ნოკაუტი
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 20.07

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“#26 (1279)
მართალია, „ხუცო“ ქურდი აღარ იყო, მაგრამ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. „სროკზე“ კი იმის გამო წავიდა, რომ შვილიშვილის ნაგლი „პაკლონიკი“ სცემა და სამი წლით ჩასვეს. ხუცოს „დავევასე“, დამიახლოვდა და დაწვრილებით გამომკითხა ყველაფერი. ყურადღებით მომისმინა და მკითხა:
– ჩემოდნით სახლიდან წამოხვედი, ხომ?
– დიახ.
– შენ ჩაალაგე ნივთები?
– დიახ.
– შანსი არ იყო, რომ ჩემოდანთან სხვას ჰქონოდა წვდომა?
– გამორიცხულია. კარადაში მქონდა შენახული. მარტო ვცხოვრობ. ჩემთან არავინ მოდის ისეთი, რომ კარადიდან ჰეროინის ჩასადებად ჩუმად გამოიღოს ჩემი ჩაკეტილი ჩემოდანი.
– ესე იგი, აეროპორტშია ნაჩალიჩევი, საბაჟოზე.
– ალბათ.
– შენი აზრით, ვის რა ინტერესი უნდა ჰქონოდა შენ მიმართ?
– არავისთვის არაფერი დამიშავებია.
– კონკურენტებს ვგულისხმობ.
– არა. მე რუსეთში მივფრინავდი ხუთწლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად.
– ესე იგი, ის პაკეტი ჯერ კიდევ ექსპერტიზაზე არ იყო გაგზავნილი, რომ იმ ბონდომ თქვა, ასი გრამი მაღალკონცენტრირებული ჰეროინიაო?
– დიახ.
– ეგეც საქმეშია და წამოსცდა. კანონითაც არ აქვს ამის უფლება, სანამ ექსპერტიზის პასუხი არ იქნება. ეგ ბონდო პოლკოვნიკი და უშიშროების ჯგუფის უფროსი იყო, ხომ?
– დიახ.
– მაგის ნაჩალიჩევია, მაგრამ რატომ – ესაა გასარკვევი. თუ რუსეთში მიდიოდი, აქაურებს რა ინტერესი უნდა ჰქონოდათ? – თქვა „ხუცომ“. ჩაფიქრდა და დაამატა, – ვითომ პოლიტიკური ხომ არაა?
– პოლიტიკური?
– ჰო, რუსეთთან რომ კონტრაში ვართ და შენ კი მათთან კონტრაქტს აფორმებ. მაგრამ, არ მგონია. აქაური უშიშროება „ეფესბეს“ ფილიალია და ამის გამო პოლიტიკურს არ გაგიჩალიჩებდნენ. აქ სხვა რამეშია საქმე.
– რაში, მაინც?
– არ ვიცი. კარგად დაფიქრებაა საჭირო. ყოველი გაჩალიჩება კარგად მზადდება და შეიძლება, ვერც კი მიხვდე, ვინ და რატომ გაგიჩალიჩა. მეც ამის მსხვერპლი არ ვარ?
– რას გერჩოდნენ, ძია ხუცო?
– ორ ჩემს კოლეგას წავარტყი ადრე ყურებში და დამიმახსოვრეს. „ობშჩიაკში“ ფული არ შეჰქონდათ და ფაქტზე დავიჭირე. ამის გამო ტიტულები ჩამოერთვათ, მაგრამ ახლა ისევ ქურდები არიან. მე კი „პრაშლიაკი“.
– რა მიზეზი იყო?
– „ობშიაკის“ მაყუთის შეჭმა. ორმოცდაათი ათასი დოლარი მომპარეს სახლიდან და ამაზე წამომიკიდეს.
– როგორ, ძია ხუცო?
– უეჭველად იმ ორმა გამიჩალიჩა და ერთზე მაქვს ეჭვი, ვისაც ამის გაკეთება შეეძლო.
– მერე, რას ელოდები. რატომ არ ამბობ?
„ხუცოს“ გაეცინა და მითხრა:
– ჯერ ვერ დავამტკიცებ. ხოლო ზეპირად ლაპარაკისთვის კი სერიოზულ პასუხს მომთხოვენ. მაგრამ აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. ამის დროც მალე მოვა. ჯერ გავიდე აქედან.
„ხუცომ“ დაწვრილებით მომიყვა, თუ როგორ დატოვეს არაქურდად. თურმე, ერთი ქურდისთვის ფული დასჭირდათ და პირდაპირ „ხუცოს“ მოსთხოვეს. ხუცომ კი სამალავში რომ ვერ აღმოაჩინა, უთქვამს, საღამოს მოგცემთო. მაგრამ კოლეგები არ დათანხმდნენ და ეგრევე „სხოდკაზე“ წაიყვანეს და ტიტული ჩამოართვეს. „ხუცომ“ მითხრა:
– მეორე დღეს, დილითვე მივიტანე ფული. ერთ მილიონერს გამოვართვი, მაგრამ უკვე გვიან იყო. ტიტული უკვე აყრილი მქონდა. სხოდკაც რა უცებ შეკრიბეს?! ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და კარგად შესრულებული, მაგრამ აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. ტიტულს დავიბრუნებ და ამ გარეწრებს არ გავახარებ. აი, შენი საქმისა კი ვერაფერი გავიგე. აშკარაა, რომ გაგიჩალიჩეს. ისიც ნათელია, თუ ვინ. მაგრამ რატომ და ვისი დავალებით, აი, აქაა დამარხული ძაღლის თავი.
მე მხრები ავიჩეჩე და ვთქვი:
– ვისთვის რა დამიშავებია, ძია ხუცო, რომ ასე გამწირეს?
– ეგეც გაიასნდება, კობა. ერთს კი გეტყვი, შენ აუცილებლად მოგაკითხავს ის ან იმის კურიერი, ვინც ეს სროკი აგკიდა. აშკარაა, რომ შენგან რაღაც უნდათ და გამოგამწყვდიეს. მერწმუნე, აქ დიდხანს არ გაგაჩერებენ და გამოყვანის სანაცვლოდ რაღაცის გაკეთებას მოგთხოვენ.
– მასე რატომ ფიქრობთ, ძია ხუცო?
– თუნდაც იმიტომ, რომ ასი გრამი სუფთა ჰეროინისთვის რვა-ნახევარი წელი მოგცეს. ოცდაათი თუ არა, ოცდახუთი მაინც გეკუთვნოდა. შენ კი ლაზეიკა გამოსაძრომი დაგიტოვეს საქმეში და ვიღაც ძალიან გავლენიანი ჩალიჩობს. ასე რომ, ვიზიტორს ელოდე და ჩემი სიტყვები არ დაგავიწყდეს, თანაც დაიმახსოვრე, არაფერი შეიმჩნიო. გაიგე?
– დიახ. გავიგე.
– მორჩა ბაზარი! სიტყვა აღარ დავძრათ, თორემ აქ კედლებსაც ყურები აქვთ, – მითხრა „ხუცომ“. „პრაგულკაც“ დასრულდა და საკანში დავბრუნდით.
სწორედ გიზო, ჩემი სეკუნდანტი აღმოჩნდა ის ვიზიტორი, ვისზეც „ხუცო“ მაფრთხილებდა. „სვიდანიიდან“ რომ დავბრუნდი, „პრაგულკაც“ დაიწყო. „ხუცოს“ ვუთხარი:
– ძია ხუცო, შენთან საქმე მაქვს.
გამოცდილმა ქურდმა გამიღიმა და მითხრა:
– გაიჩითა ვიზიტორი?
– მე მგონი, კი, – ვთქვი და დავამატე, – მე მგონი კი არადა, გაიჩითა.
– აბა, მომიყევი, რა შემოგთავაზეს.
ხუცოს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ვთქვი:
– აი, ეს ბაზარი იყო.
– მოკლედ ასე: რომ გაგიყვანენ, ვალზე გამუშავებენ. გეტყვიან, რომ დიდი მაყუთი გადაიხადეს შენს გამოყვანაში და ვალში ხარ. პახოდუ საარსებო ფულებსაც გამოვლენ და ეცადე, რაც შეიძლება, მეტზე შეუთანხმდე. დანარჩენი კი დროის ამბავია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გაგიხარდება.
– დანარჩენში რას გულისხმობთ, ძია ხუცო?
დანარჩენი და მთავარიც ზუსტად დამილაგა „ხუცომ“ და საუბარი დავასრულეთ.
ათ დღეში სროკიდან გამიყვანეს. საქმიდან ასი გრამი სუფთა ჰეროინი გაქრა და მარიხუანით შეიცვალა, რომელიც ვითომ შემთხვევით ვიპოვე და პოლიციაში მიმქონდა. პირობითად ორი წელი მომცეს და ციხიდან გამომიყვანეს. გამოსვლის წინ „ხუცომ“ მითხრა:
– ნახვამდის. იმედია, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და მთავარი არ დაგავიწყდეს. ზუსტად ისე მოიქეცი, როგორც გითხარი.
– ზუსტად მასე მოვიქცევი. ყველაფრისთვის დიდი მადლობა, ძია ხუცო. აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის! – „ხუცოს“ გადავეხვიე და საკნიდან გავედი.
ვარჯიშს მეორე დღიდანვე შევუდექი და ერთ თვეში თითქმის სრულად აღვიდგინე ფორმა. როგორც ადრე, სეკუნდანტობას გიზო მიწევდა და თუკი ადრე მას ბოლომდე ვენდობოდი, უკვე მისდამი ნდობა ნულამდე დაეცა, მაგრამ კარგად მახსოვდა „ხუცოს“ შეგონება და არაფერს ვიმჩნევდი. ერთი თვე რომ გავიდა, მორიგ ვარჯიშს ვასრულებდი, ამ დროს დარბაზში ვიღაც სოლიდურად „ჩაშმოტკილი“ კაცი შემოვიდა. მას ექვსი ათლეტი ახლდა თან. როგორც შევიტყვე, მისი „ლიჩნიკები“, ანუ პირადი დაცვა იყო. გიზო ლაქიასავით ეახლა მას და მლიქვნელურად ესაუბრებოდა. შემდეგ კი ჩემკენ გამოქანდა და მითხრა:
– წამოდი, კაკო გეძახის!
არალეგალური კრივის ბოსი ძველი მძიმეწონოსანი მოკრივე იყო და უზარმაზარი მუშტები ჰქონდა. ხელის ჩამოურთმევლად მომესალმა და მითხრა:
– როგორ გრძნობ თავს?
– კარგად.
– ფორმაში ხარ?
– დიახ. თითქმის ერთი კვირაც და სრულად აღვიდგენ.
– ამერიკის ჩემპიონს დააგდებ?
– შევეცდები.
– კარგად უნდა ეცადო, იცოდე. შენს გამოხსნაში დიდი ფული მაქვს გადახდილი და ნდობა უნდა გაამართლო.
– გაამართლებს, ბატონო კაკო, აუცილებლად გაამართლებს, – მლიქვნელურად, ჩემ მაგივრად უპასუხა გიზომ.
კაკომ ჩემს სეკუნდანტს თვალები დაუბრიალა, გააჩუმა და შემომხედა. მე კი ვუთხარი:
– დიახ, გავამართლებ.
– ერთ კვირაში „ბოი“ გექნება მასთან და არ გამაწბილო.
– არ გაგაწბილებთ.
კაკოს შევუთანხმდი, რომ ყოველთვმურად სამი ათას დოლარს გადამიხდიდა, ხელფასის სახით, ხოლო ყოველი მოგებული ბრძოლიდან კი – თხუთმეტი ათასს.
პირველი არალეგალური ბრძოლა პირველივე რაუნდში დავუსრულე ამერიკის ჩემპიონს. ფერადკანიანი ძალიან მოძრავი ათლეტი იყო, მაგრამ აპერკოტით დავანოკაუტე. კაკო სიხარულს ვერ მალავდა. ერთ-ერთი ოფისის უზარმაზარ სარდაფში მოწყობილი დარბაზი კი ხალხით იყო სავსე და ჟრიამულობდნენ. იქვე პატარა კიოსკი იდგა, სადაც არარეალურ ფსონებს იღებდნენ. ფსონებს ელექტრონულადაც დებდნენ, ისევე, როგორც ტოტალიზატორებში, მაგრამ შენიღბულად. სხვა კომბინაციით, თანაც ეს ბრძოლები სპეციალური საიტით ონლაინ გადაიცემოდა.
ბრძოლას ბრძოლაზე ვიგებდი და ერთიმეორის მიყოლებით ვამარცხებდი უძლიერეს მოკრივეებს. აქედან გამომდინარე კი, რეიტინგი ისე ამეწია, რომ პატარა კუშები მქონდა. ამიტომ, ჩემს სასარგებლოდ „იგროკები“ ძალიან დიდ თანხებს დებდნენ, რომ ნორმალური თანხა მოეგოთ. ასე გაგრძელდა ექვსი თვე. ჩაინიშნა მორიგი ბრძოლა. ჩემი მეტოქე ახალბედა იყო. ისეთი, რომ ნახევარ წუთში დავაგდებდი. კუშიც შესაბამისი მქონდა და მილიონი რომ დამედო, ასი ათასს მოვიგებდი. ანუ, ძალიან დაბალი კუში. წინა დღეს კაკომ მიხმო და მითხრა:
– მოკლედ, ასე, კობა, ხვალ იმ მექსიკელს მეხუთე რაუნდში დაუწვები, მაგრამ მანამდე ებრძოლე და იცოდე, ღმერთი არ გაგიწყრეს და შემთხვევით არ დაანოკაუტო. გასაგებია?
– დიახ. რა თქმა უნდა, – ვუთხარი კაკოს.
მთელი მუღამი კი ის იყო, რომ ჩემს მეტოქეს ოცი კუში ჰქონდა და მის სასარგებლოდ ერთ დოლარსაც არავინ დადებდა. კაკო კი სხვადასხვა სახელით დიდი თანხების დადებას აპირებდა. ერთი სიტყვით, დიდი ფულის მოგებას გეგმავდა.
ბრძოლა რომ დაიწყო, მექსიკელი აფაფხურდა. ხელებს ისე მიქნევდა, რომ მისმა „ხაიებმა“ ლამის ფილტვების ანთება ამკიდა. ოთხი რაუნდი ასე იქნია და აშკარად ეტყობოდა, რომ დაიღალა. მეხუთე რაუნდის წინ გიზომ მითხრა:
– დროა, ერთი წუთი ებრძოლე და ყბაში ამოადებინე და დაუწექი, თორემ, ხომ ხედავ, თვითონ წაიქცევა.
– კარგი, – ვუთხარი გიზოს და საბრძოლველად წამოვდექი.
დარბაზის შუაში, ღრმა სავარძელში კაკო იჯდა და ძალიან კმაყოფილი სახე ჰქონდა. დარწმუნებული იყო, რომ ძალიან დიდ კუშს მოიგებდა. მე კი მეტოქეს მივუახლოვდი. ბრძოლა განახლდა. მან რამდენჯერმე მომიქნია მუშტი, მაგრამ ვერ მომარტყა. მე კი აპერკოტი მოვუნიავე და გავშოტე... მთელი დარბაზი აჟივილხივილდა. ყველას ჩემზე ჰქონდა დადებული ფსონი. თანაც საკმაოდ დიდი თანხები. მსაჯმა თვლა დაიწყო. ათის მაგივრად, თითქმის ნახევარი წუთი ითვალა. და როგორც იქნა, გამარჯვებულად გამომაცხადა. მექსიკელი კი გაიტანეს და რის ვაივაგლახით მოასულიერეს. კაკო ცოცხალ-მკვდარი იჯდა სავარძელში. დარბაზი ხმაურობდა. მე ამით ვისარგებლე, წინ გადაღობილ, გაოგნებულ გიზოს აპერკოტი ამოვკარი, დავაგდე და დარბაზიდან „მოვტყდი...“
როგორც შემდგომ შევიტყვე, კაკოს სხვადასხვა სახელით მილიონი დოლარი ჰქონდა დადებული და სამის მოგებას გეგმავდა. ეს ფული მან წყალს გაატანა. გარდა ამისა, ერთი ამდენიც ხელზე წააგო. სამაგიეროდ, მე და „ხუცომ“ მოვიგეთ მილიონი დოლარი და სწორედ ეს იყო ის მთავარი, რაზეც „ხუცომ“ციხეში გამაფრთხილა.
რაც შეეხება პირადად „ხუცოს“, მან თავისი ტიტული დაიბრუნა. გამჩალიჩებლებს კი ტიტულები აჰყარა დიდ ქურდულ „სხოდკაზე“ და როგორც კი თავისი საქმეები მოაგვარა, ჩემი და ელენეს ქორწილზე ჩამოვიდა ჩვენთან.
ელენე ხუცოს შვილიშვილია, სწორედ ის ულამაზესი გოგონა, ვის გამოც „ხუცომ“ ბოლო „სროკი“ მოიხადა.
ასე დასრულდა ეს ისტორია და კაკოს, რომელმაც გაჩალიჩებით ნოკდაუნში ჩამაგდო, ღრმა ნოკაუტით ვუპასუხე.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან