რომანი და დეტექტივი

მტაცებელთა პლანეტა

№35

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 11.09

მტაცებელთა პლანეტა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #30-34(1078)

მინა ნუგოს და თამაზს შემოუტრიალდა:

– როგორც მოვილაპარაკეთ, ძმებო! მე სახლის კართან ავალ, თქვენ კი ქვემოთ კიბეებზე გაჩერდით. მე როგორც კი შევალ ბაითში, თქვენც ეგრევე შემომყევით. იასნია?

– ხო, იასნია, რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ ერთი და იგივე?! – გაღიზიანებით მიუგო თამაზმა.

– კაი, აბა, წავედით, ძმებო! ღმერთი იყოს ჩვენკენ, რადგან ნუგოს ეგრე უნდა! – თქვა მინამ ჩაღიმებით და გადავიდა. ბიჭებიც მიჰყვნენ.

ამფსონები სახლის მეორე სართულზე ავიდნენ. მინა რკინის კარს მიადგა და საჭვრეტის პირდაპირ ისე დადგა, მისი „პაგონებიანი“ პიჯაკი, წითელი სამკლაური და წითელივე ხელოვნურ ტყავში ჩასმული საქაღალდე კარგად რომ გამოჩენილიყო.

უკვირდათ ბიჭებს, მინას ისე წყნარად ეჭირა თავი, თითქოს მართლაც სადაზღვევო ბიუროდან ყოფილიყოს. აღაჟღაჟებული ჰალსტუხი შეისწორა, პირგამომშრალ ბიჭებს თვალი ჩაუკრა და ზარი დარეკა. მალევე, კარს იქიდან ახალგაზრდა ქალის ხმა მოისმა, რუსულად ლაპარაკობდა, გაკვირვებული კილო დაჰკრავდა:

– ვინ ბრძანდებით? რა გნებავთ?

მინამ გამართული რუსულითვე უპასუხა:

– გამარჯობა, მოქალაქევ. მე სახელმწიფო დაზღვევის ახალგაზრდული ბიუროდან გახლავართ. ქონებისა და ბინის დაზღვევის თაობაზე გაწუხებთ.

სიჩუმე ჩამოვარდა. ეტყობა, კარს მიღმა მყოფი გულდასმით ათვალიერებდა სახელმწიფო ჩინოსნის ფორმაში გამოწკეპილ ჭაბუკს. თუმცა, ბოლომდე არ ენდო ამ მასკარადს, ჯაჭვშებმული კარების ღრიჭოდან უპასუხა:

– იცით, ახალგაზრდავ, ბინის მეპატრონეები ამჟამად შინ არ არიან. თუმცა, მე დანამდვილებით ვიცი, რომ მათ ქონებაც და სახლიც უკვე კაი ხნის დაზღვეული აქვთ.

მინამ საამოდ გაუღიმა და სრულიად მშვიდად მიუგო:

– კარგი, ამხანაგო. მაშინ გთხოვთ აი ამ საბუთზე მომიწერეთ ხელი, რომ თქვენთან უკვე ვიყავი. უფროსობა ასეთ აღრიცხვას გვთხოვს. – ამ სიტყვებზე საქაღალდე გახსნა, რომელშიც ბეჭედ–დასმული ფურცლები ელაგა, ზედ საწერკალამი დადო და ქალს მიაწოდა.

საბოლოოდ მინას ხრიკმა გაჭრა, მისმა აუღელვებელმა ქცევამ სავსებით დაარწმუნა ქალი, რომ მის წინ მთავრობის ბიუროკრატიული აპარატის წარმომადგენელი იდგა. თამამად გაუღო კარი და ღიმილით შეიპატიჟა შინ:

– სახლში შემობრძანდით, ახალგაზრდავ, თორემ ორპირი ქარია, ფურცლებს აფრიალებს.

– გმადლობთ. – მიუგო მინამ და ბიჭებს ხელით ანიშნა მას მიჰყოლოდნენ.

კარებთან ახლოს მისულებს მინას ხმა მოესმათ:

– აი, აქ მოაწერეთ ხელი, ამხანაგო. გმადლობთ. ძალიან კარგი. ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ ამ სახლის მეპატრონეებს ბინაც და ქონებაც დაზღვეული აქვთ, ხომ?

– დიახ, რა თქმა უნდა. – ხალისიანად უპასუხა ქალმა.

მინას ირონიულად ჩაეცინა:

– მაშასადამე, არც თქვენ და არც თქვენს პატრონებს სანერვიულო არაფერი გქონიათ, ძვირფასო ამხანაგო, ხელისუფლება აგინაზღაურებთ დანაკლისს. – ამ სიტყვებზე ქამრიდან გაზიზინებული მაუზერი გაიძრო და დაფეთებულ ქალს მიუშვირა.

იმ წუთს თაზო და ნუგზარიც შევიდნენ და კარი მიიხურეს. მინამ მაუზერის ლულა დაადო გაოგნებით მდგარ ქალს შუბლზე და სახეაჭრილმა მუქარით მიმართა:

– ხმა არ გაიღო, შე ძუკნა, თორემ წამსვე გაგათავებ! გასაგებია?!

შეშინებულმა ქალმა თავი დაუქნია. იგი ზალაში შეიყვანეს, დივანზე დასვეს და თოკით ხელ–ფეხი შეუკრეს. პირიც აუკრეს ნაჭრით. მინამ პათეტიკურად მიმართა ბიჭებს:

– მეგობრებო, კეთილი იყოს ჩვენი ფეხი ამ ოჯახში, ხვავისა და ბარაქის მომტანი... რა თქმა უნდა, ჩვენთვის.

ნუგოს არ ესიამოვნა მინას სარკაზმი და მიმართა:

– არტისტობის დროა ახლა, ტო! ჰა და, თქვი, დალშე რა ვქნათ?!

– რა ვქნათ და, შენ და თაზომ ოთახები დაირბინეთ, შმოტკები და ცაცკები დაჩითეთ, მე კიდე სეიფზე ვიჩალიჩებ.

– სეიფი სად არის? – დაინტერესდა თამაზი.

მინამ თვალით მიანიშნა კედელზე დაკიდებული დიდი სურათისაკენ.

– აი, ამ მშვენიერი პეიზაჟის უკან გვემალება.

მინამ დაახლოებით ნახევარი საათი მოანდომა სეიფის გაბურღვას. ბოლოს იქიდან ფული გადმოიღო და დინჯად გადათვალა. ამ დროს ბიჭებიც შემოვიდნენ და უამრავი ძვირფასი ბეწვეული ნანადირევივით დაყარეს შუა ზალაში.

– ჰა, როგორ არი საქმე? – ჰკითხა თამაზმა.

– მაგრა საკაიფოდ, სიმონ! – ამაყად წარმოთქვა მინამ, – გავხსენი ეს დედა მ...ი სეიფი და ოცდაათი ათასის მაგივრად – ორმოცდარვა ათასი არ დამხვდა. თქვენკენ როგორღაა საქმე?

– ერთი ათი შუბა და დუბლიონკა გავჩითეთ. მარა ცაცკები ვერ ვნახეთ ვერსად!

მინამ ქალისკენ გაიხედა:

– აი, ამ სუჩარას ეცოდინება, სადაც არი!

თამაზმა ჯერ თუმნიანებისა და ოცდახუთ–მანეთიანების დასტებს დახედა და შემდეგ მინას მიმართა:

– რაღა ცაცკები გინდა, მაგის დედაც მ...ნ, ვერა ხედავ, რამხელა კუშია. დავაი, დროზე დავტყდეთ ბაითიდან!

მინას ჩაეცინა:

– რა არი, თამაზიკო, რა გჭირს. არ გაგიგია, „ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო“? ბარემ ძვირფასეულობაც ვითრიოთ, ეგაც ჩვენი ვიგოდა არ არი? – ამ სიტყვებზე ქალს მიუჯდა გვერდით და ერთი ხელის აქნევით პირსახვევი ააგლიჯა, მკაცრად აგდებული ტონით მიმართა რუსულად:

– ზალატიშკა სად არი, შე ძუკნა?!

შეშინებულმა ქალმა თავის ქნევა დაიწყო კანტუზიაშეყრილივით:

– არ ვიცი, გეფიცებით, არ ვიცი.

მინამ ერთი ხელი თმებში ჩაავლო და თავი გადაუქაჩა, მეორეთი კი მაუზერის ლულა მიაჭირა მთელი ძალით ნიკაპზე. სიმწრისაგან ქალს თვალები ლამის გადმოუცვივდა, ყრუდ ამოიგმინა.

მინამ იარაღის ტარი ჩასცხო პირში ქალს. მას ტუჩიდან სისხლი წასკდა, მაგრამ გამოტეხვას მაინც არ აპირებდა, გაფუჭებული პატეფონივით იმეორებდა:

– არ ვიცი, ვფიცავ, არ ვიცი!

ნუგოს შეებრალა, მინას მიმართა:

– კაი, გაანებე თავი, იქნება მართლა არ იცის, ტო!

მინამ შეუბღვირა:

– მაიცა კაცო, რა არ იცის! ყველაფერიც იცის, ამ ნაბოზარმა! – ამ სიტყვებზე მუშტი ჩაარტყა სახეში ქალს, იარაღის სასხლეტი გადახსნა და ლულა გასისხლიანებულ პირში ჩასჩარა, ზედ დაჰყვირა ხაფი ხმით:

– არ ამბობ, ხო! მაშინ მოკვდი, პასკუდა!

სასოწარკვეთილი ქალი ადგილზე აფართხალდა და ლულით გამოტენილი პირიდან ძლივს ამოთქვა

– საკუჭნაოში, იატაკის ქვეშ დევს.

მინა გამარჯვებულის იერით მიუბრუნდა ნუგზარს, დამცინავად უთხრა:

– ხომ გეუბნებოდი, იცის-მეთქი! უბრალოდ, კარგად უნდა ჰკითხო, შთამბეჭდავად, სიმართლის თქმის სურვილი რომ გაუჩნდეს!

მინამ და თამაზმა საკუჭნაოს მიაშურეს, ნუგზარი ქალის მოყურადედ დარჩა. მინამ ნაჯახით ფიცხლად ახსნა ფიცარნაგი. მის ქვეშ ორი ზარდახშა იპოვეს, ძვირფასეულობით გაძეძგილი. მინამ ამოხედა თამაზს, ჩუმად უთხრა:

– აი, ამას გეუბნები, ბრატ, ეს არ ესმის ნუგზარას! მე რომ ჟესტოკად არ მოვქცეოდი იმ პრაშმანდოვკას და შოკოლადნად მელაპარაკა, ჩემ ფეხებს გვეტყოდა.

ორივენი ზალაში გამოვიდნენ და ნუგზართან ერთად ნადავლის ჩალაგებას შეუდგნენ. ყველაფერს რომ მორჩნენ, თამაზმა ქალისკენ მიანიშნა მინას:

– ამას რაღა ვუყოთ?

მინამ ყურადღებით აათვალიერა ტყვედქმნილი. ტანად მოხდენილ ქალს კაბის კალთები გადასწეოდა და თეთრად ჩამოქნილი ბარძაყები მოხდენილად უჩანდა. მან შენიშნა მინას უშვერი მზერა და აწრიალდა. მინას ჩაეცინა და ბიჭებს მიხედა:

– ამას არა უშავს, ხო იცი, შენ, შეიძლება გაერთოს კაცი.

ნუგზარი უცებ წამოენთო:

– ჩვენ მომპარავები ვართ, ბიჭო, ვიღაც უროდები კი არა! რა გართობაზე არი რო ლაპარაკობ?! აქ არაქურდული არაფერი არ მოხდება!

– მაცადე, ტო! – ხელი აიქნია მინამ, – არაქურდულს არაფერს არ ვაპირებ. პროსტო უნდა დავაიზმენო ეს ახვარკა, ჩულანის ამბავს რო გვიმალავდა.

ეს თქვა და ქალს გვერდზე მიუჯდა. მას თვალები შიშისგან დოლაბისხელა გაუხდა და წამოდგომა სცადა. მინამ ხელი ჰკრა მკერდში და დივანზე მიაგდო. უხეშად აუტარა ხელი შიშველ ბარძაყზე.

– გინდა ეხლა ჯგუფურად გაგაუპატიუროთ? – ჰკითხა ქალს უცნაურად დამცინავი ღიმილით, – ჰა, არ გინდა?

ქალმა შესაბრალისი თვალებით შეხედა მინას:

– არ გინდათ, ნუ გააკეთებთ ამას, ძალიან გთხოვთ.

მინას აშკარად სიამოვნებდა ქალის შესაბრალისი იერის ცქერა. თითქოს კიდევ უფრო აღაგზნოო მისმა მუდარამ, მეტი უკმეხობით უთხრა:

– ნუ გეშინია, გაგვიძლებ სამ კაცს. ნახე რა ბიჭები ვართ, მთელი ცხოვრება არ დაგავიწყდება. – ახლა ლაჯებშუა მოუჭირა ხელი.

ქალმა დაკივლება დააპირა, მაგრამ მინამ მოასწრო და ხელი ააფარა პირზე, მეორე ხელი კი მოღიავებულ მკერდში შეუცურა და მთელი ძალით მოუჭირა ძუძუზე. ქალი ტკივილისაგან იკლაკნებოდა, მინა კი სულ უფრო ძლიერად უჭერდა ხელს და ველური აღფრთოვანებით ჩასცქეროდა შეძრწუნებით მაცქერალ თვალებში. ბოლოს ქალმა ყრუდ ამოიგმინა და გული წაუვიდა. მყის მინამ ხელი უშვა.

– მზად არი. სულ ცოტა, ერთი საათი ყარაულს ვერ დაიძახებს. წავედით! – თქვა მან და წამოდგა.

ნუგზარმა გაცხარებით მიახალა პირში:

– ავადმყოფი ხარ, შე ჩემისა!

თამაზმა იფიქრა, მწყობრიდან გამოიყვანსო ნუგზარის ეს ნათქვამი მინას, ამის დრო იყოო ახლა – ეს იაზრა, მათ გასაშველებლად მოიმზადა თავი. მაგრამ მინამ სრულიად წყნარად მიუგო:

– კი, ავადმყოფი ვარ... როგორც ამ პლანეტის ყველა მცხოვრები.

მეშვიდე თავი: მგლის ხროვა ვამპირების ღოჯებით

მინამ ბიჭები ისნის უბანში მიიყვანა, ნაქირავებ სახლში. ამფსონებმა ქურქებით გატენილი ჩემოდნები კარადაში შეაწყვეს, ფული და ძვირფასეულობა კი მაგიდაზე დაახვავეს.

მინამ მაგიდაზე დადებულ მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და ბიჭებს უთხრა:

– ახლა მე წავალ, ამ მანქანის ამბავს მოვაგვარებ. თან რამეს ამოვიტან, თორემ მგელივით მშია.

მინა ოციოდე წუთში დაბრუნდა. თან სამი ბოთლი არაყი, ძეხვი, ყველი, თევზის კონსერვები, ორი შოთის პური და ლიმონათები მოიტანა.

– თათარიახნად, რაც ხელში მომხვდა, წამოვიღე, რა. – თქვა მან და არყის ბოთლს თავი შეუხსნა, – აბა, ჩვენს პირველ სერიოზულ საქმეს გაუმარჯოს, ძმებო. ეს ერთი და სხვა ათასი. – ეს თქვა და ბოთლი მოიყუდა, თითქმის მესამედი ჩაცალა, დარჩენილი კი ნუგოს მიაწოდა.

– სგორლიშკა ვერ დავლევ, დამბრიდავს, ტო! – შეიცხადა ნუგზარმა.

– მიდი, ბიჭო, დროზე გამომართვი, თორე ჩამწვა ყელი ამ დედამ...მა! – სახემოჭმუხვნით მიმართა მინამ და მეორე ხელით პურის ნატეხი ჩააწო თევზის წვენში.

ნუგომ გამოართვა ბოთლი, თავი გაიქნია და სასჯელმისჯილივით წარმოთქვა:

– რაც არი, არი, მაგის დედაც ვატირე. აბა, გაგვიმარჯოს! – თქვა და თვალებდახუჭულმა რამდენიმე ყლუპი მოსვა.

შემდეგ შალიკომ დალია, ბოლოს თამაზმა, ძირამდე დაიყვანეს ერთი ბოთლი.

არაყმა ყელი კი ჩასწვა თამაზს, მაგრამ სამაგიეროდ მთელი სხეული გაუთბო და განცდილისაგან დაძაბულად დაჭიმული კუნთები საამოდ მოუდუნა. დივანზე გადაწვა და თავისდაუნებური გადაბმული სიცილი აუტყდა.

– ე, ამას რა ჭირს, ტო, ხო არ გაუბერა? – თანაგრძნობით გაიკვირვა შალიკომ.

თავადაც გვარიანად შებუჟბუჟებული მინა თამაზს დააცქერდა ზემოდან და მომენტალურად ფსიქომედიკალური დასკვნა გამოიტანა:

– იოგთა მოდუნებამ იცის უცაბედი სიცილი. ახლა ეს უზომოდ ბედნიერია, ამოდენა ფული რომ აქვს და ეიფორიაში ჩავარდა. აზრზე ხართ რა ხდება, ძმებო?

ამ სიტყვებზე მან ფულის რამდენიმე შეკვრა აიღო და თავზე გადააყარა სიცილისაგან მოცახცახე თამაზს. ბიჭებს გულიანი სიცილი წასკდათ, თითქოს ახლაღა მოეშვათო განცდილისაგან კირთებად შემოჭდობილი დაძაბულობა. სიცილ–ხარხარით ძვირფასეულობას აყრიდნენ ერთმანეთს თავზე, ფულის შეკვრებს „ულაწუნებდნენ“ ცხვირ–პირში.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

13 -19 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნუგზარ კვაშალი

რატომ ვერ გაიხსნა 49 წლის განმავლობაში ნუგზარ კვაშ...