიკიდან გამოწერის დღეს დიმამ მის მიერ შერჩეული მეტად მოხდენილი შესამოსელი და ყვავილობის დიდი თაიგული მიართვა თამუნას. ძალზედ დაამშვენა იგი ელეგანტურმა სამოსმა, ნახევარი საათი მაინც იტრიალა მოსაცდელში სარკის წინ, თითქოს თავნება ნარცისივით ტკბებაო თავისივე თვალწარმტაცი მშვენიერებით. გული რა იჯერა, დიმას მიმართა ღიმილით:

– რა სვეტურად გამომაწყვე, დიმა, ეგრევე იწვები, ვაკელი რო ხარ.

წყენა რომ შეატყო, მყისვე დაუმატა:

– გეხუმრე, დიმკა, რა გჭირს. მართლა დახვეწილი გემოვნება გქონია. ყველაფერი ძალიან კარგია და ძალიან მიხდება. შენი დიდი მადლობელი ვარ ყველაფრისთვის!

ამ სიტყვებზე კისერზე შემოჰხვია თავისი გრძელი, ჩამოთლილი მკლავები, ლოყაზე აკოცა გრძნობიერად...

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მიცკევიჩზე ცხოვრობდნენ დიმა და თამუნა, საქვეყნო საზრუნავს მოწყვეტილნი. მართლაც, დიმასთვის, თითქოსდა, თამუნას გარეშე სხვა სამყარო მოკვდაო, საკუთარი თავიც დაავიწყდა, დედაც და თავისი ავადმყოფებიც. მთელი დღის განმავლობაში ერთი საათი თუ შეირბენდა კლინიკაში, ხელწაკვრით მოაგვარებდა, თუ რამ საჭირბოროტო დაუხვდებოდა და პირველ სიყვარულს ზიარებული გიმნაზისტივით გულაფორიაქებული კვლავ თამუნასთან მიიჩქაროდა. დღედაღამ მასთან იყო, ხელის გულზე ატარებდა, ყველა სურვილსა და კაპრიზს უსრულებდა, თავს დასტრიალებდა, ვით ვარდობის მზით აღტყინებული მამრი ფუტკარი საპატარძლოდ გაფურჩქნულ შროშანს, მაინც ვერ იუნჯა გული მისი ალერსით, მუდმივად მასთან ყოფნის სურვილი სულ უფრო და უფრო უმძაფრდებოდა.

თავად თამუნა გაკვირვებული და შეცბუნებულიც კი ჩანდა თავიდან, თითქოს ვერც კი აცნობიერებდა, რა ხდებოდა მის თავს, პროგრამით მომართულივით მიუყვებოდა მოვლენის დინებას. შემდეგ, თითქოს გონს მოეგოო და გააცნობიერა რეალობა, გასაოცარი განგების უეცარ საჩუქრად აღიქვა ყოველივე ეს და ისე დაეწაფა, ვით სისხლგამომშრალი ალთეა ღვთაებრივ იქორს. ბოლოს კი, თითქოს რაღაც აქამდე განუცდელს, მაგრამ ქალური გუმანით ნაოცნებარს მიაკვლიაო მამაკაცში, გრძნობისმიერი მიზადულობაც კი გაუჩნდა დიმას მიმართ, თავად მასვე აოცებდა ეს მისთვის უცნაური ვნება. ის კი არა, მეწყრისდარად მოზღვავებული გრძნობიერებისაგან სიფრთხილეც კი გაუნელდათ დიმასა და თამუნას, აღარ ერიდებოდნენ მავნე თვალთა ჭვრეტას, დღისითაც თამამად დასეირნობდნენ ქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებში, არად დაუდევდნენ ხალხმრავლობას.

ნინელი ერთობ აღშფოთებული იყო დიმას დაუდევარი, მისადმი უგულისყურო საქციელით. მეტადრე ის აღიზიანებდა, რომ დიმა ტელეფონითაც კი არ ეხმიანებოდა. მიცკევიჩზე მათთან მისვლასაც ერიდებოდა, ნინელის, პირველ ყოვლისა, სიამაყე არ აძლევდა ნებას. იმასაც ფიქრობდა – დიმამ ეს თავის კონტროლად არ ჩამითვალოს, სულ არ გავაფუჭო საქმეო! საბოლოოდ მაინც უმტყუნა მოთმინებამ ნინელის, ბევრი ჭოჭმანის შემდეგ გადაწყვიტა, ენვერს დაკავშირებოდა, მისთვის გაენდო თავისი გასაჭირი, რადგან იცოდა, დიმას დიდი ხათრი ჰქონდა მისი, იგი თუ შეასმენდა გაჯიქებულს რაიმეს. მობილურ ტელეფონზე გადაურეკა.

– გამარჯობა, ენვერ, შვილო, მე ვარ, ნინელი დეიდა!

– გიცანით, ნინელი დეიდა, გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? – მოწიწებით გაეპასუხა ენვერი. ნინელიმ ვერ მოითმინა, გაღიზიანებული ხმით წარმოთქვა:

– როგორ ვიქნები, გენაცვალე, ამ შენი გადარეული ძმაკაცის ხელში, ლამის არის, გული გამისკდეს!

– რა არი, რა მოხდა, ნინელი დეიდა? – შეწუხდა ენვერი. ნინელიმ ამოოხვრას ამოაყოლა პასუხი:

– რაღა რა მოხდა, შვილო, გადაირია, მე მგონი, ეს ბიჭი და ეგ არის! ვიცი, შენი საკუთარი პრობლემებიც გყოფნის, არც უნდა გაწუხებდე, მაგრამ სხვა გზაც რომ აღარა მაქვს, რა ვქნა, ისევ შენ უნდა გაგენდო...

– რას ბრძანებთ, ნინელი დეიდა, რა შეწუხებაა. ხომ იცით, როგორ მიყვარს დიმა და რა დიდ პატივს ვცემ თქვენს ოჯახს. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხში თქვენს სამსახურში მიგულეთ!

– მოკლედ, ენვერ, გენაცვალე, ეს ჩემი დიმა ვიღაც გოგოს არის გადაკიდებული, თან, ეტყობა, სერიოზულად. ქალი როგორ არ ჰყოლია, შემოგევლე, სულ ქალებში არ დაძვრება? ხშირად ყოფილა, რამდენიმე დღე შინაც არ მოსულა, მაგრამ ახლა რომ სჭირს, ასეთი რამე არ დამართნია არასოდეს! ჯერ იყო და ქუჩაში აყვანილი ქალი კლინიკაში მიიყვანა საოპერაციოდ და ზედ გადაჰყვა, მთელი კვირა არ გამოსულა იქიდან, სანამ ის გოგო იქ იყო. ახლაა და მთელი ორი კვირა მიცკევიჩზეა, ახალ სახლში, ისევ იმ ქალბატონთან ერთად. მე საერთოდ არ მენახება, ტელეფონზეც არ მირეკავს, თითქოს აღარ ვარსებობდე ამქვეყნად. შინ ვურეკავ, არავინ იღებს, მობილურზე ვურეკავ, ვერ ვუკავშირდები, ეტყობა, გამორთული აქვს ვაჟბატონს, ვინმემ იდილია რომ არ დაურღვიოს, ან იქნებ, სულაც, ახალი ნომერი აიღო და მე არ მაგებინებს. მე კიდევ გული რაღაც ცუდს მაგრძნობს, ენვერ, შვილო. შენც ხომ იცი, დღევანდელი ქალები რას წარმოადგენენ, რა მაცდურებიც არიან, სულ იმას ცდილობენ, ვინმე ფულიანი გამოიჭირონ. დიმა კიდევ ისეთი გულუბრყვილო და მიმნდობია, ადვილად შეიძლება, ვინმეს მახეში გაებას. ამიტომაც გთხოვ, თუ ჩემი შვილი ხარ, გაარკვიე ერთი, ვინ არის ის ქალი, რას წარმოადგენს, რა კავშირი აქვს დიმას მაგასთან. ხომ იცი, შენ გარდა მაგას არავისი სჯერა, შენ უნდა მიშველო! მე, თუ გინდა, ნურც ნურაფერს გამაგებინებ, ოღონდ კი მაგას დაეხმარე, მართლა რამე ხიფათს არ გადაეყაროს ეგ ბედოვლათი!

– კარგი, ნინელი დეიდა, თქვენ არ ინერვიულოთ და მაგ ამბავს მე გავარკვევ და მოვაგვარებ, პირობას გაძლევთ!

– ჰო, შენ შემოგევლოს ნინელი დეიდა, შენი იმედი მაქვს, იცოდე. მეტს აღარ შეგაწუხებ, თან სალაპარაკოც მითავდება. აბა, კარგად იყავი, შვილო, ღმერთმა ხელი მოგიმართოს და მშვიდობის გზით გატაროს!

– კარგად ბრძანდებოდეთ, ნინელი დეიდა!

„მართალი თქვა ნინელიმ, მაცდურია ის ქალი!“ – გაივლო ფიქრად ენვერმა, დაასრულა რა მასთან საუბარი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი