რომანი და დეტექტივი

საბედისწერო ქალი

№14

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 16.04, 2021 წელი

საბედისწერო ქალი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #11-13 (1057)

დიმა გამოერკვა, თავი ხელში აიყვანა, ტელევიზორი ჩართო და პულტი თამუნას ხელმისაწვდომად მის წინ, ტაბლაზე დადო. თვალი აღარ მიუქცევია მისკენ, ისე მიმართა:

– მომისმინე, თამუნა, აი, იქ, გვერდითა ოთახში სამზარეულოა, გუშინ აქ პატარა წვეულება მქონდა და მაცივარში საჭმელ-სასმელი თავზე საყრელია. თუ შხაპის მიღება მოგინდება, აბაზანა სამზარეულოს უკანაა.

ამ სიტყვებზე ტელევიზორის გვერდით მდგარი კომოდიდან ცელოფნის ლამაზ პარკებში შეფუთული ახალთახალი პირსახოცი და ლურჯი აბრეშუმის ხალათი გადმოიღო და დივანზე დააწყო, თამუნასთან ახლოს. ის კი გაკვირვებული ადევნებდა თვალ-ყურს, ვერ გარკვეულიყო ჯერაც, რას აპირებდა დიმა. მან, როგორც იქნა, გაუსწორა თვალი და განაგრძო:

– ყოველი შემთხვევისთვის, ჩემი მობილურის ნომერსაც დაგიტოვებ, თუ რამეა, სახლის ტელეფონიდან გადმომირეკავ. ბინისა და ჭიშკრის გასაღებებსაც დავტოვებ. როცა დაძინება მოგინდება, გინდა, აქვე დაწექი დივანზე, პლედი მანდვე დევს, გინდა, ზემოთ, სამზარეულოს თავზე პატარა საძინებელია, იქ. არ გეხამუშოს, სუფთა თეთრეულია…

ბოლოს და ბოლოს თამუნა გაერკვა, რომ დიმა წასვლას ეშურებოდა. დივანზე წამოჯდა და გაკვირვებული ხმით ჰკითხა:

– მოიცა, მოიცა, შენ რა, წასვლას და ჩემს აქ მარტო დატოვებას აპირებ?

დიმამ, თითქოს რცხვენიაო თავისი გადაწყვეტილების, თვალი აარიდა, ისე მიუგო:

– ჰო, უნდა წავიდე, თამუნა. კლინიკიდან რომ გამოვდიოდი, დედაჩემს დავურეკე და ვუთხარი, აუცილებლად მოვალ-მეთქი. შეეშინდება, ინერვიულებს…

თამუნას გაკვირვება არ სტოვებდა, ისე ჰკითხა ვნებით ნაბზარი ხმით:

– კი მაგრამ, არ გინდა, ამ ღამეს ჩემთან რომ დარჩე?!

დიმას ცეცხლის ალებად დაუარა სისხლმა სხეულში ქალის გრძნეულ გამოწვევაზე, მაგრამ კვლავ დასძლია თავს, ხმაათრთოლებულმა უპასუხა:

– ვერა, თამუნა, ვერ დავრჩები. ამ საღამოს ძალიან რთული ოპერაცია მქონდა და დილით ადრე უნდა მივიდე კლინიკაში, პაციენტს მივხედო, რამე გართულება არ მოჰყვეს! ამ სიტყვებზე უცბად შეტრიალდა, თითქოს თავისი ნათქვამის გადათქმის ეშინიაო, გასასვლელისკენ დაიძრა აჩქარებით და გაოცებულ ქალს სიტყვა დაუტოვა:

– გამომყევი, ჭიშკარი ჩარაზე!

კართან მისულს თამუნას გაღიზიანებული ხმა წამოეწია, ფეხზე წამომდგარიყო:

– მერე, არ გეშინია, რომ გავწმინდო აქაურობა და დავითესო?!

დიმა წამით შეყოვნდა, შემდეგ თავი მოაბრუნდა, ჩააკვირდა თამუნას ჟივჟავად მოკიაფე თვალებს.

– მაგის რომ მშინებოდა, აქ არ მოგიყვანდი, – ესღა უთხრა და კარი გაიხურა.

⚜⚜⚜

შინ მიმავალ დიმას თამუნას ეშხიანი მწყაზარი სახება და ნაკვთმშვენიერი სხეული არ სცილდებოდა თვალთაგან, მისი გულსალბუნი ხმა ჩაესმოდა, მასზე ფიქრობდა გამუდმებულად. უკვირდა, გულს ეთანაღრებოდა თანაც, ეგზომ ყოვლადშვენებულ ქალში როგორ შერწყაო ბუნებამ ესოდენი უხამსობა და თავხედობა!

შინ მისულმა ფრთხილად გააღო კარი, შეიძლება, დედა ჩაძინებული იყოს და არ შევაწუხოო. ჰოლში საკიდარზე პიჯაკი ჩამოჰკიდა, იქვე სავარძელში ჩაჯდა, სიგარეტს მოუკიდა და გარდამხდარზე მოფიქრემ ნება-ნება დაიწყო წევა. ამ დროს დედის შეშფოთებული ხმა მისწვდა:

– ძიმოჩკა, ეტა ტი?

დიმა საფიქრალიდან გამოერკვა:

– ჰო, დედა, მე ვარ! – გასძახა და ფეხსაცმელებზე თასმების შეხსნას შეუდგა.

– როდის შენ დარეკე, რატომ დაგაგვიანდა? ალბათ, ქალებში გაისეირნე, შე ბაბნიკო!

დიმამ ფლოსტები ამოიცვა და დედის საძინებელთან მივიდა, დაღლილი ხმით უპასუხა:

– არა, დედა, რა მექალება, პაციენტი გახდა შეუძლოდ და იმან შემაყოვნა.

– ა ია ზანერვნიჩალა, მობილურზე დარეკვასაც ვაპირებდი, მაგრამ უცებ ჩამეძინა.

– არ არის არაფერი სანერვიულო, დე, ყველაფერი კარგადაა. უნდა დავიძინო ახლა, თორემ ხვალ ადრიანად ვარ კლინიკაში მისასვლელი, რვის ნახევარზე მაინც უნდა ვიყო ფეხზე.

– კარგი, გაგაღვიძებ… ჰო, მართლა, ის გაფუჭებული ბიჭი თუ იყო შენთან? დღეს დილას გამომეცხადა მოჩვენებასავით. რომ იცოდე, რამდენი ვიტირე.

დიმამ ოხვრას ამოაყოლა თქმული:

– ეჰ, ვნახე, როგორ არ ვნახე. როგორ გგონია, ეგ ჩემთან არ მოვიდოდა?

– რაო მერე, ეშველება რამე ჩემს საქმესო?

– აბა, რა უნდა ეშველოს, არ იცი, რა ამბავიცაა? პანტაპუნტით ყრიან ციხეებში მაგათ, აქლემის ქურდები ნემსის ქურდებს დასდევენ. ერთი შანსი აქვს, რუსეთში ან სხვაგან სადმე გაერიდოს დროებით, სანამ სიტუაცია ჩაწყნარდება.

– სად უნდა გაერიდოს, სად უნდა წავიდეს, სულ ასე გარე-გარე უნდა იწანწალოს მთელი თავისი ცხოვრება?

– აბა, მე რა ვიცი, დედა, მე რა ვუშველო? მაგან ეგ ცხოვრების გზა აირჩია და… – წუხილი ტეხდა დიმას ხმას.

– შინ მაინც ამოგეყვანა ჩვენთან ან საბურთალოზე წაგეყვანა. რას ჭამს, რას სვამს, ღამეს სად ათევს ეგ საცოდავი?

– შევთავაზე, დედა, აბა რას ვიზამდი? მაგრამ, ხომ იცი მაგის ამბავი, კატეგორიული უარი მითხრა, ეგღა მაკლია ჩემ გამო კიდევ რამე შარს გადაეყაროო.

დიმამ შენიშნა, როგორ აულივლივდა დედას თვალებზე ცრემლი, ხმის კანკალით წარმოთქვა:

– კაკოი ონ ბლაგაროდნიი, ბოჟე მოი! რა დიდსულოვანი ადამიანია, ეგ გაფუჭებული ბიჭი. რა ძალა ადგა, ღმერთო ჩემო, რატომ დაადგა ამ ეკლიან გზას? პატარაობიდანვე რა ნიჭიერი იყო, სწავლაში ყველას გჯობნიდათ. რა ოჯახის შვილი, რა დედ-მამის პატრონი, რა აღზრდილი. ყველაფერში ბეჯითი იყო, არაფერზე დაგზარდებოდა. წიგნები როგორ უყვარდა?.. გახსოვს, წყნეთში რომ ვისვენებდით ერთად, ჯერ კიდევ მეხუთე კლასში იყავით, ღამეებს ათენებდა ხოლმე წიგნის კითხვაში. მერე კი აჰყვა ქუჩის ბიჭებს და აერია ყველაფერი, მაგას შემოევლოს ნინელი დეიდა.

დიმას გაღიზიანება დაეტყო:

– ჰო, კაი, დედა, მე და შენ მაგ ამბავს ვეღარაფერს ვუშველით და როდემდე უნდა იგლოვო ეგ კაცი? მე ვუთხარი ენვერს, თუ სადმე დააპირებ გამგზავრებას, ფულით დაგეხმარები-მეთქი, მეტი რა ვქნა?

– რაო, მერე? – გაფაციცდა ნინელი, – ხო იცი, ეგ რა ამაყია?

– ერთი-ორი აუცილებელი საქმე მაქვს აქ მოსაგვარებელი და მერე მართლა უნდა გავერიდო აქაურობასო.

– ძიმოჩკა, პამაგი ემუ, დარაგოი, დაიყაბულე, აიძულე ბოლოს და ბოლოს, რომ მართლაც წავიდეს სადმე, იქნება, როგორმე გადაურჩეს ამ დომხალს. მაგი რომ კიდევ ციხეში მოხვდეს, საცოდავი დედამისი ნამდვილად ვეღარ გადაიტანს ამ ამბავს. მარტო დედამისი კი არა, მეც ვეღარ გადავიტან, ხომ იცი, როგორ მიყვარს ეგ მართლაც გაფუჭებული ბიჭი?

დიმას ნელ-ნელა გული უწუხდებოდა:

– რამეს ვიღონებთ, დედა, აბა, ისე ხომ არ იქნება? ახლა კი უნდა დავიძინო, თორემ დილას მართლა ვეღარ ავდგები. ღამე მშვიდობისა! წარმოსთქვა მოწყვეტით, შეტრიალდა და საძინებლისკენ გაეშურა ფეხაჩქარებით. დედის ხმა მისწვდა:

– ძილი ნებისა, ძიმაჩკა!

⚜⚜⚜

დიმას თამუნაზე ფიქრით ჩაეძინა და სიზმრადაც თამუნას სახება აელანდა მეგზურად, ზმანება ეჩვენა ფერად ფარსაგი. ის და თამუნა მრავალფერადი ყვავილებით მოფარდაგებულ ზურმუხტისდარად ალივლივებულ მოლზე მოსეირნობდნენ ჩახუტებულნი, ზღაპრულ ჩიტთა გალობა ისმოდა ირგვლივ, ლაჟვარდი ცა დაჰნათოდათ თავზე… უცბად მოიქუფრა ირგვლივ, მათ ზემოთ მუქრუხმა ღრუბლებმა იწყეს საავდროდ მოკრება, დააჭნეს ყვავილთა სილამაზე, ზურმუხტის მოლიც ტალახოვან ქვა-ღორღად იქცა. თითქოს რაღაც უხილავმა ნეგატიურმა მუხტმა მოსწყვიტაო, მყისიერად განშორდნენ დიმა და თამუნა ერთურთს. მათ შორის საშინლად მახინჯი ორსახა დაბალნული არსება დაილანდა, ერთი იერი ალისფერი თვალებით ასხივებდა მრუმედ, ხოლო მეორე კუპრისფერს აფრქვევდა გარემოს, ორნივ ჯოჯოხეთურ ხარხარში ერთვოდნენ ურთიერთს… უცებ მიწამ იწყო პირის გახსნა მათ ქვე, მის დაღებულ ხახაში ინთქმებოდნენ დიმა და თამუნა, ერთმანეთს უხმობდნენ, ერთმანეთისკენ იწვდიდნენ ხელებს, მაგრამ ამაოდ, უფრო და უფრო შორდებოდნენ ერთურთს. უცბად ენვერი გაჩნდა მათ შუა, სპეტაკი შესამოსელით შემოსილი, გაარღვია მრუმი სიშავე, ორსახა ქტონური იერიც განქარდა უმალ. მისანდოდ მოღიმარმა ცალ-ცალი ხელი გაუწოდა ორივეს ენვერმა, მოუხმო თვისკენ. დიმა და თამუნა მის ძლიერ მკლავებს ჩაეჭიდნენ. ენვერს ნელ-ნელა ამოჰყავდა წელამდე სკვარამში დაძირულნი, საბოლოოდ დაიხსნა უფსკრულში დანთქმისგან. ამოსვლისთანავე, კვლავ ზეცისფერი ცა შეიკრა მათ თავს ზემოთ, ძერისფერი ღრუბლების ნაცვლად ახალმოპენტილი თოვლის მსგავსმა ქულებმა გააცისკრეს იქაურობა, ქვა-ღორღიც ზურმუხტოვანი მოლით შეიფერა ისევ, მრავალფერადი ყვავილებით მოიხატა უმალ, თითქოს ზღაპრულ ჩიტთა ტკბილ-ჟღერადობაში დაინთქაო ჯოჯოხეთური ხარხარიც. ენვერი კი აღარსად ჩანდა, კვლავ დიმა და თამუნა შთენილიყვნენ მარტოდ, ერთმანეთს თითქოსდა სამუდამოდ ჩახვეულები…

დილაადრიან თავად გაეღვიძა დიმას, ოფლით დაცვარულს, ძლივს გამოერკვა ძილ-ბურანისგან. ნაჩქარევად ჩაიცვა, ყავა დალია და კლინიკისკენ გაეშურა უმალ. გზადაგზა ამას ფიქრობდა – ნეტავი რას უნდა ნიშნავდესო ეს უცნაური ავკარგი ზმანება?

ვერაფრით დაუდო გული მუშაობას, გულიც და გონებაც თამუნასკენ ჰქონდა მოწყვეტილი. საღამოსთვის ერთი მეტად საჭირო ოპერაცია ძლივს დაასრულა, ნინელისთან დარეკა მაშინვე – დღეს ღამე შემაგვიანდებაო, ალბათ – და კარგა ხნის გადავიწყებული ყმაწვილკაცური აღტყინებით გაეშურა თამუნას სანახავად.

ეზოს ჭიშკარი დაკეტილი დაუხვდა, ბინის კარიც. გულმა რეჩხი უყო დიმას, მართლა ხომ არ აასრულაო თავისი წუხანდელი დანაქადი ამ შმაგმა დიაცმა. მაგრამ ბინის კარი რომ შეაღო, დაწყნარდა, თამუნა ჯერ კიდევ მძინარე დაუხვდა, დივანზე მიწოლილი. ხალათმოსხმულს პლედი გადაეფარებინა და ისე ჩასძინებოდა. ხალათის ანაკვეთებიდან გულისმიმღებად მოუჩანდა ქანდაკად ჩამოქნილი ბარძაყები და ხორბლისფრად მოლივლივე ძუძუ-მკერდი… მის წინ ტაბლაზე ნახევრამდე დაცლილი ჯინის ბოთლი და სიგარეტის ნამწვავებით გადავსებული საფერფლე იდგა.

დიმამ ნამწვი სამზარეულოში გაიტანა, იქვე მდგარ სანაგვეში ჩაყარა. ყველგან ფანჯრები გამოაღო, თითქოს შინ დავანებულ ღამისეულ სიმძიმეს სდევნისო. შემდეგ სავარძელში ჩაეშვა, სიგარეტს მოუკიდა და ისეთი გაფაციცებული სიამოვნებით დაუწყო ცქერა არშიგ-მონადირებული ჯიქივით გაშხვართულ თამუნას, თითქოს ხელოვნების მოთაყვანე ათვალიერებსო რომელიმე გენიოსი შემოქმედის უნიკუმ შედევრს.

თამუნამ უთუოდ ქვეცნობიერ იგრძნო მისი დაჟინებული ვნებით ნაჯერი მზერა. შეიშმუშნა, თვალები დააფახულა, გაარჩია მის წინ მჯდომი დიმა.

– ვა, დიმკა, მოხვედი უკვე? – გაეხმიანა გაღიმებული, დაამთქნარა და გაიზმორა დაურიდებლად. ლურჯად-გამჭოლ აბრეშუმის ხალათში გახვეულს კიდევ უფრო მკაფიოდ და მიმზიდველად გამოუჩნდა სხეულის ყოველი ნაკვთი, საამურად აჩქერებული სისხლის ტალღამ ნეტარების ბურუსში წალეკა დიმა, ვეღარ მოსწყვიტა თვალები ქალის წარმტაც მშვენებას. ბოლოს, როგორც იქნა, დასძლია თავი, წამოდგა და არეული ხმით ჰკითხა:

– როგორ ხარ, თამუნა, როგორ გეძინა?

– გამოვიძინე, როგორც იქნა, – უპასუხა თამუნამ მომნუსხველი ღიმილით, დივანზე წამოჯდა და ხალათის კალთები შეისწორა მეძავდიაცთათვის ჩვეული გამომწვევობით.

– აუ, როგორ მშია, ამის დედა ვატირე, – თქვა მან და სიგარეტს მოუკიდა, – თავიც ამატკივა ამ ჯინმა, ჯობდა, „თბილისური“ დამელია.

– არ გიჭამია გუშინ? – ჰკითხა დიმამ.

– არა, ვერა ვჭამე, მაგრა ვიყავი განერვიულებული, ლუკმა არ გადამივიდა პირში. ვანაში წყალი გადავივლე, მერე ვსვი და სიგარეტი მოვწიე ბლომად, ვერც კი გავიგე, როდის ჩამეძინა, ახლა კი ისე ვარ, ალბათ, ხუთი კაცის საჭმელს შევჭამ.

– ჰო და წავიდეთ მაშინ, სადმე რესტორანში ვივახშმოთ, – შესთავაზა დიმამ.

თამუნამ გაოცებით შეხედა:

– რა თქვი, ვივახშმოთო? აუ, ჩემი, რამდენი მძინებია, ტო, – წარმოთქვა მან და ფანჯარასთან მიირბინა მკვირცხლად, თითქოს სურს, თავად დარწმუნდეს დიმას სიტყვების სისწორეშიო. მას მიუბრუნდა იჩქით:

– ერთი წუთი დამელოდე, დიმკა, ვანაში წყალს გადავივლებ, ცოტა აზრზე მოვალ და მერე სადაც გინდა, იქ წავიდეთ, – ეს უთხრა და აბაზანისკენ გაიჩქარა. უცებ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, შემოუტრიალდა და სთხოვა:

– ოღონდ ისეთ ადგილას წავიდეთ, ძალიან რომ არ იყვირებს, მეშინია, ვინმემ არ მიცნოს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი