რომანი და დეტექტივი

მტაცებელთა პლანეტა

№44

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 13.11, 2021 წელი

მტაცებელთა პლანეტა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #30-43(1087)

მინამ ზიზღნარევი მზერა მოავლო, აგდებული ტონით მიმართა:

– იცი რას გეტყვი, ბიჭო, დაანებე ახლა თავი მაგ თვითგვემას და ჯობია, რამე მოვიფიქროთ, როგორმე ვუშველოთ ჩვენს ძმას!

შალვამ შებღვერით მიუგო:

– ჩვენ რა უნდა ვუშველოთ, ტო, ციხე გავტეხოთ?!

მინამ ხელი აიქნია:

– ციხე კი არ უნდა გავტეხოთ, ბიჭო, რამე ჭკვიანური უნდა მოვიფიქროთ! თორემ ციხის გატეხვაზე თუ მიდგა საქმე, არც მაგაზე უნდა დავიხიოთ უკან ჩვენი ძმის გულისთვის!

– აბა, რა ვქნათ? – დაინტერესდა თამაზი.

– ზვიადას უნდა გავაგებინოთ ეგ ამბავი. ახლა მაგას დიდი ძალა აქვს, თუ მოინდომებს, ზაპროსტო გამოიყვანს ციხიდან ნუგოს. – მიუგო დინჯად მინამ.

თამაზმა და შალვამ ერთმანეთს გადახედეს, იმედის ნაპერწკალმა იელვა მათ გულში. შალვა მინას მიუტრიალდა:

– ეგ კაი იდეაა, ძმაო. გავალ ეხლა მაშინ მე და ზვიადას დაცვის ბიჭებს ვნახავ.

– ეგრე ქენი. – დაემოწმა მინა.

შალვამ მანქანის გასაღები ჩაბღუჯა და გასასვლელისკენ გაიჩქარა. კარებში აცრემლებული ნინო შეეფეთა, სახეარეულმა ჰკითხა:

– სად მიდიხარ, შალიკო?

შალვამ ყელზე თითები წაიჭირა, თხოვნით მიუგო:

– შედი და ბიჭები გეტყვიან რა, ნინიკო. მე ძალიან მეჩქარება, ნუგოს ამბავზე გავრბივარ.

ნინიკო ოთახში შევიდა. მის დანახვაზე თამაზი შეცბა, ფეხზე წამოდგა. მინა მხოლოდ შესწორდა ადგილზე, უჩინარმა დამცინავმა ღიმილმა წაჰკრა იერზე. ნინომ უნდოდ, ერთგვარი ზიზღითაც კი მოავლო მას თვალი. თამაზს მიუტრიალდა შემდეგ და კატეგორიული ტონით მიმართა:

– რა ხდება, თამაზ, რა ამბავია? წესიერად გამაგებინე, რატომ დაიჭირეს ნუგზარი?!

მინამ ნინოს უჩუმრად ტუჩზე თითის მიდებით ანიშნა თამაზს, ზედმეტი არაფერი დაგცდესო. თამაზმა მხრები აიჩეჩა, ხელოვნური ტონით მიუგო მას მიჩერებულ ნინოს:

– ჯერჯერობით მეც არაფერი ვიცი, ნინიკო. მარტო ის ვიცი, რაც მთელმა უბანმა, დილაადრიან ძაღლები დაადგნენ თავზე და წაიყვანეს.

ნინო თვალებში ჩაეჭიდა უტიფრად მაცქერალ თამაზს, ფეხი დააბაკუნა ადგილზე, ნაწყენი ბავშვივით უმწეო ხმით წარმოთქვა:

– მატყუებ, მატყუებ, იდიოტო! გული მეუბნება, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იცი! – შემდეგ მინაზე მიუთითა, – შენც ამას დაემსგავსე, ამ ადამიანისსახა პირუტყვს, ამის ორეულად იქეცი, აღარაფრად აღარ მაგდებ! – ამ სიტყვებზე გულამომჯდარი ტირილი წასკდა.

მინა შეცბა, წამოდგა, გაცხარებით მიმართა ხელებში თავჩარგულ ნინოს:

– ჩემგან რაღა გინდა, მე ხომ არ დავიჭირე შენი ნუგზარი?! – ეს თქვა და აკანკალებული ხელით სიგარეტს მოუკიდა.

თამაზმა ატირებული ნინო მკერდზე ნაზად მიიყრდნო, მისი დამშვიდება სცადა:

– კაი, ნინიკო, ნუ ტირიხარ, დაწყნარდი, – თავადაც ხმა უთრთოდა სატირლად.

ნინომ ცრემლიანი თვალები შეანათა, უსასო ხმით შესტირა:

– როგორ დავწყნარდე, თამაზ, აბა რას მეუბნები?! ხომ იცი, ორ კვირაში ქორწილი უნდა გვქონოდა. ნუგო თუ ციხეში ჩასვეს, მერე რა მეშველება!

თამაზმა დივანზე ჩამოსვა აქვითინებული ნინო, გვერდით მიუჯდა, მხრებზე მოჰხვია ხელი. თავადაც წყალმომდგარმა გაბზარული ხმით მიუგო:

– კაი, ნინიკო, გვეშველება რამე. აგერ შალიკოა წასული ზვიადას ხალხთან და იქნება მოაგვაროს საქმე.

ნინოს, თითქოსდა, არც გაუგიაო მისი ნათქვამი, სლუკუნით აგრძელებდა საუბარს:

– ხო დამპირდა ნუგო, ძველ ცხოვრებას აღარასოდეს მივუბრუნდებიო. ეკლესიაში დადიოდა, ლოცულობდა, ქრისტიანულად ცხოვრებას ცდილობდა. რა დაემართა, ვინ დაიყოლია მაგ საქმეზე, ვინ დაიდო ჩემი ცოდვა?! – ამ სიტყვაზე ნინიკომ სლუკუნი შეწყვიტა, ხელსახოცით თვალები ამოიმშრალა, უნდო მზერა მოავლო ორივეს, – არა, ნამდვილად ვიღაცამ დააძალა ან სპეციალურად გააბა მახეში და, ეს თქვენ ორთავემ კარგად იცით!

ამ დროს შალვა შემოვიდა. მოჟამულ იერზე ეტყობოდა, არ იყო საქმე სახარბიელოდ. პირკატა ეცათ მის შემხედვარე ნინიკოს და თამაზს, ხმას ვერ სძრავდნენ. მინა არ დაერიდა, უკმეხად ჰკითხა:

– ჰა და, თქვი, რა ხდება! რა გითხრეს იმ შენმა ზვიადისტებმა, რას ვიზამთო?!

შალვას თვალები არ აუწევია, თითქოს ფიცარნაგს ეპასუხებაო:

– ძალიან გახმაურებული საქმეა, ჯერჯერობით ვერ ჩავერევითო. ის მასტი დიპლომატი ყოფილა, ირანის საელჩოში მუშაობს თურმე, უკვე საზღვარგარეთაც კი იციან ეს ამბავიო. კომუნისტები ისედაც კრიმინალებთან კავშირს გვაბრალებენ და ამ საქმეში აშკარად რომ ჩავერიოთ, ათას კუდს გამოაბამენო. სამ თვეში არჩევნებია დანიშნული, ხელისუფლებაში მოვალთ და მერე რამეს გავაწყობთო.

მის სიტყვებზე ნინოს კვლავ ტირილი წასკდა, მინამ კი მუხლებზე დაიკრა ორივე ხელი და გაცხარებით წარმოთქვა:

– ფუ, მაგათი მატრაბაზი კეთილებს შ...ი! ბიჭს თავი აქვს გადადებული ეროვნული მოძრაობისთვის, მაგ ახვრებს კიდევ რეპუტაციის შელახვის ეშინიათ. სუფთა უტრაკო ყარაჩოღელები არიან, რა! აბა, ჯაბა ყოფილიყო, თავის კაცს შტურმით გამოიყვანდა ციხიდან.

შალვამ შეპასუხება დააპირა, მაგრამ ამ დროს ნინიკომ თამაზს წაავლო ხელი მკლავზე:

– ვაიმე, თამაზ, ცუდადა ვარ! – წარმოთქვა მიკნავებული ხმით და სახეზე ფერწაშლილს გული შეუღონდა.

* * *

გამოძიება დაახლოებით ორმოცი დღე გაგრძელდა. რა თქმა უნდა, ნუგზარმა თავის თავზე აიღო დანაშაული, არავინ გათქვა. სასამართლოც მალე გაიმართა. ნუგზარს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და უკრაინის ერთ-ერთ ზონაში გადააგზავნეს.

სასამართლოზე ვაჟკაცურად ეჭირა თავი ნუგზარს, განაჩენსაც მისთვის ჩვეული სიდინჯით შეხვდა. ის კი არა, სასამართლო დარბაზიდან გაყვანის წინ თავათ ამშვიდებდა აცრემლებულ დედას, ლიკას და ნინიკოს. ბოლოს გაიღიმა, ქალებისკენ მიუთითა მეგობრებს და ომახიანად მიმართა:

– ამათ მიმიხედეთ, ძმებო, მე მალე გამოვალ!

მინაგვერი მეტად აღელვებული იყო, წამდაუწუმ გადიოდა სასამართლოს დარბაზიდან და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. პროცესის დამთავრების შემდეგ თამაზი და შალვა გაიმარტოვა.

– არ გამოჩენილა კუპი, ეგ ნაბოზარი?! – ჰკითხა შალვას.

შალვამ ხელი ჩაიქნია, კბილებში გაცრილად მიუგო:

– არა, მაგის ბოზ დედას შ...ი! არც ეგა ჩანს და არც მაგისი ცოლი!

მინამ მუშტი მოიქნია, გაცხარებულად წარმოთქვა:

– უხ, მაგის დედა მ...ნ! იცოდეთ რა, სადაც ვნახავთ, იქვე უნდა დავბრიდოთ, ეგ ჩათლახი!

შალვამ ცოტა არ იყოს გაიკვირვა:

– იქვე რატომ დავბრიდოთ, ტო? დავაზაგაჟნიკოთ, ეგ გოთვერანი, ავათრიოთ სადმე და იქ ვაბაზროთ, რატო გააკეთა ეს ჩათლახობა.

მინა სახეზე წამოენთო, შეტევით მიმართა:

– რაღაზე უნდა ვაბაზროთ, ტო, ყველაფერი ისედაც იასნია, ძმა დაგვიღუპა მაგ პიდარასტმა! სადაც შეგვხვდება, იქვე უნდა გავტრუპოთ, ბეზ ბაზარა. გაიგე, ბიჭო?!

შალვამ და თამაზმა ერთმანეთს შეხედეს. მინაგვერის აკინჭილებული სიფიცხე ნუგზარის ფარსაგ ხვედრს დაუკავშირეს. ეს იფიქრეს, ალბათ, მან რომ შესთავაზა საქმე, ასე იმას განიცდისო. შალვამ დაყვავებით მიმართა:

– ეგრე იყოს, ბრატ! სადაც შეგვახვედრებს ღმერთი მაგ არაკაცს, იქვე იქნება მაგისი კანეციც!

მინამ შვებით ამოისუნთქა

VII თავი: ზაზას ნაამბობი

ნუგზარის ციხეში მოხვედრას მეტად განიცდიდა თამაზი. შალვას მსგავსად, ისიც თავის თავს ადანაშაულებდა ამ ამბავში. „მოშნად“ დაჯდა წამალზე, თითქმის ერთი თვის განმავლობაში არ გამოფხიზლებულა ნარკოტიკული თრობისაგან.

იმ საღამოსაც იჯდა თავის ოთახში და ბანგით წარმოსახულ ჩვენებებში ჩაფლული ცვალებად ფიქრთა მორევს მიუყვებოდა. უცებ ნუგზარის დაპატიმრების წინა ღამეს ხილული ზმანება გაახსენდა.

– მინა რატომ არ იყო ჩვენთან ერთად?! – თითქოს თავის ორეულმა ჰკითხაო თამაზს, თავისივე ხმამ ზაფრად დაუარა ტანში.

ტელეფონის გაბმულმა ზუმერმა ძლივს გამოარკვია ავნაფიქრიდან, ცივ ოფლში იყო მთლიანად. აკანკალებული ხელით დასწვდა ყურმილს, ათრთოლებული ხმით ჩასძახა:

– გისმენთ!

შალვას გაცხარებული ხმა მოესმა:

– სადა ხარ, ბიჭო, რატომ არ იღებ ტელეფონს?!

თამაზმა ძლივს დაიოკა ათრთოლებული კილო, ისე მიუგო:

– რა ვიცი, ტო, ჩამეძინა. რა არი, რა ხდება?

შალვამ კატეგორიული ტონით მიმართა:

– დავაი ეხლა, შუსტრად დააწექი და ისნის ხატაზე გამოდი!

იგუმანა თამაზმა, ნუგზარის ამბავს უკავშირდებოდა შალვას ზარი. მაინც ჰკითხა:

– კი გამოვალ, ძმაო, მარა ორი სიტყვით მაინც მითხარი, რა ამბავია?

– ყიდვა–გაყიდვის ამბავია. დავაი, დროზე-მეთქი! – ნერვიული აღელვებით მიუგო შალვამ.

უმალ მიხვდა თამაზი, „კუპი-პრადაი“ მოიხელთაო შალვამ. საშინაო სამოსი არც კი გამოუცვლია, ბოტასები ამოიცვა და მანქანა ისნისაკენ დაძრა.

კი არ შევიდა, შევარდა ოთახში თამაზი. სავარძლებში აქეთ–იქით ჩამჯდარი შალვა და ზაზა დალანდა. მის დანახვაზე თვალთ მრუმი ჩამოეფარა თამაზს, შალვაზეც გაცხარდა, როგორ დამჯდარაო ამ არაკაცთან ასე წყნარად. მყის იარაღი გაიძრო.

– უხ, შე ნაბოზარო! – მიაძახა ზაზას და ნაგანი მისკენ მიმართა.

– მაიცა, თამაზ, არ მომკლა! – შეყვირა ზაზამ და ხელები აიფარა სახეზე.

მყის შალვა გადაუდგა წინ, იარაღიან მკლავში უტაცა ხელი, მკვეთრი ხმით შესძახა:

– მაიცა, ბიჭო, რას შვები! ცოტა ტვინი გააჭანჭყარე, შე ჩემა! დასაბრედი რო ყოფილიყო, აქამდე არ დავბრიდავდი?! ჯერ მოუსმინე რას ბაზრობს!

თამაზმა გაცხარებით მიაძახა:

– შენ ხო არ გაგიჟდი, ბიჭო, ვის უნდა მოვუსმინო?! ამ გოთვერანის გულიზა ნუგო სროკზეა! სამი თვეა ვეძებთ ამ ჩარო–ჩათლახს, ძლივს გინახია. ეხლა გინდა, რო ცოცხალი გავუშვათ?!

შალვამ დაყვავებით მიუგო:

– კუპი მე არ მინახია, თვითონ მოვიდა ჩემთან.

თამაზი ადგილზე გახევდა. მობუზვით მჯდომ ზაზას მოავლო თვალი, კვლავ შალვას მიუტრიალდა:

– თვითონ მოვიდა? – გაოცება უტეხდა ხმას.

მიხვდა შალვა, ცნობისწადილმა გაცხარება დასჯაბნა თამაზში. ხელი უშვა იარაღიან მკლავზე, კვლავ დაყვავებით მიმართა:

– ჰოდა, მაგას გეუბნები, დაჯექი და მოუსმინე, რას ლაპარაკობს. მერე ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, ცოცხალი გავა აქედან თუ ტრუპს გავიტანთ! – ეს სთქვა და ისევ სავარძელში ჩაჯდა, სიგარეტს მოუკიდა.

თამაზმა იარაღი ქამარში გაირჭო. სკამი შემოაბრუნა, მხედრულად შემოჯდა, გამჭოლად უმზირა ზაზას და მკვახედ მიახალა შიშით ატანილს:

– ილაპარაკე, აბა ერთი, რას ბაზრობ!

შუკუმი

იმ დღეს, როდესაც ამფსონებს ბინა უნდა „გაეტანათ“, მინა დილაუთენია მივიდა ზაზასთან. ოთახში შესულმა თავხედურად მოავლო იქაურობას თვალი და სკამზე ჩამოჯდა. ზაზამ გაკვირვებული ხმით ჰკითხა:

– რა არი, მინა-ჯან, რამ შეგაწუხა ამ დილაადრიან?

მინამ უპასუხო კითხვა დაუბრუნა:

– შენი ცოლი სად არი?

ზაზამ უფრო მეტად გაიკვირვა:

– სოფელშია წასული. რა არი, რო?

– როდის ჩამოდის?

– კიდევ ერთი კვირა მაინც იქ იქნება, ბავშვი ჰყავს წაყვანილი.

მინას ჩაეღიმა:

– ძალიან კარგი, ეგ არი, რაც გვინდოდა. ხო და, ამ ღამეს შენც უნდა დაიკარგო აქედან!

ზაზა შეცბა, ხელები გაშალა:

– ეგ როგორ, ტო, რას ჰქვია დავიკარგო?

– აი, ეგრე. ამ ღამეს ჩემთან წამოხვალ ოფისში, ქვემოთ მანქანა გველოდება! – კატეგორიული ხმით მიუგო მინამ.

ზაზა დაიბნა, არეული ხმით ალაპარაკდა:

– სად უნდა წამოვიდე, ტო, რატომ უნდა წამოვიდე? სახლი როგორ დავტოვო, ათასი რაღაცაა. არა, არა, ვერ წამოვალ!

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი