რომანი და დეტექტივი

მტაცებელთა პლანეტა

№41

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 23.10, 2021 წელი

მტაცებელტა პლანეტა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #30-40(1084)

მინამ სერიოზული სახე მიიღო:

– მაგას რა გაგება უნდა, ბიჭო? ჩორტიკამ ამ ბოლო ხანებში ზვიადასთან და მერაბასთან დაიწყო დოსტობა, ეგენი კიდე ქრისტეს კაცები არიან, ჯვარზე წამებული ღმერთისა სწამთ. აი, მაგათგან გადაედო ეგ ზარაზა მერაბას. ამას წინათ მაგისი უბნელები შემხვდნენ, გაგიჟებას იყვნენ, ეს რა სჭირს ჩორტიკასო, სახლიდან ისე არ გამოვა, პირჯვარი რომ არ გადაიწერესო. უშველა მერე რამე მაგ შენმა ჯვარმა? ვერც ვერაფერი, პირიქით, დაღუპა! იცი რატომ? იმიტომ, რომ ეს დედააფეთქებული პლანეტა ეშმაკის საბატონოა, ეგ დაჟე სახარებაში წერია. ქრისტე ქადაგებს – ერთმანეთს ემსახურეთ, სიკეთე აკეთეთ და სიკვდილის მერე მარადიულ ნეტარ ცხოვრებას მოგანიჭებთო. ეშმაკი კიდე გვეუბნება – სხვისი დედაც მ...ნ, შენს თავს მიხედე და ის აკეთე, რასაც შენთვის ჩათვლი საჭიროდ, თუ გინდა, რომ ამ ქვეყანაზე საკაიფოდ იყოო. აქაური ცხოვრებით დატკბი და იქაური ფეხებზე დაიკიდე, ან არი, ან არაო. ეგრეც არი, ბრატ. ვინც ქრისტეს დაუჯერა და ღმერთის კანონებით ცხოვრობს ამ ქვეყანაზე, ყველას დარხეული აქვს, სერიოზულს ვერაფერს აღწევენ და მთელი სიცოცხლე ბესცვეტნად ცხოვრობენ. ან უარესი, აწამებენ და ბრიდავენ ბესპაშადნად, მაგით შედიან ისტორიაში. ვინც კიდე ეშმაკის კანონებით ცხოვრობს და პა ხოდუ ჭკუაც უჭრის, ყველაფერს იოლად აღწევს და თავისი დილიხორით ცხოვრობს. ჩვენი ჩორტიკა მერაბაც, სანამ ხიშნიკურად ცხოვრობდა, თავისთვის და თავისი საძმოსთვის იყო და სხვები ფეხებზე ეკიდა, მანამ საღსალამათიც იყო და არც არაფერი აკლდა; მაგრამ როგორც კი ზვიადას აჰყვა, ჩორტიკობა დაივიწყა და ნუგზარასავით ჯვარის წინ ფორთხიალი დაიწყო, ეგრევე დაბრიდეს. მაგიტომაც არ მინდა, ბრატ, რომ ნუგზარა, შალიკო და ჩვენი სხვა ძმები ზვიადასთან არიან. ზვიადამ მაგრა გაახურა, სიმონ, მთელ ქვეყანას დაუპირისპირდა, იმენნა ეშმაკს აუხიპიშდა. მალე მაგასაც ისევე დაბრიდავენ, როგორც ილია ჭავჭავაძე დაბრიდეს, როგორც მერაბ კოსტავა დაბრიდეს, მერე კიდე მაგის მიმდევრებსაც ზედ მიაყოლებენ. ნაღდად არ მინდა რა, რომ ჩვენი ძმებიც მაგის ანგარიშში მოყვნენ.

თამაზმა იჭვნეულად გაიქნია თავი:

– ხალხს მაგრა უყვარს, ბიჭო, ზვიადა, პაჩტი მთელი საქართველო მაგის მხარესაა. არა მგონია, ეგრე რო გაიმეტონ.

მინამ თავი გააქნია და ირონიული ჩაღიმებით უთხრა:

– ამხელა ცხოვრების გზა გაიარე, თამაზიკო, და ჯერაც ვერ გაგიგია, რა არი ადამიანი. მე კიდე კარგად გავიგე და შენც გეტყვი: ადამიანი გამოუცნობი არსებაა, ვაფშე გამოუცნობელი ფენომენი, მგონი, ღმერთმაც კი ვერ გაუგო ვერაფერი. დღეს ერთს აკეთებს და ხვალ მეორეს, სულ საწინააღმდეგოს. ღმერთმა იმიტომ გამოუშვა თავისი შვილი ამქვეყანაზე, რომ პალაჟენია შეეცვალა, ეს არანორმალური სიტუაცია დაელაგებინა და ცხოვრება უკეთესი გაეხადა. მაგრამ ვერ შეძლო. ადამიანებმა ჯერ შეიყვარეს ქრისტე და პალმის რტოების რხევით შეხვდნენ, მერე კი, ერთ კვირაში, იმავე ადამიანებმა ჯერ აწამეს, მერე ჯვარზე გააკრეს და მოკლეს. აზრზე ხარ, სიმონ, ღმერთს საკუთარი შვილი მოუკლეს, ტო! თან, არ დაგავიწყდეს, ისიც ღმერთი იყო, ასე წერია სახარებაში! ასე რომ, ღმერთი მოვკალით ადამიანებმა და ახლა ღმერთდაკარგულ პლანეტაზე ვცხოვრობთ. თითო–ოროლა კაცს თუ ახსენდება ღმერთის არსებობა და ცდილობს სხვებსაც შეახსენოს. აი, ეგ უკვე აღარ გვევასება, ჩვენ ადამიანურ რამკაში არა ჯდება, და ეგეთ ხალხს ბესპაშადნად ვბრიდავთ. ხედავ, თამაზიკო, რა დედამო...ლი არსებები ვართ ადამიანები! ჩვენ, ბიჭო, მიწაზე ჩამოსული ღმერთი არ დავინდეთ და ზვიადას დავინდობთ, ტო!

თამაზმა ჩაფიქრებით მიმართა:

– შენი ბაზარიდან გამოდის, რომ ზვიადა სულელი ყოფილა და ტყუილა აუტეხია ამხელა შუმოკი!

მინამ თავი გაიქნია, დინჯად უპასუხა:

– არა, ბრატ, ზვიადა ნაღდად არ არი სულელი კაცი. მართალი თუ გინდა, ზვიადა ძალიან დიდი ადამიანია, კეთილშობილი პიროვნება, ნაღდი ქრისტიანი. ზვიად გამსახურდიამ ღმერთს დაუჯერა და მთელი სიცოცხლე სხვისთვის ცხოვრობს, სხვას ემსახურება, ეგ მაგის ნატურაა, მაგას ვერსად წაუვა. თან, უვერენი ვარ რა, ფაიზაღი ისიც იცის, რომ დღესდღეობით ამ ამბავს მაგას არავინ დაუფასებს და ის ადამიანები, ვინაც დღეს ხელების გადატყავებამდე ტაშს უკრავენ, ხვალ იგივე ადამიანები იმავე ხელებით ჯვარს გააკრავენ. მარა მომავლისათვის ჩალიჩობს, როგორც ქრისტემ იჩალიჩა თავისი სარწმუნოება მომავლისათვის, ჯერ შეეწირა თავის საქმეს და მერე გაიმარჯვა იმ საქმემ.

თამაზმა გაღიზიანებული გაკვირვებით მიმართა:

– შენ გადამრევ, ძმაო! თუ ეგეთი მართალი კაცია ზვიადა და მაგის საქმე საბოლოოდ იმარჯვებს, მაშინ ჯაბასთან რაღა ჯანდაბა გვინდა, ტო?!

მინას ორაზროვნად ჩაეღიმა:

– აი, ეგ არი, თამაზიკო. ჯაბაც დიდი პიროვნებაა, მაგრამ ზვიადასგან განსხვავებით, მაგან არ დაუჯერა ქრისტეს და იმენნა თავისთვის ცხოვრობს, სხვები ფეხებზე ჰკიდია. დღევანდელი დღით ცხოვრობს, მიწიერი განცხრომა ურჩევნია და ღმერთის დანაპირები მარადიული ნეტარება არ აინტერესებს. მეც მაგიტო ვარ ჯაბასთან, რომ მეც დღევანდელი ცხოვრება მირჩევნია. ზვიადას საქმე მომავალში იმარჯვებს, ბრატ, მე კიდე ეხლა მინდა ტაშ–ხოშიანი ცხოვრება. არ მინდა, ძმაო, მთელი სიცოცხლე ვიღაცისთვის თუ რაღაცისთვის ვიტანჯო და ბოლოს ამ უმადურმა ადამიანებმა ჯვარზე გამაკრან! – მინა თვალებში ჩააცქერდა თამაზს, და უთხრა, – ეგაც არი, ბრატ, რომ მოხდეს სასწაული და ზვიადამ თავის სიცოცხლეშივე გაიმარჯვოს, ეგ ღმერთის კაცია და, ვინც მაგის წინააღმდეგ ვართ, ფაიზაღი გვაპატიებს, დაჟე, ვინც ჯაბასთან ვიქნებით, იმათაც. ჯაბა კიდე არავის არაფერს აპატიებს, იმიტომ, რომ ამქვეყნიური კანონებით ცხოვრობს, ეშმაკის კანონებით, ეშმაკი კიდე პატიებას გამორიცხავს.

თამაზს ტანში გასცრა, გაბზარული ხმით უთხრა:

– შენი ლაპარაკიდან გამოდის, რადგან ჯაბასთან ვართ, ჩვენც ეშმაკის კანონებით ვცხოვრობთ, მაგის დედა მ...ნ.

მინას ჩაეღიმა, აგდებული ტონით უთხრა:

– მერე რა, ტო! ეს პლანეტა ეშმაკს ეკუთვნის, ძმაო, და მაგის კანონები მოქმედებს. ზნაჩიტ, ამქვეყანაზე ეშმაკი უფრო ძლიერია, ვიდრე ღმერთი. ამიტომ, თუ გვინდა, რომ რამე სერიოზულს მივაღწიოთ ამ ცხოვრებაში, ეშმაკის კანონებით უნდა ვიცხოვროთ. მეც მაგიტომ ავირჩიე ეგ გზა, ჩემი დილიხორით მინდა, ვიცხოვრო ამქვეყანაზე, რაც მისაღები მაქვს, მივიღო, და მერე კიდე რაც გინდა, იყოს, სულ ფეხებზე მკიდია!

თამაზი ლუდით სავსე კათხას დასწვდა და სულმოუთქმელად გამოცალა. ამ დროს მინამ ლუსიას დაუძახა, ღიმილით უთხრა:

– მიდი, ლუსიჩკა, ჩემ ვიკულიას გადაურეკე. ისნის ხატაზე ავიდეთ ჩვენ ოთხნი და ძველი დრო გავიხსენოთ.

ლუსიამ მკვახედ მიუგო:

– არ გამოვა, მინა, ვიკა აქედან ძალიან შორსაა. ერთი კვირაა უკვე, რაც კიევში გაემგზავრა.

მინამ თვალები მობურა:

– კიევში რა უნდა, ტო?!

– რამდენი ხანია, რაც ვიკა არ გინახია? – კითხვა მიუბრუნა ლუსიამ.

მინა ჩაფიქრდა, იჭვნეულად უპასუხა:

– ალბათ ორი თვე იქნება.

– ორი თვე კი არა, ექვს თვეზე მეტია უკვე.

– რა მნიშვნელობა აქ მაგას?! – აგდებულად მიუგო მინამ.

ლუსიამ ზიზღი ვეღარ დაფარა:

– როგორ თუ რა მნიშვნელობა აქვს?! ჯერ თავი შეაყვარე იმ საცოდავ გოგოს, მერე სმა და წამლის კეთება დააწყებინე, ბოლოს კი თავი მიანებე, ნახევარი წლის განმავლობაში ერთხელაც არ მოგიკითხავს! იცი რა დღეში იყო ბოლო ხანებში? სულ შენს ლოდინში იყო, მთელი დღეები სვამდა და ტიროდა, სამოცი წლის მოხუცს დაემსგავსა ანგელოზივით გოგო. შენს ნამუსზეა, მინა, მაგ გოგოს დაღუპვა!

– მორჩი ეხლა ზედმეტ ბაზარს! – შეუტია მინამ, თუმცა ემჩნეოდა, ლუსიას მონაყოლმა იხტიბარი გაუტეხა.

ლუსია კიდევ უფრო გააშმაგეს მისმა სიტყვებმა:

– შხამიანი ობობასავით ხარ, რასაც მიეკარები ყველაფერს გესლავ და სპობ. დიახაც, სწორედ შენ დაღუპე ჩემი საცოდავი ვიკულია. ახლა უკვე სულ ფეხებზე მკიდია რას იზამ! თუ გინდა აქვე მომკალი, აღარ მეშინია შენი!

მინა გააოგნა ლუსიას მოულოდნელმა შემოტევამ, გახევებული უცქერდა. იაზრა თამაზმა, სანამ მინა გონს მოეგებოდა აფოფრილ ლუსიას ხელი ჩაავლო და კუპედან გაიყვანა.

უკან მობრუნებულს, მინა თავჩაქინდრულად მჯდომი დაუხვდა. ამოხედა მისთვის უჩვეულო დაღვრემილი თვალებით, მისთვის უცნაური დანანების ხმით ჰკითხა:

– შენ როგორ ფიქრობ, მართლა მე დავღუპე ვიკულია?

თამაზმა დაურიდებლად მიახალა:

– კი, მინა, მეც ეგრე ვფიქრობ. იმენნა შენ გააბოზე, გაალოთე და გაანარკომანე ეგ გოგო.

მინა არყის ჭიქას დასწვდა, სულმოუთქმელად გადაჰკრა და ჭიქა იატაკს მიაფშვნა. „ალბათ, ნანობსო ვიკას ამბავს“ – ეს აფიქრებინა მინას საქციელმა თამაზს.

– ნანობ, მინა, რაც ვიკას გაუკეთე? – თავათაც სინანული უტეხდა ხმას.

მინამ მკვეთრად ამოხედა, კვლავინდებურად მისთვის ჩვეული ბოროტღიმილიანი ელვა უკრთოდა თვალთაგან და სარკაზმით ნაჯერი ტონით უპასუხა:

– ერთი რამე დაიმახსოვრე, თამაზიკო, მე არასოდეს ვნანობ იმას, რასაც ვაკეთებ!

IV თავი: გარეწარი ნაძირალა

მინა და თამაზი გვიან ღამე დასცილდნენ ერთმანეთს, ძალზედ მთვრალები იყვნენ. მინა შინ არ მისულა, ხევის უბანში გავიდა. ნინოს სახლის კიბეებთან შეყოვნდა ერთხანს, თითქოს ვერ გადაეწყვიტა, ასულიყო თუ არა. ბოლოს აუყვა კიბეებს და კარზე მიაკაკუნა.

– რომელი ხარ? – მოისმა კარს უკან ნინოს დედის, ქეთინოს ხმა.

– მე ვარ, ქეთინო დეიდა, მინა ვარ! – უპასუხა მინაგვერმა.

ურდულმა გაიჩხაკუნა და კარიც გაიღო. გაკვირვებით უცქერდა ქეთინო ზღურბლთან მოქანავე მინას.

– რა იყო, შვილო, მოხდა რამე? – ჰკითხა შეშფოთებით.

– ნინო სახლშია? – კითხვა დაუბრუნა მინამ.

ქეთინომ კიდევ მეტად გაიკვირვა:

– აბა, სად იქნება ამ შუაღამისას! შინ შემოდი, რაღას უდგეხარ გარეთ.

ამ დროს ნინოც გამოვიდა თავისი ოთახიდან. მინას დანახვაზე მასაც შეშფოთება აღებეჭდა სახეზე, გაოცებით წარმოთქვა:

– მინა, შენ ხარ?

მინას ჩაეღიმა:

– კი, მგონი, მე ვარ. რაღაც სალაპარაკო მაქვს შენთან.

ნინომ ჯერ დედას შეხედა, შემდეგ მას მიუტრიალდა:

– წამოდი, ჩემს ოთახში შევიდეთ.

ნინოს თავისი პატარა ოთახი მეტად კოპწიად ჰქონდა მოწყობილი. მინა სავარძელში ჩაჯდა და სიგარეტი ამოიღო.

– რო მოვწიო, ხო არ შეგაწუხებ? – ჰკითხა ნინოს.

– მოწიე, არა უშავს, გავანიავებ, – მიუგო ნინომ და ფანჯარა გამოაღო. შემდეგ მინას წინ ჩამოჯდა სკამზე და კითხვის თვალით მიაცქერდა.

მინა ერთხანს მდუმარედ უყურებდა ნინოს, თითქოს ტკბებაო მისი უზადო სიმშვენიერით, თან მომავალ სათქმელსაც ზომავსო. შემდეგ მოწყვეტით ჰკითხა:

– ნუგზარი როგორაა, ნინო?

ნინო შეცბა, შეშფოთებული ხმით დაუბრუნა კითხვა:

– ნუგზარის ამბავს მე მეკითხები, ბიჭო, ერთად არ იყავით მერაბის გასვენებაზე? რა მოხდა, მოუვიდა რამე?!

მინას ჩაეღიმა, გაბოროტება ვერ დამალა ამ ღიმილით:

– როგორ შეგეშინდა, რამე ხომ არ დაემართა ჩემს ნუგოსო!

ნინო სახეზე წამოწითლდა, მოჭრით ჰკითხა:

– რა გინდა, მინა, პირდაპირ მითხარი!

მინა მისკენ გადაიხარა, თვალებმობურვით ჰკითხა:

– ისევ გიყვარს ნუგზარი?

ნინომ გაბრაზებით მიუგო:

– რა თქმა უნდა, ეგ რა საკითხავია!

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი