რომანი და დეტექტივი

მტაცებელთა პლანეტა

№40

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 16.10, 2021 წელი

მტაცებელთა პლანეტა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #30-39(1083)

მინაგვერი „მხედრიონის“ ნამდვილ დანიშნულებას თავიდანვე ჩასწვდა. იმასაც მიხვდა, რომ ეს, სწორედ, ის ორგანიზაცია იყო, რომელიც მას საშუალებას მისცემდა საკუთარი ამბიციები დაეკმაყოფილებინა და პირადი მიზნები განეხორციელებინა. მინამ მალევე მოახერხა „მხედრიონში“ გაწევრიანება. თავისი ჭარბი ენერგიულობისა და ძლიერი ნებელობის მეოხებით მან მოკლე ხანში მნიშვნელოვანი გავლენა და საკმაოდ მაღალი რანგი მოიპოვა ამ ორგანიზაციაში. გაწევრიანებიდან ექვსი თვის თავზე მის დაქვემდებარებაში ასამდე რაზმელი შედიოდა, რომელთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.

* * *

იმ დღეს მინას თავისი რაზმის მეთაურები ჰყავდა შეკრებილი. ამ დროს კარი ჯახუნით გაიღო და თამაზი შემოვარდა, სახე წაშლილი ჰქონდა.

– რა მოხდა, რა ამბავია? – შეჰყვირა მინამ და სწრაფად წამოდგა.

თამაზმა ძლივს დასძრა სიტყვა:

– ნუგომ დამირეკა, ჩორტიკა დაბრიდეს!

მერაბის სიკვდილმა მცირე ხნით ერთად მოუყარა თავი წაკიდებულ მეგობრებს, რადგან ასე ყოფილა ოდითგან – სიკვდილი აერთიანებს ადამიანებს, სიცოცხლე კი ყოფს.

მერაბის მკვლელობასთან დაკავშირებით ქალაქში სხვადასხვაგვარი ხმა დაირხა. ყველაზე მართებულად კი მაინც ის ჩანდა, რომ მერაბი ეროვნული მოძრაობისადმი აშკარა მხარდაჭერის გამო იქნა ლიკვიდირებული კომუნისტური რეჟიმის მიერ.

იმ დროისათვის მერაბი უკვე საკმაოდ გავლენიანი ქურდი იყო და კრიმინალურ სამყაროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. 9 აპრილის ამბავმა ძალზედ იმოქმედა მასზე და იმ დღიდან მერაბმა აშკარად დაუჭირა მხარი ეროვნულ მოძრაობას, ფინანსურ დახმარებასაც კი უწევდა. ამავე დროს კრიმინალური ცნობიერების მქონე ჭაბუკებსაც მოუწოდებდა ამ პროცესში ჩაბმისაკენ. მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, მერაბის ამგვარი ქმედება მისაბაძი ხდებოდა სხვათათვისაც. კომუნისტურმა მმართველობამ ჩათვალა, რომ მათთვის იგი ერთობ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, მერაბის მკვლელობის ორგანიზატორად ზოგი „სუკს“, ზოგიც კი „მხედრიონს“ მიიჩნევდა.

მერაბის გასვენების დღეს უამრავი ხალხი შეიკრიბა. ვინ არ იყო აქ, „კანონიერი“ ქურდებიდან დაწყებული, ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებით დამთავრებული. ყველა ძალზედ განიცდიდა ამ მრუდე გზაზე მავალი, მაგრამ შინაგანად კეთილშობილი პიროვნების უცაბედ სიკვდილს, განსაკუთრებით ბიჭები, რომლებმაც თავისი ხელით გადაასვენეს სასაფლაომდე მისი ცხედარი.

როდესაც მერაბის სასახლეს სახურავი მოარგეს, მინამ მის თავზე მიჭედილი ჯვარი შენიშნა. შავმა სხივმა იელვა მის თვალთაგან. მყის დანა გაიძრო, ჯვარს შეუყენა და ერთი მოქნევით ააძრო. შემდეგ შმაგად დაამტვრია და იქვე მეზობელ საფლავთან მიყარა. გაგულისებული ნუგზარი მისკენ გაიწია, მაგრამ შალვა გადაუდგა წინ, დაჟინებით მიმართა:

– ამის დრო აქ არ არი, ნუგო, მერაბას სულს ვცეთ პატივი!

III თავი: მტაცებელთა პლანეტა

მინა და თამაზი მერაბის ქელეხიდან ადრე წამოვიდნენ, ძველნაჩვევ „სალხინოში“ შევიდნენ. კუპეში დასხდნენ და ლუსიას მწვადი და არაყი შეუკვეთეს.

ორიოდე ჭიქის შესმის შემდეგ, თამაზმა ჰკითხა:

– ეს რა ქენი წეღან, ტო, ჯვარი რატომ ააძრე მერაბას კუბოდან?

მინამ გაბოროტებული მზერით შეხედა:

– ჯვარმა დაღუპა მერაბა და მაგიტომაც ავაძრე.

თამაზს უსიამოდ გასცრა, შეცბუნებული ხმით უთხრა:

– მინა, ძმა, შენი არ იყოს, მეც არ მწამს ღმერთის, მარა ეგეთ რაღაცებს როგორ აკეთებ, ტო? ვაი თუ არსებობს, არ გეშინია, რო დაგსაჯოს?

მინამ დამცინავი ჩაცინებით მიუგო:

– მეტი რაღა უნდა დამსაჯოს, ტო, ამ დედამ...ლ პლანეტაზე ვცხოვრობ ექვს მილიარდ კრეტინთან ერთად.

შემდეგ ხმა დაიდინჯა:

– ესეც იცოდე, თამაზიკო, შენ თუ გგონია, რომ ღმერთის არ მწამს, ძალიან ცდები, ბრატ. მწამს კი არა, ფაიზაღი ვიცი, რომ არსებობს. ამ მატერიალისტური იდიოტიზმის არასოდეს მჯეროდა. აბა საიდან მოვიდა ეს ყველაფერი? თავისით გაჩენილი, რამე გინახია შენ? მაგრამ ისიც ფაიზაღი ვიცი, ძმაო, რომ მე, მინაგვერ გოშთელიანი, ღმერთის დადგენილი კანონებით ვერ ვიცხოვრებ ამ პლანეტაზე. ეს მტაცებელთა პლანეტაა, ბრატ, ხიშნიკების საცხოვრებელი, და თუ შენც ხიშნიკურად არ იცხოვრე, დედა მოგ...ება. ქრისტე კიდე სიკეთის კეთებას და ადამიანებს შორის სიყვარულს ქადაგებს. ამ პლანეტაზე ეგ არ გამოდის, ძმა, აქ ყველას სძულს ერთმანეთი და ერთმანეთს ჭამენ, დაწყებული ინფუზორიიდან, ვეშაპით დამთავრებული. ეგ ადამიანმა დაახარისხა ცხოველები მტაცებლებად და არამტაცებლებად, იმისდა მიხედვით, ვინ ვნებს და ვინ არა თვითონ მას, თორემ ადამიანის თამადობით პაგალოვნა ყველა მტაცებლები ვართ და ერთმანეთს ვჭამთ.

თამაზს გაეღიმა:

– შენ რო გისმინო, ძროხაც მტაცებელია, არა?

მინამ თავის დაქნევით მიუგო:

– გააჩნია ვისთვის. იასნია, მგლისთვის არა, მგელი მაგისთვის თვითონ არი მტაცებელი. მარა აი ბალახისთვის მგელი არაფერია, ბალახისთვის იმენნა ძროხაა მტაცებელი. შენ რა გგონია, ბალახი ცოცხალი არსება არაა და არ სტკივა, როცა გლეჯენ? პროსტო, ვერა ყვირის, იმხელა ხმა არა აქ, ვინმეს რო გააგონოს. ეგ არი და ეგ. მასე, ძმაო, თევზიც არ ყვირის, მარა რა, ცოცხალი არსება არ არი და არა სტკივა, დანას რო უსვამენ? ანდა, მაგალითად, ქორი და ქათამი აიღე. ქათმისთვის ქორია მტაცებელი, მარა მოდი ეხლა იმ ჭიაყელას ჰკითხე, მიწაში რო დაძვრება, მაგისთვის ვინაა მტაცებელი – ქორი თუ ქათამი. ქორი თავის დღეში მიწას არ გაქექავს და ჭიაზე არ იჩალიჩებს, ქათამი კიდე მთელი ცხოვრება მიწაში იჩიჩქნება და ჭიაყელებს ყლაპავს. ჭიაყელასთვის ქათამი ყველაზე დიდი საშინელებაა. აი, ესაა, ძმაო, მიმინო ბეღურასა ჭამს, ბეღურა კიდე ბუზს, ბუზი კიდე რაღაცას. მაგ მიმინოსაც, რო მოკვდება და მიწაზე დაეცემა, ის ჭიები შეჭამენ, ქათამი რო ყლაპავს. კაროჩე, როგორც გითხარი, ბრატ, ეს პლანეტა მტაცებელთა პლანეტაა, ძლიერები სუსტებსა ჭამენ, სუსტები კიდე – მაგათზე უფრო სუსტებს ან დასუსტებულ ძლიერებს, ყველა ერთმანეთსა ვთოხლაობთ და მაგით გაგვაქ თავი ამქვეყანაზე.

თამაზს ჩაეცინა:

– ვა, შენ რა ინტერესნი აღმოჩენები გაქ, ტო. ეგრე შეიძლება, მალე კამოზე თეთრი პალატაც გაიჩალიჩო. ისეთი რამეები იბაზრე, ბრატ, ბალახი თუ არ მეცოდებოდეს, პრაფესორის შვილი ვიყო. ახლა გავალ, სადმე ძროხას მოვძებნი და დედას მო...ავ, მაგ ახვარს.

მინამ მისი ხუმრობა არ მიიღო და სერიოზულობით მიუგო:

– ცხოვრებამ მიმიყვანა, ბრატ, მაგ ინტერესნი აღმოჩენამდე, ამ მტაცებელთა პლანეტაზე ცხოვრებამ.

თან თვალებში ჩააცქერდა თამაზს და იდუმალი ხმით ჰკითხა:

– შენ იცი, თამაზიკო, როგორ გავხდი მე ძველი ბიჭი?

თამაზმა თავი გაიქნია:

– არა, ნაღდად არ ვიცი და მაგრა მაინტერესებს ეგ ამბავი.

– ჰო და, აი, ეხლა მოგიყვები და მერე შენ თვითონ გააანალიზე, მართალს ვბაზრობ, თუ არა, მართლა მტაცებელთა პლანეტაზე ვცხოვრობთ მე და შენ, თუ არა.

მინამ სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და თხრობა ამოოხვრას ამოაყოლა:

– მეხუთე კლასში ვიყავი, თამაზიკო, როდესაც სვანეთიდან თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. მეშვიდე კლასამდე ხელით საჩვენებელი მოწაფე ვიყავი, სულ ხუთიანებზე ვსწავლობდი. თან, მაგარი გულუბრყვილო ბავშვი ვიყავი, ბოროტების ნატამალი არ იყო ჩემში. შენც იცი, დედაჩემი მორწმუნე ქალია და მეც ქრისტიანულად მზრდიდა, ყოველდღე სახარებას მიკითხავდა და ადამიანებს შორის სიყვარულს მინერგავდა. მეც მჯეროდა მაგ იდიოტიზმის.

მერვე კლასში რომ გადავედით, ჩემმა რამდენიმე კლასელმა ძველბიჭობა დაიწყო, მე კიდე ისევ იმ პონტში დავრჩი. სხვა ბიჭები პაპკებით და თითო რვეულით რო დადიოდნენ, მე დიდი ჩანთა დამქონდა წიგნებით გაძეძგილი, სწავლის იქით არაფერი მაინტერესებდა.

ერთ დღესაც, სკოლიდან რომ გამოვედი, წინ ბაღში ჩემი სკოლელი ძველი ბიჭები ისხდნენ, იქ აბირჟავებდნენ ხოლმე. ექვსი სული იყო. ერთი ჩემი კლასელიც ერია, განაბი ჰყავდა მამა. იმან დამიძახა და მანეთიანი მთხოვა, კინოზე გვაკლდებაო. ხვალე გაკვეთილების მერე ისევ აქ მოდი და მოგცემთო. კაკრას მანეთიანი მქონდა და მივეცი. მეორე დღეს რომ მივედი, იგივე სასტავი გამეჩითა. ჩემი ფული ვთხოვე, იმათ კიდე კაიფი დამიწყეს. მეც არ მოვეშვი, ხო იცი, მაინც სვანი ვარ. იმ ჩემმა პიდარასტმა კლასელმა ჩანთა გამომტაცა და შიგ ჩააფურთხა – ჩემი ფურთხი ერთი მანეთი ღირს, დავაი ეხლა დაახვიე აქედანო.

შემეშინდა თამაზიკო, მაგრად შემეშინდა, ექვსნი იყვნენ ის ახვრები. გადავყლაპე ის ფურთხი და წამოვედი. მთელი გზა მეტირებოდა, ბოღმა მახრჩობდა, ჩემს თავზე ვბრაზობდი, რომ შევშინდი და ატვეტი არ მივეცი იმ ბოზის გაზრდილებს. სახლში რომ მივედი, ჩემს ოთახში შევიკეტე და სიმწრისაგან მთელი დღე ხელებს ვიჭამდი. ღამეც კი ვერ დავიძინე, სულ მაგ ამბავზე ვფიქრობდი, და ბოლოს მოვიფიქრე, რაც უნდა მექნა.

მეორე დილას, ჩანთიდან წიგნები ამოვაწყე და მაგის მაგივრად პაპაჩემის დანატოვარი ადლიანი ხანჯალი ჩავდე. გაკვეთილები რომ დამთავრდა, ხანჯალი პიჯაკის შიგნით დავმალე და ბაღში ჩავედი. იქ იყვნენ ისევ ის პიდარასტები. მეც მივედი, ჩანთა გავხსენი და ამ ჩემს კლასელს ვეუბნები: გუშინ შენი საქციელი მაგრა მესიამოვნა, მოდი ისევ ჩამიფურთხე ჩანთაში, კიდე ერთ მანეთს მოგცემ–მეთქი. იმან თავის ძმაკაცებს გადახედა და დაცინვით უთხრა: ამას უყურეთ, ლაპარაკი ცოდნიაო. შემდეგ წამოდგა და მეუბნება: თუ ეგეთი სურვილი გაქ, არ გაწყენინებო, და ჩემკენ წამოვიდა. აღარ ვაბაზრე, ის ცარიელი ჩანთა ეგრევე თავზე ჩამოვამხე, ხანჯალი გავაძრე და ვთხარე ბაყვში. სანამ მაგის ძმაკაცები აზრზე მოვიდოდნენ, ახლა იმათ დავერიე. კიდე ორის დაჭრა მოვასწარი, დანარჩენები გაიქცნენ. ის ჩემი კლასელი იქვე ფორთხიალობდა. მივედი, დავაფურთხე და ვუთხარი: ჩემი ფურთხი შენ სისხლად ღირს, ანგარიში გასწორებული გვაქვს–მეთქი.

ატყდა, სიმონ, ერთი ამბავი, ამ ჩემი კლასელის მამა ხო განაბი იყო. მაგან და ვალოდამ მნახეს, პლეხანოველი კრისტალნი მუჟიკი როა, ქურდების ძმა. მეც ყველაფერი მოვუყევი. ვალოდამ ლაპარაკიც არ აცალა იმ ქურდს, ჩემზე ეუბნება: ამ ბიჭს ეტყობა ალალი ბიჭია, მართალს ბაზრობს. ერთი კაცი ექვსს ეაბიჟნიკებოდეს და ტყუილ–უბრალოდ ნიშნავდეს, ეგეთი რამე არა ხდებაო, ეტყობა პრიდელამდე მიიყვანესო. ქურდი კაცი ხარ და შვილი კიდე ბესპრიდელნიკი გეზრდება, სირცხვილია მაგის დედა მო....ნო. ჯობია, ვაფშე მოვკლათ ეგ ბაზარი და შენ შვილს მიხედოო. მე ამ ბიჭს პატივს ვცემ, თავისი ჩესტი ვაჟკაცურად დაიცვა, ექვს კაცს არ შეუშინდაო. ამაზე ვინც ხელს აწევს, პირადად მოვთხოვ პასუხსო. იმ ქურდმა ხმა ვეღარ გაიღო, მართალი ხარო, უთხრა და წავიდა თავისი პროჭიკოლა შვილის გასაბუყნად.

აი, მაშინ მივხვდი, თამაზიკო, რომ მტაცებელთა პლანეტაზე ვცხოვრობ და თუ მეც მტაცებლურად არ მოვიქეცი, სხვა დამჩაგრავს და დედას მომ...ავს. ეს ბუნების კანონია, ადამიანების საზოგადოებაშიც ზუსტად იგივე ფორმულა მოქმედებს, რაც ცხოველებში – ძლიერები სუსტებს ჭამენ და მათ კუთვნილს თვითონ ისაკუთრებენ; ოღონდ ამას უფრო დახვეწილი ბოროტებით და მეტი დაუნდობლობით ვაკეთებთ ადამიანები, რადგან გონება გაგვაჩნია და ვმეტყველებთ, ჩვენდა საუბედუროდ.

მაგის მერე სწავლას ვაფშე გავანებე თავი, ბოლომდე გავბოროტდი და აქამდე ისე მოვედი, კაციშვილისთვის გადაბრუნებული სიტყვა აღარ მიპატიებია, ეგ შენაც კარგად იცი. ასე რომ, ძმაო, მე ამ საზოგადოებამ გამხადა ბოროტი და დაუნდობელი და ეხლა პა პოლნი კატუშკე უნდა ზღოს მაგისთვის.

მინას მონათხრობმა კიდევ მეტი სიმპათიით განაწყო თამაზი მის მიმართ. ეს უთხრა:

– საღოლ, ძმა, რასაც იმსახურებდნენ, ის მიიღეს იმ ლახმაჩებმა, პატივს ვცემ შენს ვაჟკაცურ საქციელს. იმაშიც სტაპრაცენტი ხარ, რომ პრისტუპნიკი ზლოი უნდა იყოს, მაგაზე არცა მაქ ბაზარი. თუ ბოროტი არ იქენი, პრისტუპნიკულ საქმესაც ვერ გააკეთებ, ჩვენ კიდე ეგ ცხოვრების გზა ავირჩიეთ. მარა რაზე ვერ მივიღე შენგან პასუხი იცი? წეღან რო თქვი, ჩორტიკა ჯვარმა დაღუპაო, ჯვარი რა შუაშია მაგის სიკვდილთან?

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი