რომანი და დეტექტივი

მტაცებელთა პლანეტა

№39

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 09.10, 2021 წელი

მტაცებელთა პლანეტა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #30-38(1082)

II ნაწილი: გზაშესაყართან

პირველი თავი: პირველი ბზარი

1988 წლის ბოლოს საქართველოში ეროვნულმა მოძრაობამ არნახული აღმავლობა მოიპოვა. მამულიშვილურმა სულისკვეთებამ საზოგადოების ყველა ფენა გამსჭვალა, მათ შორის, კრიმინალური სამყაროც. ერთ–ერთი პირველი, ვისი ცხოვრებაც ეროვნულმა მოძრაობამ ძირეულად შეცვალა, ნუგზარ შალიკაშვილი იყო. მისი აზრით, მათი დაჯგუფების წევრები აქტიურად უნდა ჩაბმულიყვნენ ამ მოძრაობაში, რადგან ეს საერთო ქართული საქმე იყო.

მინაგვერის დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებისადმი პოლარულად საწინააღმდეგო გახლდათ. იგი ყოველივე ამას ცინიკურად და გაბოროტებით უყურებდა და მიაჩნდა, რომ „ბნელეთის მოციქულებს“ ამ პროცესებში მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ, რადგან პოლიტიკა „შავი გაგების“ ხალხის საქმე არ იყო. ის და ნუგზარი მუდმივად კამათობდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით და ორივე ცდილობდა, დაჯგუფების წევრები თავისკენ გადაებირებინა. ამან ყოფილ ამფსონებს შორის პირველი აშკარა ბზარი გააჩინა.

1989 წლის აპრილის დასაწყისი იდგა. მთელს საქართველოში აქციები მიმდინარეობდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოთხოვნით. ნუგზარი, შალვა, ნინიკო, ლიკა, ლილე, წოპე, მორფიკა და შალვას ბიძაშვილი სუსლიკა აქტიურად იყვნენ ჩაბმულები აქციებში, დღეს არ აცდენდნენ.

8 აპრილს წოპეს დაბადების დღე იყო. მასთან „პლეხანოვზე“ პირდაპირ აქციიდან მივიდნენ მეგობრები. იქ წოპეს გარდა მინა, თამაზი, ოხერო გია და ციხიდან იმ დღეს გამოსული ჩორტიკა მერაბა დახვდნენ. მეგობრები ძალზედ გაახარა მერაბის ციხიდან გამოსვლამ, ეხვეოდნენ, კოცნიდნენ. ერთმანეთის მოკითხვით გული რომ იჯერეს, მინამ მისებური გამჭოლი მზერა მოავლო მისულთ, დამცინავი საყვედურით მიმართა:

– სადა ხართ, ბიჭო, რო დაიკარგეთ? გადაყევით ამ პოლიტიკას და მიატოვეთ შავი ცხოვრება, არა?!

ნუგზარმა დინჯად მიუგო:

პოლიტიკა რა შუაშია, ძმა. ვერა ხედავ, მთელი ხალხი ფეხზე დგას და თავისუფლებისათვის იბრძვის? ჩვენც იქა ვართ, სადაც ქართველი ხალხია!

მინამ აშკარა გამოწვევით უთხრა:

– რას არი რო ბაზრობ, ტო?! ჩვენ პრისტუპნიკები ვართ, ძმაო, ჩვენი საქმე შავი ცხოვრებაა. ვიღაც ფანატიკოსების აყოლა რა კაი ბიჭების საქმეა!

ნუგზარმა კვლავ დინჯად მიუგო:

– ვინც არ უნდა ვიყოთ, მინა, და რა გაგებაც არ უნდა გვქონდეს, არ დაგავიწყდეს, რომ უპირველეს ყოვლისა, ქართველები ვართ და ვალდებულებიც ვართ ჩვენი ერის წინაშე, რამე სასიკეთო გავაკეთოთ მისთვის. ფანატიკოსობა აქ არაფერ შუაშია.

მინას იქედნურად ჩაეცინა:

–– არა, ბრატ, მე არავის წინაშე არ ვთვლი თავს ვალდებულებად, გარდა ჩემი თავისა და ჩემი საძმოსი. ამქვეყანაზე რაც მისაღები მაქვს, ის უნდა მივიღო, ვიგულაო და ვიგრიალო, აი, ამ ჩემს ძმებთან ერთად! – მინამ ხელი მოატარა იქ მსხდომ ბიჭებს, – ბალვანი კი არ ვარ, შენსავით ვიღაცის ამბიციებს და იდიოტურ იდეებს შევაკლა თავი!

ნუგზარი წამოენთო, მაგრამ ამ დროს ნინიკოს ნაზი ხელები შეიგრძნო ბეჭებზე და ძალდატანებული სიმშვიდით მიუგო:

– რა ამბიციებზე ლაპარაკობ, მინა? ზვიად გამსახურდიას არაფერი აკლდა, ფულიც ჰქონდა და ქონებაც, ერთი თავი რომ დაეკრა კომუნისტებისთვის, თავისი ცოდნის ბაგაჟით, მინიმუმ, ცეკას მდივნობას გაქაჩავდა; მაგრამ მთელი ცხოვრება ქართველი ხალხის გამოღვიძებას და ეროვნულ მოძრაობას შესწირა. შენ რომ იდიოტურ იდეებს ეძახი კიდე, მაგ იდეების გამო მერაბ კოსტავასნაირი ხალხი იტანჯა და სროკები გამოიარა, ძაღლებისგან პასტაიანი პრესები ჰქონდათ, მარა მაინც არ დაიჩოქეს და მუხლებზე ბოზური ნიშანი არ დაიდეს. დღესდღეობით კიდე მთელ ქართველობას ჩაუნერგეს თავისუფლების იდეა. სხვა თუ არაფერი, პატივისცემას მაინც იმსახურებენ ეგ პიროვნებები. შენ კი დასცინი და შეურაცხყოფას აყენებ!

მინას იქედნურად ჩაეცინა:

– რაც უნდა მაგარი ტიპები იყვნენე ეგ შენი ზვიადა და მერაბა, რაც ეხლა ხდება, სულ ტყუილი ჩალიჩია. რუსეთი ჩვენ თავისუფლებას არ გვაჩუქებს, სულ ტანკებით გადაგვივლიან.

ნუგზარი ფეხზე წამოხტა და თვალებაკიაფებულმა წარმოთქვა:

– მაგის იმედი არცა გვაქვს, რომ ვინმე გვაჩუქებს თავისუფლებას. თავისუფლება და ღირსეული ცხოვრება ყოველდღიური ბრძოლით უნდა მოიპოვოს ადამიანმა. არც ტყვიებისა და ტანკების გვეშინია, მაგისთვისაც მზად ვართ!

მინამ იაზრა, რომ მის წინ მისი უწინდელი „პადდელნიკი“ „კნიაზა“ კი არ იდგა, არამედ მამულიშვილური სულისკვეთებით სულით ხორცამდე გამსჭვალული პიროვნება ნუგზარ შალიკაშვილი. ხელი ჩაიქნია, გაცხარებით გადაულაპარაკა მერაბს:

– აუ, ამას აღარაფერი ეშველება, ტო, პოლნი იქაურია!

მთელი ამ ხნის განმავლობაში მერაბი ყურადღებით უსმენდა მათ საუბარს. რუსეთის ზონაში მყოფი, იგი მოწყვეტილი იყო მიმდინარე პროცესებს. ბოლოს გაოცებული გაღიმებით წარმოთქვა:

– რას ბაზრობთ? ეგეთი ბაზარი პირველად მესმის კაი ბიჭებისგან.

ამ დროს გარედან მამულიშვილური შეძახილები მოისმა. მერაბი და ნუგო ფანჯარასთან მივიდნენ. სტუდენტთა ჯგუფი მთავრობის სახლისკენ მიდიოდა აფრიალებული დროშებით და ხალხს მოუწოდებდა აქციას შეერთებოდნენ. მერაბი ნუგოს მიუტრიალდა და გაკვირვებით ჰკითხა:

– რა არი, სიმონ, რა ხდება? რას დაპროწიალობენ ეს ბაღნები ამ დროშებით და რას გაყვირიან? რა უნდათ, რას ეძებენ? მითხარი ერთი, თუ ძმა ხარ.

ნუგზარს ჩაეღიმა, ისე მიუგო:

– რა უნდათ, ძმაო, და თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა უნდათ, სიმართლეს და თავისუფლებას ეძებენ.

– ჰო და, მიიღებენ შუბლში ტყვიას და ეგ იქნება მაგათი სიმართლე და თავისუფლება! – მძულვარებით წარმოთქვა მინამ.

ნუგზარმა ვეღარ მოითმინა, ფიცხად მიუგო თვალებმობურვით მდგომს:

– სწორედ ეგაა, ბიჭო, ვაჟკაცობა, როდესაც იცი, რომ შეიძლება, ტყვია გესროლონ სიმართლისთვის, მაგრამ უკან არ იხევ და თავს სწირავ. აბა, შენნაირად კი არ არიან გამოკეტილები სახლებში და სეირს კი არ უყურებენ!

მინას სახე წამოენთო და შეტევით მიუგო:

– შენ რა, გინდა, თქვა, ბიჭო, რო მე მეშინია და მაგიტო არ გამოვდივარ მიტინგებზე?! რა არი, არ მიცნობ, ტო, არ იცი რაზე ვარ სპასობნი? ხო იცი, რო არაფრის მეშინია და არაფერზე უკან დამხევი არა ვარ! მაგრამ არა მწამს, ძმაო, მაგ საქმის და ამიტომაც არ დავყიალობ მაგ მიტინგებზე!

ნუგზარს ნინომ დაასწრო, ზომიერი სიმკვეთრით მიმართა მინას:

– რომ იძახი, არ მწამს მაგ საქმისო, როდესმე გასულხარ რომელიმე მიტინგზე და მოგისმენია რაზეა იქ საუბარი? ერთხელ მაინც მოდი და დაესწარი ჩვენთან ერთად. იქნებ შენთვისაც მისაღები იყოს, რასაც იქ ლაპარაკობენ და რაც იქ ხდება.

არ დაელოდა მინას პასუხს, უცებვე თამაზს მიუტრიალდა:

– შენც გეხება ეს, ვაჟბატონო, საერთოდ რომ ხარ მოწყვეტილი რეალობას და მინას კუდად რომ იქეცი! იქნებ ძველი მეგობრებიც გაგეხსენებინა შიგადაშიგ?! ჩვენ თუ არა, ლილეს მაინც შეეხმიანე ხოლმე ხანდახან, რომ შეაყვარე გოგოს თავი და უკვე თვე–ნახევარია აღარ გინახია!

თამაზი და ლილე თანაბარ ტონალობაში გაწითლდნენ.

ამ დროს მერაბმა შემოავლო გვერდი-გვერდ მდგომ მინას და თამაზს ხელები მხრებზე და დაყვავებით მიმართა:

– ძმებო, სწორს ბაზრობენ ნუგო და ნინიკო. ამ უაზრო სპორს, ჯობია მართლა წავიდეთ და ვნახოთ ერთი ,რა ხდება ამ მიტინგებზე. იქნება ისეთი რამე ხდება, ბრატ, რაც ჩვენ არ ვიცით და ღირს სანახავად. ჩვენი რაღა მიდის, ტო. ერთი-ორი საათი გავჩერდეთ, მოვუსმინოთ და თუ არ დაგვევასება, წამოვიდეთ, – ამ სიტყვებზე ნუგზარს მიუტრიალდა, – მგონი, ძალით იქ არავინ გაგვაჩერებს, ეგრე არ არი, კნიაზ?

ნუგზარს ჩაეღიმა:

– ასპროცენტიანი ხარ, მერაბ, ძალით იქ არავინ გაგაჩერებს. თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოლებს თუ არ იბრძოლებს, ამას ყველა კაცი თავისი სინდისით წყვეტს.

საღამოს ათი საათი სრულდებოდა, როდესაც მეგობრები მთავრობის სახლთან მივიდნენ. მისი შემოგარენი ზღვად აზვირთებულ ხალხს შეევსო. მიტინგზე გამომსვლელთა ყოველი სიტყვა დამოუკიდებლობისათვის თავგანწირული ბრძოლის მოწოდებით სრულდებოდა, რასაც იქ შეკრებილი ხალხი გულიანი ტაშისკვრითა და აღფრთოვანებული შეძახილებით ეგებებოდა. ირგვლივ მამულიშვილური სიმღერები გაისმოდა.

ყოველივე ამის შემხედვარე მერაბმა მინას მიხედა, ჩაფიქრებით უთხრა:

– მინა, ბრატ, აქ მართლა სერიოზული რამსი ყოფილა და ჩვენ არ გვცოდნია.

მინამ იხტიბარი არ გაიტეხა, აგდებული ტონით მიუგო:

– კაი რა, ჩორტიკ, შენ რაღა დაგემართა, რა სერიოზულ რამსზე ბაზრობ, ტო?! ნუგზარასავით გამობალვანებული ათასობით ქიმბარა სხვა ქიმბარებს უსმენს და ყველას ერთად უხარია. აი, მთელი აქაური ყომარი!

ნუგზარი მინასკენ გადაიხარა, გაცხარებით მიმართა:

– ე, ბიჭო, გეყოფა ეხლა შენ, გამოთქმები შეარჩიე, ტო! თუ არ გევასება, დაახვიე აქედან!

მერაბმა ნუგზარს დაადო მხარზე ხელი, თითქოს დაწყნარებას სთხოვსო. შემდეგ მინას მიუბრუნდა, გულწრფელად მიმართა:

– როგორც შენ ბაზრობ, ეგეთი პუსტიაკი არ არი ეს ამბავი, მინა! რასაც ეხლა მე აქ ვხედავ, ბრატიშკა, ეს ხალხი ზადნის მიმცემი არ არი, იმენნა საქმის გამკეთებელია, თან მაგარი საქმის გამკეთებელი!

II თავი: განხეთქილება

ცხრა აპრილს რუსეთის ჯარის მიერ ჩატარებულმა სადამსჯელო ოპერაციამ კომუნისტური მმართველობისთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ქართველი ხალხი არ დაშინდა. პირიქით, ტრაგიზმით ნაჯერმა ამ დიდებულმა მოვლენამ მთელი საქართველო ფეხზე დააყენა და სიყვარულით შეაკავშირა.

ამის შემდეგ ნუგზარი კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა ეროვნულ მოძრაობას, გაიცნო ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. მათთან ურთიერთობამ და საუბრებმა ნუგზარი სარწმუნოებისკენ შემოაბრუნეს, მოუხშირა ეკლესიაში სიარულს და მალე მოძღვარიც გაიჩინა. მას დღითი დღე უძნელდებოდა ძველნაჩვევ მრუდე ბილიკზე სიარული. ნუგზარმა ისიც კი მოახერხა, რომ „ბნელეთის მოციქულების“ დაჯგუფებიდან თორმეტი წევრი გადაიბირა და ეროვნულ მოძრაობაში ჩააბა. თუმცა, თამაზთან ვერაფერი გააწყო, იგი მინაგვერის სრული ზეგავლენის ქვეშ იყო მოქცეული. ამით სარგებლობდა მინა. მან დაარწმუნა თამაზი, რომ „გაპოლიტიკოსებული“ ნუგზარი მათ დაჯგუფებას ზვიად გამსახურდიას დავალებით შლიდა, რაც მათი საერთო შავი საქმის ღალატი იყო. ამის გამო თამაზი ერთგვარი გაბოროტებითაც კი განეწყო თავის ბავშვობის მეგობრების მიმართ.

ყოველივე ამან დაჯგუფების წევრებს შორის განხეთქილება გარდუვალი გახადა.

ცხრა აპრილმა მინაც დაარწმუნა, რომ საქართველოში მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენები მიმდინარეობდა და ამ ახალ ვითარებაში საკუთარი მიზნების განსახორციელებლად საჭირო იყო მისი ეროვნულ მოძრაობაში ჩაბმა. მაგრამ მას კატეგორიულად არ უნდოდა, ეს ამბავი ნუგზარის მხრიდან მომხდარიყო, რადგან ეს მინას ისედაც შერყეულ ავტორიტეტს „ბნელეთის მოციქულებში“ კიდევ უფრო დასცემდა. თან, როგორც ქრისტიანი პოლიტიკოსი, ზვიად გამსახურდიაც მიუღებელი იყო მისთვის. ამიტომ მინა დაჟინებით ცდილობდა, ალტერნატიული გზა მოეძებნა, სადაც თავად იქნებოდა თაოსანი. მალე ამის შესაძლებლობაც მიეცა.

მაშინდელმა კომუნისტურმა მმართველობამ სათანადოდ შეაფასა იმჟამინდელ კრიმინალურ სამყაროში შექმნილი ვითარება. კარგად დაინახა, რომ მძლავრად აზვირთებულმა ეროვნულმა მოძრაობამ შეძლო კრიმინალური ცნობიერების მქონე ქართველი ახალგაზრდობის ნაწილში გაეღვიძებინა „შავი ცხოვრების“ ცრუჰეროიკით მიძინებული მამულიშვილური სულისკვეთება. ნუგზარის მსგავსად, „შავ ცხოვრებას“ მიდევნებული ბევრი ქართველი ჭაბუკი მოეგო მაშინ გონს და ჩაება ეროვნულ მოძრაობაში.

ეს უზარმაზარი ძალა იყო, უდიდესი პოტენციის მქონე, რომლის ეროვნული ინტერესების მიხედვით ამოქმედება მეტად სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა კომუნისტურ მმართველობას. ამიტომ, მაშინდელმა „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ ასპარეზზე გამოიყვანა თავისი ფარული აგენტები კრიმინალური სამყაროდან, რომელთა ამოცანა იყო ეროვნული მოძრაობისკენ მიდრეკილი კრიმინალური აზროვნების მქონე ახალგაზრდების გადაბირება და ფსევდომამულიშვილური ლოზუნგებით ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობისთვის დაპირისპირება. სწორედ, ამ მიზნით შეიქმნა ავადცნობილი „მხედრიონი“.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი