რომანი და დეტექტივი

მტაცებელთა პლანეტა

№37

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 25.09, 2021 წელი

მტაცებელთა პლანეტა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #30-36(1080)

ნუგზარი და შალვა რომ გავიდნენ, მინა და თამაზი დარბაზში სუფრასთან დაბრუნდნენ. თამაზს მიმართა მინამ:

– დღეს მინდოდა, იმ ნაბოზართან საქმე მომეყომარებინა, მარა ხვალისთვის იყოს. დღეს მე და შენ უფრო ვაჟნი საქმე გვაქვს!

– რა საქმე? – დაინტერესდა თამაზი.

– მალე ნახავ! – მოუჭრა მინამ, შემდეგ მხარზე ხელი გადახვია თამაზს, თვალებში ჩახედა და მისთვის უჩვეულო გულთბილობით მიმართა:

– შენ მე ფაიზაღ სიკვდილს გადამარჩინე, თამაზიკო, შენზე ახლობელი კაცი მე არ მყავს. არ ვიცი, შენ როგორ მიყურებ, მარა ჩემთვის ყოველთვის ძმა იქნები. მე შენი ვალი მაქ, ისეთი ვალი, უცებ რო ვერ გადაიხდი, მთელი ცხოვრება რო უნდა იხადო...

– კაი რა, რა ვალზე მელაპარაკები, არა გრცხვენია, მინა?! – შეაწყვეტინა თამაზმა.

მინამ მკლავში ჩაავლო ხელი თამაზს, დაჟინებით მიუგო:

– ეგრე ნუ იტყვი, თამაზიკო! ყველაზე ძვირფასი, რაც კი ღმერთმა ადამიანს მისცა, სიცოცხლეა. შენ რომ ეს სიცოცხლე ჩემთვის არ დაინანე, ვალი მაქ, აბა, რა არი?.. ხო და, მაგიტომაც გეუბნები რა, თუ ჩემ ძმობას არ თაკილობ, მოდი და სვანური წესით გავიფიცოთ.

თამაზმა ჭიქა აწია და წარმოთქვა:

– ჩვენ ძმობას გაუმარჯოს!

მინამ ხელი უტაცა სასმისზე:

– ეგრე არა, ბიჭო, ხო გითხარი სვანური წესით-მეთქი!

– ეგ როგორღაა? – გაიღიმასავით თამაზმა.

– ეხლავე გიჩვენებ! – ამ სიტყვებზე შარვლის ჯიბიდან დანა ამოიღო მინაგვერმა და მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი მოსხეპით გადაისერა, დანა კი თამაზს მიაწოდა.

თამაზმა შეცბუნება არ შეიმჩნია. უცებვე წამოდგა და თავადაც იგივე გაიმეორა. მინამ თავისი გასისხლიანებული თითი მის თითს შეუერთა, ქვეშ კი ღვინიანი ჭიქა დაუდგა. შეერთებული სისხლის ნაკადი ღვინოს შეერია და ერთ მისტიკურ სითხედ გარდაიქცა. მინამ ასწია ჭიქა და პათეტიკურად წარმოთქვა:

– სანამ ცოცხლები ვართ და ამ დედამიწას ვაწუხებთ ჩვენი ცოდვილი სულებით, ძმობა გაგვეწიოს ერთმანეთისთვის, მოვკვდებით და ღმეთრმა იქაც ერთად მოგვახვედროს, გინდა სამოთხეში და გინდა ჯოჯოხეთში, რომ იქაც ძმებად დავრჩეთ. ძმობის მოღალატე წყალს სვამდეს და წყურვილს ვერ იკლავდეს, პურს ჭამდეს და შიმშილს ვერ იცხრობდეს, ცოცხლობდეს და სიკვდილი ენატრებოდეს, კვდებოდეს და სიკვდილს არ ღირსებოდეს. ამინ! – ამის თქმაზე ნახევარი ჭიქა გამოსცალა მინაგვერმა და დარჩენილი თამაზს მიაწოდა.

– ამინ! – მტკიცედ წარმოსთქვა თამაზმაც და მიწოდებული სასმისი ძირამდე გამოსცალა.

ამის შემდეგ ლუსიას დაუძახა მინამ, თვალმობურულად ჰკითხა:

– ვიკულია სად არი, არ მოგიყვანია, ტო?.. გუშინ ხო მითხარი, ხვალე მოვიყვანო!

ლუსია გაწითლდა, დაიჭმუჭნა, დაპატარავდა. თამაზს საიდანღაც მიკარგულიდან მოეყურადა მისი არეული ჩიფჩიფი:

– იცი, მინა, დღეს ალბათ არ გამოვა ეგ ამბავი...

მინა თითქოს ელოდაო ამგვარ პასუხს, მაჯაში სტაცა ხელი და კბილებში გამოცრა:

– მომისმინე, შე ძუკნა! ეხლავე დაურეკე ვიკას და უთხარი გამოვიდეს სასწრაფოდ, თორემ იცოდე, ძალიან მწარედ განანებ! სულ თავბედს გაწყევლინებ! გესმის ჩემი?!

– კარგი, დავურეკავ. – საცოდავი გამომეტყველებით ჩაიდუდუნა ლუსიამ.

მინამ უშვა მარწუხები. მიმავალს თამაზმა გააყოლა თვალი, ნაოცარი ხმით უთხრა მინას:

– გამოვქლიავდები, ტო, როგორა გყავს ეგ ქალი დაჩმორებული.

მინას ჩაეცინა:

– თამაზიკო, ბრატ, მე ისეთი რამე ვიცი მაგაზე, რომ გავუბაზრო, ოცდაოთხ საათში „ბოჟე მოის“ უმღერებენ ქურდები.

– რა იცი ამისთანა? – ცნობისწადილით დაეკითხა თამაზი.

მინა თვალებში ჩააკვირდა ერთხანს, შემდეგ მიუგო:

– რახან სისხლით ძმობა ვუთხარით ერთმანეთს, ტყუილიც არ შეიძლება ჩვენ შორის. მაგრამ იცოდე, ჩვენშივე უნდა მოკვდეს ეგ ბაზარი!

– ჩათვალე, რო მკვდარია უკვე! – დაუდასტურა თამაზმა.

მინამ სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა, თვალები მოწურა და კვამლის ბურუსს ამოაყოლა თქმული:

– ნახალოვკელი ქურდი როა, ჭია მალხაზა, გეცოდინება შენ?.. აი, როზისკში რო იყო კაი ხანი, ბოლოს ბოღმის ბაღში რო ააგდეს ძაღლებმა?

– კი, ვიცი, როგორ არა! – გაიხსენა თამაზმა.

– ხო და, ამ ქალბატონის წყალობით არი ახლა ეგ სროკზე. მარტო მე ვიცი ეგ ამბავი, ამ ნაბოზარის ჩაშვებული როა.

თამაზს გაუკვირდა:

– შენ როგორღა გაიგე, ტო.

– კაროჩე, ეს ლუსია მაგ ჭიას ნაშა იყო, მარა მაგრა არ ევასებოდა. ჭია იმენნა ძალით ხმარობდა რა. – მინას ჩაეცინა, – ანდა ჭია რა დასავასებელია, მაგის დედაც მ...ნ. ხო გინახია სიფათზე, სიმონ, სუფთა კვაზიმოდოა, ეგ ჩემისა.

– ხო, კაი, თემას ნუ გადაუხვიე! – შეაწყვეტინა თამაზმა.

– იტოგში, ბრატ, ეს ჭია რო დაიჭირეს, ლუსია მე ვითრიე. მაგრად შევაჩვიე თავი. ქალიც ბრიყვია. ერთხელაც მთვრალს წამოსცდა, – მაგრა არ მევასებოდა ეგ ჭია, სუფთა უროდი იყოო. ათას საზიზღრობას მთხოვდა, სიცოცხლე გამიმწარაო. დღეში ორ-სამჯერ მცემდა, სამსახურში დალილავებული დავდიოდიო. რა მექნა, ერთ დღესაც, ძაღლობაში დავრეკე გარეთა აპარატიდან და გავაგებინე, სადაც ასატკავებდაო. გაიგე, ძმაო? მეც დავაფიქსირე ეს ბაზარი, მარა იმ წუთს არაფერი მითქვამს. დილას რო ავდექით, წინ დავისვი და შევახსენე თავისი ნაბაზრი. უცებ მოვიდა აზრზე, რაც ჭამა. უნდა გენახა რა დღეში ჩავარდა ნაბოზარი, ფეხებში ჩამივარდა და ხვეწნა დამიწყო, არავის უთხრა, რაც გითხარი, თორემ ქურდები დამბრიდავენო. დაჟე ფულსაც მაძლევდა, აზრზე ხარ?

– ესე იგი, ეხლა მაგ ამბის შესახებ ქურდებმა არაფერი იციან? – წარბაწევით შეეკითხა თამაზი.

– ჰო, არ იციან, რა არი, რო? – კითხვა დაუბრუნა მინამ.

– ჩემი აზრით, საქმის კურსში უნდა ჩაგეყენებინა ვინმე.

– კაი ერთი, თუ ძმა ხარ! – ხელი აიქნია მინამ, – აი, ვთქვათ და გავაგებინე ქურდებს ეგ ამბავი... ვის რა ვიგოდა მაქედან და მე ლიჩნად რა რეზონი? ლუსიას ჯიგარში დანა და ჭიასაც არაფერი ეშველება. მეც ვიკულიას დავკარგავდი.

მყის გაახსენდა თამაზს მინას წეღანდელი ნაუბარი, ცნობისმოყვარედ ჰკითხა:

– ეგ ვიკულია ვიღაა?

შეამჩნია თამაზმა, მინას სახე გაებადრა მისთვის უჩვეულო სხივით, ისე თქვა:

– ვიკულია ვინაა?.. ლუსიას დისშვილია, კიეველი გოგო. შარშან დედ–მამა დაეღუპა ავარიაში და იმის მერე ამასთან ცხოვრობს. თექვსმეტი წლისაა. რო ნახო, სუფთა ანგელოზია. ორი კვირის წინ ჰყავდა ლუსიას აქ მოყვანილი. მაშინ სადღაც ნახევარი საათი ვებაზრე მაგ გოგოს და მგონი, თავიც შევაყვარე, მაგრამ იმ დღეს არ მცალოდა. იმის მერე ვეხვეწები, ამ ჩათლაშკას, მომიყვანე–მეთქი და სულ რაღაც პრიჩინებს მიძრობს. გუშინ დავურეკე ტელეფონზე და ვუთხარი, ხვალ თუ არ მოგიყვანია, ქურდები სულ არ მინდა, მე თვითონ გიმღერებ „ბოჟე მოის“ მეთქი!

– გიყვარს ეგ ვიკა? – მოულოდნელად შეეკითხა თამაზი.

– აბა, შენა ყოფილხარ! – ხელი აიქნია მინამ აგდებული ხმით, – მიყვარს არა ტოროლა. ქალის სიყვარული ვის გაუგია, ბიჭო?! ქალი მანამ უნდა გიყვარდეს, სანამ ხმარობ, მერე საზიზღარია.

თამაზს თვალწინ გაურბინა ლილეს მწყაზარმა სახემ, წყრომით მიმართა:

– ეგრე რატომ ლაპარაკობ, ძმაო, ქალიც არი და ქალიც?

– ეგრეა და იმიტომ, ყველა ქალი ერთ თარგზეა გამოჭრილი! – ამრეზით მიუგო მინამ.

თამაზმა კამათი არ გააგრძელა, ძველ სასაუბროს მიუბრუნდა:

– მაგას თავი დავანებოთ. ამ ლუსიას ამბავს რომ არ აიასნებ ხალხში, ეგ არ მიმაჩნია სწორად. სხვა რომ ჩაუშვას ამ ჩათლახმა ან შენ თვითონ რომ გიხიმანდროს რამე, მერე რაღას შვრები, ტო?!

მინას თვალები აენთო მძულვარებით:

– ვერ გაბედავს, ბიჭო, იცის, ვისთანაცა აქვს საქმე! – ისე წარმოსთქვა, წამს მიხვდა თამაზი, მართლაც ვერ შეძლებდა ლუსია მინას კლანჭებიდან ასე ადვილად თავის დახსნას.

– ეგრეა, ძმაო, – გააგრძელა მინამ, – სანამ კაცი რამეს იზამს, კარგად უნდა დაფიქრდეს. შორს უნდა გაიხედო, თორემ ახლოს ვინც იყურება, რიჟა ჟორიკასავით ეგრევე პარაშაშია რა!

– ეგ ჟორიკა რომელი, გორკის ქუჩელი ქურდი რო იყო? – დაინტერესდა თამაზი.

მინას ჩაეცინა:

– ჰო, ორი კვირით!

– ეგ როგორ, ტო? – გაიკვირვა თამაზმა.

– აი, ეგრე. ქურდობა რომ უთხრეს, ერთ კვირაში თხუთმეტი სული წამოაყენა ქურდად – ვარანცოვზე და პლეხანოვზე ძმაკაცები ვინც კი ჰყავდა, ყველას ქურდობა უთხრა ამ ჩემისამ. ქურდებმა თავისთან დაიბარეს, ადგნენ და თავში ჩაარტყეს – შენ შიგ ხო არა გაქ, შე ჩემისაო, ისედაც იმდენი ვართ ქურდები, ძაღლს რო ქვა ესროლო, ქურდს მოხვდებაო, შენ კიდე რეებსა შვებიო. მაგის წამოყენებულ ქურდებსაც თავისი შუსტრები მიუგზავნეს – არსადა თქვათ ქურდები ვართო, თორე დაგირბენთ სათითაოდ და ყველას ყვერებს დაგაჭრითო!

ორივეს გულიანად გაეცინა. ბოლოს თამაზმა ჰკითხა გაკვირვებულმა:

– რა არი, ძმაო, შენ თვითონ ქურდულს აწვები, ქურდულადა ცხოვრობ, იძახი ქურდებს პატივს ვცემო, აქეთ კიდე რეებს ბაზრობ მაგათზე, ტო?! წეღან ჭიაზეც იშაყირე...

მინამ ხელები გაშალა:

– ჭია საშაყიროა, მა რა ჩემი ფეხებია, მაგის დედაც მ...ნ. მთელი თავის ცხოვრება გაზეთების კიოსკებსა ბომბავს, ეგ ჩემისა, მეტი არაფერი უქნია ხეირიანი. თან, აზრზე მოდი რა, ქურდ კაცს ჭიას რო დაარქმევენ, რა უნდა იყოს, ტო. აი, დრაკონა ან გველეშაპა რომ დაერქვათ, კიდე მესმის, ზნაჩიტ მაგარი ტიპია, ქვეყანას აზანზარებს. სხვა თუ არაფერი, პაგანიალათი მაინც შეაშინებს კაცს. ჭია კიდე რაღაც უსუსური არსების შთაბეჭდილებას ტოვებს, ქურდს ნაღდი არ შეეფერება.

თამაზს კვლავ ჩაეცინა. მინამ მხარზე ჩამოაყრდნო ხელი და დაყვავებით უთხრა:

– იცი რას გეტყვი, თამაზიკო, ჩემო ძმაო... თან, იცოდე, რა, მარტო შენთვის ვამბობ ამას, ჩემი ძმადნაფიცისთვის, სხვისთვის არა! მე ისე ვცხოვრობ, როგორც მევასება, ხიშნიკურად ვცხოვრობ, ეგ კიდევ ქურდულ რამკაში ჯდება. და რომც არ ჯდებოდეს, მაინც ასე ვიცხოვრებდი, იმიტომ რომ ეგრე მევასება, გაიგე?

უცებ გახევდა, თითქოს ქანდაკად იქცა, მზერა გაეყინა შემოსასვლელისკენ.

– აგერ ვიკულიაც მოსულა. – ჩაიჩურჩულა თავისთვის და ღიმილმა გაუბადრა სახე.

თამაზმა მის მზერას გააყოლა თვალი და დარბაზის შემოსასვლელთან მართლაც უზადო სილამაზის გოგონა დაინახა, მომწვანო-ცისფრად მოელვარე წყალუხვი თვალები ჰქონდა და ქარვისფრად აღელვებული ხვეული დალალები. მორცხვად მდგარი, აქეთ–იქით იყურებოდა, ეტყობა ლუსიას ეძებდა. მინა მასთან მივიდა და გამართული რუსულით მიმართა:

– გამარჯობა, ვიკულია, როგორ ხარ, გენაცვალე?

თამაზმა შორიდანაც კი შენიშნა, როგორ აუკიაფდა მინას ნახვით გახარებულ გოგონას თვალები. მინას კი მთელი თავისი უკმეხობა სადღაც გადაჰკარგვოდა. შესციცინებდა ვიკას, გამუდმებულად ხუმრობდა, კურიოზულ ისტორიებს და ანეკდოტებს ყვებოდა. ვიკაც შეყვარებულ თვალებს არ აცილებდა და გულღიად იცინოდა. მისი კისკისიც მინას მიმართ სითბოთი იყო გაჯერებული.

ღამის თერთმეტი საათი სრულდებოდა, როდესაც მათთან ლუსია მივიდა და მინას ჰკითხა:

– რა ვქნათ, მინა, რესტორანი უკვე ამთავრებს მუშაობას?

– რა ვქნათ და ავიღოთ შარაფი და ავიდეთ ხატაზე! – ამ სიტყვებზე ვიკას მიუტრიალდა, მკლავზე ჩაეჭიდა ნაზად:

– წავიდეთ ხო, ვიკულია?

– სად წავიდეთ? – იკითხა შეცბუნებულმა ვიკამ და ლუსიას მიუბრუნდა, თითქოს მისგან ელოდებაო პასუხს. მინამ, მის შეუმჩნევლად, შეუბღვირა თვალებით.

– წავედით, წავედით! ცოტა ხანი გავერთობით და მერე ბიჭები გაგვაცილებენ სახლში. – უთხრა ვიკას ლუსიამ და წამოდგა. თამაზს ხელკავი გაუყარა და გასასვლელისკენ გაიყოლია.


გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი