რომანი და დეტექტივი

მტაცებელთა პლანეტა

№38

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 02.10, 2021 წელი

მტაცებელთა პლანეტა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #30-37(1081)

მეცხრე თავი: ვიქტორია, ვიქტორია!

სისხამ დილა იყო, მინამ გააღვიძა თამაზი და უჩურჩულა:

– წამო სამზარეულოში!

თამაზმა ძლივს მოიცილა კისერზე გადადებული ლუსიას მორგვივით მკლავი და თვალების ფშვნეტით წამოდგა. სამზარეულოში რომ შევიდნენ, თამაზმა მაგიდის შუაგულში გაზეთზე გაშლილი კანაფის დიდი გროვა შენიშნა და მინას ჩაღიმებით ჰკითხა:

– ეს რა ამბავია, ბიჭო, სალოსის მოსავალი აიღე?

– ჰო, მოსავალი ავიღე... ვირთხებისგან! – უთხრა მინამ კბილებში გაცრილად და თამაზის მხარეს მაგიდაზე ორი ოცდახუთმანეთიანების შეკვრა დააგდო, – აჰა, შენი ხუთი ათასი. – უთხრა თამაზს და „კაჩალკა“ სავარძელში ჩაეშვა, სიგარეტი გააბოლა ნება-ნება.

ეხლაღა შენიშნა თამაზმა, მინას პერანგი სისხლიანი ჰქონდა.

– ეს რა სისხლებში ხარ, ბიჭო? – ჰკითხა მიხვედრილის იდუმალი ხმით.

მინას ჩაეღიმა, ღიმილი არ ერქვა ამას:

– მიხვდი ახლა, დებილი ხო არა ხარ, შე ჩემა? დავაჯინე იმ ბებერ გნიდას სიკვდილის ბუზი შუბლზე.

– მერე მე რატო მომტეხე მაგ საქმიდან, ტო, აკი ერთად უნდა გაგვეკეთებინა?! – გაბრაზებით უთხრა თამაზმა.

მინას სახე დაეჭმუხნა:

– აუ, ძმობას გეფიცები, თამაზიკო, ეგრე სჯობდა რა! შუაღამეს ორნი რომ ავსულიყავით, შეიძლება, რამე ესაიმა და ვაფშე არც გამოჩენილიყო ეგ ახვარი. ისე კიდე, შარაფი ავიტანე, დავათვრე და გათიშულს კისერში დანა ვთხარე, მაგის დედაც მ...ნ!

– ეს პლანი საიდანღა მოიტანე?

მინას ჩაეცინა:

– ისე ხომ არ წამოვიდოდი იქიდან, შე ჩემა. ბაითი დავუშმონე და ეს მოსაწევი ვიპოვე.

ამ დროს ყრუ ქვითინის ხმა მოესმათ. თამაზი მიხვდა, ვიკა ტიროდა, მინას მიუტრიალდა:

– ბიჭო, მე მგონი, ვიკა ტირის. მიდი, მიხედე, ტო!

მინამ ხელი აიქნია:

– გაახურა მაგან კიდე საქმე, მივდიოდი ტიროდა, მოვედი ისევ ტირის. მე რა ვუშველო აწი, ხომ არ გავკერავ, მაგ ჩემისას.

– ვა, ქალიშვილი იყო, ტო? – გაიკვირვა თამაზმა.

– რა გიკვირს, შე ჩემა, ვერა ნახე, სულ ბავშვია, ტო!

თამაზს ჩაეცინა:

– რა ვიცი, მაგის დედაც ვატირე, ასე მგონია, რუსეთში უკვე გახეთქილები იბადებიან–მეთქი.

მინას სიცილი წასკდა, თავის ქნევით მიუგო, თითქოსდა კმაყოფილი ხმით:

– ჩემი არ იყოს, შენც მაგარი პახაბნი ვინმე ხარ, აი! ტყუილა არ დაგარქვა კნიაზამ მყრალო.

მეათე თავი: ბნელეთის მოციქულები

დრო ისე ჭამდა მისთვის ღვთიური განგებულებით განკუთვნილ გზას, როგორც ცეცხლის ალყაში მოქცეული ღრიანკალი საკუთარ სხეულს. წლების განმავლობაში ერთად ჩადენილმა ავკაცობამ ამფსონები მტკიცედ შეადუღაბა ერთმანეთთან. განსაკუთრებით თამაზი მიეჯაჭვა მინას. იგი თავადაც შეიგრძნობდა, ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ ემსგავსებოდა მინაგვერს... არა, ის უკვე მინაგვერი იყო ქცევითაც და ცნობითაც, ოღონდ სხვა სახელითა და გვარით და განსხვავებული იერით.

სკოლაში სწავლის დროს ნუგზარმა და ნინომ გადაწყვიტეს უნივერსიტეტში ჩაებარებინათ ისტორიულ ფაკულტეტზე და სწავლის დამთავრების შემდეგ დაქორწინებულიყვნენ. ეს რომ მინამ გაიგო, თავათაც ისტორიულ ფაკულტეტზე შეიტანა საბუთები და მათთან ჯგუფში მოხვდა კიდეც. საერთოდ, მინაგვერი ყოველთვის ცდილობდა, ნუგზარისა და ნინოს სიახლოვეს ყოფილიყო, თითქოს არ უნდოდა მათი საკუთარი ყურადღების არეალიდან დაკარგვა. რამდენიმეჯერ თამაზმა მინას მტაცებლური მზერაც კი დაიჭირა ნინოს მიმართ. იგი ისე უცქერდა მას, როგორც სანადიროდ გავეშებული მგელი საარშივო კრავს. ყველაზე მეტად ამას ნინო შეიგრძნობდა ქალური ალღოთი, ამიტომ ყოველთვის დაძაბულად და უხერხულად გრძნობდა თავს მის სიახლოვეს და ყველანაირად ერიდებოდა მასთან ურთიერთობას.

არასოდეს დაავიწყდება თამაზს, ზაფხულის ერთ საღამოს ის, მინა და ვიკა მცხეთაში რესტორნის აივანზე ისხდნენ და წამალგაკეთებულები შამპანურს წრუპავდნენ. თამაზი წამიერად ვიკას სილამაზემ გაიტაცა და მას უმზერდა. ეს შენიშნა მინამ, მხარზე ხელი ჩამოჰკრა მას და თვალმობურული ღიმილით ჰკითხა:

– აბა, თუ იცი, ვისა ჰგავს ჩემი ვიკულია?

თამაზი შეცბა, ისე მიუგო:

– ვის?

– კარგად დააკვირდა და ამ ქერა თმების მაგივრად შავი თმა წარმოიდგინე. – ღიმილითვე გაეპასუხა მინა და ვიკას თმაზე ჩამოუსვა ხელი.

თამაზი ყურადღებით დააკვირდა ვიკას და მართლაც საოცარი მსგავსება აღმოაჩინა. თვალთა იგივე ფერი, წარბთა და წამწამთა ისეთივე მოხაზულობა, ისეთივე კოპწია ტუჩ-პირი და თეთრი სახე, მხოლოდ თმის ფერით განსხვავდებოდა ნინიკოსაგან.

– ვა, მართლა როგორა გავს ნინიკოს, ტო! – გულწრფელად გაიკვირვა თამაზმა.

– მეც იმიტომ მიყვარს ჩემი პატარა ვიკულია. – ღიმილით წარმოთქვა მინამ და უხერხული მდგომარეობით სახეაფაკლულ გოგონას მზისფერ დალალებზე გადაუსვა ნაზად ხელი.

შემდეგ თამაზს მიუტრიალდა და თვალებმოწურულმა უთხრა:

– მაგრამ ნინო უფრო მაგარი გოგოა, სიმონ, ძალიან მაგარი!

ვნების გახელება შეიცნო თამაზმა მის თქმულში, გაცხარებით მიმართა:

– აზრზე მოდი, მინა! ნინო ჩვენი ძმის საცოლეა და ჩვენი დაიკო!

მინას ჩაეცინა:

– მერე რატომ ნერვიულობ, ბრატ? მეც ეგ მიხარია, რომ ჩვენი ძმის საცოლე ძალიან მაგარი გოგოა, სხვა რამ არც კი გამივლია თავში, ღმერთმა დამიფაროს. – შემდეგ, მისთვის ჩვეული სარკასტული ღიმილით შენიშნა, – ისე, ძმაო, ჩემთან გითქვია და სხვასთან ეგეთი რამე აღარ გაიმეორო, რომ ჩვენი ძმის საცოლე ჩვენი დაიკოა, თორემ მაგრა მარაზმულად ჟღერს.

მაშინ კი იგუმანა თამაზმა, რომ მინაგვერი ვიკას ნინოს მსგავსების გამო მიეჯაჭვა, ამიტომ უყვარდასავით იგი.

* * *

მთელი ამ ხნის განმავლობაში ბიჭებს ყმაწვილობიდანვე არჩეული „მგლის ბილიკიდან“ ბიჯითაც არ გადაუხვევიათ, ყოველი საქმის მოთავე და მომფიქრებელი კი, თითქმის ყოველთვის, მინა იყო. იგი ძალიან ჭკვიანურად მოქმედებდა, არანაირ საბუთს არ უტოვებდა სამართალდამცველებს. ისიც იყო, მინამ მილიციაშიც გაიჩინა საჭირო ნაცნობობა, რომელნიც გარკვეული თანხის საფასურად, თვალს ხუჭავდნენ მათი „კამანდის“ საქმიანობაზე.

ოთხი წლის დამთავრებული ჰქონდათ ბიჭებს სკოლა, 1987 წლის გაზაფხული იდგა. მინამ ამფსონები ისნის „ხატაზე“ შეკრიბა. ბიჭებმა შეატყვეს, ძალზედ ნერვიულობდა იგი, რაღაცაზე ფიქრობდა გამალებით.

– ჰა და, თქვი, რაშია საქმე, რატომ შეგვკრიბე ასე თავპირისმტვრევით. რევოლუციის მოწყობას ხო არ აპირებ? – ღიმილით შეეკითხა ნუგზარი ფიქრებში ჩარგულ მინას.

იგი მაშინვე გამოერკვა, სიგარეტი საფერფლეს მიასრისა და დინჯად მიუგო:

– ისეთი პირი უჩანს, კნიაზ, რევოლუციას ჩვენ გარეშეც მოაწყობენ, ეს ქიმბარები. ჩვენ, ჯობია, ჩვენს საქმეს მივხედოთ.

– ხო და, თქვი მერე, რა საქმეა. შენ, ეტყობა, ახალი იდეები გაწუხებს, აი. – მიუგო ახლა შალვამ.

მინა წამოდგა, კომოდს ჩამოეყრდნო ცალი ხელით, თითქოს საორატორო ტრიბუნა მოიმარჯვაო და მისთვის დამახასიათებელი შეგონებითი კილოთი მიმართა მეგობრებს:

– ძმებო, აგერ უკვე ხუთი წელია, ერთადა ვართ ქურდულ საქმეში. ფულიც დობრად ვიშოვეთ და არაფერშიც არ ჩავჭრილვართ. ქვეყანაზე კაცი არ დადის, ჩვენზე რამე პრედიავა რომ ჰქონდეს. მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც მეტის გაკეთება შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ კიდევაც. ისტორიაში თუ არ შევალთ, ერთ-ორ თაობას სალაპარაკო მაინც დავუტოვოთ.

– მეტი რაღა ვქნათ, ძმაო? – გაიკვირვა შალვამ, – მოსაპარია, ვიპარავთ, დასაყაჩაღებელია, ვაყაჩაღებთ. თუ შენ ბანკის დაბომბვა გადაგიწყვეტია, რაღას წელავ, თქვი და ეგ არი.

მინას ჩაეღიმა:

– ეგ ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც იყო, ჩემო შალიკო. მარა, პა ხოდუ, მე სხვა რამეცა მაქვს მოფიქრებული, ათი ბანკის დაბომბვას რომ ჯობია, ისეთი.

– ვა, ეგეთი რა არი, ტო? – გაკვირვება არ ტოვებდა შალვას

– რა არი და, აგერ, ხო ხედავთ, პერესტროიკა გამოცხადდა, ხალხს კერძო საკუთრების უფლება მისცეს. აი, ნახავთ რა, მალე ბევრს თავისი საკუთარი მაღაზიები და ცეხები ექნებათ, ფულიანი ხალხი – დელავიკები და პადპოლნი ცეხავიკები ნა ვიდუ გამოვლენ. ამიტომ, სანამ სხვას მოუფიქრებია და მოუსწრია, კონტროლის ქვეშ უნდა ავიყვანოთ ეგეთი მასტები და ფული შევაწეროთ. მაგ საქმეს კიდე, ჩვენ ოთხნი არ ვეყოფით. ჩვენი მასტის ხალხი უნდა შემოვიკრიბოთ საახლობლოდან და ერთად ვიჩალიჩოთ.

ნუგო მიუხვდა მინას ჩანაფიქრს და ნიკაპის სრესვით ჰკითხა:

– მე როგორც მივხვდი, შენ რაღაც მაფიოზური დაჯგუფების შექმნაზე ბაზრობ, არა?

მინამ ჩაღიმებული გაღიზიანებით მიმართა:

– თუ გინდა, ეგრეც იყოს, კნიაზ, რაც გინდა ის დაარქვი, ძმაო. რა არი მაგაში ცუდი, თუკი ჩვენ საქმეს გაგვაკეთებინებს და ფულს გვაშოვნინებს?! მაფიოზები რა, ჩვენზე ნაკლები პრისტუპნიკები არიან, მთელ ქვეყანას აზანზარებენ და მილიონებს ათამაშებენ!

ნუგომ მშვიდად უპასუხა:

– ბიჭო, ცუდი ის არი, რომ ქურდული და მაფიოზური ერთმანეთში ვერ ჯდება. დიდ მაყუთს კი შოულობენ, მარა მაგათთან ბესპრედელები არიან და ძაღლობასთან თანამშრომლობაც მოსული პონტია. დიდ ფულს კიდე, ძმაო, მე პირადად, მირჩევნია ბოლომდე კაი კაცის სახელი მქონდეს. რასაც დღეს ვშოულობთ, ისიც საკმარისია ჩემთვის, არაკაცურად ნაშოვნი ფული მილიონი წელი არ მჭირდება. აი, შენ როგორ აპირებ ჩასვა ერთმანეთში ქურდული და მაფიოზური, ეგ მაინტერესებს, რა!

მინა მისკენ გადაიხარა, მანაც სიდინჯით მიუგო, თითქოს ნუგზარის სიმშვიდე გადაედოო:

– შენ რასაც მაგ სიტყვაში გულისხმობ, კნიაზ, მაგეთი ქურდობის დრო მიდის, ბრატ! ისეთი სისტემა შეიქმნება ქვეყანაში, რომ იმენნა მაფიოზობის დრო დადგება. მალე ქურდებიც ზუსტად იმას იჩალიჩებენ, რასაც ეხლა მე აქ გეუბნებით. რომ მოინდომონ კიდეც, სხვა გზა მაინც არ ექნებათ, იმიტომ, რომ მაგეთი პალაჟენია დადგება. ხო და, ჩვენც ალღო უნდა ავუღოთ ამ ახალ დროებას, თავიდანვე უნდა მოვერგოთ და მოვძლიერდეთ, ჩვენ გარშემო ხალხი დავიყენოთ, თორემ, თუ ცხოვრებას ფეხი არ ავუწყვეთ, სხვა გადაგვასწრებს და ჩვენ კიდე ცარიელზე დავრჩებით, ან ვაფშე გადაგვივლიან.

ნუგზარი ერთხანს ჩაფიქრებით იჯდა, ბიჭები მას იყვნენ მიყურადებულნი. ბოლოს თავი წამოსწია, თვალი მოავლო მათ, მინას მიმართა უშუალოდ:

– შენ რასაც ამბობ, მინა, ეგ აზრი მეც უკვე კაი ხანია მიტრიალეს თავში, მაგრამ რა მატორმუზებდა იცი?.. მამაჩემისგან ერთხელ მოსმენილი მაქვს, აი, ეგეთ ქურდებზე, ფულს რო აწერავენ დელეცებს – ქურდის საქმე მოპარვაა, ვიღაცას რაღაცა შევაწერო და იმით ვიცხოვრო, ფინგანი ან ობეხეესი ხო არა ვარო!

თამაზმა ხელი აიქნია:

– კაი რა, ნუგო! გაიგე, რა, ერთხელ და სამუდამოდ, ძმაო, მამაშენისნაირი კრისტალნი ქურდების დრო წავიდა, ახლა უკვე სხვა დროა, ბრატ. მე პირადად მომწონს მინას იდეა, ახალი დრო მოდის, ახალი პალაჟენიები იქმნება, ეს კიდე ყველაფერს მაგრად მოზგავს. მე, ლიჩნად, ამ საქმეში მაგის გვერდზე ვარ, ძმაო.

ნუგზარმა მუხლებზე ხელები დაირტყა, მოწყვეტით მოსჭრა:

– თუ ეგრეა, მეც თქვენთან ვარ, ძმებო! – ამ სიტყვებზე მინას მიმართა უშუალოდ, – ოღონდ ერთი რამე გაითვალისწინე, მინა, ყველაფერი ვაჟკაცურობის რამკაში უნდა იყოს ჩამჯდარი, თორემ არავაჟკაცურში არაფერში არ დაგიდგებით მხარში და არც სხვას დავაყენებ თქვენს გვერდით.

– მაგას რატომ ამბობ, ბრატ, – თითქოს ეწყინაო მინას, – არავაჟკაცურს არც მე ვიკადრებ!

– კაი, მაშინ. მაგრამ შენ მაინც ვინ გყავს მხედველობაში, ვინ უნდა დავიყენოთ გვერდზე? – შეეკითხა ნუგზარი.

მინამ შვებით ამოისუნთქა, თითქოს რამ მძიმე ტვირთი მოიხსნაო. ნუგზარის გვერდით ჩამოჯდა, მხარზე ხელი გადახვია და ჩაღიმებით უთხრა:

– რადგან შენ თანახმა ხარ და ზედმეტი შუხურის გარეშე მოგვარდა ყველაფერი, საღოლ, ძმაო. აწი რა გვიჭირს, ჩათვალე, რო ნახევარი საქმე მოყომარებულია.

ეს თქვა მინამ და თითები მოიმარჯვა ჩამოსათვლელად:

– უპირველეს ყოვლისა, ჭინკა. კია დებილი, სიმონ, მარა მაგარი ისპალნიტელია, თან ჩვენი ძმაა, უღალატო კაცია. მერე, ჩვენი ვარანცოველი ძმები – მორფიკა, წოპე, ჭრაჭუნა და მაგისი ძმა. სვანეთისუბნელები – კუბიკა, თავგასა ნოდარა და ყევერა იოჟიკა. სულ რვა გამოვიდა, ჩვენიანად თორმეტი. მე მგონი, თავიდან საკმარისია. თუ თქვენ კიდე ვინმე სხვა გყავთ მხედველობაში, თქვით ძმებო. – ამ სიტყვებზე თვალი მოავლო ბიჭებს.

ნუგომ თავი გაიქნია:

– არა, მეტი არ არის საჭირო. ეგენი, ვინც შენ დაასახელე, ნაღდი ვიცით, ვინც არიან. ჩვენი ძმები არიან, თან მაგარი ვოლკები, საქმეში ყველა ნანახი გვყავს.

მინას იქედნურად ჩაეცინა:

– თან, ეგაც არი, მაგათიანად თორმეტი ვართ, ბნელეთის თორმეტი მოციქული.

* * *

ორი დღის შემდეგ ისნის „ხატაზე“ თორმეტი საავკაცოდ გამზადებული თავზეხელაღებული ჭაბუკი შეიკრიბა. თრიაქის ეშმაკეულ კვამლსა და ღვთისმგმობელ ღრიანცელში აღფრთოვანებით მიიღეს მინაგვერის წინადადება და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ყაჩაღურ დაჯგუფებას „ბნელეთის მოციქულები“ დაარქვეს.

კრიმინალური თვალსაზრისით, დაჯგუფება მეტად ეფექტურად მოქმედებდა, რისი სტრატეგიაც, ძირითადად, მინას შემუშავებული იყო. „ბნელეთის მოციქულები“ გულისყურით აკვირდებოდნენ მათ უბნებში მიმდინარე მოვლენებს და თუ ვინმე კერძო მაღაზიას ან საამქროს გახსნიდა, სამი იმათგანი (ამ შემადგენლობას მინაგვერმა „უწმინდური სამეული“ შეარქვა) უცებვე მასთან გაჩნდებოდა და ერთობ თავაზიანად თავის „ფასდადებულ“ მფარველობას სთავაზობდა. უარის შემთხვევაში, მეორე დღესვე „ჯიუტ“ მეპატრონეს ან მანქანა დახვდებოდა გადამწვარი, ან სამუშაო ადგილი აოხრებული. ამის შემდეგ „უწმინდური სამეული“ კვლავ „გამოეცხადებოდა“ მას და უკვე კატეგორიული ტონით სთავაზობდა იმავეს, რის შემდეგაც უარს, რაღა თქმა უნდა, იშვიათად იღებდა. „ბნელეთის მოციქულებმა“ ამგვარი მეთოდით ოცდაათამდე ობიექტი ჩაიგდეს ხელთ „სამფარველოდ“, საიდანაც საკმაო თანხას იღებდნენ.

წინასწარი შეთანხმებით, შემოსული თანხის ნახევარი „ბნელეთის მოციქულებს“ შორის ნაწილდებოდა, მეორე ნახევარი კი საერთოში შედიოდა და სხვადასხვა საჭიროებისათვის გამოყენებოდა – იარაღის შესაძენად, მილიციის მუშაკთა მოსასყიდად და ასე შემდეგ.

რამდენჯერმე ისეც მოხდა, რომ „ბნელეთის მოციქულების“ ინტერესები ქურდების ინტერესებთან გადაიკვეთა; მაგრამ ჩინებული ქუჩური დიპლომატიის უნარის მქონე მინაგვერი ყოველ ასეთ კონფლიქტს გასაოცარი ტაქტით აგვარებდა, და თუ ეს არ ხერხდებოდა, მაშინ იარაღის ძალას აამოქმედებდა; ოღონდ ისე მოხერხებულად აწყობდა ამასაც, რომ მის კარამდე კვალი არასოდეს მიდიოდა.

დროთა განმავლობაში დაჯგუფება მეტად გაძლიერდა და უკვე ორ წელიწადში სამ ათეულ წევრს ითვლიდა. შესაბამისად, მოქმედების არეალიც გაიფართოვა.

„ბნელეთის მოციქულების“ მამოძრავებელი ძალა ჩუღურეთული ოთხეული იყო, მაგრამ წამყვანი როლი მაინც მინაგვერს ეკავა. მან ამ დაჯგუფების ყველა წევრი თავისი ზეგავლენის ქვეშ მოაქცია და მისი ნების უსიტყვო აღმსრულებლებად აქცია. მათი სიმპათია და მორჩილება იმითაც მოიპოვა, რომ იგი მათ ბოროტმოქმედებაში არ ზღუდავდა და ნებისმიერ ავკაცობას უხალისებდა, მხოლოდ მისი ნების შეუსრულებლობას არ პატიობდა.

თუმცა, ნუგზარისა და მისი მარად ერთგული შალვას სრულ გაკონტროლებას ვერ ახერხებდა და ხშირად უთანხმოებაც კი მოსდიოდა მათთან. მინა უკვე სერიოზულად ფიქრობდა, როგორმე თავიდან მოეცილებინა ისინი, რათა ბანდის ერთპიროვნული და უპირობო მმართველი გამხდარიყო.

ამ ამბების პარალელურად, საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა დაიწყო, რომელმაც მთელი ქართველი ხალხი, მათ შორის „ბნელეთის მოციქულებად“ თვითწოდებული ჭაბუკნიც, დიდ გზაგასაყართან დააყენა.

პირველი ნაწილის დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი