რომანი და დეტექტივი

ორმაგი მმართველი

№21

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 05.06, 2021 წელი

ორმაგი მმართველი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #19-20(1064)

შეიძლება, იმ გოგოს ახლობლებმა ან, სულაც ქმარმა მოკლა ისინი.

– ქმარი არ ჰყავდა, ახლობლებმა – შეიძლება, – თქვა ნოემ.

ლიკას, რა თქმა უნდა, მეტის გაგება უნდოდა, მაგრამ კითხვებისგან თავი შეიკავა. საუბრის თემა შეცვალა და ნოეს უთხრა:

– ნოიკო, შეიძლება, ერთი რამ გთხოვო?

– რაც გინდა, ლიკუნა, გისმენ.

– ნოიკო, მე ძალიან მეუხერხულება და არ შეგიძლია, რომ შენს მეუღლეს სთხოვო, თავის წიგნებზე ავტოგრაფი წააწეროს. არავის ვანახვებ და საიდუმლოდ შევინახავ. ამ დღეებში ყველა წიგნს ვიყიდი და სადაც დამიბარებს, იქ მივაკითხავ.

– რას ამბობ, რას ჰქვია, იყიდი. ახლავე ათივე წიგნს გაჩუქებს წარწერებით, – თქვა ნოემ. შემდეგ მეუღლესთან მივიდა, ლიკას სურვილი გადასცა და სთხოვა, რომ მისთვის ყველა თავისი წიგნი ეჩუქებინა, ავტოგრაფით.

ნოეს მეუღლემ სიამოვნებით შეასრულა ქმრის თხოვნა და ოცი წუთის შემდეგ ლიკას წარწერით – „ძვირფას, საყვარელ ლიკუნა მონიავას – პავლე გორელისგან“ – ათივე წიგნი ჰქონდა.

სუფრა გვიანობამდე გაგრძელდა და ლიკა რომ წასასვლელად მოემზადა, ლამის პირველი საათი შესრულდა.

– აბა, წავედი, ძვირფასებო. დღეიდან ხშირად გინახულებთ ხოლმე. ნახვამდის, – თქვა ლიკამ და ყველას სათითაოდ გადაეხვია. გასვლისას ნოემ უთხრა:

– მანქანამდე ჩაგაცილებ.

– თუ არ შეწუხდები, – მიუგო ლიკამ, ყველას ხელი დაუქნია და ბინიდან გავიდა.

ნოე ლიკას გაჰყვა. მათ მდუმარედ იმგზავრეს ლიფტით და როდესაც ლიკა მანქანაში ჯდებოდა, ნოემ მას ჰკითხა:

– ლიკუნა, საყვარელო, ხომ მშვიდობა გაქვს?

– რას გულისხმობ, ნოიკო?

– იქნებ ვცდები, ლიკუნა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ჩემთვის რაღაცის თქმა გინდოდა და არ მითხარი.

ლიკას უარი აღარ უთქვამს. სევდიანად გაუღიმა და უპასუხა:

– ჰო, რაღაცის თქმა მინდოდა, მართალი ხარ, ნოიკო.

– მერე, მითხარი. არ გრცხვენია? ჩემი გერიდება?

– არა, ნოიკო, არ მერიდება. მარტო მე არ მეხება ეს და კონსულტაცია მჭირდება. ალბათ, გეტყვი. ოღონდ მოგვიანებით.

– კარგი, საყვარელო, როგორც შენ გინდა. მე ყველაფერში გვერდით დაგიდგები და შენთვის თავსაც გავწირავ, – უთხრა ნოემ ლიკას და დაამატა, – მაინც, რას ეხება, თუ საიდუმლო არაა?

– უშუალოდ შენს სამსახურს, – თქვა ლიკამ და დააყოლა, – ჯერჯერობით სულ ესაა. ამ დღეებში მე თვითონ დაგიკავშირდები. ნახვამდის.

ნოე სახლში დაბრუნდა. ლიკა კი ნახევარი საათის შემდეგ უკვე თავის ბინაში იყო და ყველაფერს ბენოს უყვებოდა.

– ესე იგი, ყველაფერში დაგეხმარებიო? – თქვა „ჭოტმა“, როდესაც ლიკამ თხრობა დაასრულა.

– კი, და, დარწმუნებული ვარ, რომ უარს არაფერზე მეტყვის. შენ გარეშე მაინც არ ვუთხარი ეს ამბავი. მე მგონი, სასწრაფოდ უნდა დაველაპარაკოთ. – მტკიცედ თქვა ლიკამ. ბენომ კი მხრები აიჩეჩა და უთხრა:

– რა ვიცი, მაინც პოლიციელია და რამდენად სანდოა? თანაც, ეს ამბავი უშუალოდ შენ ხომ არ გეხება?

– რას ჰქვია, არ მეხება. აბა, ვის ეხება, საყვარელო? ნოეს ძალიან ვუყვარვარ და თავის სიტყვას არ გადავა.

– ჰო, მაგრამ, როდესაც ჩემ შესახებ შეიტყობს, შეიძლება, არც არაფერში დამეხმაროს. შენ მისი ძმის ცოლი იყავი. მე კი ვინ ოხერი ვარ ნოესთვის? ოთხჯერ ნასამართლევი რეციდივისტი, რომელიც მის ყოფილ რძალთან წევს. ეს უფრო უარყოფითად იმოქმედებს ამ საქმეზე.

ლიკამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და „ჭოტს“ უთხრა:

– ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენ ხომ მართლა უდანაშაულო ხარ და „გიჩალიჩებდნენ“. აქედან გამომდინარე კი, ნოე ვალდებულია, სიმართლე გაარკვიოს და მერწმუნე, გაარკვევს კიდეც.

– ყველაფერი, კარგად უნდა მოვიფიქროთ. ავწონ-დავწონოთ და ისე ვიმოქმედოთ. პატარა „იაღლიშიც“ რომ მოგვივიდეს, ჩემი ოხერი თავი – ჯანდაბას, მაგრამ შენც ძალიან დიდ ხიფათში გაეხვევი და სწორედ, ამის მეშინია.

– გარწმუნებ, რომ საშიში არაფერია. მით უმეტეს, ჩემთვის. ხომ გითხარი, რომ ჩემ გამო ნოე ყველაფერზეა წამსვლელი და დაგვეხმარება, – უფრო მეტი დამაჯარებლობით თქვა ლიკამ. „ჭოტმა“ კი დააყოლა:

– და, მაინც, ჯერჯერობით თავი შევიკავოთ ნოესთვის ამის თქმისგან და ყველაფერი კარგად გავიაზროთ. ორი-სამი დღე მოვიცადოთ. იქნებ რაიმე ჩვენს სასიკეთოდაც კი შეიცვალოს.

– კარგი, როგორც შენ იტყვი, ისე მოვიქცეთ, – მიუგო ბენოს ლიკამ.

***

ლიკამ და ბენომ ორი დღე ფიქრსა და სხვადასხვა ვარიანტების განხილვაში გაატარეს, მაგრამ ვერ გაარკვიეს, ეთქვათ, თუ არა ყველაფერი ნოესთვის. უფრო სწორად, „ჭოტი“ ყოყმანობდა, თორემ ლიკა თავიდანვე მზად იყო, რომ დახმარებისთვის მისი ყოფილი მაზლისთვის მიემართა. მესამე დღე რომ გათენდა, ლიკამ ბენოს უთხრა:

– რას იტყვი, საყვარელო, არ ვუთხრათ ნოეს?

– მოდი, დღესაც ვიფიქროთ და ხვალ დილით გადავწყვიტოთ ყველაფერი. კარგი?

– კარგი, – თქვა ლიკამ. ამ დროს მისმა მობილურმა დარეკა და ქალმა უპასუხა:

– გისმენთ.

– ქალბატონ ლიკა მონიავას ვესაუბრები? – მოესმა ინგლისურად მოლაპარაკე მამაკაცის ხმა ლიკას.

– დიახ.

– მე არნოლდ კოში ვარ, შეერთებული შტატების საელჩოდან. ორი თვის წინ თქვენ პროექტი შემოიტანეთ ჩვენთან სახელწოდებით – „რეაბილიტაციის პროცესის დახვეწა მძიმე ქირურგიული ტრავმების შემდგომ პერიოდში“. სწორს ვამბობ?

– დიახ, მისტერ კოშ.

– ქალბატონო ლიკა, გაცნობებთ, რომ თქვენმა პროექტმა მოწონება დაიმსახურა და საგრანტო სიაში მოხვდით. ამიტომ ჩვენთან უნდა მობრძანდეთ, რომ გაგეცნოთ და პირადად გაგესაუბროთ.

ლიკას სახეზე გაკვირვება გამოეხატა და ბენოს შეხედა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა და ტელეფონში თქვა:

– სად და როდის უნდა მოვიდე, მისტერ კოშ?

– შეერთებული შტატების საელჩოში. ზუსტად ერთ საათში. ახლა ათია და თეთრმეტზე გელოდებით. შეძლებთ?

– რა თქმა უნდა, მისტერ კოშ.

– იცით, სადაა ჩვენი საელჩო?

– დიახ.

– კარგი. გელოდებით. თქვენს სახელზე საშვს დავუშვებთ. შეხვედრამდე.

– შეხვედრამდე, მისტერ კოშ, – თქვა ლიკამ და ტელეფონი გათიშა, შემდეგ კი მობილურში კონტაქტების თვალიერებას შეუდგა და ლინაზე გაჩერდა. ის ის იყო, უნდა დაერეკა, რომ ბენომ ჰკითხა:

– თუ სწორად მივხვდი, შენმა პროექტმა გაიმარჯვა და ამერიკის საელჩოში დაგიბარეს?

– ჰო, – უპასუხა ლიკამ და ლინასთან დარეკა, მაგრამ ვერ დაუკავშირდა, ლინას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. შემდეგ კი ბენოს უთხრა:

– არ მოიწყინო, წავალ და ვეცდები, მალე დავბრუნდე.

– კარგი, გელოდები, – მიუგო ლიკას „ჭოტმა“ და კარამდე მიაცილა.

ლიკა სწრაფად დაეშვა კიბეებზე, თან ლინაზე ფიქრობდა. ლინა მისი დაქალი იყო, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შეატყობინა, შტატების საელჩომ პროექტების დაფინანსება დროებით შეაჩერაო. და რადგან საელჩოში ლინასაც ჰქონდა შეტანილი პროექტი, უნდოდა, მისთვის ეთქვა, საელჩოდან დამირეკეს და დამიბარესო. ლიკამ „ჯიპი“ ადგილიდან დაძრა და საელჩოსკენ გაემართა. დაახლოებით, ოციოდე წუთის შემდეგ, როდესაც თითქმის მისული იყო, მობილურზე თავად ლინამ დაურეკა და უთხრა:

– მირეკავდი, ლიკუნა?

– ჰო, ლინა, გირეკეავდი. კოშმა დამირეკა შტატების საელჩოდან და მითხრა, რომ ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა და იქ მივდივარ. შენთვისაც ხომ არ დაურეკავთ? – თქვა ლიკამ.

– ლიკუნა, ალბათ, ვიღაცა წაგეკაიფა, ხომ გითხარი, რომ პროექტების დაფინანსება შეჩერებულია. კოში კი უკვე სამი დღეა, შტატებში გაემგზავრა, – უთხრა ლინამ.

ლიკას თავში დაჰკრა. ლინას ტელეფონი გაუთიშა, მანქანა სასწრაფოდ შემოატრიალა და სახლისკენ გააქროლა. რამდენიმეჯერ საცობში გაიჭედა და ორმოცი წუთი დასჭირდა უკან დასაბრუნებლად. ოთახში რომ შედგა ფეხი, ტახტზე შუბლგახვრეტილი ბენო დაინახა, რომელიც სისხლის გუბეში იწვა. ლიკა მაგიდასთან ჩაიკეცა და ათიოდე წუთი არ განძრეულა. შემდეგ ძალები მოიკრიბა და ნოეს დაურეკა.

– გისმენ, ლიკუნა, – უპასუხა ნოემ.

– ნოიკო, შეგიძლია, ჩემთან მოხვიდე?

– რა პრობლემაა, როგორ არა.

– მაშინ, რაც შეიძლება, მალე მოდი.

– მოხდა რამე?

– რომ მოხვალ, გეტყვი.

– ათ წუთში შენთან ვარ, თქვა ნოემ და ტელეფონი გათიშა.

ნოემ ზუსტად ათი წუთის შემდეგ შეაბიჯა ლიკას ბინაში და მაშინვე იკითხა:

– ხომ მშვიდობაა, ლიკუნა?

ლიკა ნოეს სასტუმრო ოთახში შეუძღვა, მოკლულ ბენოზე მიანიშნა და უთხრა:

– აი, შეხედე.

– პოლიცია უნდა გამოვიძახოთ. შენ დაჯექი და სული მოითქვი. მე კი ახლავე დავრეკავ, – თქვა ნოემ.

– ნოე, ეს ხომ შენი ბრძანებით მოხდა? ყველაფერს მივხვდი. სახლიდან იმიტომ გამიტყუეთ, რომ ეს ბოროტება ჩაგედინათ. მე კი, ალბათ, იმიტომ დამინდე, რომ ოდესღაც შენი ძმის ცოლი ვიყავი, – თქვა ლიკამ.

ნოემ პისტოლეტი მიუშვირა ლიკას და უთხრა:

– შენ თვითონ გამოუწერე შენს თავს სასიკვდილო განაჩენი. მე შანსი დაგიტოვე, შენ კი არ გამოიყენე და ეს ინფორმაცია საფლავში უნდა ჩაიტანო.

– რა ინფორმაცია, ნოიკო? ის მაინც მითხარი, ვინ ხარ და რას საქმიანობ.

– უშიშროების პოლკოვნიკი ვარ და მაფიის შეფი, ერთი სიტყვით, ორი სამყაროს მმართველი ვარ და ვინც წინ დამიდგება, თავიდან ვიშორებ. ახლა შენი რიგია. არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ საკუთარი თავი და ოჯახი შენზე მეტად მიყვარს. ბოდიში, ლიკუნა, – უთხრა ნოემ ლიკას. მაყუჩიანი პისტოლეტი მიუშვირა და სასხლეტის გამოკვრა დააპირა. ლიკამ კი ირონიით გაიცინა და ნოეს უთხრა:

– დანაშაულს დანაშაულს ნუ დაუმატებ.

– რას გულისხმობ?

– ჩემს მკვლელობას.

– ვინ გაიგებს, რომ? აქ ჩვენ მეტი არავინაა, – თქვა ნოემ. ლიკამ კი მიუგო:

– უკან გაიხედე, ნოიკო. წიგნების კარადაში რომ ტელეფონი დევს, ჩართულია და უკვე ნახევარი საათია ყველაფერს უსმენენ. პოლიცია, ალბათ, უკვე გზაშია და აქედან რომ გაიქცე, მაინც ვერსად დაემალები. გაიგე ახლა?

ნოემ წიგნების კარადასთან მიირბინა და ტელეფონი შეამოწმა. ხოლო, როდესაც ლიკას სიტყვების სისწორეში დარწმუნდა, იქვე, კუთხეში ჩამოჯდა და თავი ჩაღუნა. ამ დროს კარზე ბრახუნის ხმა გაისმა და მამაკაცის ხმამა დაიქუხა:

– გააღეთ პოლიციაა!

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი