რომანი და დეტექტივი

მტაცებელთა პლანეტა

№34

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 04.09, 2021 წელი

მტაცებელთა პლანეტა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #30-33(1077)

უცებ გამჭოლი მზერა შეიგრძნო, მიტრიალდა. მინა უცქერდა თვალებმოწურული, თან ეღიმებოდა. თამაზს სახე აეფაკლა. ლილემაც შეიგრძნო მინას დაჟინებული მზერა, შეცბუნდა იგიც, მუხლისთავებთან უნებურად გადაწეული კაბის კალთა შეისწორა. მინას ჩაეცინა მათ შემხედვარეს და ლილეს გაეხუმრა:

– როგორ არის, ნუნუ ექიმო, საქმე?

– მე მგონი, გადავრჩით, არ მოკვდება. – ხუმრობითვე უპასუხა ლილემ.

– ხომ არ გშიათ, ბიჭებო? – იკითხა თამაზმა.

– მგონი, გვშია! – გაუღიმა მინამ.

ლილე რომ გავიდა, მინამ შეკეთებული პაპიროსი ამოიღო გულის ჯიბიდან, ჩაფიქრებით მჯდომ ნუგზარს მიაწოდა და სარკასტულად უთხრა:

– ჰა, მოაფეთქე, ბრატ, ცოტა გაგამხიარულებს, თორემ ძალიან გრუსნიაკში ხარ გადავარდნილი!

ნუგზარმა თვალები გაუპირდაპირა, სერიოზული ტონით მიუგო:

– მოიცა, მინა, სანამ მოვწევდეთ, მანამდე დღევანდელ ამბავზე დავიბაზროთ.

– რაღაა აქ საბაზრო?!

ნუგზარმა შეტევით მიმართა:

– რატომ მოკალი ის ბიჭი?

მისი სიფიცხე მინასაც გადაედო, ფეხზე წამოხტა:

– მოსაკლავი იყო და მოვკალი, მაგის დედაც მ...ნ! ჩვენ გაგვიმეტა იმ ახვარმა და მე რაღაზე უნდა დამენდო! – თან თამაზზე მიანიშნა, – აგე, ძმა დაგვიჭრა. თან, თამაზა რომ არ ყოფილიყო, შუაზე გამაპობდა, ეგ ნაბოზარი!

– მერე, ხო ვერ გაგაპო. ჩვენც ავმდგარიყავით და გვეცემა. ხუთი სული ვიყავით, მაგის ცემას რაღა უნდოდა! – არ ცხრებოდა ნუგზარი.

მინას გაცხარებისაგან ქვედა ყბა მოეღრიჯა, ხელების კანკალით მიმართა ნუგოს:

– შენ, ძმაო, როგორ აპირებ პრისტუპნიკულ ცხოვრებას, თუ კაცის გამეტება არ შეგიძლია! არ იცი, როგორაა მოწყობილი ცხოვრება ამ დედამ...ლ პლანეტაზე?! ყველა ამბავში თუ ხიშნიკი არ იქნები, ისე ვერ გაიტან თავს. შენ თუ არ დაასწარი, ის დაგასწრებს და დაგასამარებს...

ნუგზარმა სიტყვა გააწყვეტინა:

– მე, ძმაო, სადისტი არა ვარ. არ მევასება ადამიანების ტყუილუბრალოდ ხოცვა!

მინას კიდევ უფრო დაეჭიმა ძარღვები:

– რა ტყუილუბრალოდ, ხო არ გაგიჟდი, ბიჭო, შენ...

ამ დროს თამაზმა დაადო მუხლზე ხელი მინას და ნუგზარს მიმართა:

– ნუგო, არ გეწყინოს, ძმაო, მარა მინა მართალია ამ ამბავში. თუ ჩვენ შავი ცხოვრება გადავწყვიტეთ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ვიღაცა ან შემოგვაკვდება ან შემოგვეტ...ა! აბა ია-ვარდით რომ არ იქნება ჩვენი ცხოვრების გზა მოფენილი და თეთრი ხალათებით რო ვერ ვივლით, ეგ ხო ისედაც იასნია.

ნუგზარი მას მიუტრიალდა:

– მაგას ვინ ამბობს, თაზო, რო თეთრი ხალათებით უნდა ვიაროთ და ჭიანჭველას ფეხი არ უნდა დავადგათ. მე აქ კაცის მოკვლაზე მაქ საუბარი! შენ ხო იცი, მამაჩემი ვსესაიუზნი განაბი იყო, მის სიტყვას დიდ პატივს სცემდნენ. ერთხელ მითხრა – პრისტუპნიკული, რაც გინდა გააკეთე, მაგრამ კაცის სისხლი არასოდეს დაიდო კისერზეო. ადამიანი ღმერთის შექმნილია და იმის მოკვლის უფლება შენ არა გაქვსო. ამან კიდე, – მინასკენ გაიშვირა ხელი, – რაღაც სალდაცკი პრიჩინით ჯერ გააბოზა ბიჭი, მერე კიდე ისე დაბრიდა, თვალი არ დაუხამხამებია.

გაგულისებული მინა ახლოს მიუხტა ნუგოს, ხელები აუთამაშა თვალწინ:

– შენ რა გამიხურე ბოლოს და ბოლოს საქმე, ტო, რა გინდა ჩემგან?! ის დარტყმა რო შეგრჩა, ეგ იკმარე! თორე იმას ხო დავადე კრესტი, ეხლა შენზე არ გადამაწერინო ჯვარი!

ნუგოც წამოხტა ფეხზე, შეტევით მიუგო მანაც:

– ძალიან არ გამოიქაჩო, ბიჭო, მხარი არ ამოგივარდეს!

შალვა ჩაუდგა შუაში, თავისი მძლავრი მკლავებით ფრთხილად გაწი-გამოწია და კატეგორიული ტონით მიმართა ორთავეს:

– კაი ახლა, გეყოფათ. რაც მოხდა, მოხდა, მაგას აღარაფერი ეშველება. ის გოგოც ცოდოა, ალბათ, ესმის ყველაფერი და ნერვიულობს. ჯობია, ეგ მოსაწევი მოვწიოთ, თორე მართლა აღარ შემიძლია უკვე, სულ თვალწინ მიდგას იმ საცოდავი ბიჭის სახე.

მეექვსე თავი: პირველი „დიდი საქმე“

იმ დღეს თამაზს სიცხე მისცა და სკოლაში არ წავიდა. საღამოს მინაგვერი მივიდა მასთან. ეზოდან ასძახა აივანზე მოფუსფუსე თამაზის დედას:

– გამარჯობა, რუსიკო დეიდა.

– გამარჯობა, შვილო.

– თაზოსთან რაღაც საქმე მაქვს და თუ შეიძლება, ჩამოვიდეს რა!

– თამაზი სიცხიანი წევს, შვილო. შენ თვითონ ამოდი.

მინა მის ოთახში შევიდა. საწოლზე მიწოლილი თამაზი წიგნს კითხულობდა.

– ვა, შენ, რა, კითხვა გისწავლია, ტო? – ძალით გაიკვირვა მინამ.

– ჰო, რა, ვერთობი, „გრაფ მონტე კრისტოა“. – უთხრა თამაზმა და წიგნი კომოდზე გადადო.

მინა სავარძელში ჩაჯდა, სიგარეტს მოუკიდა.

– შენთან სერიოზულ საქმეზე ვარ მოსული, ბრატ.

– რა საქმეზე? – დაინტერესდა თამაზი.

მინამ სერიოზული ხმით უთხრა:

– მაგარი პუტიოვი საქმეა, ძმაო. შმოტკების ბარიგის ბაითზე მომცეს ნაკოლი. შუბები, დუბლიონკები, ცაცკები. მაგის გარდა, სეიფში ოცდაათი ათასი მანეთი ნაღდი მაყუთი უდევს, მაგ სუჩარას. ოღონდ ათი ათასი ნავოდჩიკისაა, დანარჩენი ფული და ბარახლო კი ჩვენია.

– ვერნი ნაკოლია? – ჰკითხა თამაზმა.

– ნაკოლი კი ვერნია, ძმაო, მარა ხვალვე უნდა გაკეთდეს ეგ საქმე, ზეგ უკვე გვიანი იქნება.

– რა ხდება, რო?

– კაროჩე, ამ ბარიგამ მოსკოვიდან ჩამოიტანა ტავარი. იმავე დღეს ფოთიდან დაურეკეს, დედა მოკვდომია. ცოლ-ქმარი ფოთში დააწვნენ და ეხლაც იქ არიან. ხვალ იმ ქალს ასაფლავებენ და ზეგ დილას მოდიან უკან. მაგიტო გეუბნები, ეგ საქმე ხვალვე უნდა გაკეთდეს.

– ესე იგი, ახლა მაგ ბაითში არავინ არი?

– ერთი სლუჟანკა ჰყავთ, რუსის ნაშა. მარტო ეგ არი.

– მერე მაგას რას უშვები? – ჰკითხა თამაზმა.

მინას ჩაეღიმა:

– ეგ უკვე მოფიქრებული მაქვს, არხეინად იყავი! შენ ეს მითხარი, მოდიხარ ამ საქმეზე თუ არა?!

თამაზმა დარწმუნებით მიუგო:

– კანეშნა, მოვდივარ, ტო, რაზეა ბაზარი. შენ რაც თქვი, მაგ საქმის ხელიდან გაშვება არ ღირს!

– ეგ ხო, მარა კიდე ორი კაცი გვინდა. ერთი ვადილა გარეთ, პა ხოდუ ატასზე იქნება. სამი კიდე შიგნით ვიჩალიჩებთ.

– მერე, შაკო და ნუგო აქ არ არიან, ტო? – გაიკვირვა თამაზმა, – შაკო კი არის, სიმონ, ცოტა ბეყე მასტი, მარა ადსკი ვადილაა. ნუგო კიდე, იმენნა მაგარი დერსკია ქურდულ საქმეში.

მინა შეიშმუშნა:

– კი, ძმა, შენი სიტყვით იყოს – ნუგოსთან და შალიკოსთან ერთად გავაკეთოთ ეგ საქმე. მაგრამ ერთი რამე მაინც უნდა გითხრა, ბრატ. კნიაზაზე მაქ ცოტა გართულება!

თამაზმა წარბი აზიდა:

– კნიაზაზე რა გართულება გაქ, ტო? ეგ ვაფშე ისეთ წრეში გაიზარდა, ჩვენ არც დაგვესიზმრება. მამასისი ვსესაიუზნი განაბი იყო. თვითონ კიდე, ხო გითხარი, საქმეში მაგარი დერსკია-მეთქი და უღალატო, წინ თავის თავს დააყენებს და არავის ზურგს უკან არ დაიმალება!

– ეგ მჯერა, ძმაო, მე თვითონაც ვხედავ, რო ვაჟკაცი ბიჭია. მაგრამ საქმე იმაშია, დღევანდელ პრისტუპნიკს რომ უნდა ჰქონდეს, ეგ ჟესტოკოსტი აკლია ნუგზარას. მაგას ვერ გაუგია, რომ მამამისის დროს სხვა რამსი იყო და ახლა სხვაა, იმის მერე ბევრი რამე შეიცვალა პრისტუპნი მირში. თუ ადრე ქურდები მართლაც ძმებივით იყვნენ, დღეს ყველა შესაჭმელად უყურებს ერთმანეთს. ერთი რო წაიბორძიკო, ვითომ შენიანები რომ არიან და ძმობას გეფიცებიან, ისე გადაგივლიან, თვალსაც არ დაახამხამებენ. ამიტომ შენც ბოროტი და დაუნდობელი უნდა იყო და კბილებით გაიტანო ეს ცხოვრება. ნუგოს კიდე ეს ელემენტარული არ ესმის. მე რომ იმ დღეს ის ტიპი არ დამებრიდა, სადმე დამიხვდებოდა და ტვინს გამიხვრეტავდა, ეგ ნაბოზარი. ვერა ნახე რა დერსკი მასტი იყო, ხუთ კაცს დაგვედევნა და შენ რომ არა, ნაღდი მბრიდავდა!

თამაზმა თავი დაუქნია:

– მაგაში მართალი ხარ, ბრატ, ნუგო არ არის ბოროტი ტიპი, როგორც პრისტუპნიკულს სჭირდება, კაცს ბოლომდე არ გაწირავს. მაგრამ ქურდულ საქმეში მე ვარ მაგაზე ატვეჩაი, ყველაფერი აჟურში იქნება.

– ხარაშო, ძმაო. თუ ეგრეა, ხვალ დილაზე მოვასხადნიაკოთ სადმე და ერთად გადავწყვიტოთ, როგორა ვქნათ ეგ საქმე.

– კაი, ძმაო. მაშინ დავურეკავ ეხლავე ორთავეს და ხვალ ათის ნახევარზე ჩემთან შევიკრიბოთ, სახლში არავინ იქნება.

* * *

მეორე დილას, მინა მანქანით მივიდა თამაზთან. იგი სრულიად წყნარი ჩანდა, სავარძელში ჩაჯდა და სიგარეტი გააბოლა.

– მანქანა საიდან, ტო? – დაინტერესდა შალიკო.

– ახლობელმა მათხოვა.

– რო დაიწვას?

მინამ ხელები მოისრისა:

– საქმეს რო მოვრჩებით, ძმებო, ტავარიც რო დაბინავებული გვექნება და ჩვენც რო დაყვინთულები ვიქნებით, მანქანას სადმე გამოსაჩენ ადგილას დავაგდებ და მაგ ჩემ ახლობელს გადავურეკავ, ბიჭი დაიბადა–მეთქი. ეგაც მაშინვე მილიციაში განაცხადებს – მანქანა მომპარესო და სტოპრაცენტნი ალიბიც ხელში ეჭირება.

– ვა, მაგარი მოგიმოზგია. – მოუწონა შალიკომ.

ნუგზარმა ჰკითხა:

– ბაითში როგორ შევალთ, ატმეჩკა გაქვს?

– მაგაზე უკეთესი. – ჩაიღიმა მინამ, ჩანთა გახსნა და ლურჯი ფერის სამხრეებიანი პიჯაკი ამოიღო.

– ეს რაა, ძაღლების ფორმაა, ტო? – გაიკვირვა შალვამ.

– არა, რკინიგზელების – ეს სთქვა ღიმილით და ჩანთიდან წითელი სამკლაური ამოიღო, რომელზეც რუსულად ეწერა: „მîëîჰåæíûé ჯîññòðჭõ“.

– ეგ რაღაა, ტო? – წარბშეჭმუხვნით თქვა ნუგზარმა.

– კუკლაა, ამით შევალთ! – მიუგო მინამ.

– პაგონიანი კოსტიუმი უნდა ჩაიცვა და წითელი პავიაზკა უნდა გაიკეთო, ტო?! – უფრო აღშფოთდა ნუგზარი.

– ჰო, რა არი, რო? – მშვიდად მიუგო მინაგვერმა.

– არაქურდულია, ძმაო, მეტი რა უნდა იყოს!

– არაქურდული ბოზობაა, ეს მარიაჟია, ბრატ. – უთხრა მინამ ჩაღიმებით, პიჯაკი მოისხა და მის ქვეშ შარვლის ქამარში მაუზერი გაირჭო. შემდეგ ალმაცერად მყურებ ნუგოს მიუტრიალდა და სრულიად წყნარად უთხრა:

– ლენინგრადელი ვსესაიუზნი განაბი რო იყო, ლიონკა პანტელეევი, ორი წელი დადიოდა სამხედრო კიტელით და საქმეებს ისე აკეთებდა. რა, არაქურდულად იქცეოდა?

ბოლო არგუმენტმა ყოველგვარი ჭოჭმანი გაუქარწყლა ნუგზარს, ფეხზე წამოდგა სხარტად:

– კარგი აბა, წავედით მაშინ. ღმერთი იყოს ჩვენთან! – ეს სთქვა და პირჯვარი გადაიწერა.

მინას სარკასტულად ჩაეცინა:

– ბიჭო, საყაჩაღოდ მიდიხარ და ღმერთი გინდა პადდელნიკად თან გყავდეს? პირჯვარსაც რო იწერ! არ გეშინია მეხი რო გესროლოს ზეციდან და ადგილზე დაგბრიდოს?

ნუგზარს წარბიც არ შერხევია, მთელი სერიოზულობით მიუგო:

– მე ღმერთის მწამს, ძმაო. ჩემი პაპა დეკანოზი იყო. წითლებმა დახვრიტეს.

* * *

ბიჭები ადგილზე რომ მივიდნენ, მინამ სადარბაზოდან მოშორებით გააჩერებინა შალიკოს მანქანა, ხელის მინიშნებით უთხრა:

– აი, იმ თაღიანი პადიეზდის შესასვლელს ხო ხედავ, ბეყე?

– კი. – დაუდასტურა შალვამ.

– ჰოდა, თუ გაჩითე, რომ ვინმე შედის, ეგრევე ორი მოკლე და ერთი გრძელი სიგნალი მიეცი ზედიზედ. ეგ იქნება მაიაკი, გაიგე, ბრატ? – დაეკითხა მინა დაჟინებით.

– გავიგე, რა არი აქ გაუგებარი! – დინჯად მიუგო შალიკომ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი