რომანი და დეტექტივი

ოსტატური მახე

№22

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 11.06, 2021 წელი

ოსტატური მახე
დაკოპირებულია

კოკი პაიკიძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში იჯდა და პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენდა. დროგამოშვებით კი „ლეპტოპში“ იყურებოდა და წინა დღის შემოსავალს ითვლიდა. 

კოკი ბოსტნეულის ერთ-ერთი მსხვილი შემომტანი და რეალიზატორი იყო. დიდი „მაყუთი“ ჰქონდა. პარლამენტში მოსახვედრად „მსხვილი კუში“ გაიღო. ეს კი იმისთვის სჭირდებოდა, რომ თავისი ბიზნესი დაეცვა. პარლამენტარი პაიკიძე, ძირითადად, ზომიერი ადამიანი იყო. არც ზოგიერთი კოლეგის მსგავსად „მუნჯი“ და არც დიდად აქტიური. არაერთი თავისნაირის მსგავსად წუწურაქსაც ვერ დაარქმევდი და, როგორც თავად ამბობდა, ზომიერი ქველმოქმედებისთვის თანხების გაღება არ უჭირდა.

კოკი პაიკიძეს ცხოვრებაში „ოქროს შუალედი“ ჰქონდა მოძებნილი, რასაც დროდადრო მისი მექალთანეობა არღვევდა. კოკი არასოდეს ყოფილა გულგრილი სუსტი სქესის მიმართ და მრავალი „ნაშის“ პარალელურად, სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან 25 წლის ვაჟი – ჯანო ჰყავდა. მეორე ქორინებიდან – 2 წლის კოკიტო. მესამე ცოლი – სონა კი სულ რაღაც 6 თვის მოყვანილი ჰყავდა, რომელმაც მეუღლე დაიყოლია, რომ 2 წელი შვილს არ გააჩენდა – 25 წლის სონას მოდელის კარიერის აწყობა სურდა. 43 წლის კოკი დიდი ყოყმანის შემდეგ დათანხმდა 18 წლით უმცროსი მეუღლის თხოვნას. მაგრამ შეუთანხმდა, რომ სონა მხოლოდ ისეთი სამოსის დემონსტრირებაში მიიღებდა მონაწილეობას, სადაც სხეულის გარკვეული ადგილების სიშიშვლეს არ მოსთხოვდნენ. ერთი სიტყვით, შეთანხმება შედგა და ორივე მხარე კმაყოფილი იყო.

სონა ნელ-ნელა მიიწევდა ზევით კარიერულ კიბეზე და ამაში მას კოკის ფულები ეხმარებოდა. თავად კოკის კი ისე ჰქონდა აწყობილი ბიზნესი, რომ მიუხედავად იქიდან ფორმალური გამოსვლისა, რადგან პარლამენტარებს ასეთი საქმიანობა ეკრძალებოდათ, შემოსავალი ეზრდებოდა. მოდავეც არავინ ჰყავდა. გვერდით უფროსი ვაჟი ედგა. უმცროსს კი, რომელიც დედამისთან ცხოვრობდა, პრინცივით ზრდიდა და არაფერს აკლებდა. ერთი სიტყვით, კოკი წარმატებული ადამიანი იყო, ოდიოზურთა რანგში არ გადიოდა და მოყვარე ბევრად უფრო მეტი ჰყავდა, ვიდრე მაგინებელი.

პრეზიდენტი უკვე საათნახევარი ლაპარაკობდა და ნახევარ დარბაზს ჩამოეძინა. კოკისაც დაამთქნარა და ამ დროს უხმოზე დაყენებული მობილური აციმციმდა. ჯანო რეკავდა. კოკიმ ზარი გათიშა და შვილს მისწერა – პრეზიდენტს ვუსმენ და თუ რამე მნიშვნელოვანია, მომწერეო. ჯანომ უმალვე უპასუხა – პარლამენტის უკანა შესასვლეთან გელოდები და სასწრაფოდ გამოდიო. კოკის გული აუჩქარდა, რადგან მიხვდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა. ნივთები აალაგა და პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. ორიოდე წუთის შემდეგ კი უკვე ჯანოს გვერდით, მანქანაში იჯდა.

– რა მოხდა? – ჰკითხა უფროს ვაჟს შეშფოთებულმა.

– კოკიტო მოიტაცეს, - უპასუხა მამას ჯანომ.

– როგორ?

– კლავდია პეტროვნა ასეირნებდა იპოდრომის ტერიტორიაზე და იქიდან წაიყვანეს. ძიძა კი გათიშული იპოვეს და ახლა საავადმყოფოშია. ტვინის შერყევა აქვს. გამტაცებლებმა სვეტას დაურეკეს. სვეტამ კი მე გადმომირეკა და შენი მოძებნა მთხოვა.

– პოლიციას შეატყობინეს?

– სვეტასთვის უთქვამთ გამტაცებლებს, ძაღლები არ ჩარიოთ, თორემ ბავშვს მოვკლავთო.

– სად წევს კლავდია პეტროვნა?

– რესპუბლიკურში მიუყვანიათ.

– როდის გაიტაცეს კოკიტო?

– დაახლოებით ნახევარი საათის წინ.

– კარგი. დაქოქე და რესპუბლიკურში წავიდეთ, ჩქარა! კლავდია პეტროვნა უნდა ვნახოთ. ექიმები პოლიციას შეატყობინებდნენ და ძიძას რომ დაჰკითხავენ, კოკიტოს გატაცების ამბავს გაიგებენ, რაც არ გვაწყობს. იქნებ მოვასწროთ და ძიძას პოლიციაზე ადრე დაველაპარაკოთ, – უთხრა კოკიმ ჯანოს და უფროსმა ვაჟმა მანქანა ადგილიდან დაძრა.

ათიოდე წუთის შემდეგ პაიკიძეები უკვე რესპუბლიკური საავადმყოფოს მისაღებში შედიოდნენ. იქვე იდგა საპატრულო მანქანაც და მამა-შვილი მიხვდა, რომ პოლიცია მათზე ადრე მივიდა.

– მთავარია, ძიძა არ ჰყავდეთ ჯერ დაკითხული, გადაუჩურჩულა კოკიმ ჯანოს და ლიფტი გამოიძახა.

ნეიროქირურგიულ განყოფილებაში რომ შევიდნენ, კოკიმ ორი პოლიციელი დაინახა, რომლებიც დერეფანში იდგნენ. კოკიმ შვილს უთხრა:

– მე მგონი, კლავდია პეტროვნა ჯერ არ დაუკითხავთ და პოლიციელები ექიმების მანიპულაციების დასრულებას ელოდებიან. შენ ამთთან შეჩერდი და დაელაპარაკე, რომ დრო გავწელოთ. მე კი ძიძას ვნახავ, თუ რა თქმა უნდა, შეიძლება.

– კარგი, – მიუგო ჯანომ მამამისს. წინ წავიდა და პოლიციელებთან გაჩერდა. კოკიმ კი გზა გააგრძელა და ექიმებისთვის განკუთვნილ ოთახში შევიდა.

სულ რაღაც ორმოციოდე წამში კოკი უკან გამოვიდა, მას განყოფილების უფროსიც გამოჰყვა. მილიონერი პარლამენტარი ექიმებმა იცნეს და დაამშვიდეს, რომ მის ნათესავ ქალბატონს (კოკიმ ექიმებს კლავდია ივანოვნა ახლო ნათესავად გააცნო) საშუალო სიმძიმის ტრავმა ჰქონდა გონების მცირეხნიანი გათიშვით. კოკიმ ისიც შეიტყო, რომ პოლიციელებს ქალი ჯერ არ ჰყავდათ დაკითხული და განყოფილების გამგეს უთხრა:

– თუ შეიძლება, რომ კლავდია პეტროვნას პირისპირ დაველაპარაკო?

– რა თქმა უნდა, ბატონო კოკი. პრობლემა არაა, – მიუგო მას განყოფილების გამგემ და პარლამენტარს თავად გამოჰყვა.

ძიძას ჭრილობა უკვე გაკერილი ჰქონდა და მკურნალი ექიმი პოლიციელების დაძახებას აპირებდა. განყოფილების უფროსმა კი ის გააჩერა და უთხრა:

– ჯერ ბატონი კოკი გაესაუბრება პაციენტს და რომ მორჩება, პოლიციას მერე დაუძახეო.

კოკი პაიკიძე ათიოდე წუთი ელაპარაკა კლავდია პეტროვნას. ძიძამ ზუსტად მოუყვა, რაც მოხდა და ბოლოს უთხრა:

– კლავდია პეტროვნა, ძვირფასო, საყვარელო, კრინტი არ დაძრათ პოლიციასთან კოკიტოს გატაცების შესახებ, თორემ მას მოკლავენ. ამიტომ პოლიციას უთხარით, რომ იპოდრომზე სუფთა ჰაერზე სეირნობდით, ვიღაცამ უკნიდან თავში ჩაგარტყათ და ოქროს ძეწკვი გაგტაცათ. არ დაგავიწყდეთ, რომ კოკიტო არ უნდა ახსენოთ.

– ჩემი სიკვდილი, კოკი, ჩემი სიკვდილი, – ქვითინებდა 50 წლის ძიძა, – ბავშვი როგორ გამტაცეს მე სასიკვდილეს, როგორ? რა თქმა უნდა, არაფერს ვიტყვი და როგორც დამარიგე, ისე მოვიქცევი.

– კარგი, კლავდია პეტროვნა, დამშვიდდით. მე აქ ვიქნები. პოლიციელები რომ წავლენ, სახლში მიგიყვანთ და მომვლელს დაგიქირავებთ, – უთხრა კოკიმ ძიძას და დაამატა, – უარი არ თქვათ, საავადმყოფოში წოლას სახლში მშვიდად და კარგად ყოფნა ჯობია.

კოკი რომ სამანიპულაციოდან გამოვიდა, პოლიციელები იხმო და უთხრა:

– მეგობრებო, კლავდია პეტროვნა ჩემი ახლო ნათესავია. ვიღაც გარეწარს თუ გარეწრებს, თავში ჩაურტყამთ, გაუთიშავთ და მისთვის ოქროს ძეწკვი წაურთმევიათ. კლავდიას მძარცველები ვერ დაუნახავს. ძალიან სუსტადაა და, გთხოვთ, ძალიან ნუ გადატვირთავთ. მე აქ ველოდები, რომ სახლში წავიყვანო.

– დიახ, ბატონო კოკი, გასაგებია. ათ წუთში დავასრულებთ. ოქმს შევადგენთ და გამოვუშვებთ, – უთხრეს კოკი პაიკიძეს პოლიციელებმა და სამანიპულაციოში შევიდნენ.

სანამ პოლიციელები ძიძას ჰკითხავდნენ, კოკიმ ექიმს სთხოვა, ვინმე ექთანი ხომ არ იცოდნენ, ვინც კლავდიას მოვლას შეძლებდა. ექიმმა პატარა ფურცელზე დაწერილი ტელეფონის ნომერი გამოუტანა და კოკიმაც მაშინვე დაურეკა. შეუთანხმდა და უთხრა, გამოგივლითო, ხოლო დაკითხვა რომ დასრულდა, მამა-შვილმა ძიძა სახლში წაიყვანა. გზად მომვლელ ექთანს შეუარეს და თან გაიყოლეს. დაზარალებული რომ დააბინავეს და კოკიმ მომვლელს წინასწარ გადაუხადა ფული, თან ერთი იმდენიც გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის დაუტოვა, ძიძას გამოემშვიდობა და ჯანოსთან ერთად, თავისი მეორე ცოლის სახლში გაემართა. მანამდე კი სვეტას უთხრა, რომ დალოდებოდა და მის გარეშე არაფერი მოემოქმედებინა.

***

სვეტა 26 წლის იყო, კარგი გარეგნობით გამოირჩეოდა და ღირსება სახეზე ეწერა. მიხვრა-მოხვრა და საუბარიც არისტოკრატული ჰქონდა და ასეთი რომ იყო, სწორედ ამიტომ არ აპატია კოკის სონასთან ღალატი და მას ყოველგვარი სკანდალის გარეშე გაშორდა. მამა-შვილი რომ მივიდნენ, სვეტამ ხაზგასმული ღირსებით უთხრა ყოფილ ქმარს:

– ათიოდე წუთის წინაც დამირეკეს და გამიმეორეს – ძაღლებს თუ გააგებინებთ, ბავშვს მოვკლავთო. მერე კი დაამატეს, ჩვენს პირობებს ბარათიდან შეიტყობთ, რომელიც იპოდრომზე, დიდი სიპი ქვის ქვეშ დევსო.

მამა-შვილი უხმოდ, ფეხით გაემართა მითითებულ ადგილზე და ათ წუთში დაბრუნდნენ. შუაზე გახეულ თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი იყო, რომ გამოსასყიდად მილიონ დოლარს ითხოვდნენ და რომ გადაუხდელობის შემთხვევაში ბავშვს მოკლავდნენ.

– სულ ესაა? – მხრები აიჩეჩა ჯანომ. სვეტამ კი უთხრა:

– წინასწარ მოგვამზადეს და ალბათ, დარეკავენ.

ქალს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მისმა მობილურმა დარეკა.

– გისმენთ, – უპასუხა ქალმა.

– წერილი წაიკითხეთ? – იკითხა უცნობმა მამაკაცმა.

– დიახ. ბავშვის მამაც აქაა, – მიუგო სვეტამ.

– დამალაპარაკე.

სვეტამ კოკის გადასცა ტელეფონი და პარლამენტარმაც უპასუხა:

– გისმენთ.

– იხდი ფულს?

– დიახ, ვიხდი. მაგრამ კოკიტო დამალაპარაკეთ, – რაც შეეძლო, მშვიდად თქვა კოკიმ.

– გამორიცხულია. მაყუთს რომ მოიტან, დაგიბრუნებთ და რამდენიც გინდათ, ელაპარაკეთ ერთმანეთს, – თქვა უცნობმა.

– სად და როდის უნდა მოვიტანო ფული? – იკითხა კოკიმ.

– დაგირეკავთ და გეტყვით. მაგრამ იცოდე, თუკი ამ საქმეში ძაღლებს ჩარევ, შენს შვილს ცოცხალს ვერ ნახავ. აბა, წავედი, – თქვა უცნობმა, მაგრამ კოკიმ უთხრა:

– ერთი წუთით – ფულს, რა თქმა უნდა, მოგცემ და ყველა თქვენს მოთხოვნას შევასრულებ. მთავარია, შვილი დამიბრუნოთ და თქვენს ძებნაზე არც კი ვიფიქრებ. მაგრამ, კოკიტოს თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს თავიდან, მთელ ჩემს ქონებას დავხარჯავ თქვენს მოსაძებნად და პირადად ნამდვილი სადისტივით გაგისწორდებით.

– კარგი, კარგი, ნუ იმუქრები. თუკი ჩვენს პირობას შეასრულებ, არც ჩვენ ვავნებთ შენს შვილს რამეს. დროებით! – თქვა უცნობმა და ტელეფონი გათიშა.

– სვეტა, სანამ გამტაცებლები დარეკავენ, რომ აქ დავრჩე წინააღმდეგი იქნები? – უთხრა კოკიმ ყოფილ ცოლს.

– არა. ეს აუცილებელია და უნდა დარჩე, – თქვა სვეტამ.

– მადლობა, – მიუგო კოკიმ და გარეთ გასვლა დააპირა, რომ სონასთვის დაერეკა და კოკიტოს ამბავი ეთქვა, მაგრამ სვეტამ ყოფილ ქმარს უთხრა:

– თუ შენს ცოლს ურეკავ, გარეთ გასვლა არ გინდა. მე გავალ ოთახიდან და დარეკე.

სვეტა გავიდა. მას ჯანოც მიჰყვა. კოკიმ კი სონას დაურეკა და უთხრა:

– სონიკო, საყვარელო, ჯერჯერობით სახლში ვერ მოვდივარ. სერიოზული საქმე გამომიჩნდა და შეიძლება, აქ დავრჩე.

– სად აქ, კოკინო. ხომ არ ნაშობ? – იკითხა სონამ.

– რა მენაშება. სერიოზული საქმე მაქვს და ტელეფონით ვერ გეტყვი. ჯანო მოვა და ყველაფერს მოგიყვება.

– კოკინო, რაღაცას მიმალავ. სად ხარ და რა ხდება? – ხმა გაიისტერიულა სონამ.

– სახლში ხარ? – იკითხა კოკიმ.

– კი.

– ჰოდა, ჯანოს დაელოდე. ოც წუთში მოვა და ყველაფერს მოგიყვება. არ ინერვიულო. წავედი, – თქვა კოკიმ და ტელეფონი გათიშა. შემდეგ ჯანო მიიხმო. ათი წუთი ესაუბრა ვაჟს და გაისტუმრა. თავად კი ტელეფონზე დარეკა და რომ უპასუხეს თქვა:

– ვატო, მე ვარ.

– გისმენ, კოკი. როგორ ხარ? – კითხვა შეუბრუნა კოკის ვატომ, რომელიც პაიკიძის ბავშვობის ძმაკაცი იყო.

– ცოტა ხანში ჯანო დაგირეკავს. შეხვდი და მოუსმინე, – თქვა კოკიმ.

ვატო უშიშროების ყოფილი ოფიცერი იყო და მიხვდა, რომ რაღაც მოხდა, რადგან კოკიმ მას ასე მოკლედ და კონკრეტულად უთხრა. ამიტომ მიუგო:

– კარგი, ველოდები.

უშიშროების ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი ორგანოდან წამოსვლის შემდეგ ბიზნესით იყო დაკავებული. მას თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობები და სხვა საშუალებები შემოჰქონდა, ყიდდა და ამონტაჟებდა. მას შესაბამისი მაღაზია და პროფესიონალთა შტატი ჰყავდა. კოკიმ გადაწყვიტა, რომ ამ საქმეში, სწორედ, ვატო დაეხმარებოდა. ჯანოს დაწვრილებით აუხსნა, თუ რა უნდა ეთქვა მისთვის და შვილი ძმაკაცთან გაისტუმრა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი