რომანი და დეტექტივი

ს ქ ე მ ა

№52

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 07.01, 2022 წელი

სქემა
დაკოპირებულია

– ჩემს სიგნალზე შევდივართ. მანამდე კი არც გაფაჩუნდეთ, – თქვა მურთაზ ხოხონაშვილმა და დაამატა, – სიგნალია „წინ“!

მურთაზ ხოხონაშვილი უშიშროების სპეცრაზმის მოიერიშეთა ქვედანაყოფის უფროსი იყო, პოლკოვნიკის ჩინით. 20 მაისი ღამდებოდა და მისი ოცეული ბიზნესმენ კამო მინასიანის კარ-მიდამოს შემორტყმოდა ავლაბარში და უფროსის ბრძანებას რაციებით ელოდნენ. უცებ მინასიანის სახლიდან ავტომატის ჯერის ხმა გაისმა, ერთი ტყვია თემურ თოიძეს მოხვდა და ადგილზევე მოკლა. თემური თამარ, იგივე თაკო, თოიძის ტყუპისცალი იყო და და-ძმა განსაკუთრებულად გამორჩეული სპეცრაზმელები იყვნენ. ამ ოპერაციაზეც ისინი ერთად იყვნენ. თემოს რომ ტყვია შუბლში მოხვდა, თაკომ უმალვე გაიაზრა, რომ ძმა მოუკლეს. ამიტომ სიგნალს არ დალოდებია, საფარიდან გამოვარდა და მინასიანის უზარმაზარი სახლისკენ სროლით გაიჭრა. გოგონას დანარჩენი 18 კოლეგაც უკან მიჰყვა. სპეცრაზმელები ჩაბნელებულ სახლში შეიჭრნენ და სინათლე რომ აანთეს, იატაკზე უსულოდ მწოლარე, 40 წლის კამო მინასიანი დაინახეს. მასპინძელი ტრუსებისა და მოკლემკლავიან მაისურისამარა იყო და სხეული სულ დაცხრილული ჰქონდა. მის გვერდით, „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი ეგდო. თაკო თოიძემ ერთხანს უყურა მინასიანს, შემდეგ მას სახეზე დააფურთხა, ეზოში დაბრუნდა, თავის ტყუპისცალს ჩაეხუტა და მწარედ ატირდა.

სახლში მყოფმა პოლკოვნიკმა ხელქვეითებს უბრძანა, რომ სამსართულიანი სახლი გულდასმით გაეჩხრიკათ, მაგრამ ყველაფერი ადგილზე დაეტოვებინათ. შემდეგ კი ოპერატიული სამმართველოს უფროსს დაურეკა და უთხრა:

– „არარატა“ შემოგვაკვდა. თაკომ დაცხრილა. მანამდე კი მან სახლიდან ცეცხლი გაგვიხსნა და თემო თოიძე მოგვიკლა.

– გასაგებია, გამოვდივარ, – თქვა უჩა გოგლიძემ და ტელეფონი გათიშა.

შუაღამე გადასული იყო. ავლაბარში კამო მინასიანის, იგივე „არარატას“, კერძო კარ-მიდამო, ქართველი ძალოვნებით იყო სავსე. იქ იმყოფებოდნენ როგორც პროკურატურისა და კრიმინალისტიკური სამსახურის მაღალჩინოსნები, ასევე უშიშროების ხელმძღვანელობა. არ ჩანდა მხოლოდ მინისტრი, რომელიც საქმიანი ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა და მეორე დღეს, 22 მაისს უნდა დაბრუნებულიყო თბილისში. შემთხვევის ადგილზე, რა თქმა უნდა, ტელეჟურნალისტებს მოეყარათ თავი და მინიმუმ ათიოდე არხს პირდაპირი ჩართვა ჰქონდა და ამ შემთხვევას ყველა თავისებურად აშუქებდა. ჟურნალისტთა დაჟინებული მცდელობების მიუხედავად, კომენტარს არავინ აკეთებდა და ეს კიდევ უფრო მეტი ჭორისა და ფანტასტიკური ვერსიების საბაბს იძლეოდა.

სინამდვილეში კი, ყველაფერი უცებ მოხდა. უჩა გოგლიძემ მურთაზ ხოხონაშვილს დაავალა, რომ „არარატას“ კარ-მიდამოს შემორტყმოდა გარს და როგორც კი კამო მინასიანი გამოვიდოდა, აეყვანათ, მისი სახლი კი გაეჩხრიკათ.

– მაინც, რა ხდება, ბატონო უჩა? – დაინტერესდა ხოხონაშვილი. გოგლიძემ კი განუმარტა:

– დიდი რაოდენობით ჰეროინი უნდა გადასცეს სომეხ დიპლომატს და ეს ინფორმაცია ამ წუთას მივიღე. აი, ამიტომ გაჩქარებთ, ჩემო მურთაზ და შენი იმედი მაქვს.

მინასიანის კარ-მიდამოში მისულ გოგლიძეს ხოხონაშვილმა მოახსენა:

– სახლის ჩხრეკისას შავი დიპლომატი ვიპოვეთ და მასში, სავარაუდოდ, ოცი „პაჩკა“ ჰეროინია. აქვეა „კალაშნიკოვიც“, რომლითაც, სავარაუდოდ, თემო თოიძეა მოკლული. ჩემებმა აღმოაჩინეს გვირაბიც, რომელიც სარდაფშია და დაახლოებით 50-60 მეტრის სიგრძის უნდა იყოს.

– კარგი, გასაგებია, – თავი დაუკრა გოგლიძემ ხოხონაშვილს და გენერალურ პროკურორთან მივიდა, რომელიც თავის თანამშრომლებს მითითებებს აძლევდა.

***

40 წლის კამო მინასიანი, იგივე, „არარატა“ ძველი თბილისელი, ავლაბარში დაბადებული და გაზრდილი კაცი იყო. მამამისს, ცნობილ „საპოჟნიკ“ ვალოდას, ავლაბრის მეტროს წინ „ბუტკა“ ჰქონდა. დედამისი კარინა კი ტორტების უზადო მცხობელი იყო და „ზაკაზები“ ყელამდე ჰქონდა. ბავშვობაში კამო კარგი ფეხბურთელი იყო. ერევნის „არარატში“ თამაშზე ოცნებობდა და ამხანაგებმა მას „არარატა“ შეარქვეს. ჭაბუკობის პერიოდში კამომ ძველბიჭობა დაიწყო. პაპიროსს პაპიროსზე აბოლებდა. ვარჯიშის დროს კი „დიხანია“ აღარ ჰყოფნიდა და ფეხბურთსაც შეეშვა. თუმცა, ფულის შოვნის ჟინი მოეძალა, „საპოჟნიკობა“ იუკადრისა და ბიზნესმენობა გადაწყვიტა. მას ამაში დროც დაეხმარა. საბჭოთა კავშირი დაიშალა და „არარატამ“ მოსკოვს მიაშურა. იქ „ორიოდე კაპიკი“ იშოვა. ისევ მშობლიურ თბილისს დაუბრუნდა და ნელ-ნელა ბიზნესიც ააწყო. ჯერ „ბუტკებით“ დაიწყო, შემდეგ პატარ-პატარა მარკეტები გახსნა. ვარდების რევოლუციის დროს „მაყუთი“ ჩადო და გაუმართლა კიდეც „ვლასტი“ რომ შეიცვალა, კამო უკვე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელს ფლობდა. ავლაბარში კი მოზრდილი მიწის ნაკვეთი შეიძინა და ფეშენებელური სახლი აიშენა, თან 23 წლის რუს მოდელზე იქორწინა, რომელიც მოსკოვიდან ჩამოიყვანა. თან, მმართველი პარტიის მესვეურებს „ჩაუბრატდა“. სრული ბედნიერებისთვის „არარატას“ შვილი უნდოდა, მაგრამ ტანია გრიშინა მოდელის კარიერით იყო დაკავებული და ქმარს შეუთანხმდა, რომ შვილს 5 წლის შემდეგ გაუჩენდა. იმ ღამეს, როდესაც „არარატას“ სახლში სპეცრაზმი შეიჭრა, ტანია სხვა, კორპუსის ფეშენ-ბინაში იმყოფებოდა და მხოლოდ მეორე დღეს შეიტყო ქმრის დაღუპვის ამბავი. თავის ჩვენებაში გრიშინა წერდა: „კამომ მთხოვა, რომ მეორე სახლში წავსულიყავი და დამესვენა, რადგან მალე დიდი ჩვენება მქონდა და პოდიუმისთვის უნდა მოვმზადებულიყავი. ჩემმა მეუღლემ ეს ასე განმიმარტა: საყვარელო, ძალიან სერიოზული საქმიანი შეხვედრა მაქვს. ბევრი ხალხი მეყოლება, ვიხმაურებთ და არ დაგაძინებთ. შენ კი პოდიუმისთვის უნდა მოემზადო“.

„არარატას“ საქმეს გენერალური პროკურატურა იძიებდა და მას გენპროკურორი პირადად კურირებდა. ჟურნალისტებს კი ინფორმაციები დაუხურეს და ეს იმით ახსნეს, რომ გამოძიების მასალები სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნდამენტურ საიდუმლოებებს შეიცავდა. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა მდგომარეობა და ჟურნალისტებს მეტი ჭორების საბაბი მისცა. საქმე კი ის იყო, რომ მინასიანის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა იატაკქვეშა ტერორისტული ორგანიზაციის საიდუმლო საბუთები. მასში ეწერა, რომ საქართველოში მოქმედ საიდუმლო ანტიქართულ ჯგუფებს უნდა დაეხოცათ ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების სხვადასხვა პირი, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში ხელის შემშლელ ადამიანებად მიაჩნდათ. იმ საბუთებში თეთრზე შავით ეწერა, რომ მიზნის მისაღწევად და ფინანსების მოსაპოვებლად ყველაფერზე „მოაწერდნენ“ ხელს, მათ შორის ნარკოვაჭრობაზეც. „არარატას“ სახლში აღმოჩენილ დიპლომატში 10 კილოგრამი სუფთა ჰეროინიც იპოვეს. საიდუმლო საბუთებში მითითებული იყო იარაღის ოთხი საიდუმლო არსენალის სამარხების შესახებ და ეწერა, რომ ეს იარაღები გამოყენებული უნდა იქნას ტერაქტებისა და აჯანყებისთვისო. საბუთებში აღმოჩნდა, აგრეთვე, საიდუმლო ორგანიზაციის წევრთა ასოცკაციანი სია. უმეტესი მათგანი სომეხთა კომპაქტური დასახლების რაიონებში ცხოვრობდა. უშიშროებამ ოთხივე იარაღის სამარხი აღმოაჩინა და იქ მართლაც დიდი რაოდენობით, მრავალდანიშნულებიანი იარაღი აღმოჩნდა. საიდუმლო ორგანიზაციის სიაში მითითებულ ადამიანებზე კი ფარული თვალთვალი დაწესდა. უშიშროებამ მთელი ეს ღონისძიება მინისტრის თბილისში დაბრუნებამდე განახორციელა. ხოლო მინისტრი რომ დაბრუნდა და მომხდარზე მოახსენეს, პირველ რიგში, უჩა გოგლიძე დაიბარა და უთხრა:

– მომახსენეთ, პოლკოვნიკო, რა ხდება. საიდან სადაო. „არარატა“ რატომ დაიღუპა?

უშიშროების ოპერატიული სამმართველოს უფროსი მინისტრს გამოეჯგიმა და უთხრა:

– ბატონო მინისტრო, ყველაფერი ერთი ინფორმაციით დაიწყო და მოულოდნელად განვითარდა. ჩემმა წყარომ, გენო ჯანგირაშვილმა მაცნობა, რომ „არარატამ“ სომხეთის საელჩოს თანამშრომელს ჰეროინი უნდა გადასცესო. მე კი მასთან სპეცრაზმი გავაგზავნე და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა. მინასიანმა სპეცრაზმელი მოგვიკლა. მისმა დამ კი მინასიანი ჩაცხრილა. ჰეროინიც ვიპოვეთ და უფრო მეტიც. „არარატა“ ანტიქართული საიდუმლო ორგანიზაციის ერთ-ერთი მეთაური და ტერორისტი აღმოჩნდა.

– ეგ ჯანგირაშვილი ვინღაა? – იკითხა მინისტრმა.

– ნარკობარიგა და ნარკომანი, – მიუგო გოგლიძემ.

– დაჰკითხეთ?

გოგლიძემ თავი გააქნია და უთხრა:

– სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. ეგ ჯანგირაშვილი „პერედოზიროვკით“ გარდაიცვალა. ჩვენები რომ მის ბინაში მივიდნენ, გარდაცვლილი დახვდათ.

– კარგი. თავისუფალი ხარ, – უთხრა მინისტრმა გოგლიძეს და კაბინეტიდან გაისტუმრა.

როგორც კი ოპერატიული სამმართველოს უფროსი წავიდა, მინისტრის დასასვენებელი ოთახიდან ორმოცდაათიოდე წლის ხმელ-ხმელი, მაღალი კაცი გამოვიდა. მინისტრის პირდაპირ მოკალათდა და სიგარეტი უხმოდ გააბოლა.

– რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, მისტერ ფიშ, ჩვენი საუბრიდან. უფრო სწორად კი, გოგლიძის მოხსენებიდან? – ჰკითხა მინისტრმა კევინ ფიშს, რომელი „ეფბეერის“ კოორდინატორი იყო საქართველოში. იმავდროულად კი, უშიშროების მინისტრის საიდუმლო მრჩევლის როლს ასრულებდა.

„ეფბეერის“ კოორდინატორი პასუხის გაცემას არ ჩქარობდა და სიგარეტს უხმოდ აბოლებდა. ბოლოს, ნამწვი საფერფლეში ჩაასრისა და მინისტრს უთხრა:

– ვფიქრობ, რუსებმა ოპერაცია „კავკასია“ გაააქტიურეს. მთელი ეს ამბავი კი გადამწყვეტი დარტყმის მოსამზადებლად სჭირდებათ.

– რატომ ფიქრობთ ასე? – ჰკითხა მინისტრმა. ფიშმა კი უპასუხა:

– ასეთია ჩვენი ანალიტიკური ჯგუფის წინასწარი დასკვნა, ბატონო ლევან და მეც ამ აზრზე ვარ. „ეფესბე“ ძალიან ეშმაკურ, შორსმიმავალ კომბინაციას უნდა ატრიალებდეს და ძალიან დიდი ყურადღება და გონიერება გვმართებს.

– კონკრეტული ფაქტები თუ არის, – თქვა მინისტრმა.

– ვფიქრობ, რომ „არარატას“ მკვლელობაა კონკრეტული ფაქტი, – თქვა ფიშმა. თავი დააქნია და დაამატა, – როგორც წინასწარი მოკვლევიდან ჩანს, მინასიანი ურთიერთსროლისას კი არ დაღუპულა, ის მოკლულია.

– წინასწარი მოკვლევისას? – გაიმეორა მინისტრმა.

– დიახ. დიახ, ლევან. ჩვენმა ჯგუფმა მინასიანის დალუქულ სახლში ფარულად შეაღწია და იმავე ღამეს საკუთარი მოკვლევა ჩაატარა, ნამდვილი „ფებეერული“ მოკვლევა და მთელი თავისი ანალიზი, სწორედ, მასზე ააგო, – თქვა ფიშმა და დაყოლა, – ფანჯარაზე, საიდანაც სროლა განხორციელდა ქალის თმაა ნაპოვნი, რომელიც ტანია გრიშინას, ანუ „არარატას“ ცოლს ეკუთვნის. ჩვენი ვარაუდი კი ასეთია: გრიშინა სახლში იყო და სწორედ მან გაისროლა და მოკლა თემო თოიძე. თან თავის ქმარსაც გაუხვრიტა შუბლი. შემდეგ კი გვირაბით გაიქცა და ჩვენებაში დაწერა, სხვა სახლში ვიყავიო. ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და კარგად შეასრულეს კიდეც. ჩვენი აზრით, გრიშინა „ეფესბეს“ აგენტია და მათ დავალებას ასრულებს. მთელი ეს ანტისახელმწიფოებრივი მაკულატურაც მისი დადებული უნდა იყოს. ხოლო აღმოჩენილი იარაღის სამარხები კი – „ეფესბეს“ მიერ მოწყობილი.

მინისტრი ძველი გამომძიებელი იყო, ამიტომ არ გასჭირვებია სწორი კითხვის მოძებნა და ფიშს უთხრა:

– თუ თქვენი ვარაუდი სწორია, მაშინ მინასიანის სახლიდან წამოსვლის მერე გრიშინა ფეშენ-კორპუსის ვიდეოკამერას უნდა დაეფიქსირებინა. იმ დროს, როდესაც ის სახლში შევიდა.

– მართალს ბრძანებთ, ლევან. ჩვენ შევამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ კადრები წაშლილია. ხოლო ვიდეოკამერებზე პასუხისმგებელი პირი კი მეორე დილით გულის შეტევით გარდაიცვალა. ხომ ხვდებით, რაშია საქმე?

– გამოდის, რომ ფირი წაშალეს, ხოლო მოწმე კი თავიდან მოიშორეს.

– სწორედაც რომ, – თქვა ფიშმა და დააყოლა, – უახლოეს საათებში „კრაზანასგან“ ახალ ინფორმაციებს ველოდებით, რაც ჩვენს საქმეში მეტ სიცხადეს შემოიტანს. „კრაზანა“ კი ჩვენი წყაროა მოსკოვში და მნიშვნელოვანი ინფორმაციებით გვამარაგებს.

– გამოდის, რომ ახალი პროვოკაცია აქ მზადდება, – თქვა მინისტრმა. ფიშმა კი თავი გააქნია და მიუგო:

– მარტო აქ არა, არამედ მთელ კავკასიაში. თუმცა საქართველო ამ მოვლენების ცენტრშია. რუსებმა ტყუილად როდი უწოდეს თავიანთ გეგმას „კავკასია“. სწორედ რომ, აქაა ძაღლის თავი დამარხული და უნდა ვიყოჩაღოთ. რუსების ერთ-ერთი ბურჯი საქართველოში უჩა გოგლიძეა და „არარატას“ ნაწილში სწორედ მასზე ააგეს ოპერაციის ეპიზოდი.

– მესმის, – თავი დააქნია მინისტრმა და ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს. ერთკვირიანი პაუზის შემდეგ დაარღვია საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა და გააბოლა, შემდეგ კი განაგრძო, – უშიშროების ოპერატიული სამმართველოს უფროსი რომ მტრის დაზვერვის აგენტი იქნება, რაზეა ლაპარაკი.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი